ავთანდილის მიერ როსტევანისთვის დატოვებულ ანდერძში არგუმენტებს რუსთაველი ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე აფუძნებს და ამგვარად განგვასაზღვრინებს მისი აზრის ხარაჩოსა თუ პიროვნულ პასუხისმგებლობას. აქ თითოეული ღირებულება კარგის პრიმიტივზეა დაფუძნებული, ემიჯნება ყოველივე ცუდს, მიუღებელს და ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. ავთანდილი მეფეს ანდერძის შესავალშივე თამამად უცხადებს, რომ გასაჭირში მყოფ მოყვასს, რომლის გამოც გული ეწვის, ვერ მიატოვებს და ამიტომ უნდა წავიდეს. „ვერ დავდგები შეუყრელად ჩემდა ცეცხლთა მომდებრისად“, – უპირობო, უანგარო სიყვარულით აცხადებს იგი. ეს თანაგანცდაა, ემპათია, ზნეობრივი პრინციპი, რომელიც მე-ზე, ეგოზე მაღლა დგას. უფრო მეტიც – იესოს შემდეგი სიტყვებით გაცხადებული სიმაღლის მოცემულობაა: „უფროჲსი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს“ (იოანე, 15-13).
ანდერძში მომდევნო ღირებულებებია: სიმართლე სიცრუის, ორპირობის წილ და განათლება – ცოდნის ღმრთაებრივი გზით განსხეულება („მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა“).
ფილოსოფოსთა სიბრძნეზე დაფუძნებული ავთანდილისეული არგუმენტები თითქოს საფეხურებრივად ლაგდება უფრო მაღალი ღირებულებისკენ – სიყვარულისკენ აღმასვლით. სპასპეტი მხცოვან როსტევანს მოაგონებს უკვე წაკითხულ და კარგად დასწავლილ ცოდნას:
„წაგიკითხავს, სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ წერენ?
ვით იტყვიან, ვით აქებენ? ცან, ცნობანი მიაფერენ.
“სიყვარული აღგვამაღლებს”, ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ,
შენ არ ჯერ ხარ, უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ!“
რაკი ავთანდილი არაბთა მხედართმთავარია, მოქმედებაც არაბეთში ვითარდება, იმ დროს კი არაბეთის რელიგია ისლამი გახლდათ, კრიტიკულ მოსწავლეს თუ დაინტერესებულ მკითხველს, ცხადია, გაუჩნდება მართლგონივრული შეკითხვა: რომელ მოციქულებს გულისხმობს რუსთაველი.
ამ შემთხვევაში ჩემი როგორც მასწავლებლის დამოკიდებულება ყოველთვის ყოფილა მათი კრიტიკისადმი პოზიტიური განწყობის გამოხატვა და კვლევითი უნარების განსავითარებლად, პირველ ეტაპზე –ყურანის შეთავაზება, თუმცა მანამდე ამიხსნია, რომ ისლამის მიხედვით, მაჰმადი ანუ მუჰამედი, ღმერთის უკანასკნელი წინასწარმეტყველია/მოციქულია და ისლამი წინასწარმეტყველად/მოციქულადვე განიხილავს ქრისტესაც, რომლის მეორედ მოსვლას ელიან და აღიარებენ მაჰმადიანებიც. ყურანში კი სიყვარულის შესახებ, აი, რა იძებნება: „ხოლო რამდენჯერ ყოფილა – გძულებიათ რაიმე იმ დროს, როცა სიკეთე იყო თქვენთვის და რამდენჯერ გყვარებიათ რაიმე, თუმცა კი სიავე იყო თქვენთვის, ალაჰმა უწყის, ხოლო თქვენ არ იცით“ (სურა 2, 213).
ეს არის და ეს! ამდენად, ცხადია, რუსთაველი ყურანს ვერ დაეყრდნობა, მით უფრო, რომ აქ მხოლოდ ერთი მოციქულის სწავლებაა, ავთანდილს კი მათზე მრავლობითის ფორმით ათქმევინებს, მოციქულნი რაგვარ წერენო. თანაც „ვეფხისტყაოსნის“ ღმრთისმეტყველებაზე დაწერილი კვლევებითაც უტყუარად არის დადგენილი საღმრთო თქმულებების ცხოველმყოფელი გავლენა რუსთველის გენიაზე.
ახლა კი, ახალი აღთქმის მოციქულთა სწავლების კვალობაზე, მათსავე ტექსტებს მივყვეთ და მოვუსმინოთ:
„არ გინახავთ და გიყვართ, ვერც ახლა ხედავთ, მაგრამ გწამთ და ენით უთქმელი და დიდი სიხარულით ხარობთ“ (პეტრე, 1-8);
„ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით განიწმინდეთ თქვენი სულები უპირფერო, ძმური სიყვარულისთვის და წმიდა გულით მხურვალედ გიყვარდეთ ერთმანეთი“ (პეტრე 1-22);
„მაშ, განიშორეთ ყოველგვარი უკეთურება, ყოველგვარი ზაკვა, პირფერობა, შური და ყოველგვარი ავსიტყვაობა. როგორც ახალშობილმა ყრმებმა, შეიყვარეთ სუფთა სულიერი რძე, რათა მისი მეოხებით იზარდოთ ხსნისთვის, ვინაიდან იგემეთ, რომ ტკბილია უფალი“ (პეტრე 2, 1-3);
„პატივი ეცით ყველას, გიყვარდეთ საძმო, ღვთის შიში გქონდეთ და პატივი მიაგეთ მეფეს“ (პეტრე 2-17);
„უწინარეს ყოვლისა კი, გულწრფელად გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგანაც სიყვარული ფარავს ცოდვათა სიმრავლეს“ (პეტრე 4:8);
„სიყვარულის ამბორით მოიკითხეთ ერთმანეთი. მშვიდობა ყველას, ვინც იესო ქრისტეში ხართ“ (პეტრე 5:14).
„ამიტომ თქვენც გულმოდგინედ ეცადეთ, რომ თქვენს რწმენას სათნოებაც ზედ მიუსართოთ, სათნოებას – შემეცნება, შემეცნებას – თავშეკავება, თავშეკავებას – მოთმინება, ხოლო მოთმინებას – ღვთისმოსაობა, ღვთისმოსაობას – ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას კი – სიყვარული“ (პეტრე 2, 5:7);
„ხოლო ვინც იმარხავს მის სიტყვას, მასში ჭეშმარიტად აღსრულებულა ღვთის სიყვარული; ამით შევიცნობთ, რომ მასში ვართ“ (იოანე 2:5);
„ვინც ამბობს, ნათელში ვარო, მაგრამ თავისი ძმა სძულს, ბნელშია დღემდე“ (იოანე 2-9);
„ვისაც თავისი ძმა უყვარს, ნათელში მკვიდრობს და საცთური არ არის მასში“ (იოანე 2-11);
„ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რათა ღვთის შვილებად ვიწოდებოდეთ: ქვეყანა იმიტომ არ გვიცნობს, რომ ვერ იცნო იგი; ამით იცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ვინც არ იქმს სიმართლეს და ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, ღვთისაგან არ არის იგი. რადგანაც ეს არის უწყება, რომელიც გსმენიათ დასაბამიდან, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი“ (იოანე 3, 10:11);
„ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან გადავედით სიცოცხლეში, რადგანაც გვიყვარს ძმები; ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება. იმით შევიცანით სიყვარული, რომ მან თავისი სული დადო ჩვენთვის; ჩვენც გვმართებს ძმებისათვის სულის დადება. ვისაც სიმდიდრე არ აკლია ამქვეყნად, მაგრამ გაჭირვებული ძმის შემყურე, გულს იხშობს მისთვის, როგორღა დაემკვიდრება მასში ღვთის სიყვარული, შვილებო? გვიყვარდეს, მაგრამ არა სიტყვით და ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 3, 16:18);
„მისი მცნება ისაა, რომ გვწამდეს მისი ძის იესო ქრისტეს სახელით და, როგორც გვამცნო, გვიყვარდეს ერთმანეთი“ (იოანე 3, 21);
„ახლა გთხოვ, ქალბატონო, ისე კი არა, თითქოს ახალ მცნებასა გწერდე, არამედ იმას, რაცა გვაქვს დასაბამიდან, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი. სიყვარული კი ისაა, რომ მივდევდეთ მისი მცნებების გზას; აი, მცნება, რომელიც გსმენიათ დასაბამიდან, რათა მისი გზით იაროთ“ (იოანე, 1, 5:6);
მოციქულთა მიერ სიყვარულზე კიდევ მრავალი რამ არის თქმული. მოვიყვანთ მხოლოდ კორინთელთა მიმართ პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლეს მეცამეტე თავს, რომელსაც სიყვარულის საგალობელს უწოდებენ:
„ენასაღა თუ კაცთასა და ანგელოზთასა ვიტყოდი, ხოლო სიყუარული არა მაქუნდეს, ვიქმენმე, ვითარცა რვალი, რომელი ოჴრინ, გინა წინწილანი, რომელი ჴმობდ.
და მაქუნდეს–ღათუ წანაწარმეტყუელებაჲ და უწყოდი ყოველი საიდუმლოჲ და ყოველი მეცნიერებაჲ, მაქუნდეს ღათუ ყოველივე სარწმუნეოებაჲ ვიდრე მთათაცა ცვალებადმდე და სიყუარული არა მაქუნდეს, არა-ვე-რაჲ ვარ.
და შე-ღათუ-ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ჴორცნი ჩემნი დასაწუელად და სიყუარული არა მაქუნდეს, არარაჲვე სარგებელ არს ჩემდა.
სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი,
არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა;
ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ.
სიყუარული არასადა დავარდების, გინა თუ წინაწარმეტყუელებანი განქარდენ, ანუ თუ ენანი და-ვე-სცხრენ, გინა თუ მეცნიერებანი განქარდენ.
რამეთუ მცირედ-რაჲმე ვიცით და მცირედ-რაჲმე ვწინაწარმეტყუელებთ.
ხოლო რაჟამს მოიწიოს სრული იგი, მაშინ მცირედიცა იგი განქარდეს-ვე.
ოდეს-იგი ვიყავ ყრმა, ვიტყოდე ვითარცა ყრმაჲ, შერაცხილ ვიყავ, ვითარცა ყრმაჲ; ხოლო ოდეს ვიქმენ მამაკაც, დაუტევე სიყრმისაჲ იგი.
რამეთუ ვხედავთ აწ, ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ პირსა პირისპირ. აწ ვიცი მცირედ, ხოლო მერმე ვიცნა, ვითარცა შევემეცნე.
ხოლო აწ ესერა ჰგიეს სარწმუნოებაჲ, სასოებაჲ და სიყუარული, სამი ესე; ხოლო უფროჲს ამათსა სიყუარული არს“.
ეს ის ტექსტია, რომელსაც ბავშვებს ზეპირად ვეუბნები ხოლმე. ისინიც მისმენენ, გაიაზრებენ, არქაიზმების მნიშვნელობას მეკითხებიან. მერე ბინარულ ოპოზიციად განვიხილავთ ადამიანური და ღვთაებრივი სიყვარულის ცნებებს. ერთად ვფიქრობთ და ვმსჯელობთ ქვენა, ვნებიანი [ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოდით – F 63,9] და უფრო მაღალი განზომილების სიყვარულის კატეგორიებსა და იმ პორტრეტებზე, რომლებიც ამ მსჯელობისას იკვეთება, იქნება ეს მამა, რომელსაც უყვარს ერთადერთი ქალიშვილი და სასიძო და რომელსაც არ უნდა, დაუშვას მათი და ქვეყნის უბედურება თუ განბრძნობილი, ზნეობრივ სიმაღლეს ნაზიარები ავთანდილი, რომელსაც, აქილევსისა არ იყოს, უსარგებლო და ხანგრძლივ, მით უფრო ნაძრახ სიცოცხლეს სახელიანი სიკვდილი ურჩევნია, მეტადრე – თუ მისი თავგანწირვა მეგობარს გადაარჩენს. ეს კი მასავით „მხოლოდშობილი ძის“, იესოს გზაა, მისი მაგალითის გაზიარება და, შესაბამისად, სრულქმნილებით აღსრულება ღვთაებრივი ანდერძისა: „იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს“ (მათე 5, 48).
მოსწავლეებს აქვე ვაცნობ კორნელი კეკელიძის მოსაზრებას, რომლის თანახმად, „ქრისტიანულმა ნეოპლატონიზმმა და სუფიზმმა რელიგია მიიყვანეს იმ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ სიყვარული და მიჯნურობა ღვთისადმი, რასაც ის მოითხოვს, არის სიყვარული და მიჯნურობა ადამიანისადმი. ამ ნიადაგზე შესაძლებელი შეიქმნა სპარსულ ლიტერატურაში წარმოშობა იმ უმდიდრესი და უსრულესი სატრფიალო-სამიჯნურო პოეზიისა, რომელიც ქალ-ვაჟთა თავდავიწყებულს, შმაგ სიყვარულში გულისხმობს ღვთაებისადმი სიყვარულს“. მკვლევრის აზრით, ასეთ რამეს ადგილი უნდა ჰქონდეს „ვეფხისტყაოსანშიცო“. აქვე მომყავს ქეთევან ბეზარაშვილის ძალიან მნიშვნელოვანი მოსაზრება, რომ ავთანდილს მოყვასისა და მიჯნურისადმი სიყვარულის ერთმანეთთან გადაჯაჭვული ორი გრძნობა აჰყავს საღვთო სიყვარულის სიმაღლეზე.
ავთანდილი ამქვეყნიური სიყვარულით ეზიარება მარადიულ სიყვარულს, რადგან კაცობრივი და საღვთო სიყვარული ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია („რომელსა უყუარს ღმერთი, უყუარს ძმაჲცა თჳსი“ (იოანე 4:21) და პირიქით)[1]. მკვლევრის დაკვირვებით, ეს არის სწრაფვა პირველქმნილი მშვენიერებისაკენ, რადგან ადამიანური გრძნობის ამ სიმაღლეზე გადმოდის ზეციური მადლი საღვთო სიყვარულისა. ეს არის სიყვარულით ერთიანობა ქრისტეში (ό έχων άγάπην έν Χρισuτώ ICem.49,1), ღმერთის მოპოვება სიყვარულით, რადგან ღმერთი სიყვარული არს (Max. charit. 4.100). ეს არის გარდასახვა საღვთო სიყვარულში და განათლება (Charit.2,48). მოსალოდნელი სიკვდილის გამო დაწერილი ავთანდილის ანდერძიც (შდრ. ებრ. 9:16) სიყვარულით მარადიულთან შერწყმის სულისკვეთებას მოუცავს („სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად“), რადგან იგი ინათლება სიკვდილში (შდრ. რომ. 6:3) და განიცდის სულიერ განახლებას[2].
ამ ყველაფერზე დაკვირვებით, ქრება მოსწავლეთა დაეჭვება, რომ რუსთაველი ქრისტეს მოციქულებს გულისხმობს, მათი დამოწმების ტრადიცია კი მანამდეც არსებობდა უძველეს ქართულ ტექსტებში. იაკობ ხუცესის ჩვენამდე მოღწეული ტექსტის – „წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაჲს“ – მე-16 თავში ლოცვა-კურთხევის მისაღებად მისულ ჯოჯიკს სიკვდილის პირას მყოფი დედოფალი ეუბნება: „განვისაჯნეთ მე და ვარსქენ პიტიახში მუნ, სადა-იგი არა არს თუალღებაჲ წინაშე მსაჯულისა მის მსაჯულთაჲსა და მეუფისა მის მეუფეთაჲსა, სადა არა არს რჩევაჲ მამაკაცისა და დედაკაცისაჲ, სადა მე და მან სწორი სიტყუაჲ ვთქუათ წინაშე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა“ – მე და ვარსქენი, ჩვენი სიტყვისამებრ, ღმერთის, იესო ქრისტეს მიერ მიუკერძოებლად გავსამართლდებით იქ, სადაც ქალი და კაცი არ განირჩევაო. ცხადია, მისი ეს სიტყვები ალუზიაა გალატელთა მიმართ ნათქვამი პავლე მოციქულის სიტყვებისა: „არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არც აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ“ (პავლე, გალატელთა მიმართ, 3-28).
სხვათა შორის, მოციქულთა დამოწმების ეს ტრადიცია შემდეგდროინდელ სამართლებრივ ტექსტებსაც გადმოჰყვა. მაგალითად, სასამართლო განჩინებათა კრებულში დაცულ ტექსტში: „განჩინება სოლომონ II-ისა ხუტუ მიქელაძის ქალისათვის მამულის დამკვიდრების თაობაზე“ ვკითხულობთ: „ვითარ იგი მოგვითხრობს სამართალი საბერძნეთისა და სწერს მოციქულიცა პავლე: არა არსო რჩევა მამაკაცისა და დედაკაცისა; და მეფენიცა ქართველთანი წოდებულნი ხოსროიანად მემკვიდრეობითა ქალისათა ზედსიძობით იყვნენ სხვაგვარისაგა მრავალთა საუკუნეთაშინა. ყოველნი ძველნი და ახალნი სამართალნი და სჯულდებანი დაამტკიცებენ მსგავსად ვაჟისა მემკვიდრეობასა ქალისასა, გარნა მოთხრობა ძველთა და ახალთა საუკუნეთათა განვრცელდების, ხოლო გავრცელება კალმისა მოსაწყენელ იქმნების“ მსმენელთაგანო[3].
სათქმელი კიდევ ბევრია, მაგრამ მკითხველს ჩვენი წერილის კითხვა რომ არ მოსწყინდეს, აქ შევაჯამებ: არანივთიერი ფასეულობის მატარებელ ტექსტებს, ვფიქრობ, იმთავითვე ნივთიერი მნიშვნელობა და საგასაღებო ღირებულებაც აქვს. ამდენად, სასწავლო პროცესში აუცილებლად მიმაჩნია მათი ჩართვა.
გამოყენებლი ლიტაერატურა:
[1]სტატიაში: „ვეფხისტყაოსნის“ საღვთოსიყვარულიდა „ტურფასაჭვრეტელი“ http://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/period/document/HASH01cc60bb6f098c1e4debaf37;jsessionid=20B45EA2B0FE2A4A374CA4F7588A0798?ed=1
[2]ქეთევან ბეზარაშვილი, იქვე.
[3]წყარო: ქართული ენის ეროვნული კორპუსი, http://gnc.gov.ge/gnc/concordance
https://mastsavlebeli.ge/
No comments:
Post a Comment