Tuesday, September 28, 2021

საიდან და როგორ ჩნდებიან თავში აზრები?

 

ხშირად გითქვამთ: თავში აზრი მომივიდა; იდეა გამიჩნდა; აზრმა გამიელვა… გიფიქრიათ, საიდან მოგვდის თავში აზრები და სად არიან მანამდე, ვიდრე ისინი ჩვენს თავში გაჩნდებიან?

ბევრი აზრი, რომელიც „იბადება“, ფიქრის შედეგია, მაგრამ ისეთი იდეები/აზრებიც ხომ არსებობს, რომლებზეც არასდროს გვიფიქრია და უეცრად გაგვიელვებს გონებაში. ზოგ შემთხვევაში, აზრი ისე აგეკვიატება, თავიდან ვერ იშორებ. ესეც რა საინტერესო მეტაფორაა… რას ნიშნავს, რომ აზრს თავიდან ვერ იშორებ?“, ანუ ის შენზე ძლიერია? ძალადობს შენზე…? რა ხდება ამ დროს? როგორ ახერხებენ არამატერიალური აზრები ჩვენს დაპყრობას? რა ძალა აქვთ ასეთი?

ვიგოდტსკის მეტაფორას გაგახსენებთ აზრებსა და სიტყვებზე: აზრი ჰგავს ღრუბელს, ხოლო წვიმა – სიტყვებსო. დაახლოებით ასე:

ამ მეტაფორის მიხედვით, აზრი სანამ სიტყვებად იქცევა, სადღაც ღრუბლის ფორმით არსებობს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ განსხვავებული აზრები განსხვავებულ ღრუბლებს ქმნიან და ეს ღრუბლები სადღაც დაცურავენ… მერე ჩვენ რაღაც ძალით ვიზიდავთ ამ ღრუბლებს (ერთს ან რამდენიმეს) და სიტყვების საშუალებით ვიწყებთ ჩამოტვირთვას/გამოთქმას.

ეს მეტაფორული პროცესი გასაგებია, მაგრამ ახლა შეიძლება გაჩნდეს ასეთი კითხვა: როგორ ჩნდებიან აზრის ღრუბლები? იქნებ ისე, როგორც ნამდვილი ღრუბლები? ნამდვილი ღრუბელი როგორ ჩნდება? წყალი ორთქლდება და ზემოთ ადის, გზაში კი ცივდება და ყინულის კრისტალებად გადაიქცევა. კრისტალების ერთობლიობა ქმნის ღრუბელს. ორთქლი ჰაერთან უფრო ფუმფულა ღრუბელს ქმნის… სხვადასხვა სიმაღლეზე სხვადასხვა ტიპის ღრუბელია.

გავაგრძელოთ მეტაფორული ახსნა: აზრის ღრუბლიდან მოდის წვიმა/სიტყვები, შემდეგ სიტყვები/წვიმა ისევ ორთქლდება და ზემოთ ადის, ისევ ღრუბლად იქცევა… აორთქლებული (გამოთქმული) სიტყვები წარმოქმნიან ნოოსფეროში აზრის ღრუბლებს, ადამიანის თავში გაჩენილი აზრები კი ისევ სიტყვად იქცევა და ასე უსასრულოდ.

მაგრამ იმისათვის, რომ გაწვიმდეს, გარკვეული მეტეოროლოგიური პირობებია საჭირო. აზრის ღრუბლები რომ მოვიზიდოთ და გამოვთქვათ, აქაც რაღაც სხვა მაგნეტიზმი მოქმედებს.

მოდი, განვიხილოთ თეორია, რომლის მიხედვითაც, სამყარო არის ენერგია და ინფორმაცია. ყველა სიტყვას აქვს თავისი ენერგია და სიხშირე. მსგავსი სიხშირის სიტყვები ერთი აზრის ღრუბლად ყალიბდება ნოოსფეროში. და როგორ აზრებს ვიზიდავთ ჩვენ? ჩვენ ვიზიდავთ „ჩვენი სიხშირის“ აზრებს! თუ ჩვენი სიხშირეები ცვალებადი და არეულია, აზრებსაც მსგავსად მივიზიდავთ. გამოდის, რომ ჩვენ გარკვეულ ანტენას ვემსგავსებით, რომელიც იჭერს სიხშირეებს.

ანუ ეს პროცესი არის სინქრონული. თუ არსებობს სინქრონიზაცია აზრებსა და სიტყვებს შორის, ნოოსფეროსა და მატერიას შორის, მაშინ არსებობს სინქორნიზაცია ჩვენს შინაგან სამყაროსა/შინაგან ნოოსფეროსა და მატერიალური სამყაროს მოვლენებს შორის. ეს მოვლენა შეამჩნია და შეისწავლა კარლ გუსტავ იუნგმა. ამის გამო მას ხშირად ჯადოქრად მოიხსენიებდნენ. ამბობდნენ, რომ ამ თეორიას უფრო მეტი აქვს საერთო ჯადოქრობასთან, ვიდრე მეცნიერებასთანო. მაგრამ თანამედროვე კვანტური ფიზიკის მიღწევებმა მეცნიერება თავისი განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანა. იუნგის სინქრონიზაცია ეს არის იმგვარი დამთხვევები მენტალურ და ფიზიკურ სამყაროს შორის, როცა არ არსებობს ლოგიკური, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. თავად იუნგი ამას ასე ხსნის (წიგნში „სინქრონულობა“):

„1949 წლის პირველ აპრილს, დილით ჩემს ბლოკნოტში გავაკეთე ჩანაწერი, რომელიც შეიცავდა ნახევრადადამიან-ნახევრადთევზის ხატ-სახეს. საუზმედ თევზი მომართვეს. საუბარში ვიღაცამ ახსენა ჩვეულება, ვიღაცისგან „სააპრილო თევზის“ გაკეთებისა. დღისით ჩემმა ერთ-ერთმა ყოფილმა პაციენტმა, რომელიც რამდენიმე თვეა არ მინახავს, რამდენიმე შთამბეჭდავი ნახატი მაჩვენა თევზების გამოსახულებით. საღამოს მაჩვენეს გობელენის ნაწილი ზღვის ურჩხულითა და თევზებით. მომდევნო დილით ყოფილ პაციენტს შევხვდი, რომელიც ჩემთან მიღებაზე ათი წლის წინ იყო. ამ ღამით მას თევზი დაესიზმრა. რამდენიმე თვის შემდეგ, როცა ეს შემთხვევა ჩემს ერთ-ერთი ნაშრომში შევიყვანე და სწორედ იმ დროს მოვრჩი მის აღწერას, სახლიდან ტბასთან გავედი, იმ ადგილას, სადაც უკვე რამდენჯერმე ვიყავი იმავე დილის განმავლობაში. ამჯერად ტალღისაზომზე (на волномере) ოცდაათი სანტიმეტრის ზომის თევზი აღმოვაჩინე. რადგან ახლომახლო არავინ იყო, ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა ეს თევზი იქ მომხვდარიყო“ (იუნგი – „სინქრონულობის შესახებ“).

თუ ჩვენი ცხოვრების მოვლენებს იუნგის თვალით დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი ყოველდღიურობაც სავსეა მსგავსი „ჯადოქრობებით“. ეს ნიშნავს, რომ თუ მე მოცული ვარ რაიმეს სიღმისეული განხილვით და მთლიანად შთანთქმული ვარ მასში ემოციურად და დიდი ენერგიით, მაშინ მე ვხდები იმდენად ძლიერი მაგნიტი, გნებავთ, ანტენა, რომ მე ვიზიდავ ამ თემაზე სამყაროში ყველას და ყველაფერს.

აზრების მიზიდვა სინქრონულობის პრინციპს ეფუძნება.

მწერლების შემოქმედებას თუ დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ მათი შინაგანი სამყარო, შინაგანი მდგომარეობა გარესამყაროსთან, ბუნებასთან სინქრონიზაციაშია. ერთხელ ტერენტი გრანელის კითხვისას ეს მოვლენა თვალში მომხვდა, რომელიც აღვწერე სტატიაში: „შინ“ და „გარეთ“ პოეტურ მეტყველებაში. [1]

ტერენტი გრანელის პოეზია გახდა გასაღები ერთი ძალიან საინტერესო მოვლენისა, რომელიც ყოველგვარი ლირიკისათვის არის დამახასიათებელი. რას გულისხმობს პოეტი, როცა ის ბუნების მოვლენებს აღწერს? რომელი და როგორი განცდები მეტაფორიზდება ქარში, წვიმაში, თოვლში…? პოეტი პარალელურად/სინქრონულად აღწერს ლექსში „შინა“ (ანუ რა ხდება პოეტის სულში) და „გარე“ (რა ხდება ბუნებაში) მოვლენებს და ამით თითქოს პირველყოფილ სახელდებას ახორციელებს და სულს აერთებს ხორცთან (ანუ სიტყვასთან). საბოლოოდ ხომ სიტყვა სულის მოძრაობის გამომხატველია, მით უმეტეს, პოეტური სიტყვა.

„დღეთა სიმძიმე ჩემს სულს აჩნია
და ვხედავ ფოთლებს, ქარში დაფენილს“.

დღეებით დამძიმებული პოეტი ქარში დაფენილ ფოთლებთან იგივდება. ასეა უმრავლესად ტერენტის შემოქმედებაში, შინაგანი სულიერი განცდა ბუნებაში იხსნება და საინტერესო ის არის, რომ „შინა“ და „გარე“ მონაცვლეობით მიჰყვება სტრიქონებს.

„დამაგვიანდა, მორჩა, არ მოვალ,
ჩანს გულის ლანდი და რაღაც მეტი.
ჰა, შემოდგომის ყრუ საღამოა,
დაღამდა ნელა, წვიმს განუწყვეტლივ…“.

მსგავსი აზრების დაგროვება ნოოსფეროში ღრუბელს წარმოქმნის. მაგალითად, თუ ადამიანთა ჯგუფი ერთნაირად ფიქრობს, ერთნაირი ღირებულებები აქვს, მაშინ ისინი ქმნიან ერთობას ფიზიკურ სამყაროში, ხოლო ამ ენერგიის ჩაწერა ხდება კიდევ მეტაფიზიკურ სამყაროშიც. მსგავსი აზრის ღრუბლებს ეგრეგორებს უწოდებენ.

„აზრი, ისევე, როგორც სხვა იმპულსები, ელექტრო-ქიმიურ ურთიერთქმედებათა შედეგია. როდესაც იკვეთებიან აზრები მსგავსი იდეითა და ხარისხით, ისინი ქმნიან აზრთა ერთობლიობას (ეგრეგორს). მოკლედ რომ ვთქვათ, ეგრეგორი არის ენერგოინფორმაციული სუბსტანცია, რომელიც იქმნება საერთო იდეის ან მიმართულების მქონე ადამიანების გადაკვეთის დროს“[2].

რაც მთავარია, ეგრეგორი არის ადამიანის ფსიქო-ემოციური ენერგიის ბანკი, რომელიც თავისი კანონებით მოქმედებს.

და როდესაც ზოგჯერ, „თავს დაგვეცემა“ რაღაც აზრი და ვერ ვიშორებთ, ეს ნიშნავს, რომ ღრუბელი გადაგვეფარა, რომელსაც აქვს თავისი ძალა და მოქმედების სტრატეგია. ამ პრინციპით იმართებიან მასებიც. მაგრამ ეს განხილვის სხვა თემაა.

ამ სტატიაში კი მინდოდა მხოლოდ ერთი მეტაფორა ამეხსნა: საიდან და როგორ მოგვდის თავში აზრები?

ვიცი, რომ ეს საკმარისი არ არის და გაგრძელება იქნება!

 

[1] ცირა ბარბაქაძე, პოეზიის სემიოტიკა, თბ. 2009

[2] http://geoastro.ge/271–.html

ნიჭიერი მოსწავლეები და დიფერენეცირებული სწავლების მიდგომები

 

დიფერენცირებული სწავლება თანამედროვე სკოლის აქტუალური გამოწვევაა. ხშირად ის აღიქმება როგორც სწავლის უნარის პრობლემის მქონე მოსწავლეებთან მუშაობის საშუალება. მაგრამ საკლასო ოთახებში გვხვდებიან ნიჭიერი მოსწავლეებიც, რომლებსაც თუ მკვეთრად გამოხატული უნარები არ ეტყობათ, მეტწილად ვერც ამჩნევენ მასწავლებლები. შესაბამისად, არც მათი უნარების ხელშეწყობა ხდება და დროთა განმავლობაში მათაც ვეღარაფრით გამოვარჩევთ სხვებისაგან. უმეტესად ეს იმის გამოა, რომ მასწავლებლებს არ ჰყოფნით კომპეტენცია, სწორად შეაფასონ მოსწავლის შესაძლებლობები ან ვერ ხვდებიან, რა გააკეთონ, როცა ასეთი მოსწავლე აღმოჩნდება მათ წინაშე.

უპირველეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისთვის მეტად მნიშვნელოვანია მათთვის საინტერესო შესასწავლი საკითხის შინაარსი. ამ დროს გამოვლენილი კრეატიულობა (ჰიპოთეზები, იდეები…) გამოხატავს მათ მზაობას პრობლემის გადასაჭრელად.

განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების კრეატიულობის მაჩვენებელია:

  • იდეების რაოდენობა;
  • მოქნილობა და მრავალფეროვანი წინადადებები;
  • ორიგინალურობა;
  • საკითხების დეტალიზება.

მოცემული კრიტერიუმების გათვალისწინებით მასწავლებელს შეუძლია განსაზღვროს, რამდენად აქვს საქმე „განსაკუთრებულობასთან“, თუმცა ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მისგან დიდ ყურადღებასა და დაკვირვებას მოითხოვს.

მაინც რა ნიშნით უნდა მივხვდეთ, რომ განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე?

  1. უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია მოსწავლის განსაკუთრებით მაღალი აკადემიური მოსწრება.
  2. მომდევნო ეტაპია დიაგნოსტირება – მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების დადგენა.
  3. მესამე ეტაპზე ფსიქოლოგი ერთვება და გამოყოფს, მოსწავლის ნიჭიერება ზოგადია (როგორია მისი საერთო, გონებრივი, ინტელექტუალური უნარები, რომლებიც ვლინდება მრავალმხრივად, მათ შორის – სწავლაშიც) თუ სპეციალური (ნიჭიერება ვლინდება ცალკეულ დისციპლინებში, მაგალითად, ენის შესწავლაში, მათემატიკაში და ა.შ. ესაა ნიჭიერება აკადემიური, მხატვრული და შემოქმედებითი მიმართულებით).

„ზოგად“ და „სპეციალურ“ ნიჭიერებას აქვს ასაკობრივი ასპექტიც. ადრეული ასაკის ბავშვებთან მათ უწოდებენ ხან „საზოგადო“, ხან „უნივერსალურ“ შესაძლებლობებს. ასაკთან ერთად ის ხდება უფრო მეტად „უნივერსალური“, „ზოგადი“ შესაძლებლობები კი ძირითადად სპეციფიკური ხასიათისაა და კონკრეტული საგნობრივი მიმართულებით „გადამისამართდება“. ამიტომ სანამ „გზები გაიყოფოდეს“, ფსიქოლოგების რჩევით, ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლეს აღვიქვამდეთ როგორც „უნივერსალური“ შესაძლებლობების მქონე ინდივიდს.

ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენისა და მათთან მუშაობის თვალსაზრისით ძალიან საინტერესო შედეგს იძლევა პროფილური დიფერენციაცია. გარდა ამისა, არსებობს სხვადასხვა სახის ტრენინგები, რომლებიც მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების გამოვლენასა და განვითარებას უწყობს ხელს. არის ისეთი სავარჯიშოებიც, რომლებიც გაკვეთილზე აქტიურად შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა და ამით გაამრავალფეროვნოს სასწავლო პროცესი, ხელი შეუწყოს როგორც ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენას, ისე მთელი კლასის გააქტიურებასაც.

მთავარია, როგორც კი კითხვა გაგვიჩნდება, სწრაფად მოვახდინოთ დიაგნოსტირება. ამ მიზნით:

  1. ვთხოვოთ მოსწავლეს, შეავსოს ტესტი „სასკოლო მოტივაცია“, რომელიც მიმართულია ინდივიდის დომინანტი მოტივატორების წარმოჩენისკენ;
  2. კრეატიულობის დიაგნოსტიკისთვის ჩავრთოთ ტორენსის ტესტიც – „დაასრულე ნახატი“: http://en.wikipedia.org/wiki/Torrance_Tests_of_Creative_Thinking

განსაკუთრებულად შემოქმედებითი ბავშვების შემთხვევაში – https://psycabi.net/testy/577-test-kreativnosti-torrensa-diagnostika-tvorcheskogo-myshleniya)

  1. შევავსებინოთ რეივენის ინტელექტის ტესტი (არავერბალური მიმართულებით) ან ე.წ. რეივენის პროგრესული მატრიცები (https://www.123test.com/raven-s-progressive-matrices-test/).

 

მეორე საკითხია, როგორ მოვიქცეთ, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ მოსწავლე განსაკუთრებულად ნიჭიერია, როგორ შევუწყოთ ხელი.

არსებობს სავარჯიშოები, რომლებიდანაც, სასურველია, ერთი მაინც შევასრულებინოთ რეგულარულად ნიჭიერ მოსწავლეს, იდეალურ შემთხვევაში – ყოველდღიურად.

სავარჯიშო N1„და მაინც, მათ ბევრი აქვთ საერთო“: ავიღოთ ორი არსებითი სახელი, რომლებიც სხვადასხვა სფეროს უკავშირდება. გადავშალოთ ლექსიკონი და ნებისმიერი გვერდიდან ნებისმიერი სიტყვა ავირჩიოთ. მოსწავლემ ამ ორ სიტყვას შორის უნდა იპოვოს მსგავსება, მოიგონოს, შეთხზას რაიმე დაუჯერებელი ისტორია, სიუჟეტი, რომლითაც ისინი ერთმანეთს დაუკავშირდება.

მაგალითად: „რა საერთო შეიძლება ჰქონდეს „თვალს“ და „ონკანს?“

ნიჭიერი მოსწავლის სავარაუდო პასუხები:

  • ორივეში არის ასო-ბგერა „ა“.
  • თვალით შეგვიძლია დავინახოთ ონკანი, ხოლო ონკანით – მოვიბანოთ თვალი.
  • ორივედან მოდის წყალი.
  • ორივე შეიძლება დაზიანდეს.

ან: „თვალის მკურნალობა ძვირი ღირს, ხოლო ონკანის შემკეთებელს, გუშინ რომ გვესტუმრა, თვალი დაზიანებული ჰქონდა…“

სავარჯიშო N2 – „შეშლილი გენეტიკოსი“: საჭიროა ქაღალდი და ფანქარი. როგორ ხატავს მოსწავლე, არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია ინტერესი. მან უნდა დახატოს ფანტასტიკური ცხოველი, რომელიც რაღაც ნიშნებით რეალურ ცხოველებს ჰგავს. ასეთი სამუშაოს დროს აუცილებლად გამოჩნდება, რამდენად მდიდარია მოსწავლის ფანტაზია.

სავარჯიშო N3 – „შეშლილი არქიტექტორი“: ვთხოვოთ მოსწავლეს სახლის დახატვა. მანამდე ავარჩევინოთ ნებისმიერი 10 სიტყვა. დავალება: „თქვენ ხართ არქიტექტორი, რომელიც თანახმაა, დიდი თანხა გადაიხადოს სახლის ესკიზში, რომელშიც უნდა ჩანდეს… (და შემდეგ მოსდევს ის 10 სიტყვა). მაგალითად,

  • „სინათლე“ – ანუ სახლი უნდა იყოს „ნათელი“;
  • „სპილო“ – სახლი უნდა იყოს მონოლითური და ჰქონდეს მოწესრიგებული წყალსადენი სისტემა;
  • „აისბერგი“ – სახლი უნდა იყოს ზაფხულში გრილი და ზამთარში თბილი და ა.შ.

სავარჯიშო N4 – „ათს მივუმატოთ ათი“: მოსწავლემ შეარჩიოს ნებისმიერი 10 არსებითი სახელი/ცნება, დახაზოს ორსვეტიანი ცხრილი და ერთ სვეტში ჩამოწეროს ცნების შესაბამისი 10 ზედსართავი სახელი/განსაზღვრება. მაგალითად, „ქუდი: დიდი; პატარა; ლურჯი; მწვანე; თბილი; მოდური; ლამაზი… და ა.შ.“, მეორე სვეტში კი – ის განსაზღვრებები, რომელებიც მას არ შეესაბამება. თუმცა ბოლომდე საპირისპირო ცნებების მოძებნა ადვილი არ არის.

სავარჯიშო N5 – „და ამას ეწოდება…“: სავარჯიშო შეიძლება დღის განმავლობაში რამდენჯერმე გავამეორებინოთ. დავალება: „როგორც კი რაიმე თქვენს ყურადღებას მიიპყრობს, წარმოიდგინეთ, რომ მას უცქერით როგორც სურათს. შემდეგ მოიფიქრეთ სახელწოდება – დაასათაურეთ სურათი“. მაგალითად, „ნაცნობი“ (წარმოიდგინეთ, როგორ ზის თქვენი ნაცნობი თავის სამუშაო მაგიდასთან), „ხედი ჩემი საკლასო ოთახის ფანჯრიდან“ (როდესაც ცუდ გუნებაზე ხარ) და სხვ.

არსებობს ისეთი სავარჯიშოებიც, რომლებიც ხელს უწყობს როგორც ნიჭიერი (აქტიური/პასიური) მოსწავლეების გამოვლენას, ისე მთელი კლასის გააქტიურებასაც. მასწავლებლის მოვალეობაა, ორგანიზება გაუწიოს მათ საქმიანობას. მაგალითად, შესაძლებელია ამ ტიპის სავარჯიშოების გამოყენება:

  • „დაინახე და დაიმახსოვრე“: ა) მოსწავლეები შეხედავენ საგანს და აღწერენ, რაც დაამახსოვრდათ; ბ) შემდეგ კიდევ ერთხელ შეათვალიერებენ და იპოვიან იმ თავისებურებებს, რომლებიც გამორჩათ და არ დაამახსოვრდათ; გ) ბოლოს, ჯერ ერთიანობაში ახასიათებენ და აღწერენ საგანს, მერე კი მის დეტალებზე გაამახვილებენ ყურადღებას. პარალელურად პასუხობენ მასწავლებლის კითხვას: „რას გაგონებს საგანი ამ ეტაპზე?“
  • „აბა, მიპოვე“ (ეს სავარჯიშო გრძელდება რამდენიმე წუთი და ყოველ „შეჩერებაზე“ პასუხის დრო ნელ-ნელა მცირდება):

ა) პირველი ნახევარი წუთის განმავლობაში მოსწავლეებმა უნდა იპოვონ საკლასო ოთახში ის ნივთები, რომლებიც კონკრეტულ ასო-ბგერაზე, მაგალითად, „კ“-ზე იწყება (ვთქვათ, „კომპიუტერი“);

ბ) შემდეგ შებრუნდნენ კედლისკენ, „ჩართონ“ ვიზუალური მეხსიერება, აღქმითი პროცესები და დაახასიათონ აღნიშნული საგანი;

გ) შემდეგ ხელახლა შეხედონ მოცემულ საგანს, ისევ შებრუნდნენ კედლისკენ და შეეცადონ, შეავსონ ინფორმაცია იმ დეტალებით, რომლებიც გამორჩათ.

 

უნდა გვახსოვდეს, რომ ნიჭიერების განვითარებას თავისი ეტაპები აქვს. თუ ხელს შევუწყობთ მოსწავლეს, წინ წავა. სხვა შემთხვევაში ისიც გახდება დანარჩენებისგან არაფრით გამორჩეული, გარდა ერთისა – ყოველთვის რაღაცით უკმაყოფილო იქნება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ნიჭიერ მოსწავლეებთან მუშაობისას დიფერენცირებული მიდგომების სათანადო გამოყენება, რაც მთელი კლასის ეფექტიან მუშაობასაც შეუწყობს ხელს.

 წყარო ; http://mastsavlebeli.ge/