Monday, June 24, 2019

eTwinning Project #EuropeDay - L.T.D. SCHOOL N1


eTwinning Project Europe Be My Green Heart


Etwinning project Europe Day 🎉 2019


eTwinning Project - Creating eTwinning Galaxy


etwinning Project - Garden Ful of Flowers


eTwinning Project - The Book About Me


eTwinning Project- Happy Children's Day


eTwinning Project - Europe Day - QR codes


eTwinning Project - #eTwinningDay eTwinningDay 9 MAY 2019 L T D SCHOOL N1


Wednesday, June 19, 2019

სურათებიანი წიგნი, როგორც სასკოლო რესურსი

თვალსაჩინოებას განუზომელი მნიშვნელობა აქვს, ყველაზე უკეთ გვეხმარება სასურველი შედეგის მიღებაში და მოსწავლეებს მარტივად, ძალდაუტანებლად და მხიარულად ასწავლის ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებს, ეს წყალგაუვალი ჭეშმარიტებაა.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ხშირად, ბავშვებს იმის უფრო სჯერათ, რასაც ხედავენ, ვიდრე, რაც ესმით.
ბოლო დროს ქართული წიგნის  თაროები რამდენიმე საინტერესო  სურათებიანი წიგნით გამდიდრდა, გადავხედოთ მათ და დავგეგმოთ საინტერესო გაკვეთილები:
  1. „ჩიტები თბილისში“, ანა ჯანელიძე, ალექს ჩიღვინაძე, ლაშა ბაქრაძე
ეს ულამაზესი, ფერადი წიგნი მამა-შვილი მერცხლების თბილისში მოგზაურობაზე გვიყვება, ისტორიული შენობები, თანამედროვე ცხოვრება, ქალაქის ძველი ნაწილი და მისი გარეუბნები. როდესაც მოსწავლეებს თბილისზე, მისი დაარსების ლეგენდაზე, ვახტანგ გორგასალზე ვესაუბრებით, ეს წიგნი შესანიშნავ საგანმანათლებლო რესურსად გამოგვადგება.
  1. იყო ერთი გოგო“ , თანამედროვე ქართველი მწერლების ზღაპრების კრებული
თანამედროვე ზღაპრები ისტორიულ ქალებზე — „იყო ერთი გოგო“ ქართველი მწერლების მიერ შექმნილი ზღაპრების კრებულია, რომლის პერსონაჟებიც ცნობილი ქალები არიან. წიგნში შესული ზღაპრები მათ სიმამაცეზე, მიზანდასახულობაზე, სიბრძნეზე, კეთილშობილებაზე, მეგობრობასა და სამართლიანობისთვის ბრძოლაზე გვიყვება.
ტექსტის გარდა, ყველა ზღაპარს თანამედროვე ქართველი ილუსტრატორების მიერ შესრულებული ილუსტრაციები ახლავს, ყველა პერსონაჟი ცნობილი და ნამდვილია – ისტორიული გმირები, ლიტერატურასა თუ ლეგენდებში შემონახული სახელები, მეფეები და მთამსვლელები, მედეადან მარო მაყაშვილამდე… ეს წიგნი ძალიან გამოგადგებათ ლიტერატურისა თუ ისტორიის გაკვეთილებისათვის, ასევე, თანასწორობასა და ქალთა უფლებების თემაზე სასაუბროდ.

  1. „იცეკვე ალუბალა, იცეკვე“ – ანა ჯანელიძე, ალექს ჩიღვინაძე
-მე ცეკვა მინდა, მაგრად დედა მუსიკაზე მატარებს!
-არ მიყვარს კარატე, წყალბურთი მირჩევნია, მაგრამ უნდა ვიარო, მამას ასე უნდა!
ალბათ ასეთი ფრაზები თქვენი მოსწავლეებისგანაც მოგისმენიათ. დავუჯეროთ ბავშვებს, დაეხმაროთ თავიანთი სურვილების ასრულებაში, ხელი არ შევუშალოთ მათ გატაცებებს. გავაგებინოთ მათ, როცა ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია, ინდივიდუალიზმი ქმნის მრავალფეროვნებას, ალუბალას ამბავი ბევრი საინტერესო გაკვეთილის დაგეგმვის საშუალებას მოგვცემს.
ალუბალა პატარა ჩიტია, რომელიც სხვა ჩიტებს არ ჰგავს, ცეკვა უყვარს და როცა გამთენიისას ყველა ჩიტი გალობს, ის ხიდან-ხეზე ცეკვა-ცეკვით დახტის.

  1. უილიამ ფოლკნერი, ნატვრის ხე
დიდი ამერიკელი კლასიკოსის ერთადერთი საბავშვო წიგნი, რომლის ხელნაკეთ ვერსიებს იგი სხვადასხვა დროს ბავშვებს ჩუქნიდა, ქართულ ენაზე გია გოკიელის შესანიშნავი თარგმანით გამოვიდა.
გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხე“ ქართულ სკოლებში რამდენიმე კლასში ისწავლება, ვფიქრობ, საინტერესო ლიტერატურული პარალელების გავლება შეიძლება ქართულ და ინგლისურ „ნატვრის ხეს“ შორის, მითუმეტეს, რომ ქართულ გამოცემას ძალიან კარგი ილუსტრაციები აქვს და ამავე დროს, დანართის სახით პირველი გამოცემის ილუსტრაციებიც ერთვის. ქართული „ნატვრის ხის“ თვალსაჩინოებად შეგვიძლია მისი ეკრანიზაცია გამოვიყენოთ, როგორც კინოში გადასული ლიტერატურული ილუსტრაცია. სცადეთ, მოგეწონებათ.
  1. ალექსანდრე ლორთქიფანიძე, „იავნანა ლილისთვის“,

საბავშვო ლიტერატურა საუკეთესო საშუალებაა თანასწორობაზე, შეზღუდულ შესაძლებლობებზე, მიმღებლობასა და სიყვარულზე სასაუბროდ. საოცრად თბილ, გულწრფელ ამბავს სოფო კირთაძის ულამაზესი ილუსტრაციებიც ამშვენებს.  ხშირად მსმენია მასწავლებლებისგან, რომ ქართულ საბავშვო ლიტერატურაში ინკლუზიური განათლების თემატიკასთან დაკავშირებული წიგნების ნაკლებობაა. ჰოდა, თუ ამ წიგნის კითხვას ბავშვის უფლებათა კონვენციაზე საუბარსაც დაურთავთ, ძალიან საჭირო და საინტერესო გაკვეთილი გამოგივათ.

წყარო http://mastsavlebeli.ge/

ლიტერატურული კონკურსი – მოთხრობა მასწავლებლისთვის!

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი,  საინფორმაციო საგანმანათლებლო  რესურსები –  ჟურნალი „მასწავლებლი “ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“  ლიბერთი   ბანკის  მხარდაჭერით,  უკვე მეოთხედ,  აცხადებს ლიტერატურულ  კონკურსს ქართველი მწერლებისთვის.
კონკურსის მიზანია, შეიქმნას მოთხრობა მასწავლებლისთვის, როგორც საგანმანათლებლო რესურსი  და ასევე,  მასწავლებლის    პროფესიის  პოპულარიზაცია და მხარდაჭერა.
წლევანდელი კონკურსის თემაა:
„ძილში კი სიზმრებად
მოდიან ბავშვები,მოდიან ბავშვები და ნიშნებს მიწერენ.“
ირაკლი კაკაბაძე

კონკურსის სპეციალური ჟიური შეარჩევს ათ საუკეთესო მოთხრობას, რომელთაგან  შეირჩევა სამი გამარჯვებული ნაწარმოები. ჟიური  განიხილავს მხოლოდ იმ მოთხრობას, რომელიც საკონკურსო პერიოდში შეიქმნება.
კონკურსის სამი გამარჯვებული  დაჯილდოვდება  30 სექტემბერს  საზეიმო მიღებაზე და საჩუქრად გადაეცემათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალური პრიზი და  ასევე  ფულადი ჯილდო კონკურსის პარტნიორ   ლიბერთი ბანკისაგან:

ადგილი – 1000 ლარი;
II ადგილი – 700 ლარი;
III ადგილი – 500 ლარი.

კონკურსის  სიმბოლო გადაეცემა კონკურსის გამარჯვებულს!
ლიტერატურული ნაწარმოები უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონულად, მისამართზე:  mastsavlebeli.ge@gmail.com.
გზავნილში მითითებული უნდა იყოს ავტორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.
საკონკურსო მოთხრობის მოცულობა უნდა იყოს   5-დან – 15 გვერდამდე.
საკონკურსო მოთხრობების გამოგზავნის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 15 აგვისტო!
საუკეთესო მოთხრობები გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე  და  მიეძღვნება ჟურნალ “მასწავლებლის ” სპეციალური ნომერი.
კონკურსის მხარდამჭერია:    გამომცემლობა „ინტელექტი“, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, “გამომცემლობა წიგნები ბათუმში” და  “საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია.”



მესამე სამეცნიერო კონფერენცია- „განათლება გლობალური და ციფრული მოქალაქეობისათვის“.

ძვირფასო კოლეგებო,
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საინფორმაციო საგანმანათლებლო რესურსების,  სამეცნიერო რეფერირებადი  ჟურნალის „განათლების მეცნიერების“ პროგრამის ფარგლებში, 2019 წლის 19 ოქტომბერს, ატარებს მესამე სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „განათლება გლობალური და ციფრული მოქალაქეობისთვის“.
განათლების მეცნიერების მკვლევრებს ექნებათ შესაძლებლობა, კოლეგებს  გაუზიარონ კვლევის შედეგები,   საერთაშორისო და  პირადი გამოცდილება   განათლების მნიშვნელობაზე გლობალური და ციფრული მოქალაქეობისთვის  და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში მათთვის საინტერესო საკითხებზე.
კონფერენციის სამუშაო ენაა ქართული.
მოხსენება შესაძლებელია წარმოადგინოთ, როგორც  ზეპირი ასევე  პოსტერული სახით. კონფერენციის სტატიები გამოქვეყნდება მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში – „განათლების მეცნიერება“, jes.org.ge.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ კონფერენციის საიტი :

წყარო : http://mastsavlebeli.ge/

მასწავლებლის სადებიუტო რომანი „გაკვეთილების შემდეგ საკითხავის“ სერიაში.

კარგი წიგნის წარდგენას შესაფერისი დრო და გარემოება სჭირდება. კარს მომდგარი წიგნის ფესტივალი და ზაფხულის არდადეგები კი ამ მხრივ მშვენიერი წინაპირობაა.
ამჯერად ჩემი რჩეული „სული-ჩიტია.“ ვეცდები, ისე გაგიზიაროთ მისი წაკითხვით მიღებული შთაბეჭდილებები, რომ თქვენი ინტერესი დავიმსახურო და ბიბლიოთეკა საინტერესო გამოცემით შეგივსოთ.
***
დღესდღეობით, ამერიკასა თუ ევროპაში მშობლიური ენისა და ლიტერატურის, დაწყებითი კლასის მასწავლებლები ხშირად წერენ წიგნებს ბავშვებისა და მოზარდებისთვის. მათგან ზოგიერთი (დანიელ პენაკის, მარია ფარის და სხვათა წიგნები) ქართულ ენაზეც არის ნათარგმნი და საკმაოდ პოპულარულია. დარწმუნებული ვარ, ჩვენს მასწავლებლებსაც უამრავი „დოკუმენტური“ მასალა ექნებათ დაგროვილ-ჩანიშნული და უფრო მეტად თუ  გააქტიურდებიან,  არაერთ საინტერესო ამბავს გააცოცხლებენ. მანამდე კი, თანამედროვე ბავშვების ინტერესებზე მორგებულ, ქართველი მასწავლებლის დაწერილ ერთ სქელტანიან წიგნს გირჩევთ – თამრ გეგეშიძის სადებიუტო რომანს „სული-ჩიტი.“
გამცემლობა ინტელექტმა „გაკვეთილების შემდეგ საკითხავის“ სერიით უკვე შწემოგვთავაზა „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“ (წიგნი შვედი გოგონა სარა იუნგკრანცისა და ასტრიდ ლინდგრენის ოცდაათწლიან მიმოწერის შესახებ http://mastsavlebeli.ge/?p=17736). „სული-ჩიტი“ სწორედ ამ სერიის მეორე ტომია.
***
ვინ მოთვლის, რამდენ ნაწარმოებს ვუწოდეთ კარგი, მშვენიერი თუ არაჩვეულებრივი. ქებას ზოგი მეტად, ზოგიც ნაკლებად იმსახურებდა. მაგრამ რაც დრო გადის, ეპითეტები გამომხატველობას კარგავს და მათი შერჩევა რთულდება. ამიტომაც ჩავვარდი საგონებელში, „სული-ჩიტის“ კითხვაში ღამე რომ გავათენე… ძალიან მომინდა, ქართული ენისა და ბავშვის ფსიქოლოგიის ზედმიწევნით მცოდნე მასწავლებელზე შესაფერისი წერილი დამეწერა. მასწავლებელზე, რომელმაც ჩვენს შვილებზე, მოსწავლეებზე მოგვითხრო და ამისთვის უმარტივესი გზა აირჩია – თავისი ყოველდღიური ცხოვრება და საზრუნავი გაგვიზიარა.
მოზარდის ცოვრებაში რომ შევიჭყიტოთ, დღიურები საუკეთესო საშუალებაა – საბავშვო ლიტერატურაში აპრობირებული და წარმატებული მეთოდია. რაზე ფიქრობენ და ოცნებობენ, რას განიცდიან და აპირებენ, როგორ აღიქვამენ ადამიანებსა და მოვლენებს მოზარდები? – ამ მარადიულ კითხვებზე პასუხის გაცემა ყურადღებიან, დაკვირვებულ, მოსიყვარულე მასწავლებლებს თუ ხელეწიფებათ. მასწავლებლებს, გადაშლის გარეშე რომ  „კითხულობენ,“ წარმოიდგენენ და გადმოგვცენ მოსწავლეების ფარულ ჩანაწერებს.
***
„სული-ჩიტის“ დღიურების ავტორის, თორმეტი წლის ლუკას ჩანთაში ყოველთვის ქაოსია, ის დილით ადრე ადგომას ვერ იტანს, ჯეირანის მარკებს აგროვებს, თავის მეგობარ თიკოს ყველასათვის შეუმჩნევლად წერილებს უგზავნის, ერთი დასვენების განმავლობაში ორ ფენოვან ხაჭაპურს სანსლავს  და, მიუხედავად იმისა, რომ არ უყვარს, მაინც კარგ ნიშნებს იღებს ქართულ გრამატიკასა და მათემატიკაში. მას კითხვაც იტაცებს, თუმცა ლეგოს კონსტრუქტორით გართობა ან ეზოში ჩასვლა ურჩევნია, ექსკურსიაზე კი მარტო ბურთი და „ჩიპსები“ სჭირდება, თავი ბედნიერად რომ იგრძნოს.
ლუკა ზოგჯერ პატარა ბავშვივით იქცევა: თავისი პატარა ძამიკოს აჩემებულ თამაშებში („ბაღობანაში“ და „ზოოპარკობანაში“) გულმოდგინედ ჰყვება ან წარმოიდგენს, ვითომ მცურავია და გათენებამდე აღელვებული ზღვა უნდა გადაცუროს. ასეთ დროს მისი ცისფერი საბანი ყველაზე დიდი ტალღაა, ბალიში კი – მაშველი რგოლი. მეორე წუთში კი ფილოსოფიური დასკვნები გამოაქვს, მუდამ დაკავებულ მშობლებს აკრიტიკებს: „როცა ადამიანი დედაზე ან მამაზე ბრაზობს, საჩუქარი საქმეს ვერ უშველის;“ „მაინცდამაინც ახალი წელი უნდა იყოს, მშობლებს შვილებისთვის რომ ეცალოთ?“
რაც შეეხება გარეგნობას, ლუკას დედიკო თვლის, რომ მისი ვაჟი მაღალი და მსუქანი კი არა – „ზორბაა და ელეგანტური.“
***
თამარ გეგეშიძე თავის წიგნში პერსონაჟების მრავალფეროვან გალერეას გვთავაზობს: მარიკა მასწავლებელს, რომელიც რამეს თუ გადაწყვეტს, რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაინც შეასრულებს; ქალბატონ დრამერს, რომელსაც თუ რაიმე არ მოსწონს, ბეჭდიან ხელს მაგიდაზე რიტმულად აკაკუნებს; ისტორიის მასწავლებელს, ფანტაზიის დიდოსტატ თაზოს, რომლის გარეშეც ნებისმიერი ექსკურსია ხიბლს კარგავს. მასწავლებლებს ორიგინალურობით არც მოსწავლეები ჩამოუვარდებიან. ამაში თავადაც დარწმუნდებით, როდესაც გაიცნობთ ყველაზე სანდო ადამიან თიკოს, ხელი მუდამ აწეული რომ აქვს და მზად არის მასწავლებლის ნებისმიერ შეკითხვას უპასუხოს; ვატოს, ყველაფერს ძალიან სერიოზულად რომ უყურებს და თავში უცნაური იდეები მოსდის; თემოს და აჩის, რომელთა მერხის ქვეშ გამეფებული ქაოსის დასათვალიერებლად ერთი დღეა საჭირო; თეკლას, ყველა ნივთი სუფთად და ლამაზად რომ უწყვია სამსართულიან პენალში; ნინოს, ბიჭებზე კარგად რომ თამაშობს ჯეირანს; ახალ მოსწავლეს, გიორგი ღვინოს, ვიკინგივით გვერდებზე აპარსული, ღია ფერის თმითა და ხელზე ტყავის სამაჯურებით.
ახალი მოსწავლის გადმოსვლას ნებისმიერ კლასში მოჰყვება ცვლილებები, მით უმეტეს, თუ ის კარგად თამაშობს კალათბურთს, კიდევ უფრო უკეთ სწავლობს, კითხულობს დიდურ წიგნებს, გაღიმებისას კი ტუჩის ცალ კუთხეს სწევს და ისე ათვალიერებს დამხვდურებს, თითქოს ისინი გადავიდნენ მის კლასში. ცვლილებებზე ყველა თავისებურად რეაგირებს: გოგონები იპრანჭებიან, მის ყველაზე უაზრო ხუმრობებზეც კი იცინან, ბიჭები საზღვარგარეთ მოგზაურობის შესახებ ეკითხებიან, მასთან დაახლოებას ცდილობენ.
ლუკასა და გიორგი ღვინოს შორის წარმოქმნილი განხეთქილება, გაურკვევლობები და მასთან გამკლავების გზების ძიება პატარა მკითხველს საინტერესო თავგადასავალში ჩაითრევს და მეგობრობის, თანადგომის, ურთიერთაგეგიბის არსზე დააფიქრებს. იმასაც მიახვდედრებს, რომ სწორედ დაძაბულ ვითარებაში ირკვევა ვინ არიან „ჩვენი ცხოვრების ადამიანები“ და რა მნიშვნელოვანია კარგად იცნობდე მეგობარს. ლუკაც ხომ სწორედ ამ მიზნით იწყებს დღიურის წერას და თავიდანვე გვაფრთხილებს: ვინც კარგად არ მიცნობს, ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვგონივარ, მაგრამ სინამდვილეში… “
„სინამდვილის“ გარკვევის პრეროგატივა მკითხველისთვის მიმინდვია, ისევე, როგორც სწორი ეპითეტების შერჩევა წიგნისა თუ ავტორის დასახასიათებლად. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ თამარ გეგეშიძეს თავისი პერსონაჟივით უყვარს ოცნებების ხატვა. ოცნებებიდან რეალობისკენ კი ისეთი ორიგინალური ლიტერატურული ხერხებით მივყავართ, ქართული საბავშვო ლიტერატურის ნებისმიერი გულშემატკივარს მოხიბლავს და იმედით აავსებს.
წყარო : http://mastsavlebeli.ge/ 

სკოლა და ღირებულებები



სოციალური ქსელი დაიპყრო „ბოლო ზარის“ სიმღერებმა… ამ მოვლენას კი წინ უსწრებდა 51-ე სკოლაში ინციდენტი, რომელიც სწორედ ბოლო ზარის ვიდეოს უკავშირდებოდა. ვიდეოში გაშარჟებული „ქურდული ცხოვრება“ ვერ აიტანა მოსწავლეთა სხვა ნაწილმა და დანების ტრიალიც ამას მოჰყვა… ეს ის  სკოლაა, რომელშიც მოსწავლეთა დაპირისპირება ერთხელ უკვე მსხვერპლით დასრულდა…. ჩემი ყველაზე დიდი შოკი კი გამოიწვია მასწავლებლის განცხადებამ საინფორმაციოში: რომ ინციდენტი მოხდა გაკვეთილების შემდეგ და სკოლის მიღმა…
ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი დამოკიდებულებაა დამღუპველი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სკოლას „აინტერესებს“ მხოლოდ მანამ, სანამ სკოლაში არიან;  თითქოს ადამიანის სხვა ნაწილი დადიოდეს სკოლაში, სხვა – ქუჩაში და სულ სხვა – სახლში… თითქოს ადამიანი ერთიანი და მთლიანი კი არა არის, რომელზეც ზრუნავს (უნდა ზრუნავდეს): ოჯახი, სკოლა, სისტემა, სახელმწიფო, არამედ დანაწევრებული… „სკოლის გარეთ“ მოსწავლეზე სკოლა პასუხისმგებლობას არ იღებს და როდესაც ასეთი ტრაგიკული შემთხვევები ხდება, მაშინ იმას კი არ კითხულობენ: რა და რატომ მოხდა… პირდაპირ თავს იცავენ: მოხდა, მაგრამ სკოლის გარეთ და ჩვენ არაფერ შუაში ვართო…
მასწავლებლებისგან ვიცი, რომ ბევრ მშობელს შვილიც არ აინტერესებს, რას აკეთებს სკოლაში… „შემოყრიან და ხელებს იბანენო“… პირიქითაც ბევრი მსმენია… და გამოდის, რომ ქუჩა ის ადგილია (სახლიდან სკოლამდე და პირიქით), სადაც ბავშვს „კისერიც უმტვრევია“….
მე არ ვეძებ დამნაშავეს… მით უფრო, ერთ რომელიმე დამნაშავეს… მე მაწუხებს ამ ბავშვების ბედი… ამას წინ ერთმა მოსწავლემ გამიმხილა: სუიციდი მხოლოდ იმიტომ გადავიფიქრე, რომ ჩემს მშობლებზე შური ვიძიოო…. ყველა ღამეს ტირილში ვათენებო და არც ესმით ჩემიო… ჰოდა, იძახეთ ახლა: რომ თქვენი ბრალი არაფერია… ან იქნებ იმ ბავშვის „ბრალია“, რომ დაიბადა საერთოდ?  მე ვერ ვიძინებ ამ ამბის შემდეგ… და ასეთი მხოლოდ ერთი ბავშვი არ არის…
მოსწავლეთა „ბოლო ზარის“ სიმღერებმა და ჰიმნებმაც ამიტომ დამაინტერესა. მთელი დღე ვისმენდი სხვადასხვა სკოლის, სხვადასხვა ქალაქის ბავშვების ტექსტებს მსგავსი პრობლემებით სავსეს. ერთი შეხედვით, სახალისო ვიდეოები და არტისტული და გულწრფელი ბავშვები რეპავენ თავის 12-წლიან ისტორიას… ამაში არაფერია საგანგაშო… ხოლო, მეორე მხრივ, ტექსტების კვლევისას, აღმოჩნდება, რომ ძალიანაც მნიშვნელოვანია ის, რაზე იციანიან, რას დასცინიან, რას და რატომ აშარჟებენ ბავშვები. ეს ყველაფერი იმიტომ კი არა, რომ თავს დავესხათ და მორალი ვუკითხოთ ახალგაზრდებს, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ, არამედ იმიტომ რომ, დავინახოთ აღზდაში და განათლებაში ის ღირებულებები და კონცეპტები, რომლებიც დეკლარირებულია და რომელიც სინამდვილეში აქვთ მოსწავლეებს.
დაპირისპირება რასაც მოჰყვა, ის ვიდეო უკვე აღებულია. 51-ე სკოლის მეორე ვერსიის ვიდეოს  კომენტარებში კი ეს ვნახე:
წინა ვერსიაში ,,ქურდული” და ,,ობშიაკი” ჰქონდათვიდეოკლიპში ქურდულ სამყაროს არ უნდ აშარჟებდნენოდა ნუ ზოგადად ასეთ ვიდეოკლიპებზე არ არიან კარგად განწყობილი უფროსი თაობის წარმომადგენლები...

ისევ „ქურდული სამყარო“ და ისევ „ობშიაკები“ 2019 წელსაც… აი, ეს არის პრობლემა, რომ სკოლებიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა ეს პრობლემა და დღესაც ამაზე ხოცავენ ბავშვები ერთმანეთს დაუნდობლად.
აი კიდევ რაზე იცინიან მოსწავლეები:
კლასში როცა შემოვედი,
მათ ვეგონე ბუნჩულა,
ოთხი კაცი გადავირტყი,
მოვაგვარე ჯიგრულად,
სუსტი ნერვების მქონე ვარ,
ვაწიოკებ მასტებს,
მაგრამ მაინც ჩემი გამაქვს,
ვევასები მასწებს.
ვიდეოს კომენტარებში არის ურთიერთსაწინააღმდეგო შეძახილები:
ასეთი:
რა გინდათ ამ ბავშვებისგანვერ მივხვდიბოლო ზარზეენერგიით სავსე თინეიჯერები აბა, ბოტანიკაზე დანიკო ლორთქიფანიძის მოთხრობებზე ხო არ იმღერებენერთობიან და არაინგაეშვითიმას შეხედეთგირჩევნიათრა ლამაზები არიანდა ის გაიხსენეთჩვენი თაობები რას გავდნენ ბოლო ზარზე და ბანკეტისკასეტებზე.
და ასეთიც:
სამწუხაროდ, ეს კლიპი სრულიად ასახავს იმ სიტუაციას, რომ სკოლაში პრობლემებია… წარმოიდგინეთ, რომხართ ერთერთი ევროპული ქვეყნის სკოლის მოსწავლეამ შემთხვევაში თქვენი კლიპიც და მასში ასახულიხუმრობებიც იქნებოდა სრულიად სხვა შინაარსისსხვა თემატიკის და სხვა სტილის… იმის თქმა მინდა, რომგარემო და კულტურა, რომელშიც ვხოვრობთ, გამოვლინდება ყველაფერში, მათ შორის, იუმორშიცსამწუხაროდ, თითქმის ყველა სკოლაში,(უფრო სწორად,იმდენში,რაც საერთო სურათს ასახავს და ერთი/ორისკოლა, რომელიც უკეთესია, ვერაფერს ვერ ცვლის მთლიან სიტუაციაშიდაახლოებით იმავე შინაარსისკლიპები კეთდებამასწავლებლების დაცინვა (თუნდაც ხუმრობით), სმაჭამის, გულაობის, ყოველივემატერიალურის ხაზგასმა და პრიორიტეტულობა „სასტავი და “ბირჟა” და მსგავსი თემები რაცაბსოლიტურად განსხვავდება თანამედროვე (დასავლურისკოლისგან… მე არ მითქვამს, რომ მხოლოდზემოთ ჩამოთვლილი ღირებულებების მატარებლები ხართ და მეტი არაფერი გისწავლიათ, ვიცი, რომწარმატებული სკოლაა, მაგრამ არა იმ ხარისხით, რაც საჭიროა, რაც შეცვლის ადამიანის იმ ბუნებას, რომელიცდღეს საზოგადოებაშია და რომელიც, სამწუხაროდ, დომინანტიაზუსტადაც, რომ ხალხი არ აიტაცებდაგალაკტიონზე ან ილიაზე შექმნილ კლიპს, იმიტომ რომ, ასეთი საზოგადოებაა, ასეთი დაკვეთაა, მათ უნდათკაჩაობაც, „კაი ბიჭობაც, „სასტავიც, „ბირჟაცდალევაც და ასე შემდეგ თემები და სკოლა რომ ვერ ცვლის ამსიტუაციას, ეს აჩვენა ამ კლიპმა….. სწორედ ამ გულისტკივილით დავწერე ეს კომენტარიც

ეს ციტატა კი 53-ე სკოლის ჰიმნიდანაა:
დავიღალე სწავლითმაგრამ არც არასდროს მისწავლია
გამოცდებს მაინც ვაბარებ და არ მიმეცადინია! “
შეიძლება თქვათ, რომ ეს მხოლოდ ერთი მოსწავლის განწყობაა, მაგრამ ხომ კარგად ვიცით, რომ „გამოცდაჩაბარებული“ ნამეცადინები თუ უმეცადინო, დასწავლილ ცოდნას იქვე ტოვებს (მე არ მაქვს საუბარი გააზრებულ და გაცნობიერებულ სწავლებაზე, რომელის გამოცდილებაც მცირე დოზით, მაგრამ მაინც არსებობს სკოლებში);
1-ლი სკოლა კი  (კლასიკური გიმნაზია) ასე რეპავს თავის ამბებს:
მთელი წელი ვიდექით ძეგლთან,
ნელი კარებს აღარ გვიღებდა,
მანდატური ოქმებს გვიწერდა,
ამით პრემიას ითრევდა; და ასე შემდეგ…

წყარო : http://mastsavlebeli.ge/