Monday, August 26, 2019

ინტერაქტიული სავარჯიშოების გამოყენებით დაგეგმილი სამოდელო გაკვეთილი

ეფექტური გაკვეთილი ყოველთვის უნდა იყოს  შედეგზე ორიენტირებული. დასახული მიზნის შესაბამისი შედეგის მისაღებად აუცილებელია საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეების აქტიური ჩართვა. აქტიურობა არ უნდა გულისხმობდეს მოსწავლის ქაოსურ მოძრაობას, მისი ქმედება შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს სასწავლო მიზანთან. მოსწავლე აქტიური ვერ იქნება, თუ მას არ შევთავაზეთ მისი ასაკისა და ინტერესების შესაბამისი სავარჯიშოები. მოსწავლეებში ინტერესის გაღვივებისა და შენარჩუნების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება გაკვეთილზე ინტერაქტიული სავარჯიშოების მიზნობრივი გამოყენებაა. ეს სავარჯიშოები განსაკუთრებით კარგია სწავლების დაწყებით საფეხურზე. თანამედროვე ტექნოლოგიები და ონლაინინსტრუმენტების ფართო სპექტრი საშუალებას იძლევა გაკვეთილი კიდევ უფრო საინტერესო, შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული გავხადოთ.
გადავწყვიტე, მესამე კლასში ჩამეტარებინა ინტეგრირებული გაკვეთილი, რომელზეც გამოვიყენებდი ინტერაქტიულ სავარჯიშოებს. ინტეგრირებული საგნები იყო ქართული ენა და ბუნებისმეტყველება. სპეციალურად ამ გაკვეთილისათვის შევქმენი ინტერაქტიული სავარჯიშოები www.LearningApps.org-ის გამოყენებით. ციფრული რესურსების პორტალის დახმარებით შექმნილმა სავარჯიშოებმა დიდი ინტერესი და მოწონება გამოიწვია. თემის შერჩევისას გავითვალისწინე ის, რომ ქართულ ენაში ასახსნელი ლექსი უშუალო კავშირში იყო ბუნებისმეტყველების საკითხებთან. ჩავთვალე, რომ ბუნებისმეტყველებასთან საკითხების გახსენება ხელს შეუწყობდა ტექსტის გაგება-გააზრებას და მოსწავლეებს საგანთა შორის კავშირის დანახვაში დაეხმარებოდა. ამასთან, ინტერაქტიული სავარჯიშოების მოხერხებული გამოყენება გაკვეთილზე სასწავლო მიზნის მისაღწევად სიახლეა და კოლეგებისთვის გაზიარება დავაპირე. კომპიუტერმა საშუალება მომცა საგანთა შორის ინტეგრირება უფრო თვალსაჩინო გამეხადა.
გთავაზობთ  გაკვეთილის გეგმის ნიმუშს.
საგნები: ქართული ენა/ ბუნება
სწავლების საფეხური/კლასი: მე-3 კლასი
გაკვეთილის თემა: ქართული – ხალხური ლექსი ,,ცა და დედამიწა“
ბუნება – ,,მზე, დედამიწა, მთვარე “;
,,ბუნებრივი მოვლენები“ (განმტკიცება)
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეები შეძლებენ:
  • ბუნებისმეტყველების საკითხების გახსენება-განმტკიცებას და ქართული  ენის გაკვეთილზე შესასწავლ საკითხთან დაკავშირებას;
  • ტექსტის ხმამაღლა, პაუზისა და სასვენი ნიშნების დაცვით წაკითხვას, როლებად წაკითხვას და გაგება-გააზრებას;
  • მზის და მთვარის მარტივ დახასიათებას; მათთვის ნაცნობი ბუნებრივი მოვლენების მარტივ აღწერა-დახასიათებას;
  • ინტერაქტიული სავარჯიშოების შესრულებას და საგნობრივი ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირებას.
               ქართ. III. 2. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა. 
               ქართ. III. 4. მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას.   
  ბუნ. III. 6. მოსწავლეს შეუძლია მზისა და მთვარის დახასიათება.
       ბუნ. III. 8.მოსწავლეს შეუძლია ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნების დახასიათება.
ე დღის
Nაქტივობის აღწერაგამოყენებული მეთოდი/მეთოდებიკლასის ორგანიზების ფორმა/ფორმებისასწავლო რესურსებიდრო (წთ)
1.შესავალი
(თემისა და მიზნის გაცნობა)
ვერბალური ახსნამთელი კლასი

პლაკატი


2 წუთი
2.წინარე ცოდნის გააქტიურება
(ბუნებისმეტყველების საკითხების გახსენება)
კითხვა-პასუხი

მთელი კლასი
ჯგუფური
ელექტრონული რესურსი

  10 წუთი
3.



ახალი მასალის ახსნა-
ტექსტის  კითხვა
საჩვენებელი /სამოდელო
კითხვა
მთელი კლასი სახელმძღვანელო3 წუთი
4.მოსწავლეთა მიერ ახალი ტექსტის კითხვაროლური კითხვა,
ინდივიდუალური კითხვა
მთელი კლასისახელმძღვანელო8 წუთი
5.



ტექსტის გაგება-გააზრებაკითხვა-პასუხი

მთელი კლასისახელმძღვანელო2 წუთი
6.



ჯგუფური მუშაობა

ინტერაქტიული სავარჯიშოების გვერდზე (learningapps.org) არსებული შაბლონების მიხედვით მომზადებული დავალებები:
I ჯგუფი – თავსატეხი ,,შეამოწმე,როგორ გაიგე!“
II ჯგუფი – შესაბამისობა ,,ადგილი მოუძებნე მდებარეობის მიხედვით“
III ჯგუფი – ვიქტორიანა ,,უპასუხე კითხვებს“
IV ჯგუფი – შესაბამისობა ,,მოუძებნე წყვილი!“
V ჯგუფი – ვიქტორიანა
,,აბა ,გამოიცანი!“
 
ურთიერთსწავლება


4-მოსწავლიანი
5 ჯგუფი




კომპიუტერები
(learningapps.org-ინტერაქტიული სასწავლო დავალებების ონლაინ პროგრამის გამოყენება)

   10 წუთი
7.ჯგუფური დავალებების  განხილვა

ჯგუფების
პრეზენტაციები
ჯგუფურიმოსწავლეების მიერ ელექტრონულად შესრულებული დავალებები7 წუთი
8.გაკვეთილის შეჯამება          3-2-1მთელი კლასი 

2 წუთი

9.

საშინაო  დავალება

ხალხური  ,,ცა და დედამიწა“
მთელი კლასისახელმძღვანელო1 წუთი


       გეგმის შედგენისას გათვალისწინებული იყო მიზანი და გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები. უნდა აღინიშნოს, რომ მიზნის შესაბამისი შედეგიც მივიღე. მოსწავლეებმა გაიგეს და გაიაზრეს ტექსტი, ხმამაღლა წაიკითხეს ის, დაიცვეს პაუზა სასვენ ნიშნებთან, დაახასიათეს და აღწერეს მათთვის ნაცნობი ბუნებრივი მოვლენები, მარტივად დაახასიათეს მზე, მთვარე, შეასრულეს ინტერაქტიული სავარჯიშოები, საგნობრივი ცოდნა დააკავშირეს ერთმანეთთან.
გაკვეთილზე გამოყენებულმა ინტერაქტიულმა სავარჯიშოებმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში საგანთაშორისი კავშირის დანახვას და უფრო ეფექტური გახადა საგაკვეთილო პროცესი, ხელი შეუწყო სასწავლო მიზნის მიღწევას, გააადვილა გაგება-გააზრების პროცესი, მოსწავლეებს გაუღვივა ინტერესი, მიმზიდველი გახადა დავალებების შესრულების პროცესი. გაკვეთილმა აგრეთვე  ხელი შეუწყო თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის უნარის, მრავალფეროვნების მიღებისა და შეგუების უნარის განვითარებას, მოსწავლეთა მაქსიმალურ და ხალისიან  ჩართვას სასწავლო პროცესში.
  წყარო ; http://mastsavlebeli.ge

ელექტრობა – მისტიური და ამოუცნობი სამყარო

მოსწავლეთათვის ელექტრობის გაცნობა განსაკუთრებული გამოწვევაა მასწავლებლისთვის. მან უნდა შეამზადოს ისინი მისტიკურ და ამოუცნობ სამყაროში მოგზაურობისთვის, მეგზურობა და ფასილიტაცია გაუწიოს ამ რთულ და საინტერესო გზაზე.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მოსწავლეები ძალებს მე-7 კლასში ეცნობიან, ხოლო ელექტრულ და მაგნიტურ ურთიერთქმედებას – მე-8 კლასში. მე-9 კლასში ეცნობიან გრავიტაციული მიზიდულობის ძალას. ამ დროს მათ აზროვნებაში მზადდება ნიადაგი ველების გასაცნობად. მე-10 კლასში მოსწავლეთა ცნობიერება უკვე მზადაა, შეიმეცნოს ველის კონცეფცია. მაგრამ მათ გონებაში ჯერ კიდევ მყარია აზრი, რომ მატერია არის ყველაფერი ის, რასაც ხედავენ. სინამდვილეში მატერიალურია ყველაფერი, რაც არსებობს სივრცეში და აქვს თვისებები.
– რატომ ცვივა საგნები ქვევით?
– ამას აკეთებს ველი, დედამიწის გრავიტაციული ველი, რომლის მეშვეობითაც დედამიწა მოქმედებს სხეულებზე. ველი მატერიის ერთ-ერთი ფორმაა.
შეიძლება ზოგიერთმა მოსწავლემ გამოთქვას მოსაზრება, რომ ეს „არაფერია“.
– თუ არაფერია, რატომ არსებობს კანონზომიერება, რომელიც არასდროს ირღვევა? ეს კანონზომიერება რომ არ იყოს, ჩვენ დედამიწაზე სიარულს ვერ შევძლებდით.
ამ მსჯელობის შემდეგ მოსწავლე ალბათ უკვე მიხვდება, რომ ველი მატერიალურია.
უფრო რთულია მოსწავლეებისთვის ელექტრული ველის ახსნა. ეს მართლაც მისტიკური სამყაროა. ველაპარაკებით ელექტრონზე, რომელიც არავის თვალით არ უნახავს.  ველზე, რომელსაც არც ფერი აქვს, არც გემო, არც ხილულია.
მოსწავლე  ყველაზე კარგად აღიქვამს მხოლოდ იმას, რასაც ნივთიერი სახე აქვს. იგი ყოველდღიურად უყურებს დედამიწის გრავიტაციულ ველში სხეულების ქვევით ვარდნას. ხოლო ელექტრულ ველს გრავიტაციულისგან განსხვავებით უცნაური თვისება აქვს: ზოგიერთი სხეული მიიზიდოს, ზოგიერთი კი განიზიდოს. რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოსწავლემ ამ სამყაროს გასაღები მოუძებნოს?
პირველ რიგში, აუცილებელია მოტივაციის აღძვრა, რაც  ცხოვრებისეული მაგალითების  მოყვანით შეიძლება. მაგალითად, დავსვათ კითხვა, რომელიც მოსწავლეს ინტერესს აღუძრავს.  ელექტრული მუხტის შესწავლისას დევიდ ჰოლიდეის, რობერტ რეზნიკისა და ჯერლი უოლკერის ფიზიკის საფუძვლებში, რომელიც ამერიკის ფიზიკოსთა საზოგადოებამ  2002 წელს მე-20 საუკუნის გამორჩეულ სახელმძღვანელოდ დაასახელა,  ბევრი სახალისო პრაქტიკის მაგალითია მოყვანილი. ნახატზე გამოსახული  ქალი სეკვოიას ნაციონალური პარკის გადასახედ მოედანზე იდგა, როდესაც მის თავზე საავდრო ღრუბელი ჩამოწვა.

  • რა დაემართა მას?

შევპირდეთ, რომ თეორიის შესწავლის შემდეგ ამ კითხვას გაეცემა პასუხი.

მოსწავლის გონებაში დამკვიდრებული აზრობრივი სქემები რომ ავამუშაოთ, საჭიროა  უცნობი დავუკავშიროთ ნაცნობს. ვახსენოთ, რომ ბუნება ერთიანია. არსებობს ანალოგიები, რომელთა საშუალებითაც მოსწავლე ადვილად დააკავშირებს მათ. მაგალითად, ერთმანეთს შევადაროთ გრავიტაციული და ელექტრული ველი.კარგი იქნება ვენის დიაგრამების გამოყენებით მსგავსებებისა და განსხვავებების ჩვენება. პროპორციულობის კოეფიციენტების შედარებით მოსწავლე პირველ აღმოჩენას გააკეთებს: გრავიტაციული მიზიდულობის ძალა ძალიან სუსტია ელექტრულთან შედარებით.
  • ნუთუ ძალა, რომელიც დედამიწას მზის გარშემო ამოძრავებს, ასეთი სუსტია?
ამ კითხვაზე საპასუხოდ შესთავაზეთ მოსწავლეს, ხელით ასწიოს კალამი და უთხარით, რომ ამ კალამს ერთი მხრიდან მთელი დედამიწა ეწევა, მეორე მხრიდან კი – მოსწავლე.
– ვინ აჯობა? – იგი გახარებული გიპასუხებთ, რომ თვითონ.
– აბა ვინ გამოიცნობს მეორე განსხვავებას? – ვიღაცას მაინც გაახსენდება გარემოს  დიელექტრიკული შეღწევადობა. აღმოჩნდება, რომ ელექტრული ველი ვაკუუმში მაქსიმალურია, გრავიტაციულისთვის კი გარემოს მნიშვნელობა არ აქვს.
მესამე განსხვავების დასაფიქსირებლად შევთავაზოთ თამაში: წარმოიდგინონ ვირტუალური სამყარო, სადაც მხოლოდ „დედამიწა“, წრეები, სამკუთხედები და ოთხკუთხედებია. ამ „დედამიწას“ საოცარი უნარი აქვს: მიიზიდოს სამკუთხედები და განიზიდოს ოთხკუთხედები. ხოლო წრეებზე არ იმოქმედოს. მოსწავლე მაშინვე მიხვდება, რომ სამკუთხედები დადებითად დამუხტული ნაწილაკებია, ოთხკუთხედები – უარყოფითად, ხოლო წრეები – ნეიტრალურია. ასეთი „დედამიწა“ უარყოფითად არის დამუხტული. განსაკუთრებით ნიჭიერ მოსწავლეებს გაუჩნდებათ კითხვა:
– მაინც რატომ ჰგავს ეს ორი ძალა ერთმანეთს? – თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ,
– თუ ორ ძალიან მსგავს ადამიანს ხედავთ, იფიქრებთ თუ არა, რომ მათ საერთო წინაპარი ჰყავდა?
ამ საკითხზე უმჯობესია თვითონ მოსწავლემ მოიძიოს ინფორმაცია. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მეცნიერებას ჯერ ყველა კითხვაზე პასუხი არ გაუცია. ფიზიკა ელოდება მომავალ ნიუტონებს და აინშტაინებს, იქნებ ისინი ჩვენი მოსწავლეები არიან, ინტერესით რომ უბრწყინავთ თვალები.
მოსწავლეებს კარგად უნდა გავათავისებინოთ ბუნების ფუნდამენტური კანონები. ვკითხოთ, სად უფრო დაცულად გრძნობენ თავს, ქვემოთ თუ რაიმე სიმაღლეზე, მაგალითად, ხეზე? ასევე სხეულები „თავს კარგად გრძნობენ“ რაც შეიძლება დაბლა, ენერგიის მინიმუმის პირობებში. ამას ძალდაუტანებლად აკეთებს ველი. ანუ ველი თუ ასრულებს დადებით მუშაობას, სხეულთა სისტემის პოტენციური ენერგია კლებულობს. პოტენციური ენერგიის დანაკლისი კინეტიკურში და სითბოში გადადის. ამ სამყაროში არაფერი არ იკარგება, უბრალოდ, ფორმას იცვლის. რაც შეეხება ენერგიის გარდაქმნას ელექტრულ ველში, მოვიშველიოთ ჩვენი თამაში – „ვირტუალური სამყარო“.
– სამკუთხედი მოდის „დედამიწისკენ“. როგორ მუშაობას ასრულებს „ვირტუალური“ ველი? – დადებითს, რადგან მას ეს უნდა.
– ზევით რომ მიდიოდეს? – ვიღაც იტყვის, რომ ეს შეუძლებელია, „დედამიწა“ ხომ სამკუთხედებს იზიდავს? – მასწავლებელი მოსწავლეს სთხოვს, ასწიოს კალამი. კალამს ხომ შეუძლია ზევით წასვლა? ეს გრავიტაციულ ველს არ უნდოდა, მაგრამ ხომ მოვახერხეთ?
– რა მუშაობას ასრულებს ამ პროცესში დედამიწის გრავიტაციული ველი? – უარყოფითს.
– მაშინ რა მოუვა სამკუთხედის პოტენციურ ენერგიას, როცა „დედამიწიდან“ ზევით ავწევთ? – გაიზრდება.
– ოთხკუთხედის პოტენციურ ენერგიას, როცა იგი ზევით მიდის? – შემცირდება, რადგან ის ხდება, რაც ველს უნდა.
მაშასადამე, დადებითი მუხტი თუ მიდის დაძაბულობის მიმართულებით, ან უარყოფითი მუხტი თუ მიდის დაძაბულობის საპირისპიროდ, ორივე შემთხვევაში მათი  ველთან ურთიერთქმედების პოტენციური ენერგია მცირდება. ასეთი აქტივობით მოსწავლეები უფრო კარგად იგებენ ელექტრული ველის არსს.
ელექტრული ველის მახასიათებელია დაძაბულობა, რომლის ანალოგი მექანიკაში არის თავისუფალი ვარდნის აჩქარება.

ელექტროდინამიკაშიც შეიძლება მოვძებნოთ მექანიკურის ანალოგიური სიდიდეები. მაგალითად, ომის კანონის ახსნისას შეიძლება გამოვიყენოთ ასეთი ანალოგია:
– როდის დაგორდება ბურთულა?
– როდესაც მას მოვათავსებთ დახრილ სიბრტყეზე. რაც უფრო დიდია სიმაღლეთა სხვაობა, მით დიდ სიჩქარეს შეიძენს ბურთულა დახრილი სიბრტყის ფუძესთან.
ანალოგიურად, თუ ორ წერტილს ტოლი პოტენციალები აქვთ, დენი არ გაივლის. რაც დიდია პოტენციალთა სხვაობა, მით დიდია დენის ძალა. ახლა ვილაპარაკოთ წინააღმდეგობაზე. შევადაროთ  გლუვი და არაგლუვი დახრილი სიბრტყეების ფუძესთან ბურთულის სიჩქარეები. რაც მეტია ხახუნი, მით ნაკლებია სიჩქარე. ასევე, რაც მეტია წინაღობა, მით ნაკლებია დენის ძალა.
ელექტრული დენის დინება შეიძლება შევადაროთ წყლის დინებას მდინარეში.
– სად უფრო ადვილად გადის წყალი, გრძელ, ვიწრო მილში თუ განიერსა და ფართოში?
ამ მოსწავლე ხვდება, რაზე შეიძლება იყოს დამოკიდებული გამტარის წინაღობა.
საინტერესოა, რა ანალოგია შეიძლება მოვიყვანოთ დენის წყაროს მოქმედების პრინციპის ასახსნელად. მე ჩემს გამოცდილებას გაგანდობთ. მოსწავლეებს ვეკითხები, უნახავთ თუ არა დეკორატიული ჩანჩქერი, საიდანაც წყალი სულ მოედინება. ვეკითხები,“საიდან მოდის წყალი?“ ისინი მპასუხობენ, რომ წყალი ცირკულირებს. ერთიანი მსჯელობით მივდივართ დასკვნამდე, რომ წყალი ზევით ადის გარე ძალის დახმარებით, ხოლო ქვემოთ ჩამოდის დედამიწის გრავიტაციული ველის საშუალებით. ანუ, წყალი რაღაც გარე ძალით  აგვყავს ზემოთ, ვანიჭებთ მას პოტენციურ ენერგიას, ხოლო ამის მერე ველი თვითონ ასრულებს მუშაობას. იგივე ხდება წრედში. დენის წყაროში გარე ძალები ასრულებენ მუშაობას, ხოლო ამ ენერგიას ველი ხარჯავს გამტარებში გავლისას, როგორც პატარა ჩანჩქერებზე  წყლის ჩამოვარდნისას. აქ ენერგიის მუდმივობაც ჩანს: თუ  გვინდა წყალი სულ ცირკულირებდეს, მას სულ უნდა ვაწვდიდეთ ენერგიას, მისი ზევით აზიდვის სახით. თუ გვინდა, რომ დენი სულ ცირკულირებდეს, მუდმივად  უნდა შევინარჩუნოთ პოტენციალთა სხვაობა. ზუსტად ამას აკეთებს დენის წყარო.
დაბოლოს, უნდა მივუბრუნდეთ ადრე დასმულ შეკითხვას, და ვთხოვოთ მოსწავლეებს, არსებული ცოდნის საფუძველზე გასცენ  პასუხი კითხვაზე:
– რა დაემართა სურათზე გამოსახულ ქალს?
– მისი სხეულის გამტარობის ელექტრონების ნაწილი ღრუბლის უარყოფითი მუხტის გავლენით მიწაზე გადავიდა და ქალი დადებითად დაიმუხტა. დადებითად დამუხტულმა თმის ღერებმა ერთმანეთი განიზიდეს.
ამგვარად, ასეთი აქტივობები  ააქტიურებს მოსწავლის შემეცნებას. ანალოგიები მუშაობენ როგორც აზრობრივი სქემები, რის საშუალებითაც ხორციელდება გაგების აქტები. მასწავლებელი სწავლის პროცესში ფასილიტატორია. იგი ამზადებს მოსწავლეს, შეიმეცნოს ახალი, მისტიური სამყარო, რომელიც უამრავ საინტერესო მოვლენას ახდის ფარდას. ამ გზით ცოდნა უფრო ორგანულად შემოდის მოსწავლის გონებაში და საჭირო დროს მისი გააქტიურება ადვილია.

ლიტერატურა:
1.Fundamentals of Physics, David Halliday, Robert Resnick, Jearl Walker
  1. Силы в природе, В.Григорьев, Г.Мякишев
  წყარო: http://mastsavlebeli.ge

გამოძერწილი ანიმაცია

(ანიმაციური ფილმები იაკობ გოგებაშვილისა და ნიკო კეცხოველის მოთხრობების მიხედვით)

 არ  მეგულება ბავშვი, რომელსაც ანიმაცია და ანიმაციური ფილმები არ უყვარდეს. ისინი ამაზე ხშირად საუბრობენ. განიხილავენ, მსჯელობენ. ჰყავთ გამორჩეული ანიმაციური გმირი. აღმერთებენ მას. დაკვირვებული თვალისთვის ეს მარტივი შესამჩნევია, თუ მათ რვეულებს, ჩანთებს, წიგნის შემოსაკრავებს და სხვა სასწავლო ნივთებს დააკვირდება. თითოეულს ხომ მათი საყვარელი ანიმაციის გმირი ამშვენებს. და არა მარტო სასწავლო ნივთებს. ისინი სადღესასწაულო ტორტებსა და ჩაცმულობასაც კი ამის მიხედვით არჩევენ.

საკმარისია მასწავლებელმაც აგრძნობინოს ბავშვს, რომ მასაც აინტერესებს ანიმაციური სამყარო, მაშინვე ამ პატარა არსებების ნდობა აქვს მოპოვებული. მაშინვე მათი თანამოზიარე ხდება და იწყება სამხიარულო ამბები თუ თავგადასავლები. უცებ აცნობიერებ, რომ თავიანთ მესაიდუმლედ და მეგობრად გთვლიან. კვირა არ გავა, რომელიმემ ახალი ანიმაცია არ აღმოაჩინონ. სულს ვერ ითქვამენ, ისე ჰყვებიან მასწავლებლისა და კლასის წინაშე საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ და ერთად ყურების სურვილს გამოთქვამენ. ნახვის შემდეგ კი გისვამენ უამრავ შეკითხვას, აინტერესებთ ყველამ ის იგრძნო და განიცადა თუ არა, რაც თავად განიცადეს. და ასე საინტერესოდ გრძელდება  სასკოლო ცხოვრების ურთიერთობები.

ერთ-ერთი ასეთი  ანიმაციური ფილმის ყურების შემდეგ მოსწავლეებს შევთავაზე თავად შეექმნათ მსგავსი მასალა. ბავშვები მაშინვე სიხარულით დამთანხმდნენ. სიამოვნებით მოირგეს ანიმატორების როლი. დავიწყეთ ტექსტების მოძიება და დამუშავება, შევისწავლეთ მოთხრობებში წარმოდგენილი გარემო, პერსონაჟები. შევქმენით დიორამები. ფოტოები გადავუღეთ, გავმართეთ მკითხველთა თეატრი, მცირე კომპიუტერული ჯადოსნობებიც ჩავრთეთ, გამოსახულება და ხმა ერთმანეთს მოვარგეთ და მცირე ზომის ანიმაციებიც დაიბადა. იმდენად მოგვეწონა, რომ ფილმების საჯაროდ ჩვენებაც მოვაწყვეთ. დაინტერესება დიდი იყო. ბავშვები კი ამაყები და ბედნიერები – ისინი ხომ თავს ნამდვილ ანიმატორებად თვლიდნენ.

გთავაზობთ ანიმაციებზე მუშაობის მიმდინარეობას:

პირველი ეტაპი – ტექსტებზე მუშაობა

პედაგოგი წინასწარ არჩევს მარტივ, შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაზე გათვლილ ტექსტს/ტექსტებს (ამ შემთხვევაში ეს არის იაკობ გოგებაშვილისა და ნიკო კეცხოველის მოთხრობები). ტექსტებს  კითხულობენ საგაკვეთილო პროცესში და ხდება მათი დამუშავება/ გააზრება.

მეორე ეტაპი – ტექსტის დეკორაციებზე მუშაობა

საჭირო რესურსი: მუყაოს ყუთები, ფერადი ფურცლები, წებო, პლასტელინი, საღებავები და ფუნჯი.

ამის შემდეგ მოსწავლეთა ჯგუფები ირჩევენ მათთვის სასურველ მოთხრობას და მუშაობენ დეკორაციებისა და  პერსონაჟების შექმნაზე, ვინც როგორ ხედავს და როგორ წარმოუდგენია. ხდება გარემოს შესაბამისად დიორამის შექმნა, მოხატვა და პერსონაჟების გამოძერწვა.

მესამე ეტაპი – როლებში ინტონაციაზე მუშაობა

მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს „მკითხველთა თეატრის“ მეთოდის გამოყენებით და ცდილობენ გაითავისონ თითოეული როლი შესაბამისი ინტონაციებით. აწყობენ მკითხველთა თეატრს.

მეოთხე ეტაპი – ფოტოების გადაღება power point-ში აწყობა

დიორამებსა და პერსონაჟებს ვუღებთ ფოტოებს სხვადასხვა რაკურსის ტექსტის საჭიროებიდან გამომდინარე და ვამუშავებთ კომპიუტერულად პროგრამა power point-ში.

მეხუთე ეტაპი –  გახმოვანება

მოსწავლეები ეკრანის ჩანაწერის დახმარებით ცდილობენ საკუთარი ხმა მოარგონ სლაიდის სახით აწყობილი ტექსტის ეპიზოდებსა და პერსონაჟებს.

მეექვსე ეტაპი – მონტაჟი
საბოლოოდ ხდება შექმნილი მასალის კომპიუტერულ პროგრამა Moviemaker-ში დამუშავება მასწავლებლის მიერ.

მეშვიდე  ეტაპი – ტექსტის/ტექსტების გააზრების მონიტორინგი და შედარებითი ანალიზი.

ანიმაციური ფილმების ჩვენების შემდეგ ისევ ხდება ტექსტის გააზრებაზე მუშაობა სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით და შედარებითი ანალიზის გაკეთება.

მერვე ეტაპი – პრეზენტაცია

მოსწავლეები ქმნიან აფიშას, მოსაწვევებს და საბოლოო სახით შექმნილ რესურს წარუდგენენ დაინტერესებულ აუდიტორიას. მასალა კი გამოქვეყნდება სოციალურ ქსელში ან youtube-ზე.

რეფლექსია

საერთაშორისო კვლევებზე (PIRLS 2006, PIRLS 2011)  დაყრდნობითა და პირადი გამოცდილებით, სკოლებში ტექსტებზე მუშაობისას გარკვეულ სირთულეებს ვაწყდებით, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია სწავლების დაწყებით საფეხურზე.

ამიტომ გადავწყვიტე აღნიშნული რესურსის (ანიმაციური ფილმების) შექმნა, რადგან ამ ასაკში, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბავშვები ვიზუალურ მახასიათებლებს უფრო ადვილად იმახსოვრებენ და აღიქვამენ.

რესურსი უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობასა და თანამშრომლობის სურვილს. ის მოითხოვს ერთად ფიქრს, ერთად კეთებას და ამით რაღაცის აღმოჩენას, რადგან ის საერთო ძალისხმევის შედეგია.

რესურსი იძლევა უნარების კომპლექსური განვითარების საშუალებას – ზეპირმეტყველება, კითხვა, გააზრება, შემოქმედებითი აზროვნება, ხელის მოტორიკა.

რესურსი მისდევს გარკვეულ სქემას და მოიცავს თანმიმდევრულ პროცესებს, რაც აადვილებს საკითხის აღქმასა და გააზრებას.

ასეთი ფილმების დახმარებით მოსწავლე სწავლობს და შეიმეცნებს ხალისით, მაღლდება მოტივაცია შესასწავლი საკითხისა და, საერთოდ, საგნის მიმართ. სასწავლო მასალის აღქმაში ჩართულია სხვადასხვა უნარი და, შესაბამისად, დამახსოვრების ხარისხიც მაღალია, აკმაყოფილებს განსხვავებული სწავლის სტილისა და ინტელექტის მოსწავლეების მოთხოვნილებებს.

თავად რესურსი შეიძლება პირდაპირი სახით ერთჯერადი გამოყენების არის, მაგრამ იდეის გამოყენება  ქართული ენის პედაგოგებს სწავლების სამივე საფეხურზე შეუძლიათ.

რესურსს აქვს უარყოფითი მხარეებიც – ის ტექნიკურად რთული შესასრულებელია და მოითხოვს სპეციალურ მომზადებას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დაუფლებაში (რადგან ფოტოები აწყობილია Powerpoint-ში და ვიდეორგოლი შექმნილია Moviemaker-ში). მოითხოვს ასევე დიდ დროს და მუდმივ განახლებას.


რესურსის მიზნები (I კლასი)

ქართ. I. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ასრულებს მასწავლებლის მარტივ ზეპირ ინსტრუქციებს;
  • უცნობი სიტყვების მნიშვნელობის დასაზუსტებლად სვამს შეკითხვებს;
  • მონაწილეობს სიტუაციურ თამაშებში, ჯგუფურ აქტივობებში და საჭიროების მიხედვით ადეკვატურად ცვლის სამეტყველო როლებს (უსმენს სხვებს, სვამს/ პასუხობს შეკითხვებს).

ქართ.  I. 2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მეტყველებისას იყენებს წინადადების მოდალობებს (თხრობას, შეკითხვას, თხოვნას, ბრძანებას) და შესაბამის ინტონაციას.

ქართ.  I. 3. მოსწავლეს შეუძლია მართლმეტყველების ელემენტარული წესების დაცვა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მკაფიოდ გამოთქვამს ბგერებს სიტყვაში;
  • პაუზით გამოყოფს სიტყვებს ერთმანეთისგან;
  • წინადადების დასრულებას გამოხატავს პაუზითა და შესაბამისი ინტონაციით.

ქართ. I. 4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • სვამს/პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით;
  • მონაწილეობს პერსონაჟის ჯგუფურ დახასიათებაში;
  • მონაწილეობს ტექსტის სახელდახელო ინსცენირებაში, ირჩევს როლის შესატყვის ინტონაციასა და ჟესტ-მიმიკას.

ქართ. I. 7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის  ტექსტებს;
  • წინადადების საზღვრების შესაბამისად აკეთებს პაუზას;
  • აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან.


მოსწავლეთა მიერ შექმნილი რესურსი (ანიმაციები):

ამაყი ყვავილი – https://youtu.be/o4_–OaQMMw
პეპელა და ფუტკარი – https://youtu.be/vl1yG6KrRZ0
მარადმწვანე ხეები – https://youtu.be/ICeqY7kgjYQ
ორი მეგობარი – https://youtu.be/xB15ySt_h60
სირცხვილი აიცილა – https://youtu.be/r4NZb0_jw8Q

  წყარო: http://mastsavlebeli.ge