Wednesday, November 29, 2017

13 რჩევა მასწავლებელს

 1. ყოველი დღე ახლით დაიწყე. სიახლე წარმატებულს ხდის სკოლას და ახალისებს სასკოლო პროცესს.
2. ეცადე, ყოველ კვირას მცირედი ცვლილება მაინც შეიტანო სასკოლო ოთახის გაფორმებაში.
3.  გახსოვდეს,   რომ შენი მოსწავლის მეგობარი ხარ.
4.  ხომ იცი, ყველაზე ფაქიზ, ყველაზე სათუთ, ყველაზე ლამაზ ქმნილებას წრთვნი
5.  შეაქე სუსტი მოსწავლე ყოველ დღე, ის სულ მალე წარმატებული გახდება. 
6. ნუ შეეცდები შენს მოსწავლეებს დაანახო, რომ ყველაფერი იცი, იცოდნენ მათ, რომ შენ ყოველდღე ახალ რამეს სწავლობ, ისინი ანალიზს აუცილებლად გააკეთებენ და მიხვდებიან, რომ მთელი ცხოვრება უნდა ისწავლონ
7. იყავი ფანტაზიორი, მოსწავლე აუცილებლად მოგბაძავს
8.  ეცადე, რაც შეიძლება ფერადად დაანახო სამყარო შენს მოსწავლეს
9.  შენს მიერ შეთავაზებულ ახალ მასალას წინ მოტივაცია წაუმძღვარე.
10.  გაუკეთე საკუთარ თავს შეფასება და ეცადე მოსწავლემ თვითშეფასების სისტემას სისტემატიური სახე მისცეს.
11.  გუნდური თუ ინდივიდუალური მუშაობის დროს გაითვალისწინე კლასის ინტერესი.
12.  გამოიყენე ბუნება გაკვეთილის ჩასატარებლად, ეს მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ
13.  ყოველთვის გახსოვდეს მოსწავლე ,,ნაძვისხეა,, და შენ მის გარშემო ტრიალებ.

რჩევები მასწავლებლებს

გთავაზობთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული სოციალურ-კოგნიტური თეორიის ავტორის, ალბერტ ბანდურას რჩევებს სპეციალურად მასწავლებლებისთვის;


აჩვენეთ მოსწავლეებს ახალი ქცევის მაგალითები, ამით თქვენ მათ ახალი ქმედებების სწრაფად ათვისებაში დაეხმარებით.
გახსოვდეთ, რომ ახლად ათვისებული მასალა ყოველთვის დაუყოვნებლივ არ ახდენს გავლენას მოსწავლის ქმედებაზე.
წააქეზეთ მოსწავლეები, ისეთი არჩევანი გააკეთონ, რაც მათი სწავლისთვის სასარგებლო იქნება.
გაამხნევეთ მოსწავლეები, პროდუქტიული მიზნები დასახონ.
ასწავლეთ მოსწავლეებს ეფექტური სწავლისა და ქცევის სტრატეგიები.
ბანდურას აზრით, 4 პირობაა აუცილებელი იმისთვის, რომ მოსწავლეებმა წარმატებით ისწავლონ სამაგალითო ქცევაზე დაკვირვებით: ყურადღება, შენარჩუნება, გამეორება, მოტივაცია.
გაკვეთილი ისე დაგეგმეთ, რომ მოსწავლეებს დავალების ნაწილის შესრულება დამოუკიდებლადაც შეეძლოთ.
მიეცით მოსწავლეებს საშუალება, რომ ერთმანეთს შორის პატარა კონფლიქტები თავად გადაჭრან. ჩაერიეთ იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტი გაძლიერდა.
როცა მოსწავლეები იმპულსურად იქცევიან და ვერ ახდენენ საკუთარი ემოციების კონტროლს, მიეცით მითითებები და აუხსენით, რა შეიძლება მოჰყვეს მათ საქციელს.
წაახალისეთ მოსწავლეები, რომ თავიანთი ნამუშევარი და პროგრესი შეაფასონ.
წაახალისეთ მოსწავლეები, რომ თანაკლასელებს რჩევისთვის და დახმარებისთვის მიმართონ.
ასწავლეთ მოსწავლეებს დავალებების დაგეგმვის კონკრეტული სტრატეგიები.

რჩევები დამწყებ პედაგოგებს

 
გამოცემა “edutopia” 5 რჩევას გთავაზობთ, რომლებიც კლასში დისციპლინის დამყარებაში დაგეხმარებათ და ბავშვებთან ურთიერთობას გაგიადვილებთ:

1. ყოველთვის იქონიეთ კარგად ორგანიზებული, წინასწარ შემუშავებული საგაკვეთილო გეგმა:
ეს რჩევა ყველაზე მნიშვნელოვანია. შეიძლება, გაგიგონიათ კიდეც ფრაზა: თუ თქვენ არ გაქვთ გეგმა მათთვის, ისინი თავად დაგეგმავენ ყველაფერს თქვენთვის. ჯობს დრო არ გეყოთ, ვიდრე ზედმეტი მოგრჩეთ გაკვეთილის დასრულებამდე.
მოწყენილი მოსწავლე პრობლემების შემქმნელია. ამიტომ, თუ გაკვეთილი კარგად არ არის დაგეგმილი, ბევრი ბავშვი ლაპარაკობს და ნაკლები აქცევს ყურადღებას გაკვეთილის მსვლელობას. არ არის გასაკვირი, რომ საინტერესო გაკვეთილის დაგეგმვას მეტი დრო და გონების დაძაბვა სჭირდება, მაგრამ შედეგი ამად ნამდვილად ღირს.
2. მოაგვარეთ პრობლემური საკითხები მოსწავლეებთან რაც შეიძლება მალე:
თქვენსა და მოსწავლეს შორის, ან მოსწავლეებს შორის პრობლემა, რაც შეიძლება სწრაფად უნა მოაგვაროთ, რადგან უარყოფითი გრძნობები, მალევე, შეიძლება, ნაპერწკლიდან ცეცხლად გადაიქცეს. 
გადაჭერით კონფლიქტი გონივრულად, სხვა მოსწავლეების თვალისაგან მოცილებით. ჰკითხეთ მოსწავლეს, თუ რით შეგიძლიათ მისი დახმარება. ნუ დაადანაშაულებთ მას და აჩვენეთ თქვენი მზრუნველობა. მოსწავლე, შეიძლება, თქვენგან გაბრაზებას ელოდეს, ასეთი ქცევა კი გააკვირვებს, გაახარებს და კონფლიქტის მშვიდად გადაჭრის საშუალება ადვილად მოგეცემათ.
როცა მოსწავლეებს შორის კონფლიქტია, შეახვედრეთ ისინი მხოლოდ თქვენი თანდასწრებით. იყავით ნეიტრალური შუამავალი და დაეხმარეთ პრობლემის მშვიდობიანად გადაჭრაში.
3. გამოიყენეთ სხეულის ენა და არავერბალური კომუნიკაცია:
ხელის ჰაერში დაჭერა და მოსწავლეებთან თვალებით კონტაქტი კარგი გზაა კლასის დასაწყნარებლად და მათი ყურადღების მისაპყრობად. მართალია, მოსწავლეებს ცოტა დრო კი სჭირდებათ ამ რუტინის მისაჩვევად, მაგრამ იგი ნამდვილად მუშაობს. ამასთანავე, მოთხოვეთ, თქვენი ამ ქცევის დანახვისთანავე თავადაც ასწიონ ხელი და გაჩუმდნენ. ყველა ხელის აწევის შემდეგ კი დაუშვით ხელი და დაიწყეთ საუბარი.
ასევე, შეგიძლიათ, ნათურის ანთებით, ან ჩაქრობით მიახვედროთ, რომ სამუშაოს დასრულებამდე 3 წუთი დარჩათ. 
შედარებით პატარა ასაკის მოსწავლეებთან შეგიძლიათ, 3-ჯერ შემოჰკრათ ტაში და მიაჩვიოთ, რომ 2-ჯერ ტაშის შემოკვრით გიპასუხონ. ეს მათთვის სახალისოა და ასევე კარგი საშუალებაა ყურადღების მისაპყრობად.
4. ისაუბრეთ ზომიერი, ბუნებრივი ხმით:
ბავშვებს თქვენი ბუნებრივი ხმით ესაუბრებით? ყველა მასწავლებელი ამბობს, რომ სწავლების პირველ წელს მათთვის ჩვეულზე ბევრად ხმამაღლა საუბრობდა, იქამდე, ვიდრე ხმა სრულად არ დაკარგა. 
ბავშვების ყუადღების მისაქცევად ხმის აწევა არც ისე კარგი გზაა. თანაც, ეს სტრესის გამომწვევიცა არის. ბავშვები თქვენი საუბრის მანერას “აირეკლავენ”, ამიტომ, ნუ ისაუბრებთ ნახევრად მყვირალა ტონით. თუ გსურთ, რომ ბავშვებმა ნორმალური, სასიამოვნო ხმით ისაუბრონ, თქვენც იგივე უნდა გააკეთოთ. თანაც, ჯობს, სიტუაციის შესაბამისი ტონი შეარჩიოთ.
 
5. მხოლოდ მაშინ ისაუბრეთ, როცა ბავშვები დაწყნარდებიან და მზად იქნებიან:
ეს ნამდვილად ოქროს წესია. მთავარია, დაძლიოთ დალაპარაკების ცდუნება და დაელოდოთ, ვიდრე დაწყნარდებიან. შეიძლება, ზოგჯერ ცოტა მეტ ხანს მოგიწიოთ ლოდინი, მაგრამ ბავშვები აუცილებლად გადაულაპარაკებენ ერთმანეთს: “ჩუ, ის რაღაცის თქმას აპირებს,” “გეყოთ, გაჩუმდით” და “ბავშვებო, გაჩუმდით.” (ისინი თავად გააკეთებენ თქვენს საქმეს.)
თქვენი მოთმინება შედეგს გამოიღებს და ხმასაც შეინარჩუნებთ.
 გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება: რა განსაკუთრებულ მიდგომებს იყენებთ? როგორი სტრატეგიებია თქვენთვის და თქვენი მოსწავლეებისათვის გამოსადეგი?

Monday, November 20, 2017

შექების მეთოდები და პოზიტიური ენა

 ენა ადამინთა აზროვნების ტიპს განაპირობებს. მნიშვნელობათა სოციალური სტერეოტიპები, რომლებიც ჩვენი მსოფლხედვის საფუძველია, სწორედ ენის მეშვეობით იქმნება. ენა ბავშვობიდანვე სამყაროს ხედვისა და მისი სტრუქტურირების განსაკუთრებულ ხერხებს გვიყალიბებს. ეჭვგარეშეა, შთაბეჭდილებათა „კალეიდოსკოპურ დინებაში“ პოზიტიური ენით სამყაროც პოზიტიურად ტრანსფორმირდება. ამიტომ უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ადრეული ასაკიდანვე რა ემოციურ-ენობრივ კატეგორიებს ვაზიარებთ ან ვიზიარებთ, როგორ მივმართავთ მათ ერთმანეთისა და, განსაკუთრებით, მომავალი თაობებისკენ.

პოზიტიური ენა პოზიტიური განწყობის, ნებელობისა და ქცევის წინაპირობაა. პოზიტიურ ქცევას შედეგიც პოზიტიური მოჰყვება ხოლმე.   მართალია, მრუმე ყოფიერება არცთუ ხშირად გვანებივრებს დადებითი ენერგიებით, მაგრამ ემპათიის და სიმპათიის წყალობით, ენა, როგორც  „ყოფიერების სახლი“ მაშინვე დადებითი გრძნობებითა და დამოკიდებულებებით გვავსებს ხოლმე. იგი იმთავითვე გვთავაზობს  „კარგის პრიმიტივით“ განპირობებულ ემოციურ კატეგორიებს და გამოყენებისთანავე გვიჩვენებს მათ უპირატესობას. ემოციურ კატეგორიებში ამჯერად თავაზიან ფორმებს, საალერსო ლექსიკას ან ამ ლექსიკის მაწარმოებელ აფიქსებს მოვიაზრებთ, რომლებიც უნივერსალურია მცირედი გამონაკლისებით.


კეთილი სიტყვები კეთილ გრძნობებს წარმოშობს, ეს უკანასკნელი კი – კეთილ საქციელს. თუმცა პოზიტიური გრძნობების გადაცემა სიტყვების გარეშე,  სხეულის ენით – ღიმილით, შეხებით, თავის დაკვრით, ხელის ჩამორთმევითაცაა შესაძლებელი. მასწავლებლის ამგვარი ჟესტი ბავშვებს ძალიან მოსწონთ, თავს ამაღლებულად და მოტივირებულად გრძნობენ. თუმცა მათ არანაკლებ სიამოვნებთ შექება და კომპლიმენტები.
მიჩნეულია, რომ კომპლიმენტების სახით დადებითი დამოკიდებულების გამოხატვა სასარგებლო და სასიცოცხლოდ აუცილებელი უნარია, რადგან როდესაც საქმიან პარტნიორებს და, მით უფრო, ბავშვებს ვაქებთ, ჩვენ ვეხმარებით მათ, იგრძნონ თავი მნიშვნელოვნად სხვის თვალში და ვქმნით საქმიანი კონტაქტის კეთილგანწყობილ ატმოსფეროს. ახლობლებისთვის კომპლიმენტის თქმით კი კიდევ უფრო ვამტკიცებთ ახლო ურთიერთობებს.
შექება სასიამოვნოა, როდესაც:
  • რეალობას შეესაბამება. ადამიანებს სჯერათ მხოლოდ არგუმენტირებული შექების. სხვა შემთხვევაში შეიძლება ეგონოთ, რომ გამორჩენის მიზნით ვაქებთ.
  • შეესაბამება იმას, რასაც აფასებს თავის თავში მოზარდი თუ ზრდასრული. დანარჩენი შინაგანად უარიყოფა.
  • კომპეტენტური, ავტორიტეტული ადამიანისგან გაისმის; ისეთებიც არსებობენ, ვინც ხშირად პედაგოგსაც კი აკრიტიკებს, რა უფლებით მაქებს ან განმსჯისო.
  • მასში არ არის ორმაგი აზრი და მხოლოდ დადებით თვისებებს ეხება. მაგალითად: „კარგი ნაშრომია, ყოჩაღ! დედას კარგად უშრომია!“
  • არ მოსდევს კრიტიკა. მაგალითად: „ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი ხარ.“
  • კომპლიმენტს თან არ უნდა ახლდეს ჭკუის სწავლება.
  • არ ახლავს რეკომენდაციები და ამ თვისების
    გაუმჯობესების პრაქტიკული რჩევები. ეს უკუკავშირის თემაა.
უნდა ითქვას, რომ კეთილგანწყობა თითქმის ყველასთვის მისასალმებელია. უფრო მეტიც, გვირჩევენ, რაც შეიძლება ხშირად შევაქოთ, რადგან ეს მოტივაციას მნიშვნლოვნად ზრდის. მართებული შექების სარგებელი ის არის, რომ დავანახოთ სხვებს მათი ქცევების ეფექტურობა; ვაჩვენოთ, რომ არსებობს ვიღაც, ვინც ყურადღებას აქცევს და, რომ ვინტერესდებით მათი საქმიანობით. ამდენად, შექება და კეთილგანწყობა მოღვაწეობის ყველა დარგში ერთნაირად სასარგებლოა.