„ყოველი ახალი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს.“ ჯორდანო ბრუნო წიგნი ადამიანის ცხოვრებაში და ზოგადად პიროვნების განვითარებაში უდიდეს როლს თამაშობს. სამწუხაროდ, წიგნების სიყვარული ადამიანის თანდაყოლილი თვისება არაა. საჭიროა მისი განვითარება პატარა ასაკიდან, რათა ბავშვმა მომავალში წიგნთან მეგობრობა შეძლოს. წიგნის კითხვა ბავშვს ემპათიურს ხდის. იგი განიცდის პერსონაჟების მდგომარეობას, ფიქრობს მათზე, კითხვის პროცესში ვითარდება ფანტაზია, წარმოსახვის უნარი, იზრდება სიტყვათა მარაგი. შესაბამისად, ბავშვის მეტყველება ბევრად უფრო მდიდარი და გამართული ხდება. ახლა კი მინდა რამდენიმე პრაქტიკული რჩევა შემოგთავაზოთ, თუ როგორ შეაყვაროთ თქვენს პატარას წიგნის ჯადოსნური სამყარო. ბავშვისთვის წიგნი არ უნდა ასოცირდებოდეს ცუდ ემოციასთან. როდესაც თქვენი პატარა უყურებს ტელევიზორს, ან დაკავებულია საინტერესო საქმიანობით, ამ დროს მოთხოვნა - დაუყონებლივ დაანებოს ამ საქიანობას თავი და წიგნი წაიკითხოს - არაეფექტურია. ასეთი მიდგომის შედეგად ბავშვისთვის წიგნი ხდება ობიექტი, რომელმაც საყვარელ საქმიანობას ჩამოაშორა. ამის სანაცვლოდ, მიეცით ბავშვს მკაფიოდ განსაზღვრული ინსტრუქცია, მაგ., „ამ მულტფილიმის დამთავრებისთანავე, შენ დაისვენებ, შემდეგ კი ვიწყებთ კითხვას“, მიიყვანეთ საათთან და განუმარტეთ: „როდესაც საათის ისარი ექვსთან მივა, ჩვენ ვწყვეტთ ტელევიზორის ყურებას და ერთად ვიწყებთ კითხვას“. ასეთ შემთხვევებში ყოველთვის დაელოდეთ მისგან თანხმობას. საინტერესო მიდგომაა სახლში კითხვისა და წიგნის კუთხის მოწყობა. მაშ ასე, ბავშვთან ერთად ირჩევთ სახლში ერთ პატარა მყუდრო ადგილს, იწყებთ მის მოწყობას, ალაგებთ ბევრ წიგნს, ფერად ბალიშებს, ქმნით მყუდრო გარემოს. ეცადეთ, ამ კუთხის მოწყობაში ბავშვი მაქსიმალურად ჩართოთ: დაინტერესდით რომელი ფერის ბალიში ურჩევნია, შეათანხმეთ წიგნების თანმიმდევრობა და ა.შ.. წიგნების კუთხის მოწყობის შემდეგ ბავშვთან ერთად აარჩიეთ დღის პატარა მონაკვეთი, 10-15 წუთიც საკმარისი იქნება და ყოველდღე წიგნის კითხვა რიტუალად აქციეთ. კარგი იქნება, თუ ამ რიტუალში, პერიოდულად, მონაწილეობას მთელი ოჯახი მიიღებს. ეს კითხვის პროცესს უფრო სახალისოს გახდის. დაამზადეთ ხელნაკეთი წიგნები - თქვენს პატარასთან ერთად გაიხსენეთ ის მნიშვნელოვანი დღეები, რომლებმაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ეცადეთ, ეს ისტორია პატარა ფურცლებზე გადაიტანოთ, გააკეთეთ ჩანახატები, ბოლოს კი, წიგნად აკინძეთ. გამოყავით პატარა თარო და ერთად შეინახეთ თქვენი ხელნაკეთი წიგნები. ასე მხიარულად, თქვენ დიდი ისტორიის მატარებელ ბიბლიოთეკას შექმნით. ბავშვებს უყვართ როლური თამაშები - გამოყავით ერთი დღე სპექტაკლისთვის. აარჩიეთ ერთი წიგნი: გადაინაწილეთ როლები, გაწერეთ ტექსტი და მოაწყვეთ წიგნისა და თეატრის დღე. დაამზადეთ კოსტიუმები, იმღერეთ, იცეკვეთ, გამოიჩინეთ მაქსიმალური იმპროვიზაციის უნარი, რათა ბავშვის ცხოვრებაში ეს ერთი დღე გამორჩეული გახადოთ. ამ აქტივობით წიგნის პერსონაჟებს ადვილად აღქმადს გახდით თქვენი პატარასთვის. წიგნის შესაყვარებლად თქვენმა პატარამ კითხვის პროცესით სიამოვნების მიღება უნდა ისწავლოს. ამისთვის გამოიყენეთ მომენტები ყოველდღიური ცხოვრებიდან - სეირნობის დროს, მასთან ერთად წაიკითხეთ ბანერებზე, რეკლამებზე დატანილი წარწერები, ჰკითხეთ რას ფიქრობს ამ წარწერების შინაარსზე, ეთანხმება თუ არა მათ. ყოველი მისი მცდელობა წაახალისეთ, შეაქეთ. ამით მის მოტივაციას და თვითშეფასებას შესამჩნევად აამაღლებთ. და ბოლოს, წარმატებებს გისურვებთ თქვენი არაჩვეულებრივი პატარებისა და წიგნის ჯადოსნური სამყაროს დამეგობრების გრძელ და საინტერესო გზაზე.
Content from: http://kids.ge/articles/როგორ-შევაყვაროთ-ჩვენს-პატარას-წიგნები
Kids.ge
No comments:
Post a Comment