ბულინგი ერთ - ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში. იგი თითქმის ყოველი ეპოქის თანმდევ მოვლენას წარმოადგენს, თუმცა ბულინგის პრობლემის აქტუალურობა განსაკუთრებით ბოლო ხანებში გაიზარდა.
ბულინგი არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ძირითადად სკოლებში გვხვდება.
ამერიკის შეერთებული შტატების განათლების დეპარტამენტი ბულინგს განმარტავს, როგორც სხვა ადამიანისათვის ზიანის მიყენებას ან მის მცდელობას, ეს არის განმეორებით ჩადენილი ნეგატიური ქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტრამვას.
ბულინგი ერთგვარ სოციალურ მოვლენას წარმოადგენს, რომელიც სპეციალისტების მტკიცებით ძირითადად დამახასიათებელია ორგანიზებულ ბავშვთა კოლექტივისათვის, პირველ რიგში ეს არის სკოლა. ბავშვთა საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოზარდი, თუმცა ბულინგის მსხვერპლნი უფრო მეტად ხდებიან რაიმე ნიშნით განსხვავებული ბავშვები, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური, ეთნიკური, რელიგიური და ა.შ. ბულინგის მოტივაცია კი სხვადასხვაგვარია- შურისძიება, კონკურენცია, მიუღებლობა, მორჩილება ლიდერისადმი, სამართლიანობის აღდგენა და სხვ.
ბავშვი - მსხვერპლი სხვებთან შედარებით არის უფრო პატარა და სუსტი. აშინებს ყოველგვარი კონფლიქტი თანატოლებს შორის, საფრთხის გაჩენის შემთხვევაში კი იწყებს ტირილს. ცდილობს სკოლაში ყოფნისას მოერიდოს ხმაურიან თავშეყრის ადგილებს და დარჩეს კლასში შეუმჩნეველი.
ბავშვ - აგრესორს კი საპირისპირო თვისებები ახასიათებს. ის მუდმივად ცდილობს უფროსად და ძლიერად გამოიყურებოდეს, ხშირად ეუხეშება მასწავლებლებს, მშობლებს, საკუთარ და - ძმას. თანატოლებთან ურთიერთობისას ცდილობს თავისი ძალა გამოამჟღავნოს, პრობლემების გადაჭრის დროსაც უპირატესობას ძალისმიერ გზას ანიჭებს. ბავშვ - აგრესორებს მაღალი თვითშეფასება აქვთ და თავიანთ გარემოში სოციალური უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ.
ძირითადად ბულინგის დაყოფა ხდება ოთხ ტიპად :
1. ფიზიკური ბულინგი - ბულინგის ყველაზე ძალადობრივი ფორმა, რომელიც გულისხმობს ფიზიკური ზიანის მიყენებას ან მის მცდელობას. მისი ფორმებია: ჩხუბი, თმის მოქაჩვა, პირადი ნივთების განზრახ დაზიანება და სხვა.
2. ფარული ბულინგი - ეს არის მორალური და ემოციური ძალადობის ფორმა, რომელიც პირდაპირ არ არის მიმართული ობიექტისადმი. მაგ: ტყუილები, ჭორების გავრცელება, სხვა მოსწავლეებთან დამცირება, მოსწავლის სოციალურ იზოლაციაში მოქცევა და სხვ.
3. ვერბალური ბულინგი - არის ბულინგის ყველაზე გავრცელებული ფორმა. ამ შემთხვევაში მოსწავლის დამცირებას და მასზე ძალადობას აქვს ვერბალური ხასიათი. მისი ფორმებია: დაცინვა, შეურაცხყოფა, ღირსების შელახვა, დაშინება.
4. კიბერ- ბულინგი - განსხვავდება ბულინგის სხვა ფორმისაგან, რამეთუ ის სექსუალურ მიზნებს უკავშირდება, თუმცა ტრადიციული "ბულინგის" მსგავსად, შესაძლოა მოიცავდეს დამამცირებელი სახელების შერქმევას, თავდასხმასა და შანტაჟის სერიოზულ საფრთხეებს.
ბულინგი რომ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ამას ცხადყოფს არაერთი საერთაშორისო კვლევა, შესაბამისად იზრდება ინტერესი და ყურადღება ამ ფენომენის მიმართ. საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდმა (იუნისეფი) 2007 - 2008 წლებში ჩაატარა. გამოკვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მთლიანობაში, ბავშვთა 80% განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. სკოლაში უფრო ხშირია ბავშვთა შორის ძალადობა. ბულინგის ასეთი მაღალი მაჩვენებელი შეიძლება განპირობებული იყოს იმითაც, რომ ეს მოვლენა დიდი ხნის მანძილზე უფროსების მხრიდან არ აღიქმებოდა მნიშვნელოვან პრობლემად. მათმა მიდგომამ - "ბავშვები ერთობიან და მერე რა მოხდა" - ხელი შეუწყო აღნიშნული პრობლემის გამწვავებას. უკანასკნელ წლებში მანდატურების ინსტიტუტის შემოღებამ სკოლებში რაღაც დოზით მართლაც შეამცირა ძალადობის შემთხვევები, თუმცა ბულინგის პრობლემა აქტუალურობას დღესაც ინარჩუნებს.
იგი საკმაოდ სერიოზულ და მძიმე შედეგების მომტან პრობლემას წარმოადგენს. ძალადობის მსხვერპლი ბავშვი შეიძლება ხანგრძლივი დროის მანძილზე ვერ განიკურნოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური დაზიანებისაგან. განიცდიდეს მუდმივ შიშს, შფოთვას, დამცირებას, მოჭარბებულ აგრესიასა თუ თვითშეფასების დაქვეითებას, რაც ნორმალური ფსიქიკის დეფორმაციის საფუძველი შეიძლება გახდეს.
ყოველივე აქედან გამომდინარე, საჭიროა გარკვეული სასკოლო რეფორმებისა და პრევენციული ღონისძიებების გატარება. ბულინგი ძალადობის განსაკუთრებით საზიანო ფორმაა და სკოლებში აუცილებელია პრევენციული პროგრამების შემოღება. ასევე საჭიროა სკოლებში ძალადობის უწყვეტი მონიტორინგი. მიზანშეწონილია სკოლის ფსიქოლოგების როლის გაზრდა და გადამზადება, რომელთაც უნდა შეეძლოთ ადეკვატური მხარდაჭერის გაწევა ძალადობის მსხვერპლთათვის.
ბავშვები უფროსების მზრუნველობის ქვეშ გაცილებით მეტ დროს ატარებენ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ამიტომ მათი მოვალეობაა, აღზრდის საშუალებით, უზრუნველყონ ბავშვის პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანად ჩამოყალიბება, რომელიც იხელმძღვანელებს ისეთი ფასეულობებით, როგორიცაა : არაძალადობრივი ცხოვრება, გენდერული თანასწორობა, დისკრიმინაციასთან ბრძოლა, მიმტევებლობა და ურთიერთპატივისცემა.
წყარო : http://intermedia.ge
No comments:
Post a Comment