Wednesday, August 29, 2018

როგორ დავეხმაროთ ჩვენს მოსწავლეებს სამყაროს შეცნობაში

სამყაროში არსებობს არცთუ ბევრი შემეცნებითი წიგნი, რომელიც მონდომებული პედაგოგისთვის შესაძლოა „ჯადოსნურ ჯოხად“ იქცეს, რომელიც რუტინულ გაკვეთილს აზარტულ თამაშს დაამსგავსებს და ცოდნის მიღების უჩვეულო კალაპოტში გადაიყვანს. ამ წიგნების დახმარებით მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისით, მარტივად გაღვივებული ინტერესითა და ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების ბუნებრივი სურვილით  ერთვებიან.
სწორედ ასეთი წიგნია „რუკები“ (გამომცემლობა „დიოგენე“). ნუ შეგაშფოთებთ მისი სახელწოდება. ეს არ გახლავთ ტრადიციული და ცოტა მოსაწყენი ატლასი, გაუგებარი და უფერულ-სპეციფიკური მინიშნებებით. „რუკების“ გამოყენება სწავლებაში შეუძლია არა მხოლოდ გეოგრაფიის, არამედ ყველა საგნის მასწავლებელს – წიგნში თავმოყრილი ინფორმაციის ილუსტრირებული ოკეანე კრეატივის აფრებს უპრობლემოდ გაშლევინებს.
დავაზუსტებ, რომ ეს წიგნი, რომლის პიონერი ვერსია ექვსი წლის წინ გამოიცა, საერთაშორისო ბესტსელერი და ანდერსენის პრემიის მფლობელია. „რუკები“ თავს უყრის ეთნოგრაფიული, გეოგრაფიული, ზოოლოგიური, ბოტანიკური, ზოგადკულტურული ხასიათის ინფორმაციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნის შესახებ. ის რაღაცით მოგვაგონებს პირველყოფილ ატლასს, სადაც კარტოგრაფები სასარგებლო, ამა თუ იმ ქვეყნისათვის დამახასიათებელ  ინფორმაციას შესაფერისი ნახატებით აფიქსირებენ. სწორედ ამ არაჩვეულებრივი ილუსტრაციების მეშვეობით, წიგნი ერთ დიდ, დაუვიწყარ თავგადასავლად ტრანსფორმირდება და, რაც მთავარია, ეს თავგადასავალი შეიძლება ყოველ განშლაზე  სხვადასხვაგვარად  გადაგხდეს და განიცადო, საკლასო ოთახიდან თუ სახლიდან გაუსვლელად. მერწმუნეთ, მოგზაურობის დროს კი, უკეთეს თავშესაქცევს საერთოდ ვერ ნახავთ!
„რუკები“ თავადაა მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო. ილუსტრაციებისა და მოკლე, ხალისიანი მინაწერების დახმარებით, ინდოეთში თქვენ ნახავთ დინგიან ბაყაყს, კანადაში – შაქრის ქოხს, სადაც ნეკერჩხლის სიროფი მზადდება, იტალიაში – დოჟების სასახლეს, ავსტრიაში – ფროიდის დივანზე წამოწოლილ პაციენტს, ფიჯიში – დასარტყამ ინსტრუმენტს ქალის სახელით „ლალი“. აღმოაჩენთ უამრავ, თქვენთვის ნაცნობ და უცნობ ქვეყანას, ყველაზე საინტერესო რაკურსით და კიდევ ერთხელ, თქვენს მოსწავლეებთან, საყვარელ  შვილებთან ან მეგობრებთან ერთად აღფრთოვანდებით სამყაროს მრავალფეროვნებით.
„რუკები“ უნიკალურია კარგად გააზრებული იდეისა და დახვეწილი შესრულების თვალსაზრისით. ამიტომაც წიგნს წარმატებით იყენებენ როგორც სასწავლო-პედაგოგიურ,  ისე ოჯახის გარემოში სხვადასხვა თაობის წარმომადგენელები ერთობლივი კითხვისთვის. ეს არ არის ერთჯერადი, თაროზე ჩამოსადები ან წაკითხვის მერე სასწრაფოდ გასაჩუქებელი გამოცემა. წიგნის ყოველ განშლაზე, სადაც თითო ქვეყანა გვმასპინძლობს და უამრავი დეტალით გიყვებათ თავის ძველ და ახალ ისტორიას, მრავალჯერ აღმოაჩენთ რაღაც განსხვავებულს, შეუცნობს, რომელიც გაიძულებთ „გუგლვას“, კვლევას, ფანტაზიის მძლავრი გენერატორის ამუშავებას და მეხსიერების გავარჯიშებას.
ორიოდე სიტყვა ავტორებზეც – ალექსანდრა და დანიელ მეზელინსკები ცოლ-ქმარი არიან, გრაფიკული მხატვრების შეხმატკილებულ-შემოქმედებითი დუეტი, მსოფლიოს მასშტაბით არა ერთი ცნობილი საბავშვო წიგნების დედ-მამა, „ჰიპოპოტამ სტუდიის“ დამფუძნებლები, შრიფტების, აპლიკაციებისა და ვებსაიტების შემქმნელები და, უბრალოდ, ვარშავის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულები.
მათ შეიმუშავეს საკუთარი სტილი: ფერადი, განზრახ გულუბრყვილო, ბავშვთა ნახატების იმიტაცია-ილუსტრაციებით, რომელშიც ათობით სიმბოლო და ობიექტია ჩართული მკითხველთან ურთიერთობების რთულ სისტემაში. მხატვრები აღიარებენ, რომ ისინი ქმნიან მხოლოდ იმას, რაც თავად მიანიჭებდათ სიამოვნებას. ილუსტრაციებში იყენებენ ასობით ფერს, უსადაგებენ საჭირო ფონტებს. მათი ნამუშევრები ყველასთვის მიმზიდველია და შეუძლებელია გონიერმა მკითხველმა არ დააფასოს ავტორების დეტალებისადმი ფაქიზი დამოკიდებულება და უმაღლესი ტექნიკა.
ქართულენოვანი „რუკები“ მოიცავს 55 დიდ რუკას – 46 ქვეყანას და 6 კონტინენტს.  ყველა  რუკაზე უამრავი საინტერესო ილუსტირებული ფაქტია დატანილი. მათი თვალიერების დროს აუცილებლად გიჩნდება მეტის გაგების სურვილი. რუკების საშუალებით მარტივად ადგენთ ვინ ცხოვრობს მითითებულ ქვეყანაში, როგორი სახელებია იქ ყველაზე პოპულარული, რა ღირსშესანიშნაობები აქვს ქვეყანას ბუნებრივი თუ არქიტექტურული კუთხით, როგორია ადგილობრივი ფლორა-ფაუნა, ტრადიციები, ისტორიული სიმბოლოები და გმირები, რა სპორტს მისდევენ და რომელი ეროვნული კერძებით ამაყობენ.
„ეს წიგნი არის არაჩვეულებრივი მუხტის მიმცემი კრეატიული ადამიანისთვის, მათ შორის პედაგოგისთვის, რომელსაც აქვს სურვილი გაამრავალფეროვნოს თავისი გაკვეთილი. ასევე სხვებს შეუძლიათ გაამრავალფეროვნონ ოჯახში ურთიერთობები, დაამყარონ ბავშვებთან  უფრო მეგობრული კავშირი თამაშებით და სხვ. „რუკები“ იძლევა იმპულსს მიუდგე საკითხს  შემოქმედებითად. ეს არის ბიძგი ახალი ცოდნის შესაძენად. წიგნი ორიენტირებულია დააკმაყოფილოს ბავშვის და არა მხოლოდ ბავშვის ცნობისმოყვარეობა, თვითგანავითაროს, უბიძგოს  სამყაროს შეცნობისკენ,“ – გვიყვება საქართველოში „რუკების“ გამომცემელი თამარ ლებანიძე.
არსებობს ლეგენდარული გამოცემები და ეს წიგნი სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება. არამხატვრული ლიტერატურა ბავშვებისათვის, საქართველოსგან განსხვავებით, კარგად არის განვითარებული ცივილიზებულ სამყაროში. ის ახალისებს ყველა ასაკის ადამიანს, დიდსაც და პატარას. „რუკების“ მკითხველი შესაძლოა 6 წლის ასაკის ბავშვიც კი იყოს. სწორედ ამიტომ ამ წიგნმა უმალ დაიმსახურა სხვადასხვა ქვეყნის გამომცემელთა ინტერესი ისევე, როგორც თავის დროზე ჰარი პოტერის ისტორიამ.
„რუკების“ ვერსიები, სხვადასხვა ფორმატის, უამრავი ქვეყნის წიგნის მაღაზიებში, ყველაზე თვალსაჩინო თაროებზე გხვდება. გამომცემლობაში ამაყობენ, რომ მძიმე და სკრუპულოზური შრომის შედეგად   შეძლეს  წიგნი  ქართველი მკითხველისთვისაც ხელმისაწვდომი გამხდარიყო. შემოქმედებით ჯგუფს ბევრ ახალ ტერმინზე მოუწია მუშაობა. საქმეში ზოოლოგები, ბოტანიკოსები, გეოგრაფები, ეთნოგრაფები ჩაერთნენ. ტერმინების დასაზუსტებლად გამომცემლობამ ქართველ ემიგრანტებს და საელჩოებსაც კი მიმართა.
აღსანიშნავია წიგნის მხატვრული მხარე – მისი შეკრულობა, არა პრიალა გვერდები, ტაქტილური თვალსაზრისით თითოეული ფურცელი ქმნის ინფორმაციაზე კონცენტრაციის განცდას. „რუკების“ პატარა მკითხველს აუცილებლად უჩნდება სამყაროს ხედვის პოზიტიური იმპულსები, ის ამ სამყაროს განუყოფელ ნაწილად გრძნობს თავს.
რაც შეეხება „რუკების“  მასალის  გამოყენებით  სხვადასხვა სასწავლო თამაშებისა და საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვას, მოგიყვანთ უმარტივეს მაგალითებს (კრეატიული მასწავლებლები უფრო საინტერესო სავარჯიშოებსაც მოიგონებენ J ). მაგალითად, ზოოლოგიაში, როდესაც საუბარია რომელიმე ცხოველზე, მისი გავრცელების არეალზე, ამის ნახვა თვალსაჩინოდ შეიძლება წიგნში. მოსწავლეს ევალება მოძებნოს მსგავსი ცხოველები სხვა ქვეყნებში, მოაგროვოს დამატებითი ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან.
გეოგრაფიაში – გარკვეულ დროში, პირობითად 15 წუთში, მოსწავლეები აკვირდებიან კონკრეტულ ქვეყანას და იმახსოვრებენ ქალაქების, მთების და სხვ. სახელწოდებებს, შემდეგ დაფაზე ჩამოწერით ეჯიბრებიან ერთმანეთს.
ისტორიაში – კონცენტრირება რომელიმე კონკრეტულ ეპოქაზე, ამ ეპოქის გმირებზე (ასეთ პერსონაჟებს მრავლად ნახავთ წიგნში), მათი ისტორიის კვლევა-ძიებაზე, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ცოდნას ეპოქის შესახებ.
წიგნში საქართველოსაც იხილავთ. ყველაზე მეტად „რუკებში“ ევროპის ქვეყნებია წარმოდგენილი.
წყარო  http://mastsavlebeli.ge

როგორ „გავაღვიძოთ“ მოსწავლე – კრიტიკული აზროვნების ნიუანსები

სკოლამ მოსწავლე, უპირველეს ყოვლისა, კრიტიკულ აზროვნებას უნდა მიაჩვიოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მასწავლებლის მთავარი ამოცანა არა ინფორმაციის გადაცემა, არამედ მოპოვებული ფაქტების შერჩევა, ანალიზი, სინთეზი და შეფასებაა. ამისთვის კი თვითონ პედაგოგს უნდა ჰქონდეს ეს უნარი, რომელიც, რა თქმა უნდა, მუდმივ წვრთნას მოითხოვს. მასწავლებელმა მოსწავლე უნდა „გააღვიძოს“, რათა მან შეძლოს საგნებისა და მოვლენების ნათლად აღქმა და დანახვა. „გაღვიძება“ იგივე მოძრაობაა, მოქმედებაა ინდივიდუალობის განსავითარებლად, კოლექტიური შეხედულებების მღვრიე ნაკადებში გზის გასაკვლევად.
სასკოლო განათლების მთავარი პერსპექტივები დაკავშირებულია არა მხოლოდ უახლეს ტექნოლოგიებთან, არამედ ადამიანებთან, რომლებიც მას შესაბამისი მიზნებისთვის გამოიყენებენ. XXI საუკუნეში კაცობრიობა განვითარების ახალ სტადიაზე გადავიდა: მეცნიერები, პოლიტიკოსები, პედაგოგები თუ საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროთა სხვა წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად საუბრობენ საინფორმაციო ერაზე, რომელმაც ადამიანისგან ახალი უნარების განვითარება მოითხოვა. შრომით ბაზარზე ინტელექტუალური შრომის წილი სულ უფრო მეტად იზრდება, რაც სკოლისგანაც მოითხოვს მზადყოფნას, შეგუებას, იმ მოთხოვნათა გაცნობიერება-გააზრებას, რომლებიც თანამედროვე სოციალურმა დაკვეთებმა წარმოშვა. ასე რომ, განათლება უნდა დაეფუძნოს არა მზა ცოდნის ათვისებას, არამედ მის შემოქმედებით გადამუშავებას და დამოუკიდებელ გამოყენებას, იმის უნარს, რომ ადამიანმა შეძლოს თავისი საქმიანობის შეფასება. მასწავლებელმა ციფრული ტექნოლოგიებიც იმისთვის უნდა გამოიყენოს, რომ კრიტიკული აზროვნების უნარი განუვითაროს მოსწავლეებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსწავლე მიეჩვიოს სააზროვნო ტექნიკებისა თუ სტრატეგიების გამოყენებას სასურველი შედეგის მისაღწევად. ეს არის აზროვნების იმგვარი მართვის უნარი, როცა შეგიძლია მიზანდასახულად ფიქრი, ამოცანების გადაწყვეტა, არსებულ მონაცემთა კლასიფიკაცია, დამუშავება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა.
კრიტიკულად მოაზროვნე არა მხოლოდ კონკრეტულ ამოცანებს წყვეტს, არამედ რეალური ცხოვრებისეული გამოწვევებისთვისაც ემზადება. ამგვარი აზროვნების უნარი ეხმარება ადამიანს, დამოუკიდებლად გაიკვლიოს გზა თანამედროვე საინფორმაციო ნაკადებში. ცხოვრებაში კი უმნიშვნელოვანესია განსაზღვრული ორიენტირები, რომელთა გარეშე საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბება წარმოუდგენელია.
კრიტიკული აზროვნების განსავითარებლად მასწავლებელი მუდმივად შემოქმედებითად უნდა იყოს განწყობილი, რათა შესაბამისი ხერხები და მეთოდები მოიძიოს კონკრეტული კლასის მონაცემებისა თუ შესასწავლი მასალის გათვალისწინებით. მან გაკვეთილზე ხელი უნდა შეუწყოს:
* სხვადასხვა თვალსაზრისის, შეფასების, დამოკიდებულების არსებობას;
* კომუნიკაციის კულტურის განვითარებას;
* შაბლონურ და სტერეოტიპულ კითხვა-პასუხებზე უარის თქმას;
* სასწავლო პროცესის იმგვარად ორგანიზებას, რომ მოსწავლეებს მიეცეთ დამოუკიდებლად ფიქრისა და გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა;
* გაკვეთილზე მრავალფეროვანი სასწავლო სტრატეგიის გამოყენებას და სხვ.
ხანგრძლივი დაკვირვების საფუძველზე მასწავლებელს ნათელი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს თითოულ მოსწავლეზე; უნდა იცოდეს, როგორ გაითვალისწინოს მოსწავლეთა უმრავლესობისა თუ უმცირესობის ინტელექტუალური მონაცემები, ათვისებისა და შემეცნების სტილი და შეიმუშაოს შესაბამისი, მოკლე თუ გრძელ პერსპექტივაზე გათვლილი ტაქტიკა. თუ პედაგოგი დიდხანს ვერ იღებს შედეგს, თვითდიაგნოსტირების გზით კარგად უნდა გააცნობიეროს მიზეზი:
  1. საჭიროა სწავლების სტრატეგიის შეცვლა;
  2. სხვადასხვა მოსწავლის „გასაღვიძებლად“ საჭიროა სხვადასხვა მეთოდის გამოყენება.
ყველა მოსწავლე ინდივიდუალურად აღიქვამს სამყაროს, მოვლენებს, თავისებური სმენა და ინტუიცია აქვს. ამიტომ კარგად უნდა გავარკვიოთ, ესა თუ ის ბავშვი რას ხედავს იოლად და რას – ვერა. სხვათა რეკომენდაციებისა და გამოცდილების გაცნობა-გაზიარება აუცილებელია, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი გზა. ყოველგვარი მასალის გაცნობის შემდეგ საჭიროა შემოქმედებით-ანალიტიკური ფიქრი, ძიება და პოვნა იმ ხერხისა, რომელიც ყოველ ცალკეულ მოსწავლეს დაანახებს იმას, რასაც აქამდე ვერ ხედავდა და ამიტომაც ვერ ვითარდებოდა, არ უყალიბდებოდა კრიტიკული აზროვნების ჩვევა და უნარი, რის გამოც თვითონაც წუხდა და მასწავლებელსაც საგონებელში აგდებდა.
კრიტიკული აზროვნება გულისხმობს გამოსავლის მუდმივ ძიებას, წიგნებსა თუ ინტერნეტსივრცეში წაკითხულ თუ გაგონილ რჩევებში შესაბამისის ამორჩევისა და გამოყენების უნარს, მზა მოდელების ცვლილებას კერძო და კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად. ერთ თვალსაჩინო მაგალითს მოვიყვანთ, რომელიც ჯეკი თერნბულის წიგნიდანაა: „ბავშვობაში ოჯახს ხშირად დავყავდი სასეირნოდ. მთელი ოჯახი მივდიოდით ხოლმე: ბიძები, მამიდები, ბიძაშვილები. ერთ-ერთი ასეთი სერნობის დროს სოფლის პირას მივდიოდით, როცა ჩემმა ერთმა ბიძაშვილმა გვთხოვა, გავჩერებულიყავით. მას შეემჩნია მეჟოლია, რომელიც ღობეზე იჯდა და ვიწრო ჭრილიდან ოდნავ მოჩანდა. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ჩემ გარდა ყველა ულამაზესი ჩიტის ყურებით ტკბებოდა. მე კი წარმოდგენა არ მქონდა, რას მიშტერებოდნენ ასე. „შეხედე, ჟაკლინ, შეხედე“, – ჩამჩურჩულა ბიძამ, დაიხარა და ღობისკენ მიმანიშნა, რომელსაც ყველა უყურებდა. „შეხედე, სანამ გაფრინდება“. მე, შეძლებისდაგვარად, მზერა გავამახვილე. „სად არის, სად?“ – ვკითხულობდი დიდი ინტერესით. „აი, იქ, იქ“, – მიპასუხა ბიძაჩემმა, განაწყენებულმა იმით, რომ აქამდე ვერ შევამჩნიე ფრინველი. ლამის საუკუნე გავიდა იმის მცდელობაში, რომ ჩიტი დამენახა. ბოლოს, თითქოს დარაბა ჩამოხსნესო, სრულიად სხვა სურათი წარმომიდგა თვალწინ. მეც დავინახე ფრინველი, რომელსაც დანარჩენები უკვე დიდი ხანია ხედავდნენ. მშვენივრად ჩანდა. აღმოჩნდა, რომ ორი მეტრიც კი არ მაშორებდა მისგან“ (ჯეკი თერნბული, „პროფესიონალი მასწავლებლის 9 მახასიათებელი“).
„მზერის გამახვილებას“ წვრთნა სჭირდება, რომლის ხანგრძლივობა ყველა მოსწავლეს შეიძლება სხვადასხვა ჰქონდეს. ამისთვის კი არსებობს ნაცადი სასწავლო სტრატეგიები. უპირველეს ყოვლისა, ყოველი გაკვეთილი ისე უნდა დაიგეგმოს, რომ კარგად გამოიკვეთოს სამი ეტაპი: გამოწვევა, გააზრება, რეფლექსია.
გამოწვევის ეტაპზე მასწავლებელმა შეიძლება სხვადასხვა მეთოდი გამოიყენოს: ინდივიდუალური მუშაობა, წყვილებსა თუ ჯგუფებში მუშაობა, გონებრივი იერიში, შინაარსის პროგნოზირება, პრობლემური კითხვები… ამგვარად, მოსწავლეს ექმნება ბაზისი ცოდნის მიღება-გაანალიზებისთვის, ახალი ინფორმაციის ძველთან ეფექტურად დაკავშირებისთვის, ამ ახალი ინფორმაციის კრიტიკული გადამუშავებისთვის.
გააზრების ეტაპზე მოსწავლე უღრმავდება ახალ მასალას, კითხულობს ტექსტს, უყურებს ფილმს, უსმენს ლექციას, სვამს კითხვებს, ინიშნავს გასარკვევ თუ პრობლემურ საკითხებს. ყოველი მოსწავლე თავის დამოკიდებულებას გამოხატავს, მსჯელობს, როგორ გაიგო ესა თუ ის საკითხი, რა დაეხმარა ამაში ან რამ შეუშალა ხელი, რამ წაიყვანა სხვა გზით. მოსწავლეებს აუცილებლად უნდა შეეძლოთ ამგვარი თვითანალიზი. მასწავლებელმა ისინი ამას თანდათან უნდა შეაჩვიოს.
ცოდნის გამყარება სხვადასხვა ხერხითა და მეთოდით მიიღწევა. მაგალითად, თუ მასწავლებელი ჯგუფური მუშაობის ფორმას აირჩევს, მაშინ კარგად უნდა დააკვირდეს, რომ ჯგუფში ორი მნიშვნელოვანი რამ გამოიკვეთოს: ინდივიდუალური ძიება და იდეების გაცვლა-გაზიარება. ჯერ იდეები, თვალსაზრისები უნდა გამოთქვან მოსწავლეებმა, მერე ერთმანეთთან თანამშრომლობით გამოიტანონ დასკვნები, ბოლოს კი ლიდერს მიანდონ თავიანთი თვალთახედვის (ნამუშევრის) საპრეზენტაციოდ გამოტანა.
ყველა მეთოდი თავიდანვე ერთნაირი წარმატებით ვერ იმუშავებს – უნდა ადაპტირდეს, ტრანსფორმირდეს და მასწავლებელმაც ხშირად უნდა გამოიყენოს, რათა მოსწავლეები მიაჩვიოს ამგვარი ტექნოლოგიით ცოდნის შეძენას და სხვადასხვა მნიშვნელოვანი უნარის განვითარებას.
რეფლექსიის სტადიაზე მოსწავლეები გაიაზრებენ, რა ისწავლეს გაკვეთილზე, ამგვარად იმყარებენ შეძენილ ცოდნას, ახალი მასალის გათვალიწინებით, აქტიურად უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ დამოკიდებულებასა და შეხედულებებს. ერთსა და იმავე ფაქტსა თუ მოვლენას სხვადასხვა რაკურსით გაიაზრებენ, ეცნობიან განსხვავებულ შეხედულებებს, შემოქმედებითად გადაამუშავებენ სხვადასხვა ინფორმაციას, იძენენ უნარს, თავისუფლად გამოხატონ სუბიექტური დამოკიდებულება ყოველივეს მიმართ, სხვაც შეაფასონ და საკუთარი შესაძლებლობებიც სწორად აღიქვან.
ამგვარად მასწავლებელი  აამაღლებს გაკვეთილზე ინფორმაციის მიღება-გადამუშავების ხარისხს, მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობას, ცოდნისადმი მათ პასუხისმგებლობას, განუვითარებს მათ პიროვნულობას, რათა მოსწავლემ სწავლა გაიაზროს არა როგორც მომაბეზრებელი რუტინა, არამედ როგორც სამყაროსა და საკუთარი თავის დაუსრულებელი, აღმოჩენებით სავსე შემეცნების პროცესი.
 წყარო http://mastsavlebeli.ge

დიორამა, სასწავლო აქტივობა

ბავშვებს ხშირად უჭირთ ტექსტის დეტალური შესწავლა. სიტყვები, ფრაზები, წინადადებები, აბზაცები, დიალოგები, პერსონაჟთა სახელები – ყოველივე ეს ერთმანეთს ებმის, თვალები კითხულობენ, აცოცხლებენ, მაგრამ გონებაში დიდხანს მათი არათუ დაბინავება, არამედ შეყოვნებაც კი ჭირს. შემაჯამებელი ტესტირებისას აღმოაჩენ, რომ ვერ იხსენებენ ავტორს, მნიშვნელოვან ეპიზოდს, დეტალებს, ლექსიკური მარაგი კი ისეთი მწირია, ხვდები, რომ სალიტერატურო ენასთან მისასვლელი ხიდი ჩატეხილია და ულამაზეს სიტყვებს დავიწყება ემუქრებათ.
დამეთანხმებით, საკმაოდ მწვავე პრობლემაა. განსაკუთრებით, ქალაქში მცხოვრები ბავშვების ყოველდღიური სასაუბრო მეტყველება არის გაღარიბებული, რადგან არა მგონია, სოფლად მცხოვრებ რომელიმე ბავშვს გაუჭირდეს ისეთი სიტყვების განმარტება, როგორიცაა „ჭვარტლი“ ან „ჭიშკარი“.
ბადია, ყუნჭი, შუბი, გულწითელა, ტივტივა, გეგუთი, ყიზილბაშები, კამარა, წიფლისჩიტა, ქედანი – ეს სიტყვები საპროგრამო მოთხრობებიდან არის. ათი წლის ბავშვებისთვის რთული აღმოჩნდა მათი დამახსოვრება. განსაკუთრებით გაუჭირდათ ვაჟა-ფშაველას მოთხრობის „იის“ გაგება. წაკითხვა,მოყოლა, ტესტი არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ასი წლის წინ დაწერილი მოთხრობები, ეპოქისთვის დამახასიათებელი ენობრივი კონსტრუქციები მათთვის ადვილი აღსაქმელი ყოფილიყო. ამიტომ გადავწყვიტე, გაგება-გააზრებისთვის და ტექსტის შინაარსზე დაკვირვებისთვის  დიორამა გამომეყენებინა (ამ მეთოდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი სტატია http://mastsavlebeli.ge/?p=2029 ).
დიორამა არის ტექსტის მიხედვით შექმნილი სამგანზომილებიანი სცენა. მეთოდის გამოყენება ხელს უწყობს ტექსტის გაგება-გააზრებას, დეტალების დამახსოვრებას, ტექსტის გაცოცხლებით კი დიდ სიამოვნებას იღებენ, ვიზუალურად აღიქვამენ წაკითხულს, სწავლობენ უცხო სიტყვებს.
დიორამების შექმნა შემაჯამებელ მუშაობას დავამთხვიე. ავიღეთ შესწავლილი ოთხი საპროგრამო მოთხრობა: ილია ჭავჭავაძის „ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“, აკაკი წერეთლის „დათუნა გოცირიძე“, ვაჟა-ფშაველას  „ია“ და რევაზ ინანიშვილის  „რაზედ იცინოდნენ ყვავილები?“ ბავშვებს ვთხოვე მოეტანათ მუყაოს კოლოფები, ფერადი ქაღალდები და ძაფები, პლასტელინი, მაკრატელი, ქაღალდის წებო და სხვა წვრილმანი ნივთები.
წინასწარ შევიმუშავეთ შეფასების კრიტერიუმები:
  1. სამუშაო მასალა;
  2. შინაარსის ცოდნა და ასახვა;
  3. შემოქმედებითობა;
  4. დრო;
  5. თანამშრომლობა ჯგუფის წევრებთან.
კლასი დავყავი ოთხ ჯგუფად. თითოეულს ერთი მოთხრობა უნდა გადაექცია სამგანზომილებიან სივრცედ. ჯგუფში კი  წყვილებს შორის ეპიზოდები გადავანაწილე. წამზომი ჩავრთეთ და ბავშვებიც აფუსფუდნენ. მერხებზე სამუშაო ნივთები ჰქონდათ მიმოფენილი.  ფოთლები, ქვები, კენჭები, წვრილი ტოტები სახელდახელოდ მოაგროვეს ეზოში, გადაინაწილეს და გამიზნულად გამოიყენეს. როგორც ხდება ხოლმე, ზოგიერთი თუ საგულდაგულოდ იყო მომზადებული, ზოგიერთს არაფერი ჰქონდა მოტანილი. ასეთ დროს ბავშვის განწყობის გაფუჭება არაფრით შეიძლება. რა თქმა უნდა, არც ის არის კარგი, რომ უპასუხისმგებლობა ჩვევაში გადაუვიდეთ. ამიტომ ყურადღებას ვამახვილებთ, რომ ცუდია მოუმზადებლობა, განსაზღვრული ორი ქულაც დააკლდებათ, მაგრამ, მერე როცა ხედავ, როგორ უნაწილებს მეწყვილე თავის ნივთებს, როგორ ჩაკირკიტებია ტექსტს, პატარა თითებით როგორ ძერწავს ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილსა თუ დათუნა გოცირიძის ცხენს, როგორ ასახულა მთელი ეს პროცესი მისი სახის ნაკვთებზე და მოწყენილობიდან ქმედებაში მყოფს უყურებ, შეთანხმების პირობას თამამად არღვევ და ამბობ, რომ მასალისთვის განკუთვნილი ორი ქულა არ დააკლდებათ თუ თავის სამუშაო გარემოს მოაწესრიგებენ, ნარჩენებს ნაგავში მოათავსებენ, ნივთებს თავის ადგილს მიუჩენენ.  მართლაც სასწაულად მოქმდებს ახალი პირობა. მთავარია, დასჯის ნაცვლად სურვილი გავუღვივოთ, რომ შემდეგ ჯერზე სათანადოდ მომზადებული მოვიყვანოთ.
ზემოთჩამოთვლილ დადებით მხარეებს უნდა დავამატოთ თანამშრომლობითი და შემოქმედებითი უნარების განვითარება, დროის მართვა, ინიციატივის გამოჩენა, გადაწყვეტილების მიღება, პრობლმების გადაჭრის გზების ძიება.
ბავშვებს უფლება მივეცი, რომ კუთვნილი ეპიზოდის გასაცოცხლებლად ტექსტში ჩაეხედათ. ამან შფოთვა მოუხსნათ. გადავწყვიტე, ამჯერად ყურადღება გამემახვილებინა არა იმაზე, თუ რა ისწავლეს, არამედ იმაზე, რომ ამ შემაჯამებელი მუშაობის შედეგად თუნდაც ერთი სიტყვა მთელი გულით ეგრძნოთ, დაემახსოვრებინათ, გაეთავისებინათ.
ბავშვები შემთხვევითი შერჩევის გზით დავაწყვილე. მე ჯგუფებს შორის დავდიოდი და საჭიროებისამებრ ვეხმარებოდი. ჩემი ძალისხმევა მცირედი იყო, ყველაფერი თვითონ შექმნეს, მოიფიქრეს და ნელ-ნელა წაქცეული ბადიიდან თაფლი გადმოღვარეს, გეგუთის სასახლის აივნიდან მეფე გადმოახედეს, მამას ანკესებისთვის ჭიაყელები აპოვნინეს, თელის ხიდან ჩამოვარდნილი დაჭრილი ქედანი ძირს დააწვინეს. ორი თვე გავიდა ამ დღიდან და ახლაც თვალწინ მიდგას თითოეულის ქმედება, მოძრაობა, სიხარული, სახის გამომეტყველება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დადებითი მხარე აღმოვაჩინე ერთად შექმნილი დიორამების შესახებ – არათუ მარტო მოსწავლეეებისთვის, არამედ მასწავლებლისთვის იდეალური შესაძლებლობაა დააკვირდეს ბავშვებს და სულ სხვა თვალით დაინახოს ისინი. მაგალითად, ორი ისეთი გოგო-ბიჭის მხიარული ტანდემი აღმოაჩინოს, გაკვეთილზე მუდმივად თავისთვის რომ სხედან და ინიციატივას არასდროს იჩენენ ან ისეთი ბიჭების გულმოდგინე მუშაობის მომსწრე გახდეს, გაკვეთილზე თვალი სულ ცელქობისკენ რომ უჭირავთ.
შეფასება:  წყვილებმა წარმოადგინეს, დანარჩენები გარს შემოეხვივნენ და ისე უსმენდნენ. მთავარი მოთხოვნა იყო, დეტალებსა და მოქმედების განვითარებაზე  გაემახვილებინათ ყურადღება, პრეზენტაციისას კი საკუთარი ნამუშევრის შესახებ  ტექსტის მიხედვით უნდა ესაუბრათ.
რადგან თითქმის ორმოცივე მოსწავლემ იმუშავა, საკუთარი შესაძლებლობლების გამოვლენა შეძლო და ტექსტის უშუალო გამოყენების საშუალება ჰქონდათ, ამიტომ მიღებული მაღალი ქულების განმტკიცება მეორე დღეს ერთქულიანი ტესტით გადავწყვიტეთ. ათი კითხვისგან შედგენილი ტესტის თითოეული კითხვა 0.1 მეათედი ქულით ფასდებოდა. მიზანი ის იყო, რომ ტექსტს კიდევ ერთხელ მიბრუნებოდნენ და თან გაწეული შრომა არ გაუფასურებულიყო.
დიორამები მოსწავლეთა კარადებზე გამოვფინეთ და დერეფანში გავაცოცხლეთ კლასიკური ტექსტები. ინდივიდუალურ გასაუბრებაზე ერთი გოგონას ბებია მოვიდა. დიორამების გალერეაში, მივიპატიჟე და ისიც აღფრთოვანებული უყურებდა შვილიშვილის ნამუშევარს, რაც იმას ნიშნავს, რომ  საჭირო დროს საჩვენებელ რესურსადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ.
მერე დიორამები ლიტერატურულ კაფეში გამოვიყენეთ. ამჯერად სქელტანიანი წიგნების ეპიზოდები გააცოცხლეს და ამგვარად წარადგინეს აუდიტორიის წინაშე. „გემრიელ ვიქტორინაში“ კი შეკითხვები საპროგრამო მოთხრობებიდანაც შევიტანე და არაფორმალურ გარემოში თამაშ-თამაშით კიდევ ერთხელ გავაბი კავშირი იმ გაკვეთილთან,  როდესაც დიორამები შევისწავლეთ.
დიორამის გამოყენება ნებისმიერ ასაკის მოსწავლეებთან შეგვიძლია. მაგალითად, პირველკლასელებთან ერთად საჩვენებელი წერის მეთოდით ხუთი მოთხრობა შევქმენით ტყის გოგონას შესახებ.  გაკვეთილზე კი მოთხრობები დიორამებად გადავაქციეთ. მეთორმეტეკლასელმა გოგონამ თეა ლომაძის წიგნის „წერილი ბოთლში“ მიხედვით შექმნილი დიორამით ნაწარმოების იდეური დატვირთვა  გამოხატა, ხოლო უმცროსკლასელებმა თეა თოფურიას „ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“ ყდაზე დატანილი ილუსტრაცია ხელნაკეთი ჭრელი ბალიშებითა და მუყაოს კორპუსებით გააცოცხლეს. იმის თქმა მსურს, რომ დიორამის გამოყენება სხვადასხვა მიზანს შეგვიძლია მოვარგოთ და ვიზუალურ სანახაობად ვაქციოთ დეტალები, ერთი ეპიზოდი, სათაური, ილუსტრაციები თუ ნაწარმოების იდეური შინაარსი.
დავუბრუნდები შემაჯამებელ გაკვეთილს. არასდროს დამავიწყდება, სად იჯდა ათი წლის გოგო, როცა ახალი წლის ეპიზოდს აცოცხლებდა ილია ჭავჭავაძის „ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილიდან“, დაკვირვებით მუშაობდა და თვალებში სითბო ჩაეღვარა, როცა პატარა სტაფილოსფერ დეტალზე მიმანიშნა, ეს წაქცეული ბადიაა და თაფლი იღვრებაო. მთავარია, დიორამამ ბავშვების ინტერესი გააღვივა, მათი თვალები გაათბო, ერთმანეთი სხვა კუთხით აღმოგვაჩენინა, მოთხრობები და სიტყვები კიდევ უფრო ახლობელი გახადა.

გამოყენებული ლიტერატურა: დიორამა – „კითხვის ეფექტური მეთოდები“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2013
კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე, G-PRIED.  2015

წყარო : http://mastsavlebeli.ge

საგანმანათლებლო თამაშების როლი მოსწავლეთა სისტემური აზროვნების ფორმირებაში

საგანმანათლებლო ხასიათის თამაშები აქტიური ფიზიკური და შემოქმედებითი   უნარების  ფორმირებას, ინტელექტისა და შემეცნებითი პროცესების, მეტყველების, მეხსიერების, ყურადღების, დაკვირვების, სენსორული გამოცდილების,  მტკიცებულებებითი უნარების განვითარებას უზრუნველყოფენ, რომლის საფუძველზეც მოსწავლეს უვითარდება ცნობისმოყვარეობა, გამოცდილება, ნებელობა, ჯგუფური მუშაობის უნარები, აცნობიერებს თავის ადგილს საზოგადოებაში.

გამოცდილ მაწავლებელს შეუძლია საგაკვეთილო საქმიანობასა და თამაშს შორის კავშირის დამყარება და  გაკვეთილის ნამდვილ  სახალისო საქმედ  გარდაქმნა. როგორც თეატრში  ელოდება მაყურებელი, რა იმალება სცენის ფარდის მიღმა, ასევეა მოსწავლეებიც, რომლებიც ელოდებიან მასწავლებელის „საიდუმლო სცენარის“ გაცნობას და ამ მოლოდინში მუდმივად ყურადღებით არიან.  მასწავლებელი ასეთ სიტუაციებში ემგვანება  კარგ მსახიობს, რომელიც წარმოდგენის დასასრულს ყველა „საიდუმლოს“ ახდის ფარდას და ინტერესს დაუკმაყოფილებს მოსწავლეებს.
გაკვეთილის რომელ ეტაპზეა მოხერხებული თამაშის ელემენტების გამოყენება? ალბათ ყველა ეტაპზე, თუმცა ადვილია შეთანხმება იმაზე,  რომ გაკვეთილის ყველაზე საინტერესო ნაწილი  დასაწყისია, რომელზეც მთელი შემდეგი საქმიანობის წარმატებაა დამოკიდებული. ეს ნაწილი ისე უნდა გაიაროს მასწავლებელმა, თითქოს აქ და ამ წუთში წყდებოდეს გაკვეთილის ბედი. მასწავლებლის ემოციური განწყობა გადამდებია მოსწავლეებისთვის და კარგად დაწყებული გაკვეთილი წარმატებული შედეგის გარანტიაა. თუ მასწავლებელი ასეთივე განწყობას შეინარჩუნებს  გაკვეთილის დანარჩენ ეტაპზეც (ცოდნის შემოწმების, გადაცემის, რეფლექსიის ეტაპზე) მიზნის მიღწევა გარანტირებული იქნება (ცხადია, ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს მასწავლებლის, როგორც მეთოდისტის, მკვლევრის,  აღმზრდელის, საგაკვეთილო პროცესის ორგანიზტორის  ფუნქცია).

მასწავლებელიც და მოსწავლეც თამაშის პროცესში მრავალგვარ იდეას წამოაყენებენ, რომელთა შორის ძალიან საინტერესოა სისტემური აზროვნების ფორმირებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა.ბიოადეკვატური, ანუ რელაქსაციური სათამაშო მიდგომების გამოყენება სწავლებაში ხელს უწყობს ასეთი პირობების შექმნას და  სისტემური („ინტეგრირებული“) აზროვნებისა  და გაკვეთილის  „გაცოცხლებას“.
აღსანიშნავია, რომ სისტემური („ინტეგრირებული“) აზროვნება არ გულისხმობს ისტორიის, ლიტერატურის, გეოგრაფიის, ხატვისა და სხვა საგნების უბრალოდ ინტეგრირებას ერთი გაკვეთილის ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ შესანიშნავი იდეაა, რადგან ამ დროს შემეცნებით პროცესში ერთვება აღქმის ყველა არხი, მაგრამ სისტემური, ანუ ინტეგრირებული მიდგომა რეალურად წარმოიშობა მაშინ, როდესაც ადგილი აქვს შემეცნების ყველა კომპონენტის ერთობლიობას. მაგალითად, კულტურის ისტორიის შესწავლისას სისტემური აზროვნების გამოვლენაა თუ მოსწავლე შეძლებს გაკვეთილზე კონკრეტული რელიგიისათვის დამახასიათებელი ტაძრის (შუა საუკუნეების ან სხვ. ისტორიული პერიოდის) მოდელის  (ქართული ტაძრები, ბიზანტიური ტაძრები, ბაროკოს ან სხვ. სტილის ტაძრები, ბუდისტური ტაძრები და  მეჩეთები და ა.შ.) აგებას და სხვ. რომლისთვისაც მას სხვადასხვა საკითხის საკმაოდ ღრმად ცოდნა სჭირდება.

სისტემური აზროვნების ფორმირებისთვის გამოიყენებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო  თამაშებს, როგორიცაა, მაგალითად:
  1. ექსპრესკარნახი“, რომლის მიზანია  ტერმინების,  თარიღების,  განსაზღვრებების, ცნებების ცოდნის შემოწმება ( სულ 2-3 წთ.);
აქტივობის ალგორითმი: ა) მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს დადგნენ მერხებთან, ან გააკეთონ წრე (როგორც მოუხერხდებათ ადგილის მიხედვით); ბ) მასწავლებელი სწრაფად სვამს შეკითხვებს, ეკითხება ყველას. ასეთი ზეპირი გამოკითხვით მასწავლებელი ამოწმებს ისტორიის, მათემატიკის, გეოგრაფიის, ქიმიისა და ა.შ. საგნების ცოდნას (წერილობითი გამოკითხვის დროს მოსწავლეები მერხებთან სხედან); გ) სპეციალური უნარების (სწრაფი წერის, ყურადღების  და ა.შ.) განვითარებისთვის მასწავლებელი ცვლის პირობას – სთავაზობს, რომ პასუხები დაწერონ მხოლოდ ფურცელზე, მხოლოდ დაფაზე და ა.შ.).
  1. „დაასრულე ფრაზა“: მიზანია განვლილი  მასალის ექსპრესგამეორება.
აქტივობის ალგორითმი: ა) მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს დადგნენ მერხებთან ან გააკეთონ წრე (როგორც მოუხერხდებათ ადგილის მიხედვით), ან დაჯგუფდნენ სურვილის მიხედვით; ბ) მასწავლებელი აცხადებს მტკიცებით წინადადებას, რომელიც საჭიროებს დასრულებას;  გ) გამარჯვებულია ის,  ვინც სწორად და სწრაფად შეძლებს ფრაზების დასრულებას  (სულ 2-3 წთ.).
მაგალითად, გეოგრაფია, VI კლასი:
„თანამედროვე გეოგრაფია – ესაა მეცნიერება… ამისა და ამის შესახებ (ბუნების, მოსახლეობის, საქმიანობის….)“;
„ეკოლოგია – ესაა მეცნიერება, რომელიც შეისწავლის… (ადამიანისა და გარესამყაროს ურთიერთობას…);
  1. „თავისუფალი დავალება“: მიზანია, ვასწავლოთ მოსწავლეებს დავალების დამოუკიდებლად არჩევა.

აქტივობის ალგორითმი: ა) მასწავლებელი აჯგუფებს მოსწავლეებს რამდენიმე ჯგუფად; ბ) ჯგუფებს ურიგებს დავალებებს, რომლებიც ჩამოწერილია ბარათებზე, ან განთავსებულია კომპიუტერის  ეკრანზე, ან მონიშნულია წიგნში  და ა.შ.  გ) დავალებები სხვადასხვა დონისაა;  დ) მოსწავლეებმა  (ჯგუფებმა) უნდა აირჩიონ დავალება განთავსების ადგილის მიხედვით; ე) მუშაობის დასრულების შემდეგ ჯგუფები დავალებას და  პასუხებს წარუდგენენ მთელ კლასს; ვ) პრეზენტაციების  დასრულების შემდეგ მასწავლებელი შეაჯამებს ჯგუფების გამოსვლას (სულ 3-5 წთ.).

  1. „შემოქმედებითი სურათის შექმნა“: მიზანია, ვასწავლოთ მოსწავლეებს სასწავლო მასალის სურათ-ხატის შექმნა, რომელსაც ის ხანგრძლივ მეხსიერებაში წაიღებს.

აქტივობის ალგორითმი: ა) მასწავლებელი ქმნის 3-5-კაციან ჯგუფებს და ყველას აძლევს ერთი ტიპის დავალებას – შემოქმედებითად „გადაამუშაონ“ საშინაო დავალებიდან მიღებული ინფორმაცია; ბ)მასწავლებელი აძლევს ნიშანს შემოქმედებითი სამუშაოს დაწყებისთვის, მოსწავლეები კი ცდილობენ დახატონ დავალების შესრულების შედეგად  მიღებული ინფორმაცია; გ) შემდეგში  ხდება შემოქმედებითი პროდუქტის „დაცვა“ (სულ 4-5 წთ.).

5.“ახალი სახე-სიმბოლოს შექმნა ჯგუფურად“:  მიზანია  შემოწმდეს  ინტეგრირებული თემის ცოდნა,   თემის  პიროვნული  და  ჯგუფური  აღქმის  პროცესი. ეს თამაში ხელს უწყობს მეხსიერებაში ინფორაციის ხანგრძლივად შენახვას.

აქტივობის ალგორითმი: ა) მოსწავლეთა დაჯგუფება; ბ)  თითოეული ჯგუფი იღებს დავალებას თემის ცალკეულ ნაწილზე. მასალა შეიძლება განმეორებითიც იყოს; გ) მასწავლებლის მითითებით მოსწავლეები იწყებენ  შემოქმედებით მუშაობას. ჯგუფის წევრები ერთმანეთთან შეჯერების საფუძველზე ქმნიან ერთიან სურათს და ხატავენ იმ ინფორმაციას, რომელიც დაამახსოვრდათ; დ) დასრულების შემდეგ ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციას, მასწავლებელი კი აფასებს მათ (სულ 4-5 წთ.).

  1. „ვაქანდაკებთ“ – ჯგუფური სამუშაო, რომლის მიზანია დავალების შესრულებისათვის საჭირო შემოქმედებითი და მოტორული უნარების განვითარება. თემა შეიძლება შერჩეული იყოს განვლილი მასალიდანაც (4-7 წთ).

აქტივობის ალგორითმი:  ა) მოსწავლეებს,  ჯგუფის წევრებს,  ურიგდებათ ფურცლები, რომლებზეც ჩამოწერილია რომელიმე საგნობრივი ლექსიკის ერთეულები, მაგალითად,   სინონიმები,  ომონიმები, შედარებები და სხვ.; ბ) დავალების მიხედვით მოსწავლეებმა უნდა შექმნან „ლექსიკის“ სიმბოლო-ქანდაკება (ის შეიძლება წარმოდგენილი იყოს გვირილის ან სხვა ყვავილის სახით); გ) განმარტონ დასახელებული ცნებები და მოიყვანონ მაგალითები; დ) ჯგუფები გააკეთებენ პრეზენტაციებს და დაიცავენ თავიანთ  მოსაზრებებს; ე)მასწავლებელი შეაჯამებს  ჯგუფების შედეგებს.

  1. „ცოდნის ინჟინრები“: მიზანია, ასწავლოს მოსწავლეს ცოდნის გამოყენება პრაქტიკულ ცხოვრებაში.
აქტივობის ალგორითმი: ა) მასწავლებელი აჯგუფებს მოსწავლეებს პატარ-პატარა ჯგუფებად და სთავაზობს დავალებას – როგორ წარმოუდგენიათ მათ უკვე შესწავლილი თემების პრაქტიკაში გამოყენება? ქალაქების მშენებლობაში? სამეურნეო საქმიანობაში? მოგზაურობაში? განათლების რეფორმაში? და ა.შ. ბ) ის, ვინც უკეთესად და უფრო მეტს უპასუხებს დასმულ შეკითხვაზე,  გადაეცემა პრიზი; გ) მასწავლებელი ამოწმებს  მოსწავლეთა ცოდნის  დონეს.
  1. „ფანტასტიკური დაბოლოება“: მიზანია ახალი ინფორმაციით დაინტერესება, სასწავლო სიტუაციის გადატანა უჩვეულო პირობებში. 

აქტივობის ალგორითმი: ა) მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს საშინაო დავალების თემა გადაიტანონ ფანტაზიის სამყაროში და   მოუძებნონ ფანტასტიკური  დასასრული – ეს შეიძლება იყოს ლიტერატურული გმირის „გადასახლება“ სასურველ ეპოქაში ან ისტორიული პიროვნებების „თანამედროვე“ მოღვაწეებად წარმოსახვა, ადრე მომხდარი კონფლიქტების „გაცოცხლება“ და განსხვავებული დასასრულის მიცემა, უჩვეულო სიტუაციების შექმნა  და ა.შ. მაგალითად, „ანტარქტიდაში მინიმალური ტემპერატურა 10 გრადუსამდე ავიდა. მოიფიქრეთ, რას მოიმოქმედებენ პინგვინები?“… „კლიმატის ცვლილებამ ალპებზე მყინვარების დნობა და მდინარეების ადიდება გამოიწვია. წარმოიდგინეთ, როგორ გააგრძელებდნენ ბრძოლას ჰანიბალის ჯარისკაცები?“ და სხვ. ბ) მასწავლებელი აფასებს მოსწავლეთა შემოქმედებით უნრაებს და წარმოდგენილ მასალებს.

საგანმანათლებლო თამაშებისას მეცნიერული თეორია და ცოდნის სისტემატიზაციის პრაქტიკული ასპექტები „ერთად მუშაობენ“ მოსწავლეთა წარმატებისთვის და სისტემური აზროვნების ფორმირებისთვის, ხელს უწყობენ სწავლის მოტივაციას, მაღალი შედეგების მიღწევას, არაერთგვაროვანი  დავალებების გადაწყვეტას, რთული და ხანდახან მოსაწყენი მასალის მარტივად შესწავლას,  ამიტომ შეგვიძლია ისინი მეტი აქტიურობით გამოვიყენოთ კონკრეტულ საგაკვეთილო საქმიანობაში.
წყარო : http://mastsavlebeli.ge

თემის განსხვავებული დიფერენცირება

მეთერთმეტე კლასის დროის მნიშვნელოვანი ნაწილი ტრიგონომეტრიის საფუძვლიანად შესწავლას ეთმობა. ამ ეტაპზე იმ მოსწავლეებს, რომლებიც აქამდე ხალისით და დაუზარლად სწავლობდნენ, შესაძლოა დაეკარგოთ სწავლის სურვილი. მოსწავლეები რთულად აღიქვამენ ამ მეტად მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხს. ჩვენ აუცილებლად უნდა შევიტანოთ გაკვეთილებზე მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები და დავარწმუნოთ ისინი ტრიგონომეტრიის აუცილებლობაში. ამისათვის პირველ რიგში, მაღალი მზაობის მოსწავლეები თანაშემწეებად გავიხადოთ და მათთან ერთად მოვამზადოთ პრეზენტაციები თემებზე:
  1. ქიმიურ ელემენტთა პერიოდულობა;
  2. პარალელი ცხოვრებასთან (მაგ: გაზეთის პერიოდული გამოცემა);
  3. წელიწადის ოთხი დროის და ზოგადად დროის პერიოდულობა;
  4. აკუსტიკაში დრეკადი ტალღების წარმოშობა და გავრცელება;
  5. გულის ცემის პერიოდულობა;
  6. არქიტექტურული ძეგლები და მისი ჩუქურთმების და ორნამენტების პერიოდული განმეორება;
  7. მუსიკაში მეორდება ხოლმე ბგერათა შერწყმა და ამით ძლიერდება ზემოქმედება;
  8. მიუწვდომელ ადგილებამდე მანძილის გაზომვა ტრიგონომეტრიის გამოყენებით;
  9. გრავიურის განხილვა, სადაც მოცემულია, როგორ ზომავდნენ ძველად ასტრონომიაში პლანეტებს შორის მანძილს ტრიგონომეტრიის გამოყენებით.

ეს დაეხმარება ჩვენს მოსწავლეებს ამ თემის საჭიროების დანახვაში. პრეზენტაციები მივაწოდოთ ეტაპობრივად. ამით იმ მოსწავლეების მოტივაციის გაზრდას შევძლებთ, რომლებიც ამ პრეზენტაციებზე იმუშავებენ.
ინფორმაცია მივაწოდოთ რაც შეიძლება თვალსაჩინოდ. გრაფიკები ავაგებინოთ კომპიუტერული პროგრამების გამოყენებითაც.
დავამზადოთ სამი კამათელი,  რომელთაგან პირველის წახნაგებზე მოვათავსებთ: sin, cos, tg ,sin2x+cos2x= ,sinx/cosx ,1/tg2x. მეორის წახნაგებზე ვაწერთ: მაქსიმუმი, მინიმუმი, ლუწობა-კენტობა, პერიოდი, სიმეტრიის ღერძი; მესამის კი – ტრიგონომეტრიული ცხრილის რიცხვებს.
წესად გავიხადოთ, რომ დაბალი მზაობის მოსწავლეების ნაწილი დროდადრო ამ კამათლებს აგორებდეს და კითხვებზე პასუხებს გვცემდეს. სამივე კამათელი გორდება ერთდროულად. ხოლო თუ ძირითადი ფორმულა მოვა, იგი დაასრულებს მას და პირველ კამათელს თავიდან აგორებს. ეს ძალიან საინტერესო პროცესია.
    საშუალო მზაობის მოსწავლეებისთვის დავამზადოთ ტრიგონომეტრიული წრე შუაში მოთავსებული ბზრიალა ნივთით. ამ საშუალებით მათ გაუადვილდებათ ისეთი სერიოზული საკითხების შესწავლა, როგორებიცაა ტრიგონომეტრიული ფუნქციების ნიშნები მეოთხედების მიხედვით და დაყვანის ფორმულები. ამ მოსწავლეებს დროდადრო შევთავაზოთ მათი მზაობის შესაბამისი ამოცანებიც.
მაღალი მზაობის მოსწავლეები კი ჩვენთან ერთად ხსნიან საინტერესო რთულ ამოცანებს და მსჯელობენ ისეთ სერიოზულ საკითხებზე, როგორიცაა ფუნქციის ცვლილება პარამეტრებთან. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს მოსწავლეები უნდა მოვადუნოთ და არ ვამუშაოთ ბლუმის ტაქსონომიის დაბალ და საშუალო დონის მასალაზე.
შეჯამების დღეებში მათ მივცეთ არჩევნის საშუალება, თავად გადაწყვიტონ, რომელი დონის დავალებას აირჩევენ.
მთავარია,  ხედავდნენ ტრიგონომეტრიის საჭიროებას; ხვდებოდნენ, რომ მათი გულებიც თურმე ტრიგონომეტრიულად ცემს.  არ დაგვეზაროს დასარწმუნებლად კარდიოგრამის ლენტებიც კი მოვიტანოთ.  თუ ინტერესი დიდია,  ამ პროცესში ფიზიკის და ბიოლოგიის მასწავლებლებიც ჩავრთოთ. კამათლები და ტრიგონომეტრიული წრე მათ მოტივაციას გაზრდის.
ამ სტატიის მთავარი მიზანია: გაგიზიაროთ ამ თემის დიფერენცირებისა და მოტივაციის გაზრდის ერთ-ერთი მოდელი. ამ მოდელის გამოყენების დროს შეგვიძლია ბლუმის ტაქსონომიის ექვსივე დონის დაფარვა.

შეფასება მოვახდინოთ კლასზე მორგებული და კრიტერიუმებად ჩაშლილი ცხრილით, რომელსაც წინასწარ იცნობენ. არ არსებობს ორი ზუსტად ერთნაირი კლასი და ამიტომ კრიტერიუმები კონკრეტულ კლასზე უნდა იყოს მორგებული.

წყარო : http://mastsavlebeli.ge