Thursday, July 25, 2019

ვინ ვარ მე – კარგი მასწავლებელი




მშობლებს უნდათ, რომ მათ შვილებს კარგი მასწავლებლები ასწავლიდნენ. მაგრამ ვინ არის კარგი მასწავლებელი? ის, ვინც სწავლების თანამედროვე მეთოდებს იყენებს, ვისაც ეხერხება მოსწავლეთა შინაგანი მოტივაციის ამაღლება, მათი სააზროვნო უნარების განვითარება თუ ორიგინალური საშინაო დავალებების მიცემა? ანდა მე, მასწავლებელს, რა შემიძლია, რა ცოდნისა და უნარ-თვისებების მატარებელი ვარ? საკუთარ თავს ამ კითხვებს არა მხოლოდ ახალბედა, არამედ გამოცდილი მასწავლებელიც უნდა უსვამდეს.

ჩვენს რეალობაში რთულია იყო კარგი მასწავლებელი. ამისთვის შენი საქმე, რომელსაც ყოველდღიურად არცთუ მარტივ პირობებში ეჭიდები, უპირობოდ უნდა გიყვარდეს. თანაც მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო პროფესიაა – ის ირიბად გავალდებულებს, იყო ავტორიტეტული და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პიროვნება. მასწავლებელს თითქოს მეტი მოეთხოვება, თუნდაც არასასკოლო საკითხებთან მიმართებით. მისი ყოველი სიტყვა ორმაგად საპასუხისმგებლო ჭრილში განიხილება.
მასწავლებლობა ბუნებრივად ასოცირდება გონიერებასთან, ინტელექტთან, თავისუფალ აზროვნებასთან, სწორ გადაწყვეტილებებთან. ალბათ ამიტომ მასწავლებლის შეცდომას საზოგადოება ხშირად ძალიან მტკივნეულად აღიქვამს.

„ვარ თუ არა კარგი მასწავლებელი? ყველაფერი ისე გამომდის, როგორც საჭიროა? ნამდვილად ის პროფესიაა მასწავლებლობა, სადაც საკუთარი თავის რეალიზებას შევძლებ?“ – ეს კითხვები დროდადრო ყველა პედაგოგს უჩნდება და უკლებლივ ყველას სურს, იყოს თანამედროვე მასწავლებელი, თავის საგანს აყვარებდეს მოსწავლეებს, თვითონაც უყვარდეს ბავშვებს, იმსახურებდეს კოლეგებისა და მშობლების გულწრფელ პატივისცემას.
მასწავლებელი მუდამ დგას უამრავი პროფესიული გამოწვევის წინაშე. ის მოთმინებით ეგუება შეზღუდვებს. ავტორიტეტული პროფესიული სტატუსის გამო ხშირად თავშეკავებას იჩენს ბევრ ყოფით საკითხში. მასწავლებლის გარდერობიც კი სპეციფიკურია. მასწავლებელი იშვიათად დადის კლუბებში, სოციალურ ქსელში კი სიფრთხილით დებს პოსტებს. რასაკვირველია, ამგვარი „მასწავლებლური“ ცხოვრება საბჭოთა გადმონაშთია. 40 წელს გადაცილებულ სკოლის მასწავლებლებს დღესაც ვიცნობთ საუბრისა და ჩაცმის თავშეკავებული მანერით. ცხადია, ეს ყველა მასწავლებელს სულაც არ ეხება, თუმცა ჩვენი მეხსიერება ჯერ კიდევ ცოცხლად ინახავს მითიურ წარმოდგენებს იმაზე, რომ „მასწავლებელი საპირფარეშოში არ დადის“.

დროსთან ერთად იცვლება სასკოლო განათლების სისტემაც და მასწავლებელიც. იცვლება კარგი მასწავლებლის პირობითი განმარტებაც. უპირველეს ყოვლისა, კარგ მასწავლებელს შეუძლია მოსწავლის სწავლით დაინტერესება და იმ საოცარ კონდიციამდე მიყვანა, როდესაც მოსწავლეს სწავლა გაიტაცებს. ტექნოლოგიების განვითარების უსწრაფეს საუკუნეში ეს მართლაც რთული ამოცანაა. თანამედროვე მოსწავლე, რომელიც ფლობს ინფორმაციის მოძიების ლამის თანდაყოლილ უნარს, თავად არის დიდი გამოწვევა მასწავლებლისთვის.
მასწავლებელმა მოსწავლე არა მხოლოდ ცოდნით, არამედ პიროვნული უნარ-თვისებებითაც უნდა მოხიბლოს. ხშირად სწორედ მასწავლებლის ადამიანურობა, მისი სწორი ღირებულებები იზიდავს მოსწავლეებს, აყვარებს რთულ საგანს. მასწავლებელი მოსწავლეებისთვის სანდო და საიმედო საყრდენი ხდება. მცოდნე, თავადაც აქტიურ, განვითარებისკენ მსწრაფ მასწავლებელს, რომელსაც ძალადობრივი სასწავლო მიდგომები არ ახასიათებს, შეუძლია სასარგებლო და კრეატიული გაკვეთილის ჩატარება. სკოლის მასწავლებელი საგნის თეორიული და პრაქტიკული ნაწილის მცოდნე და, რაც მთავარია, მისი უბადლო „გადამცემი ხაზი“ უნდა იყოს.

კარგი მასწავლებლის კრიტერიუმები ალბათ ნაკლებად სადავოა. დაფრთიანებულ, ზრდასრულ ყოფილ მოსწავლეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ახსოვს კარგი მასწავლებელი, ღიმილით და მადლიერებით იგონებს მას. კარგი მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი, მისი თუნდაც მხოლოდ ხმა, კლასთან ურთიერთობის მეთოდები, მისი სითბო და ყურადღება, გარეგნობა და ჩაცმის სტილიც კი ყოფილ მოსწავლეს არ ავიწყდება.

დღეს კიდევ ერთხელ შევახსენოთ თავს, რას ვგულისხმობთ კარგ მასწავლებელზე საუბრისას, როგორია კრიტერიუმების ჩამონათვალი, რა მოგვეთხოვება იმისთვის, რომ სიმორცხვის გარეშე ვთქვათ: „დიახ, მე კარგი მასწავლებელი ვარ“.

კარგი მასწავლებელი კრეატიულია. კრეატიულობას უამრავი განმარტება აქვს, მაგრამ ყველა მათგანი გულისხმობს შაბლონური, სტერეოტიპული აზროვნების წინააღმდეგ გალაშქრებას, საინტერესოს, ახლის შექმნის, ბანალურობისთვის გვერდის ავლის უნარს, ორიგინალური გადაწყვეტილებებისა და იდეების გენერირებას. მასწავლებლის სამუშაო არეალიც სავსეა შემოქმედებითი ამოცანებით, რომლებსაც თვითონვე ისახავს. კარგი მასწავლებელი თავად იგონებს გაკვეთილებს, სავარჯიშოებს, პროექტებს, რადგან ამოცანებისა და სხვადასხვა ფორმულირების არაორიგინალურობა ინტერნეტის საუკუნეში ისედაც წარმოშობს პლაგიატის შემთხვევებს.

მასწავლებელი თანამედროვე სკოლაში, მისი გამოწვევებითა და გარე ზეწოლებით, ჰგავს ასტრონავტს, რომლის ხომალდიც გაურკვეველი მიმართულებით მიქრის და იმისთვის, რომ გადარჩე, სწრაფად უნდა გადაწყვიტო, რომელ ღილაკს დააჭერ: „შემოქმედებითობას“ თუ „კონტროლის გაძლიერებას“. სწორედ შენ წყვეტ, რა იქნება სკოლა ბავშვისთვის: ციხე თუ თავისუფალი, სიცოცხლისთვის საჭირო ჟანგბადით სავსე სივრცე.
კარგმა მასწავლებელმა იცის, რომ ის ყოველთვის არ არის სწორი, მაგრამ მას შეუძლია საკუთარი წარუმატებლობის პოზიტიურ გამოცდილებად განხილვა. იმისთვის, რომ მასწავლებელმა მოსწავლეს გაუგოს, არა მხოლოდ უნდა იცოდეს, არამედ გრძნობდეს კიდეც მის საჭიროებებს, საკუთარი თავთან ჰარმონიაში უნდა იყოს. სკოლის ჯანსაღი ატმოსფეროსთვის აუცილებელია მისი უზრუნველყოფა პროფესიონალი ფსიქოლოგებით, რომლებიც პრობლემების გადაჭრაში დაეხმარებიან არა მხოლოდ ბავშვებს, მასწავლებლებსაც.
კარგი მასწავლებელი მახვილგონიერია. კარგ მასწავლებელს კარგი იუმორის გრძნობა აქვს, იცის, როგორ იხალისოს მოსწავლეებთან ერთად, თავს უფლებას აძლევს, იყოს თვითირონიულიც. ხუმრობა, სიცილი დიდი ძალაა, ემოციური განტვირთვის საშუალებაც, ნდობით აღსავსე ურთიერთობების მაჩვენებელიც, პედაგოგიური პათოსისგან გათავისუფლების გზაც.
კარგი მასწავლებელი ემპათიურია. კარგმა მასწავლებელმა ზუსტად უნდა იგრძნოს, როდის განიცდის მოსწავლე დაბალი ქულის მიღებას. მას არ გამოეპარება არაფერი, რაც მოსწავლისადმი დამატებით ყურადღებას მოითხოვს. კარგი მასწავლებელი არასოდეს გამოიყვანს სოციოფობ მოსწავლეს დაფასთან, არ მოსთხოვს ხმამაღალ პასუხს სუსტხმიან ბავშვს, დინჯს არ აიძულებს აჩქარებას და სხვა. ბავშვებსაც, ზრდასრულთა მსგავსად, აქვთ რთული დღეები, მათაც უყვარდებათ, ისინიც განიცდიან ახლობლების სიკვდილს. ზოგჯერ მოსწავლეებს მასწავლებლისგან ცოდნაზე მეტად თანაგრძნობა სჭირდებათ – Wikipedia-ში მას ნამდვილად ვერ იპოვიან.
კარგ მასწავლებელს სკოლის გარეთ საინტერესო ცხოვრება აქვს (არ ვგულისხმობთ რეპეტიტორობას), აქვს გატაცება, ჰობი.
კარგი მასწავლებელი აქტიურია, „ცოცხალი“, არა იმ გაგებით, რომ სკოლაში დიდ დატვირთვას უძლებს. ახალი თემის ახსნის დროს მან შეიძლება შეცდომა დაუშვას, გაცხარდეს და აწყენინოს მოსწავლეს, ხმას აუწიოს. ცოცხალ ადამიანს აქვს შეცდომის, სისუსტის და დაღლილობის, ემოციური რეაქციის უფლება, მაგრამ კარგ პედაგოგს ამის აღიარება და ბოდიშის მოხდაც შეუძლია.

წყარო http://mastsavlebeli.ge/

ტვინის სიხშირეები და მოცარტის მუსიკა სწავლებაში




დაკვირვებიხართ ალბათ, როდესაც განსხვავებულ განწყობებზე ჩვენი ხმის რიტმი, ტემბრი, სიმაღლე ცვალებადია: განსხვავებულად წარმოვთქვამთ ბგერებს სიხარულის, მოწყენილობის, დეპრესიისა და სხვა მდგომარეობების დროს. ეს იმიტომ, რომ ჩვენი თავის ტვინი ამ დროს განსხვავებულ სიხშირეებზეა.
ფსიქოლოგები ხშირად აკვირდებიან ადამიანის ხმას და შეუძლიათ ამოიცნონ: დეპრესიის ხმა, შიზოფრენიის ხმა, ნევროზის ხმა და სხვა… რადგან მდგომარეობები ქმნიან სტერეოტიპულ „ხმებს“ თუ „ხმაურს“.
არსებობს პოლ მოზესის საინტერესო წიგნი „ნევროზის ხმა“…. ხმა მედიუმია, მთავარია, გავიგოთ, რისი ხმა როგორ ვლინდება, რა ლაპარაკობს ჩვენში?
განსხვავებულია „ძალაუფლების ხმაც“. ამ ხმას გამოსცემს პოლიტიკოსი, მასწავლებელი, სასულიერო პირი… იმისათვის, რომ ადამიანის ხმას ჰქონდეს გავლენა, გარკვეულ პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს! – ეს ყველასათვის ცნიბილია!
მოკლედ, ხმაზე დაკვირვებით თქვენ შეგიძლიათ გაშიფროთ ადამიანი და მისი შინაგანი განწყობებიც ამოიცნოთ. პუშკინის „ეგვიპტის ღამეებს“ ასეთი ეპიგრაფი აქვს: „- ეს რა ადამიანია?
 – ოო, ეს დიდი ტალანტია!
თავისი ხმისაგან ის აკეთებს ყველაფერს, რასაც მოისურვებს!“
ხმა არის მახასიათებელი და მანიპულაციის საშუალებაც, გარკვეული ბგერები აბსოლუტურად ცვლიან ჩვენს შინაგან მდგომარეობას. ეს „ჯადოქრობები“ კარგად იციან მათ, ვინც ადამიანებით მანიპულირებს.
ისიც ცნობილია, რომ არსებობს იმგვარი სიხშირის ბგერები, რომლებიც ფიზიკურად ჩვენს ყურს არ ესმის, მაგრამ გავლენას ახდენს ადამიანზე; სამყარო სავსეა ხმებით და ჩვენზე ეს ხმები ზემოქმედებენ… მაგალითად, სპილოები ისეთი სიხშირის ბგერებით გადასცემენ ერთმანეთს ინფორმაციას, რომელსაც ადამიანის ყური ვერ აღიქვამს….
არსებობს ხმები და სიხშირეები, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანის ფსიქიკის დაზიანება და პირიქითაც… მოკლედ, სიგნალები და სიხშირეები ხიფათის შემცველიც არის და  კეთილშობილური მიზნებისთვისაც გამოიყენება.
ადამიანის შეგრძნებათა ორგანოები ფუნქციონირებისას თავის ტვინში წარმოქმნიან ერთგვარ ელექტროობას… დაახლოებით ისე, როგორც  საავდრო ცაზე გაიშლება ხოლმე ელვა და, ამავე დროს, ხელახალი წარმოქმნისას არასდროს იმეორებს ტრაექტორიას – თითოეული არის უნიკალური ჩანაწერი. სწორედ ასე იწერება ყველაფერი ჩვენს თავის ტვინში და ინახება მყარ დისკზე.
ხედვა, სმენა, შეგრძნენები დამოუკიდებელ ქსელებს ქმნიან… და ისინი განსხვავებულად ფუნქციონირებენ განსხვავებულ სიხშირეებზე.
გარე ხმას აქვს რეზონირების უნარი, ანუ გარეგანი ბგერებითა და სიხშირეებით შესაძლებელია ჩვენი ტვინის სიხშირეების ცვლილება. ეს მეცნიერული დებულება კარგად იხსნება ილია ჭავჭავაძის ლექსით „ხმა გულისა“, რომელშიც ‘შინაგან ბულბულს“ შეუძლია ისე ააღელვოს პოეტი, რომ მან გულის სხვაგვარი ცემა იგრძნოს. გულისცემა პირდაპირ კავშირშია  ტვინის სიხშირეების ცვლასთან. ბულბულის ხმა, ტრანსცენდენტულობა, მედიტაციურობა, გულის ხმა – ეს ალფა სიხშირის მაჩვენებელია!
ხმა გულისა
ჩუმ მაღნარშია წამოწოლილი
ვიყავ, ზედ მედგა ხის უხვი ჩრდილი,
და საიდღამაც ნაზი ბულბული
სტვენდა სიყვარულს გაგიჟებული.
დიდხანს და დიდხანს ვუგდებდი მე ყურს
იმ ხმას საკვირველს, იმ ხმასა გრძნეულს;
ვგრძნობდი ჩემ სულის მშვიდ აღმაფრენას
და გულის ჩემის სულ სხვა-რიგ ცემას.
დიდხანს ვატარე, დავღალე თვალი,
ვერსად ვერ ვპოვე ის მომღერალი;
თურმე, ჩემს გულში ნაზი ბულბული
სტვენდა სიყვარულს გაგიჟებული.

სრულიად ცვლის ვაჟა ფშაველას განწყობას იდუმალი ხმა ციდან. ხმას ახლავს შეგრძნებები და შეგრძნებები ხატავს ვიზუალურ სურათებს. შეცვლილ სიხშირეზე ვაჟას სამყარო „სულ სხვა თვალზე“ ეჩვენება:
კიდევ ხმა მესმა ციდამა
კიდევ ხმა მესმა ციდამა, ცამ გრძნობა გამიზიარა:
სამოთხის კარი გამიღო, ბნელეთი გამიმზიანა,
დაკუტებული ოცნება განკურნა, გააფრთიანა;
საამო ჟრჟოლამ შემიპყრო, მთელს ტანში ჩამომიარა…
სხვა თვალზე ვნახე სამყარო ჭალა-ველებით, მთიანა.
მასწავლებელს ადვილად შეუძლია მოსწავლეებს შეურჩიოს ისეთი პოეზია და მიაწოდოს ისეთი ხმით (აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი), რომ ამ ხმამ მოახდინოს სასურველ სიხშირეზე მათი „გადართვა“ და  შექმნას სწავლებისთვის ეფექტური კონტექსტი და განწყობა!
ცნობილი ფრანგი ექიმი-ოტოლარინგოლოგი და აუდიო-ფსიქო-ფონოლოგიის (აფფ) შექმნელი Alfred A. Tomatis ამტკიცებს, რომ ყურის (სმენის) დანიშნულებაა, ემსახუროს პიროვნებას ფიზიკურადაც და ფსიქიკურადაც.
რადგან როდესაც ადამიანი „ისმენს“, ეს არ არის მხოლოდ მექანიკური პროცესი, უბრალოდ, ინფორმაციის მიღება, ეს არის ძალიან ღრმა ფსიქო-ფიზიოლოგიური ვექტორი, რომელიც თავის ტვინში ააქტიურებს სრულიად განსხვავებულ უბნებს იმის მიხედვით, რომელ სიხშირეზე ხდება ინფორმაციის მიღება (ალფა, ბეტა, გამა, ტეტრა თუ სხვა…).
ტომატისმა მრავალწლიანი კვლევების საფუძველზე დაადგინა, თუ რომელ სიხშირეს აქვს სამკურნალო ეფექტი ბავშვის  სმენაზე. შესაბამისად, თავის ტვინზე სიხშირული ზემოქმედებით ის კურნავდა სხვადასხვა დარღვევებს.
ალფრედ ტომატისმა შეიმუშავა მკურნალობის მეთოდი, რომელიც მედიცინაში ცნობილია „ტომატისის მეთოდის“ სახელწოდებით. ამ მეთოდის არსი ის გახლავთ, რომ ხდება სმენითი აპარატის სიხშირული სტიმულაცია. ეს მეთოდი გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში მეტყველების, ყურადღების დარღვევის, სხვადასხვა ტიპის ემოციური დარღვევის კორექციისათვის; აგრეთვე – უცხო ენების ეფექტური შესწავლის მიზნით.
ამ მეთოდით მუშაობენ მსოფლიოს 40 ზე მეტ ქვეყანაში.
თერაპიის სხვადასხვა ეტაპზე  ხმოვან სიგნალებად გამოიყენება კლასიკური მუსიკა, დედის ხმა, საყვარელი მასწავლებლის ხმა, თავად ბავშვის ხმა…
ტომატისმა კვლევების საფუძველზე დაადგინა, რომ კლასიკური მუსიკიდან ყველაზე მაღალ ეფექტს იძლევა მოცარტის მუსიკა, რომელიც შეიცავს მაღალი სიხშირის ბგერებს, რომლებსაც აქვს სამკურნალო ეფექტი და აგრეთვე მუხტავს ტვინს, როგორც ბატარეიას. მოცარტის მუსიკა ყველაზე მეტად შეესაბამება თავის ტვინის ბიორითმებს;
წყარო http://mastsavlebeli.ge/

Wisc-Online სასწავლო რესურსები ფიზიკაში




ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოსწავლეთა მოტივაციის ზრდის შესახებ ვკითხულობთ: „მოსწავლის მოტივაციის გაზრდა მნიშვნელოვანი პედაგოგიური ამოცანაა. სწავლების პროცესში გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლის მოტივაცია იზრდება, თუ ის ხედავს, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი წინსვლის ხელშეწყობაა და, პირიქით, იკლებს, თუ მიაჩნია, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი შედეგის განსჯა-შეფასებაა. ასევე, მოსწავლის მოტივაცია იზრდება, თუ ის ხედავს დავალების მიზანს, დარწმუნებულია მის საჭიროებაში. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა გააგებინოს, რა მიზანს ემსახურება კონკრეტული დავალება. აუცილებელია, მოსწავლემ დაინახოს კავშირი სკოლაში მიმდინარე  საქმიანობასა და სკოლის გარეთ მიმდინარე ცხოვრებას შორის“.
პედაგოგიური მეცნიერების განვითარებამ ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. სკოლებში ახალი საგანმანათლებლო მიზანი გაჩნდა –
მოსწავლეთა ძირითადი საგანმანათლებლო კომპეტენციების ჩამოყალიბება. სწავლების წარმატება დიდწილად მასწავლებლის უნარსა და მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებაზეა დამოკიდებული. მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარების პრობლემა დღეს მთავარი პრობლემაა, რომლის ძირითადი ამოცანაა შემოქმედებითი პირის აღზრდა.
პედაგოგიური საქმიანობის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეების თვითრეალიზებას, განათლების დონის ამაღლებას, კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, შემოქმედებითი აზროვნების, შემეცნებით საქმიანობას. შემოქმედებით მასწავლებელს უწევს სასწავლო პროცესში მრავალფეროვანი მეთოდების შემუშავება, შექმნა და გამოყენება, რომელიც  მიმართულია მოსწავლის პროდუქტიულობასა და ცნობიერების ამაღლებაზე, რაშიც აუცილებლად გვეხმარება მულტიმედიური საშუალებები.
პედაგოგიური საქმიანობა შეიძლება ასეთ ჭრილშიც წარმოვადგინოთ, ამოსავალი წერტილი –  ფიზიკის სწავლების პროცესი  და  თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიების (ელექტრონული რესურსების) გამოყენება ფიზიკის გაკვეთილებზე.
სწავლების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება კი დამერწმუნებით,  მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ მიმართულებით.  სასწავლო პროცესში ახალი სასწავლო ტექნოლოგიების დანერგვა სწავლების ტრადიციული მეთოდების შეცვლასაც გულისხმობს. ელექტრონული სასწავლო რესურსების გამოყენებით შესაძლებელია ფიზიკური პროცესების მოდელირება, ასევე ფიზიკურ პროცესებზე დაკვირვება, ელექტრონულ რესურსზე თანდართული ანიმაციები და ვიდეოები ხელს უწყობს აზროვნების შემოქმედებით განვითარებას, მოსწავლეების სწავლის პროცესის გააქტიურებას. იზრდება მოსწავლეების ჩართულობა, თავად მოსწავლე ხდება პროცესის დამგეგმავი, თანამონაწილე, დამკვირვებელი და ა.შ.
სასწავლო პროცესი უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას. ამავე დროს უნდა იყოს საინტერესო, სახალისო, აქტიური და მრავალფეროვანი. მასწავლებელს სჭირდება ისეთი სასწავლო რესურსი, რომელიც მოსწავლეებს მისცემს მასალაში ჩაღრმავების საშუალებას.
მე როგორც აქტიური მოქმედი პედაგოგი, ყოველთვის ვეძებ ახალ-ახალ გზებს და მეთოდებს და ვქმნი რესურსებს სხვადასხვა პროგრამის შაბლონების დახმარებით. მინდა, წარმოგიდგინოთ Wisc-Online https://www.wisc-online.com. ეს  არის საგანმანათლებო თამაშების შესაქმნელად განკუთვნილი საიტი.
Wisc-Online-ს გააჩნია ციფრული ბიბლიოთეკა, რომელიც შეიცავს 2,500 სასწავლო ობიექტს ონლაინრეჟიმში. მისი შემქმნელია Wisconsin ტექნიკური კოლეჯი. დღეისათვის ძალიან ბევრი მოსწავლე და მასწავლებელი იყენებს  Wisc-Online– ის სასწავლო რესურსებს.
ამ საიტის დახმარებით შეგვიძლია ჩვენ თვითონ შევქმნათ ან გამოვიყენოთ სხვების მიერ შექმნილი მზა ციფრული რესურსები, მოვახდინოთ მოდიფიცირება.
მოსწავლეს შეუძლია ითამაშოს როგორც პერსონალური კომპიუტერიდან, ისე ტაბლეტიდან ან სმარტფონიდან, ეს თამაშები შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც საგაკვეთილო პროცესში, ასევე გადავუგზავნოთ მოსწავლეებს საშინაო დავალების სახით. ახლა მოკლედ წარმოგიდგენთ ამ საიტის შინაარსს.
Wisc-Online-ს გააჩნია საკუთარი შაბლონები, რაც გვაძლევს მისი გამოყენების საშუალებას და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსის შექმნის შესაძლებლობას. წარმოგიდგენთ ამ შაბლონების ჩამონათვალს: ბეისბოლი, ბზიკები, ბინგო, ააგე შენი ცოდნა, მეხსიერების ბარათები, დრო ამოიწურა, ფლეშბარათები და ა.შ. მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს  სასურველი კითხვები და შესაძლო პასუხები და შექმნათ თამაში.
ეს თამაშები ეხმარება მოსწავლეებს წარმატების მიღწევაში, თქვენ ააქტიურებთ სასწავლო პროცესს და ზოგავთ დროს. თამაში შეიძლება იყოს როგორც ინდვიდუალური, ასევე გუნდური. გამოიყენება ნებისმიერ სასწავლო გარემოში და ნებისმიერი საგნისთვის. საიტს გააჩნია სურათების, ვიდეოების, აუდიომასალის გალერეა, ვიდეო კურსები და რესურსების საცავები.  წარმოგიდგენთ ჩემ მიერ შექმნილ 3 ამოცანას Wisc-Onlineდახმარებით. ვიმედოვნებ, ჩემს კოლეგებს მოეწონებათ ეს რესურესები და თავადაც შეეცდებიან შექმნან არანაკლებ საინტერესო რესურსები ნებისმიერ საგანში.
წარმოგიდგენთ ჩემ მიერ შექმნილ უმარტივეს ელექტრონულ რესურსებს, რომლით სარგებლობაც შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ მოსწავლესა და მასწავლებელს.

 რესურსის ლინკირესურსის დასახელება

1
https://www.wisconline.com/users/katiesepiashvili/games/31582/forcesძალები

2
https://www.wisconline.com/users/katiesepiashvili/viewgame?gameId=31607სხეულთა ურთიერთქმედება
3https://www.wisconline.com/users/katiesepiashvili/viewgame?gameId=35191იპოვეთ ზედმეტი სიტყვა



წყარო http://mastsavlebeli.ge/

შეუძლია თუ არა მხატვრულ ლიტერატურას, უკეთეს ადამიანებად გვაქციოს?



ბავშვობიდან გვარიგებენ, რომ ბევრი უნდა ვიკითხოთ, რომ წიგნები გარე სამყაროს უკეთესად აღქმაში გვეხმარება, ლექსიკას გვიმდიდრებს და მართლწერას გვიხვეწს, მაგრამ… შეუძლია მხატვრულ ლიტერატურასუკეთეს ადამიანებად გვაქციოს? არსებობს მისი დადებითი გავლენის დამამტკიცებელი სარწმუნო კვლევები? რეალურად რა სარგებლობა მოაქვს სხვისი გამოგონილი ამბების კითხვას?

* * *
კანადელმა მწერალმა და კოგნიტიური ფსიქოლოგიის მკვლევარმა კიტ ოუთლიმ მხატვრულ ლიტერატურას „ჩვენი შემეცნების საპილოტე ტრენაჟორი“ უწოდა. მისი აზრით, როგორც მფრინავი სწავლობს ავიალაინერის მართვას დედამიწიდან აფრენის გარეშე, ასევე იუმჯობესებს სოციალურ უნარ-ჩვევებს ადამიანი, რომელიც რეგულარულად კითხულობს მხატვრულ ლიტერატურას.
კვლევის პროცესში ოუთლიმ შენიშნა, რომ პერსონაჟთან იდენტიფიცირებისას მკითხველი საკუთარის ნაცვლად გმირის მიზნებსა და სურვილებზეა კონცენტრირებული – თუ პერსონაჟი საფრთხეშია, მასაც უხშირდება გულისცემა, აღელვებისგან შესაძლოა სუნთქვაც კი შეეკრას, თუმცა იმის გააზრება, რომ წიგნში აღწერილი მოვლენები სინამდვილეში არ ხდება, კმაყოფილების განცდას იწვევს, შიშსა და კომპრომისული გადაწყვეტილების მიღების სურვილს ანელებს. სამაგიეროდ, ძლიერდება სხვის გასაჭირში თანამონაწილეობის, თანაგრძნობის, ზრუნვის მექანიზმები.
არისტოტელე ამბობდა: როდესაც ტრაგედიას ვუყურებთ, ჩვენში ორი ემოცია იბადება – მთავარი გმირი გვეცოდება და საკუთარი თავის გამო შიში გვეუფლებაო. კითხვის პროცესში ჩვენ ვაანალიზებთ, როგორ მოვიქცეოდით პერსონაჟის ადგილას. ეს გონების ერთგვარი წვრთნაა, სხვა ადმიანების უკეთ შეცნობაში რომ გვეხმარება. და მართლაც, ოსტატურად დახატული პერსონაჟები გვაინტრიგებენ და თავგადასავლებში გვითრევენ. ბელეტრისტიკის გავლენას ხომ საოცარი ფაქტები მოწმობს: ადამიანები სამოქალაქო აქტივობებში, საქველმოქმედო აქციებში, ძალადობასთან ბრძოლაში ერთვებიან…
მაგრამ… შეიძლება თუ არა, გადაჭრით ითქვას, რომ ის, ვინც მხატვრულ ლტერატურას კითხულობს, უფრო ემპათიურია, ვიდრე დოკუმენტური და სამეცნიერო ლიტერატურის მკითხველი ან ის, ვინც არაფერს კითხულობს?
ოუთლიმ სტუდენტებს მწერლების სია დაურიგა და სთხოვა, მხოლოდ ნაცნობი ავტორები შემოეხაზათ. მაქსიმალურად გულწრფელი პასუხების მისაღებად ექსპერიმენტის მონაწილეები გააფრთხილა, რომ ჩამონათვალში გამოგონილი სახელებიც იყო (ხშირად ადამიანები საკუთარ თავს უკეთეს მკითხველებად წარმოჩენენ, ვიდრე სინამდვილეში არიან). ამის შემდეგ ოუთლის გუნდმა ჩაატარა ტესტი „Mind in the Eyes“: მონაწილეებს დაურიგეს ფოტოები, რომლებზეც მხოლოდ წყვილი თვალი იყო აღბეჭდილი და სთხოვდნენ, გამოხედვის მიხედვით ამოეცნოთ ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა.
მაქსიმალური შეფასება იმ სტუდენტებმა დაიმსახურეს, რომლებსაც მეტი მხატვრული ნაწარმოები ჰქონდათ წაკითხული. დიახ, აღმოჩნდა, რომ ბელეტრისტიკის ფანები უკეთ აღიქვამენ სოციალურ გარემოს და უკეთ აფასებენ გარშემო მყოფთა ემოციებს. მაგრამ აქცევს კი ეს უნარი მათ უკეთეს ადამიანებად?!
ამის შესამოწმებლად მკვლევარებს ხანგრძლივი დაკვირვება დასჭირდათ. პირველ ეტაპზე მონაწილეებს ავსებინებდნენ ანკეტას – პასუხს აცემინებდნენ კითხვებზე, რომლებიც მათი ემპათიურობის ხარისხის გაზომვის საშუალებას იძლეოდა. მეორე ეტაპი მოკლე მოთხრობის წაკითხვა და მის შესახებ მსჯელობა გახლდათ, რომლის მსვლელობის დროსაც აკვირდებოდნენ, ვინ რამდენად დაინტერესდა წაკითხულით, ვის სურდა, ამბის დასრულების შემდეგ პერსონაჟების შესახებ კიდევ შეეტყო რაიმე. მესამე ეტაპზე კი ნებისმიერი ფსიქოლოგისთვის ნაცნობ მეთოდს მიმართეს: იატაკზე ვითომ შემთხვევით დაუცვივდათ კალმები, რომ გაეგოთ, ვინ გაიწევდა მათ დასახმარებლად.
ვინც მეტად თანაუგრძობდა წაკითხული მოთხრობის გმირს, დასახმარებლადაც ის გარბოდა. შეიძლება დავუშვათ, რომ ეს ადამიანები მოთხრობის წაკითხვამდეც საკმაოდ გულისხმიერები იყვნენ, მაგრამ მკვლევარებმა მონაწილეების ემპათიურობის განმსაზღვრელი ქულები მოთხრობის წაკითხვამდეც დააჯამეს. ნებისმიერ შემთხვევაში მეტი ალტრუიზმი მათ გამოიჩინეს, ვიზეც უფრო მეტად იმოქმედა წაკითხულმა.
***
ექსპერიმენტი ექსპერიმენტად რჩება, რეალურ ცხოვრებაში კი შესაძლოა ყველაფერი პირიქით მოხდეს. იქნებ, ვინც უფრო ყურადღებიანია გარშემო მყოფების მიმართ, მხატვრული ლიტერატურის კითხვაც სწორედ მას იტაცებს. დასკვნის გამოტანა ერთი ხელის მოსმით შეუძლებელია. უკეთეს შედეგს ალბათ მაშინ მივიღებთ, ემპათიის ხარისხის გაზომვის შესაძლებლობა ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თუ გვექნება.
ამგვარი მიდგომით რამდენიმე მცირე კვლევა ჩატარდა კიდეც: სტუდენტებს წასაკითხად შესთავაზეს საგაზეთო სტატია (საბერძნეთში მომხდარ აჯანყებასა და ნიდერლანდებში გამართულ დღესასწაულზე) ან ერთი თავი ჟოზე სარამაგუს რომანიდან „სიბრმავე“, რომელშიც მამაკაცი საჭესთან მწვანე შუქის ანთებას ელოდება და უეცრად მხედველობას კარგავს. თანამგზავრები მას შინ წაიყვანენ, შემთხვევითი გამვლელი კი ავტომობილის სახლამდე მიყვანას სთავაზობს და მანქანას იპარავს. სტუდენტების ემპათიის დონე წაკითხვისთანავე საგრძნობლად იზრდებოდა. ამ სტუდენტებს ერთი კვირის შემდეგაც იკვლევდნენ და მათი ემპათიის მაჩვენებლები კიდევ უფრო მაღალი იყო.
ბუნებრივია, ჩვენს გრძნობებსა და ქცევაზე გავლენას მხოლოდ ლიტერატურული ნაწარმოებები არ ახდენს. ჩვენ თანავუგრძობთ იმ ადამიანებსაც, ვის შესახებაც საგაზეთო სტატიებსა და რეპორტაჟებში ვკითხულობთ. მაგრამ ბელეტრისტიკას, სულ მცირე, სამი უპირატესობა აქვს: მკითხველს საშუალება ეძლევა, ჩაუღრმავდეს გმირის შინაგან სამყაროს; მკითხველს, როგორც წესი, სჯერა რომანებში წაკითხული ამბების; მკითხველი პერსონაჟის ცხოვრებას მრავალი წლის განმავლობაში ადევნებს თვალყურს.
ამრიგად, კვლევებს თუ დავუჯერებთ, მხატვრული ლიტერატურის კითხვა ადამიანებს უკეთესი ქცევისკენ უბიძგებს. აქედან გამომდინარე კი დროა, უარი ვთქვათ სტერეოტიპზე, რომლის მიხედვითაც „წიგნის ჭიები“ ბევრ დროს იმიტომ ატარებენ წიგნებთან, რომ რეალური ურთიერთობებისა ეშინიათ. სინამდვილეში ამ „ჭიებს“ ყველაზე უკეთ ესმით სხვა ადამიანებისა, რისი გათვალისწინებაც არაერთი პროფესიის წარმომადგენელსა თუ პოლიტიკოსს ნამდვილად წაადგებოდა.

წერილი მომზადებულია BBC ჟურნალისტის, კლაუდია ჰემონდის სტატიის „Does reading fiction make us better people?“ მიხედვით.
წყარო http://mastsavlebeli.ge/

დიფერენცირებული სწავლების უპირატესობა ფიზიკის გაკვეთილებზე



ფიზიკა რთული საგანია და მოსწავლეებს უჭირთ ამ საგნის დაუფლება. ამის მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ ზოგადი საგანმანათლებლო უნარების დაბალი დონე. ფიზიკის მასწავლებელების წინაშე დგას შემდეგი საკითხები:
  • რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გაიზარდოს მოსწავლის შემეცნებითი ინტერესი სამეცნიერო მიმართულებით (იმის გათვალისწინებით, რომ ფიზიკა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია);
  • როგორ გაუწიოს მასწავლებელმა სწავლებას ორგანიზება ისე, რომ ფიზიკის გაკვეთილი არ იყოს მოსაწყენი და ერთფეროვანი.
  • როგორ მოახდინოს შემეცნებითი ინტერესის განვითარება და მოარგოს დაგეგმილი გაკვეთილი (თუ კლასგარეშე სამუშაო) მოსწავლეთა სწავლების ინდივიდუალურ სტილსა და ინტელექტუალურ  შესაძლებლობებს.
ზემოხსენებული პრობლემების სისტემური გადაწყვეტისთვის აუცილებელია მოსწავლეთა  დონის დიფერენციაცია. დიფერენცირება ნიშნავს, რომ ყოველი მოსწავლე  გაიგებს მისთვის ხელმისაწვდომი სირთულის დონეს (მისი უახლოესი განვითარების ზონაში).
ათვისების დონემოსწავლის აქტივობა
პირველი  დონე –  დაბალი (რეპროდუქციული)
·        ფაქტების დამახსოვრება;
·        რეპროდუქცია
·        აჩვენე, მოახდინე  იდენტიფიცირება;
·        დაასახელე;
·        განსაზღვრა;
·        ამოიცანი და ა.შ.
მეორე დონე – საშუალო (პრაქტიკული)
•          ცოდნის გამოყენება ნაცნობ სიტუაციაში,  რომელიც განისაზღვრა განზოგადებული ალგორითმის საფუძველზე (სქემა);
•          მკაფიოდ განსაზღვრული წესების შესრულება.
·        გაზომე;
·         ახსენი;
·        მოახდინე კორელაცია;
·         დაახასიათე;
·        შეადარე და ა.შ.

მესამე დონე –  მაღალი (შემოქმედებითი)
·        ცოდნის გამოყენება უცხო გარემოში;
·        შემოქმედებითი ამოცანების შესრულება.
·        ჩამოაყალიბე ზეპირი ან წერილობითი პასუხი;
·        მიიღე გადაწყვეტილება;
·        გააანალიზე ინფორმაცია;
·        დაამყარე ლოგიკური კავშირი;
·        გააკეთე დასკვნა;
·        მოიყვანე მაგალითები და შეეცადე მის დასაბუთებას;
·        მოიძიე საჭირო ინფორმაცია და ა.შ.

უნდა გამოიყოს ორი პირობა: “დიფერენცირებული სწავლა” და “დიფერენცირებული სწავლის მიდგომა”. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია სოციალურ-ეკონომიკური,  ორგანიზაციული თუ დიდაქტიკური ასპექტები. მეორე შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ თითოეული მოსწავლის დიფერენცირებული მიდგომის სამეცნიერო განვითარებაზე, რომელიც განაპირობებს პიროვნების განვითარების ფორმირებასა და კორექციას. სწავლებისას მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ მოსწავლე არ არის ობიექტი, მასწავლებელმა ორგანიზება უნდა გაუწიოს სწავლების პროცესს ისე, რომ თავად მოსწავლემ გაზარდოს საკუთარი ცოდნის შრეები. ერთ-ერთი ასეთი მეთოდი, ჩემი ღრმა რწმენით, სწავლებისადმი დიფერენცირებული მიდგომაა. საგანმანათლებლო საქმიანობის მკაფიო მიზანია, მოსწავლეებმა  იცოდნენ, რა უნდა გააკეთონ, რა ღირებულებები უნდა შეიქმნას  სწავლების პროცესში. თანამედროვე სასწავლო პროცესის ეფექტურობისთვის მიმაჩნია, რომ ფიზიკის შესწავლა გამარტივდება დიფერენცირებული მიდგომით.
დიფერენცირებული მიდგომა ეფუძნება მასწავლებლისა და მოსწავლეების საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს ინდივიდუალური (დონის მიხედვით დიფერენცირებული) სასწავლო მიზნების მიღწევას. დონის დიფერენციაციისთვის სწავლის პროცესში აუცილებელია, მკაფიოდ განისაზღვროს მინიმუმი, რომლის გარეშეც მოსწავლე ვერ შეძლებს საკითხის შემდგომ შესწავლას, ანუ უნდა დადგინდეს ის მინიმალური დონე, რომელიც განსაზღვრულია ცნებების, კანონების სახით, კითხვარის ფორმით, აგრეთვე ტიპური ამოცანების ამოხსნის ნიმუშებით.
დიფერენცირებული მიდგომა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო სისტემის საფუძველია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავითვალისწინოთ ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლები, შევქმნათ პირობები მისი პოტენციალის დაძლევისა და განვითარებისათვის. ასეთი მიდგომა საშუალებას აძლევს “სუსტი” მოსწავლეებს, გაზარდონ ცოდნის დონე და გადავიდნენ უფრო მაღალ საფეხურზე.
სწავლების პროცესში დიფერენცირებული მიდგომის დანერგვისთვის მე ვიყენებ ბარათებს (მრავალდონიან  ამოცანებს  დამოუკიდებელი სამუშაოსთვის).
თითოეულ ბარათზე მოცემულია 3 ამოცანა:
  • პირველი დონე – ამოცანა, რომელის ამოსახნელად მოსწავლე იყენებს პირდაპირ ფორმულის ან ფიზიკურ კანონს;
  • მეორე დონე – ამოცანა ორ-სამბიჯიანი, მოსწავლე იყენებს რამოდენიმე ფორმულას უცნობი სიდიდის დასადგენად.
  • მესამე დონე – შემოქმედებითი ამოცანა, მოითხოვს წინასწარ შესწავლილი მასალისა და კომბინირებული ქმედებების ცოდნას.
დიფერენცირებული სწავლების ორგანიზებისთვის სასურველია  მასწავლებელმა
1) დაანაწილოს შესასწავლი მასალის შინაარსი  დონეების მიხედვით;
2) შეიმუშაოს  მოსწავლეთათვის  გეგმები თემის ინდივიდუალურად შესასწავლად;
3) შექმნას მინი-ლექციები, სემინარები, მინი-ტესტები  თუ პრეზენტაციები;
4) აღრიცხოს ზეპირი პასუხები;
5) ხშირად ჩაატაროს წერითი დავალებები მინი-ტესტების სახით;
6) მოახდინოს შედეგების ანალიზი და კორექტირება.
დიფერენცირებული მიდგომით, თითოეული მოსწავლე იღებს უფლებას და დამოუკიდებლად განსაზღვრავს, რა დონეზე ისწავლის  მასალას. ერთადერთი პირობაა, რომ ეს დონე არ უნდა იყოს მის შესაძლებლობებზე და საგანმანათლებლო სტანდარტზე დაბალი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დონის დიფერენცირების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს არა მარტო მოსწავლის ინტელექტუალური შესაძლებლობები, არამედ მათი ინტერესებიც.
დიფერენცირების ტექნოლოგიის დანერგვის მიზნით, აუცილებელია თითოეული თემის შესახებ თითოეული მოსწავლის ცოდნის მონიტორინგი. ასეთი მიდგომა შესაძლებელობას იძლევა მოსწავლეებმა აღმოფხვრან ხარვეზები, რაც შესაძლებლობას ხდის ამაღლდეს მათი აკადემიური მიღწევის დონე.
მოსწავლეს აგრეთვე უნდა გავაცნოთ ის სტრატეგია, რომ მათ აქვთ არჩევნის თავისუფლება და შეუძლიათ ნებისმიერი დონის არჩევა და ერთი ჯგუფიდან მეორეში გადასვლა, ამისთვის კი საჭიროა მათ წინასწარ იცოდნენ  შეფასების რუბრიკები და კრიტერიუმები.
წარმოგიდგენთ მე-8 კლასში ფიზიკის გაკვეთილზე გამოყენებული დიფერენცირებული დავალებების ნიმუშს.
დანართი

წყარო: http://mastsavlebeli.ge/