Friday, July 13, 2018

ხართ თუ არა კარგი მასწავლებელი?

თავი კარგ მასწავლებლად მიგაჩნიათ? ამაზე ხშირად ფიქრობთ? ზუსტად ვერ ხვდებით, რას ნიშნავს იყო კარგი მასწავლებელი? არ იცით, რა არის მთავარი კარგი მასწავლებლისთვის – კომპეტენცია, ადეკვატურობა, ცოდნის გადაცემის უნარი, გამოცდილება თუ უშრეტი კრეატიულობა? ვეცდებით, ამ კითხვებზე პასუხი შემოგაშველოთ, თქვენ კი თავად განსაზღვრეთ თქვენი პროფესიული საქმიანობის ხარისხი.
  1. კარგი მასწავლებელი სვამს კითხვას და შეუძლია პასუხის მოსმენა. ეს უნივერსალური უნარია, რომელიც მასწავლებლის საქმიანობის რამდენიმე მხარეს წარმოაჩენს. კარგი მასწავლებელი მოსწავლეს სულელურ კითხვებს არ უსვამს, რადგან სულელურ კითხვებზე ასეთივე პასუხებს მიიღებს.
კითხვა უნდა იყოს მკაფიო. მას უნდა ჰქონდეს მიზანი. კარგი მასწავლებელი ბევრ კითხვას სვამს, ეს მისი მთავარი ინსტრუმენტია. კითხვამ მოსწავლეთა დიდ ნაწილს ინტერესი უნდა აღუძრას. კითხვა შეიძლება იყოს ირიბი. კითხვა შეიძლება კარნახობდეს პასუხს. კითხვა უნდა დაისვას ისე, რომ მასზე რაიმე პასუხი მაინც მოიძებნოს. კითხვამ უნდა დააფიქიროს მოსწავლე – ესაა მთავარი.
მასწავლებლები ხშირად ამბობენ, რომ კარგი კითხვის დასმა კარგ მოსწავლეს შეუძლია, მაგრამ ვინ ასწავლის ამას, თუ არა მასწავლებელი?..
  1. კარგი მასწავლებლის კლასში ყველა მოსწავლე ადამიანია. ალბათ ზედმეტი იქნება იმაზე მინიშნება, რომ კარგი მასწავლებელი ფიზიკურად არ სჯის მოსწავლეებს, არ შეურაცხყოფს, არ წყევლის და არ აგინებს, ბავშვების ერთ ჯგუფს მეორეს არ ამტერებს. მაგრამ, ყველაფერ ამასთან ერთად, კარგი მასწავლებელი ნორმალურად ექცევა მათ, ვისაც მისი საგანი მიზეზთა გამო არ უყვარს.
მოსწავლე მასწავლებელს რომც გადაემტეროს და მიზნად დაისახოს მისი დამცირება, მასწავლებელმა ასეთივე მეთოდებით არ უნდა უპასუხოს. ფსიქოპათი მოსწავლეც კი სწავლობს ურთიერთობის სხვა ფორმებს მასწავლებლისგან. ეს უნდა გვახსოვდეს.
  1. კარგი მასწავლებელი თავის ტემპერამენტს საქმის სასარგებლოდ იყენებს. მასწავლებელს შეიძლება ჰქონდეს რკინის ნერვები, მწარე ენა, კეთილი გული. მასწავლებელი შეიძლება იყოს ხანდაზმული მამაკაციც და ახალგაზრდა ქალიც, აუტისტიც და პიროვნებაც, რომელიც ზედმეტ ყურადღებას აქცევს საკლასო დისციპლინას, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ მან, თავისი ფსიქოფიზიოლოგიის მიუხედავად, ყოველთვის მიაღწიოს მიზანს და სწავლების დროს თავს ისე გრძნობდეს, როგორც თევზი წყალში.
მასწავლებელი ქმნის სამყაროს, სადაც ის ზედმეტი კი არ არის, არამედ რომელსაც ორგანულად ავსებს. მისი რეაქციები და ემოციები მოსწავლეებისთვის სასარგებლოა. ასეთ კლასში მოსწავლეები მასწავლებლის ტალღაზე გადადიან, მისი ატმოსფერო მათთვის მისაღები ხდება. ისინი მშვიდდებიან, მაგრამ არ „მუხრუჭდებიან“, ცოცხლდებიან, მაგრამ არ ცელქობენ.
კარგი მასწავლებლის კლასში იმიტომ კი არ დგას სიჩუმე, რომ ბავშვებს ეშინიათ, არამედ იმიტომ, რომ კონცეტრირებულები არიან, ხმაური კი საკლასო ოთახიდან მხოლოდ დებატების დროს გამოდის.
არცთუ კარგ მასწავლებელს თავისი ტემპერამენტი ხელს უშლის, კარგ მასწავლებელს კი ხელს უწყობს სამუშაო პროცესის წარმართვაში. კარგი მასწავლებელი რეალისტურად აფასებს თავის თავს და არ სჭირდება, გამოიყურებოდეს იმაზე უკეთესად, ვიდრე სინამდვილეშია.
  1. კარგი მასწავლებელი სამართლიანი და ღირსეული პიროვნებაა. ბავშვებსა და მოზარდებთან სხვანაირად ვერც იმუშავებ. ჩვენს დროში ძნელია იყო სამართლიანი და ღირსეული, მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. გაიხსენეთ, ასეთი მასწავლებლები თქვენც გვყავდათ.
  2. 5. კარგ მასწავლებელს სკოლის მიღმა თავისი ცხოვრებაც აქვს. მაგალითად, უყვარს არტჰაუსი ან დამატებით ლექციებს კითხულობს უნივერსიტეტში. ცხადია, არსებობენ ისეთი მასწავლებლებიც, რომლებიც მხოლოდ სასკოლო ცხოვრებით სუნთქავენ, მაგრამ, როგორც წესი, ისინიც ცდილობენ, გაიმრავალფეროვნონ ცხოვრება სკოლის სივრცეში – ხსნიან წრეებს, ხშირად დაჰყავთ ბავშვები ექსკურსიებზე, ანუ სკოლა მათთვის მხოლოდ სკოლა არ არის.
  3. 6. კარგ მასწავლებელს კარგი იუმორის გრძნობა აქვს. არ ვგულისხმობთ მასხარაობასა და ბრტყელ-ბრტყელ ხუმრობებს – ამ შემთხვევაში იუმორი მასწავლებლის ადეკვატურობის ნაწილია, სწორედ იმ დოზით და იმ დროს, როცა და რამდენიც საჭიროა. ჯანსაღი იუმორი მასწავლებელს სიტუაციის მართვაში, მოულოდნელი და კრეატიული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. მასწავლებლის კარგ იუმორს მოსწავლეები ყოველთვის ჯეროვნად აფასებენ.
ცნობილია, რომ ცეკვა ყველაზე ეფექტიანად ებრძვის გუდ განწყობას. ცეკვის დროს ადამიანი ბევრი პატარ-პატარა მოძრაობას ასრულებს, რათა პარტნიორს შეეწყოს, ამიტომ ტვინი ინტენსიურად მუშაობს. კარგი მასწავლებლის სამუშაო პროცესი ცეკვას ჰგავს, ოღონდ მას მოსწავლეების სახით რამდენიმე ათეული პარტნიორი ჰყავს.
  1. კარგი მასწავლებელი მოწიფული ადამიანია. შესაძლოა, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის საგრძნობი ასაკობრივი სხვაობა არ იყოს, მაგრამ მასწავლებელი გაცილებით მომწიფებული იყოს სულიერად, ჰქონდეს ჩამოყალიბებული აზროვნება, რაც პასუხისმგებლობის აღებით გამოიხატება – მასწავლებელი პასუხს აგებს კლასის ყოველწუთიერ სიტუაციაზე, იქაურ ატმოსფეროზე, მოსწავლეებზე.
მასწავლებელს შეუძლია გაბრაზდეს, თავი ვერ მოთოკოს, უადგილოდ გაეცინოს – ისიც ადამიანია, მაგრამ მას არ აქვს უფლება, უსუსურობა გამოამჟღავნოს. მოსწავლის პროვოკაცია მასზე არ უნდა მოქმედებდეს.
კარგი მასწავლებლის კლასში არ არიან ფორმალური ლიდერები, ლიდერი მხოლოდ ერთია – მასწავლებელი.
  1. 8. კარგ მასწავლებელს ცოდნასთან ერთად ემოციის გადაცემა შეუძლია. იგულისხმება ის, რომ მასწავლებელს უყვარს თავისი საგანი. ინფორმაციას, როგორც ასეთს, არ აქვს ფასი, თუ ის ემოციურად არ გადაეცი. უემოციოდ გადაცემული მასალის დამახსოვრება ძნელია. მაგალითად, ფიზიკას თუ შეგაყვარებენ, ის უფრო იოლად ისწავლება. ემოციის გადასაცემად საჭიროა ემპათია, მსმენელის დაინტერესება, „დაბმა“. პედაგოგიკაში ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია. მისი არსი ის არის, რომ მასწავლებელმა უნდა შეაყვაროს თავისი საგანი მოსწავლეს. ხშირად საყვარელი მასწავლებლისა და საგნის გავლენის ქვეშ მოქცეული ნახევარი კლასი მართლაც ფიზიკის ფაკულტეტზე აბარებს. ის ფაქტი, რომ მასწავლებელი თავს გაყვარებს და მისი საგანიც გიყვარდება, მოსწავლის მომავალ ცხოვრებას მთლიანად ცვლის.
  2. კარგი მასწავლებელი დიდხანს ძლებს სკოლაში. სკოლა ის ადგილია, სადაც ბევრი რამ მოსაწყენი და არასწორია. ძნელია მშობლებთან ურთიერთობა, სკოლის ადმინისტრაციის ახირებების შესრულება, ქაღალდომანიისა და დაბალი ანაზღაურების ატანა… მასწავლებელი მითიური გმირივითაა, რომელმაც ისე უნდა შეძლოს ლავირება, რომ წყალქვეშა დინებამ არ გაიტაცოს და გაკვეთილებიც ეფექტიანი გამოუვიდეს. მასწავლებელი არ არის სასოწარკვეთილი ადამიანი. ის დიპლომატია, რომელიც უფრთხილდება საკუთარ დროსა და სივრცეს.
კარგი მასწავლებელი დარწმუნებულია, რომ სკოლას შეუძლია, თანამედროვე მიდგომების მეშვეობით აღზარდოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.
  1. კარგი მასწავლებელი არ არის „გადამწვარი“ მასწავლებელი. „გადაწვის“ საფრთხე ნებისმიერ ადამიანს ემუქრება, მაგრამ ამ კონტექსტში მასწავლებელი სწორედ ის პერსონაჟია, რომელსაც გამძაფრებული აქვს თვითგადარჩენის ინსტინქტი და პროფესიას საკუთარი თავის ბოლომდე „შეჭმის“ ნებას არ აძლევს. ხდება ხოლმე, რომ კარგი მასწავლებელი შედის „გადაწვის“ პირველ ან მეორე სტადიაში (დაღლილობა, აპათია, სიცარიელის განცდა), მაგრამ მაინც ახერხებს ძალ–ღონის მოკრებას და მესამე სტადიისთვის თავის დაღწევას (მესამე სტადიაზე მასწავლებელს სძულს ყველა მოსწავლე და კოლეგა). ძალ–ღონის მოკრებაში მასწავლებელს მეხუთე პუნქტი ეხმარება (სხვა ცხოვრება სკოლის გარეთ).
  2. კარგი მასწავლებელი არ აზროვნებს მხოლოდ სასკოლო კატეგორიებით. მას არ მიაჩნია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მოსწავლემ თავი უნდა შეაკლას მისაღები გამოცდებისთვის მზადებას. ის მშვიდად უყურებს სკოლის ცხოვრების ფორმალობებს. მას ესმის, რომ თუ ვინმეს სწავლა არ უნდა, შეიძლება უამრავი მიზეზი ჰქონდეს და ყველა მიზეზის სასწრაფოდ აღმოფხვრა აუცილებელი არ არის. კარგ მასწავლებელს გააზრებული აქვს, რომ არ შეიძლება, ყველა მოსწავლეს უყვარდეს სკოლა.
კარგი მასწავლებელი მშვენივრად არჩევს ერთმანეთისგან შემოქმედებით ქაოსს და უბრალოდ ქაოსს საკლასო ოთახში.
კარგი მასწავლებელი თვალს ხუჭავს წვრილმანებზე, რათა ამასობაში ძირითადი არ გამოეპარპს. ის არ უკირკიტდება წვრილმანებს. მას სკოლაში სხვა, გაცილებით სერიოზული მისია აქვს.
წყარო : http://mastsavlebeli.ge

რას ხვდება ზღაპარში მოხვედრილი თორმეტი წლის ბიჭი

ლევან ბოლქვაძის ერთადერთი წიგნის შესახებ
პირველად ინტერნეტგაზეთში Mastsavlebeli.Ge წერილის გაგზავნის სურვილი მაშინ გამიჩნდა “ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“ რომ წავიკითხე. მომინდა, რაც შეიძლება ბევრი მოსწავლისთვის გამეზიარებინა შთაბეჭდილებები, შუამდგომლობას კი მასწავლებლებზე უკეთ ვინ გამიწევდა. დღეს თქვენს გვერდით აღმოვჩნდი (ზღაპარივით ამბავი მოხდა) და თავს ვალდებულადაც კი ვთვლი სწორედ ამ წიგნზე საუბრით დავიწყო.
უმცროსი თაობის წიგნით დაინტერესება რთული საქმეა, მაგრამ გამოსავალიც რომ ყოველთვის მოიძებნება, ჯიუტად მჯერა. კითხვის შეყვარების დიდოსტატი დანიელ პენაკი გვირჩევს, “წიგნის წაკითხვა კი არ დაავალოთ, წაკითხვით გამოწვეული ემოციები გაუზიარეთ მოსწავლეებსო“ თურმე, სასურველი შედეგი მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღწევა. ვცადოთ, იქნებ ერთად გადავდგათ გადამწყვეტი ნაბიჯები.
აქვე იმასაც აღვნიშნავ, ნაწარმოებს ზღაპარი თუ ჰქვია სულაც არ ნიშნავს, რომ მხოლოდ პატარებისთვის დაწერეს. ლევან ბოლქვაძის ზღაპარი მოზარდების, მათი მშობლებისა და პედაგოგების  წასაკითხი წიგნია. ყველაზე მეტად კი სწორედ მასწავლებლების ყურადღება მინდა მივიპყრო, ერთი უბრალო მიზეზის გამო – საუკეთესო კლასგარეშე საკითხავი რომ შესთვაზონ მოსწავლეებს.
thumb_7924360283
ფათერაკებიანი ავტორის ერთადერთი წიგნი
ზღაპარს არც ლევან ბოლქვაძის ცხოვრება ჰგავდა: 21 წლისა გადაასახლეს და სამი წელი გულაგში გაატარა. ავტობიოგრაფიული მომენტები ნაწარმოების დასაწყისიდანვე თვალშისაცემია. ავტორი მთავრ გმირ კონსტატნტინეს, მეტსახელად ჭაბუკას ასე გვაცნობს: “მკითხველო, შესაძლოა 12 წლის ბიჭი არც ისე პატარა გეჩვენოს, მაგრამ, როცა გიამბობ თავს რაც გადახდა, მაშინ დამეთანხმები, რომ მისთვის ასეთი ფათერაკები ნამდვილად ნაადრევი იყოო.“ ძალაუნებურდ პარალელს ვავლებთ: შესაძლოა მავანს 21 წლის ბიჭი არც ისე პატარად ეჩვენა, გადასახლებაში გასაგზავნად გაიმეტა, თუმცა, რაც თავს გადახდებოდა, ეტაპით მგზავრობიდან დაწყებული დაბრუნებამდე, დარწმუნებული ვარ, ნაადრევი იქნებოდა მისთვის.
1978 წელს გამომცემლობა “ნაკადულის“ რედაქტორმა, არჩილ სულაკაურმა “ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“ რისკის ფასად გამოსცა. იმჟამინდელი პოლიტიკური ატმოსფეროდან გამომდინარე რუსებმა ნაწარმოებს პოლიტიკური პამფლეტი უწოდეს და თარგმანზე უარი განაცხადეს. თუმცა, შორს რომ არ წავიდეთ, წიგნი სათანადოდ არც ქართველმა მკითხველმა მიიღო და გაითავისა.
ლევან ბოლქვაძის მწერლური ბედი გამონაკლისი როდია. პოლიტიკური შეხედულებების გამო არაერთი ავტორი ყოფილა მიჩქმალული. საბავშვო მწერლებიდან ჯანი როდარის მაგალითიც გამოდგება: კომუნისტური მსოფლმხედველობის გამო მას იტალიაში არ აღიარებდნენ, მაშინ როდესაც, როდარის ზღაპრები საბჭოთა კავშირის ლამის ყველა რესპუბლიკაში გადათარგმნეს, მისი ნაწარმოებების მიხედვით ანიმაციურ თუ მხატვრულ ფილმებს იღებდნენ, სპექტაკლებს დგამდნენ. თუმცა, დრომ დამოკიდებულებები შეცვალა, ჩიპოლინო, ჯელსომინო თუ სხვა მსოფლიოს ნებისმიერი ბავშვისთვის საყვარელ გმირებად იქცა. დღეს, დიდი თუ პატარა ჯანი როდარის ზღაპრებს რომ კითხულობს, მწერლის პოლიტიკური წარსული სულაც არ ანაღვლებს.
ვფიქრობ, დროა ქართული საბავშვო ლიტერატურის ისტორიაში ლევან ბოლქვაძის ერთადერთ წიგნსაც მივუჩინოთ საკადრისი ადგილი, მითუმეტეს, რომ თანამედროვე მოზარდს ამ ნაწარმოების გასაგებად, სულაც არ დასჭირდება ზედმეტი ახსნა-განმარტება, იმის გარკვევა, როგორ ცხოვრობდა ხალხი საბჭოთა კავშირში. XXI საუკუნის ახალგაზრდა მკითხველი ყველაფერს მშვენივრად მიხვდება, ვნაიდან ნაწარმოები დღესაც რელევანტური, ადვილად გასაგები და გამაფრთხილებელია. გამაფრთხილებელია, ვინაიდან მასში აღწერილი მეფე ჩიგიდის სამეფო, სადაც დრო მეფეს დაუტყვევებია, სინამდვილეში ავტორიტარული რეჟიმის ნათელი მაგალითია.
თემები წიგნში და წიგნის გარშემო
როგორი გაუცხოვებულიც არ უნდა იყოს მოზარდი წიგნთან, ერთ მშვენიერ დღეს უსათუოდ დაუბრუნდება, ვინაიდა “კი არ დაკარგულა, გზა აბნევია“ (კვლავ პენაკისეულ ოპტიმიზმს ვიშველიებ). გზების მაჩვენებლებად კი ჩვენ ვიქცეთ, წინა პლანზე წამოვწიოთ მათთვის საინტერესო თემები, რომელთა მოძებნა ლევან ბლქვაძესთან ნამდვილად არ გაჭირდება. ამ ხერხით ახალგაზრდებს იოალდ მოვახვედრებთ “ზღაპარში“ და იმასაც მივახვედრებთ რისი თქმა სურდა ავტორს, ნახევარი საუკუნის შემდეგაც თანადროული რომ დარჩა.
ორიგინალური პარალელების გავლება შეგვიძლია ჯორჯ ორუელის ცნობილ წიგნთან “1984“ (მოზარდებს წაკითხული თუ არ აქვთ, ინტერესს გავუღვივებთ და ორ კურდღელსაც დავიჭერთ). გავიხსენოთ იქ აღწერილი იერარქიული რეჟიმი, ფიზიკურ და სულიერ მონობაზე დაფუძნებულ წყობა, მასობრივი შიშის თესვა, გაუტანლობა, დასმენები, თავისუფალი აზროვნების უარყოფა, ტვინიდან “ფანტაზიის ცენტრის“ მოსპობის მცდელობა. ორუელისეული ოკეანიასა და ლევან ბოლქვაძისეულ მეფე ჩიგიდის ქვეყანაში მუდმივად მტრებს დაეძებენ, მოქალაქეების პირადი ცხოვრება კი სრული კონტროლის ქვეშ მოუქცევიათ.
დილაობით ადამიანებმა არ იციან მეფე ჩიგიდი რა ამინდს გამოაცხადებს და გარეთ გამოსასვლელად ტანსაცმელს ვერ არჩევენ. თუ გამოცხადდა ზამთარიაო, მზით გაჩახჩახებული დღეც რომ იყოს, ბუხრებს ანთებენ, ქურქებში ეწყობიან, ციგურებით სრიალებენ, გუნდაობენ, სახურავებს თოვლავენ, გზებზე ნაცარს ყრიან, იმასაც კი ყვებიან, რომელიღაც უბანში ლოლუა მოწყდა, მეფის ერთგულ ქალს დაეცა, იქვე გაათავა და მეფემ მისი სახელმწიფო ხარჯზე დაკრძალვა ბრძანაო.  ჯანიანი, ბიჭები დაძრწიან და ამოწმებენ, ეჭვი ხომ არავის ეპარება ეზოში თოვლი რომ დევს.
ციხე, მიუხედავად იმისა, რომ მას “ოქროს გალია“ ჰქვია, არავის იზიდავს, ამიტომ მთელი ქლაქი ერთმანეთს ეჯიბრება ვინ უფრო მოიგიჟიანებს თავს. “რაც უფრო მეტ უაზრობას სთხოვენ ხალხს, მით უფრო მეტი ხალისითა და გატაცებით ასრულებს ყველა მოძალადის სურვილს,“ – დასძენს ლევან ბოლქვაძე. ამ სიტყვების არსი მას ხომ მშვენივრად ესმოდა, იცოდა “ოქროს გალიაში“ რატომ სვამდნენ ადამიანებს. იცოდა და ჭაბუკას თავგადასავალს ზღაპრულად ამგვანებდა სინამდვილეს.
7185372114
წიგნში კომიზმით დატვირთული უამრავი პასაჟია, თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ სახელმწიფოში ორგვარი კანონი ჰქონდათ: ურღვევი და მეორე. სასახლის “სიკეთის დეტექტორის“ ისარი ნულს თუ გაუთანაბრდებოდა, ობლებს მოაგროვებდნენ, დააპურებდნენ და როგორც კი ისარი ერთი ერთეულით აიწევდა, კინწისკვრით ყრიდნენ. საყოველთაო განუკითხაობას ისიც ემატებოდა, რომ “დიდი მათემატიკოსი“ პირველი მინისტრი ცდილობდა ყველაფერი ფორმულებით აეხსნა: “დაწინაურებას ახარისხებას ეძახდა, დამცრობას ფესვის ამოღებას, თუ ვინმე შაეავიწრვებდა იტყოდა შევკვეცოთო, ადამიანი სახელმწიფო ინტერესებს თუ შეეწირებოდა – ნულამდე დავიყვანეო.“
ავტორიტალური რეჟიმისთვის დამახასიათებელი დამოკიდებულებაა განსხვავებულად მოაზროვნეებისადმიც: მეფე ჩიგიდი ამჩნევდა, რომ კომპოტინი ყველ მის მინისტრზე ჭკვიანი იყო, ამიტომ ბრძანა გიჟად გამოაცხადეთო, თუმცა, ბოლომდე არ გასწირა, სასახლეშივე გაუხსნა “სიკეთოლოგიის ლაბორატორია“ და პენსიაც დაუნიშნა. ამ შემთხვევაში პარალელი გურამ დოჩანაშვილის “სამოსელ პირველთან“ შეგვიძლია გავავლოთ: ტანხვლიკიანი მარშალი ედმონდო ბეტანკური სამწვანეთის ბინადრებზე ამბობს: “მაგათ მე მგონი, ერთმანეთიც არ სძულთ და ეგ ვერაა კარგი ამბავი!.. უნდა დავქსაქსოთ! არა-დააა ძალით უხერხულია… ტყე გავუჩეხოთ… მერე კი ვიღას ენდომება ხრიოკი სამშობლო და გადაგვარდებიანო!“ ტბიანი სოფლების მკვიდრ მოსახლეობას, ცასა და მცენარეებს რომ იკვლევენ, “მზრუნველი“ მარშალი საუკეთესო მზარეულებს, ცხარე სანელებლებით შეკმაზული ღორის ხორცით კვებას და ღვინით თრობას გამოუწერს “ცისა და ქვეყნის გაგების სურვილი ძღომის სურვილად რომ  გადაექცეთ და გაბედულება დაკარგონ.“
ტექსტის მაღალმხატვრული ღირებულება განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს. შთამბეჭდავია გლიცინიის დაბრუნების მომენტი, როდესაც მცენარეს სასახლის აივანზე ცხოვრება და იქ გამეფებული უსამართლობის ატანა აღარ შეუძლია, გარბის, ჭიშკარს ევლება, მაგრამ იჭერენ და პირვანდელ ადგილზე ძალით აბამენ. ექსპრესიული რიტუალებით დატვირთულია ყვავილების დატირება: ტიტებს, მიხაკებს, ნარგიზებს, გიაცინტებს ძვირფას ტახტრევანზე ასვენებენ, სასახლის გალავნის ჭიშკრიდან გამხმარი ხეები და ბუჩქები ურმებით გამოაქვთ, საყვარელ ყვავილებს პრინცესა ძვირფას ქოთნებში ასვენებს და თავის სარკმელთან, ბაღში მარხავს.
მხატვრული ხერხებითა და ირონიული ქვეტექსტებით გამორჩეული თავია “მშვიდი ქალაქი.“ იქაური  ცხოვრების წესი “მეცნიერულად გამართლებული“ და სანიმუშოა სხვა ქვეყნებისთვის, თუმცა, სინანულს იწვევს ოთახის ფინიებივით გაწრთვნილი, ეშვებდაცლილი გარეული ცხოველები, კეთილი ბებიების თანამდებობა, თმის ფერის მიხედვით შექმნილი ოჯახები და რადიკალიზმის სხვა მავნე შედეგები.
დარწმუნებული ვარ, გამოგონილ ქალაქებში მოგზაურობა მოსწავლეებს “აღმოჩენებისთვის“ განაწყობს, არაერთ საინტერესო თემას წამოწევენ და პარალელებს არა მხოლოდ სხვა წიგნებთან, ისტორიასთანაც გაავლებენ.
მიუხედავად იმსა, რომ „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბიდან“ მრავალი პასაჟი მოვიყვანე, არითმეტიკულად რომ წარმოიდგინოთ, ზღაპრის მხოლოდ ერთი მეთექვსმეტედი გიამბეთ. წიგნში უამრავ საინტერესო პერსონაჟს შეხვდებით, აღარაფერს ვამბობ სულკატიანების უბანზე, მენაცვალეს ყოვლისგამძლე კუჭზე, ბარონესა ცუკერტორტის ტიტულებზე, ჯამბაზ ვინის სატირულ სიმღერებზე, კოდურ სიტყვებზე, გულებსა თუ სახლებს შორის გაბმულ სასიყვარულო და სახიფათო თოკებზე.
მთავარი გმირი – შენელებული მოქმედების ნაღმი
ბოლოს კი მთავარ გმირზეც მოგახსენებთ: წიგნის ყდიდანვე მოჩანს კითხვა რომ უყვარს, წიგნების გარემოცვაში ცხოვრობს და როგორც აღმოჩნდება, წიგნის გამო მეგობრებთან თამაშსაც კი თმობს ხოლმე. მას შემდეგ, როდესაც მასწავლებლები მოსწავლეებთან ერთად აღმოვაჩენთ როგორ სიმამაცეს, ერთგულებასა და სიყვარულს გამოიჩენს ჭაბუკა, როდესაც დავრწმუნდებით, რომ მთავარი გმირი მისაბაძი და ამავე დროს თანამედროვე ბიჭია, კარგი საშუალება გვეძლევა ყურადღება გავამახვილოთ მის უმთავრეს ღირსებაზე – კითხვა რომ უყვარს!!!
საბავშვო თუ საყმაწვილო ლიტერატურაში მრავლად გვხვდება მსგავსი გმირები,  უამრავი დადებითი თვისებით აღჭირვილები და ამავე დროს წიგნიერები. ეს ერთგვარი ნელი მოქმედების ნაღმია, მწერალი საკუთარ აბზაცებში შეგნებულად რომ დებს. მისი აფეთქება კი მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – პროპაგანდა გაუწიოს კითხვას, დაარწმუნოს უმცროსი თაობა, რომ ნაკითხი ადამიანები ყოველთვის შეძლებენ უწიგნური ადამიანების მართვასა და ლოგიკური დასკვნების გამოტანას.
წყარო : http://mastsavlebeli.ge

კენეთ გრემის `ქარი ტირიფებში~ – საბავშვო წიგნი, სადიდო საფიქრალი


“ზღაპრული გმირების გარეშე ბავშვი შავ-თეთრი
 ცხოვრების ამარა რჩება”
(დ.პენაკი)
“ქარი ტირიფებში” –  შოტლანდიელი მწერლის კენეთ გრემის წიგნია, რომელიც 1908 წელს ინგლისში გამოიცა, არნახული აღიარება მოუტანა ავტორს, დღეს კი საბავშვო ლიტერატურის კლასიკადაა აღიარებული. სამწუხაროდ, საუკუნეზე მეტი დრო დასჭირდა, სანამ ქართულ ენაზე გადათარგმნიდნენ და ქართველი მკითხველიც გაიცნობდა ამ უცნაურ წიგნს – უცნაურს, იმის გამო, რომ ძალზე რთულია ასაკობრივი ცენზი მიანიჭო და გადაჭრით თქვა პატარებისთვისაა დაწერილი თუ დიდებისთვის.
ჯონ ლენონის ბავშვობისდროინდელი ოთხი საყვარელი წიგნიდან ერთ-ერთი სწორედ `ქარი ტირიფებში~ ყოფილა. ჯონ ლენონს ამ წიგნის სიყვარულში არც ლეგენდარული როკ ჯგუფის Pink Floyd დამფუძნებელი სიდ ბარეტი ჩამოუვარდებოდა: Pink Floyd პიველი ალბომი სწორედ მისი ზეგავლენით შექმნა,  სახელწოდებად კი მერვე თავის სათაური The Piper at the Gates of Dawn  (`მესტვირე განთიადის კარიბჭესთან~) გამოიყენა. ეს ის ფილოსოფიურ-მისტიკური თავია, პაწაწინა წავი რომ დაიკარგება, მოხუცი ვირთხა და ძია თხუნელა მის  საძებრად გასწევენ და ოჩოპინტრეს მსგავს არსებას გადაეყრებიან, რომელიც სტვირს ამღერებს და კეთილ თვალებს ახამხამებს.
მაპატიეთ, შესაძლოა `ქარი ტირიფებში~ ჯერაც არ წაგიკითხავთ, მე კი ფამილარულად მოვიხსენიე პერსონაჟები და პირდაპირ წიგნის მეორე ნახევარში ამოგაყოფინეთ თავი. ვერაფერს გახდები, ამ `უცნაურ~ წიგნზე საუბარი თუ დაიწყე, გაჩერება რთულია. კენეთ გრემმაც განსაკუთრებულად მოინდომა, ზღაპარს საკუთარი ვაჟისთვის წერდა, ფაქიზი გრნობებით უხვად გააჯერა და გამოუვიდა კიდეც ამბავი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მილიონობით ბავშვს დღემდე რომ ხიბლავს.
ოთხი მთავარი გმირის – მოხუცი წყლის ვირთხას, ძია თხუნელას, ბატონი მაჩვისა და მდიდარი გომბეშოს თავგადასავლები დიდსა თუ პატარას ერთნაირად ახალისებს, თუმცა, განსხვავებულ საფიქრალს უჩენს. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველების სამყაროში გადავდივრთ, მათი ყოფისა და პრობლემების თანაზიარი ვხდებით, გვერდს ვერ ვუვლით ისეთ მარადიულ თემებს, როგორიცაა მეგობრობა, ახლობლის თანადგომა, სხვისი ინტერესების გათვალისწინება, საკუთარი სახლის, კუთხის სიყვარული და ბუნებისადმი განსაკუთრებული მოწიწება.
`ქარი ტირიფებში~ ნამდვილი საგანძურია ცხოვრებაში გამოსაყენებელი გაკვეთილებითა თუ ჭკუის სასწავლებელი ამბებით.
სამყარო მხოლოდ საკუთარი თვალთახედვით არ უნდა გავზომოთ
სამართლიანი, გულღია და ცოტა არ იყოს მიამიტი თხუნელა წიგნის პირველ გვერდზე სახლის საგაზაფხულო ლაგებითაა გართული, ცოცხით, მტვრის ჩვრებით და თეთრსაღებავიანი ფუნჯით ხელში ფაციფუცობს, თვალები და ყელი მტვრით გავსებია, დაქანცულა, ზურგი სტკივა. და აი, მიუხედავად იმისა, რომ `დაბადებითა და აღზრდით მიწისქვეშა ცხოველია,~ ცვლილებების ჟინი შეიპყრობს, გადაწყვეტს თვალებში გამოიხედოს (ამ სიტყვის პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით), ფუნჯს მოისვრის, ესღა მაკლდაო, ჯანდაბასო, ჭირსაც წაუღია საგაზაფხულო მზადებაო და სახლიდან მოკურცხლავს.
მიწისქვეშა სახლს თავდაღწეული თხუნელა მზით გამთბარ, გაზაფხულის სურნელით გაჯერებულ სამყაროს აღმოაჩენს, დაკვირვებებს აწარმოებს და ახალი ცხოვრების ბრწყინვალებით ტკბება. უჭირს მთელი სიმძაფრით აღიქვას და გაისიგრძეგანოს პირველი თავისუფალი დღე საკუთარ ცხოვრებაში, ამიტომ ხან თითებში მალავს სახეს, ხან გაოცებისგან ოხრავს.
მკითხველი თხუნელასთან ერთად იწყებს მდინარეზე მოგზაურობას, ნელა და აუჩქარებლად მიჰყვება კენეთ გრემისეული სიტყვების ტალღებს, საბოლოოდ კი გავლილი გზა ათასფერი ნახატებით დასურათებულ სქელტანიან წიგნს ემგვანება. ასე რომ, ხელიდან არ გაუშვათ ამ რომანტიკულ პერსონაჟთან დამეგობრების შანსი. გადაიქეცით თხუნელად და მარტივად შეძლებთ გარშემომყოფებში კარგი თვისებების აღმოჩენასა თუ დაფასებას.

DOLCE DOMUM
`ქარი ტირიფებში~ ადამიანურ განცდებითა და ემოციებით ისეა გაჯერებული, ზოგჯერ გავიწყდება, წიგნის გმირების უმრავლესობა ცხოველები რომ არიან. განსაკუთრებით თვალშისაცემია ეს ტენდენცია, საქმე სახლის, მშობლიური კერის სიყვარულს როცა ეხება.
წყლის ვირთხა ბრძენი რეალისტია პოეტური თვისებებით, სიმღერებს (`სახუმარო საიხვო~ და მისთანანი) თხზავს და არც ნავში ცელქობის მიმართ გახლავთ გულგრილი. თუმცა, თხუნელასგან განსხვავებით სიახლე და აღმოჩენები არ ხიბლავს, თავისი საცხოვრებელი ყველაფერს ურჩევნია. `მდინარე ჩემი ძმაა, დაა, ახლობელია, მეგობარია… რაც მდინარეში არ არის ის საჭიროც არაა, რაც მდინარემ არ იცის, არც იმის ცოდნაა აუცილებელი,~-  ასეთია მისი ფილოსოფია.
მაჩვი, რომელიც აშკარად მნიშვნელოვანი ცხოველია (`იშვიათად ენახვება დანარჩენებს, მაგრამ მისი არსებობა დაუსწრებლადაც მშვენივრად იგრძნობა~), ტყის შუაგულში ცხოვრობს და იქაურობას არანაირ სიმდიდრეზე არ ცვლის: `მიწის ზემოთ წოწიალი მაშინაა კარგი, როცა საქმეს უნდა მიხედო, საღამოობით კი მიწისქვეშ, ტკბილ სახლში უნდა დაბრუნდე!~
სახლი, თითქოს ცოცხალი არსებააო, `მაცნეებსა~ და `შკრიკებს~ უგზავნის თხუნელას, `სურს~ დაიბრუნოს უეცრად გამქრალი პატრონი. და, ვინ არიან ეს `შიკრიკები~ და `მაცნეები?~ პასუხი გაგაოცებთ – სახლის სურნელი და მისი მომნუსხველი ძახილი, ასევე ოთახებიდან წამოქროლილი ნაზი ჰაერი.
დარწმუნებული ვარ, ცხოვრების გზაზე ნებისმიერი სულიერი გადააწყდება საკუთარი სახლის სუნს, დარწმუნებული ვარ, ვინაიდან მჯერა კენეთ გრემის სიტყვების: `სახლის სიყვარული ყველას ისე ღრმად გვაქვს გამჯდარი სულსა და გულში, თითქოს იქ ღუზით ჩაუშვესო.~
Dulce Domum (ტკბილი სახლი) ასეთია მეხუთე თავის სათაური. Dulce Domum  დაბრუნებულ პატრონს მუდამ სიხარულით იპატიჟებს და წყენის გარეშე იღებს უკან. მარტივი მიზეზსი გამო – Dulce Domum  კარგად ცნობს პატრონს, რომელიც თითოეულ ნივთზე მოგონებას გონების კუთხე-კუნჭულში ერთგულად დაატარებს.
განსხვავებული ადამიანები საუკეთესო მეგობრები არიან.
დიახ, ადამიანები! ზოგჯერ გეუხერხულება კენეთ გრმის პერსონაჟებს ცხოველები უწოდო – ისეთი სამაგალითო მეგობრობა შეუძლიათ.
მდიდარი გომბეშო ადგილობრივი მემამულეა, წითელი აგურით ნაშენებ მის მდიდრულ სახლს კოხტად შეკრეჭილი ბალახი ამშვენებს. ხან ახალთახალი კანოეთი დასეირნობს, ხან იალქნიანი ნავი ან გემი-სახლი იტაცებს, დღეს თუ `სრულიად აღჭურვილი იადონისფერი ფურგონით~ სურს სამყაროს შემოვლა, ხვალ ავტომობილების შესყიდვის მანია იპყრობს. თუმცა, ყველაფერი სწრაფად სწყინდება, მუდამ ახალ გასართობს დაეძებს, მამის დანატოვარი ფული გაფლანგა, პოლიციასთან კინკლაობს, გამუდმებით ავარიებს ახდენს და როგორც მაჩვი ამბობს, `ნებისმიერ წესიერ ცხოველს ამოყირავებით ემუქრება.~
ზოგჯერ გასაკვირია, როგორ ახერხებენ მეგობრობას ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ხასიათის არსებები. მართალია, კონსერვატორ თხუნელას, ვირთხასა და მაჩვს არ მოსწონთ გომბეშოს ცხოვრების სტილი, თავმდაბლად იტანენ მის ახირებებს, მაგრამ საუკეთესო მეგობრის წოდებას ღირსეულად ატარებენ. ჭოჭმანის გარეშე ერთვებიან `გომბეშოს გადარჩენის სამუშაოში.~ ძალისხმევას არ აკლებენ, რათა გზატკეცილების შემმუსვრელი ცხოველი `გომბეშოთა შორის ყველაზე მორჯულებულ გომბეშოდ~ აქციონ.
თავზეხელაღებული ცხოვრების წესის მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ დუმილის პირობის დადებისთანავე მზადაა საიდუმლო ყველას აღტაცებით გაანდოს, მეგობრობისა და მასპინძლობის საქმეში გომბეშოც სამაგალითო და ღირსეულია. `სხვებისთვის ცხოვრება ჩემი ცხოვრების დევიზიაო!~- ხშირად იმეორებს და საქციელითაც ამტიკეცებს.
გაშლილი მინდვრებიშუაგული ტყე და სანაპირო.
კენეთ გრემის `ქარი ტირიფებში~ ნებისმიერი გამოცემა ულამაზესი წიგნია, ილუსტრაციების საოცარი ალბომია. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გააფორმა იგი `ვინი ფუუჰის~ ილუსტრატორმა ერნესტ შეპარდმა თუ ანდერსენის მედალოსანმა რობერტ ინგპენმა. რა თქმა უნდა, ეს მწერლის დამსახურებაა. კენეთ გრემი  საოცარი ოსტატობით აღწერს მომაჯადოებელ ბუნებას, წელიწადის დროებს, მხარეებს. სადაც არ უნდა გვამოგზაუროს: გაშლილ მინდვრებში, შუაგულ ტყეში თუ სანაპიროზე, ნებისმიერ ადგილს განუმეორებელი ხიბლი ახლავს.
აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ბუნება დადებით ზეგევლენას ახდენს პერსონაჟებზე: აკეთილშობილებს მათ, ასწავლის სწორად ფიქრს, ავისგან კარგის გარჩევას. სწორედ ბუნებაზე დაკვირვებისა და მისდამი მოწიწების დამსახურებაა, რომ წიგნის გმირები ზედმიწევნით იცავენ `ცხოველური ზრდილობის წესებს.~ მაგალითად, მდინარისპირელები შუაგულ ტყეში მეწყვილის გარეშე არ დადიან, არც ზედმეტ ცნობისმოყვარეობას ავლენენ, მოსალოდნელ საშიშ ამბებზე არა თუ საუბარს, ფიქრსაც გაურბიან და საჭირო მომენტში ყოველთვის ჩუმდებიან.
`ცხოველური ზრდილობის წესებთან~ ერთად ავტორი პატარა მკითხველსაც მოძღვრავს, შეპარვით ასწავლის, რომ თუ საჭმლით გაქვს პირი გამოტენილი, ზრდილობიანი საუბარი არ გამოგივა, მაგიდას იდაყვებით არ უნდა დაებჯინო და როდესაც სხვა საუბრობს, არ აჰყვე, მოუსმინო და შემდეგ გამოთქვა საკუთარი აზრი.
ბუნების სურათების კენეთ გრემისეულ აღწერას დიდი თუ პატარა ერთნაირი ინტერესითა და სიამოვნებით მოისმენს. მე ვთვლი, რომ `ქარი ტირიფებში~ ის წიგნია, რომელსაც ხმამაღლა კითხვა უხდება, რომელიც მშობლებმა შვილებს  (ბაღის ასაკის თუ დაწყებითი კლასიების მოსწავლეებს) უნდა წაუკითხონ. ნახავთ, როგორი მსახიოობის ხასიათზე დადგებით, თუნდაც კომიკურ სიტუაციებში მოხვედრის დიდოსტატი გომბეშოს განსახიერება რად ღირს! გექნებათ მომენტები, როდესაც უფროსები ერთმანეთსაც წაუკითხავთ გამორჩეულ პასაჟებს, როდესაც პერსონაჟების ხასიათზე დაკვირვებით არაერთი ნაცნობი თუ მეგობარი გაგახსენდებათ, ემოციებში აჰყვებით გმირებს და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ საბავშვო წიგნების უმრავლესობა დიდებისთვისაცაა დაწერლი.
წყარო : http://mastsavlebeli.ge

“ტროლეიბუსი ასტარიონი და მისი მგზავრები” -წიგნი, საკუთარ ქალაქზე ზრუნვას რომ გვასწავლის

მინდა ყველა ქალაქში დადიოდეს `ოცნებასავით ჩუმი~ ტროლეიბუსი ასტარიონი! მინდა, ყველა ქალაქში ცხოვრობდნენ კაზოს, გინგუს, კირკიმელის, ამუსა და კამას მსგავსი არსებები! მინდა, ყველა ქალაქს ჰყავდეს `ტლუებთან~ და `მოჟმეებთან~ მებრძოლი `უჩინარი მცველები!~
დარწმუნებული ვარ, თქვენც იგივე გსურთ, ოღონდ ამას სხვა სიტყვებით გამოხატავთ, დაახლოებით ასე:
გვინდა, შეწყდეს ხეების განადგურება! გვინდა, გაქრეს უგემოვნო შენობები! გვინდა ადამიანები პატივს სცემდნენ ერთმანეთს და ნებისმიერ სულიერ არსებას! გვინდა ბევრი ტყე-პარკი და სუფთა ჰაერი!
მე ერთი ზღაპრის ენაზე გამოვხატე სათქმელი. ზღაპრის, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად მახსენდება, რომელიც დღითიდღე ისეთი აქტუალური ხდება, თითქოს, რამდენიმე თვის წინ დაწერა ნაირა გელაშვილმა, თითქოს სულ ახლახანს, ჩვენს ქალაქებში მომხდარ ამბებს გამოეხმაურა (თუმცა, `ტრიოლეიბუსი ასტარიონი და მისი მგზავრები~ 2005 წელს გამოცემული წიგნია).
რაც დრო გადის, მედია-სივრცეში კოლეგები თუ შინაურ გარემოში მეგობრები გამალებულად ვმსჯელობთ საოცალურ და ეკოლოგიურ საკითხებზე. და, ნებისმიერ შემთხვევაში ერთი დასკვნა გამოგვაქვს – პრობლემებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოევლება, უმცროსი თაობას თუ ჩამოვუყალიბებთ სწორ დამოკიდებულებებს საკუთარი ქალაქისა თუ თანამოქალაქეების მიმართ. ამ საქმეში კი შესაბამის თემებზე დაწრილ საბავშვო წიგნებს დიდი დახმარების გაწევა შეუძლია.
უცხოურ ლიტერატურაში ამ მხრივ დიდი არჩევანია, ქართულში კი ასტარიონის შესახებ ამბავი ყველასგან გამორჩეულია. კარგი იქნებოდა, ეს წიგნი  დაწყებითი კლასებისთვის სავალდებულო საკითხავი ლიტერატურის სიაში, რამდენიმე თავი კი სახელმძღვანელოშიც შეგვეტანა.

თქვენს ქალაქში თვალი ხომ არ მოგიკრავთ ასტარიონისთვის?

ასტარიონი ვარდისფერი, თეთრად დაწინწკლული უნომრო ტროლეიბუსია, მხოლოდ ერთი, ღრუბელთან შეერთებული ბიგელი აქვს, წინა და უკანა შუშა მისი ცისფერი, უზარმაზარწამწამებიანი თვალებია.
ასტარიონი თავის ჭკუაზე დაეხეტაება, სადაც მოეპრიანება იქ ჩერდება, ვინც მოეწონება, კარს ფართოდ უღებს და ეპატიჟება. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასტარიონს ვერ ამჩნევენ, იმიტომ რომ ჭკუამხიარულ ტრანსპორტად თვლიან. სამაგიეროდ, ასტარიონში თავმოიყრილებს სიამოვნებთ ერთმანეთის აღმოჩენა.
ასტარიონის მგზავრები ძირითადად პოეტები, მხატვრები, მებაღეები, მომღერლები, ბალახით მკურნალები, ხალისინი მღვდლები, ბუნების დამცველები, საკუთარ ქალაქზე მზრუნველები, კარგი ამბების შეტყობინებით გახარებული ჟურნალისტები, უსახლკარო შეყვარებულები არიან. აქ შეიძლება ზოგიერთი მგზავრი ძალიან გეცნოთ, მარტივი მიზეზის გამო, ისინი ფიროსმანის ნახატიდან გადმოსული გმირები არიან: სევდიანი ჟირაფი, თეთრწინსაფრიან-ხელჯოხიანი მეთევზე, ბოჩლასთვალებიანი მუშა ზურგზე ღვინით სავეს ჭურჭელით, ვირზე ამხედრებული ექიმი შავი შლაპითა და ქოლგით, თეთრბუშტებიან გოგონა პეპლის საჭერით…
ასტარიონელები ზოგი მიწაზე ცხოვრობს, ზოგი ცაში, მაგრამ სადაც არ უნდა შეხვდნენ, მაშინვე სცნობენ ერთმანეთს. მათ დედამიწაზე ზრუნვა აერთიანებთ, ყველგან სამყაროს მეგობრებს დაეძებენ და ცდილობენ ყველას უხსნან, რომ `ჩვენ, დედამიწის ბინადართ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს, ოჯახსა და კარ-მიდამოს უნდა მოვუაროთ, თვით დედამიწაც მოსავლელი გვყავს. ტლუების მოდგმამ იგი ძალიან დააზიანა: ზღვები და მდინარეები მოწამლეს, ტყეები გაჩეხეს, ჰაერი და კოსმოსიც დააბინძურეს… გამოსწორებას მაშინ შევძლებთ თუ ძალიან ბევრი ადამიანი და არსება დამეგობრდება და ერთად შეუდგება საქმეს!~

მთავარი გმირების ორკესტრი

ორკესტრის თითოეული წევრი თავის საყვარელ ინსტრუმენტზე უკრავს:
გოგონა კაზო – ვიოლინოზე
კნუტი კამა – ფლეიტაზე
თაგუნა კირკიმელი – დოლზე
ბიჭი გინგუ – ფაგოტზე
ლეკვი ამუ – კონტრაბასზე
ერთ მშვენიერ დღეს ორკესტრის წევრები (`ტრიოლეიბუსი ასტარიონი და მისი მგზავრების~ მთავარი გმირები) ასტარიონით მგზავრობას დაიმსახურებენ!
რატომ?
შესაძლოა მიზეზები მარტივად მოგეჩვენოთ: მათი დაკრული მუსიკა ყველა სულიერს კარგი ფიქრებით ავსებს, ისინი უკანონო მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო კონცერტებს მართავენ, თავიანთი სიმღერებით ხან ზოოპარკის ბინადარ სევდიან ცხოველებს ახალისებენ, ხან ვეშაპ შამპიროს ზურგზე განლაგდებიან, სამი გოლიათის მწვანე კუნძულისკენ გასცურავენ და ომის შედეგად დანგრეული ქალაქიდან ჩამოყვანილ  ლტოლვილ ბავშვებს ართობენ, საავადმყოფოში კლოუნ ტიზასთან ერთად სიცილით, ხუმრობითა და სიმღერებით პატარებს კურნავენ.
ორკესტრის არც ერთ წევრს არ მოსწონს ის, ვინც ქუჩაში იფურთხება, იგნება, ნაყინისა და შოკოლადის ქაღალდს ურნაში არ აგდებს, განსაკუთრებით იმ ადამიანების მიმართ არიან შეუწყნარებლები, ნაგვით სავეს პარკებს ავნიდან რომ ისვრიან.

ფლორიან ნერგოვანის სანერგე

მგონი, უკვე ვთქვი, რომ ამ წიგნში ბუნება განსაკუთრებულად უყვართ!
დიდუდას ბინაც კი, რომელიც ცოცხალი არსებაა (სრულუფლებიანი პერსონაჟია), ცდილობს მხოლოდ მოწყვეტილი ყვავილებით არ შემოიფარგლოს, მეტად შემოუშვას ბუნება საკუთარ კედლებში. ამიტომ ძლიერი წვიმის დროს ლოჯიის ჭერიდან წვიმის წვეთებს ატარებს და არც იატაკზე გაჩენილი ერთი-ორი გუბის წინააღმდეგია.
ფლორიან ნერგოვანის სანერეგე კი ნერგებისა და თესლების ნამდვილი სამეფოა. იქ მიდის ყველა, ვისაც საკუთარი ეზო-კარის, ბაღებისა თუ სკვერების გამწვანება სურს. ვინც ზრუნავს ბავშვებზე და იცის, რომ მათთვის მისწრებაა ნაძვნარში სეირნობა და თამაში.
ფლორიან ნერგოვანის მეგობრები და თანამზრახველები ადამიანებს, რომლებიც ყველაფერს აზიანებენ და სანერგესაც განადგურებით ემუქრებიან, ტლუებს ან მოჟმეებს ეძახიან. იქ მისული ბავშებს დამყნობის, თესვისა თუ მცენარეების მოვლის პროცესებზე ისეთი ზღაპრული ხერხებით უამბობენ, რომ მთელი ცხოვრება დაამახსოვრდეთ, ტლუებივით და მოჟმეებივით მოქცევა არასდროს მოუნდეთ.
თავად ფლორიან ნერგოვანს აღარ იკითხავთ? – ტანსაცმლის ზემოდან ფესვებისგან დაწნული, ბადესავით პერანგი აცვია, ამ ბადე-პერანგში ყვავილები გაუჩრია და მართლაც სასურველი ნაცნობია! თუ ჩემი არ გჯერათ, დიდუდას (იგივე დიდლის, იგივე თავგვირილას) ჰკითხეთ. მასავით კომპეტენტური არავინ მეგულება ამ წიგნში `ტროლეიბუსი ასტარიონი და მისი მგზავრები~ რომ ჰქვია!
უჩინარი მცველები

ძნელია ძნელია,
ძალიან ძნელია
ამდენი რეგვენი
რომ შემოგვერია,
მაგრამ, მეგობარო,
სხვა რა დაგვრჩენია,
ჩვენც ვიყოთ ერთად!
ჩვენც ვიყოთ ერთად!
რადგანაც მოგველიან
უჩინარი მცველები…

დიახ, წიგნში ერთი ახალგაზრდა ბიჭის, ელექსის დაწერილი რეპიც გაისმის, ქალაქზე მზრუნველი `უჩინარი მცველები~ ვის არ აღაფრთოვანებენ, ვის არ მოიყვანენ სიმღერის ხასიათზე. ისინი ხომ ბაღების გადასათხრელად მობილიზებულ ბულდოზერებსა და ტრაქტორებს, ტყე-პარკების ნაცვლად აღმართულ მონსტრ შენობებს აქრობენ; მწყობრიდან გამოჰყავთ ბენზინგასამართი სადგურები, რომლებიც უხარისხო ბენზინს ყიდიან, ასევე მოუვლელი მანქანები, რომლებიც ჰაერს წამლავენ; ბევრს წვალობენ, `ვიდრე მერიას დაიყოლიებენ ან ხუთიოდ მდიდარს დაარწმუნებენ კარგი საქმეების კეთებაში.~
`უჩინარი მცველები~ ის ადამიანები არიან, რომლებსაც `სილამაზე ესმით,~ რომლებიც  ისეთი სახლების მშენებლობას ემხრობიან, უბანის კოლორიტს რომ არ ამახინჯებს და მიდამოს ეხამება. მათ გულით სჯერათ, რომ `თუ კარგ საქმეებს აღარ აკეთებ, თანდათან უშნოვდები და ავად ხდები.~ ისინი უმცროს თაობასაც უზიარებენ საკუთარ ცოდნას, ბავშვებს თანამებრძოლებად მიიჩნევენ და ასწავლიან: `როდესაც ვიღაც რაღაცას აზიანებს, ხმა უნდა ამოიღოთ!~
ნაირა გელაშვილის `ტროლეიბუსი ასტარიონი და მისი მგზავრები~ მართალია, ზღაპარივით ამბავია, მაგრამ მისი წაკითხვის შემდეგ ბავშვებს საკუთარი ქალაქის გაცნობა და მოვლა-პატრონობა აუცილებლად მოუნდებათ. ამავე დროს, ეს მართლაც საოცარი წიგნი პატარაობიდან შთაგვაგონებს, რომ `სამყარო მხოლოდ ის როდია, რასაც ყოველდღიურად, ჩვენს თვალწინ ვხედავთ!~ _ გაცილებით ფართედ ყურება გვმართებს და რთული სიტუაციებიდან გამოსავალს მხოლოდ ამ შემთხვევაში მივაგნებთ.
და, ვინ იცის, ერთ მშვენიერ დღეს იქნებ ასტარიონით მგზავრობაც დავიმსახუროთ.
წყარო : http://mastsavlebeli.ge