Monday, August 14, 2023

მოსმენითი დავალებების შესრულების სირთულეთა დაძლევის სტრატეგიები

 

ადამიანი უცხო ენას იმისთვის სწავლობს, რომ შეძლოს კომუნიკაციის დამყარება, რაც გულისხმობს, რომ მას, პირველ რიგში, კარგად უნდა ჰქონდეს განვითარებული მოსმენისა და საუბრის უნარები. რეალობას თუ დავაკვირდებით, ამ უნარების განვითარება ყველაზე მეტად უჭირთ მოსწავლეებს. ამიტომ გადავწყვიტეთ, მოცემული სტატია სწორედ ამ საკითხისთვის მიგვეძღვნა, კერძოდ, მოსმენითი დავალებების სირთულის დაძლევის გზებსა და ამ პროცესში მასწავლებლის როლზე გავამახვილებთ ყურადღებას.

უცხო ენის შესწავლის პროცესში მოსმენის უნარის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. მოსმენა არის საბაზისო ეტაპი როგორც მშობლიური, ისე უცხო ენის ათვისების დროს. ის საფუძველია ყველა დანარჩენი უნარ-ჩვევისა, რომელთა საშუალებითაც ენის შემსწავლელი თავდაპირველ კონტაქტს ამყარებს სამიზნე ენასა და მის კულტურასთან. მოსმენის უნარის განვითარება (საუბრის უნართან ერთად) უმნიშვნელოვანესია ენობრივ კომპეტენციებს შორის, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ის მოსწავლეს ეხმარება, თავი გაართვას რეალურ საკომუნიკაციო ამოცანებს.

ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში უცხო ენაზე მოსმენა ხელმისაწვდომია მრავალი ფორმით. ენის შემსწავლელებს შეუძლიათ უსმინონ საყვარელ მომღერლებს, უყურონ ფილმებსა და სატელევიზიო გადაცემებს სამიზნე ენაზე ნებისმიერ დროსა და ადგილას, დაუმეგობრდნენ უცხოელებს და სხვა. ეს ფაქტორები უდავოდ უწყობს ხელს მოსმენის უნარის განვითარებას, თუმცა ენის შემსწავლელებს მაინც ურთულდებათ ისეთი ძირითადი მოსმენითი დავალებების შესრულება, როგორიცაა:

  • მოსმენა კონკრეტული დეტალების გაგებისათვის (Listening for specific details);
  • მოსმენა მთავარი აზრის გაგებისათვის (Listening for main idea);
  • მოსმენა მოვლენათა სწორი თანმიმდევრობის განსაზღვრისათვის (Identifying correct order of events);
  • მოსმენა ლექსიკური ერთეულების დასადგენად(Listening for specific vocabulary).

 

მოსმენითი დავალებების სირთულე, მკვლევართა აზრით, მთელი რიგი ფაქტორებით არის განპირობებული. ემერთი (1994) აღნიშნავს, რომ მოსმენა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ მოსაუბრის ნათქვამი სიტყვების გაგება. მოსმენა არის აქტიური პროცესი, რომლის საშუალებითაც ენის შემსწავლელები ნათქვამის არსს უნდა ჩასწვდნენ და რეაგირება მოახდინონ ვერბალურ თუ არავერბალურ შეტყობინებებზე.

კრავეიშვილს (1979) მიაჩნია, რომ „უცხოური მეტყველების მოსმენა გაცილებით უფრო ძნელია, ვიდრე იმავე სიძნელის მასალის კითხვა. უცხოური მეტყველების სმენითი აღქმის პროცესში მრავალმა ფაქტორმა შეიძლება შეგვიშალოს ხელი იმის გაგებაში, რაც შესაძლოა იყოს მეტყველების შინაარსი, მოლაპარაკის მეტყველების ტემპი, ხმის ტემბრი და ა.შ.“ (გვ.129)

ჰოათის და დაკინის (1974) აზრით, მოსმენის დავალებების სირთულეს ის განაპირობებს, რომ მსმენელს უწევს სხვადასხვა ინტონაციური მოდელის, მახვილის აღქმა. ეს გულისხმობს, რომ მან უნდა გაიგოს მოსაუბრის აქცენტი ან გამოთქმა, მისი ნათქვამის გრამატიკული და ლექსიკური თავისებურებები და, იმავდროულად, ჩასწვდეს ნათქვამის აზრს.

ვოლტერის მიხედვით (2002), კარგი მოსმენა დაფუძნებულია სამ ძირითად უნარზე: დამოკიდებულებაზე, ყურადღებასა და რეგულირებაზე. მოსმენითი დავალებების შესრულება სამივე ამ უნარის გაერთიანებას ანუ სამმაგ მოსმენას მოითხოვს. მოსმენა მხოლოდ ყურით კი არა, ტვინითაც უნდა ხდებოდეს.

სწორედ ამ სირთულეების გამო ბევრ მოსწავლეს უჭირს უცხო ენაზე მოსმენილის გაგება, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ საკმაოდ კარგი ლექსიკური მარაგი, ფლობენ ამ უცხო ენის გრამატიკას, ათვისებული აქვთ ენისთვის დამახასიათებელი მოდელები.

იმისთვის, რომ მოსწავლეებს ამ უნარის განვითარებაში დაეხმაროს, საჭიროა, მასწავლებელმა კარგად იცოდეს ზემოთ მოყვანილი და კიდევ სხვა სირთულეების შესახებ, რომლებიც მოსმენითი დავალებების შესრულებას ახლავს თან. პირველ რიგში, მან უნდა იცოდეს, რომ მოსმენის უნარის სწავლებისას საჭიროა იმის გააზრება, რომ არ არსებობს მოსმენის დავალების ერთი უნივერსალური ტიპი; გასათვალისწინებელია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მისაღწევი მიზანი, ენის შემსწავლელთა ასაკი, ინტერესები და ფსიქოლოგიური მდგომარეობა. თუმცა, მოსმენის ნებისმიერი სახის დავალება სასურველია დაიყოს სამ ეტაპად:

  1. მოსმენის წინა ეტაპი (pre-listening);
  2. საკუთრივ მოსმენის ეტაპი (while-listening);
  3. მოსმენის შემდგომი ეტაპი (post-listening).

მოსმენის წინა ეტაპი (pre-listening) ძალიან მნიშვნელოვანია. მ. ხომერიკის აზრით (1999) „აუცილებელია, დავალებები მოსწავლეებს მასალის მოსმენამდე მივცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ ისინი უმიზნოდ უსმენენ რაღაცას… მასალის მოსმენამდე საჭიროა, მოსწავლეები მოვამზადოთ მოსასმენად, ვუთხრათ ორიოდე სიტყვა თავად მოსასმენი მასალის თაობაზე, დავაინტერესოთ ისინი, შეიძლება კიდეც ვიმსჯელოთ, ვასწავლოთ ან გავამეორებინოთ ის ლექსიკა თუ სტრუქტურები, რაზეც მოსასმენი მასალა შეიძლება იყოს აგებული“.

რიისი (Rees, 2002) თავის სტატიაში აღნიშნავს, რომ არსებობს მოსმენის წინა ეტაპის დავალებების რამდენიმე განსხვავებული ტიპი, რომოლებსაც სხვადასხვა მიზანი აქვს. ეს დავალებები ენის შემსწავლელებს საშუალებას აძლევს, შეუფერხებლად გაართვან თავი მოსმენის მეორე და მესამე ეტაპებს. ასევე ხელს უწყობენ მათში ინტერესის გაღვივებას, რწენას და თავდაჯერებას მატებენ მათ.

საკუთრივ მოსმენის ეტაპზე (while-listening) შესასრულებელი უამრავი ტიპის დავალება არსებობს. კითხვებზე მოკლე პასუხის გაცემა (Short question/answers), არჩევითი შეკითხვა (multiple choice questions), წინადადებებში გამოტოვებული ადგილების შევსება (cloze passage completion); ჭეშმარიტი და მცდარი წინადადებები (true and false statements), წინადადებების დაკავშირება (sentence matching) და სხვა(Tsitsishvili, R. Et al.,2008).

მოსმენის შემდგომი ეტაპის (post-listening) აქტივობები, როგორიცაა მოსმენილი ინფორმაციის შესახებ აზრის გამოთქმა (using information from the listening text for problem solving and decision making activities), დიაგრამების შევსება (Form / chart completion), მოსმენილი ტექსტებიდან ახალი სიტყვების და გამოთქმების ამოწერა (making lists of new vocabulary), მოსმენილი ინფორმაციის შეჯამება (Summarizing) და ა.შ., მკვლევართა აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ ტიპის აქტივობები მოსწავლეებს სჭირდებათ, რათა გაიმდიდრონ სიტყვათა მარაგი, აითვისონ სხვადასხვა ენობრივი კონსტრუქცია, განუვითარდეთ კრიტიკული აზროვნების ჩვევები. ჰუკისა და ევანსის აზრით (1982), მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა განიხილონ, რაც მოისმინეს, გაავლონ პარალელები მოსაუბრის ნათქვამსა და რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციებს შორის.

ამრიგად, ძალიან მნიშვნელოვანია, მოსმენის სამივე ეტაპი შესაფერისად დაგეგმოს მასწავლებელმა და არცერთი არ დატოვოს უყურადღებოდ, განსაკუთრებით კი – მოსმენის შემდგომი ეტაპი, რადგან მნიშვნელოვანია კონტექსტზე ყურადღების გამახვილება, მოსმენილი ტექსტებიდან ახალი ენობრივი კონსტრუქციების და ელემენტების განხილვა და არა მხოლოდ კითხვებზე პასუხის გაცემა, რაც მოსწავლეებს ეხმარება აზროვნების უნარის განვითარებაში და ხშირად ისინი კულტურულ ინფორმაციასაც ითვისებენ, რაც მათ ინტერესს უღვივებს ამ კულტურის მატარებელი ხალხის მიმართ, შესაბამისად, უმაღლებს ენის შესწავლის მოტივაციას. ,,…დადგინდა, რომ ზოგადი ინტერესი შესასწავლი ენის მატარებელი ხალხის ცხოვრების წესისა და კულტურისადმი (ე.წ. ინტეგრალური მოტივი) უფრო მეტად განსაზღვრავს წარმატებას, ვიდრე პრაქტიკული ინტერესი (ე.წ. ინსტრუმენტული მოტივი)“ (მ.ჯაფარიძე, 2005, გვ.141).

მოსმენის უნარის განვითარებისთვის ასევე მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ცნობილია, რომ ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება, რომლის გადალახვაც სტუდენტებს უწევთ უცხო ენაზე მოსმენის დროს, მღელვარებაა. მოსწავლეთა შფოთვის მოხსნის პროცესში უცხო ენის მასწავლებელს დიდი როლი აკისრია. პირველ რიგში, მან ფსიქოლოგიურად უნდა შეამზადოს და გაამხნეოს მოსწავლეები. ვენდენი (1998) აღნიშნავს, რომ შუა მოსმენის პროცესში მოსწავლემ შეიძლება უცებ გადაწყვიტოს, რომ არ ესმის მოსაუბრის ნათქვამი. ამ ეტაპზე ბევრი მოსწავლე ან უბრალოდ თიშავს გონებას, ან შინაგანი დიალოგი აქვს საკუთარ თავთან, რომ ვერ გაიგო რომელიმე ერთი სიტყვა და ნებდება (გვ.175). ამიტომაც მასწავლებელმა უნდა აკონტროლოს მოსწავლის შფოთვის დონე და არ დაუშვას, რომ ის იმ ზღვარს გადასცდეს, რომლის ქვემოთაც შფოთვა კონცენტრაციას კი არ უწყობს ხელს, არამედ, პირიქით, დაბრკოლებას ქმნის. მან უნდა გაამხნეოს მოსწავლეები, რომ თუ ყველა სიტყვა ვერ გაიგეს, ეს ბუნებრივია; მთავარია, ძირითადი აზრი გამოიტანონ, რაც საჭიროა კითხვებზე პასუხის გასაცემად.

გარდა ფსიქოლოგიური მხარში დგომისა, მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა ზუსტად შეარჩიოს მოსასმენი ტექსტები. მაია ტაკიძე (2018) თავის დისერტაციაში აღნიშნავს, რომ „სწორად შერჩეული ტექსტი პირდაპირ არის დაკავშირებული სასწავლო პროცესის საინტერესოდ და ეფექტურად წარმართვასთან. ტექსტის შერჩევისას უპირატესობა ენიჭება ისეთ ტექსტებს, რომლებიც შემსწავლელთა ინტერესებზეა გათვლილი და ზეპირი ენის სტრუქტურას და მის სპეციფიკურობას ითვალისწინებს (მაგ., ელიფსები, პაუზები გაბმული მეტყველებისას, გამეორებები, საუბრის შეწყვეტა და სხვა). რა თქმა უნდა ახალი ტექსტი უნდა შეირჩეს შემსწავლელთა ენის ცოდნის შესაბამისად, დაბალ საფეხურზე დასაშვებია მარტივი, ადაპტირებული და არა ავთენტური მოსასმენი ტექსტებით მუშაობა, ხოლო უფრო მაღალ საფეხურზე საჭიროა მხოლოდ ავთენტური მასალით მუშაობა“. ნამდვილად კარგი იქნება, თუ მასწავლებელი კლასში შეიტანს „რეალურ ცხოვრებას”, ე.ი. ისეთ მასალას, რაც მოსწავლეებს მულტიკულტურულ განათლებას მისცემს. ამით მათ გამოუმუშავდებათ უნარი, მიღებული ცოდნა გამოიყენონ საკლასო ოთახის გარეთ, რეალობაში, რაც ყველაზე მთავარია ენის შესწავლისას.

ამრიგად, მოსმენის უნარის განვითარება საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელშიც გადამწყვეტი როლი მასწავლებელს ეკუთვნის. სწავლებას, როგორც ამბობენ, ორგვარი სტატუსი აქვს – ხელოვნებისა და მეცნიერების. მასწავლებელი, პირველ რიგში, კარგი ფსიქოლოგი უნდა იყოს. იგი უნდა გრძნობდეს კლასის ატმოსფეროს, უნდა შექმნას მშვიდი და საინტერესო სამუშაო გარემო, რაც წარმოშობს ცნობისმოყვარეობას და ცოდნისმოყვარეობას და რაც მოსწავლეებს დაეხმარება მოსმენითი დავალებების სირთულეთა დაძლევაში.

მიზნის მისაღწევად მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა მოსწავლეთა მოტივაცია, ინტერესი, მათი სწავლის სტილი და ასაკი. იგი, ასევე, კარგად უნდა იცნობდეს სათანადო მეთოდურ ლიტერატურას, რათა ზუსტად მისცეს მითითებები და შესაბამისი აქტივობები გამოიყენოს მოსმენის დავალების შესრულების სამივე ეტაპზე. მასწავლებელი ასევე უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვაში, რათა მათ არ ინერვიულონ, მოახდინონ კონცენტრირება და ისე შეასრულონ მოსმენის დავალებები. მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა აღუძრას სურვილი და ინტერესი, დამოუკიდებლად, საკლასო ოთახის გარეთაც უსმინონ მასალას უცხო ენაზე, დაეხმაროს მათთვის საინტერესო ფილმის, მულტფილმის, მოთხრობის, სიმღერისა და დიალოგის შერჩევაში.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. კრავეიშვილი მ. (1979). ინგლისური ენის სწავლებისა მეთოდიკა. თბილისი გამომცემლობა “განათლება”
  2. ტაკიძე მ.(2018). ფონეტიკის და აუდირების სწავლების ეფექტიანობის ამაღლება საუნივერსიტეტო საფეხურზე (სადოქტორო დისერტაცია)მოძიებულია 16.04.2019 https://www.bsu.edu.ge/text_files/ge_file_10046_1.pdf
  3. ხომერიკი მ.(1998). როგორ ვასწავლოთ ინგლისური .თბილისი,გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“
  4. ჯაფარიძე მ. (2005) (რედ.). განათლების ფსიქოლოგია თბილისი. სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტის გამომცემლობა
  5. Emmert, P. (1994). A definition of listening, The Listening Post, 51 (6)
  6. Hook J. N. & Evans W. H. 1982. The teaching of high school English, Fifth ed. New York, NY: John Wiley and Sons, Inc.
  7. Howatt A. and J. Dakin (1974). Language laboratory materials, ed. J. P. B. Allen, S. P. B.
  8. Reese G. (2000). “Pre-listening activities”. მოძიებულია 17.04.2019 www.teachingenglish.org.uk
  9. Tsitsishvili R.,Nizharadze N., Darchia M., Tevzaia E., & Tkavashvili E. (2008). Becoming an English Teacher: Theory and Practice of Teaching English in Georgia (A Pre-Service Teacher Training Course) Tbilisi : British Council of Georgia
  10. Walter P.(2002) How to Study in College .Special edition foe Mesa State college. BostonNew York.
  11. Wenden A.(1998). What do second language learners know about their language learning? London

წყარო https://mastsavlebeli.ge 

კინო – დისტანციურ სწავლებაში

 

მოსწავლის მოქალაქედ ჩამოყალიბების პროცესში უმნიშვნელოვანესია, ეზიაროს ის ეროვნულ და მსოფლიო ხელოვნებას; მიიღოს ინფორმაცია მხატვრული ხერხების გამოყენებით; იფიქროს, იმსჯელოს, იაზროვნოს; დაიტვირთოს შემოქმედებითად და საკუთარი ნააზრევის გადმოტანა შეძლოს ფურცელსა თუ ტილოზე. თვითგამოხატვა მას თავდაჯერებულობას, აზრთა გაცვლა-გამოცვლა კი მიმღებლობასა და ტოლერანტობას შეჰმატებს.

კინოს, როგორც სინთეზური ხელოვნების დარგის შესწავლა მოსწავლეებში მრავალმხრივი ინტელექტის განვითარებას უწყობს ხელს. ამყარებს საგანთაშორის კავშირებს,  ზრდის ინტერესს მოვლენებისადმი,  ავითარებს გემოვნებას, აფართოებს თვალსაწიერსა და ინტელექტს.

ხელოვნების სწავლება სამივე საფეხურზე განსაკუთრებული გამოწვევაა მასწავლებლისთვის. სასწავლო პროცესი  – მრავალფეროვანი და  სახალისოა.  მოსწავლეთა დამოკიდებულებები  შესასწავლი საგნისადმი უნდა იყოს  პოზიტიური.

კინოჩვენებები მოსწავლეთა მოტივაციის ზრდის, კეთილგანწყობილი გარემოსა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების საუკეთესო გზას წარმოადგენს ჩემს საგაკვეთილო პრაქტიკაში.

კონკრეტული ფილმის სახით მოსწავლეები ეცნობიან კინოხელოვნების ნიმუშს. განიხილავენ და მსჯელობენ მასზე. საკითხის გააზრება ხდება მხატვრულ, სოციალურ თუ ეპოქალურ კონტექსტში.

ძირითადად ფილმის წარდგენის შემდეგ იმართება ჩვენება. განხილვის პროცესში კი მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობას ვთავაზობ.

ფილმის ჩვენება ეფექტურია, როგორც ახალი თემის ახსნის, ასევე თემის შეჯამების ფაზაზე. აქტუალურია პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების პროცესშიც. ერთგვარი და საინტერესო შესაძლებლობაა, მოსწავლემ დაამყაროს საგანთაშორისი კავშირი, იფიქროს და გამოიტანოს დასკვნები. ჩაერთოს შემოქმედებით აქტივობებში, იაზროვნოს კრიტიკულად, მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია, რაც მას თვითშეფასებას აუმაღლებს.

აღნიშნული მეთოდის გამოყენება მარტივად შესასრულებელი და კომფორტული იყო როგორც ჩემთვის, ასევე მოსწავლეთათვის არაფორმალურ სწავლებაში.

რაც შეეხება, ფორმალურ საგაკვეთილო საათებს, 45-წუთიანი ქრონომეტრაჟი არ მაძლევდა მაქსიმალურ შესაძლებლობას, ხშირად ვარჩევდი მოკლემეტრაჟიან ფილმებს, ტექნიკურად ვაერთიანებდი საგაკვეთილო დროს ან ვაჩვენებდი ნაწყვეტს და ფილმის ნახვის აქტივობა მოსწავლეებს ეძლეოდათ საშინაო დავალების სახით.

მას შემდეგ, რაც გადავედით დისტანციურ სასწავლო ფორმატზე, არსებული რეალობა არაფორმალური განათლების მთავარ გამოწვევად აღვიქვი.  ტექნიკური ფაქტორების, მოსწავლეთა არათანაბარი შესაძლებლობებისა თუ სხვა სირთულის აღმოფხვრა ხომ დღეს ყველა მასწავლებლის მთავარი ამოცანაა.

მე, როგორც მასწავლებელმა, დისტანციურ სწავლებაში მოსწავლეთათვის სასიამოვნო პროცესი შევეცადე სასარგებლოდ მექცია.

მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით წინასწარ ვარჩევ ფილმს. ვაწვდი მოსწავლეებს მოკლე ინფორმაციას ფილმის შესახებ. ასევე ვცდილობ, ძირითად თემაზე მოვისმინო მათი ვარაუდები და შეხედულებები.

უშუალოდ ფილმის საყურებლად მათ ერთი კვირა აქვთ და ამ პერიოდში მათთვის სასურველ დროს უყურებენ ფილმს.  ფილმის დამოუკიდებლად ყურება მათ ფიქრისა და საკუთარი ინტერესების აღმოჩენის  საშუალებას აძლევს. აკვირდებიან კადრებსა და მიზანსცენებს, მსახიობთა საშემსრულებლო მანერასა და მეტყველებას, სამოსსა და აქსესუარებს, არქიტექტურისა და დიზაინის თავისებურებას. აკეთებენ ჩანაწერებს, ინიშნავენ მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს. აკვირდებიან ყველაფერს. განსაზღვრულ საკითხზე ფოკუსირება კი უშუალოდ მასწავლებლის, როგორც ფასილიტატორის დახმარებით მომდევნო ნაწილში ხდება.

მომდევნო შეხვედრა განხილვის აქტივობაა, რომელთა შესასრულებლად რამდენიმე ვარიანტს გთავაზობთ:

  • დისკუსია – მასწავლებელს გამოაქვს სადისკუსიო კითხვები. დისკუსიის ფორმატს შეარჩევს მოსწავლეთა რაოდენობისა და პროფილის გათვალისწინებით. სასურველია დაფაზე დავწეროთ დისკუსიის მიმდინარეობის წესები და ინსტრუქცია.

მოსწავლეები ეჩვევიან მსჯელობას, სხვისი აზრის პატივისცემასა და აქტიურ მოსმენას. უვითარდებათ ეფექტური კომუნიკაციის უნარი. მოცემულ ეტაპზე ხდება ფილმის შინაარსობრივი და მხატვრული გააზრება. წინ წამოიწევა ძირითადი საკითხები, ხშირად მოსწავლეები დგებიან დილემის წინაშე. საუბრობენ, როგორ გადაჭრიან ამა თუ იმ პრობლემას. მოჰყავთ არგუმენტები და აყალიბებენ საკუთარ მოსაზრებებს.

  • რეცენზია – გაითვალისწინეთ მოსწავლეთა შესაძლებლობები და წინარე ცოდნა. გაეცით მკაფიო ინსტრუქცია და მიმართულება, როგორ დაწერონ პატარ-პატარა რეცენზიები, რომელთა საჯარო კითხვა მოეწყობა ონლაინგაკვეთილზე. რეცენზირება მოსწავლეებს  თავისუფლად აზრის გამოხატვასა და წერას შეაყვარებს. ანალიზისა და შეფასების უნარებს განუვითარებს. საჯაროდ კითხვისას მიეცით კომენტარებით ურთიერთშეფასების საშუალება. აღნიშნული აქტივობა თავდაჯერებულობას, პრეზენტაბელურობასა და პოზიტიურ მოლოდინებს შეუქმნის მოსწავლეებს.
  • ჩანახატი, აფიშა, პლაკატი – პრაქტიკული, შემოქმედებითი პროცესი ხელოვნების გაკვეთილზე მოსწავლეთა ძლიერი მხარეა. შესთავაზეთ კონკრეტული კადრის ჩანახატის სახით შექმნა. ურჩიეთ, გააკეთონ ეს საკუთარი ინტერპრეტაციით. დაყავით ჯგუფებად და მიეცით დავალება, კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით შექმნან ელექტრონული აფიშა ან პოსტერი. ნამუშევრების გასაცნობად მოაწყვეთ ონლაინგამოფენა, შეგიძლიათ დამთვალიერებლებად მოიწვიოთ მშობლები და კოლეგა მასწავლებლები.

გთავაზობთ რამდენიმე ფილმის განსახილველ აქტივობებს:

 

 

ფილმი ცხოვრება მშვენიერია

რეჟისორი: რ.ბენინი

 

სწავლების საფეხური საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.  სასურველია, ჩვენებაზე მშობლების მოწვევაც.
მოსწავლეთა ვარაუდების მოსმენა

 

მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა იცოდნენ. მეორე მსოფლიო ომის შესახებ. ამის დასადგენად დასვით რამდენიმე შეკითხვა:

რა უნახავთ ან წაუკითხავთ მეორე მსოფლიო ომზე, რა იციან საკონცენტრაციო ბანაკების შესახებ, რა არის ჰოლოკოსტი.

მიეცით საშუალება, თავისუფლად გამოხატონ მოსაზრებები, ერთმანეთს გაუზიარონ შეხედულებები.

 

ფილმის წარდგენა

 

გააცანით ფილმის სახელწოდება და რეჟისორი რობერტო ბენინი, რომელიც ფილმში მთავარი როლის შემსრულებელია. მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროინდელ იტალიაში ვითარდება და ა.შ. აქვე სასურველია მოიყვანოთ საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ:

რეჟისორმა რობერტო ბენინიმ  მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისათვის ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო მიიღო.

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ფილმი ოსკარით დაჯილდოვდა.

 

კინოჩვენების მიზანი

 

დაინახოს მოსწავლემ მეორე მსოფლიო ომი სხვადასხვა რაკურსით.  ისაუბროს ჰოლოკოსტის შედეგებზე.  იმსჯელოს მშობლისა და შვილის დამოკიდებულებებზე.

მოსწავლეებში ანალიზის, შეფასებისა და კომუნიკაციის უნარების განვითარება.

მშობლის ჩართულობის გაზრდა სასკოლო ცხოვრებაში.

აქტივობა დისკუსია

 

დისკუსიისათვის მიზანშეწონილია შემდეგი საკითხების გამოყოფა:

რამდენად მართებულად მიგაჩნიათ გვიდოს გადაწყვეტილება, რომ საკონცენტრაციო ბანაკი სათამაშო მოედნად აქციოს ჯოშუასთვის?

რატომ ეთანხმებით ან არ ეთანხმებით ჯოშუას დედის პოზიციას?

ფილმში მე-20 საუკუნის უმძიმესი მოვლენა, მეორე მსოფლიო ომია ასახული. მთელი სისატიკითაა ნაჩვენები ებრაელების გენოციდი. რატომ დაარქვა რეჟისორმა ფილმს ,,ცხოვრება მშვენიერია“?

 

 

 

აქტივობა რეცენზია

გაეცანით მასალებს მეორე მსოფლიო ომისა და ებრაელების გენოციდის შესახებ. მიჰყევით ფილმის სიუჟეტს. შეეცადეთ, გააკეთოთ ანალიზი, რომელი საკითხი რა ფორმით გამოიტანა რეჟისორმა ეკრანზე. მოიყვანეთ არგუმენტები. რა იყო თითოეული პერსონაჟის სათქმელი, იყო თუ არა მათი ცხოვრება მშვენიერი.
პრაქტიკული აქტივობა

 

ელექტრონული პოსტერი:  ურჩიეთ მოსწავლეებს გამოიტანონ ფორმატზე  ფილმის სახელწოდება და სლოგანები. გააფორმონ ის სურათებით. შეუძლიათ  დაადოთ საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ.

ჩანახატი: აირჩიონ  ფილმიდან კადრი, რომელიც ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ.  შეუძლიათ, მიზანსცენა დახატონ საკუთარი ინტერპრეტაციით სასურველ ტექნიკაში.

 

 

ფილმი ფიროსმანი

რეჟისორი:გ. შენგელაია

სწავლების საფეხური საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები
მოსწავლეთა ვარაუდების მოსმენა

 

დაუსვით მოსწავლეებს კითხვები, რა იციან ქართველი მხატვრის ფიროსმანის შესახებ.

სთხოვეთ, გაიხსენონ ფიროსმანის ნახატები.

აჩვენეთ რამოდენიმე ნახატი ან წინასწარ მომზადებული ინტერაქტიური პრეზენტაცია.

 

ფილმის წარდგენა

 

გააცანით ფილმის სახელწოდება და რეჟისორი.  აქცენტი გააკეთეთ ფიროსმანის ტრაგიკული ცხოვრების დეტალებზე. სასურველია აქვე მიაწოდოთ ინფორმაცია კინოსურათის წარმატების შესახებ:

ბრიტანეთის კინოინსტიტუტის პრემია – 1973წ.

ჩიკაგოს საერთაშორისო ფესტივალი ,,ოქროს ჰიუგო“-გრანპრი – 1974წ.

 

 

კინოჩვენების მიზანი

 

მოსწავლე გაეცნოს ნიკო ფიროსმანის რთულ, თავგადასავალს.  იმსჯელოს  ხელოვანისა და საზოგადოების  ურთიერთობაზე. ცხოვრებისეულ გამოწვევებსა და სოციალურ უნარებზე.

განუვითარდეს ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარები. ვერბალური და წერითი კომუნიკაცია.

აქტივობა დისკუსია

 

დისკუსიის ეტაპზე მნიშვნელოვანია სადისკუსიო შეკითხვების ფორმულირება:

ნიჭიერი ადამიანი უნდა ეგუებოდეს რეალობას თუ უნდა დაუპირისპირდეს მას?

ფიროსმანი, რა გზებით ცდილობს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას?

რა სჭირდება ნიჭიერ ხელოვანს წარმატების მისაღწევად?

როგორი ფიროსმანი დაგანახათ რეჟისორმა ეკრანებიდან?

 

აქტივობა რეცენზია

გაიხსენეთ ფიროსმანის შემოქმედება. შეადარეთ ფილმში მოყვანილ ფაქტებს. აღწერეთ, როგორი იყო ფიროსმანის ცხოვრება. რამ განსაზღვრა მისი ცხოვრების სიმძიმე. თქვენ რომ რეჟისორი იყოთ, როგორი დასასრული ექნებოდა ფილმს.
პრაქტიკული აქტივობა

 

ნახატების გამოფენა

მოსწავლეებს ესაუბრეთ ,,ნაივური“ ხელოვნების შესახებ. სთხოვეთ, შექმნან ნამუშევრები ფიროსმანის თემატიკაზე საკუთარი ინტერპრეტაციით. ელექტრონულ სივრცეში მოაწყვეთ გამოფენა.

 

 

ფილმი ანიმაცია უოლი

რეჟისორი: ენდრიუ სტენტონი

მოსწავლეთა ასაკი დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეთათვის
მოსწავლეთა ვარაუდების მოსმენა

 

 

ამ ეტაპზე სასურველია, მოსწავლეებს დაუსვათ შეკითხვები გარემოზე ზრუნვის, ეკოლოგიური საფრთხეებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ.

ფილმის წარდგენა

 

გააცანით ანიმაციის სახელწოდება და რამდენიმე წინადადებით მიმართეთ, რომ ფილმში ხაზგასმა ხდება ეკოლოგიურ კატასტროფაზე. ურჩიეთ, რომ ყურადღებით დააკვირდნენ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხს გარემოსადმი.

ფილმში წარმოდგენილია რობოტი, რომლის მისიაც დაგროვებული ნაგვისაგან დედამიწის  დასუფთავებაა.  ნაგავზე პასუხისმგებლობა კი აკისრია კომპანიას, რომელმაც ძალაუფლებით ისარგებლა და დიდი რაოდენობით პროდუქციის წარმოების გამო საფრთხე შეუქმნა სიცოცხლეს. კომპანია მოსახლეობას კოსმოსში გზავნის, დედამიწაზე კი ვოლი საინტერესო თავგადასავლებით ცხოვრობს.  დედამიწაზე მდგომარეობის, გამოტოვებული 700 წლისა და სხვა საინტერესო ამბების შესახებ ურჩიეთ მოსწავლეებს აუცილებლად უყურონ ფილმს.

აქვე მიაწოდეთ საინტერესო ინფორმაცია, რომ ,,უოლ“ პიქსარის ყველაზე მასშტაბური ფილმია და 125 კადრისაგან შედგება.

 

 

კინოჩვენების მიზანი

 

მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლება. მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება. შემოქმედებითი და პრაქტიკული საქმიანობის წარმართვა.
აქტივობა დისკუსია

 

სადისკუსიოდ შეგიძლიათ შემოიტანოთ მსგავსი საკითხები:

გარემოზე ზრუნვის პასუხისმგებლობა – სახელმწიფო თუ კერძო კომპანიების გაზრდილი პასუხისმგებლობა?

რა დადებითი და უარყოფითი შედეგები აქვს ეკოლოგიური პასუხისმგებლობის რობოტზე გადაბარებას?

ინტერვენციები ეკოლოგიური კატასტროფების თავიდან ასაცილებლად.

 

 

 

აქტივობა რეცენზია

ჩამოაყალიბეთ, რა შედეგები შეიძლება მოუტანოს სამყაროს გარემოსადმი გულგრილმა დამოკიდებულებამ. მიჰყევით ფილმის სიუჟეტს და მოიყვანეთ მაგალითები. დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება ფილმში წარმოდგენილი პრობლემის მიმართ, რას შეცვლიდით ფილმის სცენარში.
პრაქტიკული აქტივობა

 

 

აფიშა – დაავალეთ მოსწავლეებს, შექმნან ელექტრონული აფიშები. ამოიღონ ფილმიდან მათთვის სასურველი კადრი. გააფორმონ სლოგანებით. მიუთითონ ჩვენების დრო. დააინტერესონ  და მოიწვიონ ახალი ფილმის ჩვენებაზე უმცროსკლასელები.

ნახატი – დაავალეთ მოსწავლეებს, ნანახი ფილმისა და რეალური ცხოვრებისეული მაგალითების სინთეზის საფუძველზე შექმნან ფერწერული ნამუშევრები. მოაწყვეთ ონლაინგამოფენა. მიეცით საშუალება მოსწავლეს, გააკეთოს საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაცია. ასევე ჩაატარეთ ურთიერთშეფასების აქტივობა, სადაც მოსწავლეები ერთმანეთის ნახატების ძლიერ მხარეებსა და გასაუმჯობესებელ ხერხებზე ისაუბრებენ

 

წყარო https://mastsavlebeli.ge

 

ფილმების, როგორც სასწავლო რესურსის გამოყენება ისტორიის სწავლების პროცესში

 

უკანასკნელი წლებში, ტელევიზიისა და ინტერნეტის მეშვეობით, ჩვენს მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ სხვადასხვა ჟანრის ფილმებს – იქნება ეს წმინდა მხატვრული, დოკუმენტური, სამეცნიერო-პოპულარული, პუბლიცისტური თუ სხვა სახის კინოპროდუქცია. ხშირად ახალგაზრდობა არა წიგნების, არამედ სწორედ ფილმების საშუალებით იღებს ინფორმაციას როგორც მიმდინარე პროცესების, ასევე ისტორიული მოვლენების შესახებ. დასავლეთის ქვეყნებში უკვე დიდი ხანია მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კინოფილმებისა და სასწავლო ფილმების გამოყენებას სწავლების პროცესში. ჩვენში, ამ თვალსაზრისით, სიტუაცია არც თუ ისე სახარბიელოა. ამგვარი მდგომარეობა მრავალი ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული: მაგ., მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არქონით, ქართული სასწავლო, პუბლიცისტური და სამეცნიერო ფილმების ნაკლებობით, ამავე ჟანრის უცხოური ფილმების ნაკლები ხელმისაწვდომობით და სხვა.

 

მიუხედავად ამისა, ყველა ეს დამაბრკოლებელი ფაქტორი შეიძლება დაიძლიოს, თუმცა არსებობს კიდევ რაღაც, რაც ჩვენი აზრით ხელს უშლის ფილმების გამოყენებას გაკვეთილზე. სამწუხაროდ, ჩვენი მასწავლებლები არ ფლობენ იმ მეთოდურ აპარატს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ფილმების, როგორც სასწავლო რესურსის გამოყენება.

ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა სამუშაო ფურცლები, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრას შეუწყობდა ხელს. ეს მასალა შეიძლება გამოვიყენოთ სკოლაში სოციალური მეცნიერებების (ისტორიის, გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების, ასევე ხელოვნების და ლიტერატურის) სწავლებისას, თუმცა ძირითადი აქცენტი ისტორიის სწავლებაზე გამახვილდება.

ფილმების სწავლება ისტორიის გაკვეთილზე.

სასწავლო პროცესში ფილმების გამოყენება ისტორიის მასწავლებლებს საშუალებას მისცემს ბევრად უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადონ სწავლების პროცესი. ამგვარი სწავლების დანერგვა განსაკუთრებით საჭიროა, როდესაც განვიცდით სხვადასხვა სახის წყაროების სიმწირეს. ამავე დროს, „ფილმებით სწავლება” მასწავლებელს რამდენიმე საგნის ინტეგრაციის საშუალებას აძლევს, იქნება ეს ისტორია, სამოქალაქო განათლება, ხელოვნება თუ ლიტერატურა. ისტორიის სწავლებისას შესაძლებელია განსხვავებული ჟანრის ფილმების გამოყენება, იქნება ის მხატვრული, სამეცნიერო-პოპულარული, წმინდა დოკუმენტური და სხვა.

თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მრავალი კინოფილმი, რომელიც ისტორიულ თემატიკას შეეხება, ხშირად ვერ ასახავს წარსულის რეალობას და სავსეა ისტორიული ხასიათის ფაქტობრივი შეცდომებით ან გამოირჩევა ტენდენციურობით. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითოეული ფილმი, იქნება ის დოკუმენტური, მხატვრული, ან რომელიმე მხატვრული ნაწარმოების მიხედვით შექმნილი, მისი ავტორების მსოფლმხედველობრივ გავლენას განიცდის. ხშირად ისიც გასათვალისწინებელია, თუ რა ისტორიულ ეპოქასა და ვითარებაში იქმნებოდა ესა თუ ის ფილმი – ხომ არ აღმოჩნდნენ მისი შემქმნელები სახელმწიფო ცენზურის ან საზოგადოებაში გამეფებული სტერეოტიპების წნეხის ქვეშ?

სწორედ ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მოსწავლეებმა ფილმის ნახვის შემდეგ შეძლონ ფილმის ვერსიის შედარება რეალურ ისტორიულ მოვლენებთან და გამოიყენონ ის ანალიტიკური ინსტრუმენტები, რომელიც მათ საშუალებას მისცემს გამონაგონი ისტორიული რეალობისგან განასხვავონ.

სამუშაო ფურცლის გამოყენების ზოგადი ინსტრუქციები

კარგი იქნება, თუ ფილმის ჩვენებამდე მოსწავლეებს, ზეპირი (ლექცია) ან წერილობითი (ნარატივის ფორმით) სახით, მივაწვდით ინფორმაციას ფილმში აღწერილი მოვლენის შესახებ. ასევე, შესაძლებელია რომელიმე ისტორიული თემის შესწავლის და კარგად დამუშავების შემდეგ ვაჩვენოთ მოსწავლეებს ამ თემისადმი მიძღვნილი ფილმი.

ფილმის ჩვენებისას მოსწავლეებს უნდა შევახსენოთ, რომ ისტორიაში ადამიანის დამაბრკოლებელი და მოწინააღმდეგე შეიძლება იყოს არა მარტო სხვა ადამიანი, არამედ ბუნება, სახელმწიფო სტრუქტურები და დაწესებულებები, საზოგადოება, რელიგია. ასევე მნიშვნელოვანია თვით მთავარი პერსონაჟების თვისებებისა და ხასიათის ანალიზი.

ფილმის ნახვის წინ თითოეულ მოსწავლეს უნდა დავურიგოთ შესაბამისი სამუშაო ფურცელი, რომლებიც ფილმის ანალიზისთვისაა განკუთვნილი. წარმოდგენილ სამუშაო ფურცლებზე მასწავლებელს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები, თუ ამას კონკრეტული დავალება, კლასის მომზადების დონე და ფილმის სპეციფიკა მოითხოვს.

შესაძლებელია სხვა ვარიანტიც, კერძოდ, ჯერ ვაჩვენოთ ფილმი (რათა მოსწავლეებს შეექმნათ ზოგადი წარმოდგენა ისტორიული მოვლენის შესახებ), ხოლო შემდეგ დავიწყოთ თემის შესწავლა წერილობითი დოკუმენტების მეშვეობით. ამგვარი მიდგომა გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციასა და დაინტერესებას კონკრეტული ისტორიული თემის მიმართ.

კინოფილმის ჩვენების წინ მოსწავლეებმა კარგად უნდა შეისწავლონ სამუშაო ფურცელი, ხოლო მისი ჩვენების პროცესში აუცილებელია რამდენჯერმე (გააჩნია ფილმის ხანგრძლივობას) შევაჩეროთ (დაახლოებით 5 წუთით) ფილმის მსვლელობა და მივცეთ მოსწავლეებს საშუალება ხელახლა გადახედონ სამუშაო ფურცელს და შეძლებისდაგვარად გააკეთონ ჩანიშვნები. ფილმის დასრულების შემდეგ, მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა მისცეს 10–15 წუთი, რათა მათ შეძლონ საბოლოო პასუხის გაცემა სამუშაო ფურცელზე მოცემულ შეკითხვებზე.

არსებობს სამუშაო ფურცლის გამოყენების განსხვავებული საშუალებები. მაგ. იმის მაგივრად, რომ თითოეულმა მოსწავლემ წარმოადგინოს საკუთარი ნამუშევარი, შესაძლებელია მასწავლებელმა მთელ კლასს დაუსვას სამუშაო ფურცელზე მოცემული შეკითხვები, რომლებიც საკლასო დისკუსიის საფუძველი გახდება. ასევე, შესაძლებელია სამუშაო ფურცლის შევსება დავავალოთ 4 – 5 მოსწავლიან ჯგუფებს.

განსხვავებული ჟანრის ფილმების ანალიზის დროს, შეფასების კრიტერიუმებიც შესაბამისად იცვლება. ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენი პედაგოგებისთვის შეგვეთავაზებინა იმ სამუშაო ფურცლების გაცნობა, რომლებიც სხვადასხვა სახის ფილმის შეფასებისთვისაა განკუთვნილი და რომლებიც მათ ისტორიის გაკვეთილის წარმართვაში დაეხმარებათ.

კონკრეტული რეკომენდაციები.ფილმის ნახვამდე მასწავლებელმა უნდა დაავალოს მოსწავლეებს წინასწარ გაეცნონ სამუშაო ფურცლებზე მოცემულ შეკითხვებს, რათა თავიდანვე გასაგები იყოს მათთვის, თუ რაზე გაამახვილონ ყურადღება, ხოლო ფილმის ჩვენების პროცესში ცალკე ფურცელზე გააკეთონ საკუთარი ჩანიშვნები, რათა ჩვენების დასრულების შემდეგ ადვილი იყოს ამ სამუშაო ფურცლის შევსება.

ამგვარი სამუშაოს ჩატარების რამდენიმე ხერხი არსებობს: მაგ. მოსწავლეებს სამუშაო ფურცლების შევსება სახლში დავავალოთ (მას შემდეგ, რაც ნახავენ კლასში ფილმს და წინასწარ, შავად გააკეთებენ ჩანაწერებს). შესაძლებელია, ნაწილ შეკითხვებზე პასუხი კლასში გასცენ, ხოლო ნაწილზე – სახლში. არ არის გამორიცხული, რომ კრეატიულმა მოსწავლემ ზოგიერთ შეკითხვაზე პასუხის გაცემის დროს პლაკატი, რომელიმე ლექსი, ესსე, მუსიკალური ნაწარმოები ან ფერწერული ტილო გამოიყენოს.

შეკითხვები, რომლებიც სამუშაო ფურცლებშია მოცემული. პირობითად ორ კატეგორიად შეიძლება დავყოთ: ზოგადი და კონკრეტული შეკითხვები:

კონკრეტული შეკითხვების მიზანია იმის შემოწმება, თუ რამდენად ჩაუღრმავდა მოსწავლე ფილმის დეტალებს. ამგვარი მიდგომა მათგან მოითხოვს ფილმში სცენებისა და ფაქტების დამახსოვრებას და მათ ანალიზს. ასევე ხელს უწყობს მნიშვნელოვანი სასწავლო უნარების განვითარებას.

რაც შეეხება ზოგად კითხვებს, ისინი უბიძგებენ მოსწავლეებს უფრო მაღალი კატეგორიის უნარების განვითარებისკენ. ასეთი შეკითხვები ხელს უწყობს მოსწავლის მიერ ფილმში გადმოცემული იდეების, მისი საბაზისო სტრუქტურის და ძირითადი ელემენტების გაგებას.

P.S.

1) სამუშაო ფურცლების გამოყენებისას, მასწავლებლებს ვურჩევთ, მოსწავლეებმა შეკითხვებზე პასუხები ცალკე ფურცლებზე დაწერონ, რაც ამ სამუშაო ფურცლების მრავალჯერად გამოყენების საშუალებას მოგვცემს.

2) იმისათვის, რომ მასწავლებლებმა სრულფასოვნად შეძლონ ფილმის ანალიზის სწავლება, მათთვის ქვემოთ მოცემული სამუშაო ფურცლების მიხედვით დაგეგმილია სატრენინგო მოდულის შექმნა და ტრენინგების ჩატარება.

სამუშაო ფურცელი – მხატვრული ფილმი

წაიკითხეთ შეკითხვები სანამ დაიწყებთ ფილმის ყურებას.

ფილმის ჩვენებისას – მოკლე შესვენებებზე და დამთავრების შემდეგ ცალკე ფურცელზე გააკეთეთ ჩანიშვნები. თუ ამ ჩანიშვნებს ფილმის მსვლელობის დროს აკეთებთ, დარწმუნდით, რომ ეს სამუშაო ხელს არ გიშლით ფილმის ყურადღებით ყურებაში.

ფილმის დასრულების შემდეგ, შეეცადეთ მთლიანად შეავსოთ სამუშაო ფურცელი. პასუხები უნდა იყოს სრული და ამომწურავი, რაც განამტკიცებს აზრს იმის შესახებ, რომ თქვენ დაკვირვებით უყურეთ ამ ფილმს და ფიქრობდით მასში გადმოცემულ იდეებზე.

სამუშაო დასრულებულად ჩაითვლება მაშინ, როდესაც თითოეულ შეკითხვას პასუხს გასცემთ. პასუხები უნდა იყოს სრული და ამომწურავი. პასუხებისთვის შეგიძლია დაწეროთ ერთ აბზაცზე მეტიც კი, თუ ეს აუცილებელია. თქვენ მიერ გაცემული პასუხები უნდა იყოს სტილისტურად და ორთოგრაფიულად გამართული.


1.

დაასახელეთ, ფილმის სათაური, ფილმის შექმნის წელი, რეჟისორის/რეჟისორების გვარი და სახელი. სად ხდება ფილმში მოქმედება? რა ეპოქაში ხდება ფილმში მოქმედება?


2.

ვინ არის ფილმის მთავარი გმირი და როგორია ის?


3.

ვინ ან რა არის ფილმის ანტიგმირი და როგორია ის?


4.

რაში მდგომარეობს ფილმში გადმოცემული კონფლიქტი და რა ძალა უბიძგებს მთავარ გმირს ქმედებისკენ?


5.

არსებობს ფილმში სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვანი კონფლიქტი, რომელიც მიეკუთვნება დამატებით სიუჟეტურ ხაზს და, რომელიც ხელს უწყობს ძირითადი სიუჟეტური ხაზის განვითარებას? თუ არსებობს, მაშინ აღწერე ის და განსაზღვრე, თუ ვინ არიან მასში ჩართულები?


6.

აღწერე ფილმის მთავარი გმირის სამი მოქმედება, რომელიც კონფლიქტის მოგვარებას ემსახურება.


7.

რომელი მომენტია ფილმში დაძაბულობის კულმინაცია?


8.

რა გზით გადაიჭრა კონფლიქტი?


9.

მთავარი გმირის ხასიათის რა თავისებურებებმა შეუწყო ხელი კონფლიქტის გადაჭრას?


10.

დაასახელეთ ფილმიდან სამი მომენტი, რომელთა ანალოგიებიც შესაძლებელია საკუთარ ცხოვრებაში მოძებნოთ; აღწერეთ ისინი. შესაძლებელია ფილმში ვერ აღმოაჩინოთ ამგვარი სამი მომენტი, თუმცა შეეცადეთ.

პირველი მომენტი:

მეორე მომენტი:

მესამე მომენტი:


11.

ამოირჩიეთ ჩამოთვლილი მხატვრული ანალიზის ხერხებიდან ორი ხერხი: 1. არქეტიპის ანალიზი; 2. სიუჟეტის განვითარების საფეხურები: ა) შესავალი – მოსამზადებელი ფაზა; ბ) კვანძის შეკვრა, გ) კულმინაცია; დ) კვანძის გახსნა და ე) დასასრული; 3. ძირითადი იდეის განსაზღვრა, 4. მხატვრული სახის (სიმბოლოს) ამოცნობა და ახსნა; 5. მომავლის წარმოსახვა, 6. წარსულში დაბრუნება (მოგონებები), 7. კავშირების დანახვა, 8. ირონიის ამოცნობა და ახსნა, 8. ენობრივი გამოხატვის იმ საშუალებების იდენტიფიცირება, რომლებიც გამოყენებულია ფილმში.

აღწერეთ, რა გავლენას ახდენენ ისინი კინოფილმის მთავარი იდეის გადმოცემაზე და როგორ უწყობენ ხელს პერსონაჟთა ხასიათის გამოხატვასა და მათი აზრების გადმოცემას?


12.

ამოირჩიე ჩამოთვლილთაგან ფილმის ორი სპეციფიკური ელემენტი – 1. ხმა, 2. ფერი, 3. განათება, 4. სხვადასხვა სიშორის კადრები, 5. გადაღების კუთხე, 6. კამერის მოძრაობა, 7. მონტაჟი, 8. კადრების ხანგრძლივობა, რომლებსაც ფილმის გადაღებისას იყენებენ. აღწერე, თუ რა გავლენას ახდენენ ისინი კინოფილმის მთავარი იდეის გადმოცემაზე და როგორ უწყობენ ხელს პერსონაჟთა ხასიათის გამოხატვასა და მათი აზრების გადმოცემას?

წყარო https://mastsavlebeli.ge