Thursday, September 29, 2022

სასკოლო პროექტი – ხელნაკეთი წიგნების გამოფენა-გაყიდვა

 

ოთხი წლის წინ შტუტგარტის ახალ ბიბლიოთეკაში სტუმრობისას ჩემი ყურადღება მიიპყრო საბავშვო სივრცემ, რომელსაც მეორე სართული ჰქონდა დათმობილი. ერთ-ერთ თაროზე ხელნაკეთი წიგნები ეწყო – მუყაოს ყდა და ფურცლები ძაფებით აეკინძათ, გვერდებზე ეწერა რამდენიმე წინადადება და შესაბამისი ილუსტრაციები ეხატა. გერმანული ენა არ ვიცი, მაგრამ „კითხვაში“ ნახატები დამეხმარა.

ხელნაკეთი წიგნების სტენდთან უხილავი ენერგეტიკა ტრიალებდა – უცნობი მასწავლებლებისა და მათი მოსწავლეების ნაფიქრალი და ნაშრომი მნახველს შთაბეჭდილებებით ავსებდა. იქვე განთავსებული ბროშურებისა და ბუკლეტების მიხედვით დავასკვენი, რომ სასკოლო პროექტისთვის ქალაქის მთავარ ბიბლიოთეკაში მიეჩინათ ბინა, რაც პატარა მკითხველების მოტივაციის ამაღლებას უწყობდა ხელს.

ერთ მშვენიერ დღეს ჩემს შვილებთან ერთად ხელნაკეთი წიგნი დავამზადე. შემდეგ პანდემია დაიწყო და მსგავსი პროექტის მოსწავლეებისთვის დაგეგმვა-განხორციელება ოცნებად დამრჩა.

ოთხი წლის შემდეგ ისევ ვესტუმრე შტუტგარტის ახალ ბიბლიოთეკას. საბავშვო სივრცეში ხელნაკეთი წიგნები ისევ დამხვდა. სამყარო თითქოს ჩემს ფიქრებსა და ინტერესს გამოეხმაურა, იქვე შევამჩნიე მონიტორი, რომელზეც კადრებად გადიოდა ხელნაკეთი წიგნების დამზადების პროცესი: მაგიდაზე ქაოსურად მიმოფანტულიყო ფურცლები, შტამპები, ყდები… ბავშვების სახეებზე შემოქმედებითი ფუსფუსი იკითხებოდა. ერთ-ერთი კადრი კი ინსპირაციის წყაროდ მექცა, კერძოდ, ღია სივრცეში მოსწავლეები და მშობლები ხელნაკეთ წიგნებს ერთმანეთს უკითხავდნენ. თვალწინ გამიელვა ჩვენი სკოლის ღია სივრცემ და ძალიან მომინდა, ჩემი მესამეკლასელებისთვის მსგავსი პროექტი დამეგეგმა.

პირველი ხელნაკეთი წიგნი გავწერე კომპლექსურ დავალებად, რომელიც შემდეგ სტატიაშიც დაწვრილებით აღვწერე. რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „ფუღუროს“ შესწავლის შემდეგ მთელმა კლასმა დავამზადეთ ხელნაკეთი წიგნი სახელად „მშვენიერი ობობა“, მერე კი ბავშვებმა ინდივიდუალურად შექმნეს ხელნაკეთი წიგნები.

მეორე სემესტრში მიზანმიმართულად ვმუშაობდი წიგნის მახასიათებლების (სათაური, ავტორი, გამომცემლობა, ყდა, გვერდები, თავფურცელი, ილუსტრაციები, აბზაცები, წინადადებები, სასვენი ნიშნები) სწავლებაზე. კლასი ჯერ ჯგუფებად დავყავი და რამდენიმე წიგნი დავამზადებინე, რასაც პირადი ინიციატივით ხელნაკეთი წიგნების შექმნა მოჰყვა. საბოლოოდ საკლასო ბიბლიოთეკაში ბავშვების ხელით შექმნილი 80-მდე წიგნი დაგვიგროვდა.

სემესტრის მიწურულს ქართული ხალხური ლექსი „საბრალო დედაბრისასა“ ვისწავლეთ. ლექსში ძალიან ბევრი პერსონაჟია: ცხოველები, ფრინველები, დევები, ჭინკები და ანგელოზები საერთო მიზანს გაუერთიანებია – საბრალო დედაბრის დახმარებას ცდილობენ. ბავშვებს შევთავაზე, დაეწერათ თითოეული მათგანის დღის ჩანაწერი, რომლებიც შემდეგ ხელნაკეთ წიგნად აქციეს.

გადავწყვიტე, მოგვეწყო ხელნაკეთი წიგნების გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც მოსწავლეთა ოჯახის წევრები და სასკოლო თემი მიიღებდნენ მონაწილეობას, მოგროვებული თანხით კი ჩრდილების თეატრ „ბუდრუგანა გაგრაში“ სტუმრობა დავგეგმეთ.

უნდა აღვნიშნო სხვა საგნის მასწავლებლების ჩართულობაც. კერძოდ, მათემატიკის მასწავლებელი ფასზე, ხურდის დაბრუნებაზე ესაუბრა ბავშვებს, ხელოვნების გაკვეთილზე მოსაწვევი ბარათები დაამზადეს ოჯახის წევრებისთვის, მუსიკის მასწავლებელმა კი ღონისძიებისთვის კლასიკური მუსიკა შეგვირჩია. სიტყვა „მეწარმის“ განმარტება რომ ვიკითხე, მითხრეს, „მე და საზოგადოების“ მასწავლებელმა აგვიხსნა, რასაც ნიშნავსო.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენცია მეწარმეობის განვითარებაა:

მეწარმეობა არის ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკური იდეების რეალიზებისთვის ხელსაყრელი პირობების დანახვას და მათზე დროულად რეაგირებას. მეწარმე არ არის მენეჯერის იდენტური ცნება“.

წიგნიერების უნარებზე მუშაობა მეწარმეობისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარებას დავუკავშირე. ამ ჭრილში პროექტის მიზნების განხილვამ მოსწავლეების მოლოდინს ხიბლი შემატა.

წინა დღეს დავამზადეთ აფიშები. გაკვეთილის დაგეგმვაში „კითხვის ეფექტური მეთოდების“ ვიდეოჩანაწერები დამეხმარა, კერძოდ, „აფიშის/წიგნის ყდის/ წიგნის დამზადება“.

აფიშები გამოვაკარით სკოლის შესასვლელში, დერეფანში, სამასწავლებლოში, ბაღისა და უბნის ბიბლიოთეკის კარებზე, რამაც მთელი დასახლების ყურადღება მიიპყრო.

ხელნაკეთი წიგნების გამოფენა-გაყიდვა სკოლის სტადიონზე დავგეგმეთ, თუმცა წვიმის გამო საკლასო ოთახში გადანაცვლება მოგვიხდა.

სტუმრებისთვის შინ გამომცხვარი ორცხობილები მოვიმარაგეთ.

თითოეულ მერხთან სამი-ოთხი მოსწავლე იდგა. თითოეულ ჯგუფს ფულის აღებასა და ხურდის გაცემაში ერთი მშობელი ეხმარებოდა. ჩემი მეგობარი მასწავლებლის, ხათუნა რაზმაძის, რჩევით, ფულისთვის დავამზადეთ პატარა კოლოფები და დამხმარე მშობლებს „არგონავტები“ ვუწოდეთ.

ღონისძიება რომ გაჭიანურებულიყო და ბავშვები არ გადაღლილიყვნენ, თითოეულმა მოსწავლემ აუდიტორიას საკუთარი თავი გააცნო, ხელნაკეთი წიგნის სათაური და პირველი წინაადადება წაუკითხა, რომ მსმენელის ინტერესი გაეღვივებინა.

მოულოდნელად ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და საბავშვო წიგნების ავტორი გიორგი ჭაუჭიძე გვესტუმრა. ჩემთვის, მშობლებისა და მოსწავლეებისთვის გიორგის მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და სკოლის სახელით მადლობას ვუხდი მას.

ხელნაკეთ წიგნებთან ერთად გასაყიდად ილუსტრაციები, კედლის გაზეთები და ღია საფოსტო ბარათები მოვამზადეთ.

წიგნების სათაურები მრავალფეროვანი იყო: „გვრიტების დაბადების დღე“, „შეყვარებული თხები“, „საწყალი გნოლი“, „გაბრაზებული საცოდავი ირმები“, „გულნატკენი ჩხიკვები“, „შაშვების კარგი გუნდი“, „ერთი პეპელა“…

არანაკლებ საინტერესო იყო წიგნის გარეკანზე დატანილი „გამომცემლობების“ სახელები: „დალი მასწავლებლის კლასი“, „ჩემი სახლი“, „ნახატა“, „ქათქათა ოჯახი“, „გვირილების სახლი“, „ცომის გუნდა“…

გვესტუმრნენ დედები, მამები, და-ძმები, ბებიები, უფროსკლასელები… ყველაზე სახალისო ეტაპი ხელნაკეთი რესურსების გაყიდვა აღმოჩნდა. სტუმრებისა და ოჯახის წევრების დახმარებით „არგონავტმა“ მშობლებმა 399 ლარი და 50 თეთრი დაითვალეს. ჩემმა მეგობარმა მასწავლებელმა, ნათია ფურცელაძემ, თავისი გოგონებისთვის დისტანციურად შეიძინა ღია საფოსტო ბარათები და ილუსტრაციები.

ერთი კვირის შემდეგ ჩრდილების თეატრს ვესტუმრეთ. გვითხრეს, რომ გარეუბნიდან პირველი სკოლა ვიყავით. წარმოდგენის შემდეგ მეჩრდილე მსახიობებმა მოსწავლეები სარეპეტიციოში შეიყვანეს, თითოეულს საგულდაგულოდ უხსნიდნენ თითებით სხვადასხვა ცხოველის გამოსახვის წესებს. უფროსები ვუყურებდით, როგორ მოძრაობდნენ ბავშვების პატარა ხელები და მათ ამაღლებულ განწყობას ვიზიარებდით.

„ბუდრუგანა გაგრას“ ფეისბუკგვერდზე ჩვენი სტუმრობის ამსახველი ფოტოები ატვირთეს, რომლის აღწერა შემდეგი სიტყვებით იწყებოდა: „საკუთარი შრომით…“

ბავშვებისთვის საკუთარი შრომით თეატრში სტუმრობა ნამდვილად შთამბეჭდავი და დაუვიწყარი აღმოჩნდა. მათ დაინახეს, სასწავლო პროცესში აქტიურობას, მოსმენას, საშინაო დავალებების შესრულებას როგორი შედეგი შეძლება მოჰყვეს; რომ მშობლებისა და კლასის დამრიგებლის, დალი მასწავლებლის, მხარდაჭერის გარეშე მსგავსი ღონისძიების გამართვა შეუძლებელი იქნებოდა; როგორ მოვიდნენ მანდატურები, რათა საღამოს საათებში ჩვენი უსაფრთხოებისთვის ეზრუნათ; როგორ შეცვალა დათო მასწავლებელმა ნათურები საკლასო ოთახში; როგორ არ შეუშინდა თავსხმა წვიმას გიორგი მასწავლებელი და რა საგულდაგულოდ ყიდულობდა ხელნაკეთ წიგნებს თითოეულ ჯგუფთან; როგორ გვესტუმრნენ უფროსკლასელები; როგორ დაეძებდნენ ბებიები დიდ ფურცელს, რომელზეც შთაბეჭდილებების დაწერა ვთხოვეთ; როგორ ასწავლიდნენ მსახიობები ჩრდილების გამოსახვას; როგორ უღებდა თითოეულ მათგანს ფოტოგრაფი სურათს; როგორ შეაფასეს ჩვენი კლასის თეატრში სტუმრობა… და ამგვარი ამბების ჯაჭვი უწყვეტია. დარწმუნებული ვარ, ის ბევრი ახალი რგოლით შეივსება და ჩვენი ბავშვები კარგ მოქალაქეებად ჩამოყალიბდებიან.

ჩვენ მიერ შესწავლილი ტექსტებიდან საბრალო დედაბერს ზეციური და მიწიერი სამყარო ეხმარება, წიქარა – ბიჭუნას, კოპალა – ადამიანებს. ამ სამი ტექსტის მთავარი სათქმელი დახმარება, სირთულეების დაძლევა და საყოველთაო სიხარულში მონაწილეობაა. საბოლოოდ, ჩვენი ხელნაკეთი წიგნების გამოფენა-გაყიდვის მთავარი მიზანიც ეს აღმოჩნდა – ურთიერთდახმარება და სწავლა-სწავლებით მოგვრილი სიხარულის გაზიარება.

 

http://mastsavlebeli.ge


მხარდამჭერი ტექნოლოგიები სპეციალურ განათლებაში

 

მოლაპარაკე კალკულატორებს, სკუტერებს, ფანქრის სახელურებს, სასმენ სისტემებს… ­ –  მოიაზრებენ დამხმარე მოწყობილობებად, რომელთა საშუალებით შეზღუდვების მქონე მოსწავლეები სრულყოფილად ერთვებიან სასწავლო პროცესში. საერთაშორისო ტერმინოლოგიით, ყველა ტიპის პროდუქტს, მოწყობილობას თუ სისტემას, რომელიც აძლიერებს შეზღუდვების მქონე პირების სწავლას, მუშაობას თუ ყოველდღიურ ცხოვრებას – მხარდამჭერ ტექნოლოგიას უწოდებენ[1].

უფრო ზუსტი განსაზღვრით, დამხმარე ტექნოლოგია არის ნებისმიერი ელემენტი, აღჭურვილობის ნაწილი, პროგრამული უზრუნველყოფა ან პროდუქტების სისტემა, რომლებიც გამოიყენება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფუნქციური შესაძლებლობების გასაზრდელად, შესანარჩუნებლად ან გასაუმჯობესებლად.

დამხმარე მოწყობილობები შეიძლება იყოს:

  • დაბალტექნოლოგიური, როგორიცაა: მუყაოსა ან მსუბუქი ქეჩისაგან დამზადებული საკომუნიკაციო დაფები.
  • მაღალტექნოლოგიური, როგორიცაა სპეციალური დანიშნულების კომპიუტერები.
  • აპარატურა, რომლების მოიცავს: პროთეზირებას, სამონტაჟო სისტემებს და გადაადგილების მოწყობილობებს.
  • კომპიუტერული ტექნიკა, როგორიცაა: სპეციალური კონცენტრატორები, კლავიატურა და საჩვენებელი მოწყობილობები.
  • კომპიუტერული პროგრამები, როგორიცაა: ეკრანის წამკითხველი და საკომუნიკაციო პროგრამები.
  • ინკლუზიური საგანმანათლებლო ან სპეციალური სასწავლო მასალა და სასწავლო გეგმების დამხმარე საშუალებები.
  • სპეციალური სასწავლო პროგრამული უზრუნველყოფა.
  • ელექტრომოწყობილობები, ეტლები, თვითმავლები, აჭიმები, საგანმანათლებლო პროგრამული უზრუნველყოფა, ელექტროლიფტები, ფანქრის დამჭერები, მხედველობის მოწყობილობები, თავის ფიქსატორები და მრავალო სხვა.

მხარდამჭერი ტექნოლოგია ეხმარება ადამიანებს, რომელთაც უჭირთ: საუბარი, წერა, ტექსტის აკრება, დამახსოვრება, მითითება, ხედვა, მოსმენა, სწავლა, სიარული თუ  მრავალი სხვა რამ. ადამიანები განსხვავებული შეზღუდვებით საჭიროებენ არაერთგვაროვან მხარდამჭერ ტექნოლოგიებს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების უცხოური აქტები (IDEA) განსაზღვრავს დამხმარე ტექნოლოგიას, როგორც „ნებისმიერ საგანს, აღჭურვილობას ან პროდუქტების სისტემას, იქნება ეს შეძენილი კომერციულად თაროდან,  შეცვლილი თუ მორგებული, და გამოიყენება ფუნქციური შესაძლებლობების გასაზრდელად, შესანარჩუნებლად ან გასაუმჯობესებლად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის/პირისთვის[2].

საქართველოს კანონში ზოგადი განათლების შესახებ დამხმარე ტექნოლოგიების შესახებ მხოლოდ შემდეგი ჩანაწერი იძებნება: „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, საჭიროების შემთხვევაში, მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლესთან გამოიყენება ბრაილის სისტემა ან/და შესაბამისი დამხმარე ტექნოლოგიები, ხოლო იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც განათლებას მხოლოდ მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეები იღებენ, სავალდებულოა ბრაილის სისტემის ან/და შესაბამისი დამხმარე ტექნოლოგიების გამოყენება[3].

„სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონში“ კი დამხმარე ან მხარდამჭერი ტექნოლოგიების შესახებ არაფერია თქმული.

უცხოეთში არსებული გამოცდილების თანახმად, დამხმარე ტექნოლოგიების შეძენის საკითხი დამოკიდებულია მომხმარებელზე, გამოყენების წესსა და და თავად ტექნოლოგიაზე. ზოგი მათგანი იაფი, ზოგიც კი ძალიან მაღალი ღირებულებისაა. თუმცა მათ შეძენას მაინც აფინანსებენ:

  • საგანმანათლებლო სისტემა
  • სახელმწიფო პროგრამები
  • კერძო სადაზღვევო უწყებები
  • რეაბილიტაციის და სამუშაო პროგრამები
  • შშმ პირთა დამქირავებლები
  • არასამთავრობო და სხვა კერძო საქველმოქმედო ფონდები თუ ორგანიზაციები

მხარდამჭერი ტექნოლოგიების გამოყენება მიზანშეწონილია არაერთი შეზღუდვის დროს. ეს შეზღუდვები მოიცავს:

  • ინტელექტუალურ ჩამორჩენას
  • დაუნის სინდრომს
  • ენა-მეტყველების შეფერხებებს
  • სმენის და მხედველობის დაქვეითებას
  • დაბალ ემოციურ ინტელექტს
  • ორთოპედიული დარღვევები, როგორიცაა მოტეხილობა ან ცერებრალური დამბლა
  • აუტისტური სპექტრის აშლილობა
  • თავის ტვინის ტრავმული დაზიანება
  • დასწავლის უნარის დაქვეითება, როგორიცაა დიგრაფია ან დისლექსია
  • მრავლობითი შეზღუდვები
  • ჯანმრთელობის დარღვევები, მაგ., დიაბეტი ან ყურადღების დეფიციტის და ჰიპერატიულობა-იმპულსურობის სინდრომი (ADHD)

http://mastsavlebeli.ge


კრიტიკული აზროვნების განვითარება კითხვისა და წერის გზით

 

საგანმანათლებლო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი კრიტიკული აზროვნების განვითარებაა. საჭიროა, პროცესი ისე დაიგეგმოს, რომ ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი უნარი ყურადღების მიღმა არ აღმოჩნდეს. აღსანიშნავია, რომ კრიტიკული აზროვნების სწავლა შესაძლებელია და ინფორმაციის გადაცემასთან ერთად აუცილებელია, მასწავლებელი ზრუნავდეს ისეთი გონებრივი აქტივობების განხორციელებაზეც, რომლებიც ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარებს გაააქტიურებს. რეალობა გადაწყვეტილებების მიღების უწყვეტ ციკლში ამყოფებს ადამიანს, შესაბამისად, კრიტიკული აზროვნება სცდება საგანმანათლებლო სივრცეს და პრაგმატული ყოფის განუყოფელი ნაწილი ხდება.

კრიტიკული აზროვნების მრავალი განმარტება არსებობს. დევიდ ჰალპერნი წიგნში „კრიტიკული აზროვნების ფსიქოლოგია“ წერს: „კრიტიკული აზროვნება არის კოგნიტიური ტექნიკისა და იმ სტრატეგიების გამოყენება, რომლებიც ზრდის სასურველი შედეგის მიღების ალბათობას“. იგულისხმება კონტროლირებადი, მიზანდასახული აზროვნების ტიპი, რომელიც გამოიყენება პრობლემების გადაჭრის, დასკვნების ფორმულირების, შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების დროს. იმავდროულად, მოაზროვნე ადამიანი იყენებს უნარ-ჩვევებს, რომლებიც გამართლებული და ეფექტურია კონკრეტული ტიპის სიტუაციისა და პრობლემისთვის. კრიტიკული აზროვნება გულისხმობს თავად აზროვნების პროცესის შეფასებასაც – მსჯელობას, რამაც კონკრეტულ დასკვნამდე მიგვიყვანა.

მკვლევრები კრიტიკული აზროვნების შემდეგ განმარტებასაც გვთავაზობენ: „კრიტიკულად აზროვნება ნიშნავს ცნობისმოყვარეობას და კვლევის მეთოდების გამოყენებას: კითხვების დასმას და პასუხების სისტემატურ ძიებას. კრიტიკული აზროვნება მუშაობს მრავალ დონეზე, არ კმაყოფილდება ფაქტებით, არამედ განსაზღვრავს ამ ფაქტების მიზეზებსა და შედეგებს. კრიტიკული აზროვნება გულისხმობს თავაზიან სკეპტიციზმს, საყოველთაოდ მიღებულ ჭეშმარიტებებში ეჭვის შეტანას, გარკვეულ საკითხზე თვალსაზრისის განვითარებას და ამ თვალსაზრისის ლოგიკური არგუმენტებით დაცვის უნარს“[1]. კრიტიკული აზროვნება არის „შეფასებითი აზროვნება“, რომლისთვისაც ცოდნა არა საბოლოო, არამედ საწყისი წერტილია, დასაბუთებული და ლოგიკური აზროვნება, რომელიც ემყარება პირად გამოცდილებასა და დამოწმებულ ფაქტებს.

კრიტიკული აზროვნების უნარზე ორიენტირებული სწავლა გულისხმობს არა მხოლოდ აქტიურ ძიებას რამის შესასწავლად, არამედ უფრო მეტს: ნასწავლის საკუთარ გამოცდილებასთან დაკავშირებას და შედარებას სხვა კვლევებთან. მოსწავლეებს უფლება აქვთ, ეჭვქვეშ დააყენონ მიღებული ინფორმაციის სანდოობა ან ავტორიტეტი, შეამოწმონ მტკიცებულებების ლოგიკა, გამოიტანონ დასკვნები, მოიხმონ ახალი მაგალითები მის გამოსაყენებლად, განიხილონ პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობები და ა.შ.

ტექნოლოგია „კრიტიკული აზროვნების განვითარება წერისა და კითხვის გზით“ შეიმუშავეს მეცნიერებმა და პროფესორებმა სმიტის კოლეჯსა და ჩრდილოეთ აიოვის უნივერსიტეტში (აშშ). ეს არის ინტეგრალური სისტემა, რომელიც აყალიბებს ინფორმაციასთან მუშაობის უნარ-ჩვევებს კითხვისა და წერის პროცესში; გვთავაზობს სპეციფიკური მეთოდოლოგიური ტექნიკის სისტემას, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა საგნობრივ სფეროში და სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. ეს თანამედროვე „ზესუბიექტური“ უნივერსალური ტექნოლოგიაა, რომელიც ღიაა დიალოგისთვის სხვა პედაგოგიურ მიდგომებსა და ტექნოლოგიებთან, რომლებიც ორიენტირებულია გადაუდებელი საკითხების გადაჭრაზე, საგანმანათლებლო პრობლემებზე. ამ ტექნოლოგიის ძირითადი ფილოსოფიური ასპექტებია ღია საზოგადოების იდეა და კულტურის თანამედროვე გაგება, რაც გულისხმობს სუბიექტების აქტიურობას, მათ შორის ურთიერთობის შესაბამისობას სხვადასხვა მსოფლმხედველობის არსებობა-არარსებობის პირობებში. ეს აღქმისა და ქცევის ერთიანი, მკაცრად განსაზღვრული ნორმაა.

აქედან გამომდინარეობს ტექსტის მნიშვნელობების სიმრავლის გაგება და ის ფაქტი, რომ მისი ინტერპრეტაცია დამოკიდებულია მკითხველზე და კლასში ჯგუფური მუშაობის ორგანიზების ფორმაზე. აღნიშნული მიდგომა შესაძლებელს ხდის სასწავლო პროცესში სხვადასხვა სახის ინტელექტუალური საქმიანობის უნარ-ჩვევების კომუნიკაციის უნარებთან გაერთიანებას.

ტექნოლოგია „კრიტიკული აზროვნების განვითარება კითხვისა და წერის გზით“ გულისხმობს ისეთ ჩარჩოს, რომელშიც გაკვეთილი არის ე.წ. ტექნოლოგიის ძირითადი მოდელი, რომელიც შედგება სამი: გამოწვევის, სემანტიკური და რეფლექსიის – ეტაპისგან.

გაკვეთილის ასეთი სტრუქტურა ჩვენთვის ცნობილია და, ფსიქოლოგების აზრით, შეესაბამება ადამიანის აღქმის ეტაპებს: ჯერ უნდა გაიხსენოთ, რა იცით ამ თემაზე, შემდეგ გაეცნოთ ახალ ინფორმაციას, დაფიქრდეთ, რისთვის გჭირდებათ მიღებული ცოდნა და როგორ შეგიძლიათ მისი გამოყენება.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ თანამედროვე სკოლის ბევრი მოსწავლე მხატვრული ლიტერატურის კითხვას ერთ-ერთ საყვარელ გართობას უწოდებდეს. მულტიმედიური ინფორმაციის წყაროების მრავალფეროვნება, შემოთავაზებული სარეკლამო და გასართობი პროგრამების ფართო სპექტრი, რომელიც არ მოითხოვს მაყურებლისგან ან მსმენელისგან სერიოზულ ფიქრს, იწვევს „ცხოვრების ზეიმის“ განცდას. გარდა ამისა, ბავშვთა საკითხავში ყველაზე დიდი ადგილი უკავია ე.წ. მასობრივ ლიტერატურას (ფანტასტიკა, დეტექტივები, ფენტეზი და ა.შ.), რომელიც მათ გონებას გარემომცველ სამყაროს აშორებს.

მეორე მხრივ, არიან ბავშვები, რომლებისთვისაც ზრდასრულთა საზოგადოების კანონები არ არის საიდუმლო: მათ უკვე სრულად განიცადეს მისი ყველა არამიმზიდველი მხარე და მხატვრული ლიტერატურის კითხვა საინტერესოდ აღარ ეჩვენებათ. ამიტომ ენისა და ლიტერატურის გაკვეთილები, სადაც ყველაზე ხშირად სწავლობენ ლიტერატურულ ტექსტებს, სირთულეებს უქმნის სკოლის მოსწავლეებს.

გაკვეთილებზე საჭიროა არა მხოლოდ ტექსტის წაკითხვა და ინფორმაციის მოპოვება, არამედ მხატვრული სინამდვილის მთელი მრავალფეროვნების ანალიზი, სხვადასხვა კუთხით შეფასება და ხშირად საკუთარი ტექსტის შექმნა, რომელიც აგებულია ხელოვნების ნაწარმოების მახასიათებლების გათვალისწინებით.

სამწუხაროდ, ზოგჯერ მოსწავლეებსა და მშობლებს წარმოუდგენიათ, რომ ტექსტის წაკითხვა საკმარისია. ბავშვებს, რომლებიც კეთილსინდისიერად კითხულობენ წიგნებს, ხშირად არ შეუძლიათ, დამოუკიდებლად გააანალიზონ ნაწარმოების პრობლემები, აღწერონ პერსონაჟები, გადმოსცენ შთაბეჭდილებები.

რა თქმა უნდა, ენისა და ლიტერატურის გაკვეთილების ერთ-ერთი ამოცანაა, დაეხმაროს მოსწავლეს, გააცნობიეროს ხელოვნების ნაწარმოების მეტაფორული სამყარო, გაიგოს ავტორის განზრახვა და შეაფასოს, თუ როგორ არის იგი განსხეულებული სიტყვაში. კრიტიკული აზროვნების განვითარების ტექნოლოგია აფართოებს ამოცანების სპექტრს. მასწავლებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ისეთ ასპექტებს, როგორებიცაა: შეძენილი ცოდნის ბოლომდე გათავისება, პრობლემების გადაჭრის გამოცდილების მიღება. თანამედროვე მედიასთან სასტიკი კონკურენციის პირობებში მოქცეული ლიტერატურის მასწავლებლები მუდმივ შემოქმედებით ძიებაში უნდა იყვნენ და სწავლების ახალი მეთოდებით ინტერესდებოდნენ, მგრძნობიარედ რეაგირებდნენ პედაგოგიური მეცნიერების მიერ შემოთავაზებულ სიახლეებზე.

პაუზებით კითხვა – ეს მეთოდოლოგიური ტექნიკაა ტექსტის წაკითხვის ორგანიზებისთვის სხვადასხვა ტიპის კითხვების გამოყენებით. მოცემული სტრატეგია მუშაობს როგორც დამოუკიდებელი კითხვისას, ასევე ტექსტის მოსმენისას და გამოიყენება შინაარსის გააზრების ეტაპზე.

ეს მიდგომა ითვალისწინებს შემდეგს:

  • ტექსტი ნაცნობი არ უნდა იყოს მოსწავლეებისთვის (წინააღმდეგ შემთხვევაში იკარგება ტექნიკის გამოყენების აზრი და ლოგიკა);
  • ტექსტი წინასწარ იყოფა ნაწილებად; მონიშნულია „პირველი გაჩერება“, „მეორე გაჩერება“ და ა.შ. ნაწილები შესაძლოა სხვადასხვა მოცულობისა იყოს, თითოეული მონაკვეთის შიგნით სემანტიკური ერთიანობა მნიშვნელოვანია. გაჩერება არ უნდა იყოს ბევრი (სასურველია, არა უმეტეს ხუთისა), რათა მოსწავლეებმა მთლიანობაში დაინახონ ნამუშევარი და გაიგონ ნაწილების ურთიერთდამოკიდებულება;
  • ტექსტის დავალებები და კითხვები ფორმულირებულია შემეცნებითი აქტივობის დონეების იერარქიის გათვალისწინებით (ბენჯამინ ბლუმის მიხედვით).

ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგისა და მასწავლებლის ბენჯამინ ბლუმის მიერ შექმნილი კითხვების სისტემატიკა, შემეცნებითი აქტივობის დონეების მიხედვით სასწავლო მიზნების ტაქსონომიაზე დაფუძნებული (ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება), მკითხველისთვის ცნობილი და საკმაოდ პოპულარულია თანამედროვე სამყაროში.

პრაქტიკული მუშაობის დროს ზოგიერთ პედაგოგს აქვს ტაქსონომიის საკუთარი მოდიფიკაცია:

  • მარტივი კითხვები. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად საჭიროა რამდენიმე ფაქტის დასახელება, გარკვეული ინფორმაციის დამახსოვრება და რეპროდუცირება. ისინი ხშირად გამოიყენება კონტროლის ტრადიციულ ფორმებში: დავალებებში, ტესტებში, ტერმინოლოგიური კარნახის ჩატარებისას და ა.შ.
  • დამაზუსტებელი კითხვები. ჩვეულებრივ, იწყება სიტყვებით: „შენ ამბობ, რომ…“, „თუ სწორად მესმის, მაშინ…“, „შეიძლება ვცდები, მაგრამ, ჩემი აზრით, თქვენ თქვით…“ ამ კითხვების მიზანია, მისცეთ მოსწავლეს უკუკავშირის შესაძლებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კითხვების დასმა კეთილგანწყობით. როგორც დამაზუსტებელი კითხვის პაროდია, შეგვიძლია, მოვიყვანოთ მაგალითი (წარბები – აწეული, თვალები – გაფართოებული): „მართლა გგონია, რომ…?“
  • ინტერპრეტაციული (ახსნითი) კითხვები „რატომ?“. ზოგიერთ სიტუაციაში ასეთი კითხვები შეიძლება აღიქმებოდეს როგორც იძულება. სხვა სინამდვილეში ეს კითხვა მიზნად ისახავს მიზეზშედეგობრივი კავშირების დამყარებას.
  • კრეატიული კითხვები. თუ კითხვაში არის ვარაუდის ელემენტი, ავტორები მას კრეატიულს უწოდებენ. მაგ., „როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება ფილმის სიუჟეტი?“
  • შეფასებითი კითხვები. ეს კითხვები მიზნად ისახავს გარკვეული მოვლენების, ფაქტების შეფასებას.
  • პრაქტიკული კითხვები. თუ კითხვა მიზნად ისახავს თეორიასა და პრაქტიკას შორის კავშირის დანახვას, მას პრაქტიკულს უწოდებენ. მაგ., „რას გააკეთებდით მოთხრობის პერსონაჟის ადგილას?“

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყველა ასაკის (პირველი კლასიდან დაწყებული) მოსწავლეებს ესმით ყველა ტიპის კითხვის მნიშვნელობა, ანუ შეუძლიათ საკუთარი მაგალითების მოყვანა. გაკვეთილებზე მუშაობისას „გაჩერებებით კითხვის“ სტრატეგიას ემატება ტექნოლოგიის სხვა ტექნიკა გამოწვევისა და რეფლექსიის ეტაპზე. კითხვის სტრატეგიაზე მუშაობის ზოგადი ალგორითმი ასეთია:

  1. გამოწვევა. ტექსტის აგება საკვანძო სიტყვების მიხედვით, მოთხრობის სათაურის განხილვა და მისი შინაარსისა და საკითხების პროგნოზირება;
  2. შინაარსის გააზრება. ტექსტის წაკითხვა მცირე მონაკვეთებით, თითოეულის შინაარსის განხილვით და სიუჟეტის განვითარების პროგნოზირებით. მასწავლებლის მიერ დასმული კითხვები უნდა მოიცავდეს კითხვების ყველა დონეს. სავალდებულო კითხვა-პროგნოზი: „რა იქნება შემდეგ და რატომ?“
  3. ანარეკლი. ამ ეტაპზე ტექსტი კვლავ წარმოადგენს ერთ მთლიანობას. მნიშვნელოვანია ამ ტექსტის გაგება. მუშაობის ფორმა შეიძლება სხვადასხვა იყოს: შემოქმედებითი წერა, დისკუსია, ერთობლივი ძიება.

კითხვისას ჩვენ სიამოვნებით ვიძირებით უნიკალურ, დაუვიწყარ სამყაროში. მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეს ამ სამყაროში ჩაძირვაში. მან უნდა მოძებნოს გზები, რომლებითაც მოსწავლე შეაღწევს ლიტერატურულ ტექსტში, უნდა ასწავლოს მას, იყოს მკითხველი, მოაზროვნე, მზად იყოს აღმოჩენებისთვის.

კითხვის სტრატეგიებთან ერთად მნიშვნელოვანია წერის მეთოდების ისე შერჩევაც, რომ მოსწავლისთვის ჩვეული რუტინა საინტერესო და სახალისო ქმედებად ვაქციოთ.

წერითი დავალებების ანალიზი მნიშვნელოვანია კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა წერითი სამუშაოს ანალიზის მეთოდების შერჩევა.

მოსწავლეებისთვის ადვილი არ არის საკუთარი წერილობითი ნამუშევრების ანალიზი და შეფასება. სამუშაოს დასრულებამდე მათ ზოგჯერ სურთ, მასწავლებლისგან ან თანაკლასელებისგან რჩევა მიიღონ. მასწავლებელს შეუძლია, დაეხმაროს მოსწავლეებს შემდეგი კითხვების დასმით: „როგორ გრძნობდით თავს ამ ნაშრომის წერისას? როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი ტექსტის ძლიერი მხარე? რა გაგიჭირდათ ყველაზე მეტად? როგორ ცდილობდით ამ სირთულეებთან გამკლავებას? გჭირდებათ რჩევა, სანამ ნამუშევრის რედაქტირებას დაიწყებთ?“ ამ კითხვების განხილვის შემდეგ მიეცით მოსწავლეებს დრო მომდევნო გაკვეთილზე ან სახლში ტექსტის გადასაწერად. ორმხრივი რედაქტირებაც ძალიან სასარგებლოა. მაგრამ მასწავლებელმა აუცილებლად უნდა აჩვენოს კლასს სტრატეგია და სასურველია, წაახალისოს მოსწავლეები, დაეხმარონ მეგობრებს ტექსტის რედაქტირებაში. სხვისი ტექსტის წაკითხვისას მათ შეუძლიათ შენიშვნების მიცემაც.

მეგობრის ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებმა უნდა იმსჯელონ, რა მოეწონათ ამ ნამუშევარში, დაუსვან ერთმანეთს კითხვები ბუნდოვანი ადგილების შესახებ. შეუძლიათ, შესთავაზონ რეკომენდაციებიც ტექსტის გასაუმჯობესებლად, ავტორებს კი, რა თქმა უნდა, უფლება აქვთ, მიიღონ ისინი ან უარყონ. რედაქტირების შემდეგ კლასი გადადის ტექსტზე მუშაობის დასკვნით ეტაპზე – რეფლექსიურ დისკუსიაზე. მასწავლებელს შეუძლია, დასვას შემდეგი კითხვები:

  • ისწავლეთ რამე ახალი და სასარგებლო მეგობართან ერთად მუშაობისას?
  • თუ ასეა, რა მიგაჩნიათ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვნად?
  • თუ არა, მუშაობის რომელი უფრო სასარგებლო ფორმები შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ?

მოსწავლეები მალე მიხვდებიან, რომ სხვისი ტექსტის გაანალიზებითა და კონსტრუქციული კრიტიკით იძენენ საკუთარ ტექსტზე მუშაობის ღირებულ უნარებს

რა გვინდა ვასწავლოთ მოსწავლეებს?

ამ კითხვას ხშირად ვუსვამთ საკუთარ თავს და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ კლასს ვასწავლით, პასუხი ყოველთვის ერთი და იგივეა. გაკვეთილის მთავარი მიზანია, აღზარდოს პიროვნება, ადამიანი, რომელსაც შეუძლია წაკითხულის გაანალიზება, ფაქტების, მოვლენების დამოუკიდებლად შეფასება და აგრეთვე ის, რომ მიღებული ცოდნის საფუძველზე ჩამოაყალიბოს საკუთარი შეხედულება სამყაროზე. ერთი სიტყვით, ადამიანს ფიქრის არ უნდა ეშინოდეს.

ამ მიზნის მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის გარკვეული პირობების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას. სწავლების თანამედროვე მეთოდები, სამწუხაროდ, ყოველთვის არ იძლევა კლასში თითოეული მოსწავლისთვის კომფორტული პირობების, შემოქმედებითი ატმოსფეროს  შექმნის საშუალებას. რატომ იწყენენ ბავშვები კლასში? რატომ არ უყვართ თანამედროვე ბავშვებს კითხვა, ეშინიათ პასუხის გაცემის, არ წერენ ესეებს, მაგრამ მექანიკურად იწერენ სხვის აზრებს და ნაკლებად აინტერესებთ მათი შინაარსი? მხოლოდ დამახსოვრებული წესები ბავშვს წიგნიერს ვერ გახდის და ნასწავლი თარიღები ამა თუ იმ ლიტერატურული ნაწარმოების გაგებაში ვერ დაეხმარება.

მთავარი, რითაც მასწავლებელი უნდა ხელმძღვანელობდეს გაკვეთილის თემის, რესურსების შერჩევისას, მოსწავლეებთან მუშაობის მეთოდებია, მკაფიო წარმოდგენა იმის შესახებ, რისი სწავლება გვინდა, როგორ უნდა ვასწავლოთ, რა ეტაპები უნდა გაიაროს მოსწავლემ გაკვეთილზე.

ბიბლიოგრაფია

  1. ვიგოტსკი . . აზროვნება და მეტყველება. ფსიქოლოგიური კვლევა. 1996
  2. Klarin M.V. სწავლების ინოვაციური მოდელები უცხოურ პედაგოგიურ ძიებაში. მ.: ედ. „არენა“, 1994. ს. 223
  3. Halpern D. კრიტიკული აზროვნების ფსიქოლოგია. 2000 წ.

[1] Temple C., Meredith K., Steele J. Handbook “How Children Learn: A Core Fundamental

 

http://mastsavlebeli.ge

არაფორმალური განათლება ცოდნის ტრანსფერისთვის

 

არაფორმალური განათლება არის სასწავლო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, არასაგაკვეთილო დროსა და სივრცეში.  არაფორმალური განათლება მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს მისთვის საინტერესო თემებს,  იკვლიოს მისთვის საინტერესო საკითხი და მეგობრებთან ერთად , ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმოს, განახორციელოს ბევრი საინტერესო აქტივობა.  ასეთი  სწავლებისას მოსწავლე თავისუფალია. სასწავლო პროცესი მასზეა მორგებული, მასზეა ორიენტირებული, რაც მოსწავლეების   დაინტერესებას იწვევს. ინტერესი კი ზრდის  მოტივაციას.

არაფორმალური სწავლებისას მოსწავლეები არიან  სწავლების აქტიური მონაწილეები, მშობლები და მათი ოჯახები კი  ჩართულები არიან  არაფორმალური განათლების პროგრამის  განხორციელებაში. თანამშრომლობა სკოლასა და ოჯახს შორის ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია.

არაფორმალური განათლება არის ფორმალური განათლების გაგრძელება, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებში წიგნიერების,  ციფრული უნარების,  ცხოვრებისეული  და  სოციალურ-კულტურული უნარების განვითარებას.  ამ უნარების დაუფლებით, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ემზადება ახალგაზრდა და   ხდება თავდაჯერებული.

ტერმინი „არაფორმალური განათლება“ გაჩნდა 1960-იან წლებში.  1973 წელს ფილიპ ჰ. კუმბსმა, პროსერმა და აჰმედმა დაადგინეს ფორმალური  და არაფორმალური განათლების განმარტებები:

ფორმალურ განათლებას აქვს იერარქიული სტრუქტურა, რომელიც ორგანიზებულია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით განათლების სისტემაში. ის იწყება დაწყებით სკოლაში და მთავრდება უნივერსიტეტში.

არაფორმალური განათლება არის სასიცოცხლო პროცესი, რომლის დროსაც თითოეული ინდივიდი იძენს დამოკიდებულებებს, ღირებულებებს, უნარებსა და ცოდნას. ეს კი  მიიღება ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან ცოდნის დაკავშირებით.

განსხვავება ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას შორის:

ფორმალური განათლება:

  • ორიენტირებულია სწავლაზე;
  •  ემსახურება  გრძელვადიან ზოგად განათლებას, რომელიც ხელს უწყობს ინდივიდის განვითარებას, ინდივიდში ცოდნის დაგროვებას;
  • ფორმალური განათლება მომავალზეა ორიენტირებული.

არაფორმალური განათლება:

  • ცნობილია როგორც მოკლევადიანი ან სპეციფიკური განათლება, რომელიც ემსახურება ინდივიდების  მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას;
  • მიზნად ისახავს მიღებული ცოდნის გამოყენებას  პრაქტიკაში არა მომავალში, არამედ ცოდნის მიღების დღიდან.
  • მოკლევადიანია და მიზანზე ორიენტირებული.

არაფორმალური განათლების ერთ-ერთი საფუძველია სახალისო სწავლა. სავარჯიშოები, პრეზენტაციები, ინტერაქტიული ლექციები და ა. შ., ხელს უწყობს სხვადასხვა უნარების გამომუშავებას ცხოვრების ნებისმიერ სიტუაციაში.  ზრდის  მოსწავლეთა მოტივაციასა და ინტერესს. ქვემოთ მოცემულია არაფორმალური განათლების რამდენიმე უპირატესობა.

არაფორმალური განათლება:

  • თითოეულ მოსწავლეს აძლევს ადეკვატურ სივრცეს და დროს უნარ-ჩვევების  გამოსავლენად;
  • არაფორმალური განათლება არის თვითკონტროლირებადი და თვითმართვადი სწავლების ტიპი, რომელსაც ჩვეულებრივ არ აქვს ფორმალური სასწავლო გეგმა და შეიძლება იყოს სპონტანური;
  • მოსწავლე  განსაზღვრავს როდის, სად,  როგორ, რა ფორმით  დაიკმაყოფილებს ინტერესს;
  • მოსწავლე არ არის დაძაბული, არც დროში შეზღუდული;
  • არ გულისხმობს მხოლოდ მასწავლებლისგან მიწოდებულ ცოდნას, შესაძლებელია თანატოლისგან  სწავლა;
  • მოსწავლე არ არის მოწყენილი, რადგან  საკვლევი საკითხი, აქტივობები,  მისი ინტერესითაა შერჩეული;
  • მოსწავლე საკუთარ თავს უსახავს მიზანს და ამ მიზნის მისაღწევად  თავად ისწრაფვის;
  • არ საჭიროებს წინა გამოცდილებას ან თემის სწავლას;
  • სწავლა შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი ტემპით;

შინაარსი და სასწავლო მასალები შეიძლება გამოიყენოთ  იმ ტემპით,  როგორც საჭიროდ ჩათვლით.

 

არაფორმალური სწავლება გულისხმობს:

  • კომფორტულ ზონაში დასვენებას და ინფორმაციის უფრო ეფექტიანად აღქმას.
  • კლუბურ მუშაობას თანატოლებთან ერთად.

არაფორმალური განათლების ფორმულა ასეთია: ,,თუ არ მოგწონს, რასაც ვაკეთებთ, ვცადოთ სხვანაირად“ .

თანამედროვე მოსწავლე აღჭურვილი უნდა იყოს სხვადასხვა უნარებით. უნდა შეეძლოს კრიტიკული აზროვნება, შეფასება, ანალიზი, მსჯელობა და ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.   ამ უნარების განვითარებას ხელს უწყობს საკლასო სივრცეში დანერგილი არაფორმალური განათლება. მოსწავლეები უფრო თავისუფლები და შემოქმედებითები ხდებიან.  არაფორმალური განათლების ფარგლებში  ბევრი პროექტი განვახორციელეთ ონლაინ თუ საკლასო სივრცეში. შემოგთავაზებთ ერთი პროექტის  აღწერილობას.

პროექტის დასახელება:  დედამიწა ჩვენი სახლია, გავუფრთხილდეთ  მას!

პროექტის მიზანი:  მოსწავლეს განუვითარდეს:

  • ეკოლოგიური წიგნიერება;
  • კვლევა-ძიების უნარი;
  • დაკვირვების უნარი;
  • შემოქმედებითი უნარი;
  • მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებისა და პრეზენტაციის უნარი;

პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან, თუ რა ზიანს აყენებს  დანაგვიანებული გარემო ადამიანის ჯანმრთელობას. მიხვდებიან, რომ  სხვადასხვა დაავადებების გამომწვევი მიზეზი, ადამიანთა დაუდევრობაა.  შეძლებენ საუბარს იმაზე, თუ როგორ  ბინძურდება გარემო, რა იწვევს დაბინძურებას და როგორ შეიძლება დაიცვას ადამიანმა გარემო დაბინძურებისგან.

პროექტის აქტუალობა:  მიღებული გამოცდილების ცხოვრებაში გამოყენება.  ეკოლოგიური წიგნიერება, ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი მთავარი გამჭოლი კომპეტენციაა, აქედან გამომდინარე, მოსწავლეებში ეკოლოგიური წიგნიერების განვითარებაზე ზრუნვა  მნიშვნელოვანია.

სასწავლო პროცედურები:  

  • საუბარი გარემოსდაცვით საკითხებზე. ( იხ. მასალა)
  • ვიდეორგოლების ნახვა და გაანალიზება( YouTube არხზე ბევრი ვიდეორგოლია. საკითხების მიხედვით შესაძლებელია ამორჩევა, ნახვა და  კლასში განხილვა) .
  • ვისაუბრეთ რა იწვევს ჰაერის, ნიადაგის,  წყლისა და გარემოს დაბინძურებას.
  • პერსონაჟის რუკის დახმარებით დაახასიათეს ადამიანი და დედამიწა.
  • განვიხილეთ ლექსი ,,მე ვარ ადამიანი“. ვისაუბრეთ უცხო ლექსიკურ ერთეულებზე, გამოვიყენეთ ,,ცნების  რუკა“.
  • პროექტის ფარგლებში აღინიშნა ყველა მნიშვნელოვანი თარიღი:

21 მარტი- ტყის საერთაშორისო დღე.

22 მარტი- წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე.

28 მარტი- დედამიწის საათი.

23 აპრილი-დედამიწის დღე.

15 სექტემბერი- მსოფლიო დასუფთავების დღე.

პროექტის შეჯამება:   ეტაპობრივად   შეძენილი ცოდნის გამოყენებით, მოსწავლეებმა შექმნეს  პრეზენტაციები,  ბუკლეტები  და მოუწოდეს ადამიანებს გარემოზე ზრუნვისკენ. დაამზადეს ნაგვის ურნები და დიორამები. დიორამებსა და პრეზენტაციებში საუბრობდნენ არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.   არაფორმალური განათლების მიზანიც სწორედ ესაა, რომ მოსწავლემ მოახდინოს ცოდნის ტრანსფერი. დაინახოს პრობლემების მოგვარების გზები და გაუზიაროს სხვებსაც.  არაფორმალური განათლება, ფორმალურ განათლებასთან ერთად, ხელს უწყობს მოსწავლეს გახდეს დაკვირვებული, შემოქმედი, კრიტიკულად მოაზროვნე და წიგნიერი მოქალაქე.

  გამოყენებული ლიტერატურა:

„ვირჩევ შეკითხვას” რესურსი ერთი აქტივობისთვის

 

ყველა ვთანხმდებით, რომ თუ მოსწავლემ იცის ფორმულა, წესი და განმარტება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას აქვს საკითხის კონცეპტუალირი გაგება. ამ მიმართულებით აუცილებელია კონცეპტუალური ჩარჩოებით მუშაობა. მოსწავლეთა კონცეპტუალური გაგების განვითარება წინ უნდა უსწრებდეს პროცედურების ინსტრუქციას. მიუხედავად იმისა, რომ კონცეპტუალური ცოდნა აუცილებელი საფუძველია, პროცედურული და ფაქტობრივი ცოდნა თავისთავად მნიშვნელოვანია.

იმისათვის, რომ მოსწავლეებმა გამოავლინონ კომპეტენცია კვლევაში, მათ სჭირდებათ:

  1. მყარი საფუძველი ფაქტობრივ ცოდნაში, რომელიც არის დისკრეტული ინფორმაცია და დამოუკიდებელი განმარტებები;
  2. ფაქტების გააზრება კონცეპტუალური ჩარჩოს კონტექსტში, რომელიც არის ცნებები მნიშვნელობით, კავშირებით ინფორმაციას შორის და მდიდარია ფაქტობრივი დეტალებით;
  3. ცოდნის ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს მოძიებას, ცოდნათა დაკავშირებასა და გამოყენებას.

ცოდნის შეფასება, სწორედ კვლევითი, პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული, კონტექსტური ამოცანებითაა შესაძლებელი, თუმცა მისი შემოწმება ზოგჯერ „ხისტადაც“ შეიძლება, კითხვა-პასუხით. მინდა, გაგიზიაროთ ციფრული ინსტრუმენტი https://wheelofnames.com/, რომელსაც თამაშის ეფექტი აქვს, სახალისოა, ბავშვებს მოსწონთ. ამავდროულად, გეხმარება გავიგოთ, რა იციან ჩვენმა მოსწავლეებმა, რა არ იციან და რა უნდა იცოდნენ და როგორ განვავითაროთ. კითხვები არის საშუალება საკითხის კონცეპტუალური გაგებისა და განზოგადებისათვის. იგი თემატური ერთეულის დაგეგმვის კრიტიკულ ნაწილს წარმოადგენს.

რესურსის აღწერა:

შევდივართ მითითებულ ვებგვერდზე https://wheelofnames.com/ გამოვა სექტორებად დაყოფილი ასეთი „საჭე“.

და მარჯვენა ფანჯარაში ვწერთ თემატური ერთეულის ან საკითხის შესაბამის ფაქტობრივ შეკითხვებს, კონცეპტუალურ შეკითხვებს, ან მარტივ პროცედურულ შეკითხვებს. რამდენ კითხვასაც დავწერთ, იმდენ სექტორად დაიყოფა ჩვენი ციფრული სპინერი. მასზე დაწკაპუნებით, იგი იწყებს ბრუნვას და გაჩერდება ისრით მითითებულ სექტორზე, რომელშიც ჩაწერილ კითხვას ეკრანზე თვალსაჩინოდ გამოიტანს. გამოყენებული შეკითხვა შესაძლებელია ამოვიღოთ სპინერიდან და დავტოვოთ დანარჩენი შეკითხვები, რაც თავიდან აგვარიდებს შემდეგ ჯერზე კითხვის გამეორებისაგან.

მოცემულ ბმულზე https://www.youtube.com/watch?v=9z-LCBwsYQ8 არის დეტალური ინსტრუქცია, თუ როგორ იმართება ეს რესურსი, როგორ შეიძლება დიზაინის შეცვლა, შენახვა ან გაზიარება.

გაგიზიარებთ, როგორ ვიყენებ ამ რესურსს გაკვეთილზე. იგი შესაძლებელია გამოვიყენოთ როგორც ონლაინსწავლების რეჟიმში, ასევე საკლასო ოთახშიც.

სამიზნე ცნება: ზომა და ზომის ერთეულები

ქვეცნება: ზომის ერთეულები

საკითხი: სიგრძის ერთეულები

კლასი: მე-4

მიზანი: მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა ზომის ერთეულის ერთმანეთთან დაკავშირება და გამოყენება.

რესურსის მომზადება: სპინერი დავყავი 8 სექტორად. შესაბამისად, მოვამზადე 8 შეკითხვა (კითხვების რაოდენობაში შეზღუდულნი არ ვართ) შეკითხვები არის როგორც ფაქტობრივი, ასევე კონცეპტუალური და სადავო (პროვოკაციული).

ფაქტობრივი კითხვაში ფიგურირებს კითხვითი სიტყვა – „რა?“ ფაქტობრივი კითხვა ითხოვს განმარტებებს, ფორმულებსა და დამახსოვრებულ ლექსიკას. ხშირად ფაქტობრივი კითხვები იწყება ასე: „რა არის….“.

კონცეპტუალური კითხვები იყენებს ფაქტობრივ შინაარსს, როგორც საფუძველს, რომ მოსწავლეებმა შეძლონ კონცეპტუალური გაგების მტკიცებულება. ხშირად კონცეპტუალური კითხვები იწყება: „როგორ…? ან რატომ…?“.

სადავო ან პროვოკაციული კითხვები იწვევს მეტ ცნობისმოყვარეობას, დებატებს და უფრო ღრმა გაგებას. საკამათო კითხვები იწყება: „არის თუ არა….?“, „რამდენად სანდოა …“.

კითხვის დასმა შეფასების არსებითი ინსტრუმენტია.

აქ წარმოდგენილია რესურსისთვის შექმნილი სამივე კატეგორიის კითხვა, რაც ეხმარება მოსწავლეებს, გააცნობიერონ კავშირი საკითხის ფაქტობრივ შინაარსსა და კონცეპტუალურ შინაარსს შორის.

 

1)      რა არის საზომი სტანდარტული ერთეულები? რა არის არასტანდარტული საზომი ერთეულები? (და რატომ უწოდებენ ასე?)

2)      რატომ არის მნიშვნელოვანი სტანდარტული ერთეულების გამოყენება? როდის შეიძლება გამოყენებულ იქნას არასტანდარტული ერთეულები?

3)      13მ+1300სმ+130დმ=?…მ.

4)      რომელ ოთხ მეტრულ ერთეულს ვიყენებთ ჩვეულებრივ სიგრძის გასაზომად და საუბრისას?

5)      რომელი იქნება ყველაზე გონივრული ერთეული ძველი ჭადრის ხის სიგრძის გასაზომად და რატომ?

6)      რომელი იქნება ყველაზე გონივრული ერთეული ქუთაისსა და თბილისს შორის მანძილის გასაზომად და რატომ?

7)      რომელი იქნება ყველაზე გონივრული ერთეული ბეღურას ბუმბულის სიგრძის გასაზომად და რატომ?

8)      საზომი ერთეულები აღმოაჩინეს თუ გამოიგონეს? რატომ ფიქრობთ ასე?

 

რესურსი კი ვიზუალურად ასე გამოიყურება

8 შეკითხვა შეკითხვის არჩევა და თვალსაჩინოდ გამოტანა ეკრანზე გამოყენებული შეკითხვის ამოშლა. დარჩა 7 შეკითხვა (კითხვას ამოვიღებთ იმ შემთხვევაში, თუ არ გვინდა განმეორდეს).

 

ეს რესურსი შესაძლებელია მთელ კლასთან გამოვიყენოთ და შესაძლებელია და მოსწავლეებს შევთავაზოთ შეჯიბრებითობის პრინციპით.

შესაძლოა ციფრული სპინერი ჩვეულებრივი კამათლით ჩავანაცვლოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ 6 შეკითხვა უნდა მოვუმზადოთ მოსწავლეებს.

ვიძახებ სამ მოსწავლეს, აქაც ციფრულ სპინერს ვიყენებ. მთელი კლასის მოსწავლეთა სახელებით შევსებული სპინერის დატრიალებით ის შემთხვევითი პრინციპით ირჩევს მონაწილეს. ეს რესურსი მრავალჯერ გამოყენებადია და მეხმარება სხვა გაკვეთილებზეც, ჩაანაცვლა „გამოძახების ჩხირები“.

გამოძახებული სამი მოსწავლიდან 2 თამაშის მონაწილეა, ხოლო ერთი შემფასებელი. მოსწავლეები წინასწარ გავაფრთხილე, რომ კითხვის პასუხი ახსნან დასაბუთებული მსჯელობით.

მოსწავლე თავად ატრიალებს სპინერს, ანუ ირჩევს შეკითხვას, რომელსაც უნდა უპასუხოს. შემდეგ მეორე ანალოგიურად, ხოლო მესამე მოსწავლე არის შემფასებელი, მთელ კლასთან ერთად. ამავდროულად მესამე მოსწავლე ინიშნავს სწორი პასუხების რაოდენობას და გამოავლენს გამარჯვებულს.

აქტივობა იმდენად სახალისოა, ყველას უნდა მასში მონაწილეობა, თუმცა ერთ გაკვეთილზე შეუძლებელია. სხვადასხვა გაკვეთილებზე ხშირად ვაკეთებთ, ვცვლი შეკითხვებს. აქტივობა სულ რაღაც 4-5 წთ. გრძელდება და განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა, მისი დადებითი მხარე ისაა, რომ ყველა მოსწავლე ემზადება, ღირსეული „თამაშისათვის“, შესაბამისად მოსწავლეები მუშაობენ საკითხის შინაარსის გაგება-გააზრებასა და დამახსოვრებაზე.

ცოდნის ორგანიზატორი „ვირჩევ შეკითხვას“ – გამოვიყენე მოსწავლეებთან, როგორც სწავლის შეფასების ინსტრუმენტი. კითხვების დასმის მიზანია, ჩართულობის გაზრდა და გაკვეთილის ტემპის შენარჩუნება. სპინერი კითხვების დიფერენცირების საშუალებას არ იძლევა, თუმცა დაბალი მზაობის მოსწავლეებს წინასწარ ვაცნობ ხოლმე, რომელ კითხვებს „დაუსვამს სპინერი“, რაც ზრდის პასუხისმგებლობას და ეხმარება მოსწავლეებს წარმატების მიღწევაში.

კითხვების პრაქტიკა მოსწავლეებს ეხმარება, სწრაფად აზროვნების განვითარებაში, და ამზადებს მათ კომპლექსური, დასკვნითი ტიპის დავალებებისათვის.

გამოყენებითი ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

http://ncp.ge/ge/curriculum?subject=36&subchild=198;

  1. მათემატიკის გზამკვლევი მე-4 კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში.

https://math.ge/meotkhe-klasi/.

 http://mastsavlebeli.ge/

ერთი იდიომის თავგადასავალი

 

ამბობენ რომ ენის სიმდიდრესა და სილამაზეს, ასევე სიღრმესა და მრავალფეროვნებას ენაში არსებული ხატოვანი გამონათქვამები, ანუ იდიომები განსაზღვრავს. ენის ცოდნის ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად იდიომების გააზრებაა. ბევრ ახალგაზრდას უჭირს ამ საკითხთან გამკლავება, რადგან ისიც უნდა ითქვას რომ თანამედროვე მწერლობა ქართული თუ ნათარგმნი ხატოვან გამონათქვამებს დიდად აღარ სწყალობს. ვფიქრობ ენის შეყვარებისათვის და გათავისებისთვის იდიომებზე მუშაობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა. გთავაზობთ ერთ  ძალიან საინტერესო და ზღაპრულ გამონათქვამზე ჩემს მიერ შედგენილ პატარა ტექსტს და აქტივობებს, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ბავშვებთან, ალბათ შვიდი წლიდან ზემოთ, რა თქმა უნდა, ცვლილებებით და ადაპტაციით.

ვარსკვლავებს ეთამაშება

შორეულ, შორეულ წარსულში, ჩვენი წინაპრების წარმოსახვით, სამყარო  დამბადებელს შეუქმნია. მიწისთვის სკნელი დაურქმევია და ადამიანებისთვის უჩუქებია.  სინათლის გარეშე სკნელი ბნელი და ნაცრისფერი ჩანდა, რაღაც კიდევ იყო საჭირო, რაც ქვეყნიერებას ნათელს მოჰფენდა. იფიქრა, იფიქრა დამბადებელმა და გადაწყვიტა ადამიანებისთვის ცა ეჩუქებინა. ცა – მტკიცე, ნათელი და ვრცელი უნდა ყოფილიყო, მის ქვეშ სულიერსა და უსულოს დაცულად რომ ეგრძნოთ თავი, ხოლო სინათლეს მიწის ყველაზე ბნელი ადგილებიც კი უნდა გაებრწყინებინა.

დამბადებელს მიწის, სკნელის გადასახურად ყველაზე მტკიცე ლითონები შეურჩევია, მათ შორის რვალიც. გამოუჭედავს ცა და ცის კაბადონიც გაჩენილა. თუმცა ცის კაბადონს  რაღაც მაინც აკლდა, სკნელს კიდევ უფრო მეტი სინათლე სჭირდებოდა. დამბადებელი კიდევ ერთხელ დაფიქრებულა და თავის სამჭედლოს ჩაფიქრებული მისდგომია, ჰოდა, დაუწყვია ჭედვა. ჭედდა და ჭედდა ოქროსგან უზარმაზარ ბურთს, მისი ჭედვის ხმა ჭექა-ქუხილად იკლაკნებოდა, აზანზარებდა ყველაფერს და ნაპერწკლებს ფანტავდა რვალის ზეცაზე, დედამიწაზე კი ამ დროს ოქროს ფანტელების ცვენა დაწყებულა. ადამიანებს დაუწყიათ შეგროვება და ქილებში შენახვა. როგორც მზის ფიფქებისა და სხივების ანასხლეტის. ეს ოქროს ფიფქებია შემდგომში მკვდრებსაც რომ გააცოცხლებს, მაგრამ ეს უკვე სხვა ამბავია.

ჰოდა, გამოუჭედია უზარმაზარი ოქროს სფერო და ცის კაბადონზე დაუკიდია და სახელიც უწოდებია – მზე.

მარტივი საქმე არ ყოფილა ამხელა ქვეყნიერების დღე და ღამე ნათება, იღლებოდა თურმე მზე, ჩაეძინებოდა ხოლმე და ადამიანებთან ისევ უკუნეთი ისადგურებდა. შიში იპყრობდათ, მუდარით შესთხოვდნენ დამბადებელს სინათლეს.

დამბადებელმა შეისმინა თხოვნა. ღამის სფერო ვერცხლისგან გამოჭედა და მთვარე უწოდა. მთვარის ჭედვისასაც ქროდნენ მიწაზე მთვარის, ვერცხლის ფანტელები.

ადამიანებისთვის კი მზე და მთვარე ღმერთებად იქცნენ, ისინი ხომ ათბობდნენ, გზას უნათებდნენ, მათზე ლოცვა დაიწყეს, შეუყვარდათ ძალიან.

დამბადებლის სამჭედლოში კიდევ უამრავი ოქროსა და ვერცხლის ფანტელი დარჩენილიყო, ვერცხლის მთვარე კი უკუნის განათებას მარტო ვერ აუდიოდა, კიდევ ბევრი უფიქრია დამბადებელს, აუღია თავის ჯადოსნური ჩაქუჩი, დაურტყამს გრდემლზე და ეს ოქროსა და ვერცხლის ფიფქები ღამეულ ცაზე ვარსკვლავებად აუკაშკაშებია.

ზესკნელი, ზეცა – ღმერთებისა და ქალღმერთების სამფლობელოდ ქცეულა, იქ ასვლის უფლება მხოლოდ გამორჩეულ ადამიანებსა ან ღვთისშვილებს ჰქონიათ. ჰოდა, ადიოდნენ, ულამაზესი, უკეთილშობილესი, თანატოლებისგან გამორჩეული ვაჟები და ქალები, ხვდებოდნენ მზესა და მთვარეს, ეთამაშებოდნენ ვარსკვლავებს და უკან გაბრდღვიალებულები, ნათლით სავსეები ბრუნდებოდნენ.

ამ დროს შეუთხზავთ მშვენიერი ხალხური ლექსიც:

„მზე – დედაა ჩემი,

მთვარე – მამაჩემი,

მოციმციმე ვარსკვლავები

და და ძმაა ჩემი.“

სწორედ აქედან მოუღწევია ჩვენს ეპოქამდე გამონათქვამს: „ვარსკვლავებს ეთამაშება“ – რომელიც განსაკუთრებით ლამაზ და გამორჩეულ, სიცოცხლით სავსე, მკვირცხლ  ადამიანზე ამბობენ, იმაზე, ვისაც ზესკნელთან კავშირი ჰქონია, ვარსკვლავები უნახავს. ხოლო „ვარსკვლავებს კრეფს“ – მეოცნებეზე, რომელიც სიზმრებსა და ოცნებებში ღმერთებისა და ქალღმერთების სამყოფელში დანავარდობს, უკან კი ვარსკვლავებით ხელდამშვენებული ბრუნდება.

ეს გამონათქვამი მწერლებსაც ძალიან მოსწონებიათ, ზოგიერთს კი თავის ტექსტებშიც გამოუყენებია. ი. ეკალაძეს დაუწერია: „ისეთი ვაჟკაცია… ჩემგან არჩეული სასიძო, რომ სულ ვარსკვლავებს ეთამაშებაო.“

 

ლექსიკონი

რვალი – სპილენძის (ლითონი) და კალის (ლითონი) შენარევი.

ცის კაბადონი – ცის კამარა, ცის თაღი, ცის გუმბათი.

გრდემლი – რკინის საყრდენი ლითონის გამოსაჭედად.

დაუკვირდი სქემას,  შეავსე და გაუკეთე ილუსტრაციები.

 

რა ხდებოდა ამბის დასაწყისში? ჩაწერე მოკლედ.

 

 

 

 დასაწყისი

(ტექსტი)

ილუსტრაცია
რა ხდებოდა შუა ნაწილში? შუა ნაწილი

(ტექსტი)

ილუსტრაცია

 

 

 

როგორია დასასრული?  დასასრული

(ტექსტი)

ილუსტრაცია

 

 

 

 

 

 

 კიდევ ერთხელ წაიკითხე ტექსტი დაკვირვებით და გაეცი კითხვებზე პასუხი:

  1. რატომ გადაწყვიტა დამბადებელმა ადამიანებისთვის ცის ჩუქება?
  2. როგორ ფიქრობ, ადამიანები რატომ აგროვებდნენ მზის ოქროს ფანტელებს? რაში გამოიყენებდნენ? წარმოიდგინე და დაწერე შენი მოსაზრება.
  3. აღწერე შენი სიტყვებით „ცის კაბადონი“. როგორ გესმის, როგორ გამოიყურება, გამოიყენე ზედსართავი სახელები, ეპითეტები.
  4. რატომ შექმნა დამბადებელმა მთვარე?
  5. როგორ ფიქრობ, რატომ იქცნენ მზე და მთვარე ადამიანებისთვის ღმერთებად?
  6. რისგან შექმნა დამბადებელმა ვარსკვლავები?
  7. რა განსხვავებაა „ვარსკვლავებს ეთამაშება“ და „ვარსკვლავებს კრეფს“ შორის? განმარტე ორივე გამონათქვამი, იმსჯელე განსხვავებებსა და მსგავსებებზე.

 შექმენი ამბავი

მოიფიქრე ამბავი, თავგადასავალი ადამიანზე, რომელიც ოდესღაც ყოფილა ზესკნელში და ვარსკვლავებთან უთამაშია. გამოიგონე პერსონაჟები, შეარქვი

სახელები. შენს ამბავს გაუკეთე: დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული. დაასათაურე და გაუკეთე ილუსტრაცია.

ფრაზის „ვარსკვლავებს ეთამაშება“ გამოყენებით შეადგინე ხუთი წინადადება, გამონათქვამი გამოიყენე იმ გაგებით, როგორსაც ჩვენ, თანამედროვე ადამიანები ვიყენებთ საუბარში.

დახატე ცის კაბადონი, ზესკნელი, ისე როგორც ტექსტშია აღწერილი, გააფორმე შენი წარმოსახვით.

 

 

თამაში, შემოქმედებითობა და თავისუფლება

 

შემოქმედებითობა ის უნარია, რომელიც მოსწავლეს საკუთარი თავისა თუ სამყაროს შემეცნებაში ეხმარება. მასწავლებელი კი მეგზურია ამ რთულ და უმნიშვნელოვანეს გზაზე. სკოლამ შეიძლება განავითაროს ან შეაფერხოს ბავშვის შემოქმედებითი პოტენციალი, რომელიც ყველა ადამიანს დაბადებიდან დაჰყვება. რაღაცის შექმნა (აბსტრაქტულისა თუ მატერიალურის, წარმოსახული ხატისა თუ რეალური საგნის) ადამიანის მთავარი სასიცოცხლო ვნებაა.

ცნობილი მეცნიერი, ფსიქოლოგი პიტერ გრეი, თავის წიგნში „სწავლის თავისუფლება. თამაში სკოლის წინააღმდეგ“ მრავალ პრობლემურ და აქტუალურ საკითხს აანალიზებს. მათ შორის უმთავრესია თამაშის როლი მოსწავლის შემოქმედებითი უნარის გააქტიურებაში. იგი მსჯელობს ცნობისმოყვარეობაზე როგორც ცოდნისა და შემეცნების მძლავრ მოტივატორზე, იხსენებს განათლების ექსპერტის სუგატა მიტრას ერთ ექსპერიმენტს, როდესაც მან ინდოეთის ერთ მიყრუებულ სოფელში კომპიუტერი ჩაიტანა. იმდენად დიდი იყო ბავშვების ინტერესი, ამოეხსნათ უცხო მექანიზმის მუშაობის პრინციპი, რომ მათ დამოუკიდებლად მოახერხეს მისი ანაბანის ათვისება.

პიტერ გრეი მეორე ექსპერიმენტსაც იხსენებს: ბავშვების ორ ჯგუფს ცალ-ცალე აჩვენეს სათამაშო ყუთი, საიდანაც სხვადასხვა ღილაკზე თითის დაჭერისას იხვი ან თოჯინა ხტებოდა. ერთ ჯგუფს აუხსნეს, როგორ მუშაობდა ყუთი, მეორეს კი – არა. როცა ბავშვებს სხვა სათამაშოებიც აჩვენეს და არჩევანი შესთავაზეს, მან, ვინც ყუთის მუშაობის პრინციპი იცოდა, ის აღარ აირჩია, ხოლო მას, ვისაც ჯერ კიდევ არ ესმოდა ამ მექანიზმის არსი, ცნობისმოყვარეობამ სძლია და ისევ ყუთი აიღო, რათა ბოლომდე ჩასწვდომოდა საიდუმლოს.

ცნობისმოყვარეობის მამოძრავებელი ძალა სწორედ შემოქმედებითი უნარია, რომელიც დროთა განმავლობაში ან განვითარდება, ან ჩაიხშობა. ერთსაც და მეორესაც ათასი მიზეზი აქვს. მთავარია, ამ მიზეზთა შორის არ იყოს სკოლა, პედაგოგების არასწორი მეთოდიკა და შეხედულებები. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი მასწავლებლის უწყვეტი ზრუნვა საკუთარ განვითარებაზე, იმ საინტერესო ლიტერატურისა თუ ტექნიკების გაცნობა, რომლებიც მას ამ საქმეში დაეხმარება.

პიტერ გრეი ასკვნის, რომ სკოლები ძირითადად აბრკოლებენ ცნობისმოყვარეობას, რადგან მასწავლებლები მოსწავლეებს ბოლომდე უხსნიან ყველაფერს. როდესაც მათემატიკის მასწავლებელი განტოლების ამოხსნის გზას უჩვენებს, მოსწავლეს ჰგონია, რომ მეტი არაფერია აღმოსაჩენი, ის აღარ დაეძებს ალტერნატიულ გზებს, ამიტომაც ცნობისმოყვარეობა უნელდება და არც აღმოჩენის სიხარულს განიცდის, რომელმაც შეიძლება სწავლისკენ უბიძგოს.

მეცნიერს მიაჩნია, რომ თამაშისკენ სწრაფვა ბადებს მოსწავლის ცნობისმოყვარეობას და სწავლაში ეხმარება მას. საიდუმლოს ამოხსნის წყურვილი აიძულებს ბავშვს, ეძებოს ახალი ცოდნა, დაეჭვდეს იმაში, რაც ასწავლეს, მოიფიქროს განსხვავებული გზები. თამაში სწორედ ის არის, რაც მოტივაციას აჩენს ახალი უნარების შესაძენად. ძიების პროცესში კი საჭირო ხდება ფანტაზიის ჩართვა. მაგალითად, სუგატა მიტრას ზემოთ ნახსენებ ექსპერიმენტში ბავშვებმა დამოუკიდებლად გაარკვიეს თუ არა გრაფიკული დიზაინის მუშაობის პრინციპი, მაშინვე დაიწყეს სხვადასხვა რამის დახატვა. ამ ნახატებს ისინი თვითონვე იგონებდნენ და არ ხატავდნენ იმას, რაც უკვე ნანახი ჰქონდათ.

ცნობილია, რომ ბავშვები ენასაც თამაშით სწავლობენ. ფრაზების აგება, კალამბურების მოფიქრება, სტრიქონების გარითმვა ხომ ფაქტობრივად სიტყვებით თამაშია. ამიტომ არის, რომ ისინი ხშირად აოცებენ მშობლებს მახვილგონივრული გამონათქვამებით. ქართულ სოციალურ ქსელებში დღესაც შეხვდებით მშობლებს, რომლებიც თავიანთი პატარების ამგვარ მახვილსიტყვაობას აზიარებენ. სამწუხაროდ, სიტყვებისადმი, ენისადმი ასეთი დამოკიდებულების ხარისხი თანდათან იკლებს. ეს ინტერესი მხოლოდ მას რჩება, ვინც ხელობად მწერლობას ან ჟურნალისტიკას ირჩევს. ქართულ ლიტერატურაში სიტყვებთან ასეთი ბავშვური სიცელქით მოთამაშედ ბოლომდე დარჩა გურამ დოჩანაშვილი. ამ თამაშს მოაქვს უცნაური და მრავალმნიშვნელოვანი ახალი სიტყვები, პოეტური ნეოლოგიზმები. გალაკტიონ ტაბიძე და გიორგი ლეონიძე სიტყვათქმნადობის გასაოცარი სიუხვით გამოირჩევიან.

პიტერ გრეის აზრით, ვინაიდან ადამიანი ჰომო საპიენსია გონიერია, მას უყვარს აღმოჩენისკენ მიმართული თამაშები, რომლებშიც ცნობისმოყვარეობისა და თამაშის ელემენტები ერთმანეთს ერწყმის. ასეთი გართობით ადამიანი შეიცნობს სამყაროს. რეალურად ყველა საბავშვო თამაში კვლევაა. ჩვენ გადარჩენას ვახერხებთ მხოლოდ იმიტომ, რომ მუდამ ვმოძრაობთ, ერთგვარ კონსტრუქციულ თამაშში ვართ ჩართულნი. ბავშვები ქვიშისგან კოშკებს აგებენ, კუბიკებისგან – კოსმოსურ ხომალდებს, ხატავენ უცნაურ საგნებს. ისინი ბაძავენ დიდებს, რომლებიც უკიდეგანო ფანტაზიის წყალობით შეუძლებელს შესაძლებლად აქცევენ.

შეიძლება თუ არა, შეფასება შემოქმედებითი უნარის დამაბრკოლებლად იქცეს?

პიტერ გრეი შეფასების ფარდობით ხასიათზეც მსჯელობს. მისი აზრით, შეფასება მხოლოდ მისთვისაა მამოტივირებელი, ვინც უკვე იცის რაღაც, მისთვის კი, ვინც ახლა იწყებს რამის შესწავლას, შესაძლოა მართლაც დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს, ამიტომ მასწავლებელი ფრთხილად უნდა იყოს შეფასებისას, ზუსტად განსაზღვროს, რა შემთხვევაში გამოიყენოს ეს ინსტრუმენტი.

სკოლა უნდა იყოს ადგილი, სადაც ბავშვები ახალ უნარებს შეიძენენ. მიუღებელია, გაკვეთილი მხოლოდ ამ უნარების დემონსტრირებას ემსახურებოდეს. მასწავლებელმა უნდა გაიაზროს, რომ ბავშვი არ სწავლობს იმისთვის, რათა სხვებზე მოახდინოს შთაბეჭდილება. მუდმივი კონტროლი სტიმულს აძლევს მხოლოდ იმ მოსწავლეს, რომელიც ისედაც წარმატებულია, მაგრამ აფერხებს იმას, ვინც ნაკლები იცის. შეფასება ერთმანეთისგან განაცალკევებს კარგსა და ცუდ მოსწავლეებს და უთანასწორო მდგომარეობის არასასურველ კონტექსტს ქმნის.

თამაშის მნიშვნელობისა და გავლენის შესახებ პიტერ გრეის ოთხი მნიშვნელოვანი დასკვნა გამოაქვს:

  1. თუ მოსწავლეს ვაიძულებთ, კარგად ისწავლოს, შესაძლოა ხელიც კი შევუშალოთ მისი სწავლისა და განვითარების პროცესს. როდესაც მოსწავლე თავისუფალია „დამკვირვებლისგან“ (შეფასებისგან), მაშინ უფრო თავისუფლად და ხალისიანად მოქმედებს, ცდილობს, ამოხსნას მათემატიკური ამოცანა თუ გადაჭრას სხვა ტიპის პრობლემა.
  2. თუ ვაიძულეთ, შემოქმედებითად იაზროვნოს, მოსწავლეს შემოქმედებითი უნარები არ განუვითარდება. პიტერ გრეის მოჰყავს ცნობილი ფსიქოლოგის ტერეზა ამაბაილის ექსპერიმენტი. მეცნიერი ბავშვების ჯგუფს აძლევდა შემოქმედებითი ტიპის დავალებას (დაეხატათ რამე, დაეწერათ სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტი და სხვ.). მოტივაციის ასამაღლებლად მათ ნაწილს წინასწარ ეუბნებოდა, რომ ნამუშევრები შეფასდებოდა იმის მიხედვით, რამდენად წარმოაჩენდნენ შემოქმედებით უნარს, შესაძლოა გაეგზავნათ კონკურსზეც, მიიღებდნენ ჯილდოს და სხვ. შემდეგ მათი ნამუშევრები დამოუკიდებელ ექსპერტებს შეაფასებინა. აღმოჩნდა, რომ იმ მოსწავლეთა ნამუშევრებში უფრო გამოიკვეთა შემოქმედებითი უნარები, რომლებსაც წინასწარ არაფერი უთხრეს შეფასების შესახებ და რომლებიც შედეგებზე არ ფიქრობდნენ. ისინი მუშაობდნენ საკუთარი სიამოვნებისთვის და არა მაღალი შეფასების მისაღებად, შეიძლება ითქვას, ერთობოდნენ, თამაშობდნენ. არაშემოქმედებითი საქმიანობისას გარკვეული ტიპის ჯილდო შესაძლოა მართლაც იყოს სტიმულის მიმცემი, მაგრამ არა ამ შემთხვევაში. მცდელობა ადამიანს შემოქმედად ვერ აქცევს.
  3. ლაღი განწყობილება სტიმულს აძლევს შემოქმედებით უნარებს და ადამიანს პრობლემის არსში ჩაწვდომაში ეხმარება. ექსპერიმენტის მიხედვით, ბავშვებს კოლაჟები უნდა შეექმნათ. მათ ერთ ჯგუფს შემოქმედებითი დავალების მიცემამდე შესთავაზეს, ეთამაშათ, ცომისგან გამოეძერწათ, რაც სურდათ, მეორეს კი ტექსტის გადაწერა დაავალეს. შედეგად, იმ ბავშვებმა, რომლებმაც ცომით ითამაშეს, უკეთესად გაართვეს თავი დავალებას. ამ ლაღმა, სათამაშო განწყობილებამ შემოქმედებით უნარებს გამოვლენის მეტი საშუალება მისცა. ექსპერიმენტებმა დაადასტურა, რა კარგად მოქმედებს სახალისო განწყობილება ანალიტიკური პრობლემების გადაწყვეტაზე.

ამას მოწმობს ფსიქოლოგ კარლ დუნკერის ექსპერიმენტიც. მონაწილეებს დაევალათ, პატარა სანთელი ისე დაემაგრებინათ კედელზე, რომ ნაღვენთი იატაკზე არ ჩამოწვეთილიყო. ამისთვის მისცეს მხოლოდ სანთელი, ასანთი და ჭიკარტების კოლოფი. დავალების შესრულებამდე ნაწილს აჩვენეს ხუთწუთიანი ნაწყვეტი კომედიიდან, მეორეს – სერიოზული დოკუმენტური ფილმიდან მათემატიკაზე, მესამეს – არაფერი. შედეგები გასაოცარი აღმოჩნდა: კომედიის მნახველთა 75%-მა დავალებას შესანიშნავად გაართვა თავი. დანარჩენ ორ ჯგუფში მაჩვენებელი 20% და 13% იყო. ამგვარად, იუმორის ხუთმა წუთმა ხელი შეუწყო შემოქმედებითი უნარის გაღვიძებასა თუ გაღვივებას, გზა გაუხსნა არასტანდარტულ აზროვნებას. წინასწარი გართობა, სილაღე მოსწავლეებს თამაშის განწყობილებას უტოვებს და ამოცანის გადაწყვეტას უიოლებს.

  1. მხიარული, ლაღი, სათამაშო განწყობილება ბავშვებს ლოგიკური პრობლემების გადაჭრაშიც ეხმარება.

ჩვენი აზრითაც, შემოქმედებითობა თვითონ პროცესზე კონცენტრირებას გულისხმობს. ამის შესახებ მოხდენილად ამბობს გურამ რჩეულიშვილი: „ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“ („ალავერდობა“). ამიტომაც იყო პროტესტის მისეული ფორმა ასეთი სპონტანური და შემოქმედებითი.

პიტერ გრეი თამაშის ხუთ მახასიათებელს გამოკვეთს:

  • ჩვენ თვითონ ვირჩევთ თამაშებს და დამოუკიდებლად ვთამაშობთ;
  • თამაშის პროცესი და საშუალებები შედეგზე მეტად ფასდება;
  • თამაშს აქვს სტრუქტურა და წესები, რომლებიც თამაშის მონაწილეებისგან მომდინარეობს და არ არის ნაკარნახევი გარე მიზეზებით;
  • თამაში მოიცავს ფანტაზიას, წარმოსახვას, მასში ყველაფერი არ გაიგება პირდაპირ, სიტყვასიტყვით, მონაწილეთა წარმოდგენაში ის შორს არის „რეალური“ ან „სერიოზული“ ცხოვრებისგან;
  • თამაშის დროს ცნობიერება აქტიური და ფხიზელია (მღვიძარეა), თანაც არ არის დაძაბული.

პიტერ გრეის აზრით, თამაში თავისუფლებასთან ასოცირდება. ეს ის არის, რასაც არავინ გვაიძულებს. ერთი ექსპერიმენტის მიხედვით, ბავშვები თამაშად ნათლავდნენ იმას, რასაც საკუთარი სურვილით აკეთებდნენ შესვენებაზე, ხოლო მუშაობად – იმას, რასაც გაკვეთილზე მასწავლებლის მოთხოვნით ასრულებდნენ. შესაძლოა, თამაშს ყოველთვის არ ახლდეს ღიმილი და მხიარულება, მაგრამ თავისუფლების შეგრძნება ყოველთვისაა.

ძალისხმევა მიზნის მისაღწევად განსხვავდება სათამაშო სიტუაციისგან. მუშაობისას ადამიანი შედეგზეა ორიენტირებული, ამიტომ ყოველგვარი მოქმედება მას ექვემდებარება. თუ არ თამაშობს, ადამიანი ირჩევს საშუალებას, რომელიც ყველაზე სწრაფად და ნაკლები ძალისხმევით მისცემს შედეგს. ასე იქცევა მაღალი ნიშნის მიღებაზე ორიენტირებული მოსწავლეც. მისთვის არანაირი საქმე არ არის ღირებული, რომელსაც შედეგი არ მოჰყვება. თამაშს კი გონება სხვა რეჟიმში გადაჰყავს. თამაში თამაშისთვისაა, თვითონ პროცესია საინტერესო და არა შედეგი. თუ მოსწავლე ორიენტირებული არ იქნება შედეგზე, ნიშნის მიღებაზე აღარ იღელვებს, მისთვის თვითონ სწავლის პროცესი გახდება სასიამოვნო და საინტერესო.

თამაშის დროს საშუალებაა მთავარი და არა მიზანი, ამიტომაც გონება აღარ ეძებს მარტივ გამოსავალს. პიტერ გრეი მკითხველს სთხოვს, ჯერ წარმოიდგინოს კატა, რომელიც თაგვზე ნადირობს, მერე კი – კატა, რომელიც თაგვის ჭერით ერთობა. პირველ შემთხვევაში კატა ეცდება, ყველაზე სწრაფი გზა გამოძებნოს თაგვის დასაჭერად, მეორე შემთხვევაში კი სხვადასხვანაირად, თამაშ-თამაშით გაიმეორებს დაჭერის პროცესს.

ექსპერიმენტები და გამოკვლევები ადასტურებს, რომ თავისივე არჩეულ დავალებას ადამიანი უკეთესად ასრულებს, ვიდრე გარედან ნაკარნახევს, ამიტომ სკოლაში მოსწავლეებს ყოველთვის უნდა მიეცეთ ალტერნატიული დავალებები. შეიძლება, თვითონაც მოიფიქრონ ამოცანები. მაშინ მეტი ხალისით შეუდგებიან საქმეს. ნაკლები კონტროლი მეტ თავისუფლებას მისცემს მოსწავლეს, რათა არ შეეშინდეს დასჯის, იმოქმედოს ლაღად და ამ პროცესში გამოავლინოს შემოქმედებითი უნარები.

დავალების შესრულებისთვის ჯილდოს დაწესებაც აქრობს სათამაშო სიტუაციის შეგრძნებას. ტომ სოიერმა მეგობარ ბენს ღობე ისე შეაღებვინა, რომ ბენმა აქეთ გადაუხადა ამ „პრივილეგიისთვის“. რატომ? – ბენს ჰქონდა ილუზია, რომ ეს მისი არჩევანი იყო, ამიტომ სიამოვნებით და ხალისით ღებავდა.

მკვლევართა ჯგუფმა ექსპერიმენტი ჩაატარა. ბავშვები, რომლებსაც ფლომასტერებით ხატვა უყვარდათ, სამ ჯგუფად დაყვეს. პირველს დაჰპირდნენ, რომ საუკეთესო ნახატის ავტორს სიგელს მისცემდნენ, მეორეს უთხრეს, რომ ჯილდო სიურპრიზი იქნებოდა, მესამეს არაფერს დაჰპირებიან. პირველი ჯგუფის ბავშვებმა სწრაფად და უხარისხოდ შეასრულეს დავალება, დანარჩენი ორი ჯგუფის ბავშვთა ნახატები კი წარმოსახვის სილაღითა და მდიდარი ფანტაზიით გამოირჩეოდა. ჯილდოზე ორიენტირებამ შემოქმედებითი თავისუფლების მუხტი გააქრო.

ვფიქრობთ, ყველა მასწავლებლის ამოცანა უნდა იყოს, ხშირად მოიფიქროს ისეთი დავალებები, რომლებიც შედეგზე, შეფასებაზე, ჯილდოზე კი არ იქნება ორიენტირებული, არამედ იმაზე, რომ თვითონ პროცესი იყოს საინტერესო – განურჩევლად შედეგისა. ეს კლასში თამაშის სიხალისეს, თავისუფლებას (ილუზიურსა თუ რეალურს) შემოიტანს, რაც მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარების გამოვლენის მეტ შესაძლებლობას მისცემს. პიტერ გრეის ნაშრომის გაცნობა კი მასწავლებელს შესაძლოა ურთულესი ამოცანების გადაწყვეტაშიც დაეხმაროს (http://loveread.me/read_book.php?id=56195&p=1).

 

http://mastsavlebeli.ge 

კინო-ისტორია, ახალი საგანმანათლებლო პორტალი

 

დღეს კინო წარმოადგენს კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროს, რომელიც ძალიან დიდ როლს ასრულებს ღირებულებების ფორმირების, საზოგადოებაში დემოკრატიის, ტოლერანტობის, სოციალური სამართლიანობის, გენდერული მეინსტრიმინგის გააზრებისთვის.

ისტორია-კინო-ისტორია http://historyfilmhistory.com  არის კინოსაგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც შეიქმნა „შემოქმედებითი ევროპის“ მხარდაჭერით და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის – Georgian National Film Centre (საქართველო), ფონდის მილანი-სინეტეკა – Fondazione Cineteca Italiana (იტალია), შემოქმედებითი სწავლების ცენტრის – The Film Space Ltd (დიდი ბრიტანეთი) და სერბეთის ეროვნული კინოარქივის – ЈУГОСЛОВЕНСКЕ КИНОТЕКЕ (სერბეთი) პარტნიორობით. პროექტის  მიზანია ხელი შეუწყოს მოზარდებში დამოუკიდებელი აზროვნების, პრობლემის ადეკვატურად გააზრების, მიმღებლობის, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას და ამისთვის გამოყენებული იქნას კინემატოგრაფის შესაძლებლობები, კერძოდ; მოხდეს მე-20 საუკუნის ისტორიული ფაქტებისა და პრობლემების გააზრება, ასევე გაიზარდოს ახალგაზრდებში ევროპული კინოს, კინო მემკვიდრეობის მიმართ ინტერესი.

საგანმანათლებლო პლატფორმა ხელმისაწვდომია 4 ენაზე (ქართული, ინგლისური, იტალიური, სერბული) და მოიცავს ორ მიმართულებას: 1. მე-20 საუკუნის ევროპის ისტორიის სწავლება კინოს გამოყენებით 2. კინოს ისტორიის სწავლება პირველ მიმართულება http://historyfilmhistory.com/ge/events აქვს თაიმლაინის სახე, რომელიც აერთიანებს პროექტის მონაწილე ქვეყნების (საქართველო, დიდი ბრიტანეთი, იტალია, სერბეთი) მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების აღწერას და ამ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებული ფილმის გვერდს, რომელიც აერთიანებს: ფილმის შესახებ ინფორმაციას (მაგალითად, „დიდი ტერორი“ http://historyfilmhistory.com/ge/movies/repentance), ვიდეო გაკვეთილს

ამ ისტორიული მოვლენის შესახებ, მოსწავლეებისთვის სპეციალურ დავალებებს, მოვლენასთან დაკავშირებულ საარქივო მასალას, ფილმის ტრეილერს, ტელე-რადიო გადაცემებს და საგაზეთო სტატიებს ამ თემაზე. გარდა ამისა, ნახავთ მოვლენის სწავლებისთვის რეკომენდებულ სხვა ფილმებს და მარტივ სახალისო ქვიზს http://historyfilmhistory.com/ge/movies/repentance/quiz .

მეორე საგანმანათლებლო მიმართულება http://historyfilmhistory.com/ge/movies ასევე, თაიმლაინის სახე აქვს, იგი დაყოფილია დეკადებად და შედგება პროექტის მონაწილე 4 ქვეყნის საეტაპო ფილმებისგან. აქაც თითოეული ფილმისთვის განკუთვნილია გვერდი, სადაც განთავსებულია: ფილმის შესახებ ინფორმაცია (მაგალითად, „შერეკილები“ http://historyfilmhistory.com/ge/movies/the-eccentrics) , ვიდეო გაკვეთილი

ამ ათწლეულის შესახებ, დავალებები მოზარდებისთვის, ფოტოები გადასაღები მოედნიდან, ფილმის ესკიზები, აფიშები, რეცენზიები, ტრეილერი, ტელე-რადიო გადაცემები ამ თემაზე. დასასრულს კი მარტივი სახალისო ქვიზი http://historyfilmhistory.com/ge/movies/the-eccentrics/quiz და ამ დეკადის სხვა საეტაპო ფილმების ჩამონათვალი. ამ საგანმანათლებლო პლატფორმაზე სულ განთავსებულია 80 ვიდეოგაკვეთილი და დავალება, ასევე 500-მდე დამხმარე ფოტო და ვიდეო რესურსი, როგორიცაა: სხვადასხვა საარქივო მასალა, საგაზეთო სტატიები, ფილმის რეცენზიები, ფოტოები გადასაღები მოედნიდან, ესკიზები, აფიშები, ტრეილერი და ტელე-რადიო გადაცემები. (გიგზავნით პლატფორმის გზამკვლევ ვიდეოს, რომელიც დაგეხმარებათ ნავიგაციაში, მისი ნახვა შესაძლებელია თვით გვერდზეც).

იმედი გვაქვს, ჩვენ მიერ შექმნილი საგანმანათლებლო რესურსი იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი მასწავლებლებისთვის, ასევე, ისტორიითა და ხელოვნებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის თუ მშობლებისთვის.


 
http://mastsavlebeli.ge