Friday, September 6, 2019

რამდენიმე იდეა პირველი გაკვეთილისთვის



ახალი სასწავლო წელი იწყება. სკოლისთვის ემზადებიან მშობლები, ბავშვები, ვემზადებით ჩვენც, მასწავლებლებიც.
ზაფხულის არდადეგებზე დაგროვებული შთაბეჭდილებები, ემოციები, წაკითხული წიგნები ახალი იდეებით გვავსებს. ვიწყებთ ფიქრს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს პირველი გაკვეთილი. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია პირველი ემოციები, რომ ბავშვი დადებითად განვაწყოთ და სასიამოვნო მოლოდინი აღვუძრათ.
გადავწყვიტე, ჩემი პრაქტიკიდან რამდენიმე აქტივობა გაგიზიაროთ.

პოსტერი ჩვენ შესახებ
შარშან პირველად მომიწია პირველ კლასთან შესვლა, რაც მასწავლებლისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევაა. რა თქმა უნდა, აქტივობებზე ფიქრისას ვითვალისიწინებთ მოსწავლეთა ასაკს, მათ ფსიქო-ემოციურ განვითარებას, წინარე გამოცდილებას და შესაბამისად ვაწყობთ გეგმებს. პირველკლასელებისთვის დაგეგმილი აქტივობა უნდა იყოს ეფექტური, რაღაც ისეთი, რომ მათი ყურადღება მიიქციოს. ბევრი ვიფიქრე, თუ ცოტა, გადავწყვიტე, პოსტერი დამემზადებინა ჩემ შესახებ. რადგანაც წერა-კითხვა არ იცოდნენ, ამიტომ დიდ ვარდისფერ ფორმატზე დავხატე ჩემი ცხოვრების ძირითადი ფაქტები: მთები, საკვამურიანი სახლი, ნაძვები, გოგო, ბიჭი და ირემი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ცოტა ხნის წინ ნაძვებიან გარემოში ვცხოვრობდი, მყავდა ორი შვილი და ცხოველებიდან ყველაზე მეტად ირემი მიყვარდა. ჩემი ფერადი პოსტერი, რომლის დახატვაში ჩემი გოგონა დამეხმარა, გულზე ჩამოვიკიდე და ვფიქრობ, ჩანაფიქრმა გაამართლა. ინტერესით მისმენდნენ და მაკვირდებოდნენ. მერე მთელი წელი საგულდაგულოდ ვუფრთხილდებოდით ვარდისფერ გრაგნილს, რომელიც ყველას სკოლის პირველ დღეს ახსენებდა. ანბანის შესწავლისას მის ქვეშ ხშირად ვმალავდით გამოჭრილ ასო-ბგერებს და როგორც კი მინიშნებას გავახმიანებდი, რომ ასეთი და ასეთი ასო-ბგერა იმალება ისეთ ადგილას, რომელიც სკოლის დაწყების პირველ დღეს გვახსენებს-მეთქი, მაშინვე ყიჟინით მიქროდნენ ჩვენი ძვირფასი რესურსისკენ.

წარწერებიანი ჩარჩო
ეს აქტივობა ვებპორტალზე – Pinterest.com – აღმოვაჩინე.  როგორც კი საძიებო ველში ჩაწერთ „სკოლის პირველი დღის ჩარჩოს“, წამში მრავალფეროვანი რესურსი დაიწყებს ეკრანზე ციმციმს. მერე თქვენს ფანტაზიასა და ინდივიდუალურ შტრიხებს მოარგებთ და მზად გექნებათ ძალიან სახალისო და დასამახსოვრებელი რესურსი. საინტერესო იქნება ასეთივე ჩარჩოს დამზადება წლის ბოლო დღისთვის. შედეგად კი გვექნება ფოტომასალა, რომელსაც სხვადასხვა მიზნით გამოვიყენებთ.

შეკითხვების მოძრავი დაფა
აქტივობა მეხუთე კლასისთვის დავგეგმე. ერთმანეთი პირველად უნდა გაგვეცნო და ისეთი რამ უნდა მომეფიქრებინა, რაც თითოეულ მოსწავლესთან საუბრისა და მოსმენის საშუალებას მომცემდა. ვიყიდე ნაჭრისებური ფორმატი, მოვიფიქრე კითხვები (21 შეკითხვა, ზუსტად იმდენი, რამდენიც ვიყავით), სათითაოდ დავწერე ფერად ბარათებზე და ჭიკარტებით დავამაგრე. შემდეგ წარწერიანი ბარათები ბავშვებს დავურიგე. თითოეული მოსწავლე  კითხულობდა კუთვნილ შეკითხვას, რომელსაც ჯერ მე ვპასუხობდი, შემდეგ კი -თვითონ. ჩანაფიქრი კი ის იყო, რომ ჩემს გულწრფელობას მათთვის სითამამე შეემატებინა. შედეგად ის მივიღე, რომ მთელი წელი იხსენებდნენ და დაუვიწყარ შთაბეჭდილებად გადაექცათ ჩვენი პირველი გაკვეთილი.
ჩემი მობილურის მახსოვრობა მოვქექე და იმ დღის კითხვები შენახული დამხვდა:
  1. რაზე ოცნებობ?
  2. რა გამოგდის კარგად?
  3. რას აკეთებ თავისუფალ დროს?
  4. სპორტის რომელი სახეობა მოგწონს?
  5. რა განიჭებს სიხარულს?
  6. როდისმე მთაში თუ ყოფილხარ?
  7. ხეებს თუ აკვირდები?
  8. სად იმოგზურებდი?
  9. ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხე?
  10. რა გაინტერესებს ყველაზე მეტად?
  11. რომელი ცხოველი გიყვარს?
  12. როდის ტირი ხოლმე?
  13. გაბრაზებისას როგორი ხარ?
  14. მგზავრობა თუ გიყვარს?
  15. ვინ არის ის ადამიანი, რომელსაც ბაძავ?
  16. რომელი მომღერალი გიყვარს?
  17. რომელია შენი საყვარელი მულტფილმი?
  18. ვარსკვლავები თუ გიყვარს?
  19. მზეს უყურებ ხოლმე?
  20. ცაში ხშირად იხედები?
  21. შენს თავს წიგნის რომელ პერსონაჟს შეადარებდი?
წარმოიდგინეთ, მცირე დროში ერთმანეთის შესახებ რამდენ რამეს ვიგებთ. შეგვიძლია, ეს აქტივობა წერით დავალებად გადავაქციოთ და კუთვნილი შეკითხვის წერილობით დაფიქსირებაც ვთხოვოთ.
წელს მეორე და მეექვსე კლასთან მაქვს დასაგეგმი პირველი გაკვეთილი. ვიცი, რომ  ბავშვები მოუთმენლად ელიან. მეც დავეძებ იდეებს. ზუსტად ვიცი, რომ მათზე ფიქრის მცდელობაც კი არ ჩაივლის უკვალოდ.
საწელური ჩანთა სასკოლო ნივთებით
გადავწყვიტე, მოსწავლეების მსგავსად მეც მეზრუნა სასკოლო ნივთებზე და იმ ნივთებისთვის მომეყარა თავი, რომლებიც გაკვეთილის ჩატარებისას გვჭირდება. ამისთვის საგანგებოდ ვაპირებ საწელური ჩანთის შეკერვას, რომელშიც მოვათავსებ ყველა საჭირო ნივთს, გაკვეთილზე შესვლის წინ წელზე მოვირგებ და დროს აღარ დავკარგავ გაფანტული ნივთების ძებნისას. თან პირადი მაგალითის ძალის გავლენით, იქნებ, შევამცირო სასკოლო ნივთების სახლში დარჩენის ფაქტი და მოსწავლეებიც მასწავლებლის მსგავსად საგულდაგულოდ მომზადებულები მოვიდნენ სკოლაში.  დარწმუნებული ვარ, ბავშვებს ძალიან მოეწონებათ სიახლე და ინტერესით დააკვირდებიან ჩემს ნივთებს.
ნივთების ჩამონათვალი კი ასეთი აღმოჩნდა:
  • ფერადი ცარცები;
  • კალმები;
  • მარკერები;
  • სტიკერები;
  • ხის ჩხირები (გამოსაძახებელი ჩხირები);
  • მაგნიტები;
  • ქვიშის საათი;
  • წამმწომი.
ცხადია, ნუსხა საჭიროებისამებრ შეიცვლება.
როგორც უკვე აღვნიშნე, ფიქრი სიახლეებზე, გაკვეთილის განხვავებულ ფორმატზე, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. თავისუფლებიდან სასკოლო რუტინაში დაბურნებულ ბავშვებს რაც უფრო მეტი სიხალისითა და სიახლით დავხვდებით, მით უფრო საინტერესო გახდება სწავლა-სწავლების პროცესიც.
მშვიდობიან და სიხარულით სავსე სასწავლო წელს გისურვებთ!



წყარო http://mastsavlebeli.ge

15 creative lesson ideas for the first day of school

Back to school. Finally! In Belgium, school starts on the 1st of September, after a summer break of two months. Other countries have already begun the new school year, others still have a few weeks to go.
There’s one thing we all have in common: the first day of school. A special day for students and teachers. A day full of emotions. Stress, fear, relief, happiness, joy, …
How can you make sure those first-day-of-school emotions are good emotions? I’m betting on creative back-to-school lesson ideas students will find a fun thing to do.
So here they are!



არდადეგები დავალებების გარეშე – სხვა გაკვეთილები



ნეტავ რისთვის მოიგონეს ზაფხული? რას უნდა აკეთებდნენ ბავშვები ზაფხულის მშვენიერ სამ თვეს? დრო, რომელიც მათ ხელთაა, დავუტოვოთ თავიანთ  განკარგულებაში, თუ ისევ ხშირ-ხშირად შევახსენოთ სკოლის ვალდებულებები და გადასამეორებელი გაკვეთილები?! ეს კითხვები განსაკუთრებით  მშობლებს და მასწავლებლებს აწუხებთ და საერთოდაც, მრავალი შეხედულება არსებობს, როგორ უნდა ატარებდეს ბავშვი საზაფხულო არდადეგებს.

თანამედროვე ცხოვრების აჩქარებულ რიტმში მოყოლილ ბავშვებს, ვფიქრობ, განსაკუთრებით სჭირდებათ ხარისხიანი საზაფხულო თერაპია, რომელიც თავის თავში უამრავ სახალისო აქტივობას მოიაზრებს. იქნება ეს მათთვის საინტერესო წიგნების წაკითხვა, თევზაობა,  ახალი სირთულეების და გამოწვევების დაძლევა,  დასალაშქრი ადგილების სია და თუნდაც  ისეთი მშვენიერი გეგმა, როგორიც კარვებით წასვლა და  ნაკვერჩხალში კარტოფილების  შეწვაა.

ზაფხულში გადახდენილი ამბები განსაკუთრებით შთამბეჭდავია და ასეთი ამბები ბავშვებს არასოდეს ავიწყდებათ. ზაფხულის დასრულების შემდეგ კი შეუძლიათ  მთელი წელი  ჰყვებოდნენ  როგორ აღმოაჩინეს ძველ საყდარში ღამურები, როგორ დალაშქრეს მთა და გაიჩინეს მეგობრები.

საზაფხულო არდადეგების სოფლად გატარება გარემოზე დაკვირვებისთვის იდეალური ადგილია. ბავშვი არა მხოლოდ ცხოვრობს და დროს ატარებს ბუნებაში, არამედ მის ყოველ გამოვლინებას შეიმეცნებს და შეიგრძნობს, აკვირდება იქ მცხოვრები ადამიანების შრომით ჩვევებს და ახალი გამოცდილებით ივსება.

ზაფხულის არდადეგების გახსენება ჩემთვის, სოფლად ბებიასთან მიბარებით იწყება. მას შემდეგ, რაც  მშობლები ქალაქში თავ-თავიანთ სამსახურებში გასწევდნენ, ჩვენ –  ბავშვები  სიმწვანისა და უდარდელობის წიაღში ვრჩებოდით.

რეტროსპექტივა –  საზაფხულო არდადეგები

დილა ადრიანად იწყება მამლის ყივილით და ბებია გაღვიძებასა და ადგომას, მზესაც კი “ასწრებს”. ალაგებს თავის დამდნარ და უნაზესი თეთრეულით გაწყობილ ლოგინს და მიდის ბალახის  დასაკრეფად, თხის მოსაწველად ან ძროხის მოსაწველად. საქათმიდან ფრთხიალით გადმოფრენილი ფრინველის ხმა ძილბურანში ჩაგვესმის.  ბებო მჭადის ფქვილის რძიან  ფაფას გვიხარშავს და ბუხარში კეცებზე მჭადებს აცხობს ვანის ბაზარში ნაყიდი ნეშოთი, რომელიც ისე პრიალაა, მთელ ცხოვრებას აირეკლავს.

შუადღით ბებო ისვენებს, მოვალეობებისგან, პასუხისმგებლობებისგან. სიცხე და ჭრიჭინები ერთმანეთს უმეგობრდებიან.  ბებო თავისი ოთახის ხის წითელ იატაკზე თეთრ ნოხს დააფენს, მუთაქებს დაყრის და ყველა იქ წამოვწვებით, ბებო და შვილიშვილები. ბებოს თმებს ვვარცხნით, უნაზეს თმებს, დასარბილებლად დაბანის შემდეგ  ძმრიან წყალს ივლებს. ბებო ჰყვება ამბებს თავისი ბავშვობიდან, ოჯახის გაჭირვებაზე და თავის მრავალრიცხოვან და-ძმაზე. ბებია ყველა ამბის მოყოლისას  გრძელ ნაწნავებში წარმომიდგება თავისი სოფლის  ქუჩებში, სადაც გოგონები ალბათ ძალიან მოკრძალებულად დადიოდნენ.

ბებოს ხელებს ჭინჭარი ვერ უსუსხავს. შრომისგან გაუხეშებულ ხელებს არც ნაკვერჩხალი უწვავს, ხელს ჰკიდებს და უცებ აგდებს ბუხარში. ბუხარში, გამურულ ქვაბში ინდაურის ჭუკებისთვის ჭინჭარი იხარშება, მოხარშულ ჭინჭარს წყალს გადაუწურავს, ხელით მიჭყლიტ-მოჭყლეტს და ღერღილს აურევს და შემდეგ ხმამაღალი ძახილით ინდაურებს გამოიხმობს: “ჭუა, ჭუა, ჭია” გასძახის ჩვენს ეზოში გაფანტულ ინდაურებს და შემდეგ მისი ხელისგულებიდან ამოაკენკინებს ჭინჭრის ფხალს.

ძილის წინ  ფეხის დაბანის რიტუალი გვაქვს. მთელი დღე ფეხშიშველები დავრბივართ.  ბებო ალუმინის დიდ თასში იბანს ფეხებს. ცივ წყალში, ცოტა ცხელ წყალს ჩაამატებს და როგორც თვითონ ამბობს “ფეხებს იჭკუნავს”, შემდეგ ჩვენც  “ვიჭკუნავთ” ფეხებს.

საღამოს ციცინათელებს დავდევთ ჩვენს ეზოში. ივნისია. ციცინათელები გამოჩნდებიან და ჩვენც მივყვებით. ბავშვობა ალბათ ესეცაა, უეცრად უჩინარდება ციცინათელასავით.
თუკი ზაფხულის  სასიამოვნოდ გატარებაზე მიდგება საქმე, თავბრუდამხვევ შთაბეჭდილებებსა და ათას თავგადასავალში გახვეული ბავშვისთვის არდადეგებზე სკოლიდან გამოყოლილი სამეცადინოების  შესრულება ნამდვილად არ იქნება სასიხარულო. ზაფხული ხომ ნაკლებ ვალდებულებებთან, ბევრ თავისუფალ დროსთან, ახალ ემოციებთან, შთაბეჭდილებებთან  და თავგადასავლებთან  არის დაკავშირებული.

ზაფხული ხომ სულ სხვა გაკვეთილებს გვთავაზობს და ამ გაკვეთილების შესრულება ისევე მნიშვნელოვანი მგონია, როგორც სასკოლო დავალებების შესრულება სკოლის პერიოდში.  ჩვენი, როგორც მშობლებისა და მასწავლებლების პირველი ამოცანაც ის უნდა იყოს, რომ საზაფხულო არდადეგები ბავშვებისთვის ისეთი ნოყიერი  ამბებით იყოს დახუნძლული, მთელი წელი რომ ეყოფათ გასახსენებლად.
 წყარო http://mastsavlebeli.ge/

მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისათვის – გზამკვლევი




ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების და განათლების თანამედროვე პარადიგმების თანახმად, სწავლების მიზანია მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად. ეს უნარები მოსწავლეს ყველაზე უკეთ სწავლების პროცესში უვითარდება. ამიტომ, მასწავლებელი მთავარი გზამკვლევია კრიტიკული აზროვნების განვითარების გზაზე.
ვრცლად, იხილეთ ბმული:


„პროექტი „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისათვის“ ხორციელდება განათლების კოალიციის მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში“.
 წყარო : http://mastsavlebeli.ge/

მონტესორი და ვალდორფი – სახელწოდებების ისტორია




მონტესორის სკოლა, მონტესორის მეთოდი, ვალდორფის სკოლა, ვალდოფის პედაგოგიკა – ეს სიტყვათშეთანხმებები არაერთხელ გვსმენია. ვალდორფი ზოგს პიროვნება ჰგონია, ზოგს ტოპონიმი.
რას ნიშნავს „მონტესორი“ და „ვალდორფი“?
ვალდორფი
პირველი თავისუფალი ვალდორფის სკოლა 1919 წელს გაიხსნა შტუტგარტში. დღეს მსოფლიოში 310-ზე მეტი საბავშვო ბაღი, 850-ზე მეტი სკოლა და 150-ზე მეტი სამკურნალო-პედაგოგიური დაწესებულება მუშაობს ვალდორფპედაგოგიკის მიმართულებით.
საკუთარი სახელის ისტორია
1763 წელს, 17 ივლისს, ჰაიდელბერგთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ვალდორფში, ყასბის ოჯახში, დაიბადა იოჰან იაკობ ასტორი. 15 წლის იოჰანი უფროს ძმასთან ერთად ლონდონში გაემგზავრა მუსიკალური საკრავების დამზადების ხელობის შესასწავლად. ოცისა იოჰან იაკობ ასტორი ლონდონიდან ამერიკაში გადაბარგდა. თან თავისივე ხელით დამზადებული რამდენიმე ინსტრუმენტიც გაიყოლა. ნიუ-იორკში ახალგაზრდა გერმანელი მუსიკალური საკრავების მაღაზიის გახსნას გეგმავდა, თუმცა მანამდე თავის სარჩენად და თანხის შესაგროვებლად ქუჩის გამყიდველის მძიმე შრომას მიჰყო ხელი. ტყავისა და ქურქების გაყიდვა ყველაზე სარფიანი აღმოჩნდა ემიგრანტისთვის. მალე ეს ბაზარი იმდენად კარგად შეისწავლა და აითვისა, რომ ერთგვარი მონოპოლისტიც კი გახდა დარგში. ფინანსურ კეთილდღეობას უძრავი ქონების შეძენით კიდევ მეტი შემატა და საკმაოდ სოლიდური კაპიტალიც დააგროვა.
ამ ადამიანისთვის ფინანსური კეთილდღეობა ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობაც იყო. ნიუ-იორკში მან ბიბლიოთეკა დააარსა ( დღეს ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკა), მის სამშობლოში, ვალდორფში კი დღესაც არსებობს საქველმოქმედო ორგანიზაცია მოხუცებულთა და ახალგაზრდების დასახმარებლად, რომელიც ასტორ-ფონდის ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს.
იოჰან იაკობ ასტორის შთამომავლებმა სხვადასხვა მიმართულებით მიაღწიეს წარმატებას, გვარი ასტორი არაერთხელ გაკრთა მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი გაზეთების გარეკანებზე. დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის პირველი ქალი წევრი ნენსი ასტორი გახლდათ, ჯონ ასტორი, იოჰანის მეოთხე თაობის წარმომადგენელი, ლონდონში „თაიმსის“ მფლობელი იყო, გვარი ასტორი 1912 წელს „ტიტანიკის“ ტრაგიკული მოვლენების აღწერისას ხშირად ჩნდებოდა გაზეთის ფურცლებზე – ჯეკ ასტორი ერთ-ერთი იყო იმ მგზავრთაგან, რომელმაც თავისი ადგილი ქალებსა და ბავშვებს დაუთმო და თავად გემთან ერთად დაიღუპა.
მსოფლიოში ცნობილ სასტუმროების ქსელს „ვალდორფი-ასტორიას“ კი შექმნის გასაოცარი ისტორია აქვს:
მე-19 საუკუნის მიწურულს, ერთ ცივსა და წვიმიან ღამეს ფილადელფიაში მდებარე პატარა სასტუმროს ხანში შესული წყვილი მიადგა. სასტუმროში ადგილები არ იყო, ქალი და მამაკაცი გაბრუნებას აპირებდნენ, როდესაც პორტიემ  საკუთარი ოთახი შესთავაზა, რადგან იცოდა, ახლომახლო თავისუფალი ადგილი სასტუმროებში არც სხვაგან იქნებოდა, იმ საზარელ ამინდში კი წყვილი გვარიანად გაწვალდებოდა.

  • ოთახი კეთილმოწყობილი არ არის – მოიბოდიშა პორტიემ – მაგრამ ერთი ღამის თავშესაფრად გამოდგება. ჩემზე არ იღელვოთ, რამეს მოვიფიქრებ.
მეორე დილით ხანში შესული ჯენტლმენი დაემშვიდობა პორტიეს, მადლობა გადაუხადა და სხვათა შორის, უთხრა:
  • ისეთ ადამიანს, როგორიც თქვენ ხართ, შეერთებული შტატების საუკეთესო სასტუმროსაც კი ჩააბარებდა კაცი. იქნებ ასეთი სასტუმრო გავაკეთო კიდეც თქვენთვის.
გავიდა ორი წელი, პორტიეს ეს ამბავი კარგა ხნის მივიწყებული ჰქონდა. მოულოდნელად მან წერილი მიიღო – ის უცნაური ჯენტლმენი იმღამინდელ ამბავს ახსენებდა და ნიუ-იორკში ეპატიჟებოდა.  შეხვედრა მეხუთე ავენიუსა და ოცდამეთოთხმეტე ქუჩის კვეთაში შედგა, გრანდიოზული, მშვენიერი, წითელი ქვით მოპირკეთებული შენობის წინ.
  • ეს სასტუმრო თქვენთვის ავაშენე! – თქვა ხანში შესულმა ჯენტლმენმა, ვილჰელმ ვალდორფ ასტორმა.
ასე იქცა ჯორჯ ბოლდტი, ყოფილი პორტიე ფილადელფიის სასტუმროდან, ნიუ-იორკში „ვალდორფ-ასტორიის“ სასტუმროს მენეჯერად.
აქ აღწერილ ამბებამდე ცოტა ხნით ადრე ასტორის ოჯახმა დააარსა თამბაქოს მწარმოებელი კომპანია, რომელიც ჩრდილოეთის შტატების ფერმერებთან თანამშრომლობდა. იმ დროს ევროპაში ამერიკული კარტოფილი, საღეჭი რეზინი და თამბაქო ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი იყო. წარმოების გაფართოების მიზნის ოჯახმა შტუტგარტში ააშენა სიგარეტების ფაბრიკა „ვალდორფ-ასტორია“, რომლის დირექტორი და მეწილე იყო ემილ მოლტი. მისი უშუალო ფინანსური მხარდაჭერით მოხერხდა ვალდორფის ფაბრიკაში მომუშავე პერსონალის შვილებისთვის სკოლის გახსნა.
ამ სკოლაში  განათლებას იღებდნენ მუშების შვილები მიუხედავად იმისა, თუ რისი საშუალება ჰქონდათ მათ მშობლებს. ამ სკოლაში იღებდნენ ყველა ბავშვს, მიუხედავად გონებრივი თუ ფიზიკური განვითარების თავისებურებებისა. სახელწოდება ვალდორფი სწორედ ამ პირველი სკოლის სახელიდან მომდინარეობს.

მონტესორი
მონტესორის პირველი სკოლა 1907 წლის 6 იანვარს გაიხსნა რომში. სამეცნიერო წრეებისა და არსებული საგანმანათლებლო სისტემის მესვეურებისგან ამ სკოლის დამაარსებელს, მარია მონტესორის, უამრავი წინააღმდეგობა შეხვდა, თუმცა საკუთარ მეთოდებში დარწმუნებული მარია არ ეპუეოდა კრიტიკას და თავის საქმეს აგრძელებდა. მეთოდით მაშინვე დაინტერესდნენ ევროპაში, მარია ესპანეთში, ნიდერლანდებსა და ინდოეთში მოგზაურობდა, მას იწვევდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტსა და კვლევით ორგანიზაციაში, სადაც ის მოხსენებებსა და ლექციებს კითხულობდა და სწავლების ახალ, ალტერნატიულ მეთოდებს აცნობდა მსმენელებს. მეთოდს მისი სახელი ეწოდა, დღეს ამ სახელწოდების სკოლებს ან სკოლებს, რომლებიც მონტესორის მეთოდს იყენებენ, მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში შეხვდებით.
მარია მონტესორი იტალიაში პირველი ქალი იყო, ვინც მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიიღო. 1896 წელს მან ექიმის დიპლომი აიღო და პირველი ქალი ექიმიც გახდა თავის სამშობლოში. საექიმო პრაქტიკის დროს მისი სპეციალობა ნერვული დაავადებები და გონებრივი ჩამორჩენილობა იყო.
იმ პერიოდში სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულებები, სადაც განვითარების თავისებურებების და გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვებს მიიღებდნენ და ასწავლიდნენ, არ არსებობდა. თავის კოლეგა ჯუზეპე მონტესანოსთან ერთად მარია მონტესორი რომში ფსიქიატრიულ კლინიკაში მუშაობდა, სადაც იკვლევდა მენტალური, კოგნიტური (შემეცნებითი) და ქცევის პრობლემების მქონე ბავშვების მდგომარეობას.
ჯუზეპესა და მარიას სამსახურებრივი ურთიერთობის მიღმა პირადი ურთიერთობაც ჰქონდათ, ოღონდ წყვილმა ამის გაოფიციალურება მაშინაც კი არ მოისურვა, როდესაც შვილი, მარიო შეეძინათ. მარიამ თავად არ ისურვა ქორწინების უღელი დაედგა, რაც იმ დროს კარიერის შეწირვასაც გულისხმობდა. მისივე გადაწყვეტილებით, შვილი, მარიო ჯუზეპეს შორეულ ნათესავებთან გაამწესეს აღსაზრდელად. დასვენების დღეებში დედა ხშირად ნახულობდა ხოლმე მარიოს, მთელ თავისუფალ დროს მასთან ურთიერთობდა და საათობით ეთამაშებოდა.
როდესაც მარიო წამოიზარდა და ყოველწუთიერ ზრუნვას აღარ საჭიროებდა, დედამ ის თავისთან წამოიყვანა და ამის შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე აღარ განშორებია შვილს. მოგვიანებით მარიო მისი თანამშრომელი და თანამოაზრეც გახდა.
დღეს მარია მონტესორის მიერ შემუშავებულ მეთოდს და ამ მეთოდით შთაგონებულ სკოლებს მისი სახელით მოიხსენებენ და მოკლედ მონტესორის სკოლებს უწოდებენ.

  წყარო : http://mastsavlebeli.ge/

განმავითარებელი დავალებების გამოყენება გაკვეთილზე

სასკოლო საქმიანობა მოსწავლეთა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების მნიშვნელოვანი პერიოდია, როდესაც გადამწყვეტი ხდება მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული სწავლება, მოსწავლის ასაკთან შესაბამისი ინტერესების, ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობების გამოვლენა, შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების განვითარება, აზროვნება, მასწავლებლისა და მოსწავლის ერთობლივი მოღვაწეობა, ცოდნის პრაქტიკული გამოყენება. პედაგოგიკის ფსიქოლოგიაში (ლ. ვიგოტსკი) მოცემული საგანმანათლებლო საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ვარიანტად ითვლება  განმავითარებელი დავალებების აქტიური გამოყენება სწავლებაში.  
განმავითარებელი დავალებების მიზანი და ამოცანაა: მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესის განვითარება, ისტორიული პროცესის მიმართ მოსწავლის დამოკიდებულებების ჩამოყალიბება/გამოვლენა, შესასწავლი თემის მიახლოება მთავარ მიზანთან, სწავლისას სიხარულისა და კმაყოფილების გამოწვევა და თვითრეალიზაციისკენ სწრაფვა.

განმავითარებელი ხასიათის დავალებებს გააჩნიათ  გარკვეული თავისებურებები:
  • ისინი სწრფად აღვივებს მოსწავლის ინტერესს, ააქტიურებს ფსიქიკურ პროცესებს: ყურადღებას, მახსოვრობას, აღქმას (როგორც ვერბალურ, ისე არავერბალურ, სიმბოლურ, სახეებით აზროვნებას, ასოციაციურ კავშირებს);
  • ხასიათდება დავალების პირობის ლაკონურობით, გასაგები და მარტივი ენით, შეიცავს „ღერძს“ – ძირითად სიტყვას, ცნებას, ორიენტირს;
  • ამტკიცებს მოსწავლე-მასწავლებელს შორის დადებით ემოციურ კავშირებს;
  • ავითარებს მოსწავლის პიროვნულ თვისებებს.
განმავითარებელი სწავლება ერთგვარად ცვლის ჯგუფურ, ახსნა/განმარტებაზე ორიენტირებულ სწავლებას და უფრო მეტად აქცენტირებულია სწავლების ინდივიდუალიზაციაზე, ეფუძნება მოსწავლის უახლოესი განვითარების ზონას და მოსწავლის შინაგანი ფსიქიკური პროცესების ახლებურად წარმართვით თვითონაც ხელს უწყობს ასეთი ზონის გამოკვეთა/ჩამოყალიბებას.
მაგრამ განმავითარებელ სწავლებას არ ექნება შედეგი, თუ არ გავითვალისწინებთ საგნობრივი განათლების შინაარსს, მისი ათვისების ხარისხს და არ ვაღიარებთ, რომ მოსწავლის უნარების ფორმირება კონკრეტულ საგნობრივ მასალაზეა „მიბმული“. შესაბამისად, სასწავლო გარემოს ოპტიმალიზაციისთვის მასწავლებელმა:
  •  უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის უახლოესი განვითარების ზონა, შექმნას პრობლემური სიტუაცია, გამოიყენოს მრავალფეროვანი დავალებები და მიაღწიოს აზროვნების სტიმულაციას;
  • შექმნას შეფასების ისეთი სისტემა, რომლითაც შეფასდება სწავლის არამარტო საბოლოო შედეგი, არამედ მოსწავლის საქმიანობის პროცესიც.
ისტორიის სწავლება კვლევა-ძიებასა და ინფორმაციის გადამუშავებაზე კონცეტრირებული სწავლებაა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც სასწავლო პროცესის ძირითადი ელემენტი გაკვეთილია. მასწავლებელს შეუძლია საგაკვეთილო პროცესის საჭიროების მიხედვით ვარირება და დასახული მიზნის მიღწევა შესაფერისი, განმავითარებელი ხასიათის დავალებით.
განმავითარებელი ხასიათის დავალებებისა და აქტივობების მაგალითი:
კლასი – XI, გაკვეთილის თემა: „რეფორმაცია (XVI ს.)“:
მასწავლებელიეყრდნობა რა მოსწავლის წინარე ცოდნას კათოლიკური ეკლესიის როლის შესახებ შუა საუკუნეების ევროპაში:
  1. ხსნის რეფორმაციის არსს (ცნება „რეფორმაცია“ დაკავშირებულია რეფორმასთან, გარდაქნასთან, ცვლილებებთან, რაიმეს რეფორმირებასთან. გაკვეთილის მიმდინარეობისას მოსწავლეები აღმოაჩენენ, რისთვის და რატომ განიცადა კათოლიკურმა ეკლესიამ რეფორმა, რა და რატომ იყო „სარეფორმო“);
  2. მოსწავლეები ცდილობენ, დამოუკიდებლად შეასრულონ დავალებები: უპასუხონ კითხვაზე, „რა არის რეფორმაცია?“ გამოთქვან თავიანთი მოსაზრება და გააკეთონ დასკვნა (პასუხის გაცემისას ისინი ძირითადად ეყრდნობიან სახელმძღვანელოს ტექსტს, გაიაზრებენ, როდის და როგორ დაიწყო რეფორმა, რა როლი ჰქონდა ამ პროცესში მარტინ ლუთერს, რამ მიიყვანა ეკლესია ამ ნაბიჯამდე, ცდილობენ, ახსნან პაპ ლეო X -ის დამოკიდებულება რეფორმაციის მიმართ);
  3. მასწავლებელი ავსებს მოსწავლეთა საუბარს დამატებითი ინფორმაციით, მიუთითებს პაპის როლზე მიმდინარე მოვლენებზე, შემდეგ კი მოსწავლეები და მასწავლებლები ერთად აგებენ მოვლენათა ჯაჭვს;
  4. გაკვეთილის დასასრულს მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, უპასუხონ შეკითხვებზე: ა) დაასახელეთ წყარო, რომელიც წარმოადგენს ქრისტიანული სწავლების საფუძველს; ბ) რა განსაკუთრებული როლი შეასრულა მარტინ ლუთერმა ევროპის ისტორიაში?
  5. მასწავლებელი თავისი კომენტარებით ამდიდრებს მოსწავლეთა პასუხებს;
  6. მოსწავლეები ადარებენ და აჯგუფებენ ინფორმაციას, აკეთებენ დასკვნებს.
ამგვარად, მასწავლებელი მოსწავლის სწავლას მიმართავს მისი პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენისკენ და განვითარების უახლოესი ზონიდან „უბიძგებს“ აზროვნების სფეროს „გაფართოებისა“ და განვითარებისკენ.
განმავითარებელი დავალებებისას აქტიურად გამოიყენება ტექსტთან დამოუკიდებელი მუშაობის სხვადასხვა სტრატეგია, როგორიცაა:
  • კითხვა-პასუხის რეჟიმი (პასუხი კითხვებზე: რატომ?.. როგორი?.. რანაირი?.. დაასახელე… საერთო და განმასხვავებელი ნიშნების გამოყოფა… არგუმენტირება… სხვადასხვა ხასიათის შემოქმედებითი პროექტების მომზადება, კროსვორდების, რებუსების, ისტორიული შეცდომების შემცველი ტექსტების, შედარების ცხრილების შედგენა და სხვ.
მაგალითად, VII კლასში „ძველი საბერძნეთის“, „ძველი რომის“ (სქემა 1) ან XI კლასში თემა „გერმანიის გაერთიანება“. (სქემა 2) შესწავლის დროს მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენონ წინარე ცოდნა და შეავსონ ცხრილი, გამოყონ მასში ის ნიშან-თვისებების, რომლებსაც თვითონ მიიჩნევენ მნიშვნელოვნად (აღსანიშნავია, რომ მსგავსი ცხრილები მოსწავლეს მასალის განმეორება-განზოგადების საშუალებასაც აძლევს):
 ძველი საბერძნეთიძველი რომი
სამოსი  
საკვები  
სამშენებლო საქმე  
რელიგიური თემატიკა  
სქემა 1  
 გერმანიის გაერთიანება
პოლიტიკური მოღვაწე 
მისი პოლიტიკური შეხედულებები 
მისი მიმდევრები/მომხრეები 
მისი მიმდევრები/მოწინაღმდეგეები 
სქემა 2  
განმავითარებელი სწავლების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან დავალებას წარმოადგენს ლოგიკური ხასიათის ამოცანების გამოყენება გაკვეთილზე.
ლოგიკური და შემეცნებითი უნარების განმავითარებელი დავალებების ნიმუში (სქემა 3):
ლოგიკური და შემეცნებითი უნარების განმავითარებელი დავალებებიპასუხი
ტალეირანი, რომელიც ნაპოლეონის ეპოქაში საფრანგეთის სასარგებლოდ ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე ჭრიდა და კერავდა ევროპის პოლიტიკურ რუკას, პირადი გამორჩენის მიზნით, ღალატობდა და სათანადო თანხად ჰყიდდა ყველას და ყველაფერს. მასზე ამბობდნენ, ის რომ გვარს „ამართლებდა“.
  • თქვენი აზრით, რა საფუძველს ასე ფიქრის იძლეოდა მინისტრის გვარი?
ტალერი – ფულის ერთეული
რომაელები ბარბაროსთა ტომებს მოიხსენიებდნენ  ერთი ზოგადი სალანძღავი სიტყვით. მოგვიანებით ფრანგები ამავე ტერმინით მოიხსენიებდნენ იმ ტაძრებს, რომლებიც არ მოსწონდათ. შემდეგში ეს  სახელწოდება ევროპული არქიტექტურის გამორჩეულ სტილად  დამკვიდრდა.
  • რაზეა საუბარი?  
გოთური სტილი
პეტრე I  საყვარელ ქვეშევრდომებს  ჩუქნიდა  ძვირადღირებულ მაკეტებს, რითაც გამოხატავდა განსაკუთრებულ პატივისცემასა და ინტერესს  თავისი მოღვაწეობის ერთ-ერთი სფეროს მიმართ.
  • რომელ სფეროზე მიანიშნებდა პეტრე I?
გემთმშენებლობა
ამ პიროვნებამ საგუბერნიო მმართველობის გატარებიდან 8 წლის შემდეგ  ცბიერებით ჩაიგდო ხელში გუბერნატორის თანამდებობა; არ იცოდა არც წერა-კითხვა, მაგრამ ის გახდა რუსეთის კავალერიის პირველი გენერალი; ამავე დროს ის გახდა პირველი რუსი, რომელსაც მოწვევა უცხოეთიდან აკადემიის წევრობაზე თავად სერ ისაკ ნიუტონმა გაუგზავნა, რითაც საპატიო ადგილი დაიმკვიდრა, ე.წ. „ისტორიის უცნაურობების“ სერიაში.
  • ვისზეა საუბარი?
ა. მენშიკოვი
შეადგინეთ ისტორიული შინაარსის ტერმინების (ცნებების) ჯაჭვი ისე, რომ ახალი ტერმინი იწყებოდეს წინა ტერმინის ბოლოსწინა ასო-ბგერიდან.

გლეხი – ხალხი – ხევი – ვილაიეთი – თორი – რომი – მეფე…და ა.შ.);
აღადგინეთ  დავით აღმაშენებლის დროინდელი ისტორიული ტერმინები და თარიღები:
·         რ – – – – -ა; ყ – – – – – ი; ე – – – – – – ი; ჭ – – – – – – – – ი; და ა.შ.
·         1 – – 4;  1- -8; 1- – 2; და ა.შ.

რეფორმა; ყივჩაღი; ერისთავი; ჭყონდიდელი; 1004 წ; 1008 წ; 1122 წ.
შეადგინეთ კროსვორდი ძირითად ცნებებზე დაყრდნობით:
„ფეოდალიზმი“…“მეფე“…“სახელწმიფო“…“გადასახადი“… „ერისთავი“ და ა.შ.
—–
დასკვნა: ლოგიკური და შემეცნებითი უნარების განმავითარებელი დავალებები „უადვილებს“ მოსწავლეს „ისტორიის მკვლევრის“ როლს მისანიშნებელი ფრაზებითა და ცნებებით, უფრო სახალისოსა და საინტერესოს ხდის სავალდებულო პროგრამულ მასალას, უვითარებს ისტორიულ აზროვნებას და შეფასების მიღების თვალსაზრისით უფრო მისაღებია მოსწავლისთვის.

განმავითარებელი მუშაობისას აუცილებელი წესის დაცვა – სახელმძღვანელოს ტექსტზე დაყრდნობა და მოსწავლის წინარე ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინება, დავალებების შესრულება დროის შეზღუდვის გარეშე და მასწავლებლის აქტიური მხარდაჭერა, რეალურად დასაძლევს ხდის განმავითარებელი დავალებების გამოყენების მიზანს. საკუთარ პედაგოგიურ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავსი ტიპის დავალებების გამოყენება სწავლებაში მოსწავლეთა ცოდნის ხარისხისა და შედეგების ამაღლების, მათი დამოუკიდებელი უნარ-ჩვევებისა და პიროვნული სრულყოფის მნიშვნელოვანი პირობაა.
 

 წყარო : http://mastsavlebeli.ge/