Saturday, November 26, 2022

„როგორ გარდავქმნათ აგრესია დადებით ენერგიად“

 

ავლენთ თუ არა აგრესიას? როგორი დამოკიდებულება გაქვთ აგრესიისადმი? გეშინიათ მისი გამოვლენის თუ ტკბებით მისით, თუ ვერ ახერხებთ მის განცდასა და გამოვლენას? და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი – რა სიტუაციაში და ვინ იწვევს თქვენში აგრესიას?

ყველა ადამიანში სხვადასხვა რამ იწვევს გაღიზიანებას: ზოგს შეხედვა არ სიამოვნებს და შეიძლება ქუჩაში მოგახალოს – „რას მიყურებ?“; ზოგი მანქანის სიგნალს ვერ იტანს („რას ასიგნალებ?); ანდა ხელფასი დააკლეს და ამითაა აღშფოთებული. ეს, ასე ვთქვათ, სტანდარტული ფორმებია, მაგრამ არსებობს აგრესიის ენერგიის სპეციფიკური ფორმებიც.

როდესაც აგრესია  თავს იჩენს, ამ დროს ძლიერ ზეწოლას განიცდის პიროვნება და ცდილობს როგორმე „მოინელოს“ რათა „გაატაროს“ და გადაუაროს. ამ დროს ჩნდება ორი შესაძლებლობა: ერთია, როდესაც ინდივიდი შეშინებულია და არსებობს მისი მხრიდან თავაზიანობის სტანდარტების დარღვევა, ცდილობს თავშეკავებას, რასაც შედეგად აგრესიის განდევნა მოჰყვება. ეს აქტი, თავის მხრივ, იწვევს ფსიქო-ფიზიკურ დარღვევებს სომატურიდან დაწყებული და ფსიქოლოგიურით დამთავრებული. მეორე შემთხვევა უფრო ექსტრავერტებს ემართებათ, როდესაც აგრესია ვლინდება სიტყვიერი ფორმით ან ქმედებით. შეიძლება ადამიანმა ისეთი რამ გითხრას, რომ მკლავები ჩამოგცვივდეს, დაინგრე შინაგანად. შალვა ნუცუბიძისთვის უთქვამთ დაკრძალვისას, – რას იყურები საფლავში, იქ ხომ არ გინდა, მის გვერდით წოლაო? პასუხია საგულისხმო: „შენს გვერდით დგომას, მის გვერდით წოლა მირჩევნიაო“; შეკითხვა აგრესიული იყო, მაგრამ პასუხი კულტურული, სუბლიმირებული ფორმით ითქვა და სოციალურ აგრესიაში არ გადაზრდილა; ენერგიის ამგვარ გარდასახვას  უფრო დიდი ფსიქიკური ენერგია, რეაგირების უფრო მაღალი დონე სჭირდება.

თუ აგრესიულ ენერგიას ვიგრძნობთ,  შეგვიძლია ბინის დალაგებას და ამ რიგის საქმიანობას მივმართოთ; ანდა, როდესაც ადამიანი გამოცდაზე ჩაიჭრება და ამის გამო აგრესია ეუფლება, მან ეს ენერგია შეიძლება გამოიყენოს მომავალი გამოცდისათვის მომზადებისა და უკეთესად ჩაბარებისათვის, რადგან ეს ენერგია საკეთებლის უკეთ შესრულების სურვილს  ასაზრდოებს. აგრესიის გარდაქმნა რომ შევძლოთ, მისი  დეზიდენტიფიცირება უნდა მოვახდინოთ. აგრესიული იმპულსი ჩვენი არსების შემადგენელი, ძალიან ღირებული ნაწილია. აგრესიას ავტომატურად ძალადობასთან აკავშირებენ ხოლმე და ადამიანის ამაღლებული თვისებების ფორმირებისათვის მისი განდევნა საჭიროდ მიაჩნიათ. ამთავითვე უნდა ითქვას, რომ ეს არასწორი შეხედულებაა და არ ითვალისწინებს აგრესიის დადებითი ასპექტებს.

რამაკრიშნა იხსნებს ლეგენდას საშინელ შხამიან გველზე, რომელიც შიშის ზარს სცემდა გამვლელებს, მაგრამ ერთხელ იგი ბრძენს შეხვედრია და ისე მოხიბლულა მისი სიბრძნითა და თავაზიანობით, რომ უკითხავს, – როგორ გავხდე შენნაირიო? ბრძენს რჩევა მიუცია, რომ ხალხის კბენისთვის უნდა დაენებებინა თავი და მასაც უბიწოდ არსებობა გადაუწყვეტია. ხალხს რომ გველის უსაფრთხო არსებად გარდაქმნა უხილავს, ქვების სროლა, კუდით ჰაერში ასროლა და წვალება დაუწყია. საბედნიეროდ, ამ ბრძენს იმავე გზით კიდევ მოუწია თურმე გავლა და ხილვა იმისა, თუ რა დღეში ჩავარდნილიყო გველი:- შენმა რჩევამ, აი, რად მაქციაო, უსაყვედურია ბრძენისთვის; მასაც მარტივად უპასუხია: – ადამიანთა კბენისთვის კი დაგინებებია თავი, მაგრამ სისინი ხომ არ ამიკრძალავსო? ეს ამბავი იმის ნათელყოფაა, რომ ბოროტ ადამიანს სისინი ზიანს ვერ მიაყენებს, მაგრამ მიახვედრებს, რომ თავდაცვა შეგიძლია და იცი, ბოროტს წინ როგორ აღუდგე.

ადამიანი, რომელიც საკუთარ აგრესიას უფრთხის, თრგუნავს იმის შიშით, რომ  რამე ცუდი არ ჩაიდინოს სხვების მიმართ, სინამდვილეში საკუთარი თავისკენ წარმართავს მას. ბავშვობისას მამა სისტემატურად სცემდა, დედა კი  რიგიდულ კონტროლს ახორციელებდა და შვილმაც ეს აგრესია გაითავისა; თუმცა მუდმივად თავს იკავებდა, რომ მშობლები არ დაეხოცა და ეს ყველაფერი საკუთარი თავისკენ წარმართა, რაც გამოვლინდა სუიციდის, დეპრესიის, არაადეკვატურ დანაშაულის გრძნობაში. ასეთ ადამიანის არსებაში დაგროვილი ენერგია წარმოშობს იმგვარ აზრებს, რომლებიც მუდმივად განმეორების ფორმით ვლინდება. ეს შეიძლება მაზოხისტურ, საკუთარი თავის წამებაში გადაეზარდოს. ასეთმა ადამიანმა უნდა ისწავლოს თავისი აგრესიული ენერგიის მისთვის საყვარელ საქმეში რეალიზება და აგრესიის კონსტრუქციული გამოყენება; უნდა გაიწაფოს იმაში, რომ აგრესია გამოიყენოს „საწვავად“ თავისი საქმიანობისათვის.

აგრესიული ენერგიის გარდაქმნის ერთ მაგალითად შეიძლება წარმოვიდგინოთ ასეთი ვითარება: დავაკვირდეთ და გავიაზროთ, რომ ჩვენს სხეულში აგრესიით გამოწვეული გრძნობები და შეგრძნებები  წარმოადგენენ ენერგიას, რომელიც ღირებულია და შეუძლია ჩვენთვის ზიანის მოყენება, მაგრამ ამავე დროს შეუძლია გამწევ ძალადაც იქცეს და გამოგვადგეს მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ ვიცით, რომ ბევრი შემოქმედი აგრესიას კრეატიულ ენერგიად გარდასახავდა. რომაელი პოეტი  კვინტილიანუსი ამბობდა, რომ ჩემი ბრაზი და რისხვა ქმნის ჩემს ლექსებსო. აინშტაინის მეგობარი იგონებს, რომ იგი დაჟინებით აგრძელებდა თავის მათემატიკური პროექტების დამუშავებას, რომელიც ათი წლის შემდეგ ფარდობითობის თეორიად იქცა  ყოველგვარი წაქეზებისა და დახმარების გარეშე. ჟიულ ვერნმა თავისი ნაწარმოებების დაბეჭდვაზე დასტური მიიღო მეასე რედაქციიდან. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ აგრესია საჭიროა. მიქელანჯელოს პორტრეტებსა და ნახატებში ადამიანები აღტაცებულები იყვნენ, რასაც მისი თანამედროვეები ეძახდნენ „დერიბილიტას“, რაც ამაღლებულ სიდიადესა და ინტენსივობას და იმავდროულად საშიშს ნიშნავს. რა თქმა უნდა, ეს მწირი მაგალითები არ არის საკმარისი რთული შემოქმედებითი პროცესების საჩვენებლად, მაგრამ მაინც აშკარაა, რომ ყოველი გენიოსის შემოქმედებაში დიდ როლს თამაშობდა აგრესია- ამ სიტყვის ფართო გაგებით; ანუ სპექტრი, რომელიც იწყება რისკით და გადადის ძალმოსილებაში და სრულდება შემოქმედებითი აქტით. ერთი გადმოცემით, მიქელანჯელოს ჩაქუჩი მონა ლიზაზე მუშაობისას თხუთმეტ წუთში უფრო მეტს მასალას ამუშავებდა, ვიდრე სამი ახალგაზრდა ქვისმთლელი სამ-ოთხ საათში მოახერხებდა; მისი ბიოგრაფი წერს, რომ მიქელანჯელოსავე თქმით, ჩაქუჩი მის სხეულს ჯანმრთელობას უნარჩუნებდა. იგი მუშაობისას ისეთ რისხვასა და იმპულსურობას ავლენდა, რომ მეგონა, მთელ ქანდაკებას ნამსხვრევებად აქცევდაო.

ჩინურ სიბრნე ი ძინ-ში არის ჰექსაგრამა, რომ თუ მდაბიო, ბოროტმა ადამიანმა ქალაქში დაიკავა მმართველის პოზიცია, მას შეუძლია კეთილშობილი მოქალაქის შეზღუდვა; მსგავსად ამისა, თუ ჩვენს გულში ერთმა ვნებამ დაისადგურა, მას შეუძლია, დაბინდოს გონება. ვნება და გონება ვერ ძლებენ გვერდიგვერდ. ამიტომ აუცილებელია ბრძოლა  ყოველგვარი დათმობის გარეშე, რათა კეთილმა ბოროტზე გაიმარჯვოს და ამისთვის აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა. პირველ ყოვლისა უნდა გვახსოვდეს, რომ ბოროტებასთან ბრძოლა უნდა ეყრდნობოდეს მეგობრულ განწყობას და, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, თავად არ უნდა გავბოროტდეთ. ამ ბრძოლისას კომპრომისი დაუშვებელია; და კიდევ: ბოროტს პირდაპირ არ უნდა ვებრძოლოთ, რადგან თუ დავმარცხდით, ვნება შეგვიპყრობს და გავბოროტდებით. ბოროტზე გამარჯვების საუკეთესო ხერხია სიკეთე ანუ საპირისპიროს კეთება, რისთვისაც ბიოლოგიური აგრესიაა საჭირო. 

წყარო https://azrovnebisakademia.ge

„სწორი კომუნიკაცია სხვებთან და საკუთარ თავთან“

 

თქვენს ცხოვრებაში რამე ისე თუ არ ხდება, როგორც გინდათ, რომ მოხდეს, ესეც კომუნიკაციის შეცდომაა – რაღაცას ისე არ ვაკეთებთ, როგორც საჭიროა. რატომ არის კომუნიკაცია უნივერსალური? იმიტომ, რომ თუ არ მაქვს ურთიერთობები დალაგებული სამსახურში, ეს ნიშნავს, რომ მეშლება სხვებთან კომუნიკაცია. არ აკეთებს ჩემი შვილი რაღაცას ისე, როგორც მე მინდა, ეს ნიშნავს, რომ შეცდომა მომდის ურთიერთობებში. არ მაქვს აწყობილი საქმე შეყვარებულთან, ესეც ნიშნავს, რომ არ იცით, როგორ ესაუბროთ სწორად მას და ა.შ. ამიტომ გამოდის, რომ თუ კომუნიკაციის კანონზომიერებებში ადამიანი ერკვევა, ფაქტობრივად, მის ცხოვრებაში ყველაფერი ისე ლაგდება, როგორც თვითონ უნდა. როდესაც ვფიქრობთ, რა ხდებოდა ჩვენს ცხოვრებაში, აზრები მოგვდის. აზრების შემადგენელი ნაწილი იგივე სიტყვებია, როგორც ჩვენ ვკომუნიცირებთ. თქვენს თავში თქვენ ფიქრობთ. შესაბამისად, რა აზრიც მოგივათ, ანუ რასაც გაიფიქრებთ, ისე აფასებთ თქვენს ცხოვრებას. მე შემიძლია ვთქვა, ცუდად მიცხოვრია ან კარგად მიცხოვრია. რასაც თქვენ იხსენებთ, იქიდან 99% ურთიერთობებს ეხება. ეს პროცესი უმნიშვნელოვანესია თითოეული ადამიანისთვის.

„ურთიერთობის პროცესი არის ურთიერთზეგავლენა და ურთიერთობის შედეგი კი ის ემოცია, რასაც ჩვენ ერთმანეთზე ვტოვებთ. ადამიანმა, რომელსაც ურთიერთობისას არ შეუძლია გარკვეული ტიპის ემოცია დატოვოს, ჩათვალეთ, რომ ტყუილად ილაპარაკა. “

როგორც წესი, ადამიანები, საერთოდ არ აკვირდებიან ამ პროცესს. ყურადღების მიღმა რჩებათ. ისინი, ძირითადად, ახმოვანებენ თავიანთ სურვილებს. ანუ ჩვენი კომუნიკაცია არ არის ხოლმე შედეგზე ორიენტირებული. მე ვამბობ, მე რა მინდა. მაგრამ რატომ უნდა გააკეთოთ თქვენ ის, რაც მე მინდა, ამაზე არ მიფიქრია. არის სიტუაცია, რომ თანამშრომელს რაღაცას მკაცრად ეტყვი და ის მუშაობს. მაგრამ არის სიტუაციაც, როცა მკაცრად ეტყვი და ვეღარ მუშაობს. ანუ სხვადასხვა რეაქციებს იძლევა. აქედან გამომდინარე, რას ნიშნავს შედეგიანი კომუნიკაცია? შედეგი რა მინდა მივიღო, ის რომ გული მოვიფხანო თუ ის, რომ ამან იმუშაოს? თუ მე მინდა, რომ ამან იმუშაოს, მაშინ ჩემი კომუნიკაცია სწორდება შედეგის მისაღებად და არა მე თავში რა აზრები მომივა. ესე იგი, კომუნიკაციას აზრი არ აქვს, ერთმანეთთან ურთიერთობას აზრი არ აქვს, თუ ის არ არის შედეგისთვის გათვლილი. მაგალითად, მინდა, რომ ჩემი ბავშვი კარგად სწავლობდეს და ვუყვირი, ისწავლე, ისწავლე! ისწავლის? არ ისწავლის, ცხადია. ამას ვამბობ, რომ დაფიქრებულები თუ ვიქნებით, თქვენი ენა გახდება გაცილებით სწორი გავლენების მომხდენი. 

თქვენ გგონიათ, რომ ადამიანებს საუბრის შინაარსები ახსოვთ?! მათ ახსოვთ თავიანთი დასკვნის ემოცია თქვენს საუბარზე. ზუსტად შინაარსს ვერ გაგიმეორებს. კომუნიკაციის მთელი ხიბლი ის არის, რომ მე უნდა ვიცოდე, როგორ აღვძრა თქვენში რაღაც ემოციები და შენც უნდა იცოდე, როგორ აღძრა შენს თავში ის ემოციები, რომელიც გჭირდება. მე თუ ვიტყვი, რომ ბედნიერი არ ვიქნები, სანამ მილიარდი არ მექნება. ჩემს თავში ვაკეთებ ბარიერს სხვა ემოციური განცდებისთვის და სანამ მილიარდი არ მექნება, მე ვერსად ვიგრძნობ ბედნიერად თავს. თუ მე ეს ბარიერი მოვხსენი, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს თქვენ რომ გნახოთ, ამის გამოც დავდგე კარგ ხასიათზე. 

არის კიდევ ერთი მომენტი – ჩვენ გვინდა, რომ ჩვენ გარშემო ყველაფერი ისე ხდებოდეს, როგორც მოგვწონს. ისედაც რომ დაფიქრდეთ, თუ საკუთარ თავს ვერ ვმართავ, როგორ უნდა შევძლო სხვისი მართვა?! ამიტომ თუ ჩვენ გვაინტერესებს თანმიმდევრობა, ყველაფერს ვალაგებთ ჯერ საკუთარ თავთან, მერე უკვე ძალიან კარგად ვერკვევით, რა უნდა გავაკეთოთ გარეთ, რომ სახლში, სამსახურში ან სხვა ადგილებში ის სიტუაცია და ის ემოცია გვქონდეს, რაც გვჭირდება. აი, ეს არის არსი საკუთარ თავთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის.

 

ფსიქოლოგი ზურა მხეიძე.

წყარო https://azrovnebisakademia.ge

„სტერეოტიპები“

 

არსებობს ასეთი შეხედულება, რომ ბავშვებს ქცევითი სტერეოტიპები არ უნდა მივცეთ, იმიტომ რომ სტერეოტიპი ცუდია და მაგალითად, სქესი საერთოდ თვითონ უნდა აირჩიოს, როცა გაიზრდება. ამას რატომ ვეუბნებით, ყოველგვარ აზრსაა მოკლებული, იმიტომ რომ არც ფსიქოლოგიაა გათვალისწინებული და არც თავისებურებების მექანიზმები. 

ჯერ ერთი, ძალიან ბევრმა არ იცის, საერთოდ სტერეოტიპი რა არის; „სტერეოტიპი“ სალანძღავად არ არის გამოგონილი, სტერეოტიპი არის ფსიქიკის ფუნქცია, ადაპტაცია მოხდინოს გარემოში; თქვენ რომ სტერეოტიპი არ გქონდეთ, ეს ნიშნავს, რომ იმაზე რომ გითხარით, კარია, მერე უნდა გამოგყვეთ და მეორე კარზეც გითხრათ, რომ ესეც კარია და მერე გდიოთ და სადაც მას დაინახავთ, უნდა გეძახოთ, რომ კარია. 

სტერეოტიპი არის ეკონომიური მდგომარეობა – რომ ამაზე ინფორმაცია მაქვს და შესაბამისად ვიქცევი, რადგანაც გარკვეული ცოდნა მაქვს. ვისაც სტერეოტიპები არ აქვს, წარმოიდგინეთ, რომ მას ფსიქიკური დარღვევა აქვს; ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი თავიდან უნდა ვიკითხო; 

მეორე მომენტი – თუ ჩვენ სტერეოტიპს არ მივცემთ სქესის ნიშნის მიხედვით, კი ბატონო ნუ მივცემთ; ჯერ ერთი, როგორ წარმოგიდგენიათ სახლში ბავშვს არ ვაძლიო სტერეოტიპი; ესე იგი ქცევის მოდელები სხვადასხვა უნდა ვახორციელო. ეს ნიშნავს იმას, რომ ხან ჩემმა მეუღლემ უნდა მოუშვას წვერი და შემოვიდეს შარვლით და სხვა შემთვევაში ის ხომ ხედავს, მე როგორი ვარ და შესაბამისად უყალიბდება გარკვეული ცოდნა; 

რანაირად უნდა მოვახერხო, რომ ბავშვს სტერეოტიპი არ მივცე, ეს აბსოლუტური აბსურდია, რაზეც საუბრობენ და მესამე – ბავშვი ელოდება თქვენგან ქცევის მაგალითს; თუ ეს მაგალითი არ მიეცი, ის ვერ სწავლობს, ანუ კოგნიტური პროცესი, ინფორმაციული პროცესი მისთვის საკმარისი არ არის. ამიტომ როდესაც ჩვენ გვინდა, რომ ბავშვმა ბევრი იკითხოს, არ არის საკმარისი ვუმეოროთ – წიგნები იკითხე! ის უნდა ხედავდეს, რომ ჩვენც კითხულობთ და ამას ბავშვი მიიღებს; ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია ქცევითი მოდელები.

 

 

სტატია მომზადებულია ფსიქოლოგ ზურა მხეიძის წიგნის მიხედვით – „სიყვარული, ტყუილი, ემოციები და თვითშეფასება ურთიერთობებში“

წყარო https://azrovnebisakademia.ge/

„მიჯაჭვულობის მნიშვნელობა ბავშვებში“

 

არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი უნარი, რომელსაც ჰქვია მიჯაჭვულობა. იგი განაპირობებს ზრდასრული ადამიანის ფუნქციურად გამართულ ცხოვრებას, სოციალიზაციასა და  მყარ ურთიერთობებს. მიჯაჭვულობა – ეს არის ძლიერი ემოციური უნარი, რომელიც ცხოვრების პირველ წლებში ყალიბდება, აჩენს ფიზიკური და ემოციური ურთიერთობის  სურვილს და ბადებს უსაფრთხოების განცდას.

დედა არის ერთგვარი კარი, რომლის მეშვეობითაც უნდა მოხდეს ბავშვის გაყვანა სამყაროში. ოჯახი როგორც მიკროსამყარო არის საფუძველი იმისა, რომ ბავშვმა უსაფრთხოდ იგრძნოს თავი ან პირიქით, სამყარო აღიქვას მტრულად. ეს დამოკიდებულია მშობლის მიერ  ბავშვში ფორმირებულ და ჩამოყალიბებულ მიმართებებზე სამყარისადმი. 

„მშობელს უნდა ჰქონდეს მტკიცე, უსაფრთხო, პოზიტიური ურთიერთობა ბავშვთან.“

 

 

ცხოვრების პირველი წლებში ბავშვი არის უსუსური და შესაბამისად მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვი თავის ძირითად მოთხოვნილებებს კვება იქნება ეს, სიმშრალე თუ უსაფრთხოება როგორ გვატყობინებს? ვიცით, რომ ჩვილს ინფორმაციის მოწოდების სხვადასხვა სიგნალი აქვს და მას მშობლები უმეტესად აღიქვამენ ტირილის ნაირსახეობის მიხედვით როდის შია, როდის გამოცვლას ითხოვს და როდის ხელში აყვანას. თუ რამდენად მყისიერად, დროულად და ეფექტურად ვრეაგირებთ ამ სიგნალებზე, ამის მიხედვით ყალიბდება ბავშვის განცდა და შეგრძნება ჩვენი მისადმი ზრუნვის, მის მოთხოვნილებებზე რეაგირების მიხედვით უყალიბდება საკუთარი მნიშვნელოვნობის განცდა.

მნიშვნელოვანი ფაქტორი უსაფრთხო მიჯაჭვულობისა არის უსაფრთხოების განცდა.  ხშირად ამბობენ, რა მოხდა, რომ  ნაადრევად მოხდა ქორწინება? არადა ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, ორი ადამიანის ურთიერთობა რამდენად სტაბილურია, რამდენად არიან მზად, რომ შვილი იყოლიონ. მათ სათავეშივე უნდა ჰქონდეთ ბავშვთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის განცდა, რადგან როდესაც არ არის ჯანსაღი და მყარი ურთიერთობები, ჩვენ ვიღებთ ბავშვს, რომელიც შეიძლება დიდი აგრესიით დაუბრუნდეს თავის ოჯახს და შემდგომ სამყაროს.

მშობელს უნდა ჰქონდეს მტკიცე, უსაფრთხო, პოზიტიური ურთიერთობა ბავშვთან. პედიატრები ძალიან ხშირად ამბობენ, რომ ბავშვის შესახებ ყველაზე დიდ ინფორმაციას მშობელი აწვდის, რადგან მას აქვს ყველაზე სრული კონტაქტი ბავშვთან და ზუსტად იცის შვილის რეაქციები და გარემოსთან მიმართება. შესაბამისად, დედა არის იმ ემოციების მიმღები და გამზიარებელი, რომელიც ბავშვისთვის უმთავრესია.

მიჯაჭვულობის ფორმირება და გამყარება ძირითადად ხდება სამი წლის ასაკამდე და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ სამი წლის განმავლობაში ბავშვთან ინტენსიური კავშირი და ურთიერთობის მოდელის ჩამოყალიბება; სამ წლამდე ვითარდება ტვინი  და თუ მიჯაჭვულობა არ არის მყარი ან დეზორგანიზებულია, ტვინის უჯრედების განვითარების პროცესი ფერხდება.

არსებობს იაპონელი ნევროლოგების თვალსაზრისი, რომ ბავშვის ტვინი ორიდან რვა თვის ასაკში სწრაფი ნახტომის ტემპით ვითარდება. ბიძგი, რომელიც ხელს უწყობს ტვინის განვითარებას, სწორედ მშობელთან ურთიერთობა, მისი სახის გამომეტყველება, ხმის ტემბრი, ემოციების ურთიერთდაზიარება და მხარდაჭერაა.

ზოგი მშობელი ფიქრობს, რომ  ბავშვისთვის საკმარისია სრულფასოვანი კვება, საფენები, კარგად მოვლა და სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია. ამ ტიპის მშობლებისთვის არა აქვს მნიშვნელობა, ვინ დაიკავებს ბავშვს, ვინ დააძინებს და გააღვიძებს; ისინი ემოციურ კავშირებზე ნაკლებად საუბრობენ და ვერ იაზრებენ თუ რამხელა ზეგავლენა აქვს ამ ყველაფერს ბავშვის განვითარებაზე.

ყველა მშობელს უნდა ჰქონდეს გააზრებული ემოციური კავშირების მნიშვნელობა და ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს, რათა ზრდასრულობაში შესულ მის შვილს ჰქონდეს სტაბილურობის, დამოუკიდებლობის შეგრძნება ცხოვრებისეულ სტრესებთან გამკლავების უნარი. ეს არის ჩვენი უმთავრესი, მშობლისეული მოვალეობა საკუთარი შვილის წინაშე რომ მან შეძლოს ცხოვრებაში მოსალოდნელ წინააღმდეგობათა გადალახვა  და სწორედ ეს პირველადი ფუნდამენტია მნიშვნელოვანი სამყაროში მტკიცედ  დგომისა და უსაფრთხოდ და არსებობისათვის.

წყარო https://azrovnebisakademia.ge

როგორ მოქმედებს კითხვა ბავშვის განვითარებაზე

 

კითხვის სიყვარული ბავშვებისათვის ადვილი მისაღწევი არ არის, ბავშვები საკმაოდ რთულ პირველ ეტაპს გადიან კითხვის სწავლის დროს, რაც დიდ ძალისხმევასა და მუშაობას საჭიროებს, როგორც ბავშვის, ასევე მშობლისა თუ მასწავლებლის მხრიდან. მას შემდეგ, რაც ეს რთული ეტაპი გადაილახება, კითხვის საშუალებით ბავშვი უამრავი ჯადოსნური და ზღაპრული კარის შეღებას შეძლებს, რაც მის წარმოსახვის უნარს ავითარებს. ზოგადად, კითხვის დაწყებას ასაკი არ აქვს და არასოდესაა გვიანი, თუმცა ამ სტატიაში შევეცდებით ადრეულ ეტაპზე კითხვით დაინტერესების სასარგებლო შედეგების გრძელი სიიდან რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი შემოგთავაზოთ:

ადრეულ ასაკში კითხვის პროცესთან ადაპტირების მნიშვნელობა

უამრავმა კვლევამ უკვე აჩვენა და დაადასტურა კითხვის სარგებელი ბავშვის განვითარების პროცესში. ბავშვის პრაქტიკაში კითხვის რეგულარულად დანერგვა მას საშუალებას აძლევს პირველ რიგში განივითაროს კონცენტრირების, მოსმენის, გაცნობიერების უნარები. ასევე, კითხვა შესაძლებელია ბავშვს შევთავაზოთ განტვირთვის, სიმყუდროვისა და სიმშვიდის განწყობის შესაქმნელად. რეალურად წინასასკოლო ასაკში მშობლის თანამონაწილეობა კითხვის პროცესში, ბავშვს სასკოლო ეტაპისათვის ეფექტურად ამზადებს. ამ თემაზე ნორვეგიელი მკვლევარის მიერ ჩატარებულმა კვლევამ 1171 მოსწავლესა და მათ მშობლებზე 19 სხვადასხვა სკოლიდან აჩვენა, რომ არსებობს ძალიან დიდი კავშირი წინასასკოლო ეტაპზე მშობლების მიერ ბავშვებისათვის წაკითხვის პრაქტიკასა და ამ მოსწავლეების პროგრესს შორის სასკოლო ეტაპზე. ამას შეგვიძლია ვუწოდოთ „ადრეული“ კითხვა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დადებითად მოქმედებს ბავშვის ლექსიკურ მარაგზე, ასევე საფუძველს წარმოადგენს მომდევნო ეტაპზე ბგერის კონკრეტულ ასოსთან შესაბამისობის პროცესში.

ლიტერატურის დადებითი გავლენა ბავშვისა და მოზარდის მეხსიერების გაუმჯობესებაზე

ტვინი საჭიროებს წვრთნას და ფორმის შენარჩუნებას, ამისათვის ერთ-ერთი საუკეთესო აქტივობა არის კითხვა. წიგნისა თუ ისტორიის კარგად გასაგებად საჭიროა რიგ დეტალებზე ყურადღების გამახვილება და მათი დამახსოვრება, მაგალითად, პერსონაჟების სახელები, მათი როლი, ფუნქცია, წარსული, მათი განზრახვები. ასევე ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ ყველა მეორეულ მოქმედებაზეც, რომელიც ძირითადი ამბის პარალელურად ვითარდება.

ლექსიკის გამდიდრება

კითხვის პროცესი ბავშვსა და მოზარდს ავარჯიშებს მართლწერაში, ასევე ეხმარება ახალი სიტყვებისა და გამოთქმების აღმოჩენაში. მხატვრული ლიტერატურის კითხვისას ბავშვმა შეიძლება აღმოაჩინოს მისთვის აქამდე უცნობი გრამატიკული დრო, კილო, უღლების ფორმა, რომელიც ჯერ სკოლაში არ უსწავლია. ბავშვი კითხვისას აღმოაჩენს ისეთ ლექსიკურ ერთეულებს, რომლებსაც ის ყოველდღიური მეტყველებისას ვერ შეხვდება.

კითხვა ამცირებს სტრესს

დღეს ბავშვები და მოზარდები ხშირად განიცდიან სტრესს, სკოლის ხანგრძლივი გაკვეთილები, ხანდახან მკაცრი მეთოდები მათთვის ზეწოლაა და ძალისხმევას მოითხოვს. ლიტერატურა ამ სტრესისაგან თავის დასაღწევად არაჩვეულებრივი გზაა. წიგნები რეალობიდან მოწყვეტის, მცირედი შესვენების, ერთი წამით სამყაროსთან მარტო დარჩენის საშუალებას გვაძლევს. აგრეთვე, იელის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევამ დაადასტურა კიდეც, რომ სტუდენტებში კითხვა 68 %-ით ამცირებს სტრესს და ის დაახლოებით იმავე უბნებს ააქტიურებს ტვინში, რასაც სწორად შესრულებული მედიტაცია.

წარმოსახვის განვითარება

იქნება ეს სათავგადასავლო რომანი, დეტექტივი, ზღაპარი, დოკუმენტური პროზა თუ კომიქსი, წიგნი ბავშვს სხვადასხვა წარმოსახვით სამყროში ამოგზაურებს, ბავშვი ხვდება სხვადასხვა ქვეყანაში, ქალაქში, დროსა თუ ეპოქაში. ამ სამყაროებში შესაღწევად და შესაბამისად, ყოველდღიურობიდან გამოსასვლელად, ბავშვებს საკუთარი წარმოსახვის მოხმობა და მისი გააქტიურება სჭირდებათ. ხშირად ამ პროცესს ბავშვებში საკუთარი ისტორიების შექმნის სურვილიც შეუძლია გააღვივოს.

ემპათიის განვითარება

რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ისეთი აქტივობა, როგორიც კითხვაა (რომელიც სხვა ადამიანებთან ინტერაქციას არ საჭიროებს პროცესში) ძალიან ავითარებს ემპათიის უნარს და ბავშვს აჩვევს სხვა ადამიანების გაგებას, გათვალისწინებას, ადამიანურ ურთიერთობებს. მართლაც, კითხვის პროცესში ჩაძირული, უკეთ ახერხებ სხვა ადამიანის ტყავში შეძვრე, ეს კი გეხმარება შენი თავი მათ ადგილას დააყენო, გაიგო და გააცნობიერო მათი ემოციები, შეგრძნებები თუ რეაქციები.

 

ფრანგულიდან თარგმნა აზროვნების აკადემიის პედაგოგმა, ფილოლოგმა ლიკა ჩხაიძემ.  

სტატია გამოქვეყნებულია ვებგვერდზე carnetsnord

როგორ განვავითაროთ ემპათია ბავშვებში

 

ემპათია მოიცავს განსხვავებული პერსპექტივების აღქმასა და სხვა ადამიანების დაფასებას. ეს არის თანაგრძნობა, თანაგანცდა.

შეუძლია თუ არა მშობელს ბავშვში ემპათიის გაღვივება? ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე რჩევა, რომლებიც დაფუძნებულია კვლევებსა თუ პრაქტიკულ შრომებზე.

1. გამოხატეთ თანაგრძნობა თქვენი შვილის მიმართ და ასევე, აჩვენეთ სხვების თანაგრძნობის მაგალითი.

ბავშვები ემპათიას ჩვენზე დაკვირვებით სწავლობენ და იმასაც აკვირდებიან, ჩვენ თვითონ რამდენად ვართ მათ მიმართ თანამგრძნობები. ეს განცდა მათში აყალიბებს ნდობას და განამტკიცებს უსაფრთხო ურთიერთკავშირს. ასეთი ტიპის მიჯაჭვულობა არის საკვანძო იმისთვის, რომ მათ გაიაზრონ და გაიზიარონ ჩვენი ქცევის მოდელი, ღირებულებები, მათ შორის, აიღონ თანაგრძნობის მაგალითიც.

ემპათია შვილების მიმართ შეგვიძლია გამოვხატოთ სხვადასხვა ფორმით, იქნება ეს მათი ფიზიკური და ემოციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მათი ინდივიდუალურობის გაგება და გათვალისწინება, მათი ცხოვრების სტილისადმი გულწრფელი ინტერესის გამოვლენა, ისეთ აქტივობებში ჩართვა, რომლითაც უკეთ გავიცნობთ შვილებს ან მათთვის ყველაზე სასიამოვნო აქტივობებში აქტიური მონაწილეობა.

ბავშვები ასევე აკვირდებიან, როგორ ვექცევით, ვაფასებთ სხვებს. ისინი ამჩნევენ როგორ ვექცევით მიმტანს რესტორანში, კურიერს (ვამჩნევთ მათ და ვაფასებთ, თუ ჩვენთვის ისინი უხილავნი არიან). ისინი აკვირდებიან, როგორ ვეგებებით სკოლაში ახლადგადმოსული ბავშვის მშობლებს, განვიცდით თუ არა მათი თანაკლასელის პრობლემებს ან რაიმე გამოწვევას.

ეცადეთ:

• უკეთ გაიცნოთ თქვენი შვილი

დაუსვით მას შეკითხვები; მაგალითად, დღეს რა ისწავლე საინტერესო, რა იყო დღეს შენთვის ყველაზე რთული, არჩევანი რომ გქონდეს დღის დარჩენილ მონაკვეთს როგორ გაატარებდი, გყავს თუ არა მეგობარი, რომელსაც განსაკუთრებით აფასებ? რას აფასებ მასში ყველაზე მეტად?

• გამოხატოთ ემპათია სხვების მიმართ, მათ შორის მათ მიმართაც, ვინც თქვენგან განსხვავებულია.

ეცადეთ, რომ რეგულარულად იყოთ ჩართული რაიმე საზოგადოებრივ სამსახურში, უკეთესია, თუ ამას შვილთან ერთად გააკეთებთ. გამოხატეთ ინტერესი სხვადასხვა პრობლემის მქონე ადამიანების მიმართ.

• იზრუნეთ საკუთარ თავზე ეს თქვენი შვილისათვისაც კარგი მაგალითია.

სცადეთ ჩაერთოთ თქვენთვის სასიამოვნო აქტივობებში, იქნება ეს წიგნის კითხვა, სპორტი, სეირნობა, მედიტაცია თუ სხვა, რაც თავიდან აგაცილებთ სტრესს და შვილის მიმართაც მეტად თანამგრძნობი გახდებით.

2. სხვებზე ზრუნვა პრიორიტეტად აქციეთ და დააწესეთ მაღალი ეთიკური მოლოდინები.

ბავშვები, პირველ რიგში, მშობელში უნდა ხედავნენ, რომ სხვებზე ზრუნვა მათთვის პრიორიტეტია და ეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საკუთარ თავზე ზრუნვა.

ეცადეთ:

• ბავშვს გაუგზავნოთ მკაფიო შეტყობინება.

გაითვალისწინეთ ყოველდღიური ფრაზები, რომლებსაც ბავშვებს ეუბნებით ზრუნვის მნიშვნელობის შესახებ. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ უთხრათ: „ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შენ ხარ ბედნიერი“, შეიძლება თქვათ: „ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სიკეთე გააკეთე და ამან ბედნიერება მოგანიჭა.“

• აჩვენოთ, რომ ბავშვის ემპათიურობა, თქვენთვის მნიშვნელოვანია.

ჰკითხეთ მასწავლებლებს და მწვრთნელებს, არიან თუ არა თქვენი შვილები საზოგადოების მზრუნველი წევრები, ნაცვლად იმისა, რომ ჰკითხოთ მხოლოდ მათი აკადემიური მოსწრების, ქულების, წარმატებების შესახებ.

• დაეხმაროთ თქვენს შვილებს გააცნობიერონ, რომ სამყარო მხოლოდ მათ გარშემო არ ბრუნავს.

აჩვენეთ მაგალითი, რომ ზოგჯერ სხვების ინტერესების გათვალისწინებაც აუცილებელია და შესაძლოა, სხვისი თანაგრძნობის, გათვალისწინების მოტივით გარკვეულ რამეზე უარის თქმაც მოგვიწიოს.

3. მიეცით ბავშვებს ემპათიურობის შესაძლებლობა

ბავშვებში თანაგრძნობის უნარს მუდმივად სჭირდება გაღვივება და განვითარება. თანაგრძნობის სწავლა გარკვეულ ასპექტებში ჰგავს ხოლმე სპორტული უნარების დახვეწას, ან ახალი ენის სწავლას, რადგან ისიც მოითხოვს პრაქტიკულ „ვარჯიშს“.

ეცადეთ:

• მოაწყოთ ოჯახური შეხვედრები

საერთო საკითხების, კონფლიქტების, გამოწვევების დროს მოაწყვეთ ოჯახური შეხვედრები, ბავშვებს მიეცით საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის საშუალება და სივრცე, წაახალისეთ ამ პროცესში მათი ჩართულობა, შეაქეთ მის მიერ სხვა ოჯახის წევრების გათვალისწინების მაგალითები. სთხოვეთ ოჯახის წევრებს ყურადღებით მოუსმინონ ერთმანეთს.

• წაახალისოთ თანატოლების მიმართ თანაგრძნობა

ხშირად ჰკითხეთ ბავშვებს თანაკლასელების და სხვა თანატოლების შესახებ. სთხოვეთ, როდესაც ისინი კონფლიქტში არიან თანატოლებთან, გაითვალისწინონ სხვათა განცდებიც.

• ერთად განიხილოთ ეთიკური დილემები

განიხილეთ თქვენს შვილთან ერთად ეთიკური დილემები, რომლებიც დაეხმარება შეაფასოს სხვადასხვა სიტუაცია. მაგ.: „დავიპატიჟო თუ არა ახალი მეზობელი ჩემს დაბადების დღეზე, როცა ის ჩემს საუკეთესო მეგობარს არ მოსწონს?“ „უნდა ვუთხრა ჩემს მეგობარს, რომ სხვა საერთო მეგობარმა მოატყუა?“

დაბოლოს, დაეხმარეთ ბავშვებს ემოციური თვითრეგულაციის განვითარებაში და ემოციების გამოხატვაში. ხშირად თანაგრძნობის ნაკლებობის მიზეზი ისაა, რომ მათში სხვა მძაფრი ემოციები აფერხებს თანამგრძნობელობის განცდას, სხვებზე ზრუნვის სურვილს აჭარბებს მაგალითად ბრაზი, შური, სირცხვილი თუ სხვა განცდები. ბავშვებს სჭირდებათ დახმარება, რომ ისწავლონ საკუთარი ემოციების ამოცნობა, სახელდება, გამოხატვა, რაც მათში ემპათიურობას აუცილებლად გააღვივებს.

წყარო: mcc.gse.harvard.edu

სტატია მოამზადა აზროვნების აკადემიის პედაგოგმა, ფილოლოგმა ლიკა ჩხაიძემ

როგორ მოქმედებს მადლიერება ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე

 

მადლიერების გრძნობა ჩვენს ტვინს უგზავნის სიგნალს, რომელიც შემდგომ ბედნიერების შეგრძნებას გვიბრუნებს. ნეირომეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გულწრფელი მადლობა მენტალურ და ემოციურ კეთილდღეობაზე დადებითად აისახება.

ფსიქოლოგებმა, რობერტ ემონსმა და მაიკლ მაკალომ, 2015 წელს ჩაატარეს კვლევა, რომელიც მადლიერების გამოხატვით მიღებულ სარგებელს აღწერს. პირველ ეტაპზე, მათ კვლევის სუბიექტები სამ ნაწილად დაჰყვეს. ერთ ნაწილს სთხოვეს, მოემზადებინათ დღიური, რომელშიც აღწერდნენ კვირის განმავლობაში მომხდარ სასიამოვნო ფაქტებს. მეორე ჯგუფს ევალებოდა, ჩაენიშნა ყველა მოვლენა, რომელიც მათთვის გამაღიზიანებელი იქნებოდა. ხოლო დანარჩენებს უნდა ჩამოეწერათ სიტუაციები, რომელიც არც დადებით და არც უარყოფით ემოციებს აღძრავდა მათში.

კვლევის შედეგად, აღმოჩნდა, რომ საკუთარი ცხოვრების მიმართ დადებითად და ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილი პირების ექიმთან კონსულტაციაზე ვიზიტის სიხშირე ბევრად ნაკლები იყო ვიდრე მათი, ვინც კვლევის განმავლობაში მხოლოდ ნეგატიურ აზრებს იწერდნენ.

როგორც კვლევებიდან ირკვევა, მადლიერების გრძნობა ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. ფსიქოლოგები გვირჩევენ 3 გზას, თუ როგორ გავხდეთ უფრო მადლიერი:

1. შექმენით დღიური, რომელშიც აღწერთ დღის განმავლობაში მომხდარ სასიამოვნო მოვლენებს. სასურველია, დაწეროთ დილით, ახალი დღის დაწყებამდე, ან ღამით, ძილის წინ.

2. ყოველ დღე გაუმხილეთ ადამიანებს თუნდაც ერთი მიზეზი, თუ რატომ ხარ მათი მადლიერი.

3. ერთი წუთის განმავლობაში დააკვირდით საკუთარ თავს სარკეში და გაიაზრეთ თქვენი მიღწევები და დადებითი მხარეები.

თანამედროვე ფსიქოლოგია ადამიანებში მადლიერების გრძნობის გაღვივებაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს. მადლიერების გამოხატვა სტრესისა და შფოთვის შემცირებას უწყობს ხელს. იგი ამცირებს უარყოფით ემოციებს, მათ შორის, დეპრესიის სიმპტომებს, რაც თავისთავად, დადებითად აისახება მენტალურ ჯანმრთელობაზე. მადლირების გამოხატვისას ჩვენს ტვნიში გამომუშავდება მნიშვნელოვანი ჰორმონები, კერძოდ კი, სეროტონინი და დოფამინი, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ჩვენი ბედნირების შეგრძნებასა და ცხოვრებით კმაყოფილების ხარისხზე. სეროტონინი განაპირობებს ჩვენს კარგ განწყობას, დოფამინი კი კმაყოფილებისა და სურვილის ჰორმონია, რომლის გამოყოფის შედეგადაც ადამიანებში იმატებს სასიცოცხლო ენერგია, მიზანსწრაფულობა, მოტივაციის დონე…

რამდენიმე თანამედროვე კვლევა მადლიერების გრძნობისგან მიღებულ ფსიქოლოგიურ სარგებელს უკეთ ხსნის.

1.  მადლიერების გრძნობა გვათავისუფლებს ტოქსიკური ემოციებისგან

კვლევის ეტაპზე ჯგუფის წევრების მიერ თავიანთ დღიურში გამოყენებულმა სიტყვებმა მეცნიერებს მისცა საშუალება, შეედარებინათ ნეგატიური და პოზიტიური ემოციის მატარებელი ფრაზების რაოდენობა პროცენტებში. აღმოჩნდა, რომ მადლიერების გამომხატველი ჯგუფის წევრების ჩანაწერებში ნაკლებად იყო გამოყენებული უარყოფითი და ნეგატიური ტონი. ადამიანი, რომელიც დადებით ემოციებს გამოხატავს, თავისუფლდება უარყოფითი შეგრძნებებისგან.

2. მადლიერება გვეხმარება, თუნდაც ის არ იყოს გაზიარებული

კვლევის მიხედვით, არ არის აუცილებელი მადლობის წერილი ადრესატთან იქნას გაგზავნილი. მადლობის წერილის დაწერა, თუნდაც კომუნიკაციის გარეშე, ადამიანს დადებითი ემოციებით ავსებს.

3. მადლიერების გრძნობისგან სარგებლის მიღებას დრო სჭირდება

მეცნიერების თქმით, თუ დაიწყებთ მადლიერების გამოხატვის აქტივობებში ჩართვას, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ შედეგს მაშინვე ვერ მიიღებთ. ამ ყველაფერს მოთმინება და დრო სჭირდება.

მართალია, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ადამიანებს ბევრი რთული დღის გავლა გვიწევს, რაც სტრესული და დამთრგუნველი შეიძლება იყოს. ამ დროს, შეიძლება გაგვიჩნდეს განცდა, რომ მადლიერების მიზეზი არ გვაქვს, თუმცა, ზემოთ აღნიშნული რჩევების გათვალისწინება დაგვეხმარება გავიაზროთ, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც გვგონია. როგორც კვლევებით დადასტურდა, თუ ყოველ დილით ჩამოვწერთ იმ მიზეზებს, რის გამოც შეიძლება ცოტაოდენ მადლიერებას მაინც ვგრძნობდეთ სამყაროს, სხვა ადამიანების თუ საკუთარი თავის მიმართ, დროთა განმავლობაში გაცილებით მეტ პოზიტიურ შინაგან ენერგიას დავიგროვებთ და ჩვენ ირგვლივ მადლიერების კიდევ უფრო მეტ მიზეზს შევამჩნევთ.

სტატიის თარგმანი: ქეთო სანიკიძე

წყარო https://azrovnebisakademia.ge

Sunday, October 30, 2022

კონფერენცია: „eTwinning გლობალური მოქალაქეობისთვის“.

 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში, ჩატარდა კონფერენცია: „eTwinning გლობალური მოქალაქეობისთვის“.
კონფერენციას პროგრამაში ჩართული, საქართველოს სხვადასხვა სკოლის წარმომადგენელი 120 მასწავლებელი, განათლების ექსპერტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. eTwinning-ის კონფერენციის მიზანია გლობალური მოქალაქეობრივი ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლება. კონფერენციის ფარგლებში მასწავლებლებმა მიიღეს ინფორმაცია იმ თანამედროვე მიდგომების შესახებ, რომლებიც მათ დაეხმარებათ გლობალური მოქალაქეობის პრინციპების დანერგვასა და მდგრადი, მედიაწიგნიერი, დემოკრატიული და გლობალურად განვითარებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში.
კონფერენციას სპეციალური მომხსენებლის სტატუსით დაესწრო სინდი შაიბი, ითაკას კოლეჯის (აშშ) სრული პროფესორი განვითარების ფსიქოლოგიის მიმართულებით, მედიაწიგნიერების განათლების ეროვნული ასოციაციის (NAMLE) წევრი, მასწავლებლის სახელმძღვანელოს „მედიაწიგნიერება კრიტიკული აზროვნება მულტიმედიურ სამყაროში“ თანაავტორი.
3-დღიანი კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა სასწავლო-სამუშაო თემატურ შეხვედრებში, ისეთ თემებზე როგორიცაა მედიაწიგნიერება, ადამიანის უფლებები, დემოკრატიული კულტურის კომპეტენციის დანერგვის მექანიზმები, მდგრადი განვითარების მიზნები და სხვა. შეხვედრებს უძღვებოდნენ როგორც მოწვეული სტუმრები ასევე, ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები და პროგრამების წარმომადგენლები.
კონფერენციაში ჩართული მასწავლებლებმა, მათთვის საინტერესო და სასარგებლო მიმართულებების შესაბამისად, ჩამოაყალიბეს ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ სხვადასხვა სასწავლო პროექტების გეგმებზე. სამუშაო ჯგუფების მიერ წარდგენილი პროექტები განთავსდება eTwinning-ის პორტალზე.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ევროკომისიის დახმარებით 2013 წლიდან ახორციელებს მასწავლებელთა დამეგობრების პროგრამას. eTwinning-ი, როგორც მასწავლებლების დამხმარე რესურსი, უკვე მრავალი წელია, ხელს უწყობს ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ არსებული სკოლების საზოგადოების ფორმირებას უსაფრთხო ონლაინ სივრცეში https://school-education.ec.europa.eu/en . eTwinning-ის ფარგლებში მასწავლებლებს ევროპის 44 ქვეყნიდან შეუძლიათ საერთო პროექტების დაგეგმვა/განხორციელება, საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და მოსწავლეებთან თანამშრომლობა.
eTwinning-ის პლატფორმაზე საქართველოდან რეგისტრირებულია 2300 მასწავლებელი 1400 სკოლიდან. 2013 წლიდან დღემდე პორტალზე დაიგეგმა 5000-მდე პროექტი ქართველი მასწავლებლების თანამონაწილეობით
შეიძლება იყოს 4 ადამიანი, მდგომარე ადამიანები და შენობაში-(ი)ს გამოსახულებაშეიძლება იყოს 1 ადამიანი, მდგომარე და შენობაში-(ი)ს გამოსახულება 
 
May be an image of 11 people, people standing, people sitting and indoor 
May be an image of 3 people, people standing and book 
May be an image of 4 people, people standing and indoor 
7
May be an image of 2 people, people standing and indoor
May be an image of 5 people, people standing and indoorMay be an image of 10 people, people standing and indoorMay be an image of 4 people, people standing and indoor
May be an image of 4 people, people standing, people sitting and indoor May be an image of 4 people, people standing and indoor
May be an image of 12 people, people standing and indoor
May be an image of 13 people, people standing and indoor
May be an image of 7 people and people standingMay be an image of 2 people, people standing and indoor

კროსენსი – კლასის თავგადასავლების გასახსენებლად

 

მასწავლებლობა თავგადასავალია. თითოეული ჩვენგანი უამრავ ამბავს ინახავს. ახალი სასწავლო წლის ეფექტური დასაწყისისთვის გთავაზობთ მოსწავლეებთან ერთად დაგროვებული ამბების საინტერესო აქტივობისთვის გამოყენებას.

ზაფხული დასრულდა. მოსწავლეები მოდუნებულები არიან, ზოგს უხარია სკოლაში დაბრუნება, ზოგს თავისუფლება არ ეთმობა. იმისთვის, რომ მათი ემოციური სამყარო დადებითად დავმუხტოთ, სწავლის სურვილი და სკოლაში გატარებული დღეებისადმი მადლიერება გავუღვივოთ,  ავკინძოთ კროსენსი.

როგორ გაატარე ზაფხული? – თუკი ამ კითხვას ვალდებულების მოხდის მიზნით დავსვამთ, თავადვე ვიგრძნობთ, როგორ გაცვდა შეკითხვის მოტივიცა და პასუხებიც. კროსენსი კი ეფექტური საშუალებაა ზაფხულის დღეების აკინძვა სწორედ ამ ინტერაქტიური მეთოდით შევთავაზოთ და საშინაო დავალებაც მივაბათ.

კროსენსის შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ მაია ბლიაძის სტატია სახელად „რა არის კროსენსი?“.

კროსენსი ცხრა კვადრატისგან შემდგარი თავსატეხია. თითოეულ მათგანში განთავსებულია ფოტო, რომელსაც საერთო თემატიკა აერთიანებს. კროსენსი სხვადასხვა მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ – ახალი მასალის გასაცნობად, ნასწავლის შესაჯამებლად… სწავლის საწყის ეტაპზე კროსენსი მოსწავლეების ცნობისმოყვარეობის აღსაძვრელად და არასტანდარტული აზროვნების განვითარებისთვის დავმუხტოთ.

მაშ ასე, თვალი გადაავლეთ წინა წლის აქტივობებს, პროექტებს, კლასისთვის მნიშვნელოვან ამბებს, არაფორმალურ გარემოში გასვლით ღონისძიებებს, საინტერესო გაკვეთილებს, მოიძიეთ ამ ყოველივეს ამსახველი ცხრა ფოტო და ცხრაკვადრატიან ცხრილში განათავსეთ.

„კროსენსში სურათები ისეა განლაგებული, რომ თითოეული სურათი დაკავშირებულია წინა და შემდგომ სურათებთან, ხოლო ცენტრალური სურათი აზრობრივად ერთდროულად ყველა სურათს აერთიანებს. კროსენსის ამომხსნელის ამოცანაა იპოვოს ასოციაციური კავშირი მეზობელ სურათებს შორის. ეს კავშირი კი თავსატეხში შესაძლოა იყოს, როგორც ზედაპირული, ისე სიღრმისეული. კროსენსის წაკითხვა ხდება ზემოდან ქვემოთ ან მარცხნიდან მარჯვნივ, შემდეგ წინ და მთავრდება ცენტრალურ, ანუ მე-9 კვადრატში“. 1

თითოეული კლასისთვის შევაგროვე ქართულის გაკვეთილებთან დაკავშირებული ფოტოები, კვადრატებში განვათავსე და შესაბამისი კითხვები მოვიფიქრე. კროსენსის მთავარი გზავნილი იქნება ერთიანობა.

საკლასო ინდივიდუალურ აქტივობის თანმიმდევრობა ამგვარია:

Ø  პროექტორის გამოყენებით მთელ კლასს ვაჩვენებ კროსენსს;

Ø  ჯგუფებად დაყოფილი კლასი კროსენსის კვადრატში მოთავსებული ფოტოს მიხედვით წინასწარ მოფიქრებულ კითხვებს წერილობით უპასუხებენ,  საკუთარ ნააზრევს შეაჯერებენ და შემდეგ ერთმანეთს გააცნობენ.

Ø  ჩემ მიერ აკინძულ კროსენსისთვის მოიფიქრებენ სათაურს;

Ø  გაიხსენებენ ქართულის გაკვეთილებიდან ერთ მთავარ

ამბავს, დახატავენ და არჩევანს არგუმენტირებულად დაასაბუთებენ.

  1. რომელ გაკვეთილს გახსენებთ კროსენსის პირველი ფოტო? თქვენი აზრით, რატომ შევარჩიე?
  2. გაიხსენე მეორე ფოტოზე გამოსახული მოთხრობის სათაური.
  3. რომელი ქართული ხალხური ზღაპრის ილუსტრაციაა მესამე კვადრატში?
  4. ამოიცანით მეოთხე კვადრატის ფოტოზე გამოსახული აქტივობა სათაურის მიხედვით.
  5.  მეხუთე კვადრატში ჩასმული ფოტო რომელ გაკვეთილს გახსენებს?
  6. რა ჰქვია დაფაზე გაკრულ პერსონაჟს?
  7. რომელი ბავშვის ჩანთას ხედავ მეშვიდე კვადრატში? შენი აზრით, რატომ შევარჩიე ეს ფოტო?
  8. რომელი პერსონაჟის დღის ჩანაწერია მერვე კვადრატში?
  9. მეცხრე კვადრატში რომელი დღეა ასახული?

Ø  გაკვეთილის შემდეგ ეტაპზე მოკლედ ვუამბობ, თუ რა მოტივით შევარჩიე თითოეული კვადრატისთვის ფოტო.

მაგალითად, მესამეკლასელებისთვის აკინძული კროსენსს ასე გავაცნობ:

  1. ამ ფოტოზე ანბანის სწავლების დაუვიწყარი მეთოდია ასახული. სანამ პანდემია დაიწყებოდა, 15-მდე ასოს თქვენთვის გამოჭრა და შეკერვა მოვასწარი. მსურდა, არასდროს დაგვიწყებოდათ ანბანის სწავლის პერიოდი. ნაჭრის ფუმფულა ასოებს ღამღამობით ვკერავდი და დილაობით სიხარულით მოვაქროლებდი თქვენთან.
  2. შემდეგ დიდი წიგნების კითხვის დრო დადგა. „ფარფატა ფ“-ს თავგადასავალი გახსოვთ? ასოების ლოტოსთვის ვარსკვლავებიც გამოგიცხვეთ. ფ-ს ფარფატის გჯერათ? დაფიქრებულხართ, რა ლამაზი სიტყვაა „ფარფატი“? ხომ არ გინდათ, ხელახლა წავიკითხოთ დიდი წიგნი სახელად „ფარფატა ფ“?
  3. ქართული ხალხური ზღაპარი „სიზმარა“ მეორე სემესტრის დასაწყისში წაგიკითხეთ. იმ დღეს ძალიან ცოტა ბავშვი მოვიდა სკოლაში და რამდენიმე კლასი გააერთიანეს. ამ ილუსტრაციის შესახებ სახალისო დავალებაც შეასრულეთ – უნდა მოგეფიქრებინათ, რომელ წიგნებს ჩაუგზავნიდა ხელმწიფის ასული სიზმარას ხაროში.
  4. კედლის გაზეთისთვის სახალისო რუბრიკა ჩემი საყვარელი საკითხავი იყო. ერთი სული მქონდა, რას დაწერდით. ამ ფოტოზე გაბოს კალამზე წერთ, რომელიც თედომ იპოვა და ვარაუდობთ, რომ კალამს რეზინი მისმა პატარა დაიკომ მოაცალა.
  5. ჯგუფური მუშაობა ძალიან გიყვართ. ერთხელ სათამაშოები მოგიტანეთ და თქვენ მოთხრობები უნდა მოგეფიქრებინათ. გახსოვთ, რომელმა თქვენგანმა აქცია პერსონაჟად შეკერილი ჟ?
  6. ეს გაკვეთილი ჩემთვისაც დაუვიწყარი იყო და ეს სულ მუმინების საოცარი ოჯახის გამოა. დედა მუმინი ჩემი საყვარელი პერსონაჟია. ამ დღეს თითოეულმა თქვენგანმა გამიზიარეთ, რომელი ნივთების კოლექციას აგროვებთ. გოგა განახევრებული ფანქრების მოტანას დაგვპირდა, მარიამი – ქვების… აბა, რომელი ნივთებით იყო გამოვსებული  დედა მუმინის ჩანთა?
  7. ნატას ჩანთის ჯადოსნურობა ერთ მზიან დილას აღმოვაჩინეთ. ფარდა გადავწიეთ, მზის სხივებმა ნატას ჩანთა ააციმციმა და ყველამ ერთად გავიხარეთ.  ასეთი პატარ-პატარა დეტალებით არის სავსე ცხოვრება. დაფიქრებულხართ, თქვენ რას ამჩნევთ ისეთს, რასაც სხვები ვერ ხედავენ?
  8. ფიროსმანის ნახატების მიხედვით ფაზლი რომ ააწყვეთ და პერსონაჟის დღის ჩანაწერი დაწერეთ, გახსოვთ? სულ მიკვირს, როგორ იგონებთ საინტერესო წინადადებებს.
  9. ბოლო ფოტოზე ნუნუ ბებოს ქადებია, რომლებსაც ლიტერატურული კაფესთვის გვიცხობს ხოლმე. იცით, გაზაფხულზე ნუნუ ბებომ მკლავი მოიტეხა. ორი თვე ვერ ამოძრავებდა ხელს. თურმე როგორი ბედნიერებაა, როცა ჩვენი და ჩვენი მეგობრების საყვარელი ადამიანები ჯანმრთელად არიან. მსურს, ცოტნეს ბებიის გამომცხვარი ქადების ფოტოთი დაგაფიქროთ მადლიერებაზე. თუ შეამჩნევ პატარა დეტალებს და მადლიერი იქნები, შენი ცხოვრება ნატას ჩანთასავით აციმციმდება.

საშინაო დავალება: შენი ზაფხულის დღეების მიხედვით შექმენი კროსენსი. მოიფიქრე ცხრა ამბავი, დახატე და თითოეულ კვადრატში განთავსებული ნახატი აღწერე. დაარქვი შენი ზაფხულის კროსენსს სახელი. შეგიძლია, მხოლოდ ერთი დეტალი დახატო.

ამ ეტაპზე ოთხ კლასს ვასწავლი  და მათთან ერთად გატარებული დღეების მიხედვით თითოეული კლასისთვის შევადგინე კროსენსი.

მეხუთე კლასის კროსენსი დეტალების მიხედვით:

ფლეიტა, საკერავი მანქანა,  ქართული ხალხური ზღაპარი „ლერწმის ქალი“, ყუთი, პატარა პრინცი, სკეიდბორდი, შავ-თეთრი ძაღლი, ყავის თერმოსი, მოხატული კედელი.

გაიხსენეთ, ჩამოთვლილი დეტალები რომელ ამბებს უკავშირდება? იმსჯელეთ, რატომ შევარჩიე ფოტოები. რისი თქმა მსურდა თქვენთვის? რა მიგაჩნიათ მეცხრე კვადრატის ფოტოს მთავარ გზავნილად?

საინტერესოა, თქვენ მიერ გამოთქმული მოსაზრებები ჩემს მონათხრობს თუ დაემთხვევა:

  1. მარი მასწავლებლის ფლეიტა ჩვენი ერთად ყოფნის სიმბოლოა. მისი, როგორც დამრიგებლის, ჩართულობა დასაფასებელი და აღსანიშნავია. მისგან ძალიან ბევრს ვსწავლობ. რამდენი დღე გაულამაზებია ჩვენთვის მარი მასწავლებელს ფლეიტით! ვფიქრობ, ძალიან გაგვიმართლა, მარი მასწავლებელთან ურთიერთობა რომ გვხვდა წილად.
  2. თინათინის კაბებისა და გვირგვინების კერვის დღე, რომელშიც ბიჭებიც გულმოდგინედ იყვნენ ჩაბმულები, დაუვიწყარი აღმოჩნდა. ნეტავ, ამ ახალ სასწავლო წელს რომელი პერსონაჟებისთვის გაგვიჩნდება ტანისამოსის შეკერვის სურვილი?
  3. „ლერწმის ქალი“ უბნის ბიბლიოთეკაში სტუმრობას მახსენებს. ერთ-ერთმა თქვენგანმა წიგნის გამოცემის თარიღი რომ გაიგო, მამაჩემის ტოლი ყოფილაო, აღნიშნა.
  4. „აბა ამოხსენი, რა დევს?“ – ჯადოსნური დამთხვევის დღე. მისტერ დენიელსის მიბაძვით ყუთში თქვენთვის ბროლის ქვა დავმალე. დიდხანს ფიქრობდით, რა იდო შიგნით. რამდენიმე თქვენგანმა გამოიცნო კიდეც. გაკვეთილის ბოლოს ნინიმ მერხის ქვეშ დამალული ყუთი გამოგვიჩინა და მასაც ზუსტად იგივე აქტივობა ჰქონდა მოფიქრებული ჩვენთვის, რაც მე – თქვენთვის. გახსოვთ, რა იდო ნინის ყუთში?
  5. ლიტერატურული კაფესთვის მაისურების მოხატვამ ჩვენს გაკვეთილები ხალისით აავსო. ეს თამარის საყვარელი პერსონაჟი – პატარა პრინცია. გახსოვთ, ვინ ეხმარებოდა თამარს მაისურის მოხატვაში?
  6. გარეუბნიდან ეროვნულ მუზეუმამდე მეტროთი ვიმგზავრეთ. მუხლებზე სკეიდბორდები გედოთ და მოლოდინის ბარათებს ავსებდით. მალე ზაფხულის არდადეგები დაიწყო და ახლა შემიძლია გკითხოთ, რამდენად გამართლდა თქვენი მოლოდინი?
  7. მაწანწალა ძაღლმა ჯერ „ლერწმის ქალის“ შესახებ  საუბარი მოისმინა და შემდეგ ბიბლიოთეკის კარამდე  ამოგვყვა. თითქმის ყველა თქვენგანი გასასვლელ ბილეთებში  ამ ძაღლის შესახებ წერდით. მიყვარს იმაზე დაკვირვება, როდის ამჩნევთ ერთსა და იმავე მოვლენებს.
  8. დედაენის ბაღში ერთი თერმოსის ყავა მასწავლებლებმა და მშობლებმა გავინაწილეთ. ყავის დალევა დამღლელი დღის შემდეგ სასიამოვნო რიტუალი და საუბრის გასაბმელად საუკეთესო გზაა. თქვენ შეამჩნიეთ ეს ყველაფერი?
  9. მეცხრე კვადრატში თქვენ მიერ მოხატული კედელია. ამ დღის ფოტოამბები რომ გავაზიარე, მომწერეს, ძალიან კარგი გუნდი ხართო. თქვენ თუ ეთანხმებით ამგვარ შეფასებას? ზაფხულში ვფიქრობდი, უცხო ადამიანი სკოლის დასათვალიერებლად რომ გვესტუმროს, სწორედ ამ კედელს ვაჩვენებ-მეთქი, როგორც ჩვენი ლიტერატურული თავგადასავლებისა და ერთიანობის სიმბოლოს.

 

 

კიდევ ერთი მეხუთე კლასის კროსენსი

თხილამურები, პლასტილინის ვარდი, ჩანთები მუზეუმში, ტირიფის „ცოცხი“, ძაფგამობმული წერილები, სამაჯური ანიმეს პერსონაჟით, წიგნი „როცა მთვარეზე გავიარეთ“, თხრობის ბარათები, ტორტი.

 

  1. პირველ სემესტრში კლასის საკითხავ წიგნად მარია ფარის „ტუვა გლიმერდალიდან“ შევარჩიე. ცნობისმოყვარეობის აღსაძვრელად ჩემს მეგობარ ქეთოს თხილამურები გამოვართვი და სკოლაში მივიტანე. ბავშვებმა შენიშნეს, რომ თხილამურებზე სტიკერები იყო დაკრული და უცნობი გოგო მისი არჩევანის მიხედვით დაახასიათეს. წიგნის წაკითხვის შემდეგ ტუვასა და ქეთოს შორის პარალელებიც გაავლეს.
  2. ერთი გაკვეთილის ბოლოს მეხუთეკლასელმა ბიჭმა პლასტილინისგან გამოძერწილი ვარდი მაჩუქა, ქურთუკის საყელოში ჩავიმაგრე და მთელი ქალაქი მოვიარე.
  3. წიქარას მუზეუმში სტუმრობისას ჩანთები დარბაზის შუაგულში დავაწყვეთ. წრეზე დალაგებული ჩანთები ერთიანობის სიმბოლოდ იქცა.
  4. მუზეუმიდან გამოსულები ილიას ბაღში გავეშურეთ და პიკნიკი გავმართეთ. ბავშვებმა ორცხობილების ნარჩენები ტირიფის ტოტით მოხვეტეს.
  5. ორი პარალელური კლასის გასაცნობად პირადი წერილების კვირეული მოვაწყვე. ძაფგამობმული წერილები უფროსკლასელებმა ჩემი თხოვნით მოულოდნელად ზედა სართულიდან ჩამოუშვეს.
  6. ანიმეს მიხედვით ქაღალდის სამაჯური დამიმზადეს და მაჯაზე გამიკეთეს. მთელი გულით ამზადებენ ხოლმე ხენაკეთ სამშვენისებს.
  7. დისტანციურ გაკვეთილზე საინფორმაციო ტექსტი შევარჩიე წიგნიდან „როცა მთვარეზე გავიარეთ“. აპოლოს მისიებმა ბავშვები ძალიან დააინტერესა. შემდეგ გაკვეთილზე ერთმა ბიჭმა მითხრა, წიგნი იმდენად მომეწონა, რომ მშობლებს ვთხოვე და მიყიდესო.
  8.  „შვლის ნუკრის ნაამბობის“ მიხედვით დახატული თხრობის ბარათები საინტერესო გზა აღმოჩნდა თხრობის სხვადასხვა ფორმისთვის და კლასიდან კლასში დამოგზაურობდა.
  9. ბოლო ლიტერატურული კაფე უბნის ბიბლიოთეკაში გავმართეთ. იმ დღეს ანას დაბადების დღე იყო. მამამ მოაკითხა და ტორტი მოუტანა. ლიტერატურული კაფეს შემდეგ სკვერში გავეშურეთ და ანას დაბადების დღე აღვნიშნეთ.

 

კროსენსი მეშვიდეკლასელებისთვის

ერთი ილუსტრაცია, დიანას ბებიის ფარგალი, წითელი ბუშტი, ჩანაწერი ჩემი დღიურიდან, ფრაზეოლოგიზმი გულის შესახებ, „გამომცხვარი“ სიტყვები, ჩეხოსლოვაკიის რუკა, დაჩის ხმის გამაძლიერებელი, კლასის მიერ აკინძული კოლაჟი.

 

  1. შემაჯამებელ ნაშრომში ერთ-ერთი საკითხი ამგვარი იყო – უნდა შეერჩიათ ეპიზოდი განვლილი მასალიდან,  დაეხატათ და არგუმენტირებულად დაესაბუთებინათ არჩევანი. ერთმა მეშვიდეკლასელმა  დახატა, აბესალომმა ალვის ხეზე  ეთერს რომ მიაგნო. საკუთარი ნაშრომის სხვა ჭრილში წარმოჩენა დავალებების მიმართ პასუხისმგებლობას გააღვივებს.
  2. ერთხელ ერთმანეთს ჩვენი 5 ნივთი გავაცანით. მასწავლებლის მაგიდა გადაივსო მრავალფეროვანი საგნით. დიანას ბებიის ფარგლის ისტორიამ გოგონა სხვა თვალით დამანახა. საერთოდ, ამ გაკვეთილმა თითოეულის უცნობი სამყარო აღმომაჩენინა.
  3. ბავშვები ბუშტს ერთმანეთს უგდებდნენ და დაფაზე ჩამოწერილ სიტყვებს რიგრიგობით იძახდნენ. საკლასო ოთახში დაფრინავდა წითელი ბუშტი და მასთან ერთად სიტყვებიც – კოჭობი, გრდემლი, კვეს-აბედი…
  4. ამ დღეს ლიტერატურული კაფესთვის მაისურების მოხატვა დავიწყეთ. ჩემს რაჭველ მოსწავლეს, ანის, უწერაში დავურეკეთ და გამოცდილების გაზიარება ვთხოვეთ. ანი მოხატული მაისურების მნიშვნელობაზე საუბრობდა, მე მის ფრაზებს დღიურში ვიწერდი: საერთო ინტერესების აღმოჩენების საშუალება; იყვარებ იმას, რასაც ქმნი; როცა მეგობრებთან ერთად ხატავ, ძალიან სასიამოვნოა; ხელმისაწვდომი არ არის – მოდი, ავდგები და მოვხატავ, რა პრობლემაა! – მეთერთმეტეკლასელი ანი მაღალმთიანი რაჭის სოფლიდან ასეთ ძლიერ, მრავლისმეტყველ გზავნილებს გვჩუქნიდა, მე და ჩემი მეშვიდეკლასელი მოსწავლეები კი სულგანაბულები ვუსმენდით.
  5. ფრაზეოლოგიზმების სწავლებისთვის გამოვჭერი გულები, თვალები, ენები, წყვილებს დავურიგე და ვთხოვე, მოეფიქრებინათ ფრაზეოლოგიზმის გამოყენებით დიალოგი:

–          გულზე ვარდი გადამეფინა, გავიგე, რომ ჩემთან შერიგებას აპირებ.

–          ვინ მოგატყუა ასე მწარედ?

ეს უსაყვარლესი დიალოგი ერთმა ბიჭმა და გოგომ გააბეს.

  1.  მაფინები სიტყვებთან ერთად  დილას, სკოლაში წასვლამდე გამოვაცხვე. არ დამავიწყდება, როგორ გაუხარდათ. მიყვარს ამ დღის ყველა ამბავი.
  2. დედაენის ბაღში სტუმრობისას მეგობრებს ჩეხოსლოვაკიის რუკა ეჭირათ ხელში. რუკას მზის სხივებს გაეშუქებინა. ნებართვა ვითხოვეთ და ფოტო გადავუღეთ. დროის გატარების საინტერესო ფორმად მივიჩნიეთ. ნეტავ, რას გეგმავდნენ?
  3. მაისურების მოსახატად სკოლიდან ჩემს სახლში გადავინაცვლეთ. ერთად აკოკოლავებული ჩანთები და ქურთუკები ბავშვობაში წაკითხული წიგნიდან მძაფრ შთაბეჭდილებას მახსენებს. ოჯახი სტუმრად წავა. შემოსასვლელში ფეხსაცმელებს დატოვებენ. არეული, მიტოვებული ფეხსაცმელები ჩემს გონებაში  წარმოვიდგინე, ოჯახის წევრების სახალისო თავგადასავლად აღვიქვი, შევიყვარე და მრავალი წელია გულით ვატარებ. საბავშვო ლიტერატურაში ვეძებ, მაგრამ ვეღარ მივაგენი იმ ეპიზოდს. მერე დაჩიმ სახლიდან ხმის გამაძლიერებელი ამოიტანა და დიჯეის ფუნქცია შეითავსა.
  4. მეცხრე კვადრატში კოლაჟია ნატო დავითაშვილის წიგნის „ნისლებში და ნისლებს მიღმაა“. თითოეული დეტალი ერთმანეთის დახმარებით დაამზადეს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მთავარ ფოტოდ ერთიანობის ამსახველი ფოტო ყოფილიყო.

თითოეული ფოტოს შერჩევისას მათთვის  გზავნილები მაქვს ჩაფიქრებული. ამგვარად, ფოტოზე ასახული ამბის ქვეტექსტის წაკითხვასაც ისწავლიან. ჩემი მიზანია, მოსწავლეები კროსენსის დახმარებით სკოლის დღეებზე დავაფიქრო, დეტალების შემჩნევა, ერთმანეთის დაფასება, მადლიერება ვასწავლო.  თუკი  დარწმუნდებიან, რომ  ერთად გატარებული დრო ჩვენთვის ძვირფასია, მათი ნამუშევრები კი – მნიშვნელოვანი, თავადაც გაუჩნდებათ ამბის თხრობის სურვილი.

კროსენსის გამოყენება საინტერესო იქნება წიგნის წარდგენის ფორმად, საკუთარი თავის გასაცნობად, ერთი თემის შესაჯამებლად.

წყარო http://mastsavlebeli.ge

ესეების კლუბი შემოქმედებითი უნარებისათვის

 

დაიწყო კიდევ ერთი ახალი სასწავლო წელი, ყველას  ახალი იმედების, წარმატებების, დადებითი ემოციების სურვილი გვაქვს. თუმცა  დამეთანხმებით, რომ ჩვენს პროფესიაში ,,ახალი“ სულაც არ ნიშნავს  იმგვარ საქმიანობას, რაც მანამდე არ გიკეთებია, უკვე გაკეთებულის გამეორებაც ხშირად სრულიად ახლებურ ელფერს იღებს ხოლმე.  ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როცა  შესუსტებული  პანდემიის და დასწრებული სწავლების პირობებში მე და ჩემი მოსწავლეები  ისევ მივუჯექით მერხებს  ,,ესეების კლუბში“.  პროფესიით ისტორიკოსი,   კარგა ხანია უფრო მოსალოდნელი ისტორიის მოყვარულთა კლუბის ნაცვლად  სწორედაც ესეების კლუბს ვუძღვები და ამისთვის  რამდენიმე მყარი მიზეზიც მაქვს :   ლიტერატურის სიყვარულის  მოსწავლეებში გაღვივება, კითხვისგან მიღებული სიამოვნების განცდის უნარის ჩამოყალიბებაც ფრიად საშურ საქმედ მიმაჩნია,  კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებაც აქვე მოიაზრება. გარდა ამისა   ეს მრაავალფეროვანი აქტივობა მეც მსიამოვნებს, არც ისტორია მრჩება ყურადღების არედან  და დესერტად სასწავლო წლის ბოლოს მზად არის    არაფორმალური განათლების ამსახველი მშვენიერი  დოკუმენტაცია  მასწავლებლის პორტფოლიოსათვის.

ამჯერად პირველი შეხვედრისთვის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ქართველი მწერლის  გოდერძი ჩოხელის ,,თევზის წერილებს“ შევეჭიდეთ.  ტრადიციულად ჯერ ტექსტის გააზრებაზე დამიზნებული შეკითხვებით დავიწყეთ.  პირველი დახმარება იმ ეპოქის გასააზრებლად დასჭირდათ, რომელშიც მოთხრობის სიუჟეტი ვითარდება, შემდეგ გამიხარდაის და სოფლის დაპირისპირებაში საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად  დაფიქსირებაზე გადავედით.

როგორც მოსალოდნელი იყო, ყველა მოსწავლე გამიხარდაის მხარეს აღმოჩნდა.  მეშვიდე კლასელმა ლიზიმ  ორივეს მხარეს ვარო,  ორივე მართალია თავის მხრივო … გამიხარდაის უსამართლოდ კი მოექცნენ, მაგრამ თევზად გახდომა და ოჯახის მიტოვება არ იყო პრობლემიდან სწორი გამოსავალიო.  მეცხრე კლასელი ელენეს აზრით გამიხარდაი ადამიანების არაადამიანური საქციელის საპასუხოდ ამბობს უარს  ადამიანობაზე…იქნებ უკანაც დაეხია გამიხარდაისო, მაგრამ ადამიანები  თავიანთი საქციელის  მოუნანიებლობით და გამიხარდაის გამტყუნებით,  მას  კიდევ უფრო აქეზებენ და სხვა გამოსავალს არ უტოვებენო.  სხვებმა შრომა არ დაუფასესო, ადამიანობა დააკარგვინესო, სასიკვდილოდ გაწირეს და სხვა არჩევანი არ დაუტოვესო, მაგრამ სადაც საზოგადოებას მყარად  ამტყუნებდნენ იქვე გამიხარდაისაც  არ ამართლებდნენ ბოლომდე, ოჯახი და შვილები ვის დაუტოვაო.

შემდეგ  წერილები ,,მივწერეთ’’ გამიხარდაის.  აქ უფრო მეტი გასაქანი მიეცა  ფანტაზიას.  მეცხრეკლასელმა ლიზიმ ემოციურად დაიწყო,  არც კი ვაპირებდიო წერილის მოწერას, მაგრამ შენი უმწეო შვილის მუდარას შევესწარიო,  შენ კი თითქოს არც იცნობდიო … შეიძლება სხვები არ გადარდებს, მაგრამ შენი შვილის გამო როგორ არ გამოდიხარო. მეშვიდე კლასელმა რატიმ  იუმორის ელფერი შესძინა ამ დრამატულ სიტუაციას ….   თევზად რომც იქცე აბა რად  გინდა, უცბად დაგიჭერენ და ვერც კი გაიაზრებ, ისე მოკვდებიო, სად გეძებოთ მერეო ….  ჰოდა, თევზად სიკვდილს ადამიანად ცხოვრება არ სჯობიაო, გამოდი, თუ კაცი ხარო.

დასკვნით ეტაპზე ესეების წერაზე გადავედით, ესეებში მოთხრობის მთავარ თემაზე ვწერთ ხოლმე, მოსწავლეებს ვაწვდი შესაბამის რეკომენდაციებს და  ვთხოვ თემა  განაზოგადონ, მოიყვანონ მაგალითები ლიტერატურიდან, ნანახი ფილმებიდან, რეალური ცხოვრებიდან, გამოიტანონ დასკვნები, გამოთქვან ვარაუდები, ეძებონ პარალელები მსგავსებებითა  და განსხვავებებით. ეს ჩვენი საქმიანობის  ყველაზე რთული ნაწილია, მოსწავლეებმა უნდა შეძლონ არამარტო არგუმენტირებული და კრიტიკული მსჯელობა, არამედ  აბსტრაქტულად აზროვნებაც, ეს კი სულაც არ გახლავთ იოლი, უფრო მეტიც,  კლუბის მიზანი სწორედ  მოსწავლეებში ამ  უნარის განვითარებაა.

ამჯერად როგორც ხვდებით ესეს თემა პიროვნებასა და საზოგადოებას შორის წარმოშობილი დაპირისპირება გახლდათ, რომელსაც საკმაოდ წარმატებულად   თავი  ორმა მეცხრეკლასელმა გაართვა, ისაუბრეს პიროვნების და საზოგადოების დაპირისპირების მიზეზებზე, გამოყვეს მათი აზრით მთავარი მიზეზიც, რომელიც  აზრების, მოსაზრებების  არ დამთხვევაა, რამდენიმე შესაბამისი მაგალითიც  მოიყვანეს ( მაგ; გიორგი ლეონიძის  პერსონაჟის, მარიტას ტრაგედია)   და თავიანთი მოსაზრებებიც გამოთქვეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ახლებს უფრო გაუჭირდათ და საკითხი პიროვნებებს შორის დაპირისპირების ჭრილში განიხილეს.  მოსწავლეებს რამდენიმე რეკომენდაცია მივეცი,  ყურადღება გავამახვილებინე იმ გარემოებებზე, რასაც პიროვნებასა და საზოგადოებას შორის დაპირისპირებას მოჰყვება ხოლმე.  ლიტერატურულ ნაწარმოებებში ამგვარ დაპირისპირებებში, წესისამებრ,   პიროვნება არის მართალი, რადგანაც მწერლები იმ ადამიანებით ინტერესდებიან, რომლებიც ხშირად  წინ უსწრებენ  დროს, თავიანთი პოზიციით არსებულ მორალზე, წესებსა და ღირებულებებზე  უფრო მაღლა დგებიან და გაკიცხვის და დევნის ობიექტი უსამართლოდ ხდებიან ხოლმე. რეალურ ცხოვრებაში კი ხშირად პირიქით არის ხოლმე,  როცა ადამიანი დანაშაულს ან  სრულიად ამორალურ, უზნეო და მიუღებელ საქციელს  სჩადის, ამას  საზოგადოების მხრიდან სამართლიანი  გაკიცხვა მოჰყვება.  მოსწავლეებს სამომავლოდ ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვისას, ფილმის ყურებისას, ისტორიის სწავლისას  თუ რეალური ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მიღებული მაგალითებიდან ამ გარემოებაზეც ვთხოვე ყურადღების გამახვილება.

 

თევზის წერილები – სამუშაო ფურცელი.docx

წყარო http://mastsavlebeli.ge

ინტერვიუს ბარათები — რესურსი თვითშემეცნებისა და ზეპირმეტყველებისთვის

 

4 წლის წინ ონლაინსივრცეში გვერდი გამოჩნდა, რომელსაც აინტერესებდა ადამიანები ადამიანებში, უცნობები და ნაცნობები, წარმატებულები და წარუმატებლები, ლაბორანტები და ჩამოლაბორანტებულები კი არა, უბრალოდ ადამიანები, ჩვეულებრივი არაჩვეულებრიობა ამ სამყაროში. და იკვლევდნენ. დღემდე იკვლევენ ადამიანებს, რადგან ღრმად სწამთ, რომ „ყველა ადამიანი თითო მზე და თითო პასუხია ამ სამყაროში. ინტერვიუს აქვს უნიკალური ფორმატი ეძიოს ეს მზე და პასუხები, რომელსაც თითოეული სული თავისი ცხოვრების მანძილზე აგროვებს. ინტერვიუ ცდილობს ინდივიდუალურმა ცოდნამ და გამოცდილებამ უკვალოდ არ ჩაიაროს და უამრავმა ადამიანმა გაიზიაროს. ინტერ ვიუ (შინაგანი ხედი) იქცევა ინტერ არტად და იკითხება როგორც ნოველები.“ დამეთანხმებით, „ინტერვიუს“ ხედვა ძალიან ჰგავს იმ  მასწავლებლის ხედვას, რომელიც თავის მოსწავლეებს მიკროკოსმოსებად აღიქვამს და რომელიც ცდილობს, რომ ამ მსგავსმა და თან ძალიან ინდივიდუალურმა სამყაროებმა თავიანთი თავები აღმოაჩინონ, გაიაზრონ, განავითარონ და სწავლა და თვითშემეცნება ცხოვრების განუყოფელ ნაწილად და იმ წიგნის კითხვის ძირითად იარაღად აღიქვან, ადამიანი რომ ჰქვია.

ასეთი მასწავლებლებისთვის „ინტერვიუმ“ შესანიშნავი პროდუქტი — ინტერვიუს ბარათები შექმნა. მართალია, მის აღწერილობაში ვერ ამოიკითხავთ, რომ ის სასწავლო რესურსია, თუმცა, მოგეხსენებათ, მასწავლებლების ჯადოსნური ძალის შესახებ, რომლითაც ნებისმიერი ნივთის/ფაქტის/მოვლენის სასწავლო რესურსად ქცევაა შესაძლებელი.

პროფესიული კოლეჯის იმ სტუდენტებთან შესახვედრად ვემზადებოდი, რომლებმაც პანდემიის პერიოდში დაიწყეს სწავლა და მთელი წლის განმავლობაში ონლაინრეჟიმში ვხვდებოდით ერთმანეთს, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ თან ვიცნობდით ერთმანეთს და თან – არა. ამ ნაცნობ უცნობ ჯგუფთან შეხვედრა და მათი კარგად გაცნობის სტრატეგია თავსატეხად რომ მექცა, სწორედ მაშინ, ინტერვიუს ფეისბუქგვერდზე ფერად ბარათებს მოვკარი თვალი და მათი რესურსად ქცევის იდეაც მყისვე გაჩნდა.

ტომარაში ორმოცდათორმეტი ბარათია, ბარათებზე ცხოვრებისეულ–ფილოსოფიური შეკითხვები წერია. კითხვებზე პასუხი, ვერ ვიტყვით, რომ ადვილია, მათთვისაც კი, ვინც მუდმივად უბრუნდება საკუთარ თავს და კითხვების მარათონში ამყოფებს მას, მით უმეტეს რთულია მოზარდებისთვის, რომლებიც ძალიან სწრაფად იცვლებიან (განვითარება გარდაუვლად გულისხმობს/მოითხოვს ცვლილებას, განსაკუთრებით შუა და გვიანი   მოზარდობის პერიოდში), და კიდევ უფრო რთულია მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ დაფიქრებულა მსგავს საკითხებზე. ამიტომ, ვფიქრობ, ბარათების გამოყენება ეფექტური საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან და სტუდენტებთანაა და არა უფრო ქვედა საფეხურის.

გიზიარებთ ინტერვიუს ბარათების გამოყენების რამდენიმე იდეას:

  1. ექსპრომტული გამოსვლა

გადავწყვიტე, ქცევის წესებზე შეთანხმებისას,  ერთ პუნქტად „ექსპრომტული გამოსვლა“ ჩამესვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველ გაკვეთილზე/ლექციაზე/შეხვედრაზე ერთი მოსწავლე/სტუდენტი ვალდებულია აუდიტორიის წინ გამოვიდეს, ბარათებიდან ერთ-ერთი ამოარჩიოს, კითხვა წაიკითხოს და უპასუხოს. გარდა იმისა, რომ ამგვარ კითხვებზე პასუხი მარტივი არაა, ამას მოუმზადებლობის – ექსპრომტის სირთულეც ემატება, თუმცა ეს აქტივობას სახალისოსაც ხდის. ქცევის წესად განსაზღვრული ვალდებულება მალე სასურველ აქტივობად გადაიქცა და თუ პირველ ჯერზე „დამსჯელ“ მექანიზმად ვიყენებდი, სულ მალე ჯილდოდ იქცა, რადგან ადამიანებს რამდენადაც უჭირთ თავიანთ თავზე ლაპარაკი, იმდენადვე სიამოვნებთ ეს პროცესი. ამ აქტივობის სიკეთეები შემდეგია:

  • გვეხმარება მოსწავლეების გაცნობა-შესწავლაში, რაც ერთობ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ თითოეულ მოსწავლეზე მეტნაკლებად მორგებული საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა-წარმართვა შევძლოთ;
  • თავად მოსწავლეები ეცნობიან ერთმანეთს, პოულობენ საერთო ინტერესებს, აქამდე უცნობ დეტალებს აღმოაჩენენ;
  • მოსწავლე სწავლობს თვითჩაღრმავებას, საკუთარ თვისებებზე, ფიქრებზე, ქმედებებზე, სურვილებზე დაფიქრებას, თვითშეცნობას;
  • მოსწავლე ეჩვევა ზეპირ გამოსვლას, უცებ ნაფიქრის ისე დალაგებასა და გაჟღერებას, რომ სხვათათვის გასაგები იყოს. აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ სტუდენტს დიდხანს ფიქრის დრო არ აქვს და მცირე დროში რაც შეიძლება მიმზიდველად უნდა წარმოაჩინოს თავისი თავი;
  • მოსწავლე ეჩვევა სწრაფ აზროვნებას (აქტივობის სპეციფიკიდან გამომდინარე);
  • შეკითხვას უპასუხებს ერთი მოსწავლე, თუმცა პასუხების მისეულ ვერსიაზე ფიქრობს ყველა მოსწავლე
  1. მოჰყევი შენი თავი

სურვილისა და კლასის საჭიროების გათვალისწინებით, მასწავლებელს შეუძლია წერით მეტყველებაზე იმუშაოს. ამგვარად, ერთი წინადადებიდან დაწყებული, რვეულის მთელი გვერდის შევსებით გაგრძელებული პროგრესის დანახვა გაცილებით თვალსაჩინო იქნება. პროცესი რომ სახალისო და საინტერესო იყოს მოსწავლეებისთვის, შესაძლებელია, ბლოგის წარმოება, სადაც პერიოდულად განთავსდება ინტერვიუს ამა თუ იმ კითხვაზე გაცემული პასუხების ვარიანტები, შესაძლოა ანონიმურად, ეს ინტერესსა და ინტრიგას გააჩენს მოსწავლეებში, საჭირო უნარები კი უფრო სახალისოდ და შეუმჩნევლად განვითარდება. ამგვარი ბლოგის კითხვა საინტერესო იქნება რიგითი მკითხველისთვისაც. წერითი ნამუშევრების ციკლი შესაძლოა რამდენიმეთვიანი ან თუნდაც ერთწლიანი იყოს. ამ აქტივობის სახელის ჩემეული ვარიანტია „მოჰყევი შენი თავი“, რადგან ინტერვიუს ბარათებზე წარმოდგენილი კითხვები უფრო ამბად და ამბით  მოიყოლება, ვიდრე მშრალი შაბლონური  პასუხებით.

გარდა ზემოჩამოთვლილი აქტივობებისა, ინტერვიუს ბარათების გამოყენება შეგიძლიათ:

  • კოლეგების უკეთ გასაცნობად, თანამშრომლობითი გარემოს ფორმირების ხელშეწყობისთვის;
  • ოჯახური საღამოების მოსაწყობად;
  • მეგობრების უკეთ გასაცნობად;
  • თვითჩაღრმავებისთვის; საკუთარი სურვილების, მიზნების, ოცნებების გახსენებისთვის. იქნებ, თქვენი თავის აღმოჩენისა და მასთან დამეგობრებისთვისაც კი.

წყარო; http://mastsavlebeli.ge

Thursday, September 29, 2022

სასკოლო პროექტი – ხელნაკეთი წიგნების გამოფენა-გაყიდვა

 

ოთხი წლის წინ შტუტგარტის ახალ ბიბლიოთეკაში სტუმრობისას ჩემი ყურადღება მიიპყრო საბავშვო სივრცემ, რომელსაც მეორე სართული ჰქონდა დათმობილი. ერთ-ერთ თაროზე ხელნაკეთი წიგნები ეწყო – მუყაოს ყდა და ფურცლები ძაფებით აეკინძათ, გვერდებზე ეწერა რამდენიმე წინადადება და შესაბამისი ილუსტრაციები ეხატა. გერმანული ენა არ ვიცი, მაგრამ „კითხვაში“ ნახატები დამეხმარა.

ხელნაკეთი წიგნების სტენდთან უხილავი ენერგეტიკა ტრიალებდა – უცნობი მასწავლებლებისა და მათი მოსწავლეების ნაფიქრალი და ნაშრომი მნახველს შთაბეჭდილებებით ავსებდა. იქვე განთავსებული ბროშურებისა და ბუკლეტების მიხედვით დავასკვენი, რომ სასკოლო პროექტისთვის ქალაქის მთავარ ბიბლიოთეკაში მიეჩინათ ბინა, რაც პატარა მკითხველების მოტივაციის ამაღლებას უწყობდა ხელს.

ერთ მშვენიერ დღეს ჩემს შვილებთან ერთად ხელნაკეთი წიგნი დავამზადე. შემდეგ პანდემია დაიწყო და მსგავსი პროექტის მოსწავლეებისთვის დაგეგმვა-განხორციელება ოცნებად დამრჩა.

ოთხი წლის შემდეგ ისევ ვესტუმრე შტუტგარტის ახალ ბიბლიოთეკას. საბავშვო სივრცეში ხელნაკეთი წიგნები ისევ დამხვდა. სამყარო თითქოს ჩემს ფიქრებსა და ინტერესს გამოეხმაურა, იქვე შევამჩნიე მონიტორი, რომელზეც კადრებად გადიოდა ხელნაკეთი წიგნების დამზადების პროცესი: მაგიდაზე ქაოსურად მიმოფანტულიყო ფურცლები, შტამპები, ყდები… ბავშვების სახეებზე შემოქმედებითი ფუსფუსი იკითხებოდა. ერთ-ერთი კადრი კი ინსპირაციის წყაროდ მექცა, კერძოდ, ღია სივრცეში მოსწავლეები და მშობლები ხელნაკეთ წიგნებს ერთმანეთს უკითხავდნენ. თვალწინ გამიელვა ჩვენი სკოლის ღია სივრცემ და ძალიან მომინდა, ჩემი მესამეკლასელებისთვის მსგავსი პროექტი დამეგეგმა.

პირველი ხელნაკეთი წიგნი გავწერე კომპლექსურ დავალებად, რომელიც შემდეგ სტატიაშიც დაწვრილებით აღვწერე. რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „ფუღუროს“ შესწავლის შემდეგ მთელმა კლასმა დავამზადეთ ხელნაკეთი წიგნი სახელად „მშვენიერი ობობა“, მერე კი ბავშვებმა ინდივიდუალურად შექმნეს ხელნაკეთი წიგნები.

მეორე სემესტრში მიზანმიმართულად ვმუშაობდი წიგნის მახასიათებლების (სათაური, ავტორი, გამომცემლობა, ყდა, გვერდები, თავფურცელი, ილუსტრაციები, აბზაცები, წინადადებები, სასვენი ნიშნები) სწავლებაზე. კლასი ჯერ ჯგუფებად დავყავი და რამდენიმე წიგნი დავამზადებინე, რასაც პირადი ინიციატივით ხელნაკეთი წიგნების შექმნა მოჰყვა. საბოლოოდ საკლასო ბიბლიოთეკაში ბავშვების ხელით შექმნილი 80-მდე წიგნი დაგვიგროვდა.

სემესტრის მიწურულს ქართული ხალხური ლექსი „საბრალო დედაბრისასა“ ვისწავლეთ. ლექსში ძალიან ბევრი პერსონაჟია: ცხოველები, ფრინველები, დევები, ჭინკები და ანგელოზები საერთო მიზანს გაუერთიანებია – საბრალო დედაბრის დახმარებას ცდილობენ. ბავშვებს შევთავაზე, დაეწერათ თითოეული მათგანის დღის ჩანაწერი, რომლებიც შემდეგ ხელნაკეთ წიგნად აქციეს.

გადავწყვიტე, მოგვეწყო ხელნაკეთი წიგნების გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც მოსწავლეთა ოჯახის წევრები და სასკოლო თემი მიიღებდნენ მონაწილეობას, მოგროვებული თანხით კი ჩრდილების თეატრ „ბუდრუგანა გაგრაში“ სტუმრობა დავგეგმეთ.

უნდა აღვნიშნო სხვა საგნის მასწავლებლების ჩართულობაც. კერძოდ, მათემატიკის მასწავლებელი ფასზე, ხურდის დაბრუნებაზე ესაუბრა ბავშვებს, ხელოვნების გაკვეთილზე მოსაწვევი ბარათები დაამზადეს ოჯახის წევრებისთვის, მუსიკის მასწავლებელმა კი ღონისძიებისთვის კლასიკური მუსიკა შეგვირჩია. სიტყვა „მეწარმის“ განმარტება რომ ვიკითხე, მითხრეს, „მე და საზოგადოების“ მასწავლებელმა აგვიხსნა, რასაც ნიშნავსო.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენცია მეწარმეობის განვითარებაა:

მეწარმეობა არის ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკური იდეების რეალიზებისთვის ხელსაყრელი პირობების დანახვას და მათზე დროულად რეაგირებას. მეწარმე არ არის მენეჯერის იდენტური ცნება“.

წიგნიერების უნარებზე მუშაობა მეწარმეობისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარებას დავუკავშირე. ამ ჭრილში პროექტის მიზნების განხილვამ მოსწავლეების მოლოდინს ხიბლი შემატა.

წინა დღეს დავამზადეთ აფიშები. გაკვეთილის დაგეგმვაში „კითხვის ეფექტური მეთოდების“ ვიდეოჩანაწერები დამეხმარა, კერძოდ, „აფიშის/წიგნის ყდის/ წიგნის დამზადება“.

აფიშები გამოვაკარით სკოლის შესასვლელში, დერეფანში, სამასწავლებლოში, ბაღისა და უბნის ბიბლიოთეკის კარებზე, რამაც მთელი დასახლების ყურადღება მიიპყრო.

ხელნაკეთი წიგნების გამოფენა-გაყიდვა სკოლის სტადიონზე დავგეგმეთ, თუმცა წვიმის გამო საკლასო ოთახში გადანაცვლება მოგვიხდა.

სტუმრებისთვის შინ გამომცხვარი ორცხობილები მოვიმარაგეთ.

თითოეულ მერხთან სამი-ოთხი მოსწავლე იდგა. თითოეულ ჯგუფს ფულის აღებასა და ხურდის გაცემაში ერთი მშობელი ეხმარებოდა. ჩემი მეგობარი მასწავლებლის, ხათუნა რაზმაძის, რჩევით, ფულისთვის დავამზადეთ პატარა კოლოფები და დამხმარე მშობლებს „არგონავტები“ ვუწოდეთ.

ღონისძიება რომ გაჭიანურებულიყო და ბავშვები არ გადაღლილიყვნენ, თითოეულმა მოსწავლემ აუდიტორიას საკუთარი თავი გააცნო, ხელნაკეთი წიგნის სათაური და პირველი წინაადადება წაუკითხა, რომ მსმენელის ინტერესი გაეღვივებინა.

მოულოდნელად ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და საბავშვო წიგნების ავტორი გიორგი ჭაუჭიძე გვესტუმრა. ჩემთვის, მშობლებისა და მოსწავლეებისთვის გიორგის მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და სკოლის სახელით მადლობას ვუხდი მას.

ხელნაკეთ წიგნებთან ერთად გასაყიდად ილუსტრაციები, კედლის გაზეთები და ღია საფოსტო ბარათები მოვამზადეთ.

წიგნების სათაურები მრავალფეროვანი იყო: „გვრიტების დაბადების დღე“, „შეყვარებული თხები“, „საწყალი გნოლი“, „გაბრაზებული საცოდავი ირმები“, „გულნატკენი ჩხიკვები“, „შაშვების კარგი გუნდი“, „ერთი პეპელა“…

არანაკლებ საინტერესო იყო წიგნის გარეკანზე დატანილი „გამომცემლობების“ სახელები: „დალი მასწავლებლის კლასი“, „ჩემი სახლი“, „ნახატა“, „ქათქათა ოჯახი“, „გვირილების სახლი“, „ცომის გუნდა“…

გვესტუმრნენ დედები, მამები, და-ძმები, ბებიები, უფროსკლასელები… ყველაზე სახალისო ეტაპი ხელნაკეთი რესურსების გაყიდვა აღმოჩნდა. სტუმრებისა და ოჯახის წევრების დახმარებით „არგონავტმა“ მშობლებმა 399 ლარი და 50 თეთრი დაითვალეს. ჩემმა მეგობარმა მასწავლებელმა, ნათია ფურცელაძემ, თავისი გოგონებისთვის დისტანციურად შეიძინა ღია საფოსტო ბარათები და ილუსტრაციები.

ერთი კვირის შემდეგ ჩრდილების თეატრს ვესტუმრეთ. გვითხრეს, რომ გარეუბნიდან პირველი სკოლა ვიყავით. წარმოდგენის შემდეგ მეჩრდილე მსახიობებმა მოსწავლეები სარეპეტიციოში შეიყვანეს, თითოეულს საგულდაგულოდ უხსნიდნენ თითებით სხვადასხვა ცხოველის გამოსახვის წესებს. უფროსები ვუყურებდით, როგორ მოძრაობდნენ ბავშვების პატარა ხელები და მათ ამაღლებულ განწყობას ვიზიარებდით.

„ბუდრუგანა გაგრას“ ფეისბუკგვერდზე ჩვენი სტუმრობის ამსახველი ფოტოები ატვირთეს, რომლის აღწერა შემდეგი სიტყვებით იწყებოდა: „საკუთარი შრომით…“

ბავშვებისთვის საკუთარი შრომით თეატრში სტუმრობა ნამდვილად შთამბეჭდავი და დაუვიწყარი აღმოჩნდა. მათ დაინახეს, სასწავლო პროცესში აქტიურობას, მოსმენას, საშინაო დავალებების შესრულებას როგორი შედეგი შეძლება მოჰყვეს; რომ მშობლებისა და კლასის დამრიგებლის, დალი მასწავლებლის, მხარდაჭერის გარეშე მსგავსი ღონისძიების გამართვა შეუძლებელი იქნებოდა; როგორ მოვიდნენ მანდატურები, რათა საღამოს საათებში ჩვენი უსაფრთხოებისთვის ეზრუნათ; როგორ შეცვალა დათო მასწავლებელმა ნათურები საკლასო ოთახში; როგორ არ შეუშინდა თავსხმა წვიმას გიორგი მასწავლებელი და რა საგულდაგულოდ ყიდულობდა ხელნაკეთ წიგნებს თითოეულ ჯგუფთან; როგორ გვესტუმრნენ უფროსკლასელები; როგორ დაეძებდნენ ბებიები დიდ ფურცელს, რომელზეც შთაბეჭდილებების დაწერა ვთხოვეთ; როგორ ასწავლიდნენ მსახიობები ჩრდილების გამოსახვას; როგორ უღებდა თითოეულ მათგანს ფოტოგრაფი სურათს; როგორ შეაფასეს ჩვენი კლასის თეატრში სტუმრობა… და ამგვარი ამბების ჯაჭვი უწყვეტია. დარწმუნებული ვარ, ის ბევრი ახალი რგოლით შეივსება და ჩვენი ბავშვები კარგ მოქალაქეებად ჩამოყალიბდებიან.

ჩვენ მიერ შესწავლილი ტექსტებიდან საბრალო დედაბერს ზეციური და მიწიერი სამყარო ეხმარება, წიქარა – ბიჭუნას, კოპალა – ადამიანებს. ამ სამი ტექსტის მთავარი სათქმელი დახმარება, სირთულეების დაძლევა და საყოველთაო სიხარულში მონაწილეობაა. საბოლოოდ, ჩვენი ხელნაკეთი წიგნების გამოფენა-გაყიდვის მთავარი მიზანიც ეს აღმოჩნდა – ურთიერთდახმარება და სწავლა-სწავლებით მოგვრილი სიხარულის გაზიარება.

 

http://mastsavlebeli.ge