Friday, March 2, 2018

რჩევები მასწავლებელს - როგორ შევაყვაროთ ბავშვებს წიგნები

კითხვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობაა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გვჭირდება. წიგნებთან და კითხვასთან კავშირი პატარებს კითხვის დაწყებამდე გაცილებით ადრე უჩნდებათ. ყველაფერი მაშინ იწყება, როდესაც ბავშვის ხელში პირველი წიგნი ხვდება, ან როდესაც ერთ-ერთი მშობელი უკითხავს. წიგნის კითხვა მშობელს და ბავშვს ერთად ყოფნის შესაძლებლობას აძლევს. ბავშვი და მშობლები ერთად კითხვის დროს თანამშრომლობენ, რაც მრავალ მნიშვნელოვან კომპონენტს შეიცავს. ერთ-ერთი მათგანი წინასწარ განჭვრეტაა, რადგან ამგვარი კითხვა, როგორც წესი, განრიგის მიხედვით მიმდინარეობს და მისდევს ერთგვარ მოდელს, რომელიც გარკვეული ეტაპებისგან შედგება. სახეზეა თამაშის მომენტი, რადგან ამგვარი მეცადინეობის მიზანი სიამოვნების მიღებაა. ენა აზრის შექმნისა და იდეის გადმოცემისთვის გამოიყენება. მეცადინეობის დროს ბავშვს ლიდერობის შესაძლებლობა უჩნდება, მშობლები ქცევისა და მეტყველების მოდელირებას ახდენენ, იდეის გამოხატვისათვის ბავშვთან ერთად საკუთარ „ჟარგონს“ ქმნიან. ამგვარად, ინტუიციურად იყენებენ „ლაბორატორიულ მეთოდს“, რათა თავიანთ ბავშვებს ენა შეასწავლონ, ბეჭდვითი ტექსტი და წიგნი გააცნონ. (Harvey Daniels, 1994 p.37). ბავშვს ესმის, რომ წიგნი რაღაც სასიამოვნოს უკავშირდება, როგორც პირადად მისთვის, ისე უფროსებისათვის, რაღაცას, რაც მასში კარგი განწყობის შეგრძნებას იწვევს. ბავშვს საგნის გამომხატველი სიტყვის მნიშვნელობა გაცილებით ადრე ესმის, ვიდრე მის წარმოთქმას შეძლებს. მოგვიანებით იგი იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ წიგნში სურათები და სიტყვებია და რომ მათ გარკვეული შინაარსი აქვთ. ეს პირველი ნაბიჯია კითხვის უნარის განვითარებაში, რაც წიგნის სიყვარულს ნერგავს.
არსებობს მთელი რიგი მიზეზებისა, რომელთა გამოც ჩვენ ვცდილობთ, ბავშვები წიგნებს ვაზიაროთ:
- რათა გავაღვივოთ და განვამტკიცოთ წიგნებისადმი სიყვარული;
- რათა დავნერგოთ და ავღზარდოთ კითხვის კულტურა;
- რათა განვავითაროთ და გავამდიდროთ მეტყველება, აზროვნება, წარმოსახვა და შემოქმედებითი უნარი;
- რათა განვავითაროთ და გავამდიდროთ ემოციები (საკუთარი და სხვა ადამიანის ემოციების ამოცნობა და გამოხატვა);
- რათა საინფორმაციო წყაროს სახით წიგნებისა და სხვა ბეჭდური მასალების გამოყენების უნარი გამოვიმუშაოთ;
- რათა განვავითაროთ და წავახალისოთ თვითგამოხატვის, თავისუფლების, არჩევანისა და დამოუკიდებლობისაკენ;
- რათა მივცეთ ურთიერთობის შესაძლებლობა და ხელი შევუწყოთ მის განვითარებას;
- რათა ხელი შევუწყოთ წერა-კითხვის უნარის განვითარებას;
- რათა ბავშვი სკოლისა და ცხოვრებისათვის მოვამზადოთ.
წიგნის გაცნობის პროცესის ეტაპები
უფროსები, როცა ბავშვებს წიგნებს აცნობენ, იმავდროულად მათში წიგნის სიყვარულსაც ავითარებენ. ეხმარებიან გამოცდილებისა და ურთიერთობის გაზიარებაში, რაც ბავშვს კითხვის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე უქმნის წარმოდგენას. ამ პროცესის გააზრება შესაძლებელია გამოწვევით, შინაარსის რეალიზებით, რეფლექსიის სტრუქტურით. (J.L. Steele, K. S. Meretith, & C. Temple, 1998).
გამოწვვის ფაზა
ბავშვი აქტიურად იხსენებს, თუ რა იცის მოცემულ თემასთან დაკავშირებით. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ბავშვმა ფიქრი დაიწყოს.
მოცემული ფაზა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ პირადი ცოდნისა და რწმენა-წარმოდგენების ბაზა იქმნება, რომელსაც ახალმიღებული ცოდნა შეიძლება შეემატოს და ახალი უკვე ნაცნობს დაუკავშირდეს. ამ დროს ბავშვს პროცესში აქტიურად ვრთავთ. ეს იმას გულისხმობს, რომ ბავშვი თავის ცოდნას აქტიური აზროვნებისა და მეტყველების მეშვეობით გამოხატავს. მოცემულ თემასთან დაკავშირებით იმ წარმოდგენებს ავლენს, რომლებიც ადრე ჩამოუყალიბდა. მისი შეხედულება უფროსის ან სახელმძღვანელოში გადმოცემული შეხედულებისგან განსხვავდება. ბავშვები ჯგუფში მუშაობის დროს კითხვებს დამოუკიდებლად სვამენ და პასუხსაც თავად სცემენ. მათი ზოგიერთი იდეა შეიძლება ურთიერთწინააღმდეგობრივი იყოს და ამ სხვაობამ ისინი ღრმად უნდა ჩააფიქროს, რაც შემდგომი მეცადინეობისთვის მშვენიერ მოტივაციას შექმნის.
წიგნის გაცნობის ეტაპები გამოწვევის ფაზაში:
1. უჩვენეთ ბავშვებს ყდა, გააცანით სათაური, აგრეთვე ტექსტის ავტორები და ილუსტრაციები. თუ კითხვის წინა გაკვეთილიდან ისინი უკვე იცნობენ ავტორს ან მხატვარს, შეეცადეთ, ბავშვების ადრე მიღებული გამოცდილება მოცემულ წიგნს დაუკავშიროთ;
2. გაარკვიეთ ბავშვების ვარაუდი წიგნის შინაარსთან დაკავშირებით. ამისათვის შემდეგი ხასიათის კითხვები დავსვათ: ,,რაზეა ეს წიგნი?“, ,,როგორია მისი შინაარსი?“, ,,როგორ განვითარდება მოვლენები ამ წიგნში?“, ,,ვინ იქნება მთავრი გმირი?“. ამ დროს აუცილებელია, ბავშვებს შესაძლებლობა მივცეთ ახსნან, თუ რატომ ფიქრობენ ასე;
3. დაათვალიერეთ წიგნი ბავშვებთან ერთად და მიეცით შესაძლებლობა, ილუსტრაციების საფუძველზე შინაარსის შესახებ ვარაუდები გამოთქვან. ბავშვები მოვლენათა განვითარებას ილუსტრაციებზე დაყრდნობით წინასწარმეტყველებენ, ისინი სურათებს ტექსტს უკავშირებენ და საკუთარ თავს მათთვის საინტერესო კითხვებს უსვამენ.
შინაარსის რეალიზების ფაზა
ამ ფაზაზე ბავშვი ტექსტიდან მიღებულ ახალ იდეებს ეზიარება. ჩვენი ამოცანაა, რომ პირველი ფაზის დროს აღძრული ბავშვის ინტერესი და აქტიურობა შევინარჩუნოთ.

გარდა ამისა, ბავშვები ძველ და ახალ ცოდნას შორის ხიდებს აგებენ და ამგვარად ახალ გააზრებამდე მიდიან. პედაგოგის როლი, ესთეტიკური მოსაზრებიდან გამომდინარე, წიგნის გამომეტყველებითწაკითხვა. ამით იგი განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნის, როდესაც კითხვას ყურადღებით მოუსმენენ. კითხვა შეიძლება: სანთლის შუქზე, ხმადაბლა ჩართული წყნარი მუსიკის თანხლებით, თვალსაჩინოების გამოყენებით, რითაც ბავშვებს კითხვაზე ყურადღების კონცენტრირებაში დავეხმარებით.
რეფლექსიის ფაზა
ამ ფაზაზე ბავშვები იდეებს, რომლებიც აღიქვეს,საკუთარი სიტყვებით გამოხატავენ. ყოველივე იმას, რასაც ბავშვი კონტექსტში ისმენს და თავისი სიტყვებით გამოხატავს, უკეთ იმახსოვრებს; სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ კითხვის შემდეგ განხილვა გაიმართოს. მასწავლებელმა/საბავშვო ბაღის აღმზრდელმა შეიძლება შემდეგი სახის კითხვები დასვას: ,,მოგეწონათ თუ არა წიგნი და რატომ?“, ,,მოგაგონათ თუ არა ამ წიგნმა რაიმე და რატომ?“, ,,გაგაკვირვათ თუ არა რაიმემ და რატომ?“, ,,რომელი გმირი მოგეწონათ და რატომ?“. პედაგოგმა ბავშვებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას საკუთარი აზრის გამოხატვაში ხელი უნდა შეუწყოს. მოზარდებს შორის იდეების ურთიერთგაზიარება მათ ლექსიკურ მარაგს აფართოებს და ისინი სხვადასხვა კონცეპტუალურ სქემას ეცნობიან, რომელთაც საკუთარი სქემებისა და მოდელების შექმნისას ითვალისწინებენ. ეს ის მომენტია, როდესაც ბავშვის შემეცნების პროცესში ცვლილებები და რეკონცეპტუალიზაცია ხდება - ხელახალი გააზრება. სკოლის ან საბავშვო ბაღის პირობებში ამ ფაზის დროს ბავშვი ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება, როდესაც ახალი ინფორმაციის ინტეგრირების სხვადასხვა ხერხს და მოქნილ კონსტრუქციებს ეცნობა, რომელიც მან შეიძლება მომავალში გამოიყენოს. პროფესიონალი პედაგოგები ცდილობენ, ბავშვებს მრავალფეროვანი შესაძლებლობები შეუქმნან, რათა მათ სხვადასხვა მეცადინეობისა და დავალებების შესრულებისას ამ ახალი იდეების შემოქმედებითად გამოყენება შეძლონ - როგორც განვითარების მრავალ სფეროში, ისე სხვადასხვა გამოყენებით საგანში - და ამგვარად ყოველივე ამის ურთიერთკავშირებით ხორცი შეასხან ქოლისტურ (ერთიან) მიდგომას.
გამოწვევა
1. წარმოვადგინოთ წიგნი
2. გამოვთქვათ ვარაუდები შინაარსის შესახებ
3. დავათვალიეროთ ილუსტრაციები
შინაარსის რეალიზება
4. კითხვა/მოსმენა
რეფლექსია
5.განხილვა წაკითხვის შემდეგ
6. საქმიანობის/მეცადინეობის სხვა სახეობებთან კავშირის დამყარება
წიგნები - შემაკავშირებელი რგოლი მშობლებსა და სკოლა/საბავშვო ბაღს შორის.
მშობლები, როგორც წესი, კარგად ვერ აცნობიერებენ, რა წიგნები სჭირდებათ მათ ბავშვებს. ზოგიერთ მშობელს წიგნის შეძენის ან მოძიების შესაძლებლობა არ აქვს, ზოგიერთმა კი არ იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წიგნი ბავშვის განვითარებისა და ცხოვრებისათვის. აი, რატომ არის აუცილებელი, თითოეულმა პედაგოგმა და სასწავლო დაწესებულებამ მშობლები გააცნობიერონ იმ სარგებლობის შესახებ, რომელიც ბავშვის განვითარებისა და ცხოვრებისათვის წიგნში მოაქვს.
სკოლასა და საბავშვო ბაღში იოლად შესაძლებელია მშობლების უზრუნველყოფა ინფორმაციით იმის შესახებ, თუ რა წიგნები სჭირდებათ ბავშვებს. აუცილებელია, ეს წიგნები ბავშვის განვითარების დონეს შეესაბამებოდნენ (მაგალითად, მშობელთა ინფორმირებისათვის შეიძლება გამოვიყენოთ ცნობათა ბიურო, მათ შეიძლება პერიოდულად გავუგზავნოთ წერილები, საცნობარო ბარათები და ა.შ.).
სკოლამ ან საბავშვო ბაღმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შესარულოს და მშობლებს აღნიშნულ წიგნებთან იოლად მიღწევის შესაძლებლობა მისცეს. თუ ჩვენ მოვახერხებთ ყველაფრის ორგანიზებას, რათა მშობლებმა ბავშვებთან ერთად ლიტერატურის შერჩევა და სახლში წაღება შეძლონ, მაშინ ბავშვებს შინ ექნებათ წიგნები. ეს კი კლასგარეშე კითხვას რეალურად შეუწყობს ხელს.
აუცილებელია მშობლებისა და ოჯახის სხვა წევრების ჩართვა წიგნებთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებაში. მაგალითად, ბავშვთან ერთად წიგნების დამზადება და კითხვა იმ დროს, როდესაც მათ ბავშვები სკოლაში/საბავშვო ბაღში მოჰყავთ ან მიჰყავთ, - ასევე ოჯახის წევრის ცოდნითა და გამოცდილებით გამდიდრების შესანიშნავი საშუალებაა, რაც წიგნისა და კითხვის სიყვარულს ნერგავს.
დღეისათვის წიგნით სახლსა და სკოლას შორის კავშირის დამყარების ერთ-ერთი პოპულარული საშუალებაა წიგნებით სავსე ჩანთები.
ხუთი წლის წინ ჩვენი მეთოდიკით პროგრამა ,,Step by Step” - ის ფარგლებში მუშაობის დროს წიგნებისათვის სპეციალური ჩანთების მომზადება დავიწყეთ (მაგალითად, ჩანთა დაბადების დღისათვის, ჩანთა ბებიებისა და ბაბუებისათვის, ეკოლოგიური ჩანთა, საავტორო ჩანთა და ა. შ.). როგორც წესი, ასეთი ჩანთა შეიცავს:
- საბავშვო წიგნებს;
- პროფესიულ წიგნს ან ჟურნალს, რომელშიც მშობელმა შეიძლება საინტერესო ინფორმაცია მოიძიოს ბავშვთა აღზრდისა და განათლების, განვითარებისა და სწავლების, მოვლისა და ჯანმრთელობის შესახებ და ა.შ.;
- ,,მშობლის სამახსოვროს“, რომელშიც განმარტებულია ასეთი წიგნებით დატვირთული ჩანთის მიზნები;
- რვეულს, სადაც ბავშმა შეიძლება წაკითხულ წიგნზე შთაბეჭდილება ჩაწეროს და აგრეთვე სხვა საინტერესო ინფორმაციას.
წესების თანახმად, რომლებიც ბავშვებმა და საბავშვო ბაღის აღმზრდელებმა ერთობლივად შეიმუშავეს, ეს ჩანთები რეგულარულად ,,მოგზაურობენ“ საბავშვო ბაღიდან ბავშვის სახლში და უკან, კვლავ საბავშვო ბაღში. საბავშვო ბაღის ზოგიერთ ჯგუფში არა ერთი, არამედ რამდენიმე ასეთი ჩანთაა. ამ ინიციატივას ძალიან კარგი შედეგები მოაქვს. საბავშვო ბაღების აღმზრდელების თქმით, სულ უფრო მეტმა მშობელმა დაიწყო რეგულარული კითხვა ბავშვებთან ერთად. ბავშვები საბავშვო ბაღში შინ წაკითხული ერთი და იმავე წიგნის შესახებ სხვადასხვა იდეას განიხილავენ, რაც მათ საქმიანობასა და შემოქმედებას საინტერესოს ხდის. მშობელთა თქმით, წიგნებიანი ჩანთა მათი საოჯახო ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. მათ დიდი ოდენობით პროფესიული ლიტერატურის კითხვა დაიწყეს. ჩანთებმა ბავშვები, მშობლები და საბავშვო ბაღები შეცვალეს.
დასკვნა
დასასრულს, გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ბავშვს წიგნების სიყვარული უჩნდება მაშინ:
- თუ ისინი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდებიან;
- თუ უფროსები აცნობიერებენ, რაოდენ მნიშვნელოვანია წიგნების ადგილი ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში;
- თუ ბავშვებს სწავლების პროცესში ისეთი გზით აცნობენ წიგნებს, რომ მხედველობაში მიიღება მათი ინდივიდუალური და ასაკობრივი განვითარების თავისებურებები.
რჩევები პედაგოგს - როგორ განავითაროს ბავშვებში კითხვის უნარი და წინების სიყვარული
- უკითხეთ ბავშვებს ყოველდღე. დღე კითხვის გარეშე გავს დღეს მზის გარეშე.
- წაუკითხეთ წიგნები და ისაუბრეთ მათზე სიყვარულით.
- წიგნებისა და კითხვისადმი სიყვარულის ჩანერგვის საუკეთესო გზა ამოკითხულის საკუთარ თავზე მოდელირებაა.
- მოაწყვეთ კლასში/საბავშვო ბაღის ჯგუფში ,,კითხვის ცენტრი“, სადაც ბავშვებს წიგნების დამოუკიდებლად არჩევის შესაძლებლობა მიეცემათ.
- განალაგეთ წიგნები ისე, რომ ბავშვებმა იოლად შეძლონ მათი აღება.
- შესთავაზეთ ბავშვებს სხვადასხვა ტიპის წიგნები (როგორც თემატიკურად, ისე ზომის, ფორმისა და ყდის მიხედვით).
- სასურველია, ,,კითხვის ცენტრში“ იყოს არა მარტო წიგნები, არამედ კასეტები, რადიო, ჟურნალები და სხვა ბეჭვდითი მასალები, ასევე მასალები წიგნის დამზადებისათვის.
- იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენს ჯგუფში თითოეულმა ბავშვმა ის წიგნები მიიღოს, რომლებიც მას მიესადაგება (გაითვალისწინეთ ბავშვის ასაკი, ინდივიდუალური განვითარების დონე, აგრეთვე ინტერესები).
- იზრუნეთ იმაზე, რომ კლასში/საბავშვო ბაღის ჯგუფში ყველა ბავშვისათვის საკმარისი რაოდენობის წიგნი იყოს.
- შექმენით კითხვისათვის განსაკუთრებული ატმოსფერო, რომელიც ბავშვში ინტერესს გააღვიძებს.
- კითხვას ყოველთვის უნდ მოჰქონდეს სიამოვნება და აღიარება.
- განავითარეთ ბავშვების შემოქმედებითი შესაძლებლობები, ლიტერატურაზე სხვადასხვა ფორმით რეაგირების საშუალება მიეცით.
- დაგეგმეთ შეხვედრები და მხატვარ-ილუსტრატურებთან.
- მოაქწყვეთ კითხვის ფესტივალები/ზეიმები, სადაც ბავშვები საყვარელ წიგნებს წარმოადგენენ.
- შექმენით ახალი სიტყვის ყულაბა.
- შექმენით წიგნები ბავშვებთან ერთად - ეს ,,თვითნაკეთი“ წიგნები თქვენი ,,კითხვის ცენტრში“ სხვა წიგნების გვერდით მოათავსეთ.
- ესტუმრეთ წიგნების მაღაზიას ბავშვებთან ერთად.
- ჩართეთ მშობლები, ბაბუები და ბებიები, აგრეთვე ძმები და დები სხვადასხვა ღონისძიებაში, რომელშიც კლასში/ საბავშვო ბაღის ჯგუფში ტარდება და რამენაირად უკავშირდება წიგნებს. როგორც პედაგოგს, თქვენ შეგიძლიათ მათთვის იმის მოდელირება მოახდინოთ, თუ როგორ წაუკითხონ ბავშვებს სახლში.
გამოყენებული ლიტერატურა
Daniels,H. 1994. Litereture Circles: Voice and Choice in the Student-Centered Classroom (ლიტერატურული წრეები: ხმისა და არჩევანის უფლება ბავშვზე ორიენტირებული სწავლების პროცესში) Stenhouse Publishers, York, Maine and Penbroke Publishers Limited, Canada.
Steele J.L., Meretith K.S., Temple C. 1998 A Framework For Critical Thanking Across the Curriculum (სხვადასხვა გამოყენებით სფეროში კრიტიკული აზროვნების სწავლება) (Prepared for Reading and Writing for Critical Thinking Project), Guidebook I.
წყაროები
Kordiget, M. Jamnik, T. Knjizevna vzgoja vrtsu, DZS (წერა- კითხვის სწავლება საბავშვო ბაღში), Ljubliana. Kropp, P. 2000. Otrok postane bralec za vse zivljenje (ბავშვი კითხულობს) Ucila.
Plt Pregelj, L. 1990. Ucenje ob poslusanju (ვისწავლოთ მოსმენისას), DZS, Ljubliana.
Walsh, K.B. 1996. Creating child-centered classrooms (6-7 years old) (6-7 წლის ბავშვზე ორიენტირებული კლასის შექმნა) CRI. Inc.: Washington D>C> and OSI: New York. Welsh, K.B. 1997. Creating child-centerd classrooms (8-10 years old) (8-10 წლის ბავშვზე ორიენტირებული კლასის შექმნა) CRI< Inc.: Washington D>C> and OSI: New York.
კითხვის საერთაშორისო ასოციაციის ჟურნალი “ბავვთა დემოკრატიული განათლება“ (3, ზაფხული/შემოდგომა, 2002)
ტატიანა ვო
განათლების სფეროში ინიციატივების განვითარების კვლევითი ცენტრის -„Step by Step”- დირექტორი
ფანიკა ბალიჩი
განათლების სფეროში ინიციატივების განვითარების კვლევითი ცენტრის-„Step by Step“-მასწავლებელთა მწვრთნელი-ოსტატი

No comments:

Post a Comment