განათლების ფსიქოლოგია

განათლების ფსიქოლოგია, განათლების კვლევები და მათი მნიშვნელობა სწავლების პროცესში

იმ ასი წლის განმავლობაში, რაც განათლების ფსიქოლოგია არსებობს, მისი არსის შესახებ არაერთი კამათი და განხილვა გაიმართა. ზოგს მიაჩნია, რომ განათლების ფსიქოლოგია სხვა არაფერია, თუ არა ფსიქოლოგიიდან მიღებული ცოდნის შედეგი და საკლასო ოთახში მოქმედებას სწავლობს, ზოგი კი მას ფსიქოლოგიის მეთოდად მიიჩნევს, რომელიც კლასისა და სკოლის ცხოვრებას შეისწავლის.
თუ ისტორიას გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ განათლების ფსიქოლოგიასა და სწავლას შორის მჭიდრო ურთიერთკავშირია.
განათლების ფსიქოლოგია, ერთი შეხედვით, ძალზე ხანდაზმული დისციპლინაა. განათლების ფსიქოლოგები დღესაც უტრიალებენ ჯერ კიდევ პლატონისა და არისტოტელეს მიერ განხილულ საკითხებს – მასწავლებლის როლს, სწავლების მეთოდებს, სწავლის ბუნებასა და თანმიმდევრობას, სწავლაზე ზემოქმედების მნიშვნელობას. 1500 წელს ჟუან ვივმა გამოთქვა ფრიად თანამედროვე მოსაზრებები პრაქტიკის ღირებულებაზე, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობაზე, მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებებისადმი სწავლების ადაპტირებაზე, მოსწავლეთა ნამუშევრების თვითშეფასების უპირატესობაზე სხვასთან შედარებით. 1700-იან წლებში კომენიუსმა წიგნებსა და სწავლებაში ვიზუალური დახმარება დაამკვიდრა. ის აცხადებდა, რომ სწავლების მიზანი გაგება იყო და არა დამახსოვრება.
შეერთებულ შტატებში ფსიქოლოგია იმთავითვე სწავლებასთან იყო დაკავშირებული. 1890 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა უილიამ ჯემსმა ფსიქოლოგიის დარგი ჩამოაყალიბა და მასწავლებლებისთვის ლექციათა სერია „ფსიქოლოგიასთან დაკავშირებული საუბრები მასწავლებლებთან“ შეიმუშავა. ეს ლექციები ქვეყნის მასშტაბით ჩაუტარდათ მასწავლებლებს საზაფხულო სკოლებში და 1899 წელს გამოქვეყნდა. ჯემსის სტუდენტმა ჯ. სტენლი ჰოლმა ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია დააფუძნა. მისი დისერტაციის თემა ბავშვის მიერ სამყაროს გაგება იყო. მონაცემების შეგროვებაში მას მასწავლებლები ეხმარებოდნენ. ჰოლმა მასწავლებლები წააქეზა, დეტალურად დაჰკვირვებოდნენ თავიანთი მოსწავლეების განვითარებას – სწორედ ისე, როგორც მისი დედა იქცეოდა მასწავლებლობისას. ჰოლის მოწაფემ ჯონ დიუიმ ჩიკაგოს უნივერსიტეტში ლაბორატორიული სკოლა დააარსა. იგი პროგრესული განათლების მოძრაობის დამფუძნებლადაა აღიარებული.
უილიამ ჯემსის მეორე მოწაფეს, ედვარდ ლი თორნდაიკს, ეკუთვნის  პირველი ნაშრომი პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში (1903). 1910 წელს მან ჟურნალიც დააარსა, რომელიც განათლების ფსიქოლოგიას ეძღვნებოდა. თორნდაიკმა დაიწყო კვლევის მიზნით საკლასო ოთახიდან ლაბორატორიაში გადანაცვლების პროცესი, რომელიც ჯეიმსმა და ჰოლმა უგულებელყვეს. აღიარებულია, რომ თორნდაიკის შეხედულებები მეტად ვიწროა, რადგან სწავლის კანონებს ის ლაბორატორიებში ეძებდა და მიაჩნდა, რომ ისინი გადაუმოწმებლად უნდა დანერგილიყო რეალურ კლასში. 50 წელი დასჭირდა სწავლის ფსიქოლოგიურ კვლევას, რომ საკლასო ოთახებში დაბრუნებულიყო.
მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში სწავლების განვითარება ფსიქოლოგიას კიდევ უფრო დაუახლოვდა. ამ ეპოქის განმავლობაში განათლების ფსიქოლოგია „სკოლის სახელმძღვანელო მეცნიერება“ იყო. 1940-იან და 1950-იან წლებში განათლების ფსიქოლოგიის შესწავლა ინდივიდუალურ განსხვავებებზე, შეფასებაზე, სწავლის ქცევებზე სვამდა აქცენტს. 1960-იან და 1970-იან წლებში კვლევის მიმართულებამ კოგნიტიური განვითარებისა და სწავლისკენ გადაინაცვლა, ყურადღება მიექცა იმას, როგორ სწავლობენ და იმახსოვრებენ ცნებებს მოსწავლეები. განათლების თანამედროვე ფსიქოლოგიამ დაიწყო სწავლასა და განვითარებაზე კულტურისა და სოციალური ფაქტორების ზეგავლენის კვლევა.
რას წარმოადგენს პედაგოგიური ფსიქოლოგია დღეს? ზოგადი განმარტების მიხედვით, განათლების ფსიქოლოგია არის დისციპლინა, რომელიც შეისწავლის სწავლა/სწავლების პროცესებს, იყენებს ფსიქოლოგიის მეთოდებსა და თეორიებს და საკუთარი თეორიები, პრობლემები, კვლევის ტექნიკა და მეთოდები აქვს. დღესაც, ისევე როგორც წარსულში, განათლების ფსიქოლოგია სწავლისა და სწავლების პროცესებს იკვლევს და ამავე დროს პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებას ცდილობს.
მიუხედავად სწავლება-სწავლისადმი ინტერესის ხანგრძლივი ისტორიისა, არის კი განათლების ფსიქოლოგთა მონაპოვარი რეალურად გამოსადეგი მასწავლებლებისთვის? ბოლოს და ბოლოს, სწავლება განა მხოლოდ საღი აზრია? მოდი, რამოდენიმე წუთი დავუთმოთ ამ კითხვებს.
განათლების ფსიქოლოგიის პრინციპები: დიდი ძალისხმევა, დახარჯული დროისა და ფულადი სახსრების შედეგი, – პათეტიკურად ჟღერს. არის ცდუნება, ითქვას და ხშირად ამბობენ კიდეც: „ეს ხომ ყველამ ვიცით!“ განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.
ხშირად ისმის კითხვა, რა კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელოს მასწავლებელმა, რათა მოსწავლეები მეტ–ნაკლებად ყოველთვის მზად იყვნენ გაკვეთილისთვის. საღი აზრით გვკარნახობს, რომ მასწავლებლებმა მოსწავლეები არათანმიმდევრულად უნდა გამოიძახონ. ამის შედეგად თითოეული მოსწავლე იძულებული გახდება, კარგად ისწავლოს გაკვეთილი. თუ მასწავლებელი ყოველთვის ერთი და იმავე თანმიმდევრობით გამოიძახებს მოსწავლეებს, ყველა მოსწავლეს ეცოდინება, როდის მოვა მისი ჯერი. თუმცა კვლევები სულ სხვა პასუხს იძლევა. წლების წინ ოდენის, ბროფისა და ევერსონის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ კითხვაზე პასუხი არცთუ მარტივია. მაგალითად, დაწყებით კლასებში ბავშვების თანმიმდევრულმა გამოძახებამ და ყოველი მათგანისთვის წაკითხვის საშუალების მიცემამ გაცილებით უკეთესი შედეგი გამოიღო, ვიდრე არათანმიმდევრულმა გამოძახებამ. თანმიმდევული გამოძახების ძირითადი მიზანია, თითოეულ ბავშვს მისცეს კითხვის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა. სხვა მეთოდის გამოყენებისას, რომელიც ყველა ბავშვის გამოძახებას არ ითვალისწინებს, შესაძლოა რომელიმე მოსწავლე უბრალოდ გამოგვრჩეს. კვლევამ აჩვენა, რომ კითხვის სასწავლებლად მოსწავლეების თანმიმდევრულ გამოძახებაზე უკეთესი ალტერნატივებიც არსებობს. მაგრამ, განურჩევლად მიდგომისა, მასწავლებელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ უკლებლივ ყველა მოსწავლეს ექნება პრაქტიკულ სამუშაოში მონაწილეობისა და უკუკავშირის მიღების შანსი.
ასევე აქტუალურია მოსწავლეთა დახმარების საკითხი. როდის უნდა დაეხმაროს მასწავლებელი საკლასო დავალების შესრულებაში დაბალი მიღწევების მქონე მოსწავლეს? საღი აზრი გვეუბნება, რომ მასწავლებლები მოსწავლეებს ხშირად უნდა ეხმარებოდნენ. ბოლოს და ბოლოს, დაბალი მიღწევების მოსწავლეები შესაძლოა ვერც კი მიხვდნენ, როდის სჭირდებათ დახმარება და სავსებით შესაძლებელია, დახმარების თხოვნაც კი მოერიდოთ. თუმცა კვლევები ცხადყოფს, რომ როცა მასწავლებელი მისი თხოვნის გარეშე ეხმარება მოსწავლეს, მიაჩნია, რომ თავად მას არ შესწევს საკითხში გარკვევის უნარი და, რაც მთავარია, იმავე აზრისანი არიან დანარჩენი მოსწავლეებიც. მოსწავლე საკუთარ მარცხს ხშირად არა ძალისხმევის, არამედ შესაძლებლობის სიმცირეს უფრო უკავშირებს. შედეგად მოტივაცია იკლებს.
კლასიდან კლასში გადახტომის საკითხი: ვალდებულია თუ არა სკოლა, განსაკუთრებით ნიჭიერი მოსწავლეები კლასიდან კლასში გადახტომით წაახალისოს ან მისცეს უნივერსიტეტში დროზე ადრე ჩარიცხვის შესაძლებლობა? საღი აზრის თანახმად, ამ კითხვის პასუხია „არა“. როცა ზედმეტად განათლებული მოსწავლეები თანაკლასელებზე ერთი ან ორი წლით უმცროსები არიან, შესაძლოა, სოციალურ მორგებასთან დაკავშირებული პრობლემები გაუჩნდეთ. ისინი არც ფიზიკურად და არც ემოციურად არ არიან მზად უფროსი ასაკის მოსწავლეებთან ურთიერთობის დასამყარებლად. შედეგად სოციალურ სიტუაციებში შესაძლოა უმწეონი აღმოჩნდნენ, რასაც სკოლაში, განსაკუთრებით კი მაღალ კლასებში, დიდი მნიშვნელობა აქვს. კვლევები კი ნათელყოფს, რომ ბავშვები, რომლებიც უფრო მაღალ კლასში გადავიდნენ (რომელთა მიმართ სწრაფი მეთოდი იქნა გამოყენებული), ისევე და, შეიძლება ითქვას, უკეთესადაც კი შეეგუენ გარემოს, ვიდრე ის ბავშვები, რომლებიც, განურჩევლად ნიჭისა, კლასიდან კლასში თანმიმდევრულად გადაჰყავდათ.
რამდენად წარმატებული აღმოჩნდება მოსწავლისთვის დაჩქარებული მეთოდი, მისივე ინდივიდუალურ თვისებებზე, ინტელექტსა და სიმწიფეზე, სხვა მონაცემებსა თუ საშუალებებზეა დამოკიდებული. ზოგიერთი მოსწავლისთვის მასალის დაჩქარებული გავლა და უფროს მოსწავლეებთან ერთად მუშაობა ძალიან სასარგებლოა.
შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ განათლების ფსიქოლოგები დროს იმის აღმოსაჩენად ხარჯავენ, რაც ისედაც აშკარაა, თუმცა ზემოთ მოყვანილი მაგალითები წარმოაჩენს, რაოდენ სახიფათოა ასე მსჯელობა. როცა განსაზღვრული პრინციპი მარტივად არის გადმოცემული, შესაძლოა, მისი არსიც მარტივი ჩანდეს. იმავე ფენომენს ვაწყდებით ნიჭიერი მოცეკვავის ან ათლეტის ყურებისას: კარგად გაწვრთნილი და დახელოვნებული ადამიანის მიერ შესრულებული ილეთი მარტივი გვეჩვენება. მაგრამ ჩვენ მხოლოდ ვარჯიშის შედეგს ვხედავთ და არა ცალკეულ მოქმედებათა შესასრულებლად გაწეულ სამუშაოს. გაითვალისწინეთ, რომ ყოველი კვლევის შედეგი, თუნდაც საპირისპირო, შესაძლოა ჟღერდეს როგორც საღი აზრი. მნიშვნელოვანია არა ის, რამდენად გონივრულად ჟღერს იდეა, არამედ ის, როგორ ხორციელდება ის პრაქტიკულ საქმიანობაში.
წყარო :  http://mastsavlebeli.ge

განათლების ფსიქოლოგიის საკითხები

 პედაგოგიკის მეცნიერებათა სისტემაში უმნიშვნელოვანესი როლი ფსიქოლოგიას განეკუთვნება. როგორც ზემოთ აღინიშნა, ფსიქოლოგია ძირეულად ინტერესდება ადამიანის აღზრდა-განვითარებით. თუმცა, მარტო ამით არ ამოიწურება საგანმანათლებლო პროცესებისადმი ფსიქოლოგიის ინტრესები. სწორედ ამის დასტურია განათლების ფსიქოლოგიის, როგორც ცალკე მიმართულების ჩამოყალიბება, რომელიც აღზრდა_განათლებისა და სწავლების ფსიქოლოგიურ კანონზომიერებებს სწავლობს.
     უმაღლესი სკოლის პედაგოგიკის კავშირებს ფსიქოლოგიასთან ისეთივე თავისებურებები ახასიათებს, როგორც ზოგადი პედაგოგიკის ურთიერთობას ამ საგანთან. აღნიშნულთან დაკავშირებით, სრულად უნდა გავიზიაროთ დიდი ქართველი მეცნიერის დ. უზნაძის მოსაზრება, რომელიც წერდა: "ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის ურთიერთობა ორი დამოუკიდებელი მეცნიერების ურთიერთობაა: ფსიქოლოგია მხოლოდ ფსიქოლოგიურ კვლევას აწარმოებს და პედაგოგიკა _ პედაგოგიკურს. დახმარება, რომელსაც ფსიქოლოგია უწევს პედაგოგს, პრინციპულად შეიძლება მხოლოდ იმაში მდგომარეობდეს, რომ ჯერ ერთი, (ფსიქოლოგია) სწორ ფსიქოლოგიურ ცნობებს აწვდის პედაგოგს, რომელსაც საზოგადოდ, ფსიქიკასთან აქვს საქმე, და რომლისთვისაც ასეთი ცნობები ყოველთვის აუცილებელია, და მეორე, იმ საკითხების ფსიქოლოგიურ მასალას ამზადებს, რომელიც სწორედ პედაგოგიკის უშუალო ინტერესებს ეხება, მაგრამ მეორის მხრივ პედაგოგიკაც უწევს დახმარებას ფსიქოლოგიას: პედაგოგიური ზეგავლენის წარმატებითი პრაქტიკა და მისი სწორი თეორია ადამიანის ფსიქიკური განვითარების საფუძვლებს გვაცნობენ და ამით ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემის გადაწყვეტაში მონაწილეობენ. ფსიქოლოგია და პედაგოგიკა ორი დამოუკიდებელი მეცნიერებაა, მაგრამ ისინი მოწყვეტილი როდი არიან ურთიერთს: ისინი ეხმარებიან და ავსებენ ერთმანეთს".
     ფსიქოლოგია დამოუკიდებლად იკვლევს ზოგადად ფსიქიკასთან დაკავშირებულ ისეთ პრობლემებს, როგორიცა: შეგრძნება, აღქმა, ყურადღება, მეხსიერება, ნებისყოფა, ჩვევა, აზროვნება, მეტყველება და სხვა, მაგრამ განათლების ფსიქოლოგიას ეს საკითხები აინტერესებს მხოლოდ სწავლა_განათლებასთან მიმართებაში.
     განათლების ფსიქოლოგია საგანმანათლებლო პროცესებში მონაწილეთა ფსიქიკური პროცესების შემსწავლელი მეცნიერებაა, რომელიც ფსიქოლოგიური და პედაგოგიური კვლევის მეთოდების გამოყენებით აყალიბებს შესაბამის რეკომენდაციებს ამ პროცესების განვითარების მიზნით.
     განათლების ფსიქოლოგია კონცენტრირებულია განათლების თეორიის ძირითად ცნებებზე: სწავლებაზე და სწავლაზე.
     სწავლება რთული პედაგოგიური პროცესია და მის ეფექტურობაზეა დამოკიდებული, თუ როგორი პიროვნება და სპეციალისტი ჩამოყალიბდება. სწავლების პროცესში წარმატება დიდადაა დამოკიდებული, პირველ რიგში, მისი არსის მართებულ გააზრებასთან. ხშირად სწავლების პროცესის არსებული განსაზღვრებები მიუთითებენ სწავლის პროცესის ზოგიერთ თავისებურებაზე, მის შედეგებზე, მაგრამ არ იძლევიან საფუძვლიან წარმოდგენას იმ ცოდნაზე, რაც თანამედროვე მეცნიერებამ დააგროვა სწავლებისა და სწავლის შესახებ. ქართველი ფსიქოლოგი ა. ფრანგიშვილი გამოყოფდა სწავლების პროცესის საფეხურებს: "სწავლა პირველ და ძირითად საფეხურზე უჩვეულოს, გაუგებარის, უცხოს მიმართ გაკვირვებით, განცვიფრებით იწყება, ე. ი. სწავლა იწყება სწავლის ამოცანის (საკითხის ) წამოჭრით. აქედან გამოდინარეობს სიტუაციის გარკვევის და ამოცანის გადაჭრის განზრახვის წარმოშობის საფეხური. სწავლის შემდგომ საფეხურად მიჩნეულია სწავლის მიზნის, სწავლის ამოცანის განხორციელების შესრულება. საგანმანათლებლო სწავლის მკვლევარები სწავლის დამამთავრებელ და დამასრულებელ საფეხურად თვლიან მიღებული ცოდნის განმტკიცებისა და დამახსოვრების ეტაპს", _ აღნიშნავდა პროფესორი ა. ფრანგიშვილი. მკვლევარის მიერ გამოყენებული ტერმინი "საგანმანათლებლო სწავლა" იგივეა, რაც დღევანდელი გაგებით "განათლების ფსიქოლოგია".
     გარკვეული თავისებურებების გათვალისწინებით, ასეთივე მიდგომები შეიძლება გავავრცელოთ უმაღლესი სკოლის პედაგოგიკაზე. სწავლება შემოქმედებითი საქმიანობაა, იგი საგანგებოდ ორგანიზებული ისეთი პედაგოგიურ_ ფსიქოლოგიური პროცესია, რომელიც სტუდენტთა ცოდნა_ჩვევების განვითარებას ემსახურება. სტუდენტის უნარ_თვისებათა განვითარება და ცოდნა-ჩვევებით გამდიდრება უმაღლესი სასწავლებლის აკადემიური პერსონალის და სტუდენტთა სასწავლო თანამშრომლობით ხორციელდება. ასეთი თანამშრომლობის წარმმართველი მისია უნივერსიტეტის პროფესორმა უნდა შეასრულოს. სწორედ მან უნდა უზრუნველყოს სასწავლო მენეჯმენტის ეფექტურად განხორციელება, რომელშიც არანაკლები ადგილი სტუდენტის მოტივაციას, ინტერესს, განწყობას, მეხსიერებას და სხვა ფაქტორებს უჭირავს.
     განათლების ფსიქოლოგიაში წამყვანი ადგილი პროფესორისა და სტუდენტის ფსიქოლოგიის შესწავლას განეკუთვნება. როგორც ითქვა, სტუდენტის შემეცნებითი ინტერესების გააქტიურებაში უმთავრესია საგანმანათლებლო პროცესის ორივე მონაწილის _ პროფესორისა და სტუდენტის თანამშრომლობა. განათლების ფსიქოლოგია იკვლევს სწავლების სხვადასხვა საფეხურებზე სწავლის მოტივაციას და ინტერესს. დადგენილია, რომ სტუდენტის შეგნებული დამოკიდებულება და აქტივობა სწავლისადმი იზრდება მაღალ კურსებზე, მაგრამ უკუპროცესებიც არ არის გამორიცხული. ასეთი რამ მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, თუ სათანადო დონეზე არ დგას აკადემიური პერსონალი, ანუ სწავლების ხარისხი იმდენად დაბალია, რომ სტუდენტი მის მიმართ ყოველგვარ ინტერესს კარგავს. შესაძლებელია წარუმატებლობის მიზეზი პროფესორთა და სტუდენტთა პიროვნული შეუთავსებლობა გახდეს. ამდენად, საკითხის დასმა მარტო იმის შესახებ, რომ სტუდენტის წარუმატებლობა სწავლის მოტივაციის უქონლობის ან უბრალოდ სიზარმაცის ბრალი იყოს, ყოველთვის არ არის გამართლებული. სასწავლო ქცევა ინტელექტუალური საქმიანობის სფეროა და მასზე მრავალი ფსიქიკური გარემოება ახდენს გავლენას.
     როგორც ითქვა, სწავლაში უმთავრესი მოტივაციაა, თუმცა განათლების ფსიქოლოგიაში მარტო ამ ჭეშმარიტების დეკლარირებით არ შემოიფარგლებიან და შეუძლიათ განსაზღვრონ ის ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ მოტივაციურ პროცესებზე. ამასთან ერთად, შესაძლებელია დავეუფლოთ მოტივაციის გაძლიერების სტრატეგიებს. აქ უმთავრესია, პროფესორის სამუშაო არსენალში კარგად იყოს გაცნობიერებული ისეთი ცნებების მნიშვნელობა, როგორიცაა: მოტივი, მოთხოვნილება, შინაგანი მოტივი, ჰეტეროგენული და ჰომოგენური მოტივები, ლატენტური სწავლა, შფოთვა და სხვა.
     განათლების ფსიქოლოგია იკვლევს უნარ_ჩვევების და პრობლემათა გადაჭრის სტრატეგიების ფსიქოლოგიურ ასპექტებს. ამ თვალსზრისით, პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს ის, რომ პროფესორმა გააცნობიეროს სწავლისადმი შემოქმედებითი მიდგომის პრინციპების მნიშვნელობა. ამის კვალდაკვალ ყალიბდება შემოქმედებითი ატმოსფერო, რაც სტუდენტთა აქტივობაში გამოიხატება. გათვალისწინებული უნდა იყოს აგრეთვე სტუდენტთა ინდივიდუალური თავისებურებები შემოქმედებითი აზროვნების განვითარების პირობებში. როგორც მოტივაციის შემთხვევაში ითქვა, აქაც დაგვჭირდება ისეთი ცნებების არსში წვდომა, როგორიაცაა: ინტელექტი, კრეატულობა, აზროვნება, მეტაკოგნიცია, გენერალიზაცია.
     ზოგადად, საგანმანათლებლო საქმიანობა ყველაზე ახლოსაა კვლევით საქმიანობასთან. ხოლო უმაღლესი სკოლის პედაგოგიკაში კვლევითი უნარების ფორმირება ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანადაა მიჩნეული. ამ სფეროში ნებისმიერი წარმატება წარმოუდგენელია "მასწავლებელ_მკვლევარის" როლის გაცნობიერების გარეშე. გარდა ამისა, კვლევით საქმიანობაში აუცილებელია ვიცოდეთ და აქტიურად ვიყენებდეთ მაფორმირებელ ექსპერიმენტს, საკონტროლო და ექსპერიმენტულ ჯგუფებს, ვალიდობას, კორელაციურ კვლევას და სხვა ფსიქოლოგიურ კომპონენტებს, რომელთა გამოყენება მასწავლებელ_მკვლევარისთვის, რომელ საგანსაც არ უნდა ასწავლიდეს იგი, მაინც უმნიშვნელოვანესია.
     უმაღლესი სასწავლებლის კონტინგენტი მნიშნელოვნად განსხვავდება უფროსკლასელთა აზროვნებისგან, რაც ძირითადად განაპირობებს უმაღლესი სასწავლებლის მუშაობის მიმართულებას. სტუდენტის აზროვნება დამოუკიდებელ და შემოქმედებით ხასიათს ატარებს. მათი აზროვნება განზოგადებისა და აბსტრაქციის მაღალი დონით გამოირჩევა. მიზეზ_შედეგობრივი კავშირების აღმოჩენისა და ლოგიკური დასაბუთების უნარი აშკარდ გამოხატულია. სკოლაში მიღებულ ცოდნას აქტიური საბაზისო დატვირთვა ეძლევა უმაღლესი განათლების საწყის ეტაპზე. სტუდენტს უჩნდება პრობლემური აზროვნების ინტერესი, რაც მეცნიერული აზროვნების განვითარებისთვის კარგი სასტარტო პირობა შეიძლება აღმოჩნდეს, თუ მას სწორად წარვმართავთ. სტუდენტობის ასაკში მთლიანად იშლება განსხვავება შემეცნებითი ინტერესების თვალსაზრისით სქესთა შორის. როგორც ცნობილია, უფროს სასკოლო ასაკში გოგონები გაცილებით ბეჯითები არიან, ვიდრე ვაჟები. აღნიშნული გარემოებები სასწავლო პროცესის წარმატებით გაძღოლის საფუძველს იძლევა, თუმცა ამისთვის სხვა ფაქტორებთან ერთად სტუდენტის ფსიქოლოგიის ცოდნაცაა საჭირო.
 

განათლების ფსიქოლოგია

განათლების ფსიქოლოგია

როგორ ურთიერთკავშირშია ფსიქოლოგია და განათლება?
რა თეორიები, კანონები, პრინციპები და მოსაზრებები არსებობს განათლების შესახებ?
სწავლებისა და მასწავლებლების რა მოდელები არსებობს?
ეფექტური სწავლების მოდელი რა ძირითადი ნაწილებისაგან შედგება?
როგორია ექსპერტი მასწავლებლის მახასიათებლები?

ფსიქოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანის ქცევასა და აზროვნებას. ასევე გამოცდილების გავლენას აზრებზე და ქმედებებზე, ბიოლოგიის და მემკვიდრეობითობის როლს, ადამიანზე მოქმედ სოციალურ ფაქტორებს და ა.შ.
ძირითადად, ფსიქოლოგია ცდილობს ახსნას, თუ რატომ ფიქრობენ, იქცევიან და გრძნობენ ადამიანები ასე და არა სხვაგვარად. შეიძლება ითქვას, რომ რამდენადაც საინტერესოა ეს ყველაფერი, იმდენად ძნელია.
ფსიქოლოგიის ყველა დარგი, საბოლოო ჯამში, შეისწავლის ადამიანის ქცევას სხვადასხვა კუთხიდან. მაგალითად, განვითარების ფსიქოლოგია შეისწავლის ადამიანის ცვლილებას დროთა განმავლობაში. კლინიკურ ფსიქოლოგიას აინტერესებს ქცევითი და ემოციონალური პრობლემები. პედაგოგიური ფსიქოლოგია შეისწავლის სწავლის პროცესში ადამიანის ქცევას. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოკლედ არის ჩამოთვლილი ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგები და მათი საკვლევი საგნები.
მასწავლებლებისა და მოსწავლეების მოდელები
პირველ რიგში, ავხსნათ, თუ რა არის მოდელი.
მოდელი არის პატერნი ან პროექტი. ესაა წარმოდგენა, შეხედულება იმის შესახებ, თუ “რა არის”, “შეიძლება იყოს”, ან “უნდა იყოს”. ჩვენ შეგვიძლია დავახასიათოთ მოდელი, როგორც რაღაცის შესახებ მოსაზრებების კრებული. მოდელები ხშირად იქმნება თეორიების საფუძველზე.
სწავლების აღწერის რამდენიმე მეთოდი არსებობს. მაგალითად, სფარდი (1998) წარმოგვიდგენს ორ მოდელს იმის შესახებ, თუ რა არის სწავლა და როგორ ხდება ის.
1. სწავლა ესაა გარდაქმნის ხანგრძლივი პროცესი, ინფორმაციის პროგრესირებადი დაგროვების პროცესი.
2.მონაწილეობა სწავლის საფუძველს წარმოადგენს.
მასწავლებლები, რომლებიც პირველ მოსაზრებას იზიარებენ, როგორც წესი, თვლიან, რომ მათი მოვალეობაა, სტუდენტებს დაეხმარონ ინფორმაციისა და ცნებების დაგროვებაში. ის მასწავლებლები კი, რომლებიც მეორე თვალსაზრისს ემხრობიან, დარწმუნებულნი არიან, რომ სასწავლო პროცესი მოითხოვს მოსწავლეების აქტიურ მონაწილეობას. ორივე მიდგომა თავისებურად სწორი და სასარგებლოა, თვლის სფარდი.
სწავლების დირექტიული და კონსტრუქციული მოდელები
პირველი მოდელი ცენტრირებულია მასწავლებელზე. სწავლების დირექტიული სტილისას მასწავლებელი არის ინფორმაციის მტავარი წყარო. ის ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია “ჩაუდოს” თავში მოსწავლეებს და ამგვარად გარდაქმნას ისინი. “მონაწილის მეტაფორა” კი, განსხვავებით ამ ზემოთმოყვანილი “გარდაქმნის მეტაფორისაგან”, ამბობს, რომ მოსწავლე სასწავლო პროცესის აქტიურ მონაწილეს წარმოადგენს, რომ მოსწავლეები თავად არიან პასუხისმგებელნი ინფორმაციის კონსტრუირების საქმეში. ანუ, თვითონ არიან პასუხისმგებელნი თავიანთი სწავლისადმი. შესაბამისად სწავლების კონსტრუქტიული მიდგომები ცენტრირებულია უფრო მოსწავლეებზე, ვიდრე მასწავლებლებებზე. სწავლების კოოპერატიული და კვლევითი მიდგომები კონსტრუქტივიზმის ტიპიური მაგალითებია.
ზოგიერთი ამბობს, რომ ჩვენ ვდგავართ განათლების სფეროში კონსტრუქტიული რევოლუციის მიჯნაზე, სხვები კი ამტკიცებენ, რომ ეს რევოლუცია კი არაა, არამედ ძველი იდეების გახსენება, რომლებიც ჯონ დიუისნაშრომის წყალობით გახდა ცნობილი მეცნიერებისათვის. ის, რაც დღეს კონსტრუქტივიზმად იწოდება, ადრე პროგრესული განათლების სახელით იყო ცნობილი, წერს ევერსი (1998).

John Dewey (October 20, 1859 – June 1, 1952) -ამერიკელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი, განათლების რეფორმატორი.
ფსიქოლოგიის გამოყენება პედაგოგიურ პრაქტიკაში
ფსიქოლოგიის წვლილი განათლებაში ნათელი ხდება, როდესაც განვიხილავთ სწავლების სამსაფეხურიან მოდელს. ფსიქოლოგიას მრავალ კითხვაზე შეუძლია პასუხის გაცემა: როგორ სწავლობენ ადამიანები?  როგორ გამოვიყენოთ ჩვენი ცოდნა სწავლის პროცესზე და სწავლების ეფექტურობის გაზრდის მოტივაციაზე? რა ვიცით ჩვენ იმ ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ მასწავლებლებს კომუნიკაციის პრობლემების გადაწყვეტაში? რით მოვახდინოთ მოსწავლეების მოტივირება? და ა.შ.
მურიმ და ჰენლიმ თავიანთი კვლევის შედეგად გამოავლინეს 13 პრობლემა, რომელთა გადაწყვეტაშიც მასწავლებლებს, როგორც წესი, დახმარება სჭირდებათ.
სწავლების ეფექტურობის გაზრდისათვის რეკომენდირებული ქცევის ტიპები
1. მასწავლებელმა წესების სისტემა პიროვნებებთან და სიტუაციასთან  შესატყვისობაში უნდა გამოიყენოს;
2. მასწავლებელმა უწესრიგობა თავიდანვე უნდა აღკვეთოს;
3. მასწავლებელმა უნდა დაიცვას დისციპლინა;
4. მასწავლებელი გამუდმებით უნდა გადაადგილდებოდეს აუდიტორიაში;.
5. მასწავლებელმა კონფლიქტური სიტუაციები ღიად და ემოციურად არ უნდა გადაწყვიტოს. რეკომენდირებულია არავერბალური კონტაქტი;
6. მასწავლებელი უნდა დარწმუნდეს, რომ დავალებამ დააინტერესა მოსწავლე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დავალება სრულდება ინდივიდუალურად;
7. მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს წესების ისეთი სისტემა, რომელიც მაქსიმალურად ზღუდავს მასწავლებლის მონაწილეობას დავალების შესრულების პროცესში;
8. მასწავლებელმა დრო რაციონალურად უნდა გამოიყენოს – მოსწავლეები გამუდმებით უნდა იყვნენ ჩართულნი დისკუსიებში, გამუდმებით უნდა მუშაობდნენ.
9. მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს ყურადღების მიპყრობის სტანდარტული სიგნალი;
10. მასწავლებელმა არ უნდა დაიწყოს მთელ ჯგუფთან საუბარი მანამ, სანამ არ დარწმუნდება, რომ ყველა უსმენს;
11. მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს სწავლების სხვადასხვა მეთოდები, კონკრეტული პირობების გათვალისწინებით;
12. მასწავლებელმა პერიოდულად უნდა ჩაატაროს ცოდნის შესამოწმებელი პროცედურები;
13. მასწავლებელმა უნდა შეათანხმოს მათემატიკური (და სხვა) თამაშები და გარეშე საქმიანობები თავის საგანთან;
14. მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს ტექნიკები, რომელთა მეშვეობითაც კონკრეტულიდან აბსტრაქტულზე ხდება გადასვლა, ანუ, კონკრეტული აზროვნებიდან ბავშვები გადაიყვანოს აბსტრაქტულ აზროვნებაზე;
15. მასწავლებელმა უნდა ერთმანეთს შეუნაცვლოს ადვილი და რთული დავალებები;
16. მასწავლებელი უნდა ფლობდეს ინფორმაციას კლასში მიმდინარე მოვლენებზე, სიტუაციის კურსში უნდა იყოს;
17. მასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს გაკვეთილის ჰარმონიული მიმდინარეობა და ერთი დავალებიდან მეორეზე გადასვლა;
18. მასწავლებლის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს გაკვეთილის მიმდინარეობის ტემპს;
19. მასწავლებელს უნდა შეეძლოს ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულების პროცესის კონტროლირება;
20. მასწავლებელმა ნათლად და გასაგებად უნდა მიაწოდოს მასალა;
21. მასწავლებელს უნდა შეეძლოს მოსწავლეების მოტივირება;
22. მასწავლებელმა უნდა გამოავლინოს ზრუნვა, მიმღებლობა და შეფასება მოსწავლეებთან ურთიერთობისას;
23. მასწავლებელი უნდა გრძნობდეს მოსწავლეების ნათელ და ფარულ მღელვარებას, სადარდებელს, შფოთვას;
24. მასწავლებელმა ერთდროულად რამდენიმე მოსწავლეს უნდა დაუსვას კითხვა;
25. დავალების შესრულებისას რეკომენდირებული შემდეგი დახმარება:
ა) დავალების გამეორება;
ბ) პატარა მინიშნებების მიცება;
გ) დამატებითი კითხვების დასმა.
26. მასწავლებელმა სახალხოდ უნდა შეაქოს მოწინავე მოსწავლეები, რათა არცთუ ისე კარგი მოსწავლეები ეცადონ დაწინაურდნენ;
27. მასწავლებელი არ უნდა გაურბოდეს კრიტიკას, მაგრამ კრიტიკა უნდა იყოს კონსტრუქციული და მსუბუქი;
28. აუცილებელია წახალისებულ იქნას მოსწავლეთა ერთობლივი მოქმედებები, რომელიც სამუშაოს ეხება, რა თქმა უნდა – კომენტარები, კითხვები და სხვა.
წყარო : Effective teaching by A. McKay
Illustration by Ryan O’Rourke
პედაგოგიური ფსიქოლოგია
მეცნიერება, რომელიც იკვლევს ადამიანის ქცევას სწავლის პროცესში.
ასწავლო, ნიშნავს ჩაუნერგო უნარები, ცოდნა, ურთიერთობები და ღირებულებები. მარტივად რომ ვთქვათ, მასწავლებელი რაღაცას ცვლის მოსწავლეში. მასწავლებელი ლაპარაკობს და აიძულებს, აჩვენებს და წარმართავს მოსწავლეებს.  ის იყენებს არამხოლოდ საკუთარ ცოდნასა და უნარებს, არამედ დამხმარე მასალებითაც (ფირები, კომპიუტერი, პროგრამები), ადამიანური რესურსებით და ასევე თავად მოსწავლეების ტალანტებით. ის მუშაობს მცირე და დიდ ჯგუფებში, კონკურენციისა და კოოპერაციის სიტუაციებში, ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში. მასწავლებელმა გამუდმებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
პაში და სხვები მიუთითებენ, რომ სწავლებამდე მიღებული გადაწყვეტილება ეხება მასწავლებლისა და მოსწავლეების მოქმედებების დაგეგმვას; სწავლის პროცესში მიღებული გადაწყვეტილება ეხება მოქმედებების კორექციას, რეზულტატების დაკვირვებას, წინასწარმრტყველებას და მოდიფიკაციას; გადაწყვეტილების შემდგომ მიღებული გადაწყვეტილება მოიცავს რეფლექსიას, წინასწარმეტყველებას და სწავლებაში ცვლილებებს.
***
სწავლების უნარ-ჩვევები მემკვიდრეობით არ გადაეცემა. ფსიქოლოგიას შეუძლია დაგვეხმაროს ამ უნარ-ჩვევების განვითარებაში. ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ სწავლობენ მოსწავლეები და როგორ ვითარდებიან, რა ახდენს მათ მოტივირებას, როგორ ფიქრობენ და იმახსოვრებენ, გვეხმარება ჩვენი შეხედულებების ფორმირებაში. შეხედულებები განსაზღვრავენ ჩვენს გადაწყვეტილებებს.
ფსიქოლოგია შეისწავლის ადამიანის ქცევასა და აზროვნებას. მის საფუძველს შემეცნების მეცნიერული პრინციპები შეადგენს. მეცნიერება გულისხმობს სიზუსტეს, ობიექტურობას. მეცნიერების მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს ექსპერიმენტი. თეორიის მთავარი ფუნქციაა დაკვირვების ახსნა და განზოგადება, კვლევისათვის მიმართულების მიცემა, პრაქტიკული მოქმედებების წინასწარმეტყველება და დასაბუთება. კანონი, ესაა მტკიცებულება, რომლის ჭეშმარიტებაც კითხვის ქვეშ არ დგას; პრინციპები არის ის მტკიცებულებები, რომლებიც ვარაუდი უფროა, ვიდრე რამე განსაზღვრული. მტკიცებები კი პირადი, ინდივიდუალური შეხედულებებია.
თარგმნილია წიგნიდან:

Guy R. Lefrancois, Psychology for Teaching

No comments:

Post a Comment