Friday, September 29, 2017

რა მნიშვნელობა ენიჭება კლასის ეფექტურ მართვას?

მასწავლებელი კლასში მრავალ ფუნქციას ასრულებს, მათ შორის კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია კლასის მართვა. შეუძლებელია, სწავლისა და სწავლების დონე ეფექტური იყოს კლასში, რომელსაც მასწავლებელი კარგად არ მართავს. კლასის მართვის უნარი არ არის ადვილად შესაძენი. მასწავლებელს დიდი ძალისხმევა სჭირდება კლასის მართვაში რომ დახელოვნდეს.
განათლების სფეროში ჩატარებული თანამედროვე კვლევების მიხედვით, მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე ყველაზე დიდ ზეგავლენას მასწავლებელი  ახდენს. ეფექტური მასწავლებელი ბევრ ფუნქციას ერთდროულად ასრულებს. ეს ფუნქციები შეიძლება ისეთ სამ ძირითად სფეროდ გავაერთიანოთ, როგორიცაა; 
  • სწავლების მეთოდების შერჩევა და გამოყენება
  • სასწავლო გეგმის მორგება მოსწავლეთა საჭიროებებზე
  • კლასის მართვის მეთოდების ეფექტური გამოყენება.
მასწავლებლის ფუნქციათა პირველი სფერო ეხება სწავლების მეთოდების გამოყენებას. ეფექტური მასწავლებელი სწავლების მეთოდების ფართო სპექტრს იცნობს და იყენებს. მას შეუძლია თანამშრომლობითი სწავლებისა და გრაფიკული სქემების გამოყენება; იცის, როგორ შეიძლება საშინაო დავალების საშუალებით მაქსიმალური სარგებლის მიღება; შეუძლია შეკითხვების დასმა და წინმსწრები აქტივობების გამოყენება. უფრო მეტიც, მასწავლებელმა კარგად იცის, თუ როდის, რა ტიპის მასალაზე და რა ტიპის მოსწავლეებთან შეიძლება ამა თუ იმ სწავლების მეთოდის ეფექტური გამოყენება. 

 მასწავლებლის ფუნქციათა მეორე სფერო ეხება სასწავლო გეგმის მორგებას მოსწავლეთა საჭიროებებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეფექტურ მასწავლებელს საგნის შინაარსობრივი მხარის, მასალის თანმიმდევრობისა და ტემპის სწორად განსაზღვრა შეუძლია, რა თქმა უნდა სახელმწიფო რეგულაციებზე დაყრდნობით სასწავლო გეგმის მიმართ.
მასწწავლებლის ფუნქციათა მესამე სფერო ეხება კლასის მართვის მეთოდების ეფექტურ დანერგვას.
მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ ამ სამი სფეროდან ცალკე აღებულ ერთ სფეროში მასწავლებლის ფუნქციათა შესრულება ეფექტური სწავლების აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი ფაქტორია. აღსანიშნავია, რომ სწავლების მეთოდების სწორად შერჩევა და გამოყენება, ისევე როგორც სასწავლო გეგმის მორგება მოსწავლეთა საჭიროებებზე კლასის მართვის ეფექტური დანერგვის უნარს ეფუძნება.

                                                                                  კლასის კარგ მმართველად იბადებიან თუ დროთა განმავლობაში ყალიბდებიან?

 მასწავლებელი, რომელიც კლასის ეფექტურ მმართველად ითვლება გამოირჩევა გარკვეული მახასიათებლებით. ეს მახასიათებლები ადვილად ყალიბდება და ბევრისთვის ინტუიციურ დონეზეც კი გასაგებია. შედარებით რთულია იმის დადგენა, თუ როგორ შეიძლება იქცეს მასწავლებელი კლასის კარგ მმართველად. საერთოდ, იბადებიან თუ დროთა განმავლობაში ყალიბდებიან კლასის კარგ მმართველებად? საბედნიეროდ, ამ შეკითხვაზე პასუხი იმედისმომცემია; კლასის ეფექტურ მმართველად მასწავლებელი დროთა განმავლობაში ყალიბდება. კლასის ეფექტური მმართველია ის, ვინც კარგად იცნობს და წარმატებით იყენებს კლასის მართვის კონკრეტულ მეთოდებს. ამ მეთოდების გაცნობა მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს მასწავლებლის პროფესიული ქცევის ცვლილებაზე. ეს კი მოსწავლის ქცევაზეც მოქმედებს და საბოლოოდ დადებითად აისახება მის აკადემიურ მოსწრებაზეც. განათლების სფეროში ჩატარებული სხვადასხვა კვლევაც ამ მოსაზრებებს ადასტურებს.
ბევრისათვის სასიხარულოდ უნდა ითქვას, რომ ამ სფეროში ჩატარებული კვლევების მიხედვით, კლასის კარგ მმართველად ჩამოყალიბება არც თუ დიდ დროს მოითხოვს. მაგალითად განვიხილოთ ემერის, სენფორდის, ქლემენთსის და მარტინის კვლევის (1982) შედეგები. ამ კვლევაში მონაწილეობდა ზოგადსაგანამანათლებლო სკოლის საშუალო საფეხურის 40 მასწავლებელი. ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ მასწავლებელმა შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს კლასის მართვის უნარი შესაბამისი სახელმძღვანელოს გაცნობისა და ორი ნახევარდღიანი სემინარის გავლის შემდეგ.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მასწავლებელს შეუძლია მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე. მასწავლებლის ფუნქციათა სამი სფეროდან - სწავლების მეთოდების სწორად შერჩევა და გამოყენება, სასწავლო გეგმის მორგება მოსწავლეთა საჭიროებებზე და კლასის მართვის მეთოდების ეფექტური გამოყენება - კლასის ეფექტური მართვა არის უმნიშვნელოვანესი, რადგან დანარჩენების საფუძველს წარმოადგენს.

გამოყენებული ლიტერატურა - 
CLASSROOM MANAGEMENT THAT WORKS 
Robert J.Marzano, Jana S. Marzno, Debra J.Pickering
 
 







Thursday, September 28, 2017

პროექტი - სწავლა-სწავლების პროცესში პროექტებზე მუშაობის მნიშვნელობა. პროექტის დაგეგმვის და განხორციელების პრინციპები

სწავლის პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მოსწავლეების მუშაობას პროექტებზე.
წარმატებული პროექტები მიუთითებს შედეგებზე, რომელთა მიღწევაც ჩვენ შევძელით სწავლის პროცესში.
პროექტის დაგეგმვის და განხორციელების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი პრინციპები;
  • პროექტზე მუშაობის დაწყების პირველი ეტაპი არის მოსწავლეებში ინტერესის და მოტივაციის გაღვივება. 
  • მნიშვნელოვანია შესასწავლი მოვლენების არსის განსაზღვრა.
  • ეფექტურია საინტერესო და კარგად ილუსტრირებული სტატიების გამოყენება, რომლებშიც საინტერესო, განსაკუთრებით ცხოვრებისეული მოვლენებია გადმოცემული.
  • კარგად მუშაობს გამოწვევის ეტაპზე სამეცნიერო - პოპულარული ფილმების ჩვენება, ან სპეციალურად მომზადებული სლაიდების წარდგენა. რესურსის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ძალზე მიმზიდველი გამოცემა "შემეცნების სამყარო"
პროექტის მიზნების განსაზღვრის ეტაპზე აუცილებელია განისაზღვროს ოთხი ტიპის დამოკიდებულება;
1. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების რომელი პუნქტი მიიღწევა პროექტის შესრულების შედეგად.
2. საგნის სწავლების კონცეფციიდან რა უნარებს და დამოკიდებულებებს განუვითარებს მოსწავლეს პროექტის განხორციელება.
3. საგნის სტანდარტიდან რომელ შედეგებზე გავლენ მოსწავლეები პროექტის განხორციელებისას.
4. საგნის სტანდარტიდან, რომელი ინდიკატორები უჩვენებს პროექტის წარმატებულ შესრულებას.
მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა საკუთარი საქმიანობის დაგეგმვის ჩვევები შეიძინონ, ისწავლონ გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო მიზნების განსაზღვრა.
კარგი იქნება თუ წინასწარ მივცემთ სავარაუდო ინფორმაციას, წყაროების ჩამონათვალს, ეს უფრო მიზანმიმართულს გახდის მოსწავლეების მიერ სხვა დამატებითი წყაროების ძებნას.
პროექტზე მუშაობისას აუცილებელია ბავშვებს განუვითაროთ თვითშეფასების უნარები. ვაჩვენოთ მაგალითები, თუ როგორ და რა პრინციპით დგება შეფასების რუბრიკები და სქემები.
მკაფიოდ შედგენილი შეფასების რუბრიკა თავად არის გზამკვლევი მოსწავლეებისათვის საქმიანობის წარმატებულად წარმართვაში.
მოსწავლეები უნდა მივაჩვიოთ კვლევის პროცესში შექმნან მიზეზ-შედეგობრივი სქემები, რომლებიც დაეხმარებათ მათ პროცესებისა და მოვლენების არსში უკეთ გარკვევაში .
კვლევების და პროექტის მიზნის განსაზღვრისათვის დაგვეხმარება მკაფიო კრიტერიუმები, ასევე ცოდნის კატეგორიები და ათვისების ფაზების ცოდნა.



გამოყენებული ლიტერატურა - "განათლების პროფესიული სინდიკატი" - პერიოდული მეთოდური პუბლიკაციები. N 2, ივნისი, 2009

Friday, September 22, 2017

ახალი 2016-2017 სასწავლო წელი !!!! შ.პ.ს. N 1 სკოლა (გოქაძე)

ახალი 2016-2017 სასწავლო წელი გრანდიოზულად აღინიშნა ქ.ქუთაისის შ.პ.ს. N 1 სკოლაში (გოქაძე)
სკოლაში მოსულ  ბავშვებს  დახვდათ უამრავი სიურპრიზი - განახლებული გარემო და საკლასო ოთახები, პროფესიონალი პედაგოგები, ფერადი ბუშტები, მხიარული ჯამბაზები, მოწვეული მომღერლები - თიკა ჯამბურია და გიორგი მეფისაშვილი. ახალი სასწავლო წელი მოსწავლეებს მიულოცათ დირექტორმა ბატონმა გოჩა გოქაძემ და სასწავლო ნაწილმა - ქალბატონმა ნინო ხურციძემ, მათ წარმატება უსურვეს  მოსწავლეებს  და  მათ მშობლებს და შეახსენეს სწავლების ის მაღალი სტანდარტები, რასაც ისინი სთავაზობენ მოსწავლეებს უკვე მრავალი წელია. 








საზეიმო ნაწილი დასრულდა ტორტის გაჭრით და დაგემოვნებით 😊
წარმატებული სასწავლო წელი გვქონოდეს -  🎆🎇🎇🎇🎉🎉🎉🎉🎒🎒🎒🎓🎓🎓