Monday, January 14, 2019

იდეების მოედანი – საინტერესო მეთოდი სკოლის საჭიროებების კვლევისთვის

იდეების მოედანი – ეს სიტყვები პირველად სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციაზე გავიგონე. დღის ბოლოს კი მისი მონაწილეც გავხდი. იმ დღეს ეს აქტივობა სამ სხვადასხვა თემაზე გაიმართა და სამივე იმდენად საინტერესო იყო, კარგა ხანს ვფიქრობდი, რომელ ჯგუფს შევერთებოდი. იმავე დღის ბოლოს უკვე ვიცოდი, რომ ამ აქტივობას სკოლის სივრცეში გადავიტანდი. წარმოვიდგინე კიდეც ადგილი, სადაც დავსხდებოდით, თემებიც კი მიტრიალებდა თავში. მოკლედ ასეთი აღფრთოვანებული და სავსე დავბრუნდი კონფერენციიდან.
დავიწყე ფიქრი გეგმაზე, რომლითაც განვახორციელებდი იდეას. უნდა აღვნიშნო, რომ, როგორც წამყვანი მასწავლებელი, სკოლაში ზოგადსაგანმანათლებლო საჭიროებების კვლევასაც ვახორციელებ თანასწორობის საკითხებზე. ეს თემა პირდაპირი გამოძახილი იყო ჩემი კვლევის.
მოსამზადებელი პერიოდი:
პირველ რიგში იდეა გავაჟღერე ჩემს მასწავლებლებთან და რამდენიმე დაინტერესებულმა ადამიანმა ერთად განვაგრძეთ ფიქრი. დაახლოებით წარმოვიდგინეთ ადგილიც, თემებიც და მსჯელობაში უკვე მივხვდით, რომ ახლა ჩვენს თავზე ბევრს ვიღებდით. სჯობდა აზრი ბავშვებისთვის გვეკითხა.
გავაკარით განცხადება, რომ სკოლაში იგეგმებოდა ახალი აქტივობა „იდეების მოედანი“ და დაინტერესებულ პირებს ვთხოვდით შეკრებილიყვნენ კონკრეტულ დროს. ყოველგვარი განმარტების გარეშე მოსწავლეთა საკმაო რაოდენობა შეიკრიბა. ბავშვებს ავუხსენით, რომ ვიწვევდით მსჯელობისთვის. ვაპირებდით გაგვეხსნა ნებისმიერი თემა, რომელიც მათ დააინტერესებდათ. უნდა ვაღიარო, რომ თემები, რომლებიც მათ დაასახელეს მეტად დამაფიქრებელი იყო. საბოლოოდ ბავშვები შეჯერდნენ კონფლიქტებზე. მათი ინტერესების სფეროს წარმოადგენდა სასკოლო კონფლიქტები. მეორე თემის შერჩევა ძალიან გაჭირდა. იმდენად აჟიტირებული იყვნენ ამ თემით, რომ სხვა თემაზე არ ეფიქრებოდათ. მაშინ ჩვენ შევთავაზეთ ეფიქრათ კონფლიქტის პრევენციულ თემაზე. ასე დაიბადა თანამშრომლობის იდეა. იმ დღეს გადაწყდა, რომ მოსწავლეები იფიქრებდნენ ორ თემაზე: „კონფლიქტები და მისი მოგვარების გზები“ და „თანამშრომლობა, როგორც კონფლიქტის პრევენცია“.
პარალელურად შევხვდით ქართული ენის მასწავლებლებს. მათაც გავაცანით იდეა და ვთხოვეთ, ეს თემები დაემუშავებინათ იმ თემატიკის ჭრილში, რომელსაც კონკრეტულ დროს ასწავლიდნენ.
ასევე შევხვდით დამრიგებლებს. მათაც იდეის გაცნობის შემდეგ ვთხოვეთ აღნიშნული თემები შეეტანათ მიმდინარე კვირის სადამრიგებლო საათის თემად.
პროცესი დაიძრა. საჭირო იყო ტექნიკური დეტალების დაზუსტება, რომლისთვისაც ისევ მოსწავლეებს ვთხოვეთ შეკრება. მომდევნო შეკრებაზე გადაწყდა, რომ ბავშვებს არ სურდათ სკოლის დერეფანში დასხდომა და სკოლის ეზოს ირჩევდნენ. ასევე არ სურდათ საფეხურების მიხედვით გადარჩევა. განაცხადეს, რომ ეს პრობლემები ყველასია, ამიტომ საბაზო და საშუალო საფეხურის ბავშვებს უნდა ემსჯელათ ერთად. მათ აიღეს პასუხისმგებლობა თავიანთ კლასებში იდეის შესახებ ინფორმირებაზე და მონაწილეთა რაოდენობების დაზუსტებაზე.
ასე ნელ-ნელა გამოვეთიშეთ უფროსები პროცესს. ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე  გავაკეთე, იყო ის, რომ შევხვდი მოდერატორებს, ვნახე მათი ფლიპჩარტები, დავსვით აქცენტები, გავიარეთ თემები ბოლომდე. ერთმანეთის აზრებიც გაითვალისწინეს და კიდევ უფრო სრულყოფილად მოემზადნენ  შერჩეული დღისთვის.
პროცესი:
და ეს დღეც დადგა. აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა თავად მოაწყვეს სივრცე. დანიშნულ დროს ყველა ადგილზე იყო. ჩვენ, უფროსები პროცესს ვაკვირდებოდით გარედან, სკოლის  ეზოს ის ნაწილი, რომელიც მათ შეარჩიეს, შენობებით შემოსაზღვრული შიდა ეზოა. ამიტომ ჩვენ ისღა გვრჩებოდა, რომ ფანჯრებიდან გვედევნებინა თვალი მიმდინარეობისათვის.
აღმოჩნდა, რომ 40 წუთზე გათვლილი აქტივობა გაცილებით დიდხანს გაგრძელდა. დასრულების შემდეგ კი ბავშვები კმაყოფილებას ვერ მალავდნენ.
პროცესის შემდეგ
ალბათ ყველაზე საინტერესო ისაა, რა პრობლემები დასახელდა მოსწავლეების მიერ. პირველ რიგში მოსწავლეები ამბობენ, რომ კონფლიქტები სკოლაში თანატოლებს შორისაა. მხოლოდ იშვიათი გამონაკლისია უფროსსა და მოსწავლეს შორის და ისიც ადვილად გვარდება. ამის მიზეზად ბავშვები ასახელებენ იმ ფაქტს, რომ მათ  არ იციან კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიები და ადვილად ურთულდებათ სიტუაცია.
ბავშვები ითხოვენ კლასის დამრიგებლების მეტად გააქტიურებას. მიაჩნიათ, რომ კლასის დამრიგებელმა უნდა იცოდეს ოჯახური პრობლემებიც და უნდა გაითვალისწინოს ის.
კონფლიქტის დროს ამჯობინებენ არ ჩაერიოს მესამე პირი. ეს კი ყველამ ვიცით სადაც მიგვიყვანს. პრინციპში ამ უნდობლობის შედეგებს ყოველდღე ვიმკით.
ფლიფჩარტზე მინაწერებში ისინი ითხოვენ მეტ სახალისო აქტივობებს. ამბობენ, რომ საკლასო აქტივობები კარგია, მაგრამ ერთი სკოლა ვართ და მეტი სასკოლო აქტივობა სჭირდებათ.
და მათი გზავნილია ამოვიღოთ ხმარებიდან „მე მართალი ვარ“. ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს და ეს გასათვალისწინებელია.
რა მოხდა შემდეგ?
დამეთანხმებით ალბათ, რომ სკოლის საჭიროებების კვლევის ინსტრუმენტად აღნიშნული აქტივობა სწორედაც რომ გამოდგა. ახლა მთავარია იმ გამოწვევებს გაეცეს პასუხი, რომლებიც ასე ხელშესახები გახდა. ახლა სასწრაფოდ უნდა შევძლოთ პრობლემების გამოსწორება. ამ მხრივ უკვე დაგეგმილია რიგი აქტივობები. მაგალითად სადამრიგებლო პროგრამებში უკვე შევიტანეთ საკითხები კონფლიქტების მოგვარების გზების შესახებ. დაგეგმილია ამ კუთხით დამრიგებელთა გადამზადება. სკოლაში ისედაც დამკვიდრებული იყო ფილმების ნახვა და დისკუსიები. ამჯერად ისინი გადაირჩა. შეირჩა სპეციალურად ამ პრობლემების შემცველი ფილმები.
მსოფლიო კალენდრის მიხედვით დაგეგმილია საერთო სასკოლო აქტივობები.
დაბოლოს:
აღნიშნულ თემებზე პროფესიულ წრეებში საუბრისას ყოველთვის მრჩებოდა შინაგანი განცდა, რომ ჩემს სკოლაში ეს პრობლემები არ იდგა მწვავედ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენ, ყველა ერთად ძალიან ბევრს ვმუშაობდით ამ თემებზე. იდეების მოედანი კარგი სარკე აღმოჩნდა ხარვეზების დასანახად. ხელთათმანი ნასროლია. გამოწვევა მიღებული. ჩვენ ვიწყებთ!
 
წყარო 
http://mastsavlebeli.ge/

ანიმაციები სკოლაში

მე იმხელა ვარ, რომ ბავშვობაში ,,ბაბილინას“ ვუყურებდი, ყველაზე ბნელ, ყველაზე ნაცრისფერ და მაინც ძალიან საყვარელ მულტფილმს თავისი ემოციურობით, თავისი საინტერესო და საყვარელი პერსონაჟებით. ახლა მტარვალი უნდა იყო, რომ დასვა ბავშვი და ეს მულტფილმი აჩვენო. უკვე მეტისმეტად ფერადი, ხასხასა და ბრჭყვიალაა ბავშვების სამყარო და ერთი წამით რომ წარმოვიდგენ, რა სხვანაირად კარგი იქნებოდა ფერადი და ნათელი ,,ბაბილინა“, საკუთარი ბავშვობა მეცოდება.
ანიმაციების ყურება ყოველთვის მიყვარდა ( იყო დრო, ანიმატორობაზეც ვოცნებობდი), მაგრამ  ერთ-ერთი ექსკურსიის დროს ანიმაციების ,,გამოცნობანას“ მეთორმეტეკლასელებთან თამაშისას აღმოვაჩინე, რომ არაფერიც არ მცოდნია და სასტიკადაც დავმარცხდი.
სამაგიეროდ, სასიამოვნო იყო ჩემთვის იმის აღმოჩენა, რომ უკვე დიდი გოგო-ბიჭების ყოველდღიური ცხოვრების საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა ანიმაციები.
რატომ იზიდავს ანიმაციები ადამიანებს? ჩემი აზრით, იმიტომ, რომ შეუზღუდავია მისი სამყარო. როგორც  შემქმნელებისათვის, ისე მაყურებელთათვის საუკეთესო საშუალებაა, ოცნებებმა, იდეებმა, ფანტაზიამ ბოლომდე გაშალოს ფრთები. ან ახალი სამყარო შექმნას და იქ გამოგზაუროს; ან რამე გასწავლოს, მისი ენა ლაკონიური და ადვილად გასაგებია.
ანიმაციური სამყარო უკიდეგანოა უკვე, იმდენი ახალი ანიმაციური ფილმი გამოდის ყოველდღიურად,  ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, არჩევანის გაკეთებაც კი რთულია.
ზემოთ ნახსენები აღმოჩენის მერე ერთად დავიწყეთ ისეთი ანიმაციების ძებნა, რომლებსაც დავსხდებოდით და ერთად ვუყურებდით. მე რამდენიმეზე შევჩერდები მხოლოდ.
ვფიქრობ, ანიმაციებზე არაფრის წერას აზრი არ ექნება, ერთ ძალიან, ძალიან საინტერესო პროექტს და რეჟისორს თუ არ ვახსენებ; თუ არ მოვყვები მოკლედ, როგორ მოიარა რეჟისორმა ნოდარ ბეგიაშვილმა მთეეეეელი საქართველო, როგორ ჩაიწერა ყველა კუთხე-კუნჭულის ბავშვების წაკითხული „ვეფხისტყაოსნის“ სტროფები, როგორ დაახატვინა მათთვის ნაცნობი ეპიზოდები, როგორ შეკრიბა მართლა მარგალიტებივით მიმობნეული ეს ყველაფერი და  უსაყვარლეს ანიმაციურ ფილმად აქცია. შედეგი ხომ საოცარია, მაგრამ პროცესიცაა გადაღებული: როგორ ხატავენ, როგორ ამბობენ, როგორ ახმოვანებენ პატარა ადამიანები თავიანთ ნახატებს. ისეთი სითბო და სიტკბო მოდის, უნებურად გეღიმება და გული გიჩუყდება, იჯერებ, რომ ასე „ვეფხისტყაოსნის“ შეყვარება მართლა შეიძლება.  ინტერნეტში მხოლოდ ნაწყვეტი დევს, მაგრამ ესეც საკმარისია, წარმოდგენა შეგექმნათ, რა განძია:
მეორე ანიმაცია, რომელიც, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა ნახონ პატარებმაც, მოზარდებმაც და გაზრდილებმაც,  არის ,,მისტერ მორის ლესმორის საოცარი მფრინავი წიგნები“. მართლა საოცრად ფერადი, დადებითი ემოციებით სავსე ანიმაცია.
ძალიან საინტერესო ამბავი იმაზე, თუ როგორ ცხოვრობენ წიგნები დამოუკიდებლლად, ადამიანური სამყაროსგან შორს, როგორ გრძნობენ ყველაფერს, განიცდიან, ბერდებიან, სტკივათ  და  როგორ უფერადებენ მათთან მოხვედრილ ადამიანს ცხოვრებას.
უფროსკლასელებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა 2000 წელს შექმნილი ჰოლანდიური შავ- თეთრ- ნაცრისფერი ( სულ ოდნავ შერეული მქრქალი ცისფრითა და ყავისფრით) ანიმაცია ,,მამა და ქალიშვილი“, რომელმაც არაერთი პრიზი დაიმსახურა, მათ შორის, ოსკარი და ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდოც მოკლე ანიმაციური ფილმის კატეგორიაში. ეს არის ფილმი სიტყვების გარეშე, რომელიც ლაკონიურად, საოცრად ნათლად და ემოციურად გვაჩვენებს, როგორი გრძნობები შეიძლება აკავშირებდეს მამა-შვილს და რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში მამის ფენომენი.
მეორე ფილმი, რომელმაც ძალიან მოგვხიბლა და დაგვაფიქრა, ბევრი გვამსჯელა და გვაკირკიტა, იყო ასევე უამრავპრიზოსანი და ბონუსად ოსკაროსანი იაპონური ანიმაცია ,,პატარა ყუთების სახლი“. ფილმი ალეგორიულად გვიჩვენებს, როგორ ჰგავს ჩვენი ცხოვრება ერთმანეთზე ყუთებივით აკოკოლავებულ სართულებიან სახლს, რომელსაც თანდათან ზღვა ფარავს და ამის გამო იძულებული ვხდებით, ახალ-ახალი სართულები დავაშენოთ, ხოლო ძველის საპოვნელ-მოსაგონებლად ღრმად ჩავყვინთოთ ხოლმე სულის ფსკერამდე. ეს ფილმიც სიტყვების გარეშე, ნახატებითა და მუსიკით გვაფორიაქებს და გვაფიქრებს:
დიდებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ალექსანდრ პეტროფის ოსკაროსანი და კიდევ ბევრი პრიზის მფლობელი, ჰემინგუეის არაჩვეულებრივი მოთხრობის, ,,მოხუცი და ზღვის“ , მიხედვით შექმნილი ანიმაცია. ზედმეტი სიჭრელისაგან დაცლილი, საოცრად მოზომილი ფერები და ემოციები, მოთხრობიდან მაქსიმალურად გადმოტანილი განწყობა, საფიქრალი, სათქმელი.
ქართული ანიმაციური სივრცე არ გვანებივრებს მაინდამაინც ახალ-ახალი ნამუშევრებით, ამიტომ არ შემიძლია, აქ გვერდი ავუარო ძალიან საინტერესო მხატვარ- ანიმატორ არჩილ კუხიანიძეს და მის საყვარელამბიან, ლამაზმუსიკიან, ფერადგანწყობიან ანიმაციას  ,,გვანცი“. საკუთარ ღრუბელმატარებელი გოგონას ამბავი, რომელიც ისევ უფროსკლასელებს უფრო  დააინტერესებთ, ესთეტიკურ სიამოვნებას მიანიჭებს და უამრავ დეტალზე დაკვირვებას აიძულებს მათ.
აქ შევჩერდები.
ისე გამოვიდა, ძირითადად უფროსკლასელებზე ,,ვიზრუნე“ ამ სტატიაში, მაგრამ მგონია, რომ პატარებისთვის არჩევანი ბევრად უფრო დიდია, ბევრად უფრო ადვილია მათი მოსაწონი ანიმაციური ფილმი ვიპოვოთ და მათთან ერთად ვუყუროთ, მერე იმსჯელონ, თავიანთი შეხედულებები და ემოციები გამოხატონ და დღიურებშიც გადაიტანონ.
ახლა ყველაზე ,,მულტიპლიკაციური ტექსტი“ ( ასე ვუწოდე ჩემთვის) გამახსენდა, ნაირა გელაშვილის ,, წინწკლების ქოხი“. პირველად რომ წავიკითხე, კიდევ ერთხელ ვინანე, მულტიპლიკატორი რომ არ გამოვედი. ისეთი ფერადი  ამბები ტრიალებს ამ ზღაპარში, მართლა ჯადოსნური სამყაროა და თვალწინ გიცოცხლდება მთელი „საწინწკლეთი“. ვერ მოვითმენ, მცირე ნაწყვეტი მაინც რომ არ გაგაცნოთ:
„ ცოტა ხანში ტყის გულს მიაღწია. ტოტებზე ლურჯი, თეთრი და ვარდისფერი ციყვები ისხდნენ: ზოგს მძივი ეკიდა, ზოგს კი კუდზე და ყურებზე ბაფთა ება. ციყვებთან ერთად ტოტებზე მელაკუდები და ზღარბებიც ცხოვრობდნენ. ბალახიდან კურდღლებს ამოეყოთ თავი. ერთ კურდღელს ცალი ყური მწვანე ჰქონდა, მეორე-ჭრელი, თვითონ კი თოვლისფერი იყო. ერთ ბაჭიას ზურგზე მთვარე მოეგდო და სადღაც მიჰქონდა. აქ ზოგი ყვავილი ხის სიმაღლე გაზრდილიყო, ზოგი ბალახი – ხეზე მაღალი: მზეს პირდაპირ ცხვირში უღიტინებდა. მზესაც უხაროდა და იცინოდა. მწვანე გამოქვაბულში მთვარეები ცხოვრობდნენ: დედა მთვარე, მამა მთვარე და წარბისხელა შვილი მთვარე. ერთ ყვავილს გულში ხე ამოსვლოდა და იმ ხეს ღრუბლები ესხა. კაკლის ნაჭუჭში ჭიანჭველებს ქალაქი გაეშენებინათ, ნაძვის უზარმაზარი გირჩი კი ჭიამაიებს თავიანთ სასახლედ გადაექციათ, ამ სასახლის ყველა სართულიდან ჭიამაიები იცქირებოდნენ. აივნებზე წინწკლებიანი ხალიჩები გამოეფინათ. სულ ზემოთ, წვერზე მეფე-დედოფალი დაბრძანებულიყო. ვეებერთელა მუხას მზეები დაესხა. ერთ პეპელას ფრთებზე პატარა ნუკრი შეესვა და სადღაც მიაფრენდა. ერთი სიტყვით, აქ ყველაფერი ისე იყო, როგორც თვითონ ანისულა ხატავდა ხოლმე. ამიტომ დაინახა თუ არა, მაშინვე მიხვდა, რომ ჩვეულებრივ კი არა, ნაცნობ, ჯადოსნურ ტყეში მოხვედრილიყო.“
ხვალ ორშაბათია, ანიმაციის რა მოგახსენოთ, მაგრამ აუცილებლად წავუკითხავ, მერე ამონარიდებს დავურიგებ ამ ზღაპრიდან მე-6 კლასელებს. აბა, დასხდნენ და დახატონ ეს ჯადოსნური სამყარო, თუ მართლა ყოჩაღები არიან!
ბოლოს ანიმაციურ სამყაროსთან დაკავშირებულ, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენაზეც ვიტყვი ორიოდე სიტყვას: ყოველ წელს, გორის მუნიციპალიტეტის, ცხინვალის პირობით საზღვართან მდებარე, პატარა სოფელ ნიქოზში ტარდება ხოლმე ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, რომელსაც 2017 წელს უკვე სამარკო ხარისხიც მიენიჭა. წელს მერვეჯერ ჩატარდა.
მას საოცარი ადამიანი, მეუფე ისაია, ხელმძღვანელობს.
მე ჯერ არ ვყოფილვარ, სულ მიმიწევს გული, მოსწავლეების წაყვანაც მინდა, მაგრამ ვერ იქნა და ვერ შევისრულე სურვილი.
რა ვქნა, აქ დავდო პირობა, რომ აუცილებლად წავიყვან რომელიმე  თაობას მაინც?! ვდებ. წავიყვან ოდესმე.
წყარო http://mastsavlebeli.ge/

როლური თამაში და მერი მ. დოჯის „ვერცხლის ციგურები“

დაპირებისამებრ ამჯერად გიამბობთ, როგორ გავაცანი როლური თამაშით მეექვსეკლასელებს მერი მ. დოჯის „ვერცხლის ციგურები“.
წიგნი 1971 წელს არის გამოცემული. ლილისფერ ყდაზე თეთრად იკვეთება ყინულის მოედანი, ავტორის სახელი და გვარი, სათაური და გამომცემლობის სახელწოდება – „ნაკადული“. წვრილშრიფტიანი ფურცლები სიძველისგან კიდევ უფრო ფარატინა გამხდარა, ნაწერიც გამქრქალებულა. ბავშვობის მოგონებები იღვიძებენ – ლილისფერყდიანი წიგნი ხიდად ქცეულა დღევანდელობასა და ბავშვობას შორის. მაშინ არავინ ზრუნავდა ჩემს წიგნიერებაზე. თავად ვიკვლევდი გზას წიგნებისკენ და ვკითხულობდი ყველაფერს, რაც კი შემომხვდებოდა. როცა “ვერცხლის ციგურები“ მეორედ აღმოვაჩინე, მხოლოდ განცდები ამომიტივტივდნენ.  ბუნდოვნად მახსოვდა სიუჟეტი, რომელიც მძაფრ შთაბეჭდილებებთან მაკავშირებდა. მიზეზი ხელახლა წაკითხვისას გავიაზრე. ჩემი ბავშვობის 90-იან წლებში ქალაქის მოყინულ ქუჩებში ციგურებით სრიალი როგორი შთამბეჭდავი იქნებოდა, წარმომიდგენია. კულტურული კონტექსტი, დრო და სივრცე იმდენად მნიშვნელოვანი არ იქნებოდა, რამდენადაც თვითონ ამბავი.
მასწავლებლის თვალით წაკითხვისას კი რამდენიმე მიზეზი გამოიკვეთა, რის გამოც „ვერცხლის ციგურები“ საკლასო ოთახში მთავარ პერსონაჟად ვაქციე: ჩემი ბავშვობა, ღირებულებები, რომელზეც წიგნია აგებული, ამერიკელი მწერალი ქალი და ერთი უბრალო ოჯახის ფონზე წარმოჩენილი ჰოლანდიის ისტორია.
უკიდურესი გაჭირვება ბრინკერების ოჯახისთვის ღირსების შემლახავი ვერ აღმოჩნდება. საკვირველ ნებისყოფასა და ერთგულებას ამჟღავნებს ოჯახის თითოეული წევრი. პატივისცემასა და ზრუნვაზე დამყარებული მშობლებისა და შვილების ურთიერთობა ქოხის ღარიბულ მორთულობას  გავიწყებს. მოულოდნელი ტრაგედია ოჯახს საზოგადოებისგან რიყავს, თუმცა ურთიერთთანადგომა აძლიერებთ. კიდევ ერთი მთავარი ღირებულება, რითაც ბრინკერები გვაკვირვებენ შრომისმოყვარეობა და სილაღეა.
როლური თამაშისას მრავალრიცხოვანი და საინტერესო პერსონაჟებიდან 12 წლის გოგონა, გრეტელ ბრინკერი შევარჩიე. როგორც წინა სტატიაში უკვე აღვწერე, პერსონაჟი, რომლის როლსაც ვირგებთ, საკუთარი თავის შესახებ პირველ პირში ყვება. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი მოქმედი გმირი გრეტელის უფროსი ძმა ჰანსია, გრეტელის თვალით აღქმული მოვლენები უფრო საინტერესოა.
ბავშვების ინტერესის გასაღვივებლად ბრჭყვიალა მუყაოსგან ციგურები გამოვჭერი, თასმებად ძაფი შევაბი და ჩანთაში საგულდაგულოდ ჩავმალე. ასე თამაშ-თამაშით გამოვამზეურე საკლასო ოთახში და სათაურს – „ვერცხლის ციგურებს“ – დავუკავშირე.
გრეტელისთვის დასასმელი კითხვები კი ასეთი იყო:
  1. გაგვაცანით თქვენი თავი.
  2. გვიამბეთ თქვენი ოჯახის შესახებ.
  3. როდის განიცადეთ ყველაზე დიდი შიში?
  4. აღწერეთ თქვენი სამშობლო.
  5. რისი კეთება შეგიძლიათ?
  6. გული თუ გტკენიათ და რატომ?
  7. მოულოდნელი საჩუქარი თუ მიგიღიათ?
  8. მეგობრები თუ გყავთ?
  9. ვინ გეამაყებათ ყველაზე მეტად და რატომ?
  10. გაიხსენეთ ყველაზე დიდი წარმატება.
  11. გაგვაცანით ყველაზე საყვარელი ნივთი თქვენი სახლიდან.
  12. გვიამბეთ გაყინული არხის შესახებ.
გრეტელი, ანუ მე, კი ვუყვებოდი, რომ შემიძლია კერვა, ქსოვა, ციგურებით სრიალი, ოჩოფეხებზე სიარული, ყველაზე მეტად ჩემი ძმა მეამაყება, რადგან უშიშარი და ძლიერი ადამიანია, დიდი წარმატება მაშინ განვიცადე, როცა შეჯიბრებაში გავიმარჯვე და ვერცხლის ციგურები დავიმსახურე, საყვარელ ნივთად კი მუხის ხის სკივრი გავაცანი, რომელშიც დედაჩემი თავის ერთადერთ სადღესასწაულო ტანისამოსს ინახავდა, ზამთრის პირველი ყინვის დადგომისთანავე ქალაქის ყველა მდინარე და არხი იყინება, მერე კი თაკარა მზეც კი ვერ ალღობს მას და ვის არ ნახავთ არხზე მციგურებით მოსრიალეს: წირვის აღსავლენად მიმავალ მღვდელს, სკოლის მოსწავლეებს, ექიმს, ვაჭრებს…
„აღწერეთ თქვენი სამშობლო“ – ამ შეკითხვისთვის საგულდაგულოდ მოვემზადე. წიგნი ჰოლანდიისადმი მიძღვნილი ჰიმნია. დაწვრილებით გაეცნობით ქვეყნის ისტორიას. მწერლის აღფრთოვანება კი რეალური ფაქტებითაა გამყარებული, მაგალითად, იმის წარმოდგენისას, რომ ქვეყანა ზღვის დონიდან დაბლა მდებარეობს და კაშხლები იკავებს წყალს, ჰოლანდიელი ხალხის შომისმოყვარეობასა და თავდადებას აღმოაჩენთ. საუკუნეების განმავლობაში მრავალი წყალდიდობა გადაუტანია ქვეყანას, რომლის დროსაც ჩვილი ბავშვების ცხდერები და მოგლეჯილი საფლავები ერთად დატივტივებდნენ. ქარის წისქვილებითა და კაშხლებით უმკლავდებოდნენ ჭაობსა და წყალს, შედეგად კი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა შექმნეს.
კითხვების ამოწურვის შემდეგ, ბავშვებს ვეუბნები, რომ ჩემ შესახებ მერი მ. დოჯიმ დაწერა საინტერესო წიგნი და შეუძლიათ წაიკითხონ და უკეთესად გამიცნონ. მერე ავტორის შესახებ სლაიდ-შოუს ვაჩვენებ.
ვინ არის მერი მ. დოჯი?

„ვერცხლის ციგურების“ ავტორის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას გამაკვირვა იმის აღმოჩენამ, რომ მერი ელიზაბეტ მეიპსი ეროვნებით ამერიკელია. წერა ქმრის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. მთავარი მოტივი კი ვაჟიშვილის სწავლის საფასურის გამომუშავება იყო. „ჰანს ბრინკერი ანუ ვერცხლის ციგურები“ 1865 წელს გამოიცა და მაშინვე მიიქცია მკითხველის ყურადღება. წიგნი იტალიურ, რუსულ, გერმანულ, ფრანგულ ენებზე ითარგმნა. საფრანგეთის აკადემიამ მერი დოჯი ჰარიეტ ბიჩერ სტოუსთან ერთად 1500 ფრანკით დააჯილდოვა. მე კი არ მასვენებდა იმაზე ფიქრი, ასეთი სიყვარულით როგორ უნდა დაწერო სხვა ქვეყანაზე. ამერიკელმა მწერალმა ჰოლანდია მთელ მსოფლიოს შეაყვარა, რაც არაჩვეულებრივი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გავიგოთ ვაჟა-ფშაველას წერილი „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ – სხვისი უნიკალურობის აღიარებითა და პატივისცემით საკუთარი ქვეყნის ღირსების დაფასება. მერი დოჯი დაწვრილებით გვიყვება ჰოლანდიის ისტორიული მოვლენებისა და  პიროვნებების, ღირსშესანიშნაობების, ტრადიციების შესახებ, მოზარდ ბიჭებთან ერთად ციგურებით ამსტერდამისკენ გვამოგზაურებს, მუზეუმებს გვათვალიერებინებს, საზოგადოების ყველა ფენას გვაცნობს და ყველაფერ ამას ბრინკერების ღარიბული ქოხისა და მისტერ ბრინკერის პირადი ტრაგედიის ფონზე წარმოაჩენს, რომელმაც საბედისწერო ტრავმა სწორედ ქარშხლიან ღამეს, კაშხალზე სამსახურეობრივი მოვალეობის პატიოსნად შესრულებისას მიიღო.
თუ რატომ წერს ასეთი სიყვარულითა და აღფრთოვანებით ამერიკელი მწერალი ჰოლანდიაზე, წიგნის ბოლო გვერდზე დატანებულმა შენიშვნამ გახადა ნათელი: „ორივე ამსტერდამის მკვიდრი გახლავთ, მაგრამ თუ ერთი მათგანი ძველ ქალაქს ვერ თმობს, მეორეს ნიუ-იორკისკენ მიუწევს გული. ვან მოუნენის ახლანდელი სახლი ნიუ-იორკ სიტიში, ცენტრალური პარკის მახლობლად მდებარეობს.“ – მერი დოჯი ორი პერსონაჟის შესახებ გვიყვება. შენიშვნა კი გვამცნობს, რომ  –  „ნიუ-იორკი დაარსებულ იქნა ჰოლანდიის კომპანიის მიერ 1625 წელს, ინგლისელთა მიერ მის დასაკუთრებამდე – 1664 წლამდე – იგი იწოდებოდა ახალ ამსტერდამად.“
ამგვარად, ამ ეპიზოდმა გამიმძაფრა იმაზე ფიქრი, რომ მერი დოჯი ჰოლანდიის შესახებ წერით საკუთარი წარმომავლობისადმი მადლიერებას გამოხატავდა. მწერალი თავადაც ნიუ-იორკში ცხოვრობდა და მისი სახლი ცენტრალ პარკს გადმოჰყურებდა.

საკლასო ოთახში რომ დავბრუნდეთ, პერსონაჟისა და ავტორის გაცნობის შემდეგ ჯგუფური სამუშაოს დრო დგება. მოსმენის პარალეურად მოსწავლეები სამუშაო რვეულებში  ჩანაწერებს აკეთებდნენ და ძირითად ინფორმაციას ინიშნავდნენ. სწორედ მათი გამოყენებით ჰქმნიან ჰოლანდიის, მერი დოჯის, გრეტელ ბრინკერისა და სხვა დანარჩენი პერსონაჟების (ჰანსის, გრეტელის მშობლების, მეგობრების, ექიმის) პოსტერებს.
საშინაო დავალებად ასეთი რამ მოვიფიქრეთ – გრეტელ ბრინკერს პირადი წერილი მისწერეს. წერილის აგებისას ჰოლანდიელი გოგონასთვის საქართველო უნდა გაეცნოთ და XXI საუკუნის შესახებ უნდა მოეთხროთ.

როგორც უკვე აღვნიშნე, როლური თამაშის მთავარი მიზანი წიგნის გაცნობაა, თუმცა ერთ-ერთი მოტივი  ინტერესის აღძვრის შედეგად წიგნის წაკითხვის სურვილია. სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის პარალელების გავლებისას საინტერესო რამ გამოიკვეთა, თუკი, რაჭაში ამგვარი მეთოდით პერსონაჟის გაცნობის შემდეგ თითქმის ყველა კითხულობდა წიგნს, ქალაქის სკოლაში სურვილისა და ინტერესის მიუხედავად „ვერცხლის ციგურები“ ჯერ კიდევ მკითხველის მოლოდინშია. მიზეზად ისევ და ისევ გადატვირთული დღის რეჟიმი და უდროობა მგონია, გასათვალისწინებელია წიგნის სიძველეც, სხვა წიგნებისგან განსხვავებით რთულად საპოვნელია.
დასკვნითი აბზაცისთვის კი განსაკუთრებული ამბავი შემოვინახე იმის ხაზგასასმელად, რომ უშედეგოდ ჩვენი არცერთი  ნაბიჯი  ჩაივლის. კლასში დატრიალებული მოვლენები სახლებშიც მიჰყვებათ გოგო-ბიჭებს. ერთხელაც საკლასო ოთახში შესულს მახარეს, რომ ჩემთვის საჩუქარი იყო გამზადებული. საგულდაგულოდ შეფუთულმა სიურპრიზმა მასწავლებლის მაგიდა გადაფარა. შესაფუთი ქაღალდის ქვეშ მინიმალისტურ სტილში შესრულებული ნახატი შემრჩა ხელთ, ნახატზე კი – ყინულის მოედანი, ადამიანების სილუეტი, ფონად ქარის წისქვილი და მთელი კლასი ისევ ჰოლანდიის გაყინულ არხზე აღმოვჩნდით გრეტელ ბრინკერთან ერთად. ერთმა ბიჭუნამ დანანებით აღნიშნა, მე ტელევიზორი მეგონაო. ტელევიზორის მაგივრად სურათიდან ის გაყინული არხი შემოგვყურებდა, რომელზეც დეკემბრის ერთ დილას ღარიბულად ჩაცმული და-ძმა, ჰანსი და გრეტელი, ჩაცუცქულიყვნენ, ხის ნაკოდალებისგან ნატკენი ფეხი უფროსმა ძმამ ქუდის სარჩულის ჩაფენით რომ გაუყუჩა დას და ბედნიერებით აღვსილებმა სრიალი რომ დაიწყეს. სურათი ჩემი მოსწავლის დედას „ვერცხლის ციგურების“ გამო შეუძენია და ამ გაკვეთილის შემდეგ ერთხმად გადაუწყვეტიათ, რომ ჩემთვის ეჩუქებინათ.
საკლასო ოთახში, ბავშვების თვალწინ, წიგნის დაწერის, გამოცემის, შემდეგ ქართულად თარგმნის დრომ, ჩემმა ბავშვობამ, და დრომ, რომელშიც ვიმყოფებით – ერთმანეთი გადაკვეთეს, „ვერცხლის ციგურებმა“ თავისი ამბები მოიყოლეს და ახალი თავგადასავლები წამოიწყეს. სწორედ ეს არის ჭეშმარიტი ლიტერატურის ძალა და ხიბლი.
წყარო : http://mastsavlebeli.ge/

ემოციური რეგულაცია და მისი სწავლების ტიპები

ვასწავლოთ მოთმინება
ბავშვებს, რომლებიც ძნელად მართავენ თავიანთ ქცევას, აქვთ აკადემიური ჩამორჩენაც. თუ ისინი დროის უმეტეს ნაწილს უარყოფითი ქცევითი შაბლონებით გაატარებენ, ეს შაბლონები მათში განმტკიცდება და წლობით გაჰყვებათ, დარგან ისინი ემოციებით არიან შეპირობებულნი. ხოლო თუ მათი ქცევის სიღრმეებს არავინ გამოიკვლევს, ვერც ვერავინ დაეხმარება ემოციების მართვაში. შედეგად მივიღებთ ბავშვებს, რომლებიც თვითიარაღდებიან და უარყოფითი ქცევა უძლიერდებათ.
ამდენად, ემოციების სწავლება უმნიშვნელოვანესი და ბაზისური საკითხია, რომლის გასაღები მხოლოდ და მხოლოდ მოთმინებაა. საჭირო იქნება დრო რეორიენტირებისთვის/კვლავგანსაზღვრისთვის, მაგრამ კარგი სიახლე ისაა, რომ ტვინი ამუშავდება, ახალი ნეირონული ბილიკები გაიკვალება დროსა და მუდმივობასთან ერთად.

დააყენეთ მაღვიძარა დილით!

დაიწყეთ სასკოლო დღე მოსწავლეებთან შემდეგი შეკითხვებით:
  • რა აბეზრებთ თავს?
  • როგორ გაართვით თავი დავალებას?
  • რა მიირთვით საუზმეზე?
  • ვინმეს ხომ არ უჩხუბია თავის ძმასთან ან დასთან /ოჯახის სხვა წევრთან?

ამგვარი შეკითხვების აზრი ისაა, რომ იმსჯელოთ შემთხვევებზე, რომლებზე საუბარშიც გამოვლინდება მათი გრძნობა-განცდები. ისინი შეიძლება საზიარო იყოს სხვებისთვისაც.
ამგვარი კითხვები მთელი დღისთვის ტონის მიმცემია. ბავშვებისთვის ერთგვარი გახსნა, დაახლოება ემოციური განტვირთვაა, თანაც გავიგებთ, კლასში ვინ გვყავს ჩხუბისთავი და ვინ – არა.
ზოგიერთ ბავშვს, განსაკუთრებით მას, ვისაც რეგულაციის პრობლემები აქვს, უჭირს იმდღევანდელი განცდების გადალახვა. სანამ მომხდარი ფაქტი მოსწავლის თავშია, ემოციები ღია ჭრილობებივითაა. ამდენად, მთელი დღის განრიგი შეიძლება ამ ტიპის ემოციებისკენ მივმართოთ. თუ იცით, რომ ალექსის მათემატიკა უჭირს, დაეხმარეთ, ამოიცნოს მათემატიკასთან დაკავშირებული გრძნობები და ემოციები, მერე კი წინასწარ უნდა განისაზღვროს სტრატეგია, რომელსაც ამ ემოციების დასარეგულირებლად გამოვიყენებთ მათემატიკაზე მუშაობის პერიოდში.
შეეცადეთ, გამოიყენოთ ზემოთ წარმოდგენილის მსგავსი ემოციური მგეგმავი/პლანერი რამდენიმე მოწაფესთან ერთად, როგორც ზემოთ იყო ნაჩვენები. ეს აძლევს მოსწავლეებს საკუთარ ემოციებზე დაფიქრების შესაძლებლობას მანამდე, ვიდრე დაიგეგმება, მაგალითად, მინდორში გასეირნება. ამის შემდეგ კი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ავუხსნათ, როგორ მართონ თავიანთი ემოციები სტრატეგიების გამოყენებით.
ექსპერტები გვირჩევენ, გამოვიყენოთ მგეგმავი რეგულარულად, ვაქციოთ იგი ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილად სპეციალურად მომზადებულ დაფაზე, ან გავაერთიანოთ ჩვენს Google Calendar-ში. არსებობს ბევრი გზა, რითაც ამ მგეგმავს ავამუშავებთ და შევინარჩუნებთ აზრს, რომ ჩვენი ემოციები მართავენ ჩვენს ქცევას ჩვენი ტვინის შუაგულში.

დავეხმაროთ მოსწავლეებს, ამოიცნონ ემოცია რეალურ დროში
წყარო : KidConnect Classroom

თითოეული ჩვენგანისთვის დიდ მიზანს უნდა წარმოადგენდეს ბავშვების იმ ადგილამდე მიყვანა, სადაც ისინი შეძლებენ ემოციების ამოცნობას და ქმედებებთან მათ დაკავშირებას. ეს სწორედ ის სივრცეა, სადაც მათ შეიძლება გამოიყენონ KidConnect Classroom-ის აპი. მასწავლებელი ხსნის KidConnect-ს და შედის iPad-ში იმ მოსწავლისთვის, რომელიც მყისიერად რაიმე სახის ინციდენტში აღმოჩნდა. ამის შემდეგ მოწაფე პოულობს მოკლე გზას iPad-ში, – აცხადებს ლორი ჯეკსონი, ამერიკის განათლებისა და ფსიქოლოგიის ლიცენზირებული სკოლის ფსიქოლოგი
აღნიშნულ მომენტში მსგავსი ქმედება მოსწავლეებს ერთმანეთთან უკეთ დააკავშირებინებს მოვლენას, ემოციასა და ქცევას. შედეგად მოვა ქცევის ცვლილება, პროცესად კი რჩება ემოციების რეგულირების სწავლება.
KidConnect Classroom-ი ასევე გვთავაზობს დაკვირვების სექციას, რომელშიც მასწავლებლებს შეუძლიათ ჩაინიშნონ არა მხოლოდ ქცევა, არამედ მისი წანამძღვარი ემოციაც. მოხსენების სექცია (reporting section) იძლევა საშუალებას, მიაწოდოს ინფორმაცია მშობლებს და ადმინისტრაციას და გააანალიზოს ქცევა და შაბლონები. მასწავლებელი ქეროლაინ ბურკარდი (Caroline Burkard) აჩვენებს განსხვავებულ KidConnect Classroom-ს რამდენიმე წარუმატებელ მცდელობას, როდესაც ერთ-ერთმა მოსწავლემ თავი რამდენჯერმე დაიზიანა. ახლა, როდესაც გაბრაზებული ან იმედგაცრუებულია, ის ღრმად სუნთქავს, ნაცვლად იმისა, რომ კვლავ დაიზიანოს თავი. მან იცის, რომ თუ გაბრაზდება, უნდა დამშვიდდეს და გააცნობიეროს პრობლემის არსი. ეს არა მარტო მთელი კლასის, არამედ თითოეული მოსწავლის კეთილდღეობის საწინდარია.

ყოველთვის იყავით კავშირზე
სასურველია პროგრამული მხარდაჭერა მთელი დღის განმავლობაში სწრაფი რეგულირების ძიებისთვის. ამ გზით ბავშვები აჟღერებენ ამა თუ იმ აქტივობიდან გამოყოლილ ემოციებს.
ჩვენ ასევე ვთავაზობთ წუთს ყურადღებისთვის. ეს იქნება სიწყნარისა და სუნთქვის ერთი წუთი – ტვინისა და გონების „გაწმენდის“ დრო. არსებობს ალტერნატივაც – მოძრაობით შესვენება იმ მოსწავლეთათვის, რომლებსაც ენერგიის დახარჯვა სჭირდებათ.

შექმენით გრძნობების/ ემოციების სიტყვების დაფა

შეადგინეთ თქვენი მოსწავლეების ემოციური ლექსიკონი გრძნობებსა და ემოციებზე პირდაპირი მინიშნებით. ლოურენ როსი (Lauren Ross, LCSW), დენვერის Cherry Creek-ის სკოლის სოციალური მუშაკი, გვთავაზობს გრძნობისა და ემოციების ლექსიკის გამომხატველი სიტყვების კედლის შექმნას. ემოციების ლექსიკა შეიძლება დაალაგოთ ანბანის რიგზე ან შექმნათ თემატური რიგები.
ასევე შეიძლება გრძნობებისა და ემოციების გამომხატველი სახეებით შექმნილი პოსტერების ჩამოკიდება.

შექმენით მშვიდი კუთხე
 

თქვენ როგორც მასწავლებელს შეგწევთ ძალა, შექმნათ ემოციურად დაცული საკლასო ოთახი, რომელშიც ყველა გრძნობა დადებითია და მტკიცდება განცდა, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა შესაძლებელია და არც წარმატების მიღწევაა რთული. საკლასო ოთახში მშვიდი კუთხის არსებობა ამისთვის საუკეთესო საშუალებაა, – ამბობს ლოურენი.
რეკომენდებულია ბალიში და რბილი სავარძელი/პუფი, გრძნობების პოსტერი, დამშვიდების რამდენიმე სტრატეგია, მაგალითად, სტრესბურთულები, ან თერაპიული მასალები, წიგნები ემოციების შესახებ და წამმზომი/ტაიმერი. თერაპიული მასალა საშუალებას მისცემს თქვენს მოსწავლეს, გააცნობიეროს, რისთვისაა ეს, როგორ და რა მიზნით გამოიყენოს.

ხედვის ფოკუსად აქციეთ აკადემიური წარმატება
თქვენ შეგიძლიათ მისცეთ მოსწავლეებს ბიძგი დამატებითი აკადემიური მხარდაჭერისთვის, მაგრამ თუ მათ ჯერ კიდევ არ აუთვისებიათ ემოციების რეგულირების უნარები, შედეგს ვერ გააუმჯობესებთ.
ჩვენ ხშირად გვინახავს უშედეგო მცდელობები და მოგვისმენია პედაგოგთა ჩივილი, რომ ზოგიერთ მოსწავლეს, დიდი დახმარების მიუხედავად, ჯერ კიდევ არ აქვს მყარი პროგრესი. არ ვიცით, როგორ დავეხმაროთ, ისეთი უბედური ჩანს, ისეთი მოწყენილი – ამგვარ შემთხვევებზე ჰყვებიან ჩვენშიც და უცხოეთშიც. რეკომენდაცია კი შემდეგია:
შეაჩერეთ საგნის სწავლება, ვიდრე არ ასწავლით ემოციების რეგულაციას. დააბალანსეთ შესასრულებელი ამოცანები ისე, რომ მათ შეეძლოთ ემოციების კონტროლი და მართვა. მხოლოდ ამის შემდეგ გადადით აკადემიური ცოდნის დაგროვებაზე.
ასწავლეთ ბავშვებს ემოციების მართვა და ნახავთ, რა დიდ შედეგს გამოიღებს ეს, როგორ გარდაიქმნება ეს ცოდნა სწავლის დაწყებისთვის მზაობაში.

სწავლა და სწავლა
სოციოემოციური ცოდნა ყველგან საჭიროა. ყველაზე რთული ნაწილი რაიმე სიახლისა დასაწყისია. თავდაპირველად ჭირს ახალ იდეებსა თუ ტენდენციებთან შეგუება, მაგრამ როდესაც ახალი ინფორმაცია თქვენი საკლასო ოთახის ატმოსფეროს გააუმჯობესებს, სტუდენტებს კი სწავლას გაუიოლებს, მივხვდებით, რომ ამ გზით სიარული გვმართებს.
სოციოემოციური სწავლების შესახებ ინფორმირებაში შემდეგი რესურსები დაგვეხმარება:
CASEL (The Collaborative for Academic, Social, and Emotional Learning)


გაუზიარეთ თქვენი გრძნობები
არ შეგაშინოთ იმ გრძნობების გაზიარებამ, რომლებიც დღის განმავლობაში განიცადეთ. თქვენ არ ხართ სუპერადამიანი, ამგვარად, სტრესულ დღეს, როდესაც პრინტერი შეიკუმშება, თქვენი მოწაფეები იმავე კითხვებს დაგისვამენ ბევრი სხვადასხვა გზით. შესაძლოა, კათედრის სხდომაზე დასწრებაც კი დაგავიწყდეთ და ამ ამბავმა შეგაზანზაროთ, მაგრამ გახსოვდეთ:
ბავშვებისთვის გრძნობების გაზიარება საუკეთესო გზაა, დაანახოთ მათ კავშირი გრძნობასა და საქციელს შორის, რადგან ემოციური რეგულაციის საუკეთესო მაგალითი თავად მასწავლებელია.
ყველა ამგვარ შემთხვევაში ჰკითხეთ თავს, რა ემოცია დაგეუფლათ ამა თუ იმ სიტუაციაში და როგორ წარმართეთ იგი, მერე კი ეს ყველაფერი ბავშვებს გაუზიარეთ.

თავად როგორ ასწავლით ემოციების რეგულირებას? სასიამოვნო იქნებოდა თქვენი აზრებისა და კომენტარების მოსმენა.
წყარო 
http://mastsavlebeli.ge/