Friday, March 2, 2018

რა შეცდომებს ვუშვებთ ბავშვის შექებისას?

აღზრდის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს შექებას. მისი საშუალებით ბავშვები სწავლობენ სწორ ქცევას, უყალიბდებათ დადებითი წარმოდგენა საკუთარ თავზე. წახალისებით მათ ვუზრდით და ვუნარჩუნებთ  მოტივაციას შეასრულონ ახალი და რთული ამოცანები და არ დანებდნენ გამოწვევებს. შექება ეფექტურია, თუ მას სწორი ფორმით ვაწვდით ბავშვს. ზოგჯერ მშობლები განსხვავებულად ფიქრობენ მის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე. ზოგი მათგანი თვლის, რომ საერთოდ არ არის საჭირო, ზოგმა კი არ იცის, როგორ უნდა შეაქოს ბავშვი სწორად. გთავაზობთ რამდენიმე გავრცელებულ არასწორ მოსაზრებას: 1. შექებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბავშვზე. ისწავლოს, კარგად მოიქცეს მხოლოდ ჯილდოს გამო.  სწორია: ბავშვი მშობლებისაგან იღებს ქცევის მოდელს. ხშირი წახალისება და დადებითი შეფასება მას საშუალებას აძლევს ასეთივე ფორმით ფიქრი და ქცევა ისწავლოს. ანუ მისი კარგი ქცევა არ იქნება მხოლოდ ჯილდოს მიღების საშუალება. ასეთი ბავშვი თავადაც ხშირად აქებს და პოზიტიურად აფასებს გარშემომყოფებს და იგივეს იღებს მათგანაც. ეს კი, როგორც წესი, განსაზღვრავს თანატოლებში მის პოპულარულობასა და წარმატებას. თუ მშობლები ხშირად აკრიტიკებენ ბავშვს, ისიც მსგავს მოდელს სწავლობს როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართ. რეალურად, სწორედ შექებისა და მოწონების დეფიციტი ზრდის რისკს, რომ ბავშვი მხოლოდ ჯილდოსთვის მოიქცეს კარგად 2. შეიძლება შექება და ჯილდო ბავშვის მოსყიდვად ჩაითვალოს. სწორია: სინამდვილეში შექება ბუნებრივად უნდა მოსდევდეს ბავშვის ქცევას. ჯილდოს მიზანია ბავშვმა ისწავლოს თუ რა არის მისაღები ქცევა. წახალისებით მას ვუბიძგებთ გამოავლინოს და განამტკიცოს ახალი უნარები. ბავშვთან არ ვდებთ ასეთი სახის გარიგებას: „თუ აალაგებ სათამაშოებს, შოკოლადს მოგცემ“ და ა.შ. ვასწავლით ქცევის წესებს, მაგალითად: “მოდი, ახლა სათამაშოები შევინახოთ, თამაში უკვე დავასრულეთ“ და ვაქებთ მაშინ, როდესაც ალაგებს ან ცდილობს აალაგოს სათამაშოები. 3.  ბავშვებმა ისედაც იციან როგორ მოიქცნენ სწორად. რა საჭიროა მათი ყოველდღიური შექება სათამაშოს თხოვებისათვის ან ამოცანის ამოხსნისათვის. სწორია: ზოგჯერ ბავშვები ასრულებენ წესებს, ზოგჯერ კი  რთულ ქცევას ავლენენ. სწავლების ეფექტური მეთოდია სასურველი ქცევის წახალისება და დაჯილდოვება. შექება განამტკიცებს ბავშვის ქცევას და ზრდის მისი უფრო ხშირად გამოვლენის შანსს.ლენენ. თუმცა, მათ თავისთავად არ იციან როგორ მოიქცნენ სწორად. ამისათვის აუცილებელია ჩარევა და სწავლება.  4. უმჯობესია, ბავშვი შევაქოთ იშვიათად, მხოლოდ განსაკუთრებულ და  საუკეთესო შემთხვევაში. სწორია: ზოგჯერ მშობლები ბავშვს აქებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ის რაიმეს განსაკუთრებულად კარგად გააკეთებს, მაგალითად, ამოხსნის მათემატიკის რთულ ამოცანას, სრულყოფილად აალაგებს საწოლს, სათამაშოებს და ა.შ. ასეთი სტრატეგიის გამოყენება ნიშნავს, რომ ბავშვი იშვიათად იღებს მშობლებისაგან დადებით შეფასებას, რადგან სინამდვილეში საბოლოო მიზნამდე მისვლა იოლი არ არის, ამისათვის დრო და სწავლაა  საჭირო. რამდენად აუცილებელია ბავშვმა ყოველთვის ყველაფერი სრულყოფილად შეასრულოს? გაცილებით ეფექტურია მისი წახალისება მცდელობისათვის, შექება და  შრომის დაფასება.  შესაძლოა ამ ეტაპისათვის ვერ ძლევს რთულ სასწავლო პროგრამას, ვერ ალაგებს საწოლს ისე როგორც თქვენ. მიუხედავად ამისა,  დააჯილდოვეთ იმისათვის რისი შესრულებაც შეუძლია. განსაკუთრებული შემთხვევის ლოდინის ნაცვლად ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეიძლება აღმოჩნდეს ბევრი ქცევა, რომელსაც ბუნებრივად ვთვლით, თუმცა, შექებას იმსახურებს. მაგალითად, ბავშვი დამოუკიდებლად მეცადინეობს, იწყებს სწავლას, მშვიდად თამაშობს, ასრულებს თქვენს ინსტრუქციასა და თხოვნას. სწორედ ასეთი მდგომით განუმტკიცებთ საკუთარი თავის რწმენას, აგრძნობინებთ, რომ მისი გჯერათ. ეს კი ნამდვილად დაეხმარება წარმატების მიღწევაში.  5. ზოგჯერ რთულია ისეთი რამის პოვნა, რის გამოც შიძლება ბავშვის შექება. სწორია: რამდენადაც  რთულ ქცევას არ უნდა ავლენდეს ბავშვი, მაინც შეიძლება ისეთი რამის პოვნა, რის გამოც დავაჯილდოვებთ. ხშირად ის მშობლები რომლებიც არ აქებენ შვილებს, ასევე, კრიტიკულები არიან საკუთარი თავისა და შეცდომების მიმართ. უჭირთ კარგი ქცევის შემჩნევა ბავშვებში, სამაგიეროდ სწრაფად რეაგირებენ და აკრიტიკებენ მათ შეცდომების გამო. უფროსის მაგალითი მნიშვნელოვანია.  მშობლების უპირველესი გამოწვევაა,  ისწავლონ საკუთარი თავის დაჯილდოვება და შექება. მაგალითად, „ეს სადილი გემრიელი გამომივიდა“, „დღეს სამსახურში წარმატებული დღე მქონდა“ და ა.შ.  თავიდან ეს შეიძლება არ აღმოჩნდეს იოლი, მოითხოვოს გარკვეული ძალისხმევა, თუმცა, შეუძლებელი არაფერია. ყოველდღიურ ცხოვრებაში კარგის შემჩნევით დაეხმარებით როგორც საკუთარ თავს, ასევე თქვენს ბავშვებს.  

Content from: http://kids.ge/articles/რა-შეცდომებს-ვუშვებთ-ბავშვის-შექებისას
Kids.ge

No comments:

Post a Comment