Monday, April 23, 2018

თამაშის პედაგოგიკა

განათლება ყოველთვის ასოცირდება მერხთან ჯდომასთან, შრომასთან და დაღლასთან. „სწავლის ძირი მწარე არის“ - ნათქვამია. ალბათ ამიტომ ხშირად გვესმის, რომ პატარა ბავშვებს არ უნდა დავუკარგოთ ბავშვობა, განათლება უნდა მივაწოდოთ მინიმალური დოზებით, რათა ბავშვები არ გადავღალოთ და ა.შ.მაგრამ ჩვენ აზრადაც არ მოგვსვლია დავსვათ მერხთან სკოლამდელი ასაკის ბავშვი და ლექ-ციები ვუკითხოთ! ჩვენ ვიყენებთ თამაშის პედაგოგიკას. თამაში არის ბავშვის ბუნებრივი ქცევა, ხოლო სკოლამდელი განათლება, არის რა განათლება თავისი არსით, ფორმით თამაშია. პატარა ბავშვი ყველაზე კარგად სწავლობს და ვითარდება თამაშით და თამაშის დროს. თამაშით ბავშვი ხდება ჯგუფის წევრი, სწავლობს სხვებისა და საკუთარი მოქმედებებისა და ქცევის შეფასებას. თამაში ასწავლის ბავშვს ურთიერთობებს, ყურადღებას, საკუთარი აზრების სწორად გამოხატვასა და დიალოგის წარმართვას, ანვითარებს მეტყველებას. თამაში ბავშვს ასწავლის გარკვეული შეთან ხმების შედეგად დადგენილი პირობითი ნორმებისადმი დამორჩილება-დაქვემდებარებას. და ბოლოს - ნებისმიერ ინფორმაციას ბავშვი ყველაზე კარგად ითვისებს სწორედ თამაშით. ამიტომაც სწავლების მთავარ ფორმებად სკოლამდელი განათლების ცენტრებში მიღებულია თამაში და ექსპერიმენტი (რომელიც, ცხადია, სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის ისევ თამაშია).თამაშით მიღებული ცოდნა ყველაზე მდგრადია - ცნობილია, რომ ყველაზე უკეთ გვამახსოვრდება ის ინფორმაცია, რომელიც დადებით ემოციებთან ასოცირდება.  და მთავარი - თამაშით სწავლა ბავშვისთვის ბუნებრივია, სახალისო და მას არ ღლის! პირიქითმით მეტს სწავლობს ბავშვი, მით მეტს მოითხოვს, და ჩვენი ამოცანაა შევუწყოთ მას ხელი ამ მისი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში, შევუქმნათ საინტერესო გარემო და მივაწოდოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. თუ ბავშვის დღის წესრიგი დაბალანსებულია, მოძრავი და წყნარი აქტივობები ერთმანეთს ენაცვლება, და ბავშვს ეძლევა დრო დასვენებისა და რელაქსაციისათვის, საუბარი ბავშვის განათლებით გადაღლაზე არ არის სერიოზული.
წყარო  ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli.ge

ვისწავლოთ ხალისით ადრეული განათლების მნიშვნელობა მომავალი წარმატებისთვის

ადრეულ ასაკში ბავშვზე, მის განათლებაზე თითქმის ყველა საზოგადოებაში, ტრადიციულად, ოჯახი ზრუნავდა. მე-19 საუკუნის ევროპაში, ინდუსტრიალიზაციასთან ერთად, რომელმაც ხელი შეუწყო ურბანიზაციასა და ქალთა დასაქმების ზრდას, წარმოიშვა საჭიროება, ადრეულ ასაკში ბავშვსა და მის განათლებაზე ზრუნვა ოჯახს სხვა ინსტიტუტთან გაეზიარებინა. ასეთი დაწესებულებები მე-19 საუკუნის შუა ხანებში გაჩნდა შოტლანდიაში, საფრანგეთში, გერმანიაში და ნელ-ნელა სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. დღეს უკვე ბევრ განვითარებულ ქვეყანაში სკოლამდელი ასაკის ბავშვების უმრავლესობა დღის მნიშვნელოვან ნაწილს ოჯახის გარეთ, სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში ატარებს, ამიტომ მომავალი თაობის ჯანსაღი განვითარების ხელშესაწყობად მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სკოლამდელი განათლების სექტორის განვითარებას.
 რატომ არის მნიშვნელოვანი ადრეული განათლება
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განხორციელებული კვლევები ცხადყოფს, რომ ადრეული განათლება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ინვესტიციას როგორც ბავშვის მომავალი აკადემიური, პიროვნული და სოციალური განვითარებისთვის, ისე საზოგადოების განვითარებისთვისაც. კვლევები სრულიად განსხვავებული დისციპლინების, მათ შორის _ ნეირომეცნიერების, ეკონომიკის, პედაგოგიკის, ფსიქოლოგიის ფარგლებში ხორციელდება. ნეირომეცნიერებაში განხორციელებულ კვლევათა შედეგები ცხადყოფს, რომ ადამიანის ტვინი ყველაზე ინტენსიურად სწორედ სკოლამდელ ასაკში ვითარდება. ამდენად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბავშვი მასტიმულირებელ და უსაფრთხო გარემოში იზრდებოდეს, სადაც ის თავს დაცულად იგრძნობს, საშუალება მიეცემა, განივითაროს სხვადასხვა უნარი და დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა. კვლევის შედეგები ცხადყოფს იმასაც, რომ ბავშვის კოგნიტურ და ემოციურ განვითარებაზე ზრუნვა და განათლება განუყოფელია ერთმანეთისგან: "ერთი მხრივ, ბავშვების სიყვარული და, მეორე მხრივ, მათი სწავლება თავისთავად, ცალ-ცალკე, არ არის საკმარისი ბავშვის ოპტიმალური განვითარებისთვის”
   წყარო: ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli.ge

დ. უზნაძის მიდგომები თამაშსა და სწავლაზე

ცნობილი ქართველი ფსიქოლოგი დ. უზნაძე (1886-1950 წ.წ.) თავისი თეორიის ფარგლებში აშუქებს ბავშვის თამაშისა და სწავლის ფსიქოლოგიურ ბუნებას და ფუნქციას. უზნაძის აზრით, ყველა ცოცხალი ორგანიზმის ბუნებრივ მდგომარეობას მოძრაობა, აქტიურობა შეადგენს. არ არის აუცილებელი, რომ ცოცხალი ორგანიზმის ასამოქმედებლად მასზე რაიმე გამღიზიანებელი ზემოქმედებდეს. ცოცხალი ორგანიზმის ბუნებრივი თავისებურებაა მასში არსებული ძალების მოქმედება, აქტივობა. ამ თავისებურებას უზნაძე ფუნქციონალურ ტენდენციას უწოდებს.
დ. უზნაძის თეორიის თანახმად, თამაშის ძირითად არსს ბავშვის შესაძლებლობათა აქტივაცია წარმოადგენს. კერძოდ, ბავშვი არა მხოლოდ იმ ძალებითაა აღჭურვილი, რომლებიც ბიოლოგიურად მნიშვნელოვანია მისი განვითარების ამ ეტაპზე, არამედ იმ ძალებითაც, რომლებიც მან მემკვიდრეობით მიიღო და რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება განვითარების შემდგომ ეტაპებზე. ბიოლოგიურად აუცილებელი ფუნქციები მის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების იმპულსით მოქმედებს, ხოლო ძალების მეორე ჯგუფი მოქმედებს ფუნქციონალური ტენდენციის საფუძველზე. თამაში სწორედ ამ ძალთა მოქმედების გამოვლინებაა. მნიშვნელოვანია, რომ თამაშის საშუალებით ხდება იმ ძალების და შესაძლებლობების განვითარება, რომელიც შემდგომში სერიოზული საქმიანობის განხორციელების საფუძველი ხდება.
სასკოლო ასაკში, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ცხოვრებაში სწავლა დიდ ადგილს იკავებს, არანაკლები დრო ეთმობა თამაშს, განსაკუთრებით კი ფიზიკურ თამაშებს. ამასთან, სკოლის ასაკის ბავშვების თამაში სპეციფიკურ სახეს იძენს. ბავშვი მარტო აღარ თამაშობს. მას აუცილებლად ჰყავს პარტნიორი და, ამასთან, მისი თამაში მიზანდასახული ქცევების ფორმად იქცევა, რომელიც საკუთარი ძალების გამოცდის, თანატოლებთან შეჯიბრის ხასიათს იძენს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქცევითაც არანაირი პროდუქტი არ იქმნება, მისი მიზანი თვითგანვითარება, საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების გამოცდაა. სწორედ ამიტომ, მოზარდი ზოგჯერ მარტოც მიმართავს საკუთარი მოტორული აპარატის ამოქმედებას. იგი თითქოს თავის თავს ეჯიბრება და ცდილობს სულ უფრო და უფრო დახვეწილი და ძლიერი მოძრაობები შეასრულოს.
ამგვარად, ამ ასაკში თამაში მოძრაობათა განვითარების, გაუმჯობესებისა და დახვეწის მიზანს ემსახურება და იგი შეჯიბრის პირობებში ხორციელდება, რომელიც გულისხმობს გარკვეული წესებისა და პირობების დაცვას. შედეგად, მოზარდი „ფიზიკური თამაშის“ გზით გაითავისებს საზოგადოებაში არსებულ, გარკვეულ წესებს და ნორმებს, რაც ეხმარება მას პიროვნებათშორისი ურთიერთობებისა და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარებაში.
დ. უზნაძის მიხედვით, სწავლა ადრეული ბავშვობიდან იწყება, მაგრამ დასრულებულ შინაარსს სწავლა სკოლის გარემოში იძენს. ამ პერიოდში სწავლა ქცევის ძირითად ფორმად იქცევა. სწავლა არა მხოლოდ რაიმე ცოდნის შეძენას გულისხმობს, არამედ შესაძლებლობების შეძენასაც, უნარების განვითარებასაც. სწორედ ამიტომ, სწავლის პროცესში არა მხოლოდ კონკრეტული ცოდნის ან ჩვევის დაუფლება ხდება, არამედ მოსწავლის იმ უნარებისა და შესაძლებლობების („ძალების“) განვითარებაც, რომლებიც სწავლის პროცესში მონაწილეობენ. უფრო მეტიც, უზნაძის აზრით, სწავლაში ძირითადი სწორედ ამ უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაა. თუმცა, თამაშისგან განსხვავებით, სწავლის პროცესში ბავშვის ძალების აქტივაცია უფროსის (მასწავლებლის) მიერ მიწოდებული მასალის საფუძველზე ხორციელდება და, ამ მხრივ, სწავლა ქცევის გარდამავალი ფორმაა თამაშსა და შრომას შორის.
სასკოლო გარემოში სწავლა გარკვეულ სასწავლო მასალასთან ერთად აუცილებლად მასწავლებელსაც გულისხმობს, კერძოდ კი მის მონაწილეობას სწავლის პროცესში. მასწავლებლის ფუნქცია მასალის უბრალოდ მიწოდება და გამოკითხვა კი არ არის, არამედ - სწავლება. მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეს, რისთვისაც სასწავლო მასალას მოსწავლის უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით გარდაქმნის და ისე აწოდებს მას. მასალა, ერთი მხრივ, მოსწავლის ცოდნისა და უნარების („ძალთა“) აქტუალური დონის შესატყვისი უნდა იყოს, მეორე მხრივ, კი - მისგან გარკვეულწილად დაშორებული, რათა ხელი შეუწყოს განვითარებას. მასწავლებლის ფუნქცია სწორედ ამ პირობების რეალიზაციაა: მოსწავლისათვის ახალი მასალის მისაწვდომად გადაცემა, „ახსნა.“ „ახსნა კი უცნობის ნაცნობზე, ახლის ძველზე დაყვანასა და სწორედ ამით ნაცნობისა და ძველის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას ნიშნავს.“ ამგვარად, მოსწავლის განვითარების პროცესში მასწავლებელი შუამავალია მასალასა და მოსწავლეს (მის „ძალებს“) შორის. ახსნის შედეგად მანამდე პრაქტიკულად მოცემული გარკვეული ფაქტი ბავშვისთვის დაკვირვების ობიექტად იქცევა, მისი ცნობიერებისთვის ხდება მისწავდომი. რაიმე ფაქტი, მოვლენა თუ საგანი სწავლის შედეგად ბავშვისთვის არა მხოლოდ პრაქტიკულად მოცემულად არსებობს, არამედ ცნობიერებაშიც ინახება ცნებათა სახით.
ამრიგად, უზნაძის მიხედვით, სწავლის ძირითადი არსი ახსნაში და ამ გზით, მოვლენათა, ფაქტთა და საგანთა ცნობიერებაში ასახვასა და მოზარდის ცნებითი აზროვნების განვითარებაში მდგომარეობს.
წყარო :  http://www.nplg.gov.ge

სწავლა თამაშით

რომელი თამაში შეიძლება გამოვიყენოთ მუსიკის სწავლების დროს
თამაშით შემეცნება ბავშვისთვის ბუნებრივი პროცესია, ამიტომ პედაგოგიკა მუდმივად იყენებს თამაშს როგორც სწავლების მეთოდს. უკანასკნელ ხანს ამ მიმართულებით დიდი გარღვევა მოხდა: ბავშვისთვის ხელმისაწვდომი გახდა ინტერნეტი – დიდი და მრავალფეროვანი სამყარო. თამაშები, რომლებსაც ინტერნეტში წააწყდებით, ძირითადად ორი ტიპისაა: გასართობი და შემეცნებითი. პირველი ტიპისა პედაგოგების კრიტიკის საგანია, ვინაიდან მათი უმეტესობა შეიცავს აგრესიულ კომპონენტს. მათ ხელმისაწვდომობასა და ფართო გავრცელებას ფსიქოლოგები საგანგაშოდ მიიჩნევენ. მეორე ტიპის, შემეცნებითი თამაშები კი სწორედ ის რესურსია, რომელიც ინტერნეტის მეშვეობით შეიძლება მივაწოდოთ მოზარდს და ამგვარად ავარიდოთ ფართოდ გავრცელებულ მდარე და სახიფათო პროდუქციას.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დარგობრივი თამაშები სასკოლო დისციპლინების მიხედვით. მათი სწორი შერჩევის შემთხვევაში მასწავლებელს ხელთ ექნება სერიოზული დამხმარე რესურსი სასწავლო პროცესის წარმართვისთვის.
პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე, წერილში დაწვრილებით განვიხილავთ ამგვარი რესურსის, ჩვენი აზრით, ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს – სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის საბავშვო-საგანმანათლებლო ვებ-გვერდს – http://www.sfskids.org .
საიტს მარტივი სტრუქტურა აქვს და მასზე მოძრაობა ადვილია. მთავარ გვერდზე, სარჩევში, ტრადიციულთან ერთად (საიტის რუკა, ძიება, დახმარება და სხვ.) მოცემულია შემდეგი რუბრიკები:
. საორკესტრო საკრავები;
. მუსიკალური ლაბორატორია;
. რა ხდება სიმფონიურ მუსიკაში;
. რადიო.
თითოეული რუბრიკა დამოუკიდებელია და მასში შემავალი ქვეკომპონენტები თამაშის პრინციპითაა აგებული.
ვებგვერდის გახსნისთანავე საზეიმო განწყობილებას გვიქმნის მუსიკა (ლ. ბეთჰოვენი, V სიმფონია, IV ნაწილის მთავარი თემა), რომლის ფონზეც ჩარჩოში იხსნება თეატრალური ფარდა. ეს ანიმაციური ხერხი საორკესტრო საკრავების გაცნობის დროსაც არის გამოყენებული. ბმულ საორკესტრო საკრავების არჩევისას იხსნება ორკესტრის განლაგების სქემა. ამ სქემაზე ინსტრუმენტთა რომელიმე ჯგუფზე დაწკაპუნებით სცენაზე მისი განლაგების სივრცე მოინიშნება, რითაც ბავშვის მეხსიერებაში აღიბეჭდება სცენაზე ამ ჯგუფის განლაგება. თითოეული ჯგუფი – სიმებიანი, ხის ჩასაბერი, ლითონის ჩასაბერი, დასარტყამი, – თავის მხრივ, წარმოადგენს ცალკე ბმულს, რომელშიც გრაფიკული და ტექსტური ბმულების მეშვეობით მთელი ჯგუფია წარმოდგენილი. აქედან შესაძლებელია საკუთრივ საკრავებზე გასვლა, სადაც ნათლად და ლაკონურადაა აღწერილი თითოული მათგანი, მოცემულია მათი სოლო და ორკესტრში ჟღერადობის მაგალითები, ასევე – საკრავის გამოსახულება სხვადასხვა რაკურსით, დეტალების გამოყოფის შესაძლებლობით.
რუბრიკით მუსიკალური ლაბორატორია ბავშვებს სთავაზობენ სხვადასხვა სახის თამაშობაში ჩართვას, განსხვავებულ ინტერპრეტაციებს შორის არჩევანის გაკეთებას, რითაც სახალისო ფორმით, ძალდაუტანებლად, მარტივად აცნობენ მუსიკის თეორიის ძირეულ ცნებებს. თითოეულ ცნებას მოსწავლეები ჟღერადობით, გრაფიკულად, ანიმაციით ეცნობიან. მათ თან ახლავს ბავშვისთვის ადაპტირებული ტექსტიც.
მუსიკალურ ლაბორატორიაში მოცემული ბმულებია: 
* მუსიკის თეორიის საფუძვლები, სადაც საინტერესო, სახალისო ფორმით გვაცნობენ მუსიკალური დამწერლობის საფუძვლებს – ხუთხაზიან სანოტო სისტემას, გასაღებებს, ზომას და ა. შ;
* ტემპი. აქ შეიძლება მოვისმინოთ მელოდია ძალიან ნელ, ნელ, საშუალო, ჩქარ, ძალიან ჩქარ ტემპში, რაც ანიმაციურადაც – მეტრონომის მოძრაობით და დასარტყამ ინსტრუმენტებზე შემსრულებლის აჩქარება-შენელებით – არის ილუსტრირებული.
* რიტმი. ამ ბმულის თანმხლებ ანიმაციაზე ტაქტი სახლია, ხოლო თითოეული თვლა – ოთახი. ბავშვი უსმენს “ოთახებში” განლაგებულ სხვადასხვა რიტმულ ნახაზს.
* ბგერის სიმაღლე. ხუთხაზიან სისტემაზე განლაგებული რვა ბგერის განსხვავებულ ჟღერადობას შესაბამისი ოქტავის ფარგლებში კლავიშებზე დაჭერით ვეცნობით. ავტორები თავს არიდებენ ინფორმაციით ბავშვის გადატვირთვას და ნიმუშად აძლევენ ფა ბგერათრიგს (და არა ფა-მაჟორს, რაც ალტერაციის ნიშნის გაჩენას გამოიწვევდა), რომელიც სანოტო სისტემაზე ჩაწერისას არ მოითხოვს დამატებით ხაზებს.
* ჰარმონია, სადაც მომხმარებელს ეძლევა მოკლე მელოდია და მისი ჰარმონიზაციის სამი ვარიანტი – ბედნიერი, სევდიანი, შიშისმომგვრელი. მასალა ისეა მიწოდებული, რომ მოსმენისას ბავშვი უნდა მიხვდეს – ერთი და იმავე მელოდიის ბედნიერი, სევდიანი და შიშისმომგვრელი ჟღერადობა ჰარმონიის ცვლილებით იქმნება. შთაბეჭდილების გასაძლიერებლად განწყობილების ცვლა ანიმაციურადაც გამოისახება. მაგალითად, შიშის განწყობილებას ამძაფრებს ღამე, ჭოტი და სიბნელეში მფრინავი ღამურები.
* სიმბოლოები, სადაც სანოტო ჩანაწერში ამა თუ იმ სიმბოლოს შეტანა მუსიკალური ფრაზის სხვადასხვაგვარად აჟღერებას იწვევს.
* ორკესტრობა, სადაც სამხმიანი მელოდიის თითოეული ხმა სხვადასხვა ტემბრით: I – ფლეიტა, II – ვიოლინო, III – ტუბა, – სრულდება. მომხმარებელი თვითონ ირჩევს, რომელ ხმას ან ხმათა რომელ კომბინაციას მოუსმინოს.
* მუსიკალური ნაწარმოების შესრულება, სადაც ვირტუალურ კლავიატურაზე დანომრილი და სხვადასხვაგვარად შეფერადებულია 10 ბგერა. რამდენიმე ცნობილი მელოდიის სანოტო ჩანაწერიც ამავე პრინციპითაა დანომრილი და გაფერადებული. მომხმარებელ-ბავშვს ამგვარი ჩანაწერი დაკვრაში დაეხმარება. იქვე ამ მელოდიასაც მოვისმენთ.
* მუსიკალური კომპოზიციის შექმნა, სადაც მომხმარებელმა რვა დამოუკიდებლად მოცემული ტაქტი სურვილისამებრ უნდა დაალაგოს, მოისმინოს და მათ შორის საუკეთესო აარჩიოს (ცხადია, ეს მელოდია იმგვარადაა შექმნილი, რომ ყველა თანამიმდევრობა მეტ-ნაკლებად მისაღები იყოს).
რუბრიკით რადიო ბავშვები გაეცნობიან პროფესიული მუსიკის მაღალმხატვრულ ნიმუშებს. რადიოს გამოსახულებას 6 ღილაკი – “ტალღა” – აქვს და თითოეულ მათგანზე 7 მუსიკალური ფრაგმენტია მოცემული. რეპერტუარი ფართოა: ი. ს. ბახის, ჯ. როსინის, ი. სტრავინსკის, ვ. ა. მოცარტის, ე. ელგარის, ა. კოპლენდის, პ. ჩაიკოვსკის, რ. შტრაუსის და სხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებებიდან. თითოეული ფრაგმენტი 2-3 წუთის განმავლობაში ჟღერს.
რუბრიკა რა ხდება სიმფონიურ მუსიკაში სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის საკონცერტო აფიშას წარმოადგენს, სადაც მსმენელს სთავაზობენ:
* საოჯახო კონცერტების სერიას; 
* საბავშვო კონცერტებს – პროგრამის, აუდიტორიის სავარაუდო ასაკის (საბავშვო ბაღის საფეხურების ჩათვლით) და კონცერტის ხანგრძლივობის მითითებით; 
* ჩინურ ახალ წელს;
* მუდმივმოქმედ საკონცერტო პროგრამას – ს. პროკოფიევის “პეტია და მგელს”, რომელიც საორკესტრო საკრავთა გაცნობის ქრესტომათიულ ნიმუშად ითვლება.
ვებგვერდი იძლევა მუსიკასთან დაკავშირებული თემატიკის ღია ბარათის გაგზავნის საშუალებასაც. 
იქნებ ვინმეს ეხამუშოს საიტის მხატვრული გაფორმება, მაგრამ, ვფიქრობთ, მასაც ახალგაზრდობის მიზიდვის ფუნქცია აკისრია და წარმატებითაც ართმევს თავს პოპულარული საბავშვო სატელევიზიო არხის – JETIX-ის (jetixtv.com) სტილის განმეორებით.
მასწავლებელებს შეიძლება მივაწოდოთ სხვა სასარგებლო ბმულებიც:
 
ასეთი ვებრესურსი მრავლადაა სხვა სასკოლო, როგორც ჰუმანიტარული, ასევე საბუნებისმეტყველო დისციპლინებისთვისაც. მიგვაჩნია, რომ ეს სფერო, მიუხედავად იმისა, რომ ახალია, სერიოზულ ინსტრუმენტს წარმოადგენს სკოლის მასწავლებლების დასახმარებლად.

თამაში, სწავლა და განვითარება

“პიროვნების შესახებ გაცილებით მეტს გაიგებ მასთან ერთი საათით 
თამაშისას, ვიდრე ერთი წლით საუბრისას”.
პლატონი
რას წარმოადგენს თამაში?
ამ კითხვის უკან მრავალი, ერთმანეთისგან განსხვავებული მოსაზრება დგას. ზრდასრულთა ნაწილი ფიქრობს, რომ თამაში, თავისი ბუნებით, მკვეთრად განსხვავდება ისეთი აქტივობებისგან, როგორიც არის სწავლა ან მუშაობა. თითქოს თამაში მხოლოდ გარდაუვალი ეტაპია ბავშვის ცხოვრებაში და რამდენადაც სერიოზულ მიზნებს არის მოკლებული, იმდენად არ ატარებს მნიშვნელოვან ხასიათს.
როდესაც ამავე შეკითხვით ბავშვებს მიმართავენ, მათი უმეტესობა აღნიშნავს, რომ თამაში არის სახალისო და საინტერესო პროცესი, სიამოვნებით იღებენ მონაწილეობას, იძენენ მეგობრებს, სწავლობენ ახალ აქტივობებს, თავად ირჩევენ, რა, სად და როდის გააკეთონ და ა.შ. ბავშვებს უყვართ თამაში და საყურადღებოა, რომ, ფსიქოლოგების აზრით, ის უმეტესად ასახავს იმას, რაც ბავშვის ცხოვრებაში იმ მომენტისთვის არის მნიშვნელოვანი.
განათლებისა და ფსიქოლოგიის სფეროს მკვლევარები კი აღნიშნავენ, რომ თამაშის წილი ადამიანის წარმატებაში ძალიან დიდია, ვინაიდან ის მჭიდროდ არის დაკავშირებული როგორც  კოგნიტურ და მეტაკოგნიტურ, ისე  ემოციურ და მოტორულ განვითარებასთან. თამაში ასევე ხელს უწყობს ბავშვებში ისეთი უნარების განვითარებას, რომლებიც შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე იყოს აქტუალური. მაგალითად, ქართველი ფსიქოლოგის, დიმიტრი უზნაძის აზრით, “თამაშს ეგოდენ დიდი ობიქტური აზრი აქვს: ამიტომაა, რომ იგი გროსის არ იყოს, ცხოვრების ნამდვილი “მოსალოდნელი სკოლაა”. 
რატომ არის მნიშვნელოვანი თამაში?
·ბავშვები თამაშის დროს ავარჯიშებენ როგორც სხეულს, ასევე გონებას; ისინი ურთიერთობენ გარემოსთან, სხვა ადამიანებთან, სწავლობენ რესურსების გამოყენებას; ეცნობიან და იკვლევენ მათთვის უცნობ, ახალ ელემენტებს;
·რეალური ცხოვრების იმიტაციისას თითოეული ბავშვის დაცულობის ხარისხი, რეალობისგან განსხვავებით, გაცილებით მაღალია და, შესაბამისად, გარისკვა უფრო ადვილია. ისინი თამაშის დროს სწავლობენ რისკის გაწევასა და გადაწყვეტილებების მიღებას;
·თამაში ინფორმაციისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების კარგი საშუალებაა, ბავშვები ივითარებენ ვერბალური და არავერბალური, მარტივი და კომპლექსური კომუნიკაციის უნარებს; 
·თამაშში ბავშვები ხალისით ერთვებიან და ინტერესით ასრულებენ საკუთარ ფუქნციას; სწავლობენ როლის გათავისებას; არიან უფრო კონცენტრირებულები და ყურადღებიანები, რაც საშუალებას აძლევს მათ, უკეთესად აითვისონ და გაიაზრონ ახალი ინფორმაცია;
·თამაში ეხმარება ბავშვებს, განცდებისა და ემოციების საშუალებით, უფრო მარტივად, დამოუკიდებლად ააშენონ ახალი ცოდნა და გამოცდილება უკვე არსებულზე დაყრდნობით;
·თამაშის დროს ბავშვების წარმოსახვა ძლიერია, ისინი თავად ქმნიან, იგონებენ და ცვლიან პერსონაჟებს, მოვლენებს, დროს, ადგილებს და ა.შ.; თამაში ხელს უწყობს ბავშვებს, განივითარონ შემოქმედებითი აზროვნება;
·თამაში ეფექტური საშუალებაა თანამშრომლობის, კონფლიქტების გადაჭრისა და პრობლემების მოგვარების უნარების ფორმირებისთვის;
·აღსანიშნავია, რომ ფიზიკური თამაშები, მოტორული უნარების განვითარებასთან ერთად, ხელს უწყობს ბავშვებს, გაუმკლავდნენ სტრესს, გაღიზიანებას და ადვილად დაძლიონ შინაგანი კონფლიქტები;
·თამაშის საშუალებით ბავშვებში ვითარდება ის მნიშვნელოვანი კომპეტენციები, რომლებიც ცხოვრებაში მრავალი სხვადასხვა საქმიანობისთვის არის აუცილებელი.
როგორც ვხედავთ, თამაში დიდ როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში და მნიშვნელოვანია, რომ მისი ინიცირება ხდებოდეს არა მხოლოდ სახლსა და ეზოში, არამედ სკოლასა და საგაკვეთილო პროცესში. ყველა მასწავლებლისთვის ცნობილია, რომ სწავლაში წარმატება დიდად არის დამოკიდებული მოსწავლის დაინტერესებაზე, სურვილსა და მასში ცნობისმოყვარეობის გამოწვევაზე. უზნაძის აზრით, “თამაშის ძირითად არსს, მის შინაგან ბუნებას, ბავშვის ბიოლოგიურად არააქტუალურ შესაძლებლობათა, ფუნქციონალური ტენდენციის იმპულსით გამოწვეული აქტივობა შეადგენს”. Aაქედან გამომდინარე, ვინაიდან თამაში ბავშვის ბუნებრივი მდგომარეობაა და უმეტესად მისი სურვილიდან გამომდინარეობს, თამაშის დახმარებით სწავლა ერთ-ერთი კარგი საშუალებაა საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩასართავად. მაგალითად, საშუალო და უფროსი ასაკის მოსწავლეებს შეიძლება შევთავაზოთ ინტელექტუალური და როლური თამაშები, უმცროსი ასაკის ბავშვებს _ ნატიფი მოტორიკის განსავითარებელი სახალისო აქტივობები და ა.შ. 
ფსიქოლოგები თამაშებს, დამახასითებელი თავისებურებების მიხედვით, სხვადასხვა ტიპად ყოფენ, მაგ.: სიმბოლური, ფიზიკური, საგნებით, წესებით, წარმოსახვითი, სოციალური და ა.შ. ბავშვები შეიძლება ჩართულები იყვნენ ერთდროულად ერთზე მეტ თამაშში. ამ დროს მნიშვნელოვანია, თამაში/თამაშები ისე იყოს დაგეგმილი, რომ ხელს უწყობდეს გამოცდილების გაფართოებას როგორც ცოდნისა და უნარების, ასევე დამოკიდებულებების დონეზე; ფოკუსირებული იყოს ბავშვის ფიზიკურ, ინტელექტუალურ და სოციო-ემოციურ ზრდა-განვითარებაზე.
როგორ წარვმართოთ თამაში?
იმისათვის, რომ თამაშს მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდეს, საჭიროა, მასწავლებელმა წინასწარ ან მოსწავლეებთან ერთად განსაზღვროს მისი მიზანი და მისაღწევი შედეგები, შეარჩიოს აქტივობები, შეიმუშაოს დაკვირვებისა და შეფასების ინსტრუმენტები. თამაშის დაგეგმვის, პროცესის ორგანიზებისა და შედეგების განხილვისას გასათვალისწინებელია ის გარემოებები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მოსწავლეთა სხვადასხვა კუთხით განვითარებას. ამისათვის მასწავლებელი: 
თამაშის დაგეგმვა
·ქმნის თამაშის გეგმას, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტული უნარების განვითარებაზე და საშუალებას აძლევს მას, გაზომოს  მისაღწევი შედეგები; 
·ითვალისწინებს მოსწავლეთა ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის ჩართულობას;
·ქმნის თამაშისთვის უსაფრთხო გარემოს და უბიძგებს მოსწავლეებს, იმოქმედონ გაბედულად;
·მოსწავლეებს აძლევს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალებას;
·რესურსების შერჩევისას (წიგნები, საღებავები, სურათები, ტექნიკა და ა.შ.) ითვალისწინებს როგორც სხვადასხვა შესაძლებლობისა და ინტერესების მქონე ბავშვთა საჭიროებებს, ასევე განსხვავებული კულტურის, რელიგიის, ეთნიკური წარმოშობისა და ა.შ. მოსწავლეთა მსოფლმხედველობას.

თამაშის მხარდაჭერა
·პატივს სცემს და აღიარებს ბავშვების არჩევანს. გარდა 
ამისა, ხელს უწყობს  მოსწავლეებში ურთიერთპატივისცემის ჩამოყალიბებას;
·თამაშის დროს ასრულებს ფასილიტატორის როლს და არ ერევა პროცესში;
·ბავშვები უკეთესად სწავლობენ უშუალოდ მოდელის ქცევაზე დაკვირვებით; ახალი თამაშის შეთავაზებისას, საჭიროების შემთხვევაში, თავადაც ერთვება მასში და მაგალითს აძლევს მოსწავლეებს; 
·ასრულებს შუამავლის როლს ან ერევა სიტუაციაში, როდესაც ნეგატიური შედეგის საფრთხე დგება (ფიზიკურად ან ემოციურად), მაგალითად, როდესაც მოსწავლეები აშინებენ ან გარიყავენ ჯგუფის რომელიმე წევრს;
·გარემო გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ და რას თამაშობენ ბავშვები. მასწავლებელი უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის თამაშისთვის საკლასო სივრცის დანაწილებას (მაგ.: ბიბლიოთეკის, მოძრაობის, ხატვის, მედიის და ა.შ. არეები), ასევე, რესურსების ხელმისაწვდომობას.
თამაშის განხილვა
·თამაშის მიმდინარეობისას ყურადღებას ამახვილებს ბავშვების ქცევაზე, ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაზე, მათ ჩართულობასა და დაინტერესების ხარისხზე, ინიშნავს როგორც გასაუმჯობესებელ, ასევე პოზიტიიურ მხარეებს. შემდგომი განხილვისთვის ასევე ეფექტურია ვიდეოს და ფოტოების გადაღებაც;
·აკვირდება წინასწარ ორგანიზებულ გარემოს და ადგენს: 1. რამდენად ეფექტურია ბავშვების თამაშისთვის და 2. რამდენად უწყობს ხელს მათ განვითარებასა და შესაძლებლობების გამოვლენას.
·თამაშის შედეგებს განიხილავს მოსწავლეებთან ერთად და, საჭიროების შემთხვევაში, გასცემს რეკომენდაციებს; 
·დაკვირვების შედეგად მიღებულ მონაცემებს აანალიზებს და  ითვალისწინებს მომავალი თამაშის დაგეგმვისას.
როგორც ვხედავთ, თამაშს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ადამიანის ცხოვრებაში. თამაშის დახმარებით ბავშვი ვითარდება ფიზიკურად, გონებრივად, სოციალურად და ა.შ. (იხ. სქემა 1). ეს არის საშუალება, რითაც ბავშვები დამოუკიდებლად ან სხვებთან ერთად შეისწავლიან საკუთარ გარემოს, ადამიანებს და სამყაროს, სწავლობენ პრობლემების გადაწყვეტასა და ურთიერთობებს, უვითარდებათ კრეატიული აზროვნება და ლიდერობის უნარი. ასევე აღსანიშნავია, რომ ეფექტურად წარმართული თამაშები ჯანსაღი პიროვნების ჩამოყალიბებას განაპირობებს.
წყარო : http://mastsavlebeli.ge

გაკვეთილი-შეჯიბრება როგორც თამაშით სწავლის აქტიური ფორმა

მასწავლებლის საქმიანობა რთული და საპასუხისმგებლოა. მას ყოველდღიურად უწევს სწავლებისთვის საჭირო მეთოდებისა და სტრატეგიების შერჩევა, რომლებიც მოსწავლის არა მარტო ცოდნაზე, არამედ მოტივაციასა და უნარ-ჩვევების გამომუშავებაზეც იქნება ორიენტირებული.
ამჟამად პოპულარულია სამი სახის სასწავლო აქტივობა: მოდელირება ანუ თამაშით სწავლა, კომუნიკაციური დიალოგი ანუ დისკუსიის წარმოება და წყაროების შესწავლა ანუ კვლევითი საქმიანობა.
მოდელირება ანუ თამაშით სწავლა – ეს არის თამაში-შეჯიბრება, თამაში-რეკონსტრუქცია, თამაში-განხილვა;
კომუნიკაციური დიალოგი ანუ დისკუსია გულისხმობს სტრუქტურულ დისკუსიას, სემინარ-დისპუტს და პრობლემაზე ორიენტირებული დისკუსიის წარმოებას;
წყაროების შესწავლა ანუ კვლევითი საქმიანობა პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობას და პრობლემის კვლევის გაკვეთილს მოიცავს.
გაკვეთილი-თამაში პირობითად შეგვიძლია გავყოთ თამაშ-რეკონსტრუქციად (რომელიც წარმოსახვაზეა დაფუძნებული) და როლურ თამაშად, რომლის დროსაც ხდება სხვადასხვა ფორმის განხილვის იმიტაცია, ანალიზი და თამაში-შეჯიბრება მკაცრად განსაზღვრული წესებით. 
საზოგადოდ, სასწავლო თამაშად შეგვიძლია განვიხილოთ ნებისმიერი შეჯიბრება მოთამაშეებს შორის, რომელთა მოქმედების არე იზღუდება წინასწარ დადგენილი პირობებით (წესებით) და მიმართულია დასახული მიზნისკენ. ასეთი აქტივობების დროს მოსწავლე იღებს ახალ ცოდნას და ინდივიდუალურად, მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებთან ურთიერთობისა და სწავლის პროცესში აყალიბებს საკუთარ პოზიციას.
განვიხილოთ თამაშ-შეჯიბრების რამდენიმე მაგალითი, რომელიც ძალზედ პრაქტიკულია გაკვეთილზე. 
I. თამაში-შეჯიბრება „ვინ უფრო მეტი?”
მიზანი 1: საგნის ათვისების შესახებ არსებული ცოდნის გააქტიურება
ინსტრუქცია: დაასახელეთ ერთი ობიექტის/ცნების (ფანქარი, მცენარე, საუკუნე, ცივილიზაცია, პირამიდა და ა.შ.) რაც შეიძლება მეტი ნიშანი/თვისება. დავალება შეიძლება შესრულდეს როგორც ზეპირად (თუ ყველა თავის საგანს აირჩევს), ასევე წერილობითაც (მაშინ ყველას მიეცემა ერთი და იგივე დავალება). მოიგებს ის, ვინც მეტ ნიშან-თვისებას მოიგონებს დასახელებული, არჩეული საგნის/ცნების შესახებ.
მიზანი 2: „შეჯიბრების გზით იპოვე საერთო და განსხვავებული”
მუშაობა რთულ ტექსტთან ან ვიზუალურ მასალასთან იწყება მასწავლებლის თხოვნით, იპოვონ რაც შეიძლება მეტი საერთო და განსხვავებული ტექსტში (ახალ სიტყვებს შორის), ასევე – სურათზე, კლასში, ოთახში არსებულ საგნებსა და მეზობელ ადამიანებს შორის და ა.შ. (უფრო რთული ვარიანტი ამ დავალებისა არის იმავე ობიექტების შესახებ უკვე ცნობილი ინფორმაციის შედარება ახალაღმოჩენილ ნიშან-თვისებებთან). 
მიზანი 3: „იპოვე მსგავსება/განსხვავება შედარების გზით”
მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია (ნარატივი ან ვიზუალური მასალა) ან მსგავსი პერსონაჟი მოიძიონ და ახსნან, რა აქვთ საერთო. ამის მსგავსია დავალება „იპოვე საწინააღმდეგო თვისებები”, ანუ ისეთები, რომლებიც არ აქვთ პერსონაჟებს ან არ გვხვდება მათ მიერ მოძიებულ მასალაში.
II. თამაში – „ვინ უფრო სწრაფად”
სავარჯიშო 1. მონაწილეები სხედან წრეზე. მასწავლებელს უჭირავს ბურთი. ინსტრუქცია ასეთია: „წარმოიდგინეთ, რომ ეს ბურთი ატამია. ახლა ესროლეთ ის ერთმანეთს, თან დაამატეთ, როგორ ატამს ისვრით. იყავით ყურადღებით, რომ ერთი და იგივე ნიშან-თვისებები არ გაიმეოროთ”. მასწავლებელი ასახელებს ნებისმიერ თვისებას, მაგალითად, „ტკბილი”. დავალების შესრულების პროცესში ის უფრო დინამიკურს ხდის სამუშაოს და სთავაზობს მოსწავლეებს: „მოდი, უფრო სწრაფად ვიმუშაოთ”.
ეს სავარჯიშო წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა საგნის სწავლების დროს, მაგალითად, საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლისას გამოვიყენებთ ასეთ ცნებებს: „კანონი” , „კონსტიტუცია”, „მოქალაქეობა”, „სოციალური ჯგუფი” და სხვ.
სავარჯიშო 2. მოსწავლეები სხედან წრეზე. ინსტრუქცია: მოსწავლეებმა ერთმანეთს უნდა ესროლონ ბურთი და სროლის დროს დაასახელონ რომელიმე ფერი, ხოლო წერითი დავალების დროს – ამ ფერის რაიმე საგანი. იყავით ყურადღებით – დასახელებული ფერი და საგანი არ უნდა გამეორდეს; მონაწილეობის საშუალება ყველას უნდა მიეცეს.
ეს დავალება განსაკუთრებული წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე.
სავარჯიშო 3. მონაწილეები სხედან წრეზე. მასწავლებელს უჭირავს ბურთი. ინსტრუქცია: მოსწავლეებმა ბურთი ერთმანეთს უნდა ესროლონ; ის, ვინც ისვრის ბურთს, წარმოთქვამს სიტყვებს: „ჰაერი”, „მიწა” ან „წყალი”, – ის კი, ვინც დაიჭერს, უპასუხებს – თუ ნათქვამი იყო, მაგალითად,  „ჰაერი”, ფრინველს ასახელებს, თუ „მიწა” – ცხოველს, ხოლო „წყლის” დასახელებისას – თევზს. თამაში სწრაფად უნდა წარიმართოს.
კიდევ ერთი ვარიანტია თამაშისთვის რომელიმე კონკრეტული თემის არჩევა, რაც მოსწავლეს საშუალებას მისცემს, ასოციაციური ხატის მეშვეობით მსგავსი ნიშან-თვისებების მქონე ობიექტები გაიხსენოს. ეს სავარჯიშო დასახელებული თემის შესახებ მისი ცოდნის დონის შემოწმების საშუალებასაც მოგვცემს.
მაგალითად, ზემოხსენებულ ცნებებზე – „ჰაერი”, „მიწა” და „წყალი” – დაყრდნობით მოსწავლეებს შეუძლიათ გაიხსენონ ნაცნობი ინფორმაცია მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიიდან – მოიყვანონ საჰაერო, სახმელეთო ტრანსპორტის ან ზღვაოსნობის ისტორიიდან შესაფერისი მაგალითები. მაგალითად, ასეთი: თვითმფრინავი, დელტაპლანი, რაკეტა, კოსმოდრომი, აეროპლანი, ვერტმფრენი, აეროპორტი, მფრინავი, პერშინგ-2; ეტლი, ურემი, მხედარი, პილოტი; ბოცმანი, გემი, კაპარჭი, ნავი, ღუზა და სხვ.
III. თამაში „არგუმენტის მოყვანა”
ამ სავარჯიშოს მიზანია ავხსნათ, რომ არგუმენტი არის საფუძველი, ბაზა, რომელზეც შენდება თეზისის დასაბუთება. არგუმენტი უპასუხებს კითხვას: რით მტკიცდება თეზისი? 
არგუმენტის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა სამი ეტაპი: 
·თეზისის წარდგენა/ახსნა;
·დამტკიცება;
·დასკვნის გამოტანა. 
ეს ლოგიკური ჯაჭვი შეგვიძლია ამგვარად წარმოვიდგინოთ: 
vძირითადი იდეა/ თეზისი;
v ამ იდეის გაშლა – ახსნა;
v იდეის დამტკიცება – დასაბუთება, მტკიცებულებები, ლოგიკური მსჯელობა. 
                       
                                           ————- ძირითადი იდეა
                                                ————- იდეის ახსნა
                                          ————– დასაბუთება ლოგიკური მსჯელობით
           
                                                          —————- დასაბუთება ფაქტებით
         
                                                                —————– არგუმენტის დასკვნა
I ეტაპი: მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს თამაშის შინაარსს, გაანაწილებს დროს თითოეული დავალებისთვის და შემდეგ დაყოფს აუდიტორიას 6 ჯგუფად, თითოეულს მისცემს ბარათს წარწერით „თეზისი” (ორ ჯგუფს ექნება ერთი და იგივე შინაარსის ბარათი).
გთავაზობთ თეზისის რამდენიმე მაგალითს: 
·კვირას აუცილებლად უნდა წავიდე ჩემს მეგობართან (შვილი უსაბუთებს მშობლებს).
·ხუთშაბათს გიორგი სკოლაში ვერ მოვა (მშობელი უსაბუთებს კლასის დამრიგებელს).
·ექსკურსია ქალაქგარეთ ერთი კვირით გადავდოთ (კლასის დამრიგებელი უსაბუთებს ბავშვებს).
ბარათის დარიგებიდან 1 წუთის განმავლობაში ბავშვები გაეცნობიან თეზისს.
II ეტაპი – მასწავლებელი აუხსნის აუდიტორიას, როგორ უნდა დაასაბუთონ მოცემული თეზისები. მაგალითად, თეზისი „დღეს საღამოს ბიბლიოთეკაში უნდა წავიდე” (შვილი უსაბუთებს მშობელს):
1. „ფიზიკაში ახალი თემის შესწავლას ვიწყებთ და დასკვნითი პრეზენტაციისთვის უნდა მოვემზადო”;
2. „ახლა ჩვენ ვსწავლობთ ძალიან მნიშვნელოვან თავს ფიზიკაში და სემესტრული ნიშნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხვალინდელი პრეზენტაციის მაღალი ქულა”;
3. „ამიტომ ამ საღამოს ჩემი ბიბლიოთეკაში წასვლა აუცილებელია”. 
III ეტაპი – თითოეული გუნდი მოიფიქრებს 3 წინადადებას, რომლებითაც ბარათზე დაწერილ თეზისებს დაასაბუთებს. ამის შემდეგ გუნდები დასაბუთებას წარადგენენ. 
მასწავლებელი თითოეული გუნდის გამოსვლის შემდეგ აკეთებს მოკლე კომენტარს. 
თამაში „არგუმენტის შემუშავება” ლოგიკური აზროვნების განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა და შედეგიანია ნებისმიერი დისციპლინის შესწავლისას. 
გაკვეთილი-შეჯიბრება შეიძლება ტრადიციული ფორმითაც წარიმართოს.
განვიხილოთ ტრადიციული გაკვეთილი-შეჯიბრება ისტორიის სწავლების მაგალითზე:
გაკვეთილის მიზანი: შეჯიბრების ფორმით შევამოწმოთ მოსწავლეთა ცოდნის დონე ძველი მსოფლიოს ისტორიაში (ძველი შუამდინარეთი, ფინიკია, ასურეთი, ძველი სპარსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, პალესტინა);
გაკვეთილის ორგანიზება: კლასის დაყოფა ჯგუფებად და ლიდერების არჩევა; ჟიურის დასახელება, დროის განაწილება და შეფასების სისტემის გაცნობა/დამტკიცება
I ნაწილი: გაკვეთილის შესავალში მასწავლებელი მოკლედ მიმოიხილავს საგაკვეთილო თემას და სვამს მოკლე შეკითხვებს, მაგალითად:
·ვინ იყო ცინ ში ხუანდი? 
·ასურეთის რომელ მეფეს ჰქონდა ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა? 
·რა გამოიგონეს ფინიკიელებმა? 
·რომელია უძველესი სატრანსპორტო საშუალება?
·რას იყენებდნენ უძველეს შუამდინარეთში საწერ მასალად? – და ა.შ.
უპასუხებს ის, ვინც პირველი აიწევს ხელს. თითოეულ სწორ პასუხს ჟიური მიანიჭებს ქულას. 
III ნაწილში მასწავლებელი ეხება ისტორიული გეოგრაფიის საკითხებს – თითოეული ჯგუფის ცალკეულ მონაწილეებს დაურიგდებათ ბარათები გეოგრაფიული პუნქტების დასახელებით (ხუანხე, ევფრატი, ნილოსი, ბაბილონი, პალესტინა და ა.შ.), რომელიც მათ რუკაზე უნდა იპოვონ, სიტყვიერადაც დაასახელონ მისი მდებარეობა და გაიხსენონ მასთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენები. პასუხებს აფასებს ჟიური.
IV ნაწილია „საშინაო დავალება”: ჯგუფები გაცვლიან შეკითხვებს, რომლებიც წინასწარ მოიფიქრეს შონ. ჟიური აფასებს როგორც მათ ხარისხს, ასევე პასუხების სისწორესაც.
V ნაწილი კაპიტნების კონკურსია: მასწავლებელი წაიკითხავს ნარატიულ მასალას, მერე კი გუნდის კაპიტნები უპასუხებენ კითხვებს (მაგალითად: რაზეა საუბარი ტექსტში? ვისზეა საუბარი ტექსტში? სად დაიწერა ეს მასალა და ა.შ.).
VI ნაწილს მასწავლებელი უთმობს თარიღებს/ქრონოლოგიას (მაგალითად: რა მოვლენები შეესაბამება შემდეგ თარიღებს – ძვ. წ. 1500 წელს? ძვ. წ. 525 წელს? – და ა.შ.).
VII ნაწილი შეიძლება დაეთმოს კონკურსს „ვინ უკეთ იცნობს ბიბლიას”. მასწავლებელს შეუძლია დასვას ასეთი შეკითხვები: 
·„რამდენ დღეში შექმნა ღმერთმა სამყარო?” 
·„რას ნიშნავს გამოთქმა „იერიქონის საყვირი”? 
·რას უკავშირდება იგი?” – და ა.შ. 
პასუხებს შეაფასებს ჟიური.
დასასრულ, მოხდება შედეგების შეჯამება, გამარჯვებულთა დაჯილდოება და გაკვეთილის შეფასება.
მოდელირების ანუ თამაშით სწავლის გაკვეთილები მხიარულია, სახალისო, ხელს უწყობს ლოგიკური აზროვნებისა და კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის განვითარებას, ფაქტობრივი ცოდნის ათვისებას, აზროვნების გაფართოებას, განვლილი მასალის განმეორება-შეჯამებას და წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ სასწავლო პროცესში.
წყარო :  http://mastsavlebeli.ge