Thursday, August 1, 2024

წავუკითხოთ ერთმანეთს

 ჩემს მასწავლებლურ გამოცდილებაზე დაკვირვებით, კითხვის სწავლა თანდათან უფრო უჭირთ ბავშვებს. ბევრს ვფიქრობ, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ თანამედროვე სამყაროს ამ ურთულეს გამოწვევას. ახლა ბავშვებს ისე სჭირდებათ უფროსების დახმარება, როგორც არასდროს. ბრაზი იმის გამო, რომ ვერ ან არ კითხულობენ ბავშვები, მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეგვიშლის. სწორედ ამიტომ, მშობლებმა, მასწავლებლებმა, ბავშვების აღზრდით დაინტერესებულმა ადამიანებმა ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, მოთმინებით აღვიჭურვოთ და ბავშვებს როგორმე კითხვა უნდა შევაყვაროთ.

გადავწყვიტე, გიამბოთ, თუ როგორ შეიძლება, კითხვა გადავაქციოთ დღესასწაულად და დაუვიწყარ თავგადასავლად.

მეთოდი სახელად „წავუკითხოთ ერთმანეთს“ მე და ჩემმა 11 წლის შვილმა გამოვიგონეთ. ამ მეთოდამდე მოსასვლელად რამდენიმე წელი დაგვჭირდა. ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა გაბრიელი სკოლაში არ დადიოდა. მაშინ მომაფიქრდა, რომ ჩემი შვილებისთვის ხმამაღლა წამეკითხა ისეთი წიგნი, რომელიც თავადაც არ მქონდა წაკითხული. რობერტ ლუის სტივენსონის „განძის კუნძულით“ დავიწყეთ. სათავგადასავალო ჟანრმა, მეკობრეებმა, განძის ძიებამ, გემებმა პატარა ბიჭის ცნობისმოყვარეობას ცეცხლი შეუნთო. იმდენად დიდი სიამოვნება მოგვანიჭა ხმამაღლა წაკითხულმა წიგნმა, „განძის კუნძულის“ დასრულებისთანავე ჯ.რ.რ. ტოლკინის „ჰობიტი“ შევარჩიეთ. ზღვიდან ჰობიტების, ჯუჯების, ელფების სამყაროში გადაბარგება სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. ამჯერადაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქეთ ერთმანეთს. მაშინ მხოლოდ მე ვუკითხავდი 6-9 წლის ბავშვებს. შემდეგ ჟიულ ვერნის „კაპიტან გრანტის შვილების“ კითხვას შევუდექით, მაგრამ ერთ თავს ვერ გავცდით. რამდენიმე წელი მივივიწყეთ სქელტანიანი წიგნების ერთობლივი კითხვა. გაბრიელი დროდადრო მთხოვდა, ისევ შემერჩია რომელიმე წიგნი და ხმამაღლა წაგვეკითხა, თუმცა რამდენიმე მიზეზის გამო თავი ვერ მოვაბი: გაბრიელის ქართულის მასწავლებლობა მხვდა წილად და მთელი ძალისხმევა დამოუკიდებლად წიგნის კითხვის ჩვევის ჩამოყალიბებისკენ მივმართე, კლასში გამუდმებით ვუკითხავდი ბავშვებს მხატვრულ ლიტერატურას, ე.წ., კლასის საკითხავ წიგნს, იმ პერიოდში თავადაც დაიწყო კითხვა და, ამასთანავე, ხმამაღალი კითხვის ერთგულებიც ვრჩებოდით – გამუდმებით ვუკითხავდით ერთმანეთს ქართულ ხალხურ ზღაპრებს. ამ ზაფხულს კი გაბრიელის თხოვნამ დამაფიქრა და ისევ გაგვიჩნდა სურვილი სქელტანიანი წიგნის ხმამაღალი წაკითხვისა. ამგვარი ხანგრძლივი გზა გამოვიარეთ და ჩარლზ დიკენსის „ოლივერ ტვისტამდე“ მოვედით.

წიგნის შერჩევა

წიგნის სწორად შერჩევა პირველი და უმთავრესი ნაბიჯია. ჩემი არჩევანის მიღმა ულამაზესი ამბავი იმალება. ათი წლის წინ სოფელ უწერის სკოლაში მუშაობისას პირველი ხელფასის ასაღებად კოლეგებს ქალაქ ონში გავყევი. შემოდგომა იდგა. მთებზე ჩამოეთოვა. სკოლის წითელ ავტობუსში ვიჯექი და ყველაფერი მაკვირვებდა: რაჭული დიალექტი, ულამაზესი სიტყვები, ყურმოკრული დიალოგები, განსხვავებული ყოფიერება, ურთიერთობები. მასწავლებლები მაღაზიებში გაიფანტნენ, იმარაგებდნენ ფქვილს, ყავას, ზეთს… ეძებდნენ ქილების ხუფებსა თუ რეზინის ჩექმებს. პატარა ქალაქში შუშებიანი ჯიხური შევნიშნე. გაზეთებს ყიდდნენ. მაშინ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად იყიდებოდა წიგნები სერიიდან „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“. რიგით 33-ე წიგნი ჩარლზ დიკენსის „ოლივერ ტვისტი“ იყო. გაზეთების ჯიხური აღმოჩნდა პორტალი ჩემი მასწავლებლური თავგადასავლისა და ამ ჯადოსნური სამყაროს პირველი კარი „ოლივერ ტვისტმა“ გამიღო.

დეკემბრის მიწურულს მე და ჩემმა მოსწავლეებმა უწერის სკოლაში პირველი ლიტერატურული კაფე გავმართეთ. წიგნის წარდგენის ფორმად საინფორმაციო პლაკატი შევარჩიეთ. იმ დღეს სკოლის პატარა სააქტო დარბაზმა უამრავი ადამიანი დაგვიტია. ოთახი შეშის ღუმლით გავათბეთ, ღუმელში დარიჩინიანი ვაშლი შევწვით, კაკაო და გლინტვაინი მოვადუღეთ და წაკითხულ წიგნებზე ვისაუბრეთ. ყველა ვღელავდით. გამოუცდელები, მაგრამ გაბედულები და ერთად ყოფნის ბედნიერებით სავსეები ვიყავით. მე „ოლივერ ტვისტი“ წარვადგინე. გაბრიელი მაშინ 2 წლის ხდებოდა და შინ დავტოვე.

ჩემ შემდეგ ოლივერ ტვისტი მეექვსეკლასელმა მარიამმა და თამარმა წაიკითხეს და ერთად წაკითხულმა წიგნმა თანამოაზრეებად გვაქცია, დავიჯერეთ, რომ ყველა დაბრკოლებას ოლივერის მსგავსად გადავლახავდით და კეთილი ადამიანების თანადგომა ჩვენც არ მოგვაკლდებოდა. მართლაც ასე მოხდა. ორი წლის შემდეგ ლონდონიდან მასწავლებელი გვესტუმრა. ლელამ დაუვიწყარი საჩუქრები გვაჩუქა: ლონდონის მუზეუმის ნახატების მიხედვით შექმნილი სამაგიდო თამაში, „ჯიპრაიდის“ საკითხავი წიგნები, ვან გოგის ნახატებიანი კალენდარი და ბოლოს ყუთიდან ილუსტრირებულყდიანი წიგნი რომ ამოიღო, მე და ჩემი მოსწავლეები ავყვირდით. ლელა გაოცებული გვიყურებდა, ვერ გაეგო, რა გვიხაროდა. ლონდონიდან კი ჩარლზ დიკენსის „ოლივერ ტვისტს“ უფრენია, უვლია და უწერის სკოლამდე ჩამოსულა. ჩვენ მყისვე ვიცანით ყდაზე დატანილი ილუსტრირებული ეპიზოდი – ოლივერი ხის ჯამით ხელში შრომის სახლის თანამშრომლებთან იდგა, გამხდარი, ობოლი, მშიერი ბიჭი მეგობრების წაქეზებით ულუფის დამატებას თხოულობდა შემდეგი ფრაზით: „-please, sir, I want some more!“ ასეთი შთამბეჭდავი და გამაოგნებელი სიხარული მოგვიტანა ჩვენმა პირველმა წიგნმა. ეს არის იმის მაგალითი, როგორ შეუძლია ლიტერატურას თავი მნიშვნელოვნად გაგრძნობინოს, დროისა და სივრცის ჩარჩოები დაარღვიოს და ამბების მომგროვებლად გაქციოს.

ეს ყოველივე გაბრიელს ვუამბე. მართალია, რაჭიდან ქალაქში გადმოვინაცვლეთ, მაგრამ რაჭაში გაზრდილი ბიჭის გულს ოლივერ ტვისტი სიყვარულით ავსებს. მე გამოუთქმელი სინაზით ვუბრუნდები წიგნს, გაბრიელი კი დიდი ინტერესით შემოდის.

კითხვის დრო და ადგილი

წიგნის კითხვის რიტუალის ჩამოყალიბებას ხელშეწყობა სჭირდება, თუმცა, ჩვენი დაკვირვებით, როგორც კი დროს მოიხელთებთ, მაშინ სჯობს წაკითხვა. ჩვენი თავისუფალი დრო დღის განმავლობაში ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს, ამიტომ ვკითხულობთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

რაც შეეხება კითხვის ადგილს, ჩემი ყოველდღიურობიდან გამომდინარე, წიგნს ძირითადად სასადილო ოთახში ვკითხულობთ. ხშირად სადილის მომზადებისას ან ნამცხვრის ცხობისას გაბრიელი მიკითხავს და ეს მომენტი ყველაზე მეტად მიყვარს.

 

რას ვაქცევთ ყურადღებას კითხვისას?

ხმამაღალი კითხვა უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს. კითხვისას ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს საკუთარი თავი უნდა გამოაფხიზლო, ენერგია უნდა გამოიმუშაო. ამ ყოველივეზე გაბრიელსაც ვესაუბრები. ვაკვირდებით, რომ ხმადაბალი კითხვისას ხალისი იკარგება, სიტყვების დაბოლოების ამოკითხვა ჭირს და აზრიც ბუნდოვანი ხდება. როგორც კი ინტონაციით – ხმის აწევ-დაწევით – ვიწყებთ კითხვას, მკითხველის სხეულიც ფხიზლდება და მსმენელიც ყურადღებით იწყებს მოსმენას. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ზოგჯერ მონაცვლეობით ვკითხულობთ ხმამაღლა, ზოგჯერ კი მხოლოდ ერთი ჩვენგანი უკითხავს მეორეს.

კითხვისას ვაკვირდებით უცხო სიტყვებს, ახალი პერსონაჟების გამოჩენას, ქუჩების სახელწოდებებს, ავტორის შეფასებებსა და მსჯელობას, პერსონაჟთა ქცევას, ძალიან გვიყვარს სქოლიოებში დატანილ სიტყვებზე დაკვირვება და განმარტებების ამოკითხვა.

დროდადრო ვჩერდებით და გამოვთქვამთ ვარაუდებს, თუ როგორ გაგრძელდება სიუჟეტი ან მიმოვიხილავთ განვითარებულ მოვლენებს, ზოგჯერ ცრემლებით გვევსება თვალები, ზოგჯერ კი გულიანად ვიცინით.

კითხვისას ფერადი კალმით ვხაზავთ უცხო სიტყვებსა და საინტერესო ფრაზებს. წიგნში გვხვდება ჩემი რაჭველი მოსწავლეების მიერ შავი ფანქრით გახაზული ფრაზები. ხშირად ჩვენც ის მოგვწონს, რაც – მათ. ფურცლებს შორის ვპოულობთ გამხმარ ყვავილებს, ფოთლებს და ვუფრთხილდებით.

ოლივერის დღიური – წერა

როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნე, თუკი აქამდე წიგნის ხმამაღლა კითხვა მხოლოდ მკითხველის აქტიურობას გულისხმობდა და მსმენელი პასიურობდა, „ოლივერ ტვისტის“ კითხვა ამჯერად ინტერაქციული აღმოჩნდა და გარდა იმისა, რომ მონაცვლეობით ვკითხულობთ, გამოვთქვამთ მოსაზრებებს, ხმამაღლა ვაკეთებთ კომენტარებს, თავიდანვე შევთანხმდით, რომ წაკითხვის შემდეგ დღიურს დავწერდით.

საგულდაგულოდ შევარჩიეთ რვეულები, მოვხატეთ ყდები და ოლივერის დღიური დავარქვით. წიგნის ერთი თავის წაკითხვის შემდეგ დღიურში ვწერთ ჩანაწერს, რომლის ინსტრუქცია ერთად შევიმუშავეთ. წერილობითი ტექსტი მოიცავს ამბებს ჩვენი ცხოვრებიდან და კომენტარს წაკითხულის შესახებ. რა ხდება ახლა? რა მოხდა გუშინ? რას ვაპირებთ ხვალ? – ძირითადად, დროის ამ სამ მონაკვეთს ვარჩევთ და ვწერთ თავისუფლად, დაუბრკოლებლად.

წერისას ხშირად ვუსმენთ მუსიკას. ჩვენს ნაწერს გადავიკითხავთ, ვასწორებთ და შემდეგ ერთმანეთს ვუკითხავთ. ჩემი უმთავრესი ადრესატი გაბრიელია – ერთი სული მაქვს, როდის წავუკითხავ ხოლმე ჩემს დღიურს და როცა თვალებგაბრწყინებული მეუბნება, რომ ძალიან კარგად ვწერ, უზომოდ მიხარია.

დღიურში ჩამოვწერეთ წერის სხვა მეთოდებიც და გადავწყვიტეთ, რომ დღის ჩანაწერსა და წერილობით კომენტარს დროდადრო ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მეთოდით ჩავანაცვლებთ:

  • პირადი წერილი პერსონაჟს;
  • ერთი მოგონება;
  • ვენის დიაგრამა;
  • დახატე ეპიზოდი;
  • დაახასიათე პერსონაჟი;
  • მისწერე მეგობარს წერილი ოლივერის შესახებ;
  • ამოიწერე უცხო სიტყვები;
  • ამოიწერე ფრაზები.

ერთმანეთისთვის ხმამაღალი კითხვის შემდეგ წერა ძალიან მოგვწონს. წერა გვეხმარება წაკითხულის გაგება-გააზრებაში, ჩვენი განცდების გადმოცემაში, ერთმანეთის გაცნობაში:

23 ივნისის ჩანაწერების მცირე მონაკვეთი ამგარია:

„დღეს დილას 6-ზე დავაყენე მაღვიძარა, მარა 10 საათზე გამეღვიძა და ეგრევე ნერსესთან გავვარდი. მერე თურმე მამას ბაბუასთვის ფული გამოუტანებია და ახმეტელზე გავქროლდი. მერე მუსიკაზე გავეშურე. იქ ჩემი მუსიკა დავუკარი და სიმღერა ვიმღერე. ნანა მასმა ყვავილი გამომატანა. თურმე სულთმოფენობა ყოფილა და ეს ყვავილი მთელი წელი უნდა შემენახა და ახლა ვინახავ. საიტერესოა, 5 საათი როგორ გაუძლო… მე და დედამ „ოლივერ ტვისტი“ წავიკითხეთ. ეს თავი ძალიან საინტერესო იყო და ცოტა გამიხარდა, ოლივერი რომ ამ კაცის ხელშია. ცოტა წესიერ რამეს შეჭამს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სულს გაუმწარებენ“. – გაბრიელი

 

„ცხოვრება ლიტერატურასთან ერთად – ჩემი ყოველი დღის სათაური ამგვარია. ხშირად განვიცდი მადლიერებას ლიტერატურის სიყვარულის გამო. დილას შიო მღვიმელის ლექსს „ირემი“ ვკითხულობდი ხმამაღლა. ლილე გვერდით მეჯდა, დღიურში სარკისებურად წერდა ციფრებს, ნერსე ეტლში იწვა და მე ვკითხულობდი ლექსს, ალბათ, მეასედ, მაგრამ მხოლოდ ამ დილას ვიტირე. ლილემ შემომხედა სიყვარულით სავსე თვალებით და შენ რა ყველაფერზე გეტირებაო, შემომღიმა.

…ჩარლზ დიკენსი ძალან ზუსტად ასახავს ქცევის მოტივს. როცა გულს მტკენენ ან სივერაგეს, მზაკვრობას ვაწყდები, ხშირად მინატრია, ნეტავ, ჩარლზ დიკენსი ვიყო, რომ ზუსტად ავსახო ის, რაც ჩემს თავს ხდება-მეთქი.

ოლივერის სისუსტე მაშინ გადაიქცა უზარმაზარ ძალად, როცა თავმოყვარეობა შეულახეს და მის დედას შეურაცხყოფა მიაყენეს. ის გაძლიერდა. ზოგჯერ ბრაზი გვაძლიერებს. საინტერესო ემოციაა.

ოლივერი დიკს ხვდება. დიკი მისი ერთადერთი მეგობარი იყო ფერმაში. მათ ერთად სცემდნენ და აშიმშილებდნენო, წერს მწერალი. დიკი ოლივერს ემშვიდობება, კოცნის და ლოცავს. ამ ეპიზოდმა ამატირა.

საღამოს ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიას ვკითხულობდი. აკა მორჩილაძე ისეთი ენით წერს, ადვილად აყვარებს მკითხველს ვაჟას.

…მიდი, ოლივერ, გაიქეცი! ხვალ შეგხვდებით. ლონდონისკენ მიმავალ გზაზე მე და გაბრიელიც გამოგყვებით. არ შეგეშინდეს, პატარავ.

ხშირად ვფიქრობ, რამდენი თაობის მკითხველს აერთიანებს ოლივერ ტვისტი  და რა მაგარია ლიტერატურის ძალა, თუნდაც ამიტომ!“ – დედა (ამონარიდი ჩემი ჩანაწერიდან)

ვიდეოჩანაწერი

ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ ჩემი პრაქტიკული საქმიანობისა და ლიტერატურის შესახებ ვიდეომასალის ჩაწერას. გაბრიელს და მის მეგობრებს, რომლებსაც Youtube-ზე არხი აქვთ, ხშირად ვეკითხები რჩევებს. ციფრულ ეპოქაში მასწავლებლებმა ყველა პლატფორმა უნდა ავითვისოთ, სადაც ჩვენი მოსწავლეები იმყოფებიან. ამას გარდა, ვიდეოჩანაწერით ინფორმაციის გავრცელება უფრო მარტივია. სწორედ ამიტომ, გაბრიელს ვთხოვე, ოლივერ ტვისტის წაკითხვისა და დღიურის დაწერის შესახებ ვიდეოს ჩაწერა შევთავაზე. თავდაპირველად უარი მითხრა. შემდეგ ვესაუბრე, თუ რა მიზანი მამოძრავებდა და თავისი სურვილით დამთანხმდა.

დავსხედით, ჩავრთეთ მობილური ტელეფონის კამერა და გულწრფელად ვისაუბრეთ, რატომ და როგორ ვკითხულობთ, დღიურიდან ერთი დღის ჩანაწერიც წავიკითხეთ. იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოს, რომ მსგავსი შინაარსის ვიდეობლოგების საჭიროებაში დავრწმუნდით და გადავწყვიტეთ, დროდადრო ჩავწეროთ და საზოგადოებას გავუზიაროთ კითხვისა და წერის ჩვენეული თავგადასავალი.

ამგვარად, ერთ წიგნს დავუკავშირეთ ხმამაღალი კითხვა, წერა, ვიდეოჩანაწერი – აზროვნების გამოხატვის სხვადასხვა ფორმა. რაც მთავარია, ძალიან გვიხარია კითხვა ერთმანეთისთვის. წიგნის დასრულების შემდეგ ოჯახის წვერებისთვის პრეზენტაციის გამართვას ვგეგმავთ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ზოგჯერ რამდენიმე დღე ისე მიებმება ხოლმე, რომ წაკითხვას ვერ ვახერხებთ. ოჯახის თითოეული წევრი გვგულშემაგვტკივრობს, იციან, რომ ვკითხულობთ და დროდადრო მათაც უწევთ მოსმენა.

ბოლოს რაჭისკენ მიმავალ გზაზე ვკითხულობდით. მანქანის სახურავი ნახევრად გადახდილი იყო. საღამოვდებოდა. შქმერის ცა თან მოგვყვებოდა. მეთერთმეტე თავში ოლივერს ცხვირსახოცის ქურდობას დააბრალებენ, შიმშილისა და შიშისგან ბიჭს გული წაუვა. მოსამართლე კი არ უჯერებს. მისტერ ბრაინლოუ ოლივერის გამართლებას ცდილობს, მაგრამ არაფერი გამოსდის. ამ უიმედო და უსამართლო ვითარებისას წიგნების გამყიდველი აქოშინებული შემოიჭრება სასამართლო დარბაზში… – ეს ხდებოდა წიგნში, ლონდონში… ჩვენი მანქანა კვლავ სოფელ შქმერში მიქროდა. გზაზე ცხენები გამოჩნდნენ. სვლა შევანელეთ. მანქანაში ყიჟინა ატყდა, ჩემი ოჯახის წევრები ცხენოსნებს გამოელაპარაკნენ. ჩემს კალთაში სამი თვის ჩვილს ეძინა. ხელში მძიმე წიგნი მეჭირა. მგზავრობით გადაღლილმა ცხენზე ამხედრებულ ბიჭებს შევხედე და ჩემი ყოფილი მოსწავლეები ძლივს ვიცანი. ფანჯარას მოუახლოვდნენ რამდენიმე წლის უნახავი ბიჭები და მკითხეს, როგორა ხართ, მასწავლებელოო. სიმბოლური იყო, ხელში „ოლივერ ტვისტი“ რომ მეჭირა. ამ სტატიის წერა თბილისში დავიწყე და ვფიქრობდი, შესავალი ნაწილი ძალიან ხომ არ გამეწელა-მეთქი, ახლა უწერაში ვარ და სტატიის ბოლოს ისევ ვწერ იმ ადამიანებთან შეხვედრაზე, რომლებიც პირველ ლიტერატურულ კაფეში მთავარი პერსონაჟები იყვნენ. ნიკუშა მაშინ მეხუთე კლასში იყო, პაატა – მეათეში, გიორგი – მეთერთმეტეში. იმ დღეს გადაღებულ ფოტოებსაც ცოცხლად ვხედავ. ახლა კი ყველაზე მეტად ნიკუშას ცნობა გამიჭირდა. ბიჭი, რომელიც კლასში კულუმბარებსა და თოხიტარებზე მიყვებოდა, ახლა ცხენზე ზის, სალოცავში მიიჩქარის და ისე მიღიმის, გული მილღვება.  იმ საღამოს მე და გაბრიელმა დღიურში დაწერა ვერ მოვასწარით და მაშინვე ვიფიქრე, რომ მეთერთმეტე თავის წაკითხვის პასუხად ამ შეხვედრის შესახებ მოვყვებოდი.

თუკი ამ სტატიაში ასახულ მოვლენებს დავაკვირდებით, დროისა და სივრცის ხაზების უცნაურ კვეთაზე დავფიქრდებით, ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთმანეთისთვის წაკითხულ წიგნებს ჯადოსნური ჯოხის ეფექტი აქვს – მიუშვერ საყვარელი ადამიანის გულს, ჩრდილოეთის ციალივით გაანათებ და მისი ნათება სხვების გულებსაც მისწვდება.

 

https://mastsavlebeli.ge/ 

No comments:

Post a Comment