ციფრულმა ტექნოლოგიებმა შეცვალა და გარკვეულ წილად გააიოლა ადამიანთა შორის კომუნიკაცია. მოზარდების წრეში ძალზედ მნიშვნელოვანია, ბევრი მეგობარი ჰყავდეთ როგორც ონლაინ, ისე რეალურ სამყაროში. თუმცა, როგორც რეალურ, ისე ონლაინ სამყაროში არსებული ურთიერთობები, მხოლოდ პოზიტიურ კომუნიკაციას არ შეიცავს და ორივე ტიპის ურთიერთობებში ვხვდებით ბულინგის შემთხვევებს (ბულინგი ეს არის ხანგრძლივი ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა, ერთი ინდივიდის ან ჯგუფის მხრიდან, მეორე ინდივიდზე, რომელსაც არ შეუძლია თავის დაცვა კონკრეტულ სიტუაციაში). (Whitney I. & Smith P.K.: A survey of the nature and extent of bullying in junior/middle and secondary schools.- Educational Research, 35, 3-25, 1993).
აქ ჩვენ შევეხებით კიბერბულინგს (Cyberbullying) – შევიწროებას, ჩაგვრასა თუ დაშინებას ონლაინ სამყაროში. იგი შეიძლება მოიცავდეს როგორც უშუალო დაპირისპირებას, ისე პიროვნებისადმი ნეგატიური დამოკიდებულების გამოწვევის მიზნით – ჭორების გავრცელებას ან პირადი მიმოწერის/სხვა მასალების გამოქვეყნებას – დამცირებისა და სახელის გატეხვის მიზნით.
არსებობს მონაცემები, რომლის თანახმადაც მოზარდების 20 % გამხდარა კიბერბულინგის მსხვერპლი (ამ შემთხვევაში მოყვანილია აშშ-ს, კანადისა და ევროპული ქვეყნების მონაცემები, სადაც მოსახლეობაში ინტერნეტის გავრცელება/დაფარვა 90 %)-ს აღემატება (Duggan M. Online Harassment. – report for Pew Research Center, 2014). თანაც, საჭიროა აღვნიშნოთ, რომ კიბერბულინგის შედეგი მსხვერპლისთვის შესაძლოა ძალზედ მძიმე აღმოჩნდეს.
მიიჩნევენ, რომ ძალადობრივი ქცევის განხორციელება კავშირშია გარკვეულ პიროვნულ თვისებებთან. მაგ., ძალადობისადმი შემწყნარებლურ დამოკიდებულებასთან, იმპულსურობასთან, მოუთმენლობასთან, აგრეთვე, ანტისოციალური და რისკიანი ქცევის განხორციელების მიდრეკილებასთან. და საპირისპიროდ, პატიოსნება, ემოციური ღიაობა და სინდისიერება ხელს უშლის ძალადობრივი ქცევის გამოვლენას.
რაც შეეხება კიბერბულინგს, მის თავისებურებას დიდად განაპირობებს თავად ინტერნეტ – კომუნიკაციის სპეციფიკა. კერძოდ,დროში შეუზღუდაობა – ინტერნეტ-კომუნიკაციის შემთხვევაში ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი როგორც დიალოგის წამოწყება, ისე შეწყვეტა.
მულტიმედიურობა – ინტერნეტით მოსარგებლისთვის ხელმისაწვდომია შეტყობინებების მრავალფეროვანი სპექტრი. ეს შეიძლება იყოს ტექსტი, გრაფიკული გამოსახულებები, ვიდეო და აუდიო მასალები.
ანონიმურობა – ინტერნეტ კომუნიკაციის დროს შესაძლებელია რეალური პიროვნების დამალვა, ამიტომ შეიძლება ადამიანმა ნაკლები პასუხისმგებლობა იგრძნოს საკუთარ საქციელსა და სიტყვებზე.
გაშუალებული ხასიათი – ინტერნეტ კომუნიკაცია გამორიცხავს ორ მხარეს შორის პირისპირ კონტაქტს. ამიტომ ურთიერთობისას ვერ ხერხდება დაკვირვება არავერბალურ ნიშნებზე (ჟესტებზე, გამომეტყველებასა და მიმიკაზე), რაც ამცირებს დაპისრისპირებული მხარისადმი ემპათიის გრძნობას.
დღეს ადამიანებს ნაკლებად გვაქვს გამიჯნული ონლაინ და რეალურ სივრცეში არსებული სანაცნობო წრე. ჩვენ ხშირ შემთხვევაში ინტერნეტის მეშვეობით ვურთიერთობთ იმავე ადამიანებთან, ვისთანაც რეალურ სამყაროში. შესაბამისად, ბულინგიც შესაძლებელია გადავიდეს სკოლის ეზოდან სოციალურ ქსელში და პირიქით. მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში ბულინგი განიმარტება როგორც აგრესიის ხშირი გამოვლენა ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მხრიდან, მაგრამ ზემოთ დასახელებული თავისებურებებისა და მეტადრე კომუნიკაციის ანონიმურობისა და გაშუალებული ხასიათის გამო – მოძალადე შეიძლება ნაკლებ პასუხისმებლობას გრძნობდეს საკუთარ საქციელზე. ამავდროულად, ბევრი ონლაინ პლატფორმა სუპერვიზიის ნაკლებობას განიცდის, მიუხედავად სუპერვიზიის ფორმებისა, პირადი მესიჯები ანონიმურია და შესაბამისად მხოლოდ მგზავნელსა და მიმღებს აქვთ ამის შესახებ ინფორმაცია. თანაც, მოზარდები მეტად გაცნობიერებულნი არიან ონლაინ კომუნიკაციაში ვიდრე უფროსები და შეუძლიათ მათი იმგვარი მართვა, რომ უფროსებმა ეს ვერც კი აღმოაჩინონ.
აქედან გამომდინარე, მოძალადის ტიპი ონლაინ და ოფლაინ სამყაროში შესაძლოა განსხვავებული იყოს. როგორც მაღლა არის ნახსენები, გამომდინარე იქიდან, რომ მხარეები ვერ ხედავენ ერთმანეთს, ამიტომ მეტად არიან კონცენტრირებულნი საკუთარ თავზე და და ნაკლებად აღელვებთ მეორე ადამიანის გრძნობები და რეაქციები, რაც თავის თავად ზრდის რისკიანი და აგრესიული ქცევის განხორციელების ალბათობას. აგრეთვე, კიბერ სივრცეში მოძალადედ შეიძლება იქცეს ის ადამიანიც, რომელიც არ გამოირჩევა ფიზიკური ძალით და თავადაც ყოფილა ძალადობის მსხვერპლი. ამიტომ, ურთიერთობის გაშუალებული ფორმა შესაძლოა დამახინჯებული ფორმით თვითდამკვიდრების საშუალებად იქცეს. არ არის გამორიცხული, რომ ინდივიდი რეალურ გარემოში საკმაოდ რბილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდეს.
კიბერბულინგის შედეგები შესაძლოა მეტად მძიმე აღმოჩნდეს გარკვეული მიზეზების გამო: რთულია მოძალადის პიროვნების იდენტიფიკაცია, ამასთანავე ინტერნეტს აქვს მყარი მეხსიერება, სადაც დიდი ხნის განმავლობაში რჩება ინფორმაცია. მოზარდები, რომლებიც ხდებიან კიბერბულინგის მსხვერპლნი, ამის შესახებ არ ესაუბრებიან უფროსებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ არ თვლიან კომპეტენტურად აღნიშნულ საკითხში. კიბერ ბულინგისგან დამალვა შეუძლებელია (განსხვავებით ოფლაინ სივრცეში ბულინგისგან), ვინაიდან ეს შეიძლება მოხდეს არა მხოლოდ ეზოში ან სკოლაში, არამედ ნებისმიერ დროს მაგ., სმარტფონის საშუალებით.
კიბერბულინგის რამდენიმე ფორმა არსებობს – რომლებიც კომუნიკაციის მხარეების ჩართულობითა და თანმდევი შედეგების მიხედვით განსხვავდება.
ძალადობის ყველაზე უწყინარ ფორმად მიიჩნევა – ადამიანის განდევნა (მაგ., დახურული ჯგუფიდან), რის მიზანიც არის, ადამიანს აგრძნობინონ საკუთარი აუტსაიდერობა. ამგვარმა ქცევამ შესაძლოა გამოიწვიოს/გაამწვავოს კონფლიქტი. თანაც, გარიყულ ადამიანს ყოველთვის ჰგონია, რომ მისი განკითხვა ხდება მის ზურგს უკან. ამგვარი ქცევა შეიძლება ერთი ადამიანის (ჯგუფის ლიდერის) მიერ იყოს ინიცირებული და გაზიარებული ჯგუფის სხვა წევრების მიერაც.
მეტად საშიშ ფორმად მიიჩნევა – შევიწროვება, იგი ვლინდება ხანგრძლივ, მიზანმიმართულ შეურაცხმყოფელ ან მუქარისშემცველ შეტყობინებების გაგზავნაში. ამგვარი ქცევა სერიოზულ ზიანს აყენებს მოზარდის თვითშეფასებას, და აიძულებს, განიცადოს შიში.
შემდეგი ფორმაა – ,,გახსნა’’ ,,გამოაშკარავება’’, რომელიც მოიაზრებს ფართო სოციალურ ქსელში პირადი ინფორმაციის გავრცელებას, ავტორის თანხმობის გარეშე ან ადამიანის წერილების კითხვას. აგრეთვე, მისი თანხმობის გარეშე. ბულინგის მსგავს ფორმას შეიძლება მოჰყვეს განსხვავებული შედეგი, გამომდინარე მასშტაბებიდან.
კიბერბულინგის ერთ-ერთ ფორმად მიიჩნევა სხვისი აქაუნთის გამოყენება წერილების დასაგზავნად. ბევრი ამას ბავშვურ გართობად მიიჩნევს. თუმცა, ამან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანის რეპუტაციას.
2014 წელს Pew Research Center ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულ რესპონდენტთა 73 % კიბერბულინგის შემსწრე ყოფილა (თავად გამხდარა თავდასხმის მსხვერპლი/შესწრებია ამგვარ ქცევას). მოზარდების 18,8% დან – 40.6 % მდე თავად ყოფილა მსხვერპლი. ყველაზე ხშირ ფორმად რესპონდენტები ასახელებდნენ შეურაცხმყოფელი კომენტარის განთავსებას სოციალურ ქსელში ( მოზარდების 14% ხაზს უსვამს ამ ფაქტს) მოზარდთა – 3 % აღნიშნავს მათი მონაწილეობით შეურაცხმყოფელი ვიდეოს დაუკითხავად გამოქვეყნებას (Rivers I. & Noret N. The prevalence and correlates of cyberbullying in adolescents: results of five-year cohort study, American Psychological Association, 2007). მოზარდთა 7 % აღნიშნავს, რომ მიუღია მუქარის შემცველი ან შეურაცხმყოფელი შეტყობინებები. კვლევის თანახმად, მოზარდთა 11% დან 20 % მდე ყოფილა თავად ბულერი, ამასთანავე 11% მოზარდებისა აღნიშნავს, რომ ბოლო თვის განმავლობაში ორჯერ ან სამჯერ მიუმართავთ ამგვარი ქცევისთვის. 9 % აღნიშნავს, რომ დაუწერიათ შეურაცხმყოფელი კომენტარები და 5 % უშუალოდ დამუქრებია კონკრეტულ ინდივიდს.
რაც შეეხება გენდერულ განსხვავებებს, გოგონათა 22% და ვაჟების 19 % ერთხელ მაინც გამხდარა კიბერბულინგის მსხვერპლი. რაც შეეხება თავად ბულერებს, გოგონების 14 % და ვაჟების 18.5 % ყოფილა ჩართული ამ პროცესში. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ამგვარი გატაცების პიკი მოდის საბაზო საფეხურზე, და საშუალო საფეხურზე მისი რაოდენობა მცირდება.
აღმოჩნდა, რომ განსხვავებულია ძალადობის მსხვერპლთა ქცევა. რესპონდენტთა 60 % -მა აღნიშნა, რომ ახდენს ძალადობრივი ქცევის იგნორირებას, რესპონდენტთა 40 – % კი სხვადასხვაგვარ რეაგირებას ახდენს. გამოკვეთა რეაგირების იმგვარი ფორმები, როგორებიცაა: კონფრონტაციაში ჩართვა, მოძალადის დაბლოკვა, საიტის ან ონლაინ სერვერის ადმინისტრატორისთვის შეტყობინების გაგზავნა, ფაქტის აფიშირება – სხვა ადამიანებისგან მხარდაჭერის მიღების მიზნით, პროფილის გაუქმება, სახელის შეცვლა, თავის არიდება იმ ფორუმებზე შესვლისგან, სადაც მოხდა დაპირისპირება, სამართალდამცავებისთვის მიმართვა.
მართალია, კიბერ ბულინგი უშუალოდ ფიზიკურ ზიანს არ აყენებს ადამიანებს, მაგრამ იგი სერიოზულ ემოციურ და ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს, როგორც მსხვერპლ, ისე მოძალადე მოზარდებზე.
2010 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად (Cyberbullying Research Center report, 2010), ძალადობის შემდგომ მსხვერპლთა 44 % გრძნობდა ბრაზს, 26 % იყო დათრგუნვილი, ჰქონდა წყენისა და შიშის განცდა, რესპონდენტთა მხოლოდ 30 %-მა განაცხადა, რომ მათზე ემოციურად არ უმოქმედია განხორციელებულ ძალადობას.
ელისონ დემპსისა და მისი კოლეგების ჩატარული კვლევის თანახმად, ავტორები მოზარდთა ემოციური პრობლემების ერთ-ერთ მიზეზად კიბერბულინგს ასახელებენ. ავტორთა აზრით, იგი ხდება აგრეთვე დაბალი თვითშეფასების განმაპირობებელი. ამასთანავე, ეს ეხება როგორც მსხვერპლს, ისე მოძალადე მხარესაც (რომლებიც თვითდასამკვიდრებლად არასასურველ ქცევას მიმართავენ).
ვინაიდან ძალადობა უსიამოვნო ნალექს ტოვებს, არსებობს რეკომენდაციები უფროსთათვის, თუ როგორ დაიცვან ბავშვები ამ საფრთხისგან:
პირველ რიგში მნიშვნელოვანია თავად ბავშვებს ავუხსნათ, რომ საზოგადოებისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი პირადი ფოტოები, საკონტაქტო ინფორმაცია, ვიდეო. თუ მოზარდი სარგებლობს სოციალური ქსელით, სასურველია იცოდეს, რომ ჯობს დაიმეგობროს მხოლოდ ის ადამიანები, რომელთაც რეალურად იცნობს. სოციალურ ქსელში ურთიერთობისას თავად იყოს ზრდილობიანი, არ გამოიყენოს უხეში და სხვების შეურაცხმყოფელი სიტყვები, არ გამოიყენოს სოცქსელები ჭორების გასავრცელებლად, თუ სხვა აყენებს შეურაცხყოფას, თავი აარიდოს კონფრონტაციას, შესაძლებელია მომხმარებლის დაბლოკვაც, ადმინისტრატორისთვის მიწერა, ან ქვეყანაში არსებული ცხელი ხაზის გამოყენება.
რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება:
ბავშვი იწყებს შფოთვას, ამბობს უარს სკოლაში წასვლაზე.
ბავშვი მუშაობდა კომპიუტერით, სარგებლობდა ინტერნეტით და შემდეგ მკვეთრად დაანება თავი. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმ მიზეზით, რომ მას არა აქვს იმ ტიპის დავალებები, რომელიც ინტერნეტის გამოყენებას საჭიროებს, ან უბრალოდ მოყირჭდა, მაგრამ ფაქტს უნდა მიექცეს ყურადღება, ბავშვის გუნება – განწყობილებიდან გამომდინარე.
ბავშვი იწყებს ღელვას, როდესაც მოსდის შეტყობინებები და ამავდროულად სისტემატურად იღებს გარკვეულ შეტყობინებებს.
ვინაიდან ბულინგი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს მოზარდთა პიროვნულ განვითარებასა და თვითგრძნობაზე, ბევრ ქვეყანაში ჩატარდა კვლევა (ფინეთი, დანია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია), რომლის დროსაც მოხდა ბულინგის ფენომენის სისტემური შესწავლა მისი პრევენციის მიზნით.
კვლევებზე დაყრდნობით ფინეთში შემუშავებულია სასკოლო პროგრამა (Kiva), რომელიც სასკოლო ბულინგის შემცირებას ემსახურება. აღნიშნული პროგრამა შემუშავებულია ტურკუს უნივერსიტეტში, ფინეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაფინასებით. მისი ავტორები არიან მეცნიერები, რომლებიც ათწლეულის განმავლობაში მუშაობდნენ სასკოლო ძალადობის მექნიზმების კვლევაზე. პროგრამის ავტორები თეორიულ საფუძვლად სოციალურ-კოგნიტურ თეორიას მიიჩნევენ. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ავტორები ძალადობრივი ქცევის განხორციელებისკენ მიდრეკილებას მაღალი სტატუსის მოპოვების მცდელობით ხსნიან და მის გაგრძელებასაც მეტწილად ჯგუფის წევრთა რეაქციით გაპირობებულად მოიაზრებენ. პროგრამის მთავარი მიზნებია: მსხვერპლისადმი ემპათიის გაზრდა; მსხვერპლთა დასახმარებელი სტრატეგიების განხორციელება, რომელიც ზრდის მათ თვითეფექტიანობას, ცნობიერების ამაღლება იმასთან დაკავშირებით თუ რა როლს თამაშობს ჯგუფი ბულინგის შეწყვეტის თვალსაზრისით. პროგრამა მოიცავს სასწავლო გეგმას (გაკვეთილებსა და ონლაინ თამაშებს), რომლებიც განკუთვნილია ყველა მოსწავლისთვის. აგრეთვე, პროგრამა მოიაზრებს კონკრეტულ ღონისძიებებს მსხვერპლი, აგრესორი მოზარდებისა და თანაკლასელებისათვის, რომლებიც მხარს უჭერენ მსხვეპლს, იმ მიზნით რომ აღიკვეთოს ძალადობა. პროგრამა განკუთვნილია 3 ასაკობრივი ჯგუფისთვის: 6-დან 9, 10-დან 12 და 13-16 წლამდე ბავშვებისათვის. შემუშავებულია მასალები მშობლების, პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის. გზამკვლევების, ვიდეო და ონლაინ თამაშების, პოსტერების სახით.
გამოყენებული ლიტერატურა
- Whitney I. & Smith P.K.: A survey of the nature and extent of bullying in junior/middle and secondary schools.- Educational Research, 35, 3-25, 1993.
- Duggan M. Online Harassment. – report for Pew Research Center, 2014. URL:http://www.pewinternet.org/2014/10/22/online-harassment/
- Rivers I. & Noret N. The prevalence and correlates of cyberbullying in adolescents: results of five-year cohort study, American Psychological Association, 2007
- Smith P., Madhavi J., Carvalho M. & Tippet N. An investigation into cyberbullying, its forms, awareness and impact, and the relationship between age and gender in cyberbullying. A report to the Anti-Bullying Alliance, 2011.
- Cyberbullying Research Center report, 2010. URL: http://www.cyberbullying.us.
- http://www.kivaprogram.net/
No comments:
Post a Comment