Thursday, August 1, 2024

ეტიუდი “ერთი ლექსი” (ტერენტი გრანელის “დაბრუნება სოფელში”)

 დაბრუნება სოფელში

ახლა არის ივნისი, ახლა გვიან ღამდება.
მაგონდება ბავშვობა. ეს ცა მაშინ სხვა იყო!
ამ მაღლობზე ველოდი ქრისტეს გამოცხადებას…
მერე თეთრმა სიჩუმემ ის იმედი წაიღო.

ახლა დედის აჩრდილი დებს და მამას მაბარებს,
(ახლა უფრო ხშირია დარდი და უძილობა).
მზერას მტაცებს საყდარი. ველზე გათხრილ სამარეს
ვაკვირდები შორიდან, როგორც მიწის ჭრილობას.

ახლა იქნებ ჭორებიც მომედება ტალახად:
მე ხომ ბედმა გამრიყა, თანაც მტანჯავს ციება!..
ახლა ჩემში ძნელია გენიოსის დანახვა,
ახლა ჩემი გაკილვა ყველას ეპატიება.

თუმცა თვალებს ცეცხლიანს არ ეტყობათ დაღალვა,
ვიცი, გაფითრებული ვგავარ შემოღამებას.
ნიჭმა ვეღარ მიშველა, როგორც ზეცამ მაღალმა…
არ თავდება ვარამი და იობის წამება.

ახლა მინდა ამ მზეში იმედები გახშირდეს
(თუმცა რაა იმედი? – წამიერი ფარ-ხმალი).
მელანდება სიკვდილი და სოფელი მამშვიდებს,
ჩემი ტკბილი ოცნების ლურჯი ნამოსახლარი.

ეს ხუთსტროფიანი ლირიკული შედევრი ტერენტი გრანელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლექსია. უხეში გამოანგარიშებით, გრანელის ლექსების ოთხმოცდათხუთმეტი პროცენტი ყველაზე გავრცელებული საზომით – ლოგაედური ათმარცვლედით არის დაწერილი. აღნიშნულ ათმარცვლედს მან შესძინა სრულიად უნიკალური ინტონაციური აკუსტიკა, გრანელის ათმარცვლედის ინტონაციურ ეპიგონიზმს დღესაც მრავლად შევხვდებით. რაც შეეხება სხვა საზომებს, რომელთა ხვედრითი წილი, როგორც უკვე აღვნიშნე, გრანელთან ცოტაა: ამ საზომებით დაწერილ მის ლექსებში თვითკმარობა და ინდივიდუალიზმი კონცეპტუალურ-თემატური აქცენტებით უფრო მიიღწევა. ტერენტი, ზოგადად, არ იყო ნოვატორი ვერსიფიკატორი, უკვე არსებული, სულ რამდენიმე ფორმის ფარგლებში ოპერირებდა, თუმცა ეს ფორმები წარმოუდგენელ პოეტურ სიმაღლემდე აიყვანა, როგორც ჭეშმარიტად დიდ პოეტს სჩვევია.

ეს კონკრეტული ლექსი ფოლკლორული თოთხმეტმარცვლედით არის დაწერილი. ამ რამდენიმე თვის წინ, გალაკტიონისადმი მიძღვნილ ერთ გადაცემაში, ერთი პატივცემული ამ და სხვა ძველ საზომებს გალაკტიონს “აბრალებდა”, მისი შემოტანილიაო. სინამდვილეში ეს ფოლკლორული საზომია, რომელიც, საყოველთაო მოსაზრებით, გურამიშვილმა გაალიტერატურულა. თუმცა ამ საზომის მწიგნობრულ ვარიანტს გურამიშვილამდე გაცილებით ადრე – მეცხრე საუკუნეში ვხვდებით ატენის სიონის კედელზე, სადაც სხვადასხვა სახეობის (5/2 და 4/3) შვიდმარცვლედით დაწერილი ორი, მონორიმულად გარითმული ლექსის ფრაგმენტი იკითხება:

1. “იხილეთ ესე ჟამი,
წავა, ვითარცა წამი…” და ა. შ.

და

2. “ეგრე იტყვის მოძღვარი,
მუნ არ არის ვაჭარი…” – და ა. შ.

ზემოთ ნახსენები პატივცემული პირველ წარწერაში დამუშავებულ შვიდმარცვლედსაც (5/2) გალაკტიონს მიაწერდა, თუმცა დავანებოთ თავი, ამჟამად ჩვენ მეორე წარწერა გვაინტერესებს: ეს ის თოთხმეტმარცვლედია, რომლითაც ტერენტის, ზემოთ მოხმობილი, ლექსია დაწერილი, ოღონდ ეს თოთხმეტმარცვლედი, უბრალოდ, შუაზეა გახლეჩილი. მიუხედავად ამ წარწერისა, ამ და ათეულობით სხვა საზომის ლიტერატურული ლეგიტიმაცია, ცხადია, გურამიშვილის დამსახურება გახლავთ, წორედ გურამიშვილის მეშვეობით კულტივირდა ეს საზომი შემდგომდროინდელ ქართულ პოეზიაში და გალაკტიონმაც სწორედ მისგან აიღო (ისევე, როგორც – სხვა, არაერთი საზომი), უბრალოდ, გალაკტიონმა ამ საზომში შიდა რითმები შემოიტანა და ასე დაწერა “ლურჯა ცხენები”. ეს საზომი, გალაკტიონისეული შიდა რითმებით, გრანელსაც აქვს გამოყენებული და იქ “ლურჯა ცხენების” ინტონაციურ ტყვეობას ვერ აღწევს თავს, თუმცა ეს შეგირდობის პერიოდია. ამ პერიოდში გრანელთან ცისფერყანწელების საერთო პოეტიკის (ბესიკური თოთხმეტმარცლედის მონოტონური, მოსაწყენი ინტონაცია) შეინიშნება, თუმცა ტერენტიმ რეკორდულად მალე დაძლია გავლენები და თავის უნიკალურ ხმას მიაგნო, ოღონდ უნდა ითქვას, რომ ამ და კიდევ სხვა რამდენიმე საზომით მისი შემდგომი, უკვე ღრმად ინდივიდუალისტური, დაინტერესება სწორედ გალაკტიონიდან მოდის.

***

ლექსი (როგორც ტერენტის თითქმის ყველა ლექსი) ჯვარედინად გარითმული კატრენებით არის დაწერილი. რას გვეუბნება ლექსის კონცეპტუალური მხარე? – აქ ტერენტი მთელი თავისი გენიალური დიდებულებით არის წარმოდგენილი, მისი პოეზიის ყველა იმანენტური შტრიხია ამ ლექსში თავმოყრილი: სოფელში დაბრუნების თემა; რელიგიური მოტივები; გარიყულობა და უიმედობა; მუდმივი სიახლოვე ტრანსცენდენტურ სამყაროსთან.

გრანელმა წალენჯიხა სახარებისეული ტოპონიმიკის რეგისტრში აიყვანა. ჩემი ბავშვობა მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც წალენჯიხასთან იყო დაკავშირებული – დეიდაჩემი ცხოვრობს იქ, თანაც – გრანელის სახლ-მუზეუმიდან სულ ორასიოდე ნაბიჯში. მახსოვს გრანელის მოუვლელი სახლ-მუზეუმი…



ეს ლექსი ჩემში ბავშვობისდროინდელ, ტკბილ-მწარედ ინტიმურ ემოციებს აღძრავს: მახსენდება მოასფალტებული, დახვეული, ხეებით დაბურული გზა, რომელიც ფერდობს მიუყვება ეკლესიამდე (“ამ მაღლობზე ველოდი ქრისტეს გამოცხადებას…”), მახსენდება წალენჯიხის ძველი ტაძარი, სადაც მოვინათლე (“მზერას მტაცებს საყდარი.”) და მახსენდება ტაძრის გაყოლებაზე გათხრილი სამარე ჩემი ოცდაერთი წლის დეიდაშვილისა, რომელიც რუსეთში მოკლეს (“ველზე გათხრილ სამარეს / ვაკვირდები შორიდან, როგორც მიწის ჭრილობას…”)…

https://mastsavlebeli.ge/

No comments:

Post a Comment