Wednesday, October 4, 2023

ლიტერატურული პერსონაჟი სოციალურ ქსელში

 სოციალურ ქსელში, მასწავლებელთა ჯგუფებში, ხშირად სვამენ ასეთ კითხვებს: „სასწავლო წლის პირველ დღეს როგორ ხვდებით მოსწავლეებს?“, „დამწყები ვარ და რამეს ხომ არ მირჩევდით მოსწავლეებთან პირველი შეხვედრისთვის?“, „ახალ სადამრიგებლო კლასში შევდივარ და მოსწავლეების უკეთ გასაცნობად ვის რა გაგიკეთებიათ, ხომ არ გამიზიარებდით?“. ასეთ დროს მეც დიდი მოლოდინით ჩამოვშლი ხოლმე კომენტარებს და გულისყურით ვათვალიერებ. ნაწილი ძალიან ჰგავს ერთმანეთს და ცოტათი შაბლონურიცაა, თუმცა უმრავლესობა მართლაც ძალიან საინტერესო აქტივობას აღწერს. არადა, რომ წარმოვიდგენ, რამდენ დროს, ფიქრსა და ენერგიას მოითხოვს თითოეული აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება მასწავლებლისგან, მაშინვე ტაშის დაკვრის სურვილი მიჩნდება. ვისაც საკუთარ თავზე არ გამოუცდია, მათი თვალთახედვით, გაცილებით მარტივი და ჩვეულებრივი ჩანს ეს ყველაფერი, მაგრამ საკმარისია, თვალები დახუჭო, შეძვრე მასწავლებლის იმჟამინდელ ფიქრში, დაესწრო რესურსებზე რუდუნებით მუშაობის პროცესს, უცებ აღმოჩნდე საკლასო ოთახში, დაინახო ბავშვების ბედნიერი თვალები და მასწავლებლის კმაყოფილი სახე, რომ მიხვდები, რად ღირდა ეს ყველაფერი. და უცებ – „ეეე, რა კარგია, მოდი, აბა, მეც ვცდი!“

ჰოდა, ასეთი თვალიერების დროს შემომეფეთა ჩემი მეგობრის მიერ დამუშავებული ძალიან კარგი რესურსი სათაურით „პოსტი ინსტაგრამზე“ და ჩემს მესამეკლასელ მოსწავლეებზე დავფიქრდი – შეძლებდნენ თუ ვერა მასზე მუშაობას. ინფორმაციის დაცულობისა და მედიაწიგნიერების კუთხით არასასიამოვნო ფაქტის წინაშე აღმოვჩნდი, მაგრამ მოკვლევის შედეგად დავადგინე, რომ მათ უმრავლესობას აქვს facebook-პროფილი და მეტ-ნაკლებად აქტიური მომხმარებელიც არის. ალბათ ყველას მოგეხსენებათ, რაგვარია ამ ქსელის სპეციფიკა და რა სახის ინფორმაციას ითხოვს რეგისტრირებული პირისგან. მოსწავლეებსა და მშობლებთან წლის სამუშაო თემაც გამოჩნდა, თუმცა ჯერჯერობით მოსწავლეების ამ სახის გამოცდილების საკლასო სივრცეში გადმოტანა გადავწყვიტე. ვიფიქრე, რომ სასწავლო წლის პირველი გაკვეთილის სამუშაო აქტივობად ცუდი არ იქნებოდა მათთვის უკვე კარგად ნაცნობი თემებისა თუ საკითხების ფურცელზე გადატანა. გარდა ამისა, ეს მე როგორც დამრიგებელს საშუალებას მომცემდა, მოსწავლეებს უკეთ გავცნობოდი. მსგავსი აქტივობა ადრეც მინახავს და გადავწყვიტე, მაშინვე მომეძებნა pinterest.com-ის საშუალებით facebook-პროფილის სამუშაო ვერსიები. ბევრი ვეძებე, მაგრამ ქართულად ვერაფერი ვიპოვე. აღმოვაჩინე ინგლისურენოვანი ვერსია, რომელიც, ჩემდა საბედნიეროდ, იოლად დასამუშავებელი გამოდგა. ფორმა ვუცვალე, მოვარგე ჩემი მოსწავლეებისთვის საჭირო თემებს და ისე შევიტანე საკლასო ოთახში.

გთავაზობთ დამუშავებულ, ამოსაბეჭდ ვერსიას, რომელიც მოიცავს რამდენიმე საინტერესო საკითხს როგორც დამრიგებლებისთვის, ისე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის:

 

  1. პროფილის ფოტო – აქ მოსწავლეს შეუძლია, ნახატის სახით წარმოადგინოს ავტოპორტრეტი;
  2. გარეკანის ფოტო – აქ ბავშვს შეუძლია, ასახოს გარკვეული მოვლენა ან ფაქტი, რომელიც მის იმჟამინდელ ფიქრებთან ყველაზე ახლოსაა;
  3. სახელი და გვარი – შეიძლება როგორც ნამდვილი სახელისა და გვარის, ისე ფსევდონიმის ან იმ თიკუნის მითითება, რომლითაც მას მიმართავენ და თავადაც მოსწონს;
  4. სამუშაო, განათლება – მოგეხსენებათ, მოსწავლეები არ არიან დასაქმებულები, მაგრამ თუ ისინი სწავლას საკუთარ მოვალეობად აღიქვამენ, ვფიქრობ, გაცილებით მეტად ექნებათ სკოლასთან მიკუთვნებულობის განცდა;
  5. საცხოვრებელი ადგილი – თუ მოსწავლე დაწყებით კლასებშია, ეს პუნქტი მას საშუალებას მისცემს, საკუთარი სახლის მისამართი უკეთ დაისწავლოს;
  6. ოჯახის წევრები – ეს მასწავლებელს მისცემს საშუალებას, შეკრიბოს მონაცემები იმის შესახებ, რამდენსულიან ოჯახში და ვისთან ერთად ცხოვრობს ბავშვი;
  7. ეროვნება – ამის დეფინიცია და განმარტება დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ ეროვნება ხშირად ერევათ კუთხურ წარმომავლობაში. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ თქვან: ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და ა.შ., – ხშირად ამბობენ: გურული, კახელი, იმერელი და ა.შ.
  8. ხასიათი – აქ მოსწავლე ფიქრობს საკუთარ თავზე და უმეტესად ცდილობს, გამოკვეთოს ხასიათის ისეთი მხარეები, რომლებიც საკუთარ თავში მოსწონს;
  9. ჰობი/ინტერესი – ეს ჩემი საყვარელი პუნქტია, რადგან მეხმარება, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით დავგეგმო მთელი სასწავლო წელი;
  10. ჩემ შესახებ – ეს თავისუფალი ველია, რადგან აქ მოსწავლე წერს იმ თემებზე, რომლებზეც ორგანაიზერში აქცენტირება არ ხდება, მაგრამ სათქმელი დარჩა და სურს, გაგვიზიაროს;
  11. მეგობრები – ეს პუნქტი მოიცავს მეგობრების პორტრეტს და, სურვილისამებრ, დახასიათებას.
  12. გამორჩეული, რომელიც აერთიანებს ისეთ საკითხებს, რომლებიც მოსწავლის გემოვნების უკეთ გაცნობაში ეხმარება მასწავლებელს. გარდა ამისა, მას შეუძლია, ეს ველები საკუთარი ინტერესებისა და შეხედულებებისამებრ ცვალოს. მაგალითად:
  • მუსიკა ან ფილმი – რას უსმენს, რას უყურებს;
  • წიგნი – რას კითხულობს;
  • საჭმელი ან დესერტი – რას მიირთმევს სიამოვნებით. შეიძლება აქვე რეცეპტის წერაც კი ვასწავლოთ;
  • მოდა – რას ფიქრობს ჩაცმულობაზე, როგორი სტილი მოსწონს ან რომელ აქსესუარებს ხმარობს უმეტესად;
  • სიტყვა/ფრაზა/წინადადება – რომელ სიტყვას, ფრაზას ან წინადადებას იყენებს ყველაზე ხშირად და რატომ;
  • აქტივობა – რა არის მისი ყოველდღიური აქტივობა, თამაში ან გართობა, რომელიც დიდ სიამოვნებას ანიჭებს;
  • აბრაზებს – რა არ მოსწონს და აბრაზებს ყველაზე მეტად;
  • ახარებს – რა მოსწონს, რა იწვევს მის ბედნიერ ღიმილს და ა. შ.
  1. პოსტი – ამ ველში მოსწავლემ უნდა აღწეროს იმჟამინდელი მოვლენა, განწყობა, ფიქრი ან შეხედულება. აქ შეუძლია გამოიყენოს ნახატი, მოვლენის სიტყვიერი აღწერა, ემოციური ფონი და ა.შ.

დასასრულ, ძალიან მნიშვნელოვანია (სურვილის შემთხვევაში) ნამუშევრების პრეზენტაცია. ეს თავად მოსწავლეებსაც დაეხმარება, უკეთ გაიგონ კლასელების სურვილები, განწყობები და ფიქრები, მით უმეტეს, ერთმანეთი სამი თვეა არ უნახავთ და წესით, მცირე გაუცხოება ექნებათ. ამგვარი საუბრები მათ ერთმანეთს თავიდან აღმოაჩენინებს, საერთო ინტერესებს აპოვნინებს და საკლასო ატმოსფერო მათთვის გაცილებით ფერადი და ახლობელი გახდება.

აქვე უნდა ითქვას, რომ რესურსის მიზანი მხოლოდ ერთმანეთის გაცნობა და დაახლოება არ არის. პედაგოგებმა ის შეიძლება გამოიყენონ ნებისმიერი ლიტერატურული ტექსტისა თუ წიგნის დამუშავების დასკვნით ეტაპზე, პერსონაჟის ღრმად შესწავლის მიზნით. განმეორებით გამოყენებისას მასწავლებელს დიდ დახმარებას გაუწევს ის ფაქტი, რომ მოსწავლეებს გრაფიკული ორგანაიზერის შევსების გამოცდილება უკვე აქვთ. არ არის გამორიცხული, ფორმალური და მიზნობრივი დამუშავებით რესურსი კომპლექსური დავალების პროდუქტადაც ვაქციოთ. ყველაფერი მასწავლებელზე, მის ხედვასა და მოსწავლეთა საჭიროებებზეა დამოკიდებული.

 https://mastsavlebeli.ge/

პირველი „საბა“

 ყველაფერი დაიწყო ზარით:

  • გამარჯობა, „დღის კოდიდან“ გირეკავთ. სიუჟეტებს ვაკეთებთ თანამედროვე ქართველ მწერლებზე და გვინდა, ერთ-ერთი თქვენ იყოთ.

„დღის კოდის“ რედაქტორი მაშინ უკვე მყავდა ფეისბუქზე, როგორც ჩემი მკითხველი. ვიცოდი, რომ „აკუმი“ მოსწონდა. ამიტომ ეჭვი არ გამჩენია – ვიფიქრე, პროდიუსერს ელაპარაკა და ისიც დასთანხმდა-მეთქი. მეც, ჟურნალისტს, რომელიც ნატად გამეცნო, თანხმობა ვუთხარი.

მერე კიდევ რამდენიმე ზარი იყო: ჯერ მითხრეს, „პროსპეროში“ მოდი საღამოსო. ცოტა ხანში მთხოვეს, იქნებ დილით ადრე მოხვიდე, ყავის აპარატი ხმაურობს და ჩვენი გულისთვის კაფეს ვერ დაკეტავენო.

მე ერთი კი ვთქვი, რა ოინია, უცებ რატი ამაღლობელი დაგვადგეს შუა გადაღებისას და ჯიბიდან „საბა“ ამოიღოს-მეთქი, მაგრამ ეს ხუმრობა იყო და მეც და დედაჩემმაც მხოლოდ გავიცინეთ.

გათენდა დილა. ჩავიცვი და წავედი. ათზე უკვე „პროსპეროს“ ეზოში უნდა ვყოფილიყავი.

მეტროდან რომ ამოვედი და „მაკდონალდსს“ გამოვცდი, ისევ ნატას ზარი იყო, შემოსვლის კადრი უნდა გადავიღოთ და „პროსპეროს“ როცა მოუახლოვდები, დაგვირეკეო.

ამ დროისთვის ჟურნალისტებთან ურთიერთობის გარკვეული გამოცდილება უკვე მქონდა. ვიცოდი, რომ როცა სიუჟეტს აკეთებენ, კადრებს ცალკე იღებენ. ამიტომ ეჭვი არც ამჯერად გამჩენია.

მივუახლოვდი „პროსპეროს“ ეზოს და დავურეკე. ნატა გამოვიდა. სკამზე ჩამოვსხედით.

კითხვები გამოვაგზავნე, მიიღეო.

არა, მაგრამ არა უშავს – ასე წინასწარ კითხვები ჩემთან ჯერ არცერთ ჟურნალისტს არ შეუთანხმებია და ყველაფერი მაინც მშვენივრად მიდის-მეთქი, – ვუთხარი.

მაინც გავიაროთო.

და გავიარეთ: წიგნთან პირველი შეხება, როგორ დავიწყე წერა, „აკუმი“… ყველაფერი არც მახსოვს, მაგრამ კაი ხანს კი ვისაუბრეთ.

მერე ნატა ადგა და, ახლა მე შევალ და გამოგძახებთ და შენც შემოდი ეზოშიო.

მეც მათ მითითებას დაველოდე, ეზოში შევედი და…

მერე რაც იყო, უკვე ნანახი გაქვთ.

დავამატებ მხოლოდ იმას, რომ მე ნატა ბოლო წუთამდე ჟურნალისტი მეგონა და მეგონა, რომ მართლა ვიღებდით სიუჟეტს და რატიმ და „საბას“ ხალხმა დრო იხელთეს და თავზე დაგვადგნენ.

მერე ნატამ ქაღალდის პაკეტში ჩამიდო „საბა“, არავინ დაინახოსო – დაჯილდოებამდე არ უნდა გამემხილა, რომ მე გადმომეცა. კადრების მონტაჟს კი ერთი თვე მაინც დასჭირდებოდა.

წამოვედი.

ვდგავარ მეტროს ვაგონში და სულელივით ვიკრიჭები – რა იცის ამ ხალხმა, ქაღალდის პაკეტში, ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო რომ მიდევს.

მოვედი შინ.

დედა სახლში არ დამხვდა. ჩემი ძმა და მამაჩემი თავიანთი ოთახებიდან მუშაობდნენ. მამაჩემი ვიღაცას ელაპარაკებოდა ტელეფონით. მოკლედ, ვერცერთს ვერ შევუღებდი კარს.

უცებ ვიგრძენი, რომ აუტანლად მტკივა ქუსლის უკანა მხარე, ისე მტკივა, ლამის ვიტირო.

რა მექნა, „საბა“ ფეხსაცმელების კარადაზე შემოვდე, ჩემს ოთახში საწოლზე ჩამოვჯექი და ფეხზე გავიხადე.

იქ რაც დამხვდა, უკვე საშინელებათა ჟანრის ამბავი იყო: მთელი ტერფი გამსისხლიანებოდა.

გული გამისკდა. ახლაღა გამახსენდა, რომ დილით უკვე მწიწკნიდა გაღიზიანებული კანი, მაგრამ სიჩქარეში ყურადღება არ მივაქციე. სახლამდე კი, ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდი, და თითქმის ვირბინე. სხვა განცდებში ვიყავი, ტკივილი არ მახსოვდა. ახლაღა დამატყდა თავს ერთბაშად.

გინება-ფურთხებით მოვიწმინდე სისხლი, ვაი-ვაგლახით ვიპოვე ანტისეპტიკური მალამო. ჭრილობა დავიმუშავე და გამწარებულმა დედაჩემს დავურეკე, სადა ხარ-მეთქი.

კარტოფილს ვყიდულობო.

რა დროს ეგაა-მეთქი, დაყარე ეგ ყველაფერი და ახლავე მოდი სახლში!

ის მიხვდა, რომ რაღაც კარგი მოხდა და, მოვდივარ, მოვდივარო.

ამასობაში, ჩემი ძმა გამოვიდა. პირველს მას ვახარე ახალი ამბავი და მერე იმწამსვე მამაჩემთან შევიჭერი სამუშაო კაბინეტში. მამაჩემმა, თავის მხრივ, კიდევ დაურეკა დედას, ამდენხანს სად ხარო.

როცა დედა მოვიდა, გადაწყდა, რომ „საბას“ მიღების ამბავი მთელ ჩემს სანათესავოს უნდა გაეგო – აბა, მართლა ხომ არ დავმალავდით?..

წყარო https://mastsavlebeli.ge/

მშობლობა ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობაა

 ფრაგმენტები წიგნიდან „ბავშვები – ჩვენი საიდუმლო მე-ს სარკე“

 „ეს წიგნი განკუთვნილია არა მხოლოდ მშობლებისთვის, არმედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს საკუთარ თავში გარკვევა და ცხოვრების შესახებ განსხვავებული შეხედულებების გაცნობა. ყველა ასეთ ადამიანს ეს ნაშრომი აუცილებლად დაეხმარება“, – ასე იწყება ამერიკაში მოღვაწე ინდური წარმოშობის კლინიკური ფსიქოლოგისა და აღმოსავლური ფილოსოფიის სპეციალისტის შეფალი ცაბარის წიგნი, რომელიც „გაცნობიერებულ მშობლობას“ ეხება და პირობითად ასეთი სათაური აქვს: „ბავშვები – ჩვენი საიდუმლო მე-ს სარკე“.

ავტორი აფრთხილებს მკითხველს: „ნუ იჩქარებთ და ნუ უსაყვედურებთ მშობლებს, რომ ცხოვრება აგირიეს. ნურავის განიკითხავთ, თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ვერასდროს გაიგებთ, როგორ მოიქცეოდით თავად მათ ადგილას. მთავარია, წარსულის ნეგატიური გავლენისგან გათავისუფლდეთ და თავისუფლად გააგრძელოთ ცხოვრება“.

ბავშვებთან ურთიერთობისას ხშირად წარმოიშობა ისეთი სიტუაციები, როდესაც მშობლებს ძალიან უჭირთ თავის შეკავება და პირდაპირი მნიშვნელობით ჭკუიდან გადადიან. ისე გამოდის, რომ ჩვენი შვილები გამუდმებით ბეწვის ხიდზე დადიან. საკმარისია მშობლების ერთი წინდაუხედავი, მოუქნელი რეაქცია და ბავშვი იფიქრებს, რომ ის გარიყეს, უგულებელყვეს, რის გამოც თავს უბედურად იგრძნობს. ზუსტად ასევე, ერთმა სწორად შერჩეულმა სიტყვამაც კი შეიძლება პატარას ბედნიერება აგრძნობინოს და ფრთები შეასხას. გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, უფროსები ირჩევენ, შეაქონ თუ დასაჯონ შვილები, უფლება მისცენ პატარებს, ლაღები და თავისუფლები გაიზარდონ თუ საკუთარ თავში ჩაკეტვისკენ უბიძგონ, პიროვნულ ზრდაში დაეხმარონ თუ ერთ ადგილას გაყინონ და განვითარებაში ხელი შეუშალონ.

წარმატება, სწორი, მართებული ქცევა, გარემომცველი სოციუმის აზრი – ეს ყველაფერი მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ შვილებისთვის პრაქტიკულად უმნიშვნელოა. ბავშვები ცნობისმოყვარეები არიან, ისინი არ შფოთავენ შესაძლო შედეგებზე, არ ითვალისწინებენ სავარაუდო რისკებს, ამიტომ მათთვის ცხოვრება უბრალოდ სიხარულის და ბედნიერების მომტანია. უფროსები ისე ექცევიან პატარებს, როგორც საკუთარ მინი-ასლებს. მათ ავიწყდებათ, რომ ბავშვებს განსხვავებული ემოციური სპექტრი და განცდები აქვთ, რომ მათი იმედები, ოცნებები, სურვილები, შეხედულებები სრულიადაც არ ემთხვევა ზრდასრული ადამიანების განცდებსა და შეხედულებებს. მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათ გვერდით არიან არა მინი-ასლები, არამედ ახალი პიროვნებები, რომლებიც უფროსების საკუთარებას არ წარმოადგენენ, ამიტომ არ უნდა ეცადონ შვილების ინდივიდუალობის ჩახშობას. მშობლებს მიაჩნიათ, რომ აღზრდის დროს შვილების საუკეთესო ინტერესებს ითვალისწინებენ, მაგრამ არასდროს ცდილობენ, შვილების თვალით შეხედონ ცხოვრებას, რაც საბოლოო ჯამში შესაძლოა შფოთვისა და გარკვეული ფსიქოლოგიური სირთულეების მაპროვოცირებელი გახდეს.

ნებისმიერ მშობელს აქვს საკუთარი ღირებულებათა სისტემა, შეხედულებები და წარმოდგენა ნორმალური, საზოგადოებრივად მიღებული ქცევების შესახებ. თუ, მაგალითად, მშობელი საკუთარ საქმიანობაში წარმატებულია, მას მიაჩნია, რომ მისი შვილიც მის კვალს უნდა გაჰყვეს. მაგრამ პირიქითაც ხდება: მშობლებს, რომლებსაც სკოლაში ცუდი ნიშნები ჰქონდათ, ეშინიათ, რომ ბავშვსაც ცუდი ნიშნები ექნება და აიძულებენ შვილებს, წიგნებს თავი დააკლან. შთამომავლებისთვის საუკეთესოს სურვილი ხშირად ავიწყებს უფროსებს, ჰკითხონ შვილებს, რა სურთ და შეეცადონ, აღიარონ მათი გადაწყვეტილების მართებულობა, რათა შემდგომი ზრდასრული ცხოვრება საკუთარ თავთან ჰარმონიაში გაატარონ.

ბავშვები უნდა ცხოვრობდნენ სამყაროში, სადაც პასუხი მეტია, ვიდრე შეკითხვა. ნებისმიერ მოზარდს საკუთარი მისია, გნებავთ, კარმა აქვს. ბავშვები და მოზარდები ინტუიციურად გრძნობენ, რა ტიპის საქმიანობაა მათთვის უკეთესი, მშობლებმა კი ხელი უნდა შეუწყონ შვილებს, რათა მათ წარმატებით შეძლონ თავიანთი მისიის რეალიზება.

საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებაა: მშობლების გარკვეულ ნაწილს უჭირს შვილებთან საერთო ენის გამონახვა. ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან უფროსები საკუთარ თავს არ უსმენენ და არ იცნობენ. ჰოდა, როდესაც მშობელი მუდმივად დისჰარმონიაშია საკუთარ პიროვნებასთან, შვილიც ვერ ახერხებს, საყრდენი მის შიგნით მოძებნოს. მოზარდი გაუცხოებული, დათრგუნული და გარიყულია. სამყაროსთან ჰარმონიულ კონტაქტში ყოფნა მთავარი გასაღებია გაცნობიერებული მშობლობისთვის.

მნიშვნელოვანია, უფროსებს ახსოვდეთ, რომ სხვა პიროვნებასთან (თუნდაც ის საკუთარი შვილი ან მშობელი იყოს) ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა მხოლოდ მაშინ მყარდება, როცა ადამიანი ენდობა და კარგად იცნობს საკუთარ პიროვნებას. რაც უფრო მეტად მიუგდებთ ყურს საკუთარი ეგოს ხმას, მით უფრო თავისუფალი და სიყვარულით სავსე ურთიერთობები იქნება თქვენს ოჯახში. გაცნობიერებული ურთიერთობებისკენ გზა ეგოცენტრიზმის დაძლევაზე გადის.

ბავშვები ალალი, კეთილგანწყობილი, გულღია ადამიანები არიან, რომელთა აღქმები გარკვეულ დრომდე თავისუფალია ყოველგვარი სტერეოტიპისგან, ამიტომ ისინი საუკეთესო პარტნიორები არიან, რადგან მათთან ურთიერთობა უფროსებისთვის არის შანსი, იყვნენ თვითმყოფადები. სამწუხაროდ, ზრდასრულები ზოგჯერ უგულებელყოფენ ესოდენ მნიშვნელოვან შანსს და პატარებთან კონტროლის პოზიციიდან ურთიერთობენ. შვილებზე პასუხისმგებლობის გრძნობის გამო მშობლები ძალაუნებურად დგებიან მაკონტროლებლის როლში. თუ უფროსები მოახერხებენ, თავი დააღწიონ აღზრდის შესახებ პრიმიტიულ, ტრადიციულ წარმოდგენებს, ისინი დაინახავენ უზარმაზარ პოტენციალს, რაც შვილებთან ურთიერთობას მათთვის სასიამოვნო სიურპრიზებით აავსებს.

„გაცნობიერებული მშობლობა“, რის შესახებაც შეფალი ცაბარი უყვება მკითხველს, სულაც არ გულისხმობს რაღაც ღვთიურ, ზეგარდმო ბოძებულ ნიჭს. ის პიროვნების განვითარების პროცესში ვითარდება. ცხოვრებისადმი გაცნობიერებული მიდგომა გულისხმობს საკუთარ ქცევებში გაუცნობიერებელი მომენტების შემჩნევას, რაც შემდგომ გაცნობიერებულ ქმედებებში გადავა.

აქვე მინდა, მშობლებს ავუხსნა, – განაგრძობს ფსიქოლოგი, – რომ როდესაც გაცნობიერებულ მშობლობაზე ვსაუბრობ და ამ გზაზე ბავშვები მიმაჩნია მშობლების მეგზურებად, არ ვგულისხმობ მათ დომინირებას უფროსებზე. ბავშვებს პატივისცემით და გულწრფელობით უნდა მოეპყრონ უფროსები, მოუსმინონ, მხარი დაუჭირონ. მაგრამ ისეთი რამ, როგორიც არის დისციპლინა, არ უნდა უგულებელყონ. უფროსები მხოლოდ ძიძები კი არ არიან, არამედ აღმზრდელები, წესების დამამკვიდრებლები.

მნიშვნელოვანია, ზრდასრულებმა ასწავლონ პატარებს ემოციების გამოხატვა, კულტურის ელემენტები და სხვა სოციალურად მისაღები ნორმები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „გაცნობიერებული მშობლობა“ აღზრდის ყველა ასპექტს მოიცავს, იმისთვის, რომ ბავშვი ისეთ სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბდეს, რომელთანაც მშობელი ჭკუის დამრიგებლის პოზიციიდან არ ისაუბრებს. სხვა შემთხვევაში ეს იქნება პარტნიორული, თანასწორობაზე დაფუძნებული ურთიერთობების უგულებელყოფა. როდესაც მშობლები მუდმივად მორალისტის პოზიციიდან არ ურთიერთობენ შვილებთან, ბავშვებს გაცილებით დიდი შანსი აქვთ, ემოციურად ჩამოყალიბებულ პიროვებებად გაიზარდონ.

როდესაც უფროსები მშობლობას აღიქვამენ როგორც სულიერი ზრდის შესაძლებლობას, მათთვის ხელმისაწვდომი ხდება ის აურაცხელი სიმდიდრე, რომელიც ბავშვებთან ურთიერთობებშია დავანებული. თუ უფროსები მიხვდებიან, რომ მათი ვაჟი ან გოგონა მათივე განვითარებისთვის საუკეთესო ადამიანები არიან, მაშინ მაქსიმალური სარგებელი უნდა მიიღონ ერთმანეთთან ურთიერთობისგან. მშობლების უმრავლესობას მიაჩნია, რომ მათი ძირითადი მოვალეობაა, შვილები კარგად აღზარდონ. სამწუხაროდ, ზოგიერთ მათგანს ისიც კი არ შეუძლია, განსაზღვროს, პირველ რიგში რა არის საჭირო ამ მიზნის მისაღწევად. ჩემი აზრით, პირველ რიგში, აუცილებელია, აღზრდის პროცესი პროდუქტიული გახდეს. ანუ მშობლები მუდმივად უნდა აკვირდებოდნენ, როგორ ეწყობა შვილებთან ურთიერთობა. საკუთარი და მათი ქცევის ანალიზისას უფროსები მუდმივად განვითარებაზე უნდა იყვნენ ორიენტირებულები, რათა შვილებმა იცოდნენ, რომ მათ გვერდით საინტერესო, გულღია ადამიანები არიან. პატარებს ყველაზე მეტად გულწრფელობა სჭირდებათ. მშობლების შეხედულებები, შეფასებები და კონტროლი მეორეხარისხოვანია ბავშვების აღზრდის პროცესში. უმთავრესია ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, რომლის გარეშეც გულწრფელობა უბრალოდ შეუძლებელია.

წყარო https://mastsavlebeli.ge/




კულტურათა ურთიერთგაზიარება

 ევროპელი მოხალისეების ჩართულობით

ხშირად გვესმის ფრაზა, რომ საქართველო უნდა დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს. მე თუ მკითხავთ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გამორჩეულობა არის ნამდვილი, ევროპული მრავალფეროვნება. ჩვენ მხოლოდ ევროპულ საზოგადოებასთან თანაცხოვრების გამოცდილება, კულტურულ-მენტალური და ინსტიტუციური ინტეგრაცია (დემოკრატიის გაძლიერება) გვაკლია.

მოსწავლეები ხშირად ხდებიან ანტიდასავლური პროპაგანდის, დეზინფორმაციის, მითების მსხვერპლი. საფრთხეები განსაკუთრებით მაღალია ისეთ მოწყვლად რეგიონებსა თუ მუნიციპალიტეტებში, როგორიცაა, ქვემო ქართლი და მარნეული. საქართველოში გავრცელებული ნარატივების უმეტესობა მიმართულია ევროპული (დასავლური) ცხოვრების დამახინჯებულად წარმოჩენისკენ; ისეთი წარმოდგენის შექმნისკენ, თითქოსდა ევროპა გარყვნილების ბუდეა, და უცხოს ელემენტის შემოტანისკენ.

როგორ მივიტანოთ მოსწავლეებამდე ინფორმაცია ევროპული ცხოვრების სიკეთეების შესახებ? ამისათვის რამდენიმე გზა არსებობს. პირველი, ცხადია, თეორიულ სწავლებას უკავშირდება, თუმცა მისი ეფექტი ნანახისა და დაცდილის გარეშე ნაკლებია. ამიტომ პრაქტიკული მიდგომა უზომოდ მნიშვნელოვანია. ამ მხრივ, გამოვყოფდი ევროპაში მოგზაურობას, სწავლას და მოკლევადიან თუ გრძელვადიან პროგრამებში მონაწილეობას. თუმცა ეს ჯერ ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი არ არის. რჩება კიდევ ერთი გზა, რომელიც საქართველოში სხვადასხვა მისიით ჩამოსული ევროპელი ახალგაზრდების მოწვევასა და ერთობლივი აქტივობების დაგეგმვას უკავშირდება. ამ წერილში, სწორედ მეორე მიმართულებით გავაზიარებ გამოცდილებას.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო, ევროპის კომისია აფინანსებს ორ დიდ პროგრამას „ერაზმუს+“ და ევროპის სოლიდარობის კორპუსს.

ოფიციალური განმარტების მიხედვით, ევროპის სოლიდარობის კორპუსი არის ევროკავშირის ახალგაზრდული პროგრამა. პროგრამის ფარგლებში 18-30 წლის ახალგაზრდებს აქვთ საშუალება, მოხალისეობრივად იმუშაონ მიმღებ ორგანიზაციებში. მოხალისეობრივი პროგრამები შეიძლება იყოს 2-კვირიანი (მოკლევადიანი) და შეიძლება გაგრძელდეს ერთ წლამდე (გრძელვადიანი). მოხალისეები უზრუნველყოფილნი არიან ჯიბის ფულით, კვებითა და ღამის გასათევით. ასევე უნაზღაურდებათ ფრენასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოში ბევრი ორგანიზაცია მასპინძლობს ევროპელ მოხალისეებს. მათი უმეტესობა არაფორმალური განათლების მიმართულებით მუშაობს.

2022-2023 სასწავლო წლის მეორე სემესტრში, ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისეების მიმღებ ქართულ ორგანიზაციებთან „ახალგაზრდა ქართველები ევროპისთვის“ და „ალტერნატიული განათლების აკადემია“ თანამშრომლობით დავგეგმეთ ევროპელი და ქართველი მოხალისეების ვიზიტები მარნეულის N2 საჯარო სკოლაში.

ვიზიტები მიზნად ისახავდა:

  • მოხალისეობის კულტურის ზრდას;
  • კულტურების ურთიერთგაზიარებას;
  • სტერეოტიპების დამსხვრევას;
  • ენობრივ-ლინგვისტური კომპეტენციების ზრდას;
  • გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ზრდას;
  • არაფორმალური განათლების ხელშეწყობას.

მაისი-ივნისის თვეში სკოლის ბაზაზე ვუმასპინძლეთ: პოლონელ, ფინელ და ესტონელ მოხალისეებს. სამივე ჯგუფმა თითქმის მთელი დღე სკოლაში გაატარა.

პოლონელი მოხალისეების ჯგუფი ყველაზე წარმომადგენლობითი იყო. სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს გააცნეს ქართული, აზერბაიჯანული და სომხური კულტურა, ათი ყველაზე გამოყენებადი სიტყვა/ფრაზა და ტრადიციული ცეკვის ილეთები. შემდეგ უკვე პოლონელებმა ისაუბრეს მათ ისტორიაზე, რეგიონებზე, მოხალისეობის კულტურაზე და ა.შ.

ფინელი მოხალისეების პროგრამა დატვირთული იყო გარემოსდაცვითი აქტივობებით. მოწვეულმა სტუმრებმა მოსწავლეებს გაუზიარეს, თუ რა ადგილი უკავია ფინური განათლების მოდელში გარემოსდაცვითი განათლების კომპონენტს. შემდეგ მოსწავლეებს ასწავლეს წყლის გაფილტვრა ველურ პირობებში, ეკომეგობრული ენერგიის წარმოება ბიონარჩენების გამოყენებით და ა.შ. სკოლის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა იმის გაგება, თუ როგორ ახერხებს ფინეთი მდგრადი განვითარების მიზნების ყველა დონეზე მიღწევას.

მესამე ვიზიტი სკოლის დასრულების შემდეგ დაიგეგმა. ამჯერად, ესტონელი და ქართველი მოხალისეები გვსტუმრობდნენ. მოხალისეების მიერ მომზადებული აქტივობები ორიენტირებული იყო სტერეოტიპების აღმოჩენასა და მათ დამსხვრევაზე. მონაწილეთა ერთგვარი გაკვირვება გამოიწვია იმის აღმოჩენამ, რომ ორივე ქვეყანაში თითქმის იდენტური მითებია გავრცელებული.

სამივე ღონისძიება ემოციური გამოდგა. საკუთარი თვალით ვუყურებდი მულტიკულტურული გარემოს შექმნის პროცესს. ძირითადი სამუშაო ენა იყო ინგლისური, თუმცა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ღონისძიებებმა ენობრივი კომპეტენციებიც გაზარდა. შეხვედრების ბოლოს ვიტოვებდით დროს არაფორმალური საუბრებისთვის. სტუმრები აგემოვნებდნენ ტრადიციულ ტკბილეულსა და ჩაის.

რატომ დაალაგეს საკლასო ოთახი?

ნებისმიერ აქტივობას აქვს პირდაპირი და სწრაფადმოქმედი ეფექტი. მოხალისეების პირველი (პოლონელების) ჯგუფის მასპინძლობის დროს გაგვიწვიმდა და აქტივობების ნაწილის საკლასო ოთახში ჩატარება მოგვიწია. მალე ისევ გამოიდარა და ისევ ეზოში გავედით. ყველა აქტივობის დასრულების შემდეგ, მოხალისეებმა გამგზავრებამდე 10 წუთით დარჩენა ითხოვეს. ამ დროის განმავლობაში მთლიანად დაასუფთავეს ოთახი, მოაწესრიგეს სკამები და მერხები და გადაყარეს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მიერ დატოვებული ნარჩენებიც კი. ვიქნები გულწრფელი და ვაღიარებ, რომ ჩემს მოსწავლეებთან ამის მიღწევა ძალიან მიჭირს. მათი საქციელი აღმოჩნდა გარდამტეხი, რადგან სულ იხსენებენ ამ ფაქტს და მიანიშნებენ ერთმანეთს თუ როგორ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა გარემოს მოწესრიგებაზე.

მოსწავლეებთან გულწრფელი საუბარი და რეფლექსია, მათი დამოკიდებულების, კმაყოფილება-უკმაყოფილების გაგების კარგი გზაა. აქტივობების შემდეგ, მოხალისეებს პატარა კითხვარი შევთავაზე, რომელიც მოიცავდა როგორც დახურულ, ასევე ღია კითხვებს.

  1. რით იყო გამორჩეული ევროპელ მოხალისეებთან ჩატარებული აქტივობები?
  2. რომელი სტერეოტიპების დამსხვრევაში დაგეხმარათ პოლონელებთან, ფინელებთან და ესტონელებთან ჩატარებული შეხვედრები?
  3. რატომ არის მნიშვნელოვანი ევროპელ ახალგაზრდებთან ერთად ერთობლივი შეხვედრების ჩატარება?

წარმოგიდგენთ კვლევის დროს გამოკვეთილ ძირითად მიგნებებს:

  • შეხვედრებმა გააძლიერა ჩვენი ემპათია და მიმღებლობა;
  • გვასწავლა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებთან ურთიერთობა, რასაც წიგნებიდან ვერ ვისწავლით;
  • გავეცანით ერთმანეთის კულტურას;
  • აქტივობები მოგვცა მრავალფეროვნების შეგრძნების საშუალება;
  • მოხალისეები ძალიან უშუალონი და ადამიანურნი იყვნენ.

აქვე გიზიარებთ ორ ვრცელ კომენტარს:

„ჩვენთან საქართველოში არსებობს სტერეოტიპი, რომ აუცილებლად უნდა მიჰყვე სისტემას – ჯერ დაამთავრო სკოლა, შემდეგ უნივერსიტეტი, შემდეგ დაიწყო მუშაობა და მხოლოდ მერე შეგიძლია იმოგზაურო და აკეთო ის, რაც მოგწონს. ეს არ აღმოჩნდა სიმართლე, ჩვენს ევროპელ მეგობრებს შორის იყვნენ თითქმის ჩემი თანატოლებიც, რაც ძალიან გამიხარდა. ჩემი სტერეოტიპი ერთ დღეში დაიმსხვრა“.

„იმის გამო, რომ ჩამოსულ ახალგაზრდებს შორის არ იყო დიდი ასაკობრივი სხვაობა, გვქონდა შესაძლებლობა, მოგვესმინა მეგობრებისგან საკუთარი გამოცდილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მომეწონა, როცა გაგვიზიარეს, თუ როგორ შეგვიძლია დავიწყოთ მოგზაურობა და თან ვაკეთოთ სასარგებლო საქმე“.

კითხვარის შედეგებმა, ზოგადმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ერთობლივ აქტივობებს აქვს მყისიერი შედეგი. უცხოობის შიშის დასაძლევად, სტერეოტიპების დასამსხვრევად და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენის მიზნით მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებ სკოლაში საინტერესო სტუმრების მოწვევას.

ვრცლად ევროპის მოხალისეობის კორპუსის შესახებ იხილეთ აქ: https://youth.europa.eu/solidarity_en

წყარო https://mastsavlebeli.ge/