Sunday, May 13, 2018

იდეები სოციალური პროექტების დაგეგმვისათვის განათლების დაწყებით საფეხურზე

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენციაა. ის  სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირების მიზნით ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას გულისხმობს, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღების უნარი, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.
ალბათ დაგვეთანხმებით, რომ სკოლაში სოციალური პროექტების განხორციელება ამის საუკეთესო საშუალებაა. სოციალური პროექტები მიმართულია გარემოს გაუმჯობესების, კონკრეტულ სოციუმში რეალური სოციალური საჭიროების შესწავლისა და სოციალური სიტუაციის გაუმჯობესებისკენ (არსებულ პრობლემათა პრევენციის/მინიმიზაციისკენ), რის საბოლოო მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაა. ვინაიდან, სკოლაში მოსწავლეები არა მხოლოდ კონკრეტულ დისციპლინებს სწავლობენ, არამედ სკოლა ოჯახთან თანამშრომლობით ზრუნავს მათ აღზრდასა და მორალურ განვითარებაზე. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ სხვაზე პასუხისმგებლობა, სხვებზე ზრუნვა – ბავშვებს ეხმარება საკუთარი თავის, როგორც ღირებულის, აღქმაში და უქმნის მათ პრობლემებთან გამკლავების შესაძლებლობას. ეს კი საბოლოოდ მოზარდთა რისკიანი ქცევების პრევენციის ერთ-ერთ საშუალებად ითვლება. აგრეთვე, ზოგი მეცნიერის აზრით (Eisenberg, 1992), აგრესიული ქცევის შემცირება შესაძლებელია  პროსოციალური ქცევის (სხვებზე ზრუნვა, ისე რომ არ მოელი პირად გამორჩენას) წახალისებით.
ამავდროულად, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში – სოციალური პროექტი, როგორც მასწავლებლის დამატებითი საქმიანობა, გათვალისწინებულია პრაქტიკოსის, უფროსისა და წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებლებისათვის და მისი წარმატებით განხორციელების შემთხვევაში პედაგოგს  0.5 კრედიტი ენიჭება.
სოციალური პროექტის განმახორციელებელი შეიძლება იყვნენ მოსწავლეები, მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და თემი. შესაბამისად, პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება იყოს – კონკრეტული მოსწავლე, კლასი, სკოლა, სასკოლო ქსელი ან თემი.
აქედან გამომდინარე, სოციალური პროექტის მიზნები შეიძლება იყოს:
  • სოციალური ადაპტაციის გაუმჯობესება;
  • მოწყვლადი ჯგუფებისთვის პირობების გაუმჯობესება, ცხოვრების ხარისხის ამაღლება;
  • ტოლერანტობის გაზრდა მრავალფეროვანი ჯგუფების მიმართ;
  • დაპირისპირების, კონფლიქტების პრევენცია;
  • უშუალო გარემოს (მათ შორის ფიზიკურის) გაუმჯობესება;
  • მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლება.
სოციალური პროექტები შესაძლოა განხორციელდეს შემდეგ თემებზე: ეკოლოგია, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, სერვისის გაუმჯობესება, სოციალური ადაპტაცია, განათლება, დასვენების ორგანიზება,  შემოქმედება.
შესაძლოა დაგებადოთ კითხვა, თუ რა კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო იმისთვის, რომ უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებს განვუვითაროთ უნარები, რომლებიც გარემოს გაუმჯობესებისა თუ სხვებზე ზრუნვისკენ იქნება მიმართული.
ვფიქრობთ, პირველ რიგში მნიშვნელოვანია ზრუნვა ემპათიის განვითარებაზე. ემპათიის ქვეშ მოიაზრება სხვისი ემოციების გაგების, წვდომისა და თანაგანცდის  უნარი. ემპათიის მნიშვნელობის განმარტება პატარა ბავშვებისთვის ერთი შეხედვით შეიძლება საკმაოდ აბსტრაქტულ და რთულ ამოცანად მოგვეჩვენოს. მაგრამ, იმისთვის, რომ ბავშვმა სხვისი ემოციის აღქმა და შესაბამისად რეაგირება შეძლოს, მნიშვნელოვანია, ესმოდეს გრძნობათა ფართო სპექტრი, რომელსაც იგი ყოველდღიურად განიცდის და ისიც, რომ სხვა ადამიანებს შეიძლება მსგავს სიტუაციაში განსხვავებული ემოციები დაეუფლოთ. ვინაიდან მიიჩნევა, რომ რაც უკეთ შეგვიძლია საკუთარი და სხვისი ემოციების ამოცნობა, მით მეტად შეგვიძლია თავის მართვა და სხვათა დახმარებაც. ეს კი აუცილებელი უნარებია მეგობრებთან თუ თანაკლასელებთან კარგი ურთიერთობების დამყარებისა და შენარჩუნებისთვის.
ამ ამოცანის მიღწევა პირველ რიგში საკუთარი ემოციების ამოცნობის უნარის განვითარების ხელშეწყობით არის შესაძლებელი. მართალია, თანაგრძნობის უნარი ასაკთან ერთად გვიმუშავდება, მაგრამ არსებობს სხვადასხვა სტრატეგია, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია ბავშვებს ეს გრძნობა განვუვითაროთ.
მიიჩნევა, რომ 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საკმაოდ რთულია სხვისი ემოციების წვდომა. მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რაოდენ ფაქიზად გამოხატავდნენ უფროსები ბავშვების მიმართ ემოციებს, რამდენად ხედავდნენ პატარები სხვების მიმართ გამოხატულ ემპათიას, და რამდენად იყო წახალისებული სხვა ადამიანის თუ ბავშვის მიერ განხორციელებული პროსოციალური ქცევა. ასეთ შემთხვევაში ბავშვს ექმნება წარმოდგენა,  რომ სხვათა ემოციების წვდომა და სხვაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია. პირველ რიგში თანაგრძნობა  სხვისი ემოციების გაგებით იწყება.
ამისათვის გთავაზობთ აქტივობას ,,ამოიცანი ემოცია’’, რომელიც  6-10 წლის ბავშვებზეა გათვლილი. აქტივობის განხორციელებისთვის საჭიროა ბარათები სიტუაციებით, რომელიც შეიძლება იყოს ტიპური უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის (სიტუაციათა გამრავალფეროვნება სასურველია მოსწავლეთა ინტერსების, ასაკისა თუ კულტურის გათვალისწინებით).
სიტუაციათა სავარაუდო ჩამონათვალი:
  • ბავშვს ნაყინი ჩამოუვარდა კონუსიდან;
  • მას დაბადების დღე აქვს და სტუმრებს ელოდება;
  • ბავშვი დავარდა და მუხლი დაიზიანა;
  • სურს, რომ უფროსებმა ახალი სათამაშო უყიდონ;
  • სკოლაშია და მოშივდა;
  • მიდის სტუმრად ახალ გადმოსულ თანაკლასელთან;
  • ყური სტკივა და სიცხე აქვს;
  • ბავშვს ბიძაშვილმა საჩუქარი აჩუქა;
  • მასწავლებელმა მისცა შენიშვნა;
  • ქურთუკს იცვამს და ელვა გაეჭედა მისი შეკვრის დროს;
  • სკოლაში ბებიას ელოდება, რომელიც აგვიანებს;
  • ბავშვის ლეკვს ოპერაციის გაკეთება სჭირდება.
მოსწავლეები სხდებიან წრეზე. მასწავლებელი უკითხავს სიტუაციას ან სთავაზობს ბარათს შესაბამისი ილუსტრაციით. მოსწავლეებს დარიგებული აქვთ ბარათები სხვადასხვა ემოციათა სახელწოდებებით (ან ემოტიკონებით). მაგ, მოწყენილი, მხიარული, შეშინებული, შეშფოთებული, გაკვირვებული, გაბრაზებული, ამაყი, ბედნიერი. მოსწავლეები პასუხობენ შეკითხვებზე: რას გრძნობს ბავშვი?/რას იგრძნობდით თქვენ ამ დროს? ბავშვებს შეუძლიათ ამოირჩიონ ნებისმიერი ბარათი, აჩვენონ ჯგუფს და დაასახელონ. ასეთ დროს ბავშვები აკვირდებიან, რომ ადამიანებს ერთსა და იმავე სიტუაციაში შეიძლება განსხვავებული ემოციები გაუჩნდეთ.
იმისთვის, რომ აქტივობა მეტად სახალისო იყოს მოსწავლეებისთვის, შესაძლებელია ემოტიკონების დასამზადებლად გამოვიყენოთ ფოტოები სხვადასხვა ჟურნალებიდან ან მანამდე სპეციალურად დამზადებული ხელის თოჯინები. ემოციების გამოსახულებების გამოყენება სხვადასხვაგვარად არის შესაძლებელი. მაგ. შესაძლოა რომელიმე ემოციის ამორჩევის შემდეგ ბავშვებმა იმსჯელონ, რა ემოციაა გამოსახული და როდის განიცდიდნენ ისინი მსგავს ემოციებს.
მას შემდეგ, რაც მოსწავლეებს მივაწვდით ინფორმაციას ემოციების შესახებ, შეგვიძლია წამოვიწყოთ დისკუსია – ჩვენი გარშემომყოფების როგორმა ქცევამ/კეთილმა საქმემ შეიძლება დაგვაყენოს კარგ ხასიათზე და ზოგადად, კლასში, თუ ჩვენ ქალაქში შექმნას კარგი კლიმატი.
იდეების გენერირების შემდგომ შესაძლოა, კლასში გავაკრათ კეთილი საქმეების ჩამონათვალი, საიდანაც მოსწავლეები თავად აირჩევენ მათთვის სასურველ კეთილ საქმეს.
შესაძლოა ეს იყოს:
  • ღიმილიანი მისალმება ნაცნობებისადმი;
  • კარის დაჭერა ვინმესთვის, ვინც ოთახში შემოდის;
  • მოწყენილი მეგობრისთვის სასაცილო ამბის მოყოლა;
  • კარგი სურვილებით ბარათების დატოვება თანაკლასელის მერხზე ან ბიბლიოთეკის წიგნში;
  • ასაკოვანი ადამიანის ბავშვობის ისტორიით დაინტერესება, მათი მოსმენა;
  • მეგობრისთვის კომპლიმენტის თქმა;
  • ოჯახის წევრებისთვის დახმარების გაწევა მაგიდის გაშლასა და ალაგებაში;
  • ოჯახის წევრებისთვის ლოგინის გაშლა;
  • დაფის გაწმენდა, კლასის მოწესრიგება მანამ, სანამ ვინმე ამის გაკეთებას დაგვავალებს;
  • ყვავილების მორწყვა;
  • სკოლის ეზოს გალამაზება ფერადი ცარცებით.
აგრეთვე იდეები შეიძლება ეხებოდეს არა მხოლოდ სიკეთის ყოველდღიურ, მარტივ გამოვლინებებს, არამედ იმგვარ საქმიანობებს, რომელთა განხორციელებასაც შედარებით მეტი დრო და გარკვეული რესურსი სჭირდება. კერძოდ:
  • ზამთარში ფრინველებისთვის საკვებურების მოწყობა;
  • ხეების დარგვის პროცესში მონაწილეობა;
  • სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის წიგნების წაკითხვა ან საყვარელი თამაშობების სწავლება;
  • ჯარისკაცების, მოხუცთა თავშესაფრის მცხოვრებელთათვის სადღესასწაულო დღეებში მისალოცი, ხელნაკეთი ბარათების გაგზავნა;
  • ექიმების, ექთნების, 112-ის თანამშრომლების, პოლიციელებისა და მეხანძრეებისთვის სამადლობელი წერილების დაგზავნა, იმისთვის, რომ მუდამ ზრუნავენ ჩვენს უსაფრთხოებაზე;
  • საბავშვო წიგნების, გასაფერადებლების, სახატავი საშუალებების შეგროვება და გადაცემა ბავშვთა პოლიკლინიკისა და სტომატოლოგიური კაბინეტის მოსაცდელებისათვის;
  • სანიშნეების დამზადება სკოლის ბიბლიოთეკისთვის;
  • ცხოველთა თავშესაფრისთვის სათამაშოების დამზადება (მაგ., ძაფზე გამობმული ბაფთების შექმნა კატებისათვის).
საქმიანობის განხორციელების შემდეგ მიზანშეწონილია პროცესის რეფლექსია. რომ მოსწავლეებმა გააანალიზონ ის, თუ რა განცდებს იწვევს მათში ან იმ ადამიანებში, ვისაც ეს შეეხო, მათ მიერ განხორციელებული სიკეთის ჟესტები. აგრეთვე, საპასუხოდ რა რეაქცია მიიღეს ამ დროს სხვა ადამიანებისაგან. სასურველია აგრეთვე დისკუსია და დაფიქრება იმის შესახებ, თუ რა სიკეთე გაგვიკეთეს დღის თუ კვირის განმავლობაში სხვა ადამიანებმა და როგორ შეიძლება ამგვარმა ქცევამ შეცვალოს კლიმატი ჩვენს კლასსა თუ სკოლაში. რეფლექსიისთვის შესაძლებელია როგორც კლასში დისკუსიის წამოწყება, ისე სპეციალურად შექმნილი ჟურნალების გამოყენება.
სიკეთის ჟურნალი შეიძლება შეიცავდეს შემდეგ პუნქტებს:
თარიღი:
  • კვირის განმავლობაში რა კეთილი საქმის/საქმეების გაკეთება შემიძლია ჩემი თანაკლასელისათვის/სკოლელისათვის?
  • მოიფიქრეთ და დახატეთ, რა კეთილი საქმის გაკეთება შეგიძლიათ კვირის განმავლობაში?
  • რა კეთილი საქმე გაგიკეთათ სხვა ადამიანმა?
  • რას გრძნობთ, როდესაც სიკეთეს გიკეთებენ?
  • დახატეთ, რა სიკეთე გააკეთა სხვა ადამიანმა თქვენთვის.
თარიღი:
  • კეთილი საქმე, რომელიც ამ კვირაში გააკეთეთ სხვა ადამიანისთვის?
  • თქვენი აზრით, რას გრძნობდა ის ადამიანი?
  • თქვენ როგორ გრძნობდით თავს?
  • მოახდინა თუ არა თქვენმა საქციელმა გავლენა კიდევ ვინმეზე?
  • რის გაკეთებას აპირებთ ხვალ?
თარიღი:
  • მე შემიძლია ჩემი სიკეთე ჩემს მშობლებს დავანახო იმით, რომ….
  • შემიძლია სიკეთე ჩემ და-ძმას დავანახო იმით, რომ…
  • მე შემიძლია სიკეთე ჩემ მეგობარს დავანახო იმით, რომ…
  • შემიძლია სიკეთე ჩემი კლასის დამრიგებელს დავანახო იმით, რომ…
  • რა კეთილი საქმეების მაგალითებს ვხვდები ჩემს კლასში?
  • დახატეთ, თქვენი კლასი, როდესაც იქ კეთილი საქმეები ხდება.
თარიღი:
  • მე რომ აღმენიშნა სიკეთის დღე, მე ამ დღეს გავაკეთებდი…
  • დახატეთ ადამიანები, რომლებიც სიკეთის დღეს აღნიშნავენ…
თარიღი:
  • ჩემთვის სიკეთე არის..
  • დახატეთ, რა არის სიკეთე…
  • სიკეთის გაკეთება მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ…
  • ყველა ადამიანი დღეში ერთ სიკეთეს რომ აკეთებდეს, როგორი იქნებოდა, თქვენი აზრით, ჩვენი ქალაქი/სოფელი/სამყარო?
მასწავლებელს შეუძლია აღნიშნული ჟურნალის როგორც გამარტივება, ისე გამრავალფეროვნება. აღნიშნულ ჟურნალს მოსწავლეები დამოუკიდებლად აწარმოებენ, თუმცა ზოგად საკითხებზე შესაძლოა, პედაგოგმა კლასში წამოიწყოს დისკუსია.
ჟურნალის ნაცვლად რეფლექსიისთვის შეგვიძლია უფრო მარტივი ვერსიის გამოყენება, როდესაც მოსწავლეები მათ მიერ გაკეთებულ კეთილ საქმეს ხატავენ ან წერენ და აკრავენ წინასწარ შექმნილ სიკეთის ხეზე.
აგრეთვე შესაძლებელია კლასში კალენდრის გაკეთება, სადაც მოსწავლეები დღეების მიხედვით ჩაწერენ მათ მიერ გაკეთებული კეთილ საქმეებს.
იხ. სავარაუდო ნიმუში
ორშაბათისამშაბათიოთხშაბათიხუთშაბათიპარასკევიშაბათიკვირა
კლასი გავაფორმე ჩვენი ნამუშევრებით, რამაც კლასი  უფრო კომფორტული გახადა.დავეხმარე თანაკლასელს დავალების შესრულებაში;
მოვიკითხე თანაკლასელი, რომელიც ავად არის.
მოვრწყე ყვავილები;
მოვაწესრიგეთ საკლასო ოთახი.
დავეხმარეთ სკოლის ბიბლიოთეკარს კატალოგის შექმნაში.დავეხმარე ბებიას ნამცხვრის გამოცხობაში.ჩემს დას წავუკითხე ზღაპარი.დავეხმარე მამას მანქანის გარეცხვაში.

შესაძლებელია მეოთხე კლასის შემდეგ ორგანიზაციის Life Vest Inside (შინაგანი სამაშველო ჟილეტი) მიერ შექმნილი ვიდეოს ,,სიკეთის ბუმერანგი – ერთი დღე’’ ჩვენება – https://www.youtube.com/watch?v=nwAYpLVyeFU.
ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ იწყება დღე იმით, რომ მშენებელი მუშა ეხმარება პატარა ბიჭუნას, რომელიც სკეიდბორდიდან ვარდება, შემდეგ კი ფეხზე წამომდგარი ბიჭუნა მოხუც ქალბატონს ეშველება მძიმე ჩანთის აწევაში და ასე გრძელდება მანამ, სანამ სიკეთე თავად მუშას არ დაუბრუნდება. ვიდეოს ჩვენების შემდეგ შესაძლებელია დისკუსიის წამოწყება. თუ რატომ ჰქვია, მათი აზრით, ვიდეოს ,,სიკეთის ბუმერანგი?’’ თქვენ როგორ მოიქცეოდით ბიჭუნას, მოხუცი ქალბატონის, მიმტანის ან სხვა პერსონაჟის ადგილზე? როგორ ფიქრობთ, რატომ იქცევიან ადამიანები ამგვარად?
იმედი გვაქვს, სტატიაში მოწოდებული იდეები გარკვეულ დახმარებას გაუწევს დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს სოციალური პროექტების დაგეგმვისას. ვინაიდან, ბავშვებისთვის საკუთარი და სხვათა ემოციების ამოცნობის უნარების განვითარება, პროსოციალური ქცევის წახალისება და მისი რეფლექსია მნიშვნელოვანია კლასის ერთობის, სკოლის საერთო კულტურისა და ემოციურად უსაფრთხო სასკოლო გარემოს ფორმირებაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პროსოციალური ქცევის წახალისება შესაძლოა, სასკოლო ბულინგის პრევენციის მიზნითაც გამოვიყენოთ. თუ დავუშვებთ იმას, რომ ადამიანი სხვას შეიძლება ჩაგრავდეს საკუთარი ძალის დემონსტრირებისა და ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი ზემოთ აღწერილი საქმიანობების შეთავაზებით ბავშვებს ვუბიძგებთ, რომ ენერგია ცივილიზებული და სოციალურად მისაღები  ფორმით დახარჯონ. აგრეთვე იგრძნონ საკუთარი და სხვა ადამიანთა ღირებულება, შესაძლებლების ფარგლებში იზრუნონ გარემოს გაუმჯობესებაზე და იგრძნონ, რომ თითოეულ ადამიანს შესწევს ძალა და უნარი, წვლილი შეიტანოს მშვიდობიანი და უკეთესი გარემოს შექმნაში, რაც სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.


გამოყენებული ლიტერატურა
  1. Eisenberg, N. (1992). The Caring Child, Harvard University Press. Pp 189.
  2. gl/Aonn1h (ნახვა 01.03.2018).
  3. gl/ZyL5VT(ნახვა 01.03.2018).
  4. gl/ozpMGJ(ნახვა 01.03.2018).
  5. gl/9QKjWy(ნახვა 01.03.2018).
  6. gl/jZW4Uv ( ნახვა 02.03.2018).
  7. gl/9gP6Zc ( ნახვა 02.03.2018).
  8. gl/RdPF2k (ნახვა 01.03.2018).
  9. gl/tAe8Zx(ნახვა 01.03.2018).
  10. gl/AVq5tC(ნახვა 01.03.2018).
  11. gl/rNBrhG(ნახვა 01.03.2018).
  12. gl/LzuxRx (ნახვა 01.03.2018).
  13. gl/oPYq56(ნახვა 01.03.2018)
  14. https://www.lifevestinside.com

უწყვეტი განათლების პრინციპები და მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების უპირატესობები

თანამედროვე  საგანმანათლებლო პროცესი სწავლებაში ისეთი მიდგომების ჩამოყალიბებას მოითხოვს, რომლის შედეგად მოსწავლე შეძლებს დამოუკიდებლად  შეიძინოს ცოდნა, მასწავლებელი კი მხოლოდ მისი საქმიანობის წარმმართველის როლს შეასრულებს. ასეთი გარემოს შექმნას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოდულური სწავლება, რომელიც დასავლეთის საგანმანათლებლო სივრცეში სულ უფრო პოპულარული ხდება. პედაგოგიკის ფსიქოლოგიაში იგი კომპეტენციების ათვისებისთვის მნიშვნელოვან კომპონენტადაც მიიჩნევა.

ტერმინი „მოდულური სწავლება“ დაკავშირებულია  ცნება „მოდულის“ საერთაშორისო გაგებასთან, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელობაცაა „ფუნქციური ჯაჭვი“, ანუ ერთგვარი კვანძი, რომელიც თავს უყრის სწავლების შინაარსსა და ტექნოლოგიას. ამ დროს სწავლის შინაარსი წარმოდგენილია დასრულებული, დამოუკიდებელი ბლოკების სახით (მაგ., საინფორმაციო ბლოკი, პრაქტიკული აქტივობა და ა.შ..). მოდულური ტექნოლოგია განსაკუთრებით პოპულარული გახდა XX საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც ის ჩაითვალა „მთელი სიცოცხლის განმავლობაში“  სწავლის მნიშნელოვან  საშუალებად.

რა არის ამ მიდგომის არსი? მოდულური სწავლების არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოსწავლე სასწავლო შემეცნებითი საქმიანობისას დამოუკიდებელია (ან მუშაობს მასწავლებლის დახმარებით) და ამ გზით მიაღწევს მოდულის კონკრეტულ მიზანს.
გაკვეთილის მოდულის შექმნა/შესრულება გულისხმობს  შემდეგი პირობების დაცვას:
  1. სწავლების შინაარსი წარმოდგენილია დამთავრებული, დამოუკიდებელი ბლოკების (კომპლექსური თემების, საინფორმაციო ბლოკების) სახით;
  2. ყოველ თემატურ ბლოკში გამოიყოფა რამდენიმე მოდული:
  • 1-ლი მოდული – მასწავლებლის მიერ თემის ძირითადი საკითხების ზეპირი გადმოცემა, ძირითადი ცნებების განმარტება (მას შეიძლება დაეთმოს 1-2 გაკვეთილი);
  • მე-2 მოდული – დამოუკიდებელი და პრაქტიკული სამუშაო, სადაც მოსწავლეები მასწავლებლის ხელმძღვანელობით მუშაობენ სხვადასხვა საინფორმაციო წყაროზე, შეიმუშავებენ თხზულების მასალას, განიხილავენ. ამ ეტაპზე ეფექტურია პრაქტიკული გაკვეთილების ჩატარება, კონფერენციების, თამაშების, პრეზენტაციების გამართვა (მას შეიძლება დაეთმოს 3-5 გაკვეთილი);
  • მე-3 მოდული – თემის განმეორება და განზოგადება (შეიძლება დაეთმოს 1-2 გაკვეთილი);
  • მე-4 მოდული – მთლიანი თემის შესახებ მოსწავლეთა ცოდნის კონტროლი/შემოწმება (შეიძლება დაეთმოს 1-2 გაკვეთილი).
მოცემული მუშაობის დროს მოსწავლეს აქვს ინსტრუქცია, რომელშიც განსაზღვრულია:
  • მოდულის ათვისების მიზანი;
  • როგორ მოიძიოს სასწავლო მასალა;
  • როგორ დაეუფლოს, შეიძინოს ცოდნა ამ მასალის შესახებ;
  • როგორ შეამოწმოს შესრულებული დავალების სისწორე.
მასწავლებლის როლია:
  • შეადგინოს მოდულის ინსტრუქცია;
  • დააზუსტოს რესურსები, საშუალებები;
  • მოახდინოს ათვისებული მასალისა და უნარების  კონტროლი და კორექცია.
შეფასებისთვის გამოიყენება:
  • კონტროლი;
  • თვითკონტროლი;
  • მოსწავლეთა ურთიერთკონტროლი;
  • მასწავლებლის მიერ გაკეთებული დასკვნა.
კარგი ნიშნის მიღება – მოდულური ტექნოლოგიის დროს ყველაზე ეფექტური მოტივატორია. მოსწავლემ ზუსტად იცის, რომ მისი შრომა შეფასდება მუშაობის ყოველ ეტაპზე და შეფასება ადეკვატურად იქნება გაკეთებული, თუმცა მოდულური სწავლების დროს ძირითადად გამოიყენება განმავითარებელი შეფასება.
აღსანიშნავია, რომ მოდულური ტექნოლოგია ინტეგრირებული ტექნოლოგიაა, რამდენადაც მოითხოვს ლოგიკურ აზროვნებას, რომელსაც მოსწავლე მუდმივად  ამტკიცებს თვითკონტროლისა და მასწავლებლის კონტროლის საფუძველზე, შედეგად კი ვიღებთ კომპეტენტურ მოსწავლე/მასწავლებელს.

აღსანიშნავია, რომ მოდულური სწავლება შეიძლება განხორციელდეს ერთი საგაკვეთილო დროის განმავლობაშიც.  განვიხილოთ მაგალითი:

მოდულური სწავლების ეტაპები ერთი გაკვეთილის ფარგლებში  

საგნობრივი ჯგუფი: საზოგადოებრივი მეცნიერებები.
საფეხური:  საბაზო.
თემა: სახელმწიფოს არსი და ორგანიზაცია.
მიზანი: მოსწავლემ უნდა შეძლოს სახელმწიფოს არსისა  და ორგანიზაციის შესახებ წარმოდგენების ფორმირება; შეიძინოს ცოდნა სახელმწიფოს ძირითადი ნიშნების შესახებ; აღწეროს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის პრინციპი და თავისებურებები კონკრეტული მაგალითების მოყვანით; იმუშაოს სხვადასხვა ტიპის წყაროებზე.
გაკვეთილის ტიპი: ახალი მასალის ახსნის გაკვეთილი;
რესურსები: მოდულის ინსტრუქცია; მსოფლიო პოლიტიკური რუკა; სქემა: „საზოგადოების პოლიტიკური სისტემა“.

 ეტაპი: მას შემდეგ, რაც მასწავლებელი ჯგუფს გააცნობს გაკვეთილი/მოდულის ზოგად მიზნებს, იწყება   „გონებრვი იერიში“, რომლის   მიზანია წინარე ცოდნის აქტუალიზაცია თემაზე: „საზოგადოების პოლიტიკური სისტემა“ (წინა ცოდნის აქტუალიზაციისას გამოჩნდება მოდულის როგორც ინტეგრირებული სწავლის სისტემის მთელი უპირატესობა, როდესაც მოსწავლეს ცოდნის ტრანსფერის რეალური საშუალება მიეცემა);

ამ ეტაპის დავალებაა: ხელისუფლების  რომელი ტიპის (ქარიზმატული, ტრადიციული/ლეგალური…) დროს შეხვდებით მსგავს სიტუაციას:
ა) ქვეშევრდომებს მოსწონთ   თავიანთი მმართველები და ხელისუფლება;
ბ) მმართველის მხარდაჭერა და ერთგულება თაობიდან თაობას გადაეცემა;
გ) სახელმწიფოს საფუძველს წარმოადგენს იურიდიული ნორმების მიმართ ერთგულება და წესების ზუსტად დაცვა;
დ) ექვემდებარებიან არა ხელმძღვანელის პიროვნებას, არამედ კანონებს, რომლის ფარგლებში ხდება ხელისუფლების წარმომადგენლების არჩევა და ხელისუფლების განხორციელება. სავარაუდო პასუხებია:
  • ხელისუფლების ქარიზმატული ფორმა; 1.2. ხელისუფლების ტრადიციული ფორმა; 1.3. ლეგალური ხელისუფლება.
  • განსაზღვრეთ თქვენი ცოდნა სქემაზე:
სწორი პასუხი/მაღალი დონე = 4 ქ.
სწორი პასუხი/საშუალო დონე=3 ქ.
სწორი პასუხი/დაბალი  დონე=3 ქ.
არასწორი პასუხი/ყველაზე დაბალი დონე=1/2 ქ.
  • შეცდომების გაანალიზება.
მოსწავლის საქმიანობა:  დამოუკიდებლად მუშაობს რვეულებში.

II  ეტაპი: ახალი მასალის ახსნა
მიზანი – გაეცნოს საზოგადოების პოლიტიკურ სისტემას;
ამ ეტაპის დავალებაა: ა) სახელმძღვანელოს ტექსტზე მუშაობა და ცნება –   „საზოგადოების პოლიტიკური სისტემა“ – დამუშავება; 2) კითხვაზე პასუხის გაცემა: „რა როლს ასრულებს საზოგადოების ცხოვრებაში სახელმწიფო“?
მოსწავლე: დამოუკიდებლად მუშაობს ტექსტზე და ლექსიკონზე, და აკეთებს პატარა კონსპექტს/ჩანაწერს.

III  ეტაპი:  ახალი მასალის ახსნა
მიზანი  –  ცნება „სახელმწიფოს“ განსაზღვრა; სახელმწიფოს ძირითადი ნიშნების გაცნობა და შესწავლა.
ამ ეტაპის დავალებაა: ა) სახელმძღვანელოს ტექსტზე მუშაობა; ბ) მასწავლებლის მინი-ლექცია სახელმწიფოს დამახასიათებელ ნიშნებზე და კლასტერის –
„სახელმწიფოს ნიშნები“ – დახატვა.
მოსწავლე: დამოუკიდებლად მუშაობს ტექსტზე და ლექსიკონზე; ისმენს მასწავლებლის მინი-ლექციას და  აკეთებს რვეულში ჩანაწერებს.

IV   ეტაპი: ახალი მასალის ახსნა და მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობა
მიზანი – სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის გაცნობა;
ამ ეტაპის დავალებაა: ა) სახელმღვანელოს ტექსტზე მუშაობა და ცნებების –   „უნიტარული სახელმწიფო“, „ფედერაცია“, „კონფედერაცია“ – განმარტება
ბ) თითოეულ ტიპის მიხედვით მაგალითების მოყვანა.
მოსწავლე: დამოუკიდებლად მუშაობს ტექსტზე და ლექსიკონზე; მუშაობს და ადგენს  სქემებს სახელმწიფოს ტიპების მიხედვით. აკეთებს ლოგიკურ დასკვნას, თუ რა რატომ აღმოჩნდა კონფედერაცია  ისტორიულად არაპერსპექტიული?

VII ეტაპზე: განვლილი მასალის კონტროლი:
მიზანი: მიღებული ცოდნის განზოგადება
დავალება: მუშაობა სქემებზე. იპოვეთ შესაბამისობა სახელმწიფოებსა და ტერიტორიული მოწყობის ფორმებს შორის.
მოსწავლე: წერილობით  ასრულებს დავალებას.
 უნიტარულიფედერაციულიკონფედერაცია
აშშ   
რუსეთი   
კანადა   
პორტუგალია   
ბელგია   
გერმანია   
იტალია   
ჩინეთი   

V   ეტაპი – პასუხების შემოწმება: მასწავლებელი ამოწმებს მიღებულ  შედეგებს და აკავშირებს მას დასახულ მიზანთან.

მოდულური სწავლებისას მოსწავლის მოტივაცია მაღალია, თანამშრომლობა თითქმის ყველა დონეზეა შემდგარი და საკმაოდ კონსტურქციულია; მოსწავლე თავად ირჩევს სწავლის დროსა და ტემპს, მსჯელობს, აკავშირებს, ხარისხებს, აჯგუფებს, აკეთებს ჩანაწერებს, ამზადებს პრეზენტაციას, განაზოგადებს მასალას.  მასწავლებელი ყველა ეტაპზე აკვირდება მოსწავლეს, ახორციელებს მისი ცოდნის  კონტროლსა და კორექციას, შედეგად კი ვიღებთ კომპეტენციების განვითარებაზე აქცენტირებულ მოსწავლეს, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია მართოს თავისი სასწავლო პროცესი, მოიძიოს და აითვისოს მასალა და გააგრძელოს ეს პროცესი უსასრულოდ, მთელი ცხოვრების მანძილზე. ამიტომ ითვლება მოდულური სწავლება უწყვეტი განათლების ერთ-ერთ აქტიურ ხელშემწყობ ტექნოლოგიად.  

 http://mastsavlebeli.ge