მშობელთა ჩართულობა

„შეგიძლიათ ამოისუნთქოთ, რადგან არ ვაპირებ
თქვენთვის იმის თქმას, როგორ მოიქცეთ“[1]
დონალდ ვინიკოტი

მშობლებთან ურთიერთობა, საბავშვო ბაღისა თუ სკოლის ცხოვრებაში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა, მათთან დიალოგი და კონსენსუსი განათლების სფეროს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა არა მხოლოდ მასწავლებლებისთვის, არამედ განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელებისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის და განათლების საკითხებით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ხშირად საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დგას უმცირესობების და სხვადასხვა მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვების მშობლების შემთხვევაში, როდესაც ენობრივი, კულტურული, სოციალურ-ეკონომიკური გარემოებები დამატებით ბარიერს წარმოშობს მშობელთა ჩართულობისთვის. ამასთან ერთად მარგინალიზებული ჯგუფების მიმართ საზოგადოებაში არსებული დომინანტური სტერეოტიპული და დისკრიმინაციული დამოკიდებულებები ხელს გვიშლის, შემოქმედებითად ვიფიქროთ სტრატეგიებზე ყველა მშობლის ჩართულობის უზრუნველსაყოფად. მაგალითად, დასაქმებულ მშობელზე, რომელიც ექიმი, მასწავლებელი ან თანამდებობის პირია და ხშირად ვერ მოდის მშობლებთან შეხვედრებზე და არ პასუხობს ჩვენს თხოვნებს (მაგ. რაიმე ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება), მეტი შემწყნარებლობით ვუდგებით, ვიდრე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ან სოციალურად დაუცველ ოჯახის წევრებს, რომლებზეც ხშირად შეიძლება ისიც კი გავიფიქროთ, რომ ‘მათ თავიანთი ბავშვების განათლება სულაც არ აინტერესებთ!“
მაგრამ….
ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველა მშობელს სურს საუკეთესო საკუთარი შვილისთვის. მათი ოცნებები და იმედები სწორედ შვილებს უკავშირდება. მრავალფეროვან საზოგადოებაში ეს იმედები და მოლოდინებიც განსხვავებულია[2]. რა სჭირდება ბავშვს იმისათვის, რომ ჩვენ საზოგადოებაში წარმატებული იყოს? უნდა შეეძლოს საკუთარი აზრის თამამად გამოხატვა თუ უფროსების პატივისცემის ნიშნად მდუმარედ უსმინოს უკვე დადგენილ ჭეშმარიტებებს? შაბლონის მიხედვით დახატოს პეპელა თუ ისე, როგორც მოუნდება? გაიხსენოს დაზეპირებული ლექსები თუ წაკითხული ისტორიებიდან მისთვის საინტერესო დეტალები? კლასელებთან ერთად იმუშაოს პროექტზე თუ შეეჯიბროს მათ დავალების შესრულებაში – რომელი უფრო მაღალ შეფასებას მიიღებს? ამ კითხვებს უნივერსალური პასუხები არ აქვს, რადგან სხვადასხვა კონტექსტში სწორედ განსხვავებული მიდგომები მიიჩნევა ღირებულად. საქართველოში პედაგოგები ხშირად ხვდებიან მშობელთა დამოკიდებულებას, რომელიც აშკარა პრიორიტეტს ანიჭებს ბავშვების კოგნიტურ და აკადემიურ უნარ-ჩვევებს, ხოლო სოციალურ-ემოციური უნარებსა და პიროვნულ თვისებებს მეორეხარისხოვნად (საკმაოდ უსამართლოდ) მიიჩნევს. ასეთ დროს, სანამ მშობელთა „მოძღვრებას“ დავიწყებთ, მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ – რატომ? შესაძლოა მშობელთა უმრავლესობა ასე სწორედ იმიტომ მიიჩნევს, რომ ჩვენ საზოგადოებაში (და არამარტო) გაბატონებულია ხედვა, რომ საზოგადოებაში დაფასებული წარმატება მხოლოდ აკადემიურ წარმატებაზე გადის, ხოლო ნაკლებად „ხელშესახებ“ ცოდნასა და უნარებზე დახარჯული დრო – ფუჭია; ხედვა კი სოციალურ-კულტურული კონტექსტითა და არსებული სისტემებით (მაგ. ტესტირება და საგამოცდო სისტემა, რომელიც ძირითადად ფოკუსირებულია დაზეპირებულ ცოდნაზე) არის გამყარებული.
მშობელთა ჩართულობის გზაზე პირველი ნაბიჯი მშობელთა განსხვავებული პერსპექტივების აღიარება, პატივისცემა და მათზე რეფლექსიაა. მნიშვნელოვანია, რეფლექსიის პროცესი  დიალოგის ნაწილი იყოს – ვკითხოთ მშობლებს, რატომ მიაჩნიათ მნიშვნელოვნად სწორედ ასე და არა სხვანაიარად? ავუხსნათ, ჩვენ რატომ ვფიქრობთ განსხვავებულად? როდესაც ჩვენსა და მშობლის ხედვას შორის დიდი განსხვავებებია, შესაძლებელია მოიძებნოს გადაკვეთის წერტილი, რაზეც ორივე მხარე შეთანხმდება? რა არის მთავარი რასაც ჩვენ, როგორც პროფესიონალი ვერ გადავუხვევთ? სად გადის წითელი ხაზი ბავშვის ინტერესების დასაცავად?
რეფლექსიის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია გავაცნობიეროთ, რომ ყველა მშობელს შეუძლია ხელი შეუწყოს საკუთარი შვილის განვითარებას, სწავლასა და წარმატებას. ბავშვის ხელშეწყობა ოჯახურ გარემოში ბუნებრივია, ბევრად მეტს ნიშნავს ვიდრე მეცადინეობის დროს დახმარებას. შესაძლოა, რთულია, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანია თითოეული მშობლის შესაძლებლობების შემჩნევა და წახალისება ბავშვის ერთობლივი აღზრდისა და განათლების პროცესში. იყო მასწავლებელი, გარკვეულწილად ნიშნავს იყო სოციალური აქტივისტი, რომელსაც სჯერა თითოეული ადამიანის შესაძლებლობების და პოტენციალის, ინდივიდების გაძლიერების გზით უფრო ძლიერი და სამართლიანი საზოგადოების შექმნის და მისგან ყველაზე განსხვავებული პოზიციების მქონე ადამიანებთან ცდილობს დიალოგსა და ერთობლივი მშვიდობიანი სამოქმედო ველის შექმნას. ამიტომ, მშობლებთან თანამშრომლობის პროცესში მნიშვნელოვანია ყველა მშობლის თანასწორ პარტნიორად მიღება. მშობლების მონაწილეობა საბავშვო ბაღსა თუ სკოლაში მიმდინარე პროცესებში ამარტივებს ურთიერთობებს და აყალიბებს თანამშრომლობით დამოკიდებულებას, აძლიერებს კავშირებს სახლსა და სკოლას/ბაღს შორის, მშობელსა და მასწავლებელს შორის, მშობელსა და სკოლას/ბაღს შორის, სკოლას/ბაღსა და ადგილობრივ თემს შორის. დაბოლოს, მშობლებთან თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის, პრინციპულია გვახსოვდეს, რომ ეს პირველ რიგში ჩვენი, როგორც პროფესიონალების პასუხისმგებლობაა. ნებისმიერ მშობელთან შეიძლება კონტაქტი „რთული“ აღმოჩნდეს, მიუხედვად მშობლის სქესისა, ეთნიკური წარმომავლობისა, ოჯახური მდგომარეობისა, განათლებისა და შემოსავლისა.  მასწავლებლის მოვალეობაა თითოეულ მშობელთან ინდივიდუალურად კავშირის დამყარება.
რატომ არის მშობლების ჩართულობა მნიშვნელოვანი?
ფორმალურ განათლებაში მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობაზე არგუმენტები უხეშად შეგვიძლია ორ ნაწილად გავყოთ: ინსტრუმენტული და უფლებრივი. ინსტრუმენტული ხედვა მშობლის მონაწილეობას მნიშვნელვნად მიიჩნევს, ვინაიდან ეს ემსახურება ბავშვის განვითარებისა და სწავლის უკეთესი შედეგების მიღწევას. ამ არგუმენტებს შეგვიძლია მივაკუთვნოთ ე.წ. „მშობელთა პედაგოგიზაციის“ ცნებაც, რაც გულისხმობს შესაბამისი ცოდნის არმქონე მშობლების განათლებას ბავშვის აღზრდისა და სწავლის „მეცნიერულ ჭეშმარიტებებზე“. უფლებრივი პერსპექტივა მშობელს თანაბარ მონაწილე მხარედ მიიჩნევს და მშობელთა ჩართულობას მოიაზრებს როგორც დემოკრატიული მართვის პრინციპებზე დაფუძნებული ხარისხიანი განათლების განუყოფელ ნაწილს. გთავაზობთ ძირითად არგუმენტებს მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ:
  • მშობლები ბავშვის პირველი მასწავლებლები არიან; ამასთანავე, ისინი ყველაზე უკეთ იცნობენ ბავშვებს, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, გვეხმარებიან უკეთ გავიცნოთ ბავშვის უშუალო სოციალური და კულტურული გარემო, მისი ტემპერამენტი და პიროვნული მახასიათებლები.
  • ბავშვები ცხოვრობენ რამდენიმე პარალელურ სივრცეში – ოჯახში, თემში, სკოლამდელ დაწესებულებაში/სკოლაში. მშობელთა ჩართულობა უზრუნველყოფს ამ სივრცეების ერთიან სიბრტყეში მოქცევას, ისე რომ ბავშვებს არ გაუჭირდეთ ერთი გარემოდან მეორეში გადასვლა, სხვადასხვა „სივრცეს“ აერთიანდებდეს საერთო ღირებულებები და ბავშვების მიმართ არსებული მოლოდინები თანამიმდევრული იყოს.
  • მშობლებსა და პროფესიონალებს შორის თანამშრომლობით ურთიერთობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბავშვის კეთილდღების გაუმჯობესებაში.
  • ოჯახის ჩართულობას პოზიტიური ზეგავლენა აქვს ყველა მონაწილე მხარეზე – ბავშვებზე, მშობლებზე, მასწავლებლებზე, ბაღის/სკოლის ადმინისტრაციაზე და თემზე; ოჯახის ჩართულობა არ მოიაზრებს მათ მონაწილეობას მხოლოდ განსაკუთრებულ ღონისძიებებში და მშობელთა კრებებში- ჩართულობა ნიშნავს კომუნიკაციას მშობლებისთვის ხელმისაწვდომი ფორმებით, მათთან მუდმივ დიალოგს და თითოეული ბავშვის ოჯახისა და კულტურის გათვალისწინებას საგანმანათლებლო გარემოსა და პროცესში.
  • მშობლებთან თანამშრომლობა ორმხრივი პროცესია და მოიაზრებს მშობლობის მხარდაჭერას შინ (აღზრდა, ზრუნვა, განათლება) და განათლების პროცესისა და გარემოს გაუმჯობესებას საბავშვო ბაღში/სკოლაში. ორმხრივი პროცესი გულისხმობს რომ ყველა მხარე – ბავშვები, ოჯახები, პროფესიონალები და ადგილობრივი თემი – განათლების და სოციალიზაციის თანამონაწილე და მიმღებია.
  • მშობლების/ოჯახის ჩართულობა მნიშვნელოვანია საზოგადოებაში სოციალური ინკლუზიისა და ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის. საბავშვო ბაღები და სკოლები იმ იშვიათ საზოგადოებრივ სივრცეს წარმოადგენს, სადაც განსხვავებული კულტურის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ეთნოსისა და შესაძლებლობების ბავშვები და უფროსები ერთ სივრცეში მოქმედებენ. სწორედ ამიტომ, ისინი ბუნებრივად ატარებენ სოციალური ინკლუზიის და დემოკრატიული ჩართულობის ხელშეწყობის პოტენციალს არა მხოლოდ მიკრო დონეზე (ბაღი, სკოლა), არამედ ფართო საზოგადოებისთვისაც.
რატომ არის მშობელთა ჩართვა რთული?
ხშირად მშობელთა ჩართულობა მასწავლებლისთვის რთულად მისაღწევი მისიაა. ამ გამოწვევის მთავარ მიზეზად როგორც წესი მშობელთა დაკავებულობა, უდროობა ან ბავშვთა განათლების მიმართ მათი ინტერესის ნაკლებობა მიიჩნევა. თუმცა, ხშირად უგულებელყოფილია ყველაზე მთავარი დაბრკოლება – მეორე მხარის მიმართ არსებული მოლოდინები და დამოკიდებულებები. ქვემოთ მოცემულ ცხრილში შეჯამებულია მშობლებსა და მასწავლებლებში მეორე მხარის მიმართ არსებული გავრცელებული შეხედულებები[3].
მშობლებიმასწავლებლები (და ბაღის/სკოლის სხვა თანამშრომლები)
მორგებული აქვს მშობლის ტრადიციული როლი – „მიჰყევი პროფესიონალების მითითებებს“მორგებული აქვს მასწავლებლის ტრადიციული როლი – „პროფესიონალები უნდა უძღვებოდნენ ყველაფერს“
შენარჩუნებული აქვს ტრადიციული წარმოდგენები ბავშვის, მასწავლებლის და ზოგადად განათლების შესახებშენარჩუნებული აქვს ტრადიციული წარმოდგენები ბავშვის, მშობლისა და ზოგადად განათლების შესახებ
ადანაშაულებს მასწავლებელს ბავშვის პრობლემებშიადანაშაულებს მშობლებს ბავშვის პრობლემებში
მიაჩნია, რომ მასწავლებლები გულწრფელად არ ზრუნავენ მის შვილზემიაჩნია, რომ მშობლებს არ აღელვებთ განათლება
ინიციატივას, მიწვევას და მონაწილეობისთვის შესაძლებლობების შექმნას ელის მასწავლებლებისგანმოლოდინი აქვს, რომ მშობელი მას შემდეგ ჩაერთვება სკოლის ცხოვრებაში, როდესაც  მოპატიჟების მიიღებს ბაღიდან/სკოლიდან და მონაწილეობას მიიღებს იმ ფორმით, როგორც ბაღი/სკოლა მოელის მისგან.
მიაჩნია, რომ მასწავლებელი პროფესიონალია, ამიტომ ემპათიას არ ავლენს მასთანსურს, რომ პროფესიონალურად გამოიყურებოდეს, ამიტომ არ ავლენს ემპათიას ბავშვებსა და მშობლებთან
არ აქვს ნათელი წარმოდგენა მის მიმართ არსებული მოლოდინების შესახებარ ახდენს მოლოდინების ნათლად ჩამოყალიბებას; მოელის, რომ მშობლებმა უნდა იცოდნენ როგორ მოიქცნენ და არ დასვან კითხვები ქცევის წესების შესახებ
კომუნიკაციით დაღლილია და ფოკუსირებულია პრობლემებზეკომუნიკაციით დაღლილია და ფოკუსირებულია პრობლემებზე
ეშინია უკუკავშირის მიწოდება მასწავლებლისთვისეშინია უკუკავშირის მიწოდება ზოგიერთი მშობლისთვის
მიაჩნია, რომ ზედაპირებული მხარდაჭერის გარდა ბევრი არაფერი შეუძლია, აკლია საკუთარი შესაძლებლობებისა და კომპეტენციების რწმენამიაჩნია, რომ ზედაპირებული მხარდაჭერის გარდა ბევრი არაფერი სჭირდება, არ ენდობა მშობლის კომპეტენციებს

მშობელთა ჩართვის სტრატეგიები და საუკეთესო პრაქტიკის პრინციპები
მშობელთა ჩართულობისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებები სხვადასხვა სტრატეგიას მიმართავენ[4]: კომუნიკაცია, მოხალისეობა, ოჯახის ჩართვა სასწავლო აქტივობებში, მშობლობის მხარდაჭერა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანამონაწილეობა, თემთან თანამშრომლობა, დისტანციური ჩართულობა (მაგ. ონლაინ სოციალური ქსელებით და სხვა პლატფორმები). თითოეული სტრატეგიის სპეციფიკის განხილვა ცალკე სტატიის თემაა, თუმცა შეგვიძლია დასკვნის სახით ჩამოვაყალიბოთ ის პრინციპები, რომლებიც მნიშვნელოვანია გასდევდეს მშობლების ჩართულობის ხელშეწყობას ნებისმიერ სიტუაციაში:
  • გარემოს შექმნა, სადაც კარი ღიაა ყველას მონაწილეობისთვის
  • ძლიერ მხარეებზე და შესაძლებლობებზე ფოკუსირება ურთიერთობის პროცესში
  • ფოკუსირება როგორც პროცესზე, ასევე შედეგზე
  • ერთმანეთისგან სწავლის შესაძლებლობების აღიარება და პატივისცემა
  • ინდივიდუალური შეხედულებების, გამოცდილებისა და კულტურის პატივისცემა
  • თანამშრომლობისა და კავშირების გაძლიერების ხელშეწყობა
  • აქტიური მონაწილეობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება
  • თანამონაწილეობა არჩევანის გაკეთების, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
  • სოციალური ინკლუზიისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა
  • ემპათია
  • დამატებითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა საჭიროების შემთხვევაში
  • მშობლების, როგორც ნახევრად-პროფესიონალების მხარდაჭერა.


[1] Winnincot, D. W. (1992). The child, the family and the outside world. Cambridge. Perseus.
[2] Henderson, A.T., Mapp. K. L., Johnson, V.R., & D. Davies. (2007). Beyond the Bake Sale. The essential guide to family-school partnerships. New York, London. The New Press.
[3] Trikic, Z. (2017). Parental involvement – two sinking boats sending SOS (unpublished presentation).
[4] Desforges, C. & A. Abouchaar. (2003). The impact of parental involvement, parental support and family education on pupil achievement and adjustment: a review of literature.
Department of Children, Schools and Families. (2008). The impact of Parental Involvement on Children’s Education. https://www.ucy.ac.cy/nursery/documents/ThemaVdomadas/DCSF-Parental_Involvement_1.pdf
Trikic, Z. (2012) Building Opportunities in Early Childhood from the Start. A teacher’s guide to good practices in inclusive early childhood services. International Step by Step Association, Roma Education Fund.
Watkins, A. & S. Ebersold. (2016) Efficiency, effectiveness and equity within inclusive education systems. In Implementing Inclusive Education: Issues in Bridging the Policy-Practice Gap, pp.229-253.
წყარო :  http://mastsavlebeli.ge


სტრატეგიები მშობელთა ჩართულობის ასამაღლებლად

ამ სტატიაში  კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რას ნიშნავს მშობელთა ჩართულობა მოსწავლის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესების პროცესში, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და როგორ უნდა უზრუნველვყოთ მშობელთა აქტიურობა ამ მიმართულებით. მშობელთა ჩართულობას მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ბავშვის განვითარებაზე, როგორც  სკოლამდელ  ასაკში, ასევე სასკოლო ასაკში, როდესაც მოსწავლის წინაშე სერიოზული აკადემიური და სოციალური გამოწვევები ჩნდება. 
მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვანია, თუმცა ამავდროულად – რთულად მისაღწევი. კვლევები ადასტურებს მშობელთა მაღალი მოლოდინების პოზიტიურ გავლენას მოსწავლის მიღწევებზე. კვლევები იმასაც ადასტურებს, რომ ის მშობლები, რომლებსაც უფრო მაღალი მოლოდინი აქვთ შვილების მიღწევების მიმართ, უფრო ჩართულნი არიან სასწავლო პროცესში.

მშობელთა ჩართულობის მასშტაბი და ფორმები შესაძლოა იცვლებოდეს და დამოკიდებული იყოს მათ განათლებაზე, სოციალურ სტატუსზე, ასაკზე და სხვ.  ეს შესაძლოა გულისხმობდეს როგორც სასკოლო დავალებების შესრულებისას შვილის დახმარებას, ასევე მოსწავლის ხელშეწყობას, რათა მან უკეთ მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, დროის სწორი მენეჯმენტი; ასევე მშობელთა აქტიურ  ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში და აქტიურ კომუნიკაციას შვილის პედაგოგებთან. 
რას ნიშნავს მშობელთა ჩართულობა? 
მოსწავლეები მცირე ასაკში ძირითადად ორი წყაროდან იღებენ განათლებას: მშობლისგან და მასწავლებლისგან. შემდეგ ეს წყაროები, რა თქმა უნდა, უფრო მრავალფეროვანი ხდება: საზოგადოება, მეგობრები, უნივერსიტეტი და სხვ.  შესაბამისად, ადრეულ ასაკში ყველაზე დიდ გავლენას მოსწავლის განვითარებაზე ოჯახი და სკოლა ახდენს. ძალიან მნიშვნელოვანია ორივე რგოლის ჩართვა მოსწავლის განვითარებაში, თანაც ისე, რომ ორივე აცნობიერებდეს ამ მნიშვნელობას და თავის როლს. 
მშობელთა ჩართულობა  შეიძლება გულისხმობდეს: 1. ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში და 2. ხელშეწყობას  მოსწავლეთათვის სასკოლო დავალებების შესასრულებლად და სასწავლო გეგმით გათვალისწინებული აქტივობებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად. 
მშობელთა ჩართულობის საკითხი საქართველოში ნაკლებად არის გამოკვლეული და შესაბამისად, რთულია, ვისაუბროთ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობის გარეშე. იმ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც სტატიის ბოლოსაა მოყვანილი, საერთაშორისო პრაქტიკები და კვლევები უდევს საფუძვლად. 
რატომ არის მნიშვნელოვანი მშობელთა ჩართულობა?
მშობელთა ჩართულობა ბავშვის სკოლამდელ ასაკში 
კვლევების მიხედვით, ბავშვის ადრეულ ასაკში მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვნად უკავშირდება მოსწავლის კოგნიტურ-ემოციურ  განვითარებას. ის, თუ რას აკეთებენ მშობლები, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ რა განათლება და გამოცდილება აქვთ მათ. მაგალითად, მშობელთა მიერ სახლში განხორციელებული აქტივობები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი შემოსავალი, პროფესია და განათლება.

სამიდან შვიდ წლამდე ბავშვის მშობლის ჩართულობის მიმართულებით კვლევებში რამდენიმე აქტივობის მნიშვნელობა გამოიყოფა:  
·ციფრებით და ასოებით თამაში, ანბანთან დაკავშირებული თამაშები, ბავშვთან ერთად კითხვა;
·სიმღერების და რიტმის სწავლება, ხატვა, ძერწვა და სხვ.;
·ბიბლიოთეკებში სტუმრობა. 
კვლევების თანახმად, ხშირ შემთხვევაში, ზემოთ ხსენებული სტრატეგიები გოგონების მიმართ უფრო გამოიყენება, ვიდრე ბიჭების მიმართ. სქესობრივ განსხვავებას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს და განმავითარებელი სტრატეგიები ორივე სქესის ბავშვის მიმართ უნდა გამოიყენებოდეს. ასეთი მიდგომის შედეგი შესაძლოა თვალსაჩინო მოგვიანებით გახდეს და მოსწავლე გოგონები უფრო მეტად კოგნიტურად განვითარებულები აღმოჩნდნენ, ვიდრე ბიჭები. 
მშობელთა ჩართულობა სასკოლო ასაკის მოსწავლეების განვითარების პროცესში  
კვლევები ადასტურებს მშობელთა ჩართულობის დიდ მნიშვნელობას მოზარდობის და მოზრდილობის პერიოდშიც. კვლევამ, რომელიც აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ჩატარდა, აჩვენა, რომ მშობელთა ჩართულობა დიდ ზეგავლენას ახდენს მოსწავლის განვითარების პროცესზე ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად. მშობელთა ქცევა მნიშვნელოვანი ფაქტორი  აღმოჩნდა  სკოლის ყველა საფეხურზე, სკოლაში შესვლისას კი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა მოსწავლის კოგნიტური მზაობა სკოლისათვის. 
მშობელთა ჩართულობის ზეგავლენა ზრდასრულობის ასაკში
მოსწავლეების მიღწევების შესახებ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 7 წლის ბავშვის განვითარების პროცესში დედის და მამის ჩართულობა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მოგვიანებით, 20 წლის ახალგაზრდის წარმატებებზე. მშობელთა ჩართულობაში ამჯერად იგულისხმება ბავშვთან ერთად გატარებული დრო, მშობლების დაინტერესება ბავშვის განათლებით და შვილთან ერთად კითხვა.

მშობლების ჩართულობა სასკოლო დავალებების მომზადებისას 
არ არსებობს ცალსახა პასუხი კითხვაზე, დავალებების შესრულებისას მშობელთა ჩართულობა უკავშირდება თუ არა მოგვიანებით მოსწავლეთა უკეთეს მიღწევებს. კვლევებში გამოიყოფა მშობელთა დახმარების ფორმების განსხვავებული ეფექტიც. მაგალითად, აშშ-ში ჩატარებული კვლევის თანახმად, მშობელთა არაპირდაპირ დახმარებას (დამოუკიდებლად სწავლის უნარის გამომუშავება) უფრო მაღალი ეფექტი ჰქონდა გამოცდებზე, ვიდრე მშობლის მიერ პირდაპირ დახმარებას. საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ სასწავლო გარემოს შესაძლოა დიდი გავლენა ჰქონდეს მოსწავლის მიღწევებზე. მშობლის არაპირდაპირი ჩართულობით შესაძლოა მოსწავლეს შეექმნას შესაფერისი სასწავლო  გარემო, რაც, საბოლოო ჯამში,  მის მიღწევებს გააუმჯობესებს. 
რაც შეეხება მოსწავლის წიგნიერებაში მიღწევებს, აღნიშნულმა კვლევამ სამი ძირითადი ფაქტორი გამოყო: 3-5 წლამდე ასაკის ბავშვთან ერთად კითხვა, ანბანის და ციფრების თამაშები და ბიბლიოთეკაში სტუმრობა. 
ოჯახურად სწავლების ეფექტები
ოჯახურად სწავლება გულისხმობს მშობლისა და ბავშვის ერთობლივ სწავლებას, პროგრამებს, თამაშებს, სადაც ბავშვი მშობელთან ერთად მონაწილეობს. ეს შესაძლოა იყოს სესიები, რომლებიც მიმართულია სხვადასხვა უნარის განვითარებისკენ, მათ შორის  კითხვის უნარების გაუმჯობესებისაკენ.
კვლევამ, რომელიც ზომავდა ამ ტიპის სესიების ეფექტს, დაადგინა, რომ მოსწავლეთა კითხვის და ანგარიშის  უნარები ამაღლდა, მასწავლებლებს გაუადვილდათ კლასის მართვა, მშობლები უფრო ჩართულები გახდნენ მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში და უკეთ უწყობდნენ ხელს თავიანთ შვილებს აკადემიურ პროცესში.
მშობელთა მოლოდინების ზეგავლენა მოსწავლის მიღწევებზე 
მრავალი კვლევა ადასტურებს იმ პოზიტიურ ეფექტს, რომელიც აქვს მშობელთა მოლოდინებს მოსწავლის მიმართ და თავად მოსწავლის მოლოდინს. თუმცა კავშირი მშობლის მოლოდინებსა და მოსწავლის მიღწევებს შორის დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე: 
·კვლევები აკავშირებს მშობლის განათლებას შვილის მიმართ მოლოდინებთან. რაც უფრო მაღალია მშობლის განათლების დონე, მით უფრო მაღალი მოლოდინები აქვს მას შვილის  მიმართ. თუმცა შესაძლოა მაღალი განათლების მქონე მშობლებს ყველა პირობის შექმნის საფუძველზე ჰქონდეთ მაღალი მოლოდინები. 
·ხშირ შემთხვევაში, მშობელთა წარმოდგენები შვილის უნარ-ჩვევების შესახებ ქმნის მათ მოლოდინებს მიღწევებთან დაკავშირებით.
·მშობლები, რომლებიც მაღალი შეხედულების არიან შვილის მიღწევებზე, უფრო აქტიურად არიან ჩართულნი შვილის განათლების მიღების პროცესში. 
რამდენიმე კვლევაზე დაყრდნობით შესაძლებელია ასეთი დასკვნების გაკეთება:
·შესაძლოა მშობლებს შვილის ადრეულ ასაკში მაღალი მოლოდინები ჰქონდეთ მიღწევებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ მოლოდინებმა სხვადასხვა  სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორის გამო დაიკლოს. 
·მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინებს დიდი მნიშვნელობა აქვს სამომავლო მიღწევებისთვის, ისინი შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი იყოს იმ მოსწავლეთათვის,  რომლებიც შეძლებულ სოციალურ კლასს მიეკუთვნებიან.
·მოლოდინების ეფექტი დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფში შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს. მაგალითად, მიუხედავად მშობლების მაღალი მოლოდინებისა, მოსწავლეებს შეიძლება ნაკლები პროგრესი ჰქონდეთ იმის გამო, რომ დაბალი ხარისხის განათლებას იღებენ, ან ზოგადად, ნაკლებად ხელშემწყობი გარემო ჰქონდეთ მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად. 
მოსწავლის მიღწევების გაუმჯობესებაზე პასუხისმგებლობა არ შეიძლება მხოლოდ სკოლას ეკისრებოდეს. მნიშვნელოვანია სასკოლო ასაკის დადგომამდე მშობელთა აქტიური ჩართულობა, მაღალი მოლოდინების ქონა შვილის მოსალოდნელი მიღწევებისადმი  და ჩართულობის სწორი ფორმების შერჩევა.  
მიუხედავად იმისა, რომ თავად მშობლებიც აცნობიერებენ მათი ჩართულობის დიდ მნიშვნელობას, სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გამო რთული ხდება იმ სტრატეგიების დანერგვა, რომლებიც უზრუნველყოფს მათ ჩართულობას სწორი ფორმებით.
ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას სასკოლო ასაკის მოსწავლის მშობელთა ჩართულობის ასამაღლებლად.
სტრატეგიები მშობელთა ჩართულობის გაზრდისათვის 
უმასპინძლეთ მოსწავლეთა ოჯახებს სკოლაში შემდეგ ღონისძიებებზე: 
Øწიგნების გამოფენა-გაყიდვა;
Øსაქველმოქმედო აქცია: ნამცხვრების ცხობა და გაყიდვა ქველმოქმედებისათვის;
Øსემინარები მშობლებისათვის – როგორ ჩაერთონ შვილის განათლებაში;
Øმშობლის/მოსწავლის საორიენტაციო დღე ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში;
Øმშობელთა სემინარი კონკრეტულ საგნობრივ ჯგუფში – როგორ დაეხმარონ მოსწავლეს;
Øმოხალისეობის პროგრამა (მშობელი-მოხალისე 2-3 საათი წელიწადში);
Øსპექტაკლები (მოსწავლეები თავად აკეთებენ მოსაწვევებს მშობლებისთვის);
Øსკოლის გარეშე პროგრამები;
Øკონფერენციები, სადაც მოსწავლეები წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს, მიღწევებს მშობლების წინაშე. 
მშობელთან ურთიერთობისას გამოიყენეთ სხვადასხვა მეთოდი:  
Øშეიმუშავეთ კომუნიკაციის მეთოდები, რომლებიც მორგებული იქნება თითოეულ მშობელზე (დარეკვა, იმეილი, მესიჯი, შეხვედრა);
Øშეაქმნევინეთ მოსწავლეებს ბლოგები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება მშობლებისთვისაც;
Øმისწერეთ მშობლებს საერთო ინფორმაციის შემცველი წერილები, რომლებშიც თითოეული მოსწავლის შესახებ ინდივიდუალურადაც იქნება საუბარი;
Øმოუწყვეთ მშობლებს შეხვედრები დირექტორთან;
Øშეაფასებინეთ საკუთარი თავი მოსწავლეებს და წარუდგინეთ მშობლებს; 
Øაწარმოეთ ანგარიშები მოსწავლეთა შესახებ, გააცანით ისინი მშობლებს ინდივიდუალურად;
Øგანიხილეთ მშობლებთან ერთად სხვადასხვა გადაწყვეტილება (რეგულაციები, წესები, შეფასების სისტემა, დავალებების ტიპები);
Øმიეცით რეკომენდაციები მშობლებს მოსწავლის ამა თუ იმ ნიჭის გამოსავლენად;
Øაღნიშნეთ ხშირად, თუ რას აკეთებს მოსწავლე კარგად; მოსწავლის რვეულში გააკეთეთ აღნიშვნები მიღწევების შესახებ;  
Øგამართეთ შეხვედრები მშობლებთან სხვადასხვა დროს: გაკვეთილების შემდეგ, გაკვეთილების დაწყებამდე, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ; 
Øჩაატარეთ საჭიროებათა კვლევა (გამოკითხვა) მოსწავლეებსა და მშობლებში;
Øგაუზიარეთ მშობლებს მოსწავლის შესახებ სრული ინფორმაცია შესრულებული სამუშაოებისა და განმავითარებელი  შეფასების შესახებ,  კომენტარებით.
მშობლების უზრუნველყოფა დამატებითი რესურსებით: 
Øშესთავაზეთ ტრენინგები მშობლებს მათთვის საინტერესო თემებზე (მაგ., საინფორმაციო ტექნოლოგიები, უცხო ენის სწავლება, მოსწავლის საშინაო დავალებების მომზადება);
Øჩაატარეთ სემინარები ფსიქოლოგებთან ერთად, ასევე პროფესიული ორიენტაციისა და აკადემიური პროგრამების არჩევის შესახებ;
Øგააცანით მშობლებს სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობის სტრატეგიები, გაუზიარეთ შესაბამისი რესურსი.  

წყარო : http://mastsavlebeli.ge

რას ნიშნავს მშობელთა ჩართულობა?

როდესაც მშობელი ჩართულია შვილის განათლების პროცესში, მოსწავლეს აქვს უფრო მაღალი აკადემიური მოსწრება, გამოცდებისა და ტესტების უკეთესი შედეგები. ამავე დროს უმჯობესდება დასწრების მაჩვენებელი, მოსწავლეს უვითარდება სოციალური უნარები და მისი ქცევა პოზიტიური ხდება როგორც სახლში, ასევე სკოლაში. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მოსწავლეზე, როგორც სკოლაში სწავლის პერიოდში, ასევე მომავალი პროფესიული საქმიანობის პროცესში. მაგრამ როგორ შეუძლიათ მშობლებს, ეფექტიანად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში და როგორ შეუძლია სკოლას მათი მხარდაჭერა? რას ნიშნავს ზუსტად „მშობელთა ჩართულობა“? ტერმინი „მშობელთა ჩართულობა“ აღნიშნავს ერთობლივ და უწყვეტ პასუხისმგებლობას მოსწავლეთა მიღწევებისა და სწავლის გაუმჯობესებაზე, როგორც შინ, ასევე სკოლაში. ის აერთიანებს მშობლებსა და მასწავლებლებს, რათა მათ ერთიანი ძალისხმევით შეუწყონ ხელი მოსწავლის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას. „მშობელთა ჩართულობა“ ნიშნავს მშობლების მონაწილეობას რეგულარულ, მრავალმხრივ კომუნიკაციაში, მოსწავლის სასწავლო პროცესში და სკოლის სხვადასხვა ღონისძიებებში. ამ დროს:  მშობლები თამაშობენ მნიშვნელოვან როლს შვილის სწავლის პროცესში;  მშობლები მონაწილეობენ სკოლის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში;  მშობლები შვილების სწავლის პროცესში არიან ჩართული, როგორც სრულუფლებიანი პარტნიორები და მონაწილეობენ ბავშვის განათლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. მშობლებისთვის „მშობლის ჩართულობა“ შეიძლება გულისხმობდეს:  შეძლებისდაგვარად მეტ სასკოლო ღონისძიებაზე დასწრებას;  ბავშვის მიერ კარგად შესრულებული სამუშაოს წახალისებასა და ქებას მშობლის მხრიდან;  სკოლისთვის რეალური მოთხოვნების დასახვას;  მასწავლებლებთან რეგულარულ შეხვედრებსა და მათი შვილის პროგრესის განხილვას;  საშინაო დავალების შესრულებაში მოსწავლის დახმარებას; დირექტორებისა და მასწავლებლებისათვის მშობლების ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში ნიშნავს: 4 მშობელთა ჩართულობა 2015  მშობლების უზრუნველყოფას შესაბამისი ინფორმაციით მათი შვილების პროგრესის შესახებ;  მშობლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას სკოლის ღონისძიებების თაობაზე;  რეგულარული შეხვედრების ორგანიზებას მოსწავლეების პროგრესის განხილვის მიზნით. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ტერმინი „მშობელი“ არ ეხება მხოლოდ დედას ან მამას. მშობელი შეგვიძლია ვუწოდოთ ყველა იმ პირს, ვინც ჩართულია ბავშვის აღზრდაში. როგორც წესი, დედ-მამა ზრუნავს ბავშვის აღზრდა-განათლებაზე, მაგრამ მათ გარდა, ბავშვის აღზრდაზე ხშირად პასუხისმგებლობას იღებენ ბებიები, ბაბუები, დეიდები, მამიდები, ბიძები, დედინაცვალი, მამინაცვალი, მეურვე, ძიძა და სხვ. ამ დოკუმენტში ტერმინი „მშობელი” გულისხმობს ყველა იმ ზრდასრულ პირს, ვინც პასუხისმგებელია ბავშვის აღზრდასა და კეთილდღეობაზე

წყარო :  http://kargiskola.ge/parent/pdf/PE_GUIDE_2015.pdf

 მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობა
 სკოლის ცხოვრებაში მშობლების ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა წარმატებისთვის. როგორიც არ უნდა იყოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, მშობლის მონაწილეობა შვილის განათლების პროცესში მოსწავლის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს. კვლევების თანახმად, მოსწავლეები, რომელთა მშობლებიც აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში, უკეთეს შედეგებს აღწევენ: იღებენ უკეთეს ნიშნებს, აქვთ უფრო მაღალი აკადემიური მიღწევები და უფრო ხარისხიანად შესრულებული საშინაო დავალებები, მათი დასწრების მაჩვენებელი უფრო მაღალია და გამოირჩევიან პოზიტიური ქცევით, კეთილგანწყობილი არიან სკოლის მიმართ და აქვთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა. მშობელთა ჩართულობა დადებითად აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებაზეც. სასწავლო პროცესში მშობელთა აქტიურობა ამდიდრებს სკოლის კულტურას და ხელს უწყობს მის განვითარებას. ამდენად, უკეთესი შედეგების მისაღწევად სკოლა და მასწავლებელი დაინტერესებული უნდა იყოს მშობლებთან აქტიური თანამშრომლობით. მშობელთა აქტიური ჩართულობა დადებითად აისახება სასკოლო საზოგადოებაზე, მასწავლებლებზე, მშობლებზე და მოსწავლეებზე. ქვემოთ განვიხილავთ თითოეული ჯგუფის სარგებელს. სარგებელი მოსწავლისთვის როდესაც მშობელი ჩართულია ბავშვის განათლების პროცესში, მოსწავლეს უკეთესი მიღწევები აქვს, მიუხედავად იმისა, თუ როგორია ოჯახის სოციალურ-ეკონომიური სტატუსი, ეთნიკური წარმომავლობა თუ მშობელთა განათლების დონე.  მოსწავლე, რომლის მშობელიც ჩართულია შვილის განათლების პროცესში, უფრო წარმატებით ამთავრებს სკოლას და სწავლის გაგრძელების უკეთესი შესაძლებლობები და პირობებიც აქვს; მ შო ბლებ თა ნ ერ თად კ ითხვა შე აყ ვ არე ბს მ ოსწ ავლეე ბს წი გნე ბს 5 მშობელთა ჩართულობა 2015  სტატისტიკური მონაცემებით, თუ მშობლებს არ აქვთ ურთიერთობა მასწავლებლებთან ან არ არიან დაინტერესებული სკოლაში მიმდინარე მოვლენებით, მათი შვილების აკადემიური მოსწრება სხვა ბავშვებისაზე უფრო დაბალია;  როდესაც მშობლები ჩართული არიან სკოლის ცხოვრებაში, მოსწავლეები უფრო დადებითად არიან სკოლის მიმართ განწყობილი და საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენაც მეტი აქვთ;  მოსწავლეებს, რომელთა მშობლები აქტიურად არიან ჩართული სკოლის ცხოვრებაში, უკეთესი ქცევა გამოარჩევთ და მათ წინააღმდეგ გამოყენებული დისციპლინური სანქციების საშუალო მაჩვენებელიც შედარებით დაბალია;  სკოლის ცხოვრებაში მონაწილე მშობლების შვილებს უფრო კარგი ურთიერთობები აქვთ როგორც მასწავლებლებთან, ასევე ოჯახის წევრებთან;  განსხვავებული კულტურული გარემოდან გამოსული მოსწავლეები უფრო წარმატებით სწავლობენ, როდესაც მშობლები და მასწავლებლები ერთობლივად ცდილობენ ოჯახსა და სკოლაში არსებული კულტურული განსხვავებულობების ურთიერთშეთანხმებას. სარგებელი მშობლისთვის მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლის შედეგების გაუმჯობესებისათვის, ასევე მშობლის უნარ-ჩვევების განვითარებისთვისაც. იცვლება მშობლის სოციალური, ემოციური მხარე და პიროვნული თვისებები. ბავშვის განათლების პროცესში მონაწილეობის შედეგად მშობელი:  უფრო გამგები ხდება საკუთარი შვილის მიმართ;  უფრო დიდ ყურადღებას უთმობს ბავშვის სოციალური, ემოციური და ინტელექტუალური განვითარების საჭიროებებს;  ხდება უფრო მზრუნველი, ნაკლებად მკაცრი შვილის მიმართ და უფრო მეტად აფასებს შვილის მიღწევებს;  ხდება უფრო თავდაჯერებული და სიამოვნებით ერთვება ბავშვის განათლებისა და აღზრდის პროცესში;  უფრო თავდაჯერებული არის გადაწყვეტილების მიღებისას;  მეტ ყურადღებას აქცევს საკუთარი ცოდნის დონისა და უნარ-ჩვევების ამაღლებას;  უფრო წარმატებით იყენებს სხვადასხვა შესაძლებლობებს საკუთარი ოჯახისა და შვილის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად; მ შო ბლებ თა ნ ერ თად მ ათემა ტიკ ის სწ ავლ ა შე აყ ვ არე ბს მ ოსწ ავლეე ბს ს აგ ან ს 6 მშობელთა ჩართულობა 2015  შვილს აძლევს საშუალებას, უფრო თამამად გამოთქვას საკუთარი შეხედულებები და პრობლემები. უფრო პოზიტიურ ურთიერთობებს ამყარებს თავისი შვილის მასწავლებლებთან;  უფრო სრულყოფილად ფლობს ინფორმაციას ბავშვის მდგომარეობის შესახებ და დროულად იღებს ზომებს მისი პრობლემების მოსაგვარებლად. სარგებელი მასწავლებლისთვის მშობლებთან აქტიური თანამშრომლობა მასწავლებელს ეხმარება, გახდეს უფრო თავდაჯერებული.  მასწავლებლებს უჩნდებათ მეტი პატივისცემა საკუთარი პროფესიის მიმართ;  ისინი უფრო კმაყოფილი არიან საკუთარი საქმიანობით და მისი შედეგებით. მშობელთა ჩართულობა ზრდის კომუნიკაციის ხარისხს მშობლებსა და მასწავლებლებს შორის, რაც ეხმარება პედაგოგს, სისტემატურად იღებდეს ამომწურავ ინფორმაციას ბავშვის შესახებ. მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე სასწავლო პროცესის მორგება კი მასწავლებელს სასურველ შედეგს მისცემს. სარგებელი სკოლისთვის მშობელთა ჩართულობა დადებითად აისახება ზოგადად სკოლაზეც:  სკოლას მეტი მხარდაჭერა აქვს მშობლებისგან;  იზრდება სკოლის იმიჯი საზოგადოებაში;  სასკოლო პროგრამები, რომლებშიც მონაწილეობენ მშობლები, უფრო წარმატებულია, ვიდრე ის პროგრამები, რომლებშიც მშობლები არ მონაწილეობენ;  სკოლებში, სადაც მოსწავლეთა მოსწრება ძალიან დაბალია, მშობლების ჩართულობის გაზრდის შემდეგ ეს მაჩვენებელი აშკარად უმჯობესდება.

 რა არის მშობელთა წარმატებული ჩართულობა? 
 მშობელთა წარმატებული ჩართულობა შეიძლება განისაზღვროს, როგორც მშობლის აქტიური, რეგულარული მონაწილეობა მისი შვილის განათლებაში. ჩართულობის გამოვლენა შინაც არის შესაძლებელი – როდესაც მშობელი შვილებთან ერთად კითხულობს, საშინაო დავალების მომზადებაში ეხმარება და სკოლაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს. ზოგ სკოლაში მშობელს შეუძლია, ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღოს კლასის საქმეებში. ასეთი სკოლები მშობლებთან რეგულარულად ურთიერთობენ და სასწავლო პროცესში რთავენ მათ. რა არის მშობელთა წარმატებული ჩართულობის ბარიერი? ხშირ შემთხვევაში სკოლები მშობლებს არ რთავენ თავიანთ საქმიანობაში, რადგან ჰგონიათ, რომ ისინი თავს ვერ გაართმევენ. „ეს უფრო წინასწარი მცადი აზრია. მასწავლებლებს მიაჩნიათ, რომ ოჯახებს არ უნდათ მონაწილეობის მიღება, როცა სინამდვილეში ოჯახებმა არ იციან, როგორ მიიღონ მონაწილეობა“, განაცხადა კარენ სალინასმა (სკოლის, ოჯახისა და საზოგადოებასთან პარტნიორობის ცენტრის კომუნიკაციების დირექტორი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი, სკოლაში მშობელთა ჩართულობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მხარდამჭერი). თავის მხრივ, მშობლები ზოგჯერ თავს იკავებენ სკოლაში მიმდინარე პროცესებში ჩართვისგან, რადგან მათ ცოტა თავისუფალი დრო აქვთ ან იმიტომ, რომ ისინი კარგად არ ლაპარაკობენ ქართულად. ასევე, ერთ-ერთი დიდი პრობლემა სკოლასა და ოჯახებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობაა; მშობლები თვლიან, რომ მათ სკოლაში სიხარულით არ ელიან. ეს ნაწილობრივ შედეგია მიღებული, ხშირად უარყოფითი, გამოცდილებისა, რაც აფიქრებინებთ, რომ მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში დადებით შედეგს არ მოიტანს. კომუნიკაციის სფეროში არსებული ბარიერების მიუხედავად, როგორც სკოლებს, ასევე მშობლებს სურთ, რომ ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდეს, თუკი ეს მოსწავლეებისთვის სასარგებლო იქნება. Public Agenda-ს – კვლევითი და ანალიტიკური ორგანიზაციის – მიერ 2003 წელს ჩატარებული 25-ზე მეტი საზოგადოებრივი აზრის კვლევის ანალიზმა აჩვენა, რომ პედაგოგების 65 პროცენტის აზრით, მათი მოსწავლეებისათვის უკეთესი იქნებოდა, თუ მათი მშობლები უფრო მეტად იქნებოდნენ ჩართული, ხოლო 72 პროცენტს მიაჩნია, რომ ბავშვები, რომელთა მშობლები არ მონაწილეობენ სკოლაში მიმდინარე პროცესებში, ზოგადადაც არ იღებენ მშობლებისგან იმდენ ყურადღებას, რამდენიც სასურველი იქნებოდა (Johnson & Duffett, 2003). სკოლები, რომლებიც წარმატებულები არიან მშობელთა ჩართულობაში, არ მოქმედებენ მხოლოდ ჩართულობის მარტივი განსაზღვრების ჩარჩოებში. ისინი არ შემოიფარგლებიან მხოლოდ კრებებზე დამსწრე ან ღონისძიებებში საკუთარი სურვილით ჩართული მშობლების დათვლით; არ არიან ზედმეტად ფოკუსირებული ისეთ მოთხოვნებზე, როგორიცაა მშობლის ხელმოწერა მოსწავლის საშინაო დავალებაზე. მათ სჯერათ, რომ მოსწავლის წარმატება სკოლისა და ოჯახის საერთო ინტერესია, სწავლის პროცესში მშობელს პარტნიორად მიჩნევენ, შემდეგ კი ამ პარტნიორობის გაძლიერების კონკრეტულ გზებს განსაზღვრავენ. შემდეგ ნაწილში მშობელთა ჩართულობის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის სამი გზა არის წარმოდგენილი: 1) კომუნიკაციის გაუმჯობესება, 2) მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ სკოლის პერსონალისა და ოჯახის ცნობიერების ამაღლება, და 3) პერსონალიზაცია. 

 კომუნიკაციის გაუმჯობესება 
სკოლასა და ოჯახს შორის ორმხრივი, რეგულარული კომუნიკაცია ბავშვის განვითარების ერთ- ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია. ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭიროა, რომ მასწავლებელი და მშობელი ერთმანეთს ინფორმაციას უზიარებდნენ. უმეტეს სკოლებში ინფორმაციის გასაცემად ეფექტური საშუალებებია შემუშავებული, მაგალითად, საინფორმაციო ბიულეტენები, ვებ-გვერდები და სკოლის საინფორმაციო დაფები, სადაც შესაბამისი მასალები/გზავნილები განთავსდება. ხშირად სკოლებში შემუშავებულია ანალოგიური მექანიზმები მშობლების აქტიური უკუკავშირის უზრუნველსაყოფადაც. ზოგიერთი სკოლა ცდილობს, მშობელთა ჩართულობა მშობლის თვალით განიხილოს. მაგალითად, შეიძლება მოაწყონ მშობელთა კრებები და სემინარები არა სკოლაში, არამედ სადმე მეზობლად, სკოლის ბევრი მოსწავლის საცხოვრებელი ადგილის სიახლოვეს. სკოლის გარეთ კრებების მოწყობა ხელს შეუწყობს მშობლებსა და სკოლას შორის დაძაბულობის მოხსნას. პედაგოგებმა უნდა წაახალისონ მშობლები, მიაწოდონ მათ ინფორმაცია, თუ რა ხდება ბავშვის ცხოვრებაში, ილაპარაკონ იმ მიმდინარე პროცესებზე, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ბავშვის მიღწევებზე სკოლაში. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ ზუსტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მშობლებს მოსალოდნელი შედეგების შესახებ, სკოლის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების, არსებული დისციპლინარული ნორმების, შეფასების ინსტრუმენტებისა და სკოლის მიზნების შესახებ. დირექტორმა და მასწავლებლებმა მშობლებთან პოზიტიური კომუნიკაციის რეგულარული გრაფიკი უნდა შეადგინონ. სკოლამ უნდა უზრუნველყოს, რომ მშობლებთან პირველი კონტაქტი პოზიტიური იყოს და ამ დროს უნდა გაითვალისწინოს ენობრივი ბარიერი და კულტურული განსხვავებულობა. როდესაც მშობლებისა და სკოლის კომუნიკაცია რეგულარული და ეფექტიანია, იზრდება მშობლების ჩართულობა, მათ მიერ სკოლის შეფასება მაღლდება და უყალიბდებათ სკოლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება. ბუნებრივია, გამოყენებული სტრატეგიები მორგებული უნდა იყოს სასკოლო საზოგადოებაზე. თუ ოჯახებს არ ექნებათ ხარისხიანი ინტერნეტი, თუ ვერ მიიღებენ ელ-ფოსტით გზავნილებს, თუ ქართული სატელეფონო შეტყობინება არ იქნება გასაგები აზერბაიჯანულ ან სომხურ ენაზე მოლაპარაკე მშობლებისთვის – კომუნიკაცია ვერ გაუმჯობესდება. სკოლებმა კომუნიკაციის ისეთი სტრატეგიები უნდა გამოიყენონ, რომლებშიც მნიშვნელოვანი ასპექტები მშობლებისთვის ხელმისაწვდომი გზით და გასაგებად იქნება გადმოცემული, ჩამოყალიბებული და აქტიური ჩართულობისაკენ უბიძგებს მათ. კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად შემდეგი აქტივობების შეთავაზება არის შესაძლებელი: დაკიდეთ მშობელთა ჩართულობის ბანერი ან დროშა სკოლის გარეთ დაკიდეთ ბანერი ან დროშა. მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს შეუძლიათ შექმნან მათი ლოგო, რომელიც იქნება მაჩვენებელი, რომ მათი სკოლა არის აქტიური ოჯახის ჩართულობის კუთხით. შეხვდით და გულთბილად მიესალმეთ მშობლებს ხელი შეუწყვეთ მშობლებისათვის თბილი და კონსტრუქციული გარემოს შექმნას სკოლაში; ამისთვის მნიშვნელოვანია სკოლის თანამშრომელთა შესაბამისი დამოკიდებულება მშობლებისადმი. მშობლებთან სწორი ფორმით შეხვედრა და გულთბილი მისალმება მნიშვნელოვანია. მშობლებთან საუბრისას სკოლის წარმომადგენლები უნდა იყვნენ გახსნილნი და დადებითად განწყობილნი. სკოლაში დამკვიდრებული მისალმებისა და დახვედრის კულტურა ხელს უწყობს მშობლებსა და სკოლას შორის ერთობის გაძლიერებას; ეხმარება მშობლებს იმის გაცნობიერებაში, რომ ისინი სასკოლო საზოგადოების სრულუფლებიანი და დაფასებული წევრები არიან. სკოლაში არსებული მისალმებისა და დახვედრის კულტურით ექმნება მშობელს პირველი შთაბეჭდილება სკოლაზე. თუ ეს შთაბეჭდილება პოზიტიურია, თუ ისინი ლაღად იგრძნობენ თავს სასკოლო გარემოში, სკოლისადმი კეთილგანწყობილი და ნდობით აღსავსე დამოკიდებულება სამომავლოდაც გაჰყვებათ. ბუნებრივია, აქ იგულისხმება არა მხოლოდ სასიამოვნო ფიზიკური გარემო, ანუ არა მხოლოდ გარეგნული შთაბეჭდილება, არამედ ისიც, როგორ მასპინძლობს სასკოლო საზოგადოება მშობელს, როგორი სასკოლო ატმოსფერო ხვდება მას. გამოაკარით შენობის გეგმა ორიენტაციის გასაიოლებლად სკოლის შესასვლელში სასურველია გამოკრული იყოს შენობის გეგმა შენობაში ორიენტაციის გასაიოლებლად – მასზე ნაჩვენები იქნება, თუ სად მდებარეობს ესა თუ ის კაბინეტი, რაც დაეხმარება მშობელს მარტივად მიაგნოს სასურველ კლასს.
 სკოლის შესასვლელში დაკიდეთ განცხადებების დაფა დაფაზე სკოლას შეუძლია განათავსოს ინფორმაცია სასკოლო ღონისძიებების, სხვადასხვა საგნის მასწავლებლებთან შეხვედრის ზუსტი თარიღის/დროის შესახებ. შეეგებეთ ახალ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასურველია, სკოლაში დამკვიდრებული იყოს ახალი მოსწავლეებისა და მათი მშობლების მიღების წესი/რიტუალი. მაგალითად, სასწავლო წლის დასაწყისში სკოლის ადმინისტრაცია, კლასის დამრიგებლები, ძველი მოსწავლეების მშობლები საგანგებო შეხვედრას უწყობენ ახალგადმოსულ ბავშვებს და მათ მშობლებს, აცნობენ მათ სკოლას. შეიძლება, გადასცენ სკოლის გზამკვლევიც (თუ იგი არსებობს), რომელშიც აღწერილი იქნება მოსწავლეთა და მშობელთა უფლებები და მოვალეობები, სკოლის ტრადიციები, ყველა ის მნიშვნელოვანი აქტივობა, მათ შორის – მშობელთა მონაწილეობით, რომლებიც დაგეგმილი აქვს სკოლას მთელი წლის განმავლობაში და ა.შ. წაახალისეთ მოხალისე მშობლები გამოხატეთ პატივისცემა და მადლიერება სკოლის ცხოვრებაში ჩართული მოხალისე მშობლებისადმი:  აღნიშნეთ მშობლების წვლილი სკოლის წარმატებაში, გაუგზავნეთ მადლობის წერილები ან ხაზი გაუსვით მათ დამსახურებას სხვადასხვა შეხვედრაზე /ღონისძიებაზე;  დაგეგმეთ ყოველწლიური შეხვედრები, ოფიციალური სადილები თუ პრეზენტაციები, სადაც განიხილავთ მშობელთა მიღწევებს;  აქტიურ მოხალისე მშობელს/ებს გადაეცით პრიზი/ები ან „ყველაზე აქტიური მშობლის“ სერტიფიკატი/დიპლომი. განსაზღვრეთ კომუნიკაციის ფორმა კომუნიკაციის ფორმის განსაზღვრა სასურველია მოხდეს კითხვარით, რომელშიც მშობელი თავად მიუთითებს მისთვის სასურველ კომუნიკაციის საშუალებას (სატელეფონო ზარი, ელექტრონული ფოსტა, წერილი და ა.შ). კითხვარის დასაწყისში მკაფიოდ უნდა იყოს ნაჩვენები მშობლის ჩართულობის მნიშვნელობა, მისი დადებითი მხარეები და ის, თუ რა ზეგავლენას ახდენს მშობლის ჩართულობა ბავშვის განათლებაზე. დაურიგეთ მშობლებს კითხვარი, რომ გაიგოთ მათი ინტერესის სფერო მოამზადეთ კითხვარი მშობლებისათვის, რომელიც დაგეხმარებათ დაადგინოთ: მშობლების ინტერესის სფერო, სასკოლო ღონისძიებებში მათი ჩართვის მზაობა. ასევე შესაძლებელია, ამ კითხვარით მიიღოთ ინფორმაცია ოჯახში არსებული პრობლემის შესახებ, რომლის გამო მშობელი ვერ/არ ერთვება სასკოლო ცხოვრებაში. დაურიგეთ მშობლებს კითხვარი ბავშვისა და ოჯახის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიღების მიზნით სწავლის დაწყებიდან ორი ან სამი კვირის შემდეგ მასწავლებელმა შეიძლება შინ გაუგზავნოს მშობელს კითხვარი, რომელიც მოიცავს ამგვარ შეკითხვებს: როგორი იყო თქვენი შვილი უფრო ადრეულ ასაკში? რა არის თქვენი შვილის ძლიერი და სუსტი მხარე? რას აკეთებს თქვენი შვილი თავისუფალ დროს? ეს ინფორმაცია დაეხმარება მასწავლებელს, გაიცნოს თითოეული ბავშვი, როგორც პიროვნება და მოსწავლე. მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა იცოდეს, თუ როგორ ამოწმებენ/აკონტროლებენ მშობლები შვილებს და მათი სწავლის პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები შესაძლოა ისევე მოუცლელები იყვნენ, როგორც მასწავლებლები, ისინი სავარაუდოდ დიდი მონდომებით დაუთმობენ დროს მათი შვილების შესახებ ინფორმაციის დაწერას. კითხვარის დახმარებით მშობელმა შესაძლებელია გაუზიაროს სკოლას ინფორმაცია ოჯახური ტრადიციებისა და ღირებულებების შესახებ, ასევე ოჯახში არსებული პრობლემების შესახებ (ავადმყოფობა, ასაკოვანი მშობლები, ფინანსური პრობლემები და სხვა). განცხადებების დაფა აწარმოეთ განცხადებების დაფა. სასურველია, სკოლამ განცხადებების დაფა ჩამოკიდოს შენობის შემოსასვლელთან ახლოს, სადაც განთავსდება მშობლებისათვის საინტერესო ინფორმაცია. განცხადებების დაფა უფრო შთამბეჭდავია, როცა ის არის თვალშისაცემი, კარგად ორგანიზებული და განახლებადი. ხშირად მოხალისე მშობლები უზრუნველყოფენ განცხადებების დაფაზე განთავსებული ინფორმაციის რეგულარულად განახლებას. განცხადებები შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას მოახლოებული შეხვედრებისა და ღონისძიებების შესახებ; რჩევებს მოსწავლეების ხელშეწყობისათვის სწავლის პროცესში; მოსწავლეთა თხზულებებს, მათ ნამუშევრებს ხელოვნების სფეროებში. დაგეგმეთ ღია კარის დღე / მშობლის დღე მასწავლებელმა/დამრიგებელმა შესაძლებელია დანიშნოს ერთი დღე (კვირაში ან თვეში), რომლის განმავლობაში ყველა მშობელს შესაძლებლობა მიეცემა, დღის ნებისმიერ მონაკვეთში მივიდეს სკოლაში და გაესაუბროს დამრიგებელს, შეხვდეს საგნების მასწავლებლებს და მიიღოს დეტალური ინფორმაცია ბავშვის შესახებ. შეაფასეთ მშობლებთან შეხვედრების ეფექტიანობა სასურველია მარტივი შეფასების ფორმის მომზადება თითოეული შეხვედრის ან ღონისძიების შეფასებისათვის მშობლების მხრიდან. გაავრცელეთ „დადებითი ინფორმაცია“ მშობლებისთვის რეგულარულად აცნობეთ მშობლებს კარგი ამბები. მასწავლებლებმა უნდა გამოიმუშავონ ჩვევა, რომ მოსწავლის შესაქებად ტელეფონით დაუკავშირდნენ მის მშობელს ან გაუგზავნონ წერილი ელექტრონული ფოსტით. დიდი დრო ეთმობა მოსწავლეებს, რომლებიც არ აკეთებენ იმას, რასაც მასწავლებელი სთავაზობს. ის მოსწავლეები კი, რომლებიც კარგად ასრულებენ სამუშაოს, არ იღებენ შესაბამის ქებას. მშობლები რჩებიან კმაყოფილები და ხშირად – გაკვირვებულებიც, როცა მასწავლებელი ურეკავთ და მათ შვილს აქებს. ასწავლეთ მშობლებს და მასწავლებლებს ჩვენ ვიცით, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მშობლები თავს იკავებენ სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობისაგან, არის სკოლასთან დაკავშირებული გარკვეული დისკომფორტი, რომელიც ხშირად გამოწვეულია იმით, რომ მშობლებმა არ იციან, როგორ ჩაერთონ მის ცხოვრებაში. სკოლები, რომლებიც ზრუნავენ მშობელთა ჩართვაზე სასკოლო პროცესებში, აქტიურად ეხმარებიან მშობლებს ჩართულობის მეთოდების შესწავლაში. მოსწავლეთა სარგებელი დადასტურებულია: მშობელთა ჩართულობის ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად, მშობლისა და შვილის ერთად კითხვის აქტივობებმა მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო ბავშვის ენობრივი და კითხვითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მხრივ სკოლამდელი ასაკიდან საშუალო სკოლის ასაკამდე (Sheldon & Epstein, 2005); მეორე კვლევაში კი ხაზგასმულია მოსწავლეთა მოსწრების საგრძნობი გაუმჯობესება, როდესაც ისინი მშობლებთან ერთად აკეთებენ დავალებას (Van Voorhis, 2003).
 შესთავაზეთ მასწავლებლებს ტრენინგები მასწავლებლებს სისტემატურად უნდა უტარდებოდეთ ტრენინგები თემაზე, თუ როგორ უნდა შექმნან კეთილგანწყობილი გარემო, როგორ დაამყარონ სწორი კომუნიკაცია მშობელთან, როგორ გახდნენ მშობლებთან კომუნიკაციის დამყარების ინიციატორები და სხვა საკითხებზე, რომლის უზრუნველყოფაც მნიშვნელოვანია და მასწავლებელს ევალება. ტრენინგის მასალები რეკომენდაციების სახით უნდა მოიცავდეს შესაძლებელი ღონისძიებების ნუსხასაც, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს მშობელთა ჩართულობის გაუმჯობესებას და მშობლების გააქტიურებას. იყავით ინიციატორები მშობელთან კომუნიკაციაში ზოგიერთი მშობელი დარწმუნებულია, რომ აქვს გარკვეული კვალიფიკაცია და განათლება, რაც მოსწავლესთან მუშაობაში გამოადგებოდა, თუმცა არ იცის, როგორ შეიძლება გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობები. ნუ დაელოდებით მშობლებისაგან დახმარების შემოთავაზებას. თავად სთხოვეთ მათ დახმარება მოსწავლესთან მუშაობაში. შეადგინეთ მშობელთა საქმიანობის ჩამონათვალი და მათი კვალიფიკაციის აღწერა. ჩაატარეთ მშობელთა გამოკითხვა ან შეხვედრა, სადაც გაარკვევთ, თუ რა სახის დახმარებას საჭიროებენ მშობლები მოსწავლის ხელშეწყობის მიზნით სასწავლო პროცესში ეფექტიანად
ჩასართავად. მიაწოდეთ მშობლებს ინფორმაცია მიაწოდეთ მშობლებს დეტალური ინფორმაცია, როგორც სკოლაში უკვე განხორციელებული ღონისძიებების და სამუშაოების შესახებ, ასევე მომავალში დაგეგმილი აქტივობების თაობაზე. მშობლებს ასევე მიაწოდეთ ინფორმაცია:  წლიური სამოქმედო გეგმის შესახებ;  სასწავლო პროგრამების შინაარსზე;  შეფასების პროცედურების და კრიტერიუმების შესახებ;  მოსწავლეთა მომსახურების პროგრამებზე;  სკოლის მთავარი პრინციპების შესახებ;  თუ როგორ შეიძლება ბავშვებს დაეხმარონ შინ მეცადინეობის დროს;  საგნობრივი ტესტები მარტივი ნიმუშების სახით – თუ ეს შესაძლებელია. მიაწოდეთ მშობლებს მასალები სკოლამ (მასწავლებელმა) მშობელს უნდა მიაწოდოს მრავალფეროვანი ინფორმაციული სახის მასალა, რომელიც დაკავშირებული იქნება ბავშვის განვითარებასთან, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან. მნიშვნელოვანია, მშობლები ფლობდნენ ინფორმაციას სპეციალური განათლების, სოციალური მომსახურების სააგენტოების შესახებ. შესაძლებელია, სკოლამ მშობლებს გადასცეს სახელმძღვანელოები, რეკომენდაციები წერილობითი ფორმით, ვიდეო- აუდიო მასალა, შესაბამისი ვებ-გვერდის მისამართები და ა.შ.
 შექმენით ვებ-გვერდი 
სასურველია მასწავლებლების/დამრიგებლების დახმარებით შეიქმნას მოსწავლეების ბლოგები, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მშობლისთვის; თუ სკოლას არ გააჩნია სახსრები ვებ-გვერდის შესაქმნელად, სკოლას ან ინდივიდუალურად მასწავლებლებს შეუძლიათ სოციალურ ქსელში, ვთქვათ, Facebook-ში შექმნან გვერდი. სკოლის გვერდზე განთავსებული მასალა იქნება იმ მასალების მსგავსი, რაც თავსდება ვებ-გვერდზე. 
 გაუგზავნეთ მშობელს წერილი ან E-mail-ი (წერილი ელექტრონული ფორმით) არიან მშობლები, ვისაც არ აქვთ შესაძლებლობა, ხშირად მიაკითხონ სკოლას. თუ მშობელი სკოლაში ვერ მოდის, მასწავლებელმა უნდა მისწეროს მას საინფორმაციო წერილი, რომელიც მშობელს მიაწოდებს ინფორმაციას ინდივიდუალურად მისი შვილის შესახებ. მაგალითად: ინფორმაცია შეიძლება ეხებოდეს ბავშვის ინდივიდუალურ პროგრესს, რას მიაღწია, რას – ვერა და რატომ, რა შეიძლება გააკეთონ მასწავლებელმა და მშობელმა ურთიერთთანამშრომლობით მოსწავლის გასაძლიერებლად. მშობელს შეიძლება წერილის სახით გაეგზავნოს რეკომენდაციები, თუ რა უნდა გაკეთდეს მოსწავლის ამა თუ იმ ნიჭის გამოსავლენად. მასწავლებლებმა ასევე უნდა გამოიმუშავონ ჩვევა, გაუგზავნონ მშობელს მოსწავლის საქებარი წერილი. დიდი დრო ეთმობა მოსწავლეებს, რომლებიც გამოირჩევიან დაბალი აკადემიური მიღწევებით ან ცუდი ქცევით და არ ემორჩილებიან მასწავლებლის მითითებებს. ის მოსწავლეები კი, რომლებიც კარგად სწავლობენ ან კარგად იქცევიან, არ იღებენ დამსახურებულ ქებას. მშობლების ბედნიერებას საზღვარი არ აქვს, როცა მასწავლებელი უგზავნის მათ ინფორმაციას შვილის წარმატების შესახებ. ესაუბრეთ ტელეფონით თუ მშობელი ვერ მოდის მასწავლებელთან, აუცილებელია, კომუნიკაცია ტელეფონით მაინც შედგეს. მშობელს უნდა შევატყობინოთ არა მხოლოდ ის, რომ ბავშვი დამატებით დახმარებას საჭიროებს, არამედ მისი წარმატების ან გამოვლენილი უნარის თაობაზეც. რეგულარულად აცნობეთ მშობლებს კარგი ამბები. მასწავლებლებმა უნდა გამოიმუშავონ ჩვევა, დაუკავშირდნენ მშობელს მოსწავლის შესაქებად. მოსწავლეები, რომლებიც კარგად ასრულებენ სამუშაოს, ხშირად არ იღებენ შესაბამის ქებას. მშობლები რჩებიან კმაყოფილები და ხშირად – გაკვირვებულებიც, როცა მასწავლებელი რეკავს და ამბობს: „ძალიან სასიამოვნოა, რომ ნიკა ჩემს კლასში სწავლობს“. გაუგზავნეთ მესიჯი საქართველოში უმეტეს ოჯახში ერთი მობილური ტელეფონი მაინც მოიპოვება და, ამდენად, მობილური ტელეფონი ინფორმაციის გავრცელების მეტად ქმედითი საშუალებაა. ინოვაციურია ინფორმაციის მობილური ტელეფონის საშუალებით გავრცელება. აუცილებელია, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით გავაგებინოთ მშობლებს, თუ რა არის მათი ბავშვისთვის საჭირო.
 გამოიყენეთ სოციალური ქსელი სასურველია, მშობლებთან შეხვედრაზე ან სოციალურ ქსელში განიხილებოდეს სხვადასხვა გადაწყვეტილებები (წესები, რეგულაციები, შეფასების სისტემა, დავალების ტიპები/სირთულე/მოცულობა, დავალების შესრულების პროცესში ბავშვის დახმარების მეთოდი); ასევე, სოციალური ქსელის დახმარებით შესაძლებელია მშობლების/ბავშვების საჭიროებების კვლევა/გამოკითხვა. თუ სკოლას არ გააჩნია სახსრები ვებ-გვერდის შესაქმნელად, სკოლას ან ინდივიდუალურად მასწავლებლებს შეუძლიათ, შექმნან გვერდი სოციალურ ქსელში (Facebook). ამ გვერდზე გამოქვეყნდება იგივე მასალა, რაც ჩვეულებრივ სკოლის ვებ-გვერდზე თავსდება. შეხვდით მშობლებს შეხვედრები უნდა ეხებოდეს სხვადასხვა თემას და უნდა წარიმართოს დიალოგის ფორმით. შეხვედრა უნდა იყოს კონსტრუქციული და ემსახურებოდეს ინფორმაციის და იდეების ურთიერთგაზიარებას. არ უნდა ჰქონდეს ლექციის სახე. ასევე გასათვალისწინებელია შეხვედრების ადგილი და მონაწილეთა კომფორტული განთავსება. სასურველია, შეხვედრები იმართებოდეს სხვადასხვა დროს, რომ ყველა მშობელს მიეცეს დასწრების საშუალება. მასწავლებელმა/დამრიგებელმა უნდა მოუწყოს მშობლებს შეხვედრა დირექტორთან, რომელიც მათ გააცნობს მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებს/პროექტებს, სადაც უმთავრესი მშობლების ჩართულობა იქნება. დააარსეთ მშობელთა კლუბები – მოუსმინეთ მშობლებს! სასურველია, შეიქმნას მშობელთა კლუბი. უმჯობესია, კლუბები დაკომპლექტდეს სხვადასხვა სქესის, ასაკის, პროფესიისა თუ ეთნიკური წარმოშობის მქონე მშობლებისგან. მნიშვნელოვანია სპეციალური საჭიროების მქონე მშობლების ჩართვა (მათი არსებობის შემთხვევაში) და მათი აზრის გათვალისწინება. მშობელთა კლუბი შეიკრიბება დადგენილი პერიოდულობით, გაიცვლება აზრები სკოლის შესახებ, არსებული პრობლემების შესახებ, შემუშავდება საინტერესო პროექტები, დაიგეგმება ღონისძიებები. შესაძლებელია, კლუბებში მოიწვიონ ფსიქოლოგები, შეხვდნენ ექსპერტებს საკონსულტაციოდ და ა.შ. მშობლებს შეუძლიათ, მრავალი მიმართულებით ჩაერთონ კონსულტაციის გაწევისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში:  კლუბის წევრებს შეუძლიათ, რეგულარულად დაესწრონ შეხვედრებს, გაუზიარონ საკუთარი შეხედულებები სკოლის წარმომადგენლებს სკოლასთან დაკავშირებულ საკითხებზე და მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში;  მშობელთა კლუბების წევრ მშობლებს შეუძლიათ, ინფორმაცია მიაწოდონ სკოლის დანარჩენ მშობლებს კონკრეტულ საკითხებსა თუ კანონებზე, რომელიც გავლენას იქონიებს მათ შვილებზე
წყარო :  http://kargiskola.ge/parent/pdf/PE_GUIDE_2015.pdf


 

No comments:

Post a Comment