Tuesday, October 16, 2018

კლასის ხელმძღვანელის როლი თანამედროვე სკოლაში

ძნელად იპოვით ადამიანს, რომელიც ბავშვობაზე საუბრისას სკოლას, იქ გატარებულ წლებს და საყვარელ მასწავლებელს არ გაიხსენებს, მასწავლებელს, რომელთანაც დაკავშირებულია ურთიერთობის სასიხარულო წუთები, რომელიც ყოველთვის მზად არის, დაეხმაროს მოსწავლეებს პიროვნული და ურთიერთობის პრობლემების გადაწყვეტაში, ცხოვრების გზის არჩევაში, მასწავლებელს, რომელსაც ბავშვი უსიტყვოდ ენდობა და ყველა საიდუმლოს უმჟღავნებს. ასეთი მასწავლებელი უმეტესად კლასის ხელმძღვანელია. თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, ის ნამდვილად ყველაზე ახლოს დგას ბავშვთან.
სკოლის მთავარი სტრუქტურული ელემენტი კლასია. სწორედ აქ ხდება შემეცნებითი საქმიანობის ორგანიზება, ყალიბდება სოციალური დამოკიდებულებები მოსწავლეებს შორის, იქმნება ემოციური ატმოსფერო, ფსიქოლოგიური კლიმატი, რომელიც თავისებურ გავლენას ახდენს მოსწავლეთა ქცევასა და სწავლაზე. კლასში არსებულ მდგომარეობაზე მთელი პასუხისმგებლობა კლასის ხელმძღვანელს აკისრია. ის სასწავლო-პედაგოგიური პროცესის მთავარი ორგანიზატორია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სკოლის ცხოვრებაში. სწორედ მას ეკისრება უდიდესი როლი მოსწავლის პიროვნების ჩამოყალიბებაში, მისი შემოქმედებითი და ინტელექტუალური  პოტენციალის გამოვლენასა და რეალიზებაში, ბავშვთა უფლებებისა და ინტერესების დაცვაში. შეიძლება, თამამად ითქვას, რომ თუ კლასის ხელმძღვანელი თავის საქმიანობას სწორად და კეთილსინდისიერად წარმართავს, უფრო მეტი ეცოდინება ბავშვის შესახებ, ვიდრე მის მშობელს. უფრო მეტიც: ბევრი ბავშვისთვის კლასის ხელმძღვანელი უფრო ახლობელი ხდება, ვიდრე მშობელი.

კლასის ხელმძღვანელის ძირითადი ფუნქციები თანამედროვე სკოლაში:
  • მოსწავლეთა აღზრდა. აღმზრდელობით ფუნქციებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ყველა პედაგოგი ასრულებს, თუმცა აღმზრდელობით მუშაობაში წამყვანი როლი კლასის ხელმძღვანელს ეკისრება. მისი მუშაობის წარმატებაზეა დამოკიდებული მოსწავლეთა აღზრდის დონე და პიროვნებათაშორისი ურთიერთობები ჯგუფში;
  • ხელსაყრელი ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური პირობების შექმნა ბავშვის ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი განვითარებისთვის;
  • თითოეული ბავშვის განვითარების თავისებურებების, ჯანმრთელობის მდგომარეობის და ემოციური თავისებურებების შესწავლა;
  • ბავშვის ინტერესების, მიდრეკილებების, უნარების, შესაძლებლობების გარკვევა და მისთვის ისეთი საქმიანობის შეთავაზება, რომელშიც ის მაქსიმალურად გამოავლენს თავის შესაძლებლობებს და წარმატებას მიაღწევს;
  • თითოეული აღსაზრდელისთვის ხელსაყრელი ატმოსფეროსა და მორალურ-ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნა კლასში;
  • მოსწავლეების დახმარება იმ პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც იჩენს თავს პედაგოგებთან, თანატოლებთან, მშობლებთან დამოკიდებულებაში;
  • ბავშვის დახმარება ჯგუფის წევრებთან ადაპტირებასა და მათი მხრიდან აღიარების მოპოვებაში, ჯგუფში სასურველი ადგილის დამკვიდრებაში;
  • მოსწავლეთა თვითაღზრდის, თვითგანვითარების, თვითრეალიზაციისა და საზოგადოებაში წარმატებით სოციალიზაციის ხელშეწყობა. სკოლის ფსიქოლოგთან ერთად მათი ფსიქოლოგიური განათლების ორგანიზება;
  • სასწავლო საქმიანობაში წარმოშობილი პრობლემების დაძლევაში მოზარდთა დახმარება;
  • საჭიროების შემთხვევაში სხვა მასწავლებლების გაკვეთილებზე დასწრება, მოსწავლეთა ქცევაზე დაკვირვება და პედაგოგებთან თანამშრომლობა. ასეთი თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია კლასში აღმზრდელობითი პროცესის შედეგიანად წარმართვა. კლასის ხელმძღვანელი ვერ იმოქმედებს იზოლირებულად და ვერ გაუძღვება აღმზრდელობით პროცესს მარტო, კლასში შემსვლელ პედაგოგებსა და მშობლებთან თანამშრომლობის გარეშე;
  • მოსწავლეთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • მშობელთა ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტირება, მათი როგორც სკოლის სოციალური დამკვეთების ჩართვა სასკოლო ცხოვრებასა და იქ მიმდინარე სასწავლო-აღმზრდელობით  მუშაობაში. ბავშვის ინდივიდუალურობა თავდაპირველად ოჯახში ყალიბდება. არ შეიძლება, სკოლაში აღმზრდელობითი მუშაობა აიგოს მოსწავლის განვითარების ამ ფაქტორის გაუთვალისწინებლად. თავისი სტატუსით კლასის ხელმძღვანელი სკოლის ძირითადი სუბიექტია, რომელიც აღმზრდელობითი მუშაობის პროცესში თანამშრომლობს მოსწავლეთა მშობლებთან; მას განსაკუთრებული როლი აკისრია მოსწავლეების მშობელთა პედაგოგიური კულტურის ამაღლებაში, სკოლისა და ოჯახის აღმზრდელობითი საქმიანობის ერთიანობის მიღწევაში. ის აყალიბებს სკოლისა და ოჯახის ურთიერთობის ძირითად სტრატეგიას მოსწავლის პიროვნების აღზრდის პროცესში;
  • მოსწავლის სასწავლო მოტივაციის გაძლიერება მისი ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით;
  • ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც დაეხმარება ბავშვს იმ ფსიქოსოციალური მოთხოვნილებების რეალიზებაში, რომლებიც ადამიანის მოტივაციური სფეროს საფუძველია. იმისთვის, რომ ბავშვი წარმატებული გახდეს, მას უნდა სურდეს წარმატება, მიისწრაფოდეს მისკენ, კმაყოფილებას პოულობდეს წარმატებაში. აღზრდისა და აღმზრდელის მთავარი ამოცანაა მოსწავლის არა გონების, კუნთებისა და ფიზიკური უნარების, არამედ მოტივაციური სფეროს განვითარება, ანუ გაღვივება მაღალი ზნეობის ადამიანად ყოფნის სურვილისა, მისწრაფებისა, რომელიც განმტკიცებული იქნება გონებით და გრძნობით;
  • კლასში ყველა იმ საქმიანობის ორგანიზება, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ყოველმხრივ განვითარებას, მათ პიროვნებად ჩამოყალიბებას, ჯგუფის წევრთა ჰარმონიულ თანაარსებობას;
  • სასწავლო-პედაგოგიური პროცესის ყველა მონაწილის (პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები) პოზიტიური ურთიერთობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
  • მოსწავლეთა პიროვნებისა და მოსწავლეთა ჯგუფების განვითარების დინამიკის კონტროლი და მართვა;
  • მოსწავლეთა ყოველდღიური საქმიანობის პროგნოზირება, ანალიზი, ორგანიზება და კონტროლი;
  • თითოეული ბავშვის შესაძლებლობების, ნიჭის მაქსიმალური გამოვლენა, მისი განუმეორებლობის შენარჩუნება; სულიერი, გონებრივი და ფიზიკური სრულყოფისთვის პირობების შექმნა.
ყოველივე ზემოთქმულიდან კარგად ჩანს, რა დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება უწევს კლასის ხელმძღვანელს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მას ყოველდღიურად საკუთარი გაკვეთილებიც აქვს ჩასატარებელი. და თუ ამ ყველაფერს კლასის ხელმძღვანელი კეთილსინდისიერად შეასრულებს, მას იმდენი ენერგიის (როგორც ფიზიკურის, ასევე ფსიქოლოგიურის) დახარჯვა მოუწევს, რომ შესაძლოა, კარგა ხანს ვერ შეძლოს   მისი აღდგენა. ამდენად, იქნებ გამართლებული იყოს სკოლაში გათავისუფლებული კლასის ხელმძღვანელის შტატის შემოღება – ეს გაცილებით ხარისხიანს, ეფექტიანს და შედეგიანს გახდიდა მის მუშაობას. აღსანიშნავია, რომ ამის პრაქტიკა ცალკეულ სკოლებში უკვე არსებობს. კლასის ხელმძღვანელის მუშაობაზე რომ ბევრი რამ არის დამოკიდებული, ვფიქრობ, ზემოთქმულიდანაც კარგად ჩანს. იქ, სადაც კლასის ხელმძღვანელი კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას, კლასი ნაკლებად პრობლემურია, პედაგოგები ხალისით ატარებენ გაკვეთილებს და შედეგებიც უკეთესი აქვთ. ხოლო თუ კლასის ხელმძღვანელის მუშაობაში ხარვეზებია, კლასი საკმაოდ რთულია, იქ მრავლად არიან მოსწავლეები სასწავლო და ქცევითი პრობლემებით; ბევრ მასწავლებელს არ სურს ასეთ კლასში გაკვეთილების ჩატარება, რადგანაც სასწავლო მიზანს ძნელად აღწევენ.
წყარო : http://mastsavlebeli.ge

მოსწავლეთა ინტერესის მართვის პრაქტიკული ასპექტები

ინტერესი რისამე გაგების, გაცნობის, შესწავლის სურვილი,  მიზანი, მისწრაფება და  მოთხოვნილებაა, რომელიც  უზრუნველყოფს პიროვნების ჩართულობას შემეცნების პროცესში. ეს ინსტინქტია, რომელიც გარკვეულ მომენტში აღძრავს კონკრეტული საქმიანობის სურვილს, რომლის დაკმაყოფილებისას ინტერესი კიდევ უფრო ღრმავდება და  ახალი ინტერესებს წარმოშობს, ამიტომ რაც უფრო მძაფრია ინტერესი, მით უფრო მეტად ინტენსიურად ცდილობს ადამიანი მის დაკმაყოფილებას, მით მეტად აქტიურადაა ჩართული ინტერესის დაკმაყოფილებისა და საინტერესოს შემეცნების პროცესში.
ზოგადად ინტერესი რამდენიმე სახისაა:
  • უშუალო, პირდაპირი ინტერესი, რომელიც გამოწვეულია ობიექტის გარეგნული იერ-სახით;
  • და არაპირდაპირი ინტერესი, რომლის დაკმაყოფილებისთვის გარკვეული საქმიანობის გაწევაა საჭირო.
უშუალო და არაპირდაპირი ინტერესი შეიძლება დაიყოს:
უშუალო – როდესაც ინტერესი მიმართულია თავად საქმიანობის პროცესზე, შემოქმედებაზე, რომლის მიზანია რაიმე მოთხოვნილების დაკმაყოფილება;
არაპირდაპირი – როდესაც ინტერესს იწვევს საქმიანობის შედეგები: განათლების ცენზი, პროფესიის შეძენა, საზოგადოებრივი მდგომარეობა, ანუ ერთგვარად  ცხოვრებისეული მოთხოვნილებები.
ინტერესში შეიძლება გამოიყოს:
  • პასიური, ანუ განსჯის, დაფიქრების პერიოდი;
  • აქტიური – ქმედების პერიოდი.
მასშტაბის მიხედვით ის შეიძლება იყოს:
  • ფართო – როდესაც ბევრია დაინტერესებული ღრმად გაიაზრონ რაიმე;
  • ვიწრო – რომლის საფუძველია  უბრალო ცნობისმოყვარეობა.
სიღრმის მიხედვით:
ღრმა – როდესაც ადამიანი მიისწრაფვის ღრმად „შეიჭრას“ საგნის შიგნით მის შესამეცნებლად;
ზედაპირული –  როდესაც ინტერესი ზერელეა;
სამყაროს, სიმტკიცის მიხედვით ინტერესი შეიძლება იყოს:
მდგრადი – როდესაც ხდება საკუთარი როლის გაცნობიერება და აღიარება, რომ ამის გაკეთება (ინტერესის დაკმაყოფილება) აუცილებელი და საჭიროა;
არამდგრადი – ის, რაც მდგრადის საწინააღმდეგოა (ის დამახასიათებელია მოზრდილებისა და ბავშვებისთვის).
გამომდინარე იქედან, რომ ინტერესი მრავალგვარია, თავის მხრივ, წარმოიშობა ინტერესის კატეგორიის პრობლემის გადაჭრის მოთხოვნილება. ასეთ შემთხვევაში ადვილია ინტერესთან დაკავშირებული ყველა სფეროს საქმიანობა, მათ შორის საგანმანათლებლო სისტემის, რადგან განათლება უპირველეს ყოვლისა მიმართულია პიროვნების განვითარებისკენ, მისი შემოქმედებითი შესაძლებლობების გააქტიურებისკენ, დამოუკიდებელი მუშაობის მეთოდების ათვისებისკენ, თვითკონტროლისკენ, სწავლის აქტიური ფორმების და მეთოდების გამოყენებისკენ, რომელიც შესაბამისი ინტერესების გარეშე ვერაფრით მიიღწევა.
მოსწავლეთა ინტერესი ძალიან მრავალგვარია, რომელთა ზოგადი  კლასიფიკაცია შემდეგი პრინციპის მიხედვით ხდება. მათ აინტერესებთ:
  • შინაარსი (რისკენაა მიმართული);
  • მატერიალური სარგებლიანობა;
  • საზოგადოებრივი და პოლიტიკური ხასიათი;
  • პროფესიული და შრომითი საქმიანობა;
  • შემეცნებითი ფორმა – სასწავლო, სპეციალური, სამეცნიერო;
  • ესთეტიკა;
  • მკითხველი;
  • სპორტი და
  • ა.შ.
ინტერესის  ეს ნიშნები  იჭრება ერთმანეთში და ერთ მთლიან სისტემას ქმნის, რომლის საერთო მიზანი შემეცნებითი პროცესის – ინტერესის დაკმაყოფილებას – ემსახურება.  მაგრამ თუ გარემომცველი სამყაროდან ადამიანი  ირჩევს  არა ყველა ობიექტს, არამედ მხოლოდ მას, რომელიც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მაშინ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ „მნიშვნელოვანი“  და „საჭირო“  მხოლოდ  ინტერესის ფორმაა  მოსწავლისთვის, რადგან შემეცნებითი ინტერესი გაცილებით ღრმაა და ის პიროვნების შინაგანი მდგომარეობის გამოვლინებაა. მისი ფასი ის გახლავთ, რომ პიროვნება ინტელექტუალურ მოთხოვნილებას იკმაყოფილებს, ის ელოდება ახალს, ინტელექტუალურ სიხარულს, წარმატებას. შეუძლებელია ადამიანის შემეცნებითი ინტერესის გარეშე  პიროვნული განვითარება.

შემეცნებითი ინტერესის გაღვივება მოსწავლეებში სხვადასხვა კუთხით შეიძლება გამომჟღავნდეს. პედაგოგიკის თეორიაში ძირითადად მითითებულია, რომ ის წარმოადგენს მოსწავლის შინაგან სტიმულს, რამდენადაც მასზეა დამოკიდებული მისი აქტიურობა, მასწავლებელს მისი დახმარებით ადვილად შეუძლია მოსწავლის მოტივირება, სწავლის  შედეგების ამაღლება, სწავლებაში იმ ასპექტების გამოყოფა, რომელსაც შეუძლია მოსწავლის ყურადღების მიპყრობა და აზროვნების გააქტიურება.
მეტწილად მოსწავლეთა  ინტერესის ფორმირება ორ საკითხს უკავშირდება:
  1. მოსწავლის შემეცნებით სამყაროზე მეცნიერების მიღწევათა ასახვას, მის მიმართ ინტერესის გამოხატვას;
  2. ცოდნის შეძენის პროცესში მხარდაჭერას, სწავლისა და ცოდნის შეძენის მიმართ დამოკიდებულების განმტკიცებას, რომელიც აღუძრავს მოსწავლეს ცოდნის დაუფლების სურვილს.
ძირითადად მოსწავლის შემეცნებითი ინტერესის დაკმაყოფილება  ხდება:
  • სახელმძღვანელოების შინაარსით;
  • სასწავლო პროცესის ორგანიზებით;
  • მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის კომუნიკაციური პროცესით.
ეს დეტალები  სტიმულების  ფართო სპექტრს წარმოშობენ,  ავითარებენ ინტერესს და ხელს უწყობენ მის დაკმაყოფილებას. მაგრამ არის ინტერესის გაზრდის კიდევ ერთი  საინტერესო გზა,  როგორიცაა ისეთი გაკვეთილზე სიტუაციების შექმნა, რომელიც მოსწავლეს  საშუალებას მისცემს:
  • გამოხატოს საკუთარი აზრი;
  • დარჩეს საკუთარ აზრზე;
  • მონაწილეობა მიიღოს დისკუსიებსა და განხილვებში;
  • დაუსვას შეკითხვები თანაკლასელებს და მასწავლებელს;
  • გააკეთოს რეცენზია თანაკლასელის ნაშრომზე, მიიღოს მონაწილეობა მათ სწავლა/სწავლებაში;
  • აუხსნას შედარებით სუსტ მოსწავლეებს მათთვის გაუგებარი ადგილები სახელმძღვანელოს ტექსტიდან;
  • მოიძიოს დავალების შესრულების  ალტერნატიული გზა;
  • შეასრულოს შემეცნებითი ხასიათის დავალება და გადაჭრას პრობლემა;
  • შეაფასოს საკუთარი თავიც და სხვებიც;
  • გამოიყენოს სწავლის პროცესში თანამედროვე ტექნიკური საშუალებები.
ინტერესის გამოხატვის სხვადასხვა დონე არსებობს, რომლის მიხედვით მასწავლებელს შეეძლება თვალი ადევნოს მოსწავლის განვითარებას, რამდენადაც დაინტერესება სწავლის შედეგის პირდაპირპროპორციულია.
ინტერესის გამოხატვის I დონეა, როდესაც მოსწავლე ცდილობს დაიმახსოვროს, გაიგოს და გამოიყენოს ცოდნა, დაეუფლოს მისი გამოყენების გზებს. ამ ეტაპს შეესაბამება ინტერესის „არამდგრადობა“, როდესაც მოსწავლე არ ინტერესდება ცოდნის სიღრმით და არ იყენებს შეკითხვის ტიპს: „რატომ?“
ინტერესის გამოხატვის II დონეა, როდესაც მოსწავლე მიისწრაფვის შესწავლილი მასალის გამოვლენისკენ, როდესაც გამოხატავს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარების სურვილს, აკეთებს შედეგების ინტერპრეტაციას. ამ ეტაპს შეესაბამება ინტერესის მკვეთრად გამოხატული „მდგრადობა“, როდესაც მოსწავლე ცდილობს, მიიყვანოს დაწყებული საქმე ბოლომდე, არ უშინდება სიძნელეს და ეძებს პრობლემის გადაწყვეტის გზას.
III  დონეა  – შემოქმედებითი ეტაპი, როდესაც მოსწავლის ინტერესი  არამარტო უბრალოდ იჭრება მოვლენათა „სიღრმეში“, არამედ ის ცდილობს ამ მიზნით ახალი საშუალებების მოპოვებას.  ამ ეტაპზე ინტერესის ყველა თვისება ჯაჭვური რეაქციის სახით გამოვლინდება და მოსწავლის  წინარე ცოდნის, გამოცდილებისა და ახალი ცოდნის სინთეზის ეტაპად გარდაიქმნება.

მაგრამ ერთია მოსწავლის ინტერესის გამოწვევა გაკვეთილზე და მეორეა მისი განვითარება, რომლისთვისაც მასწავლებელმა სწავლების მრავალფეროვანი მეთოდები და ფორმები უნდა გამოიყენოს.  ამ დროს, ცხადია, გათვალისწინებულია   სწავლების შინაარსი, თემის შინაარსი, აქტუალურობა და ასაკობრივი თავისებურებები.
ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემს შემოქმედებით საქმიანობაში გამოვყოფდი შემდეგ მიმართულებებს:
  • სახელმძღვანელოსთან მუშაობას (ესაა პროცესი ტექსტის კითხვიდან და ელემენტარულ კითხვებზე პასუხების ძიებიდან გაკვეთილის დიდი ნაწილის დამოუკიდებლად შესწავლამდე);
  • სამუშაო რვეულების წარმოებას (საშინაო დავალებების აუცილებლად შემოწმება);
  • წყაროებზე მუშაობას (პროცესი ისტორიულ წყაროების ანალიზიდან პროდუქტიული, შემოქმედებითი დავალებების დამოუკიდებლად შესრულებამდე);
  • დავალებების შესაბამისი მოსწავლეთა ორგანიზაციის ფორმას (ინდივიდუალური და ჯგუფური);
  • ისტორიის შესწავლის სხვადასხვა ხერხების და გზების გამოყენებას (წყაროზე მუშაობის სხვადასხვა მეთოდები) და ა.შ.
მოსწავლეთა ინტერესის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება დაწყებითი საფეხურის  V-VI კლასებში და მომდევნო საფეხურის – საბაზო – საწყის ეტაპზე. პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ ამ პერიოდებში მოსწავლეებს შეუნარჩუნდებათ ისტორიის მიმართ ინტერესი, ის გაჰყვებათ მომდევნო საფეხურზეც.
პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე V-VI-VII კლასებში ინტერესის განვითარებისკენ მიმართული პრაქტიკული საგაკვეთილო საქმიანობა და ინტერესის მართვის სტრატეგიები  ასეთი სურათს გვაძლევს:

V კლასიVI კლასიVII კლასი
– გაკვეთილის  ტექსტის უმეტესი  ნაწილის წაკითხვა და შემეცნებითი ხასიათის  კითხვებზე პასუხის გაცემა;
–  სავარჯიშოების შესრულება, როგორიცაა: სურათის აღწერა, კროსვორდების შევსება, ჩანახატების წარმოდგენა და სხვ.
– სხვადასხვა სახის პრეზენტაციის მომზადება, მაგალითად, „ჩემი მშობლიური მხარე“, „ჩემი საყვარელი დასვენების ადგილი“ და ა.შ.
– ფიზიკურ და სხვ. სახის რუკებზე მუშაობა და დასახელებული ობიექტების მოძებნა;
– თამაშის გამოყენება გაკვეთილზე;
– წერილობითი და ნივთიერი წყაროების გაანალიზება და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
– გაკვეთილის ტექსტზე მუშაობა და ტექსტის ბოლოში დასმულ შეკითხვებზე  პასუხი;
– მოთხრობების შედგენა სახელმძღვანელოს სურათების მიხედვით;
–         და ა.შ.
–  გაკვეთილის თითქმის ½ -ის დამოუკიდებლად სწავლა;
– მოვლენათა მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება და სინქრონიზება;
– დრო რომ არ დაიკარგოს, თანაკლასელების პასუხის დროს დანარჩენებს  შეუძლიათ სამუშაო რვეულებში მუშაობა;
– შედარებების  გაკეთება (ცხრილები), გეგმების მომზადება  – ჯერ მარტივი გეგმების, შემდეგ, წლის ბოლოს –  რთულზე მუშაობა;
– მუშაობა ისტორიულ პერსონალიებზე;
– მოთხრობების შედგენა სხვადასხვა თემაზე, ისტორიული მოვლენების მოდელირება;
– გენეალოგიური ცხრილების მომზადება;
– ყველაზე მნიშვნელოვანი ცნებებისა და თარიღების  ამოწერა;
– მასწავლებლის მონათხრობის მიხედვით მოთხრობის შედგენა.

– გაკვეთილის  დიდი  ნაწილის  დამოუკიდებლად სწავლა;
– სამუშაო რვეულების დამოუკიდებლად წარმოება;
– სხვადასხვა გეგმისა  და ცხრილის შედგენა;
– დავალებების დამოუკიდებლად არჩევა;
– ისტორიული რუკებისა და წყაროების  ერთმანეთთან და  ისტორისკოსთა შეხედულებებთან  შედარება;
– შემოქმედებითი დავალებების შესრულება, ჯგუფური მუშაობის ფორმების მოძიება;
– ზეპირი პრეზენტაციის მომზადება წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით.


სწორად წარმართული სასწავლო პროცესი,  სათანადო მეთოდური მიდგომები  და მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე და მოტივაციაზე ორიენტირებული სწავლება  თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნების ადეკვატური და წარმატებული შედეგების მანიშნებელია.
წყარო : http://mastsavlebeli.ge

დიფერენცირებული სწავლება როგორც მოსწავლეთა რეალიზაციის ეფექტური საშუალება

თანამედროვე სტანდარტები დიდწილადაა მიმართული განათლების ჰუმანიზაციისა და სწავლების ინდივიდუალიზაციისკენ, რომელიც თითოეული მოსწავლის რეალიზაციას უწყობს ხელს. ამ მოთხოვნის შესრულების ეფექტური საშუალებაა სწავლებისადმი დიფერენცირებული მიდგომა. მსგავს მიდგომებს ხშირად ვიყენებთ პრაქტიკაში, მაგალითად, როდესაც ვგეგმავთ გაკვეთილს, ვცდილობთ, ვუპასუხოთ კითხვას: როგორ მოვიქცეთ, რომ მოსწავლემ უბრალოდ კი არ დაიზეპიროს გარკვეული რაოდენობის მასალა, არამედ ისწავლოს იმისდა მიუხედავად, რა საშუალება და როგორი პოტენციალი აქვს. და როდესაც მსგავს გეგმას შევადგენთ, აღმოჩნდება, რომ:
ა) სასწავლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლის პიროვნება (რაც დამახასიათებელია სწავლებაში დიფერენცირებული მიდგომებისთვის);
ბ) სასწავლო პროცესის ორგანიზება აქცენტირებულია ინდივიდუალიზაციასა (რაც წარმოადგენს დიფერენცირებული სწავლების მეთოდურ საფუძველს) და დავალებების დიფერენციაციაზე (გაკვეთილის ჩატარების მეთოდიკაზე).
დიფერენციაცია ნიშნავს დაყოფას, დანაწილებას, მთელის გაყოფას ნაწილებად, ფორმისა და საფეხურების მიხედვით დალაგებას და თითოეულის ცალ-ცალკე შესწავლას. დიფერენცირებული სწავლებისასმასწავლებელი მუშაობს მთელ ჯგუფთან, რომლის თითოეულ წევრსაც სხვადასხვა ხარისხის ცოდნა აქვს, მაგრამ პროცესი მიმართულია „გათანაბრებისკენ“ – დავალებები დახარისხებულია თითოეულის შესაძლებლობის მიხედვით, რაც ერთიანობაში ხელს უწყობს თითოეული მოსწავლის მოტივირებას და შესაძლებლობებისა და ინტერესების მაქსიმალურ გამოვლენას, ერთმანეთით სწავლას და თვითსწავლას.
სწავლებაში დიფერენცირებული მიდგომა პირველად გამოიყენეს XX საუკუნის დამდეგს და ის დაკავშირებულია ჰუმანიტარული ფსიქოლოგიის წარმომადგენლების კ. როჯერსის, ა. მასლოუს, რ. მეის სახელებთან. დიდაქტიკის კუთხით დიფერენცირებული სწავლება თავის თავში მოიცავს განათლების მიზანს, შინაარსს, სწავლა-სწავლების საშუალებათა ორგანიზაციას და საგანმანათლებლო პროცესის ეფექტურობის თითქმის ყველა კრიტერიუმს. ის ეძებს გზას, უკეთესად დააკმაყოფილოს მოზარდის შემეცნებითი ინტერესი, გაუღვივოს და გამოიწვიოს კიდეც ის და მხარდაჭერა გაუწიოს განვითარებისა და პიროვნული ზრდის პროცესში.
დიფერენცირებული მიდგომის ვარიანტებია:
  • მოსწავლეთა დაყოფა ინტელექტუალური განვითარების მიხედვით, მათი მომავალი განვითარებისა და შემდგომი გაერთიანების მიზნით;
  • სრული თავისუფლება სასწავლო მასალის არჩევაში, მის შესწავლაში;
  • თვითშეფასება;
  • ინტეგრირებული სწავლებისა და, საზოგადოდ, საგანთაშორისი კავშირების აქტიური გამოყენება ცოდნის გასაღრმავებლად.
სხვადასხვა სახის დიფერენცირებული მიდგომის გამოყენებისას შედეგებიც სხვადასხვანაირია:
  • სიმძიმის ცენტრი გადატანილია სწავლებიდან მოსწავლეზე, რომელიც დამოუკიდებლად გადაამუშავებს და აითვისებს ინფორმაციას;
  • მასწავლებელი ორიენტირებულია სამუშაოს შინაარსზე;
  • კლასი ობიექტურადაა დაყოფილი მიკროჯგუფებად – მოსწავლე თვითონ ვერ აირჩევს სამიზნე დონეს, რომელიც შეესაბამება მის შესაძლებლობებს და მოთხოვნილებებს;
  • კლასში მეფობს ურთიერთნდობისა და თანხმობის ატმოსფერო, მოსწავლეებს უყვართ ჯგუფური სამუშაო, რომლის დროსაც უვითარდებათ მოთმინების, ჯგუფური მუშაობის, მხარდაჭერის, კომუნიკაციის უნარები.
დიფერენცირებული მიდგომის გამოყენებისას მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსწავლის მოსწრების დონე. ამ მხრივ მოსწავლეები ძირითადად 3 დონედ იყოფიან: სუსტ, საშუალო და ძლიერ მოსწავლეებად. ჩვეულებრივი გაკვეთილი შეიძლება ჩავატაროთ მოსწავლეთა დონეების გათვალისწინებით:
I დონე – ძლიერი მოსწავლეები, რომლებიც დამოუკიდებლად ასრულებენ რთულ სავარჯიშოებს, შეუძლიათ ცოდნის გამოყენება უცნობ სიტუაციაში და აქვთ შემოქმედებითი უნარები, გამოყოფენ საკითხიდან არსებითს, ძირითადს, კანონზომიერს, იღებენ მაღალ შეფასებებს;
II დონე – შედარებით განვითარებული უნარების მქონე მოსწავლეები, რომლებსაც უჭირთ, ერთბაშად აღიქვან საკითხის არსი, გამოყონ კანონზომიერებები; ამისთვის სჭირდებათ გარკვეული დრო, მაგრამ შეუძლიათ დაინახონ ზოგადში კერძო და კერძოში – ზოგადი ელემენტები. სათანადო დახმარების პირობებში ამ ჯგუფის მოსწავლეებს შეუძლიათ, თავი გაართვან I დონის მოთხოვნებსაც;
III დონე – სუსტი, არასაკმარისად მომზადებული მოსწავლეები, ანუ ისინი, რომლებიც დიდ ინტერესს არ ამჟღავნებენ ისტორიის საგნის მიმართ და თითქმის არ გააჩნიათ ისტორიულ მასალასთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. მათ არ შეუძლიათ ისტორიული მასალის აღქმა, წარმოსახვა, გადამუშავება, ემოციური დამოკიდებულების გამომჟღავნება, დამოუკიდებლად ანალიზი და შედარება. ისინი მასალას ითვისებენ მრავალჯერადი განმეორების გზით და ყოველთვის სათანადოდ ვერც ახერხებენ ამას, დავალებების შესრულებას ანდომებენ ბევრ დროს.
რაც შეეხება ჯგუფების შედგენას, დიფერენცირებული მუშაობის დროს ჯგუფები მუდმივი არ არის. ისინი არა მარტო დროთა განმავლობაში, არამედ ერთი გაკვეთილის ფარგლებშიც კი შეიძლება შეიცვალოს.
დიფერენციაციის საშუალებები:
  • დავალების შინაარსი მთელი კლასისთვის ერთნაირია, მაგრამ ძლიერ მოსწავლეებს ნაკლები დრო ეძლევათ მის შესასრულებლად;
  • დავალების შინაარსი ყველასთვის ერთნაირია, მაგრამ ძლიერ მოსწავლეებს გაცილებით დიდი მოცულობის დავალება ეძლევათ, ვიდრე სხვებს;
  • დავალება მთელი კლასისთვის საერთოა, მაგრამ სუსტ მოსწავლეებს ეძლევათ დამხმარე მასალა, რომელიც გაუადვილებთ მუშაობას (საყრდენი სქემები, ცხრილები, ნიმუში და ა.შ. );
  • სხვადასხვა დონის მოსწავლეებს გაკვეთილის ერთ-ერთ ეტაპზე ეძლევათ სხვადასხვა შინაარსისა და სირთულის ამოცანები;
  • მოსწავლეები თვითონ ირჩევენ დავალების ვარიანტს;
  • მასწავლებელი ხშირად მიმართავს მასალის განმტკიცებას.
დიფერენციაციის დროს მიმდინარე, თემატური და შემაჯამებელი დავალებები სხვადასხვა დონისაა და განსხვავებულია უნარ-ჩვევების კუთხითაც. მაგალითად:
  • დამოუკიდებელი მუშაობის დროს დიფერენცირებული დავალებები მიმართულია ცოდნის გამჭვირვალობისკენ, მოქნილობისკენ, კონკრეტულობისკენ, გაცნობიერებისკენ. მათი შესრულებისთვის გამოიყოფა 10-15 წუთი.
  • სხვადასხვა დონის დავალებების დროს მოსწავლეებს ურიგდებათ განსხვავებული ფერის ბარათები სხვადასხვა დავალებით: მწვანე – I დონე, ლურჯი – II დონე, წითელი – III დონე. დავალებების რაოდენობა დამოკიდებულია შესასწავლ საგანზე, თემის სირთულეზე, მოსწავლეთა ინდივიდუალურ თვისებებსა და დამოუკიდებელი მუშაობისთვის გამოყოფილ დროზე.
საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეს შეუძლია შეცვალოს დავალება ან ხელახლა შეასრულოს იმავე დონის სხვა დავალება. შეფასება დამოკიდებულია დავალების სირთულეზე: I დონე – 5/6 ქულა; II დონე – 7/8 ქულა; III დონე – 9/10 ქულა; მოსწავლეთა თვითშეფასებაში კი გამოჩნდება, რამდენად სწორად იქნა შერჩეული დონე.
დიფერენცირებულ დავალებებს შორის გვხვდება ადაპტირებული (შედარებით ადვილი) დავალებებიც,რომლებიც:
  • შეიცავს დავალების შინაარსს, ალგორითმს და მის მიხედვით შესრულებულ ნიმუშს;
  • დავალებას, რომელიც უნდა შესრულდეს წყვილში;
  • სხვადასხვა დონის დახურული ტიპის ტესტურ დავალებებს – მოსწავლებს სთავაზობენ 10-15 ტესტს, რომელთაგან თითოეულის შესასრულებლად დასჭირდება 7-10 წუთი.

განვიხილოთ გაკვეთილის ფრაგმენტი დიფერენცირებული დავალებებით. გაკვეთილის თემა – „საღვთო რომის იმპერია კარლ V-ის დროს“
დრო – 15 წუთი
დაახლოებით 5/6-ქულიანი დავალება:
  • დაასახელეთ კონკრეტული რეფორმები, რომლებიც გატარდა კარლ V-ის ეპოქაში;
  • რას გეუბნებათ სახელები: ა) მ. ლუთერი? ბ) ფილიპე II?
  • როგორი იყო კარლ V-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგები?
დაახლოებით 7/8-ქულიანი დავალება:
  • რას წარმოადგენდა „95 თეზისი“? ვინ იყო მისი ავტორი?
  • დაახასიათეთ, როგორ გაიყო ჰაბსბურგთა იმპერია ორ შტოდ.
დაახლოებით 9/10-ქულიანი დავალება:
  • რატომ თქვა უარი კარლ V-მ ნიდერლანდის სამეფოსა და ესპანეთზე და არა გერმანიაზე?
  • რატომ დათანხმდა კარლ V 1555 წლის აუგსბურგის რელიგიურ ზავზე და არ გააგრძელა ბრძოლა რეფორმაციის წინააღმდეგ? მიაღწია თუ არა ამით მიზანს?
ადაპტირებული დავალებები:
  • მოამზადეთ პატარა დავალებები მოცემულ თემაზე (სუსტი მოსწავლისთვის);
  • დაწერეთ ესე მოცემულ თემაზე (დავალება ყველასათვის);
  • პრეზენტაციის მომზადება გაკვეთილის თემის მიხედვით და პრეზენტირება კლასის წინაშე;
  • კროსვორდის მომზადება (ყველა მოსწავლისთვის, მათ შორის – პასიური მოსწავლეებისთვისაც);
  • პორტრეტ-ამოცანის მომზადება (დავალება ყველასათვის).
ჩათვლა თემაზე – „ტიუდორები“: ყველა დავალება იყოფა ორ ნაწილად -სავალდებულოდ 5/6 ქულაზე და დამატებით დავალებად 9/10 ქულაზე.
სავალდებულო ნაწილი: იმისთვის, რომ მოსწავლემ მიიღოს შეფასება 5/6, უნდა შეასრულოს არა უმეტეს 7 დავალებისა მიმდინარე თემის შესახებ:
  • მიუთითეთ, რა სახელწოდებით შევიდა ეკლესიის ისტორიაში ჰენრი VIII.
  • გააგრძელეთ ფრაზა: „პირველი მმართველი ტიუდორების დინასტიიდან, რომლის მეფობის პერიოდიც ყველაზე მშვიდ ეპოქად შევიდა ინგლისის ისტორიაში, იყო…“ (ჰენრი VII);
  • რა უფრო ადრე მოხდა: რეფორმაცია თუ ანგლიკანური ეკლესიის დაფუძნება? (რეფორმაცია)
  • მიუთითეთ, რა ტერმინით აღინიშნება საეკლესიო და სამონასტრო საკუთრების გადაქცევა სახელმწიფო საკუთრებად. (სეკულარიზაცია)
  • ინგლისის დედოფალი, რომლის სახელიც დაკავშირებულია „ინგლისის ოქროს ხანასთან“ (ელისაბედ I);
  • რას წარმოდგენდა „უძლეველი არმადა“? (ესპანეთის სახელგანთქმული ფლოტი, რომელიც ინგლისმა გაანადგურა)
  • რა კავშირი აქვს ფილიპე II-ს ინგლისთან? (თავისი დაუფიქრებელი პოლიტიკით ხელი შეუწყო ინგლისის დაწინაურებას)
  • როგორ აღმოჩნდნენ ინგლისის ტახტზე სტიუარტები?
  • ვის სახელს უკავშირდება „ინგლისური პროტესტანტიზმი?“ (ელისაბედ I)
  • ვინ დააარსა ინგლისში „ვარსკვლავიანი პალატა“ – საგანგებო სასამართლო?
ა) ჰენრი VII-მ
ბ) ჰენრი VIII-მ
გ) ელისაბედ I-მა
დ) ედუარდ VI-მ (სწორი პასუხი: ჰენრი VII)
ადაპტირებული დავალებები (ყველა სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით):
  • რა კავშირი აქვთ ლანკასტერებსა და იორკებს ტიუდორების გამეფებასთან?
  • რატომ უწოდეს კათოლიკე მერის ინგლისელებმა „სისხლიანი მერი“?
  • რამ შეუწყო ხელი ამერიკის კონტინენტზე ინგლისის კოლონიების გაჩენას?
დიფერენცირებული სწავლების უპირატესობები: ადვილად დაიძლევა სიძნელეები; კლასში არც ერთი მოსწავლე არ არის ჩამორჩენილი; ყველა ჩართულია სამუშაოში; აქტიურად ფორმირდება პიროვნული თვისებები; იზრდება დამოუკიდებლობა, შრომისმოყვარეობა, თავდაჯერება, შემოქმედებითობა, მოტივაცია, შემეცნებითი ინტერესი; აქტიურად მიმდინარეობს მასალის შინაარსის გადამუშავება; მეთოდი უზრუნველყოფილია დიდაქტიკის კუთხითაც; მოსწავლეები წინასწარ ემზადებიან ამგვარი სამუშაოსთვის; ექვემდებარება მონიტორინგს.
წყარო : http://mastsavlebeli.ge

ეფექტური სასწავლო პროცესის შექმნის ძირითადი ასპექტები

„სწავლაზე ორიენტირებულ პარადიგმაშიგანვითარების თანაბარი შანსის მისაცემადმასწავლებელითითოეულ მოსწავლეს  განსხვავებულ პირობებს სთავაზობსმათი ადრეული ცოდნისა და გამოცდილებისგათვალისწინებითიგი თითოეულ მოსწავლეს აფასებს ინდივიდუალური საზომით  საკუთარ მიღწევებთან (დაარა სხვათა მიღწევებთანმიმართებითეს მოსწავლეებს საშუალებას აძლევსდაინახონ საკუთარი წინსვლადარწმუნდნენრომ შეუძლიათ  წინსვლა და  იმ ცოდნის თანდათანობით  შეძენარომელიც მათ მიღწევებისერთი დონიდან მეორეზე გადაიყვანსსწორედ ასეთ ინდივიდუალიზებულ მიდგომას გულისხმობსპედაგოგიური პრინციპი: „ყველა მოსწავლე მნიშვნელოვანიასკოლა უნდა მოერგოს მოსწავლესდა არამოსწავლე  სკოლას
/თამარ ჯაყელი/

ევროპის საბჭოს მიერ, 2010 წელს შემუშავებული ქარტიის, „დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ“ მიხედვით, „სკოლების ზოგად დანიშნულებას არ წარმოადგენს მხოლოდ ცოდნის გადაცემა ერთი თაობიდან მეორეზე. თანამშრომლობა, კომუნიკაცია და ჩართულობა უმნიშვნელოვანეს ფასეულობებს წარმოადგენს, თუ სკოლას სურს ჰქონდეს პრეტენზია, რომ მის კედლებში მოსწავლეები დემოკრატ მოქალაქეებად გაიზარდონ[1]. ამგვარად, ევროპასა და მთელ მსოფლიოში მიმდინარე განათლების რეფორმა ეფუძნება სკოლას, როგორც წამყვან ძალას დემოკრატიული საზოგადოების შენებაში.
ამავე ქარტიის თანახმად, დემოკრატიული მოქალაქეობისათვის სწავლების მიზანს ასევე წარმოადგენს ისეთი მოსწავლეების აღზრდა, რომლებიც აქტიურ მოქალაქეებად უნდა ჩამოყალიბდნენ, რომლებსაც ექნებათ სურვილი და შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში. აქედან გამომდინარე, დემოკრატიული მოქალაქეობისათვის სწავლებაში ყურადღება გამახვილებულია აქტივობებსა და ამოცანაზე დაფუძნებულ სწავლაზე. სკოლა აღიქმება სფეროდ, სადაც შესაძლებელია ჭეშმარიტი გამოცდილების მიღება, სადაც, მათ ადრეული ასაკიდან შეუძლიათ გააცნობიერონ მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა. ცნობიერების ამაღლება გამოწვევაა როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე, მასწავლებლებისა და სკოლებისათვის. მოზარდი მონაწილეობას უნდა ღებულობდეს სოციალურ ცხოვრებაში, რაც ნიშნავს, რომ ბავშვმა უნდა განავითაროს საკუთარი ფასეულობები, ცხოვრების სტილი, კულტურული ურთიერთობები და ყოველივე ამის შედეგად აიმაღლოს ცნობიერება. დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლება ხელს უწყობს ღირებულებებზე ორიენტირებული ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების განვითარებას, რომლებიც მოზარდებს თვითშეფასებას და საკუთარი თავის რწმენას უმტკიცებენ და სოციალური სამართლიანობის დამყარებას უწყობენ ხელს (Covington&Omelich,1979). ასეთი სახის სწავლება ამდიდრებს მოსწავლის ფასეულობებზე დაფუძნებულ ცოდნას, ავითარებს ქმედებაზე ორიენტირებულ უნარებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების განხორციელების კომპეტენციებს. სწავლების ეფექტურობა მიიღწევა არა მარტო უბრალოდ „სიტყვათა თამაშით“, ქადაგებებითა დადიალოგებითარამედ იმ უნარჩვევების გამომუშავებითრომლებიც საბოლოოდ ასახავს ქცევას.ფასეულობებზე ორიენტირებული სწავლება მოსწავლეებს ეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ფასეულობათა თეორია ეფუძნება ჰიპოთეზას, მოსწავლე, რომლის ქცევაც დამყარებულია ფასეულობით უნარ-ჩვევებს, ნაკლებად უშვებს სერიოზულ შეცდომებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში[2].
ამ ზოგადი ცოდნის კვალობაზე ჩვენი საზოგადოების მოაზროვნე ნაწილს  და, მათ შორის, არაერთ გონიერ მასწავლებელს რჩება უკმარობის განცდა, რომ ეფექტური სასწავლო პროცესის შექმნისთვის რაღაც ისეთი წინაპირობებია საჭირო, რომელიც ჩვენი განათლების სისტემის საერთო წინსვლას გამოიწვევდა. უდავოა, განათლება სახელმწიფოებრიობის საფუძველია. ის პრინციპები, რომელიც განათლების სისტემებში ინერგება, ზოგადსაზოგადოებრივ შეგნებას განაპირობებს. ილია სამართლიანად ამბობდა: წყალი ბოლომდე მღვრიედ ივლის, თუ იგი სათავეშივე აიმღვრაო. ფაქტია, ერთეულ მავანთა მეცადინეობის მიუხედავად, ჩვენში წყლის უსუფთაობა იმდენად შეამჩნევი და ყოვლისმომცველი გამხდარა, რომ ეს უკვე განათლების არა ერთ ექსპერტსა თუ მკვლევარს აფიქრებს.
ახლახან ქართულ ბეჭდურ მედიაში გამოჩნდა თამარ ჯაყელის დასაფიქრებელი წერილი, რომელიც ქართული სასკოლო განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებს ეხება და, ამავდროულად, რეალურად გამაუმჯობესებელ ეფექტურ ბერკეტებსაც გვთავაზობს. იგი ეყრდობა მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში აღიარებული ავტორიტეტის და საგანმანათებლო რეფორმებში დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტის, მაიკლ ფულანის აღიარებულ ნაშრომს:  „უვარგისი ბერკეტების შერჩევა მთლიანი სისტემის რეფორმებისთვის“ (Choosing the wrong driversfor whole system reform, Centre for Strategic Education Seminar Series, Paper No. 204, May 2011), საუბრობს იმ ფატალურ შეცდომებზე, რომლებსაც განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით შერჩეულ ბერკეტებად მოიაზრებენ და, რომლებიც, გაუმჯებესების ნაცვლად, სისტემის ხანგრძლივ სტაგნაციასა და რეგრესს განაპირობებს როგორც უცხოეთში, ასე საქართველოში. ამავე ავტორის მიხედვით, განათლების ხარისხის რეალურად გამაუმჯობესებელი ეფექტური ბერკეტები ოთხ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. ეს კრიტერიუმებია:
  1. მასწავლებლებისა და მოსწავლეების 100%-ის დაფარვა, რაც გულისხმობს განათლებაზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მთლიანი საზოგადოების მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი შეგნების ამაღლებას, ანუ მთლიანი თაობის ფორმირებას, მთლიან ჩართულობას / ინკლუზიას.
  2. სკოლებში ურთიერთთანამშრომლობის კულტურის ჩამოყალიბება მკვეთრად აუმჯობესებს სწავლისა და სწავლების შედეგებს, ხოლო წარმატებული და შედეგიანი თანამშრომლობის აუცილებელი პირობაა ურთიერთნდობაზე დაფუძნებული გუნდური თანამშრომლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში თანამშრომლობა სრულიად ფორმალურ ხასიათს იღებს და ნაყოფს ვერ იძლევა.
  3. მოსწავლისა და მასწავლებლის შინაგანი მოტივაციის გაძლიერება;
  4. მოსწავლისა და მასწავლებლის მოქცევა სწავლა-სწავლების გაუმჯობესების უწყვეტ „ნაკადში“.

მაშასადამე, სრული დაფარვა/ინკლუზია, თანამშრომლობამოტივაციის ზრდა და უწყვეტი განათლება – ის ფაქტორებია, რომლებიც  სასწავლო პროცესის ეფექტურობასაც განაპირობებს და განათლების ხარისხს რეალურად წინ სწევს. არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ აღნიშნულ მოსაზრებას არ დავეთანხმოთ და არც არავისთან დავას  უნდა იწვევდეს ის ფაქტი, რომ „ყველა მოზარდს უნდა ჰქონდეს ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, მეორე მხრივ კი, უნდა გვახსოვდეს შემდეგი:  ცალკეული წარმატებული პიროვნება ვერ შექმნის საზოგადოებრივ კეთილდღეობას,  ამისათვის აუცილებელია მთლიანი საზოგადოების მოქალაქეობრივი და სახალმწიფოებრივი შეგნების ამაღლება, ანუ მთლიანი თაობის ფორმირება“.
სასწავლო პროცესში მოსწავლეების თანაბარ ჩართულობაზე/ინკლუზიაზე არაერთგზის გვითქვამს და დაგვიწერია.  სახელმწიფოს მხრიდან ნელი, მაგრამ, რეფორმების მიუხედავად, სამწუხაროდ, ჩართულობის განათლების ბევრი საკითხი ჩვენში ჯერ კიდევ მიანც მოუგვარებელია. შესაბამისად, ვერ ხერხდება სასწავლო პროცესში მოსწავლეთა 100%-ით ჩართულობა. ამას ხელს უწყობს ჩვენში არსებული პოლიტიკა (ენობრივი თუ არაენობრივი), სტერეოტიპული აზროვნება, გარჩევის/დისკრიმინაციისა და გარიყვისადმი/სტიგმატიზაციისადმი მიდრეკილებები და არასათანადო შეფასებითი დამოკიდებულებები.
შეფასების იმ სისტემის ხარვეზებზე, რაც დღესდღეობით საქართველოშია, ასევე არაერთგზის თქმულა. ვგულისხმობთ როგორც ყოველდღიურ სასკოლო პრაქტიკაში ყალბი ნიშნებით შეფასების მანკიერ და კორუმპირებულ სისტემას, ისე ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში გარე შეფასების ინსტრუმენტებს, კერძოდ,  უნიფიცირებულ და სტანდარტიზებულ საგამოცდო სისტემას, რომელიც სწავლების მოძველებულ, ბიჰევიორისტულ კონცეფციას ეფუძნება. ამას ემატება „მასწავლებელთა  საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და   კარიერული ზრდის“, შეფასების სქემა, როგორც განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი „სისტემური“ ბერკეტთაგანი, რომელიც ეფუძნება კონცეფციას, რომ დასჯა-წახალისება/დაჯილდოების მექანიზმით შესაძლებელია სასკოლო საზოგადოების ქცევის მართვა და განათლების ხარისხის ამაღლება.

აღნიშნულ სქემას თუ ინკლუზიის, ანუ მოსწავლეთა 100%-ით დაფარვის/ჩართულობის კუთხის შევხედავთ, არცთუ სახარბიელო სურათი გამოიკვეთება. კერძოდ: საგნის მასწავლებლის პროფესიული განვითარების საქაღალდეში კრდიტქულების დაგროვების სისტემა მოიცავს მრავალფეროვან არჩევით აქტივობებს, მათ შორისაა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა სასწავლო წლის განმავლობაში. როგორც ითქვა, აღნიშნული აქტივობა არჩევითია და თუკი მასწავლებლის კეთილი ნება არ იქნება, შეიძლება საჭიროების შემთხვევაშიც კი თავიდან აიცილოს „ზედმეტი“ შრომა, რადგან კრედიტები სხვა სავალდებულო აქტივობებითაც საკმარისად დაუგროვდა და სპეციალური საჭიროებების ბავშვებისთვის საჭიროდ აღარ მიიჩნიოს ინდივიდუალური სასწავლო თუ თემატური გეგმების შედგენა, ისგ ჯგუფის სხდომებში მონაწილეობა, რესურების მომზადება და სხვა ამ ტიპის, მართლაც რომ, სავალდებულო და საშური საქმიანობა.
როცა სიახლე ინერგება, ალბათ, ძნელია ყველაფრის გათვლა და უფრო იოლი –კეთილსინდისიერების ღირებულებასთან პედაგოგის საქმიანობის დაკავშირება,  მაგრამ ფაქტია, ამ უკანასკნელმა ჩვენში უნებურად უფრო ფასადური და ზედაპირული დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი და, რაც ყველაზე მთავარია, კლასში ძალადობის ისეთი ჩუმი ფორმის წარმოქმნა, როგორიცაა უგულებელყოფა, არაერთი სპეცსაჭიროების მქონე მოსწავლის, პირობითად და მსუბუქად რომ ვთქვათ, უკანა რიგებში გადასმა,  არათუ სწავლება  გახადა თანამშრომლობაზე, ჩართულობაზე, 100%-იან დაფარვაზე ორიენტირებული და ყველასთვის ბევრად უკეთესი შედეგის მომტანი, როგორც, ალბათ, ეს სქემის მესვეურთა მხრიდან ივარაუდებოდა. თუკი ასე გაგრძელდა, იმ მწყერის მდგომარეობაში დავრჩებით, რომელიც  წინასწარგანსაზღვრულად ხეზე ვერასდროს  უნდა შემოჯდეს!
ეს რაც შეეხებოდა ჩართულობას და მასწავლებელთა „განვითარების“ სქემას.
სხვა გადაულახავ წინააღმდეგობად რჩება იმ ბავშვების რეალური მდგომარეობა, ვისაც არ გააჩნია ე. წ. სპეცსაჭიროების მქონეს სტატუსი, თუმცა აქვთ ყურადღების, აღქმის, დასწავლის ან სხვა, ემოციური ტიპის სირთულეები. ამგვარ შემთხვევებში გასათვალისწინებელია შემდეგი საკითხები: 1. მშობელთა ნაწილს არ სურს, ბავშვს სკოლაში რაიმე სახის სტატუსი მიენიჭოს; 2. ზოგ შემთხვევებში დირექციას, მასწავლებელსა და მშობელს შორის გარიგების საფუძველზე ყალბი ნიშნებით ბავშვი კლასიდან კლასში გადადის; პრობლემას ვერც სულზე მოსწრებული მინისტრის ბრძანება შველის და სასიკეთო ცვლილებებს სავალალო სქემის მონაწილენი სკეპტიკურად უყურებენ;  2. მშობლებს ან მასწავლებლებს გულწრფელად ჰგონიათ, რომ ბავშვი ზარმაცობს. უფროსების მხრიდან ამგვარი ტიპის უკმაყოფილება იწვევს ბავშვის ნეგატიურ თვითაღქმას, რაც, იმთავითვე,  შფოთვის, ემოციური ინტელექტის დაქვეითების, ქცევის დეზორგანიზაციის და სხვა არაერთი დარღვევის წინაპირობაა. შედეგად ვიღებთ სწავლაში ჩამორჩენილ და დემოტივირებულ, ნეგატიურად მარკირებულ („სუსტ“, „უნიჭო“, „უზრდელ“, „უპატრონო“, „თავხედ“, „აცვენილ“, „თავგასულ“…) მოზარდთა არმიას, რომელთა ადგილი, ძალიან სამწუხაროდ, რეიტინგული რანჯირების მარათონის წყალობით მშობლიურ სკოლებში ნაკლებად რჩება.  ხოლო იმათ, ვინც სიამოვნებით ხელს აწერს ამ ტიპის ბავშვების არა ჩართულობას, არა ამოქაჩვას, არამედ – სკოლიდან გარიცხვას, ანუ გარიყვასა და გაწირვას, ნამდვილად ევალებათ, ისწავლონ ფიქრი ექსპერტის მიერ დასმულ კითხვაზე:  „სად არის აქ პედაგოგიკა?!“[3]; ან გააცნობიერონ ამგვარი  მიდგომების სავალალო პროგნოზები:  „ყოველწლიურად ათიათასობით მოზარდისდასახიჩრებული პოტენციალი ისევ ქვეყანას დააწვება პრობლემად და  შემაფერხებლად იმოქმედებს მისგანვითარებაზემოკლევადიან პერსპექტივაში ეს განაპირობებს განათლების დონის დადაბლებასგრძელვადიან პერსპექტივაში კი  – ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სერიოზულ შეფერხებას“.

როცა ტრადიციული სასწავლო მეთოდები ვეღარ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, მათი ეფექტიანობის გასაზრდელად სასწავლო კურიკულუმებში  არატრადიციული, არაფორმალური სასწავლო სტრატეგიების შეტანა – კლასში მერხების წყობის მენეჯმენტი, ჯგუფური სწავლება და სხვა – საქმეს მხოლოდ იმ შემთხვევაში უშველის, თუკი სწავლება მართლაც მოსწავლეზე ორიენტირებული გახდება, თუკი სკოლაში სასწავლო ჩართულობასთან დაკავშირებულ მინისტრისეულ გონივრულ ბრძანებაზე  არავინ იტყვის, სისულელაო, თუკი სკოლა დემოკრატიული ღირებულებების და 12 ფუნდამენტური პრინციპის პირდაპირი გამტარი იქნება და არა ავგიას თავლა.
წყარო : http://mastsavlebeli.ge