დღეს პროექტები აქტიურად გამოიყენება ყველა საგნის, მათ შორის ისტორიის სწავლებაში. ფართო ხასიათის სასწავლო პროექტების გვერდით სრულდება მინიპროექტებიც, რომლებიც რამდენიმე ტიპისაა:
- შემოქმედებითი ხასიათის საშინაო დავალებები;
- პრობლემური ამოცანების გადაწყვეტა გაკვეთილზე და
- ინტეგრირებული, ინდივიდუალური და ჯგუფური პროექტები.
მინიპროექტის ტიპი დამოკიდებულია მოსწავლეების მომზადების დონეზე, სასწავლო მასალის შინაარსსა და სასწავლო პროცესის ორგანიზაციის თავისებურებებზე. ისტორიის სასწავლო კურსში მინიპროექტების მეთოდი აქტიურად გამოიყენება პროგრამული მასალის ფარგლებში პრაქტიკულად ნებისმიერ გაკვეთილზე. შესაძლებელია, ის გაგრძელდეს რამდენიმე გაკვეთილზეც. მთავარია, არჩეული თემები იყოს მნიშვნელოვანი, საინტერესო და შესაბამებოდეს მოსწავლეების ასაკობრივ თავისებურებებს.
მინიპროექტები, სოციალური და პრაქტიკული მნიშვნელობით, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროქტებია, რადგანაც ძალიან ეხმარება მოსწავლეს პიროვნულ ზრდაში, საყოველთაო ღირებულებებისა და სამოქალაქო კომპენტენციების ჩამოყალიბებაში. ასეთი პროექტები მრავალფეროვანი აქტივობებით ხასიათდება:
- მოსწავლე ასრულებს წერით დავალებებს;
- მუშაობს ვიზუალურ მასალასთან (ნახატი, რუკა, ცხრილი, დიაგრამა და სხვ.);
- მუშაობს დოკუმენტებსა და სხვადასხვა ტიპის ნარატივთან;
- იყენებს Microsoft Office-ის პროგრამებს
და ა.შ.
გთავაზობთ კონკრეტული პროექტის ნიმუშს ისტორიის მე-10 კლასის სასწავლო კურსიდან:
საგანი – საქართველოს ისტორია
თემა – საქართველოს გაქრისტიანება
პროექტის ტიპი – პრობლემური ამოცანების გადაწყვეტა გაკვეთილზე
სამიზნე ცნებები –
- წყარო/ინტერპრეტაცია: 1, 2, 5, 6
- დრო: 3, 7, 8
- სივრცე: 3, 9
- საზოგადოება: 7, 8, 10, 11, 12
- ძალაუფლება: 7, 8, 10, 11, 12
- ისტორიული მოვლენა/პროცესი: 4, 5, 6, 8, 9
სასწავლო მიზნები:
- მოსწავლემ ახსნას, რა კავშირია მოქალაქესა და პიროვნებას შორის;
- დააკავშიროს ერთმანეთთან ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მიღებული ცოდნა;
- გამოიტანოს დასკვნა პიროვნებისა და მოქალაქის ურთიერთმიმართებაზე, მათ იდენტიფიცირებაზე შუა საუკუნეების საქართველოში;
- ისმჯელოს საქართველოში არსებული რელიგიისა და მისი აქ გავრცელების ისტორიული მიზეზების შესახებ;
- წარმოადგენოს აუდიტორიის წინაშე სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე;
- შეაჯამოს განსხვავებული შეხედულებები მოცემულ საკითხზე.
მისაღები პროდუქტი:
- ესე „პიროვნების როლი ისტორიაში“
რესურსების ჩამონათვალი:
- საქართველოს ისტორია, X კლასის სახელმძღვანელო, მოსწავლის წიგნი. ავტორი – გიორგი უგულავა. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბ., 2022
- „მოქცევაი ქართლისაი“ , ძირითადი ტექსტი https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/341126/1/Moqcevai_Qartlisai.pdf
- ლეონტი მროველი, მოქცევა მირიან მეფისა და მის თანა უფლისა ყოვლისა ქართლისა წმიდისა და ნეტარისა დედისა ჩუენისა ნინო მოციქულისა მიერ, წიგნი „ნათელი ქრისტესი, საქართველო“, წიგნი I, თბ., 2003, გვ. 41-59
- მარიამ ჩხარტიშვილი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული საქართველოს ისტორიის წყაროების კომისიის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო სესია „წერილობითი ისტორიული წყაროების შესწავლისა და გამოცემის აქტუალური საკითხები (სიღნაღი, სიღნაღის არქეოლოგიური კვლევის ბაზა, 9–11 მაისი). მოხსენების თემა – „მოქცევაი ქართლისაი და I-III საუკუნის ქართლის პოლიტიკური ისტორიის საკითხები“
- მასწავლებლის მიერ მომზადებული საინფორმაციო ტექსტები (1, 2, 3)
- ისტორიის მასწავლებლის სლაიდები: „დრო და ისტორიული პერსონალიები“
- ქართული, IX კლ., ვახტანგ როდონაია, მარინე ხუციშვილი, ნინო ნაკუდაშვილი, ავთანდილ არაბული, გამომცემლობა „სწავლანი“, თბ. 2012
- ლექსიკონი: http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/saskolo/moqcevai_qarTlisai.htm
პროექტის ვადა – 2 კვირა (14 დღე)
- თემის შერჩევა და ამოცანების განსაზღვრა – 1 დღე
- ინფორმაციის შეგროვება და კვლევა – 3 დღე
- მასალის ანალიზი – 2 დღე
- დაწერა – 4 დღე
- რედაქტირება და კორექტირება – 2 დღე
- განხილვა და პრეზენტაცია – 1 დღე
- რეფლექსია – 1 დღე
ესეს ვადები – 1 კვირა (7 დღე)
- თემის შერჩევა და დაგეგმვა – 1 დღე
- კვლევა – 2 დღე
- დაწერა – 2 დღე
- რედაქტირება – 2 დღე
I ეტაპი – პრობლემის გამოკვეთა IV საუკუნის პირველი ნახევრის ქართლის ისტორიაში
რესურსი – ისტორიულ წყაროთა ცნობები:
- ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელო, პარ. 24-25: „II-III საუკუნეებში საქართველოს ტერიტორიაზე პოლიტიკური ვითარების მკვეთრი ცვლილებაა, რაც დაკავშირებული იყო კავკასიაში ახალი აგრესიული პოლიტიკური ძალის, სასანიანთა ირანის გამოჩენასთან, რაც უარყოფითად აისახა ქართლის სამეფოზე“.
- პარ. 26-27: „ქართლის სამეფოს გაქრისტიანება უმნიშვნელოვანესი არჩევანი იყო, რომელსაც არა მხოლოდ რელიგიური და კულტურული, არამედ პოლიტიკური და მსოფლმხედველობითი დატვირთვაც ჰქონდა. გაქრისტიანებით საქართველო ირანულ სივრცეს გაემიჯნა და არჩევანი დასავლურ, რომაულ-ბიზანტიურ სამყაროზე გააკეთა“.
მიღებული შედეგი – ძირითადი საკვლევი პრობლემა:
- როგორ მოხდა ქართლის გაქრისტიანება?
- რა მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად მიღებას?
II ეტაპი – დისკუსია
ძირითადი თეზა – „ნინოს ქადაგების მიზანი იყო ქართლის მკვიდრობის იმ გაგების დაძლევა, რომელიც დაკავშირებული იყო არმაზიანელობასთან და მეფის უსიტყვო მორჩილებასთან“.
სამუშაო ფორმატი – ჯგუფებში მუშაობა „გონებრივი იერიშით“
ამ ეტაპზე დისკუსიის სამუშაო კითხვებია:
- ვინ არის პიროვნება?
- ვინ არის ისტორიული პიროვნება?
- რა კავშირი აქვს პიროვნებას ისტორიასთან?
- როგორი პიროვნებისა და მოქალაქის გაგება არსებობდა ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე?
- ქრისტიანობის ქადაგებით რის შეცვლას აპირებდა ქართლში ნინო კაბადოკიელი?
- რა კავშირია ცნებებს „პიროვნებასა“ და „მოქალაქეს“ შორის?
- რამდენად მნიშვნელოვანია ამ ცნებათა ურთიერთობის შინაარსი საზოგადოებისათვის?
მიღებული შედეგი:
- პიროვნება არის საზოგადოებისა და ბუნების მიერ შექმნილი არსება, რომელსაც აქვს შემეცნება, მეტყველება და შემოქმედებითი უნარები.
- პიროვნება არის ისტორიულ-საზოგადოებრივი პროცესის მონაწილე, რომელიც თავისი აქტიურობით განსაზღვრავს ურთიერთობას გარე სამყაროსა და თავის თავთან.
- მოქალაქეებად იბადებიან, მაგრამ პიროვნებად ყალიბდებიან.
- იმ ეპოქაში ძირთადი ღირებულებები იყო კერპისა და მეფისადმი მორჩილება.
- ნინო კაბადოკიელი კერპისა და მეფის უსიტყვო მორჩილებისაგან განსხვავებულ ღირებულებებს ქადაგებდა.
III ეტაპი – ისტორიული მასალების ინტერპრეტაცია: ა) „წმინდა ნინოს ცხოვრებაში“ ცნებებს პიროვნებას და მოქალაქეს შორის ურთიერთმიმართების საკითხი“; ბ) კავშირურთიერთობის დადგენა ცნებებს პიროვნება, მოქალაქე, მკვიდრი შორის.
რესურსი: ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელო (&24-25; 26-27); ისტორიის მასწავლებლის მიერ წყაროების საფუძველზე მომზადებული საინფორმაციო ტექსტი 1 – სლაიდშოუს თანხლებით – „პიროვნების და მოქალაქის ურთიერთმიმართების საკითხზე „წმინდა ნინოს ცხოვრებაში“.
მიღებული შედეგი: ისტორიული მასალების ინტერპრეტაციამ აჩვენა, რომ ქართლში არსებობდა „მკვიდრობა“ როგორც სტატუსი.
IV ეტაპი: დისკუსია თემაზე: „ ვინ იყო ქართლის მკვიდრი?
ძირითადი კითხვა: რა უფლების მატარებელია „მკვიდრი“? ვინ მოიაზრება ცნებაში „ქართლის მკვიდრი მოსახლეობა“?
რესურსი: ისტორიის სახელმძღვანელო-&24.25.26.27 და მასწავლებლის მიერ წყაროების საფუძველზე მომზადებული საინფორმაციო ტექსტი 2.
ტექსტი 2. „მკვიდრი“ იმ ისტორიულ მონაკვეთში ნიშნავდა საზოგადოების პოლიტიკურად აქტიურ ფენას, შვილს – მემკვიდრეობითი უფლების მქონე პირს, სპას ანუ სამხედრო ვალდებულების მქონე ერთობის წევრს, იგივე თავისუფალ პირს. ეს ერთობა (თავისუფალთა ფენა) უნდა წარმოვიდგინოთ სახელმწიფოს მოქალაქის სტატუსის მქონე პირებად. ამ მკვიდრთა შორის არიან მცხეთელნი მკვიდრნიც. „ნინოს ცხოვრებიდან“ ვიგებთ, რომ მკვიდრობის სტატუსი ჰქონია არაადგილობრივი სარწმუნოების მიმდევრებს, მაგალითად, მცხეთის ებრაული დიასპორის თავს, „ჰურიათა ბაგინის“ მღვდელს – აბიათარს. ჩანს, უცხოების შემოყვანით თავის ერთობაში მცხეთის საქალაქო თემი აძლიერებდა თავის სამხედრო (შესაძლოა, არა მარტო სამხედრო) პოტენციალს. მოქალაქეთა, იგივე მკვიდრთა იდენტობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა სამეფო სახლისა და სამეფო კულტის მიმართ ლოიალობასაც. როდესაც მირიან მეფე „მკიდრობას“ სთავაზობს ნინო განმანათლებელს, ამით მას სურს ნინოს „უცხოობის“ სამოქალაქო ცხოვრებისათვის დამახასიათებელ ჩარჩოებში მოქცევა.
|
- მიღებული შედეგი: ისტორიული მასალების ინტერპრეტაციამ აჩვენა, რომ ქართლში არსებობდა „მკვიდრობა“ როგორც სტატუსი.
IV ეტაპი: დისკუსია თემაზე: „ ვინ იყო ქართლის მკვიდრი?
ძირითადი კითხვა: რა უფლების მატარებელია „მკვიდრი“? ვის მოიაზრებს ცნება „ქართლის მკვიდრი მოსახლეობა“?
რესურსი: ისტორიის სახელმძღვანელო-&24.25.26.27 და მასწავლებლის მიერ წყაროების საფუძველზე მომზადებული საინფორმაციო ტექსტი 2.
ტექსტი 2. „მკვიდრი“ იმ ისტორიულ მონაკვეთში ნიშნავდა საზოგადოების პოლიტიკურად აქტიურ ფენას, შვილს – მემკვიდრეობითი უფლების მქონე პირს, სპას ანუ სამხედრო ვალდებულების მქონე ერთობის წევრს, იგივე თავისუფალ პირს. ეს ერთობა (თავისუფალთა ფენა) უნდა წარმოვიდგინოთ სახელმწიფოს მოქალაქის სტატუსის მქონე პირებად. ამ მკვიდრთა შორის არიან მცხეთელნი მკვიდრნიც.
„ნინოს ცხოვრებიდან“ ვიგებთ, რომ მკვიდრობის სტატუსი ჰქონია არაადგილობრივი სარწმუნოების მიმდევრებს, მაგალითად, მცხეთის ებრაული დიასპორის თავს, „ჰურიათა ბაგინის“ მღვდელს – აბიათარს. ჩანს, უცხოების შემოყვანით თავის ერთობაში მცხეთის საქალაქო თემი აძლიერებდა თავის სამხედრო (შესაძლოა, არა მარტო სამხედრო) პოტენციალს. მოქალაქეთა, იგივე მკვიდრთა იდენტობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა სამეფო სახლისა და სამეფო კულტის მიმართ ლოიალობასაც. როდესაც მირიან მეფე „მკვიდრობას“ სთავაზობს ნინო განმანათლებელს, ამით მას სურს ნინოს „უცხოობის“ სამოქალაქო ცხოვრებისთვის დამახასიათებელ ჩარჩოებში მოქცევა.
მიღებული შედეგი:
- ქართლის მკვიდრი არის ყველა, ადგილობრივიც და ტომით უცხოც, ვინც თავისუფალია და საზოგადოების პოლიტიკურად აქტიური ნაწილია.
- როდესაც მირიან მეფე „მკვიდრობას“ სთავაზობს ნინო განმანათლებელს, ამით მას სურს ნინოს „უცხოობის“ სამოქალაქო ცხოვრებისათვის დამახასიათებელ ჩარჩოებში მოქცევა.
V ეტაპი – დისკუსია თემაზე: „ვინ არის ტყვე?“
ძირითადი სამუშაო კითხვა: რას გულისხმობდა სტატუსი „ტყვე“ – დატყვევებულს, ნაალაფარს თუ სხვას?
რესურსი: ისტორიის სახელმძღვანელოს და მასწავლებლის მიერ წყაროების საფუძველზე მომზადებული საინფორმაციო ტექსტი 3
ტექსტი 3. „ძველი ქართული ენის ლექსიკონის მიხედვით, ტყვე არის „ნაძარცვი, ალაფი. „ტყვენვა“ – იავარყოფა, ტყვედ წაყვანა, „მოსვრა“; „ტყუეობა“ – ტყვეობა, უცხოობა (აბულაძე 1973: 415), ძალით აყრა და გადასახლება (იმნაიშვილი 1986: 573). როდესაც ნინო თავისი სამისიონერო მოღვაწეობის სამიზნეს – მცხეთის ერს – თავს ამგვარად წარმოუდგენდა, გულისხმობდა, რომ ის არის დევნილი ქრისტიანი. ამავე დროს, ნინოს „უცხოობა“ არა მხოლოდ ეთნიკურ (უცხო ნათესავი, უცხო ენა) საფუძველზე იყო დამყარებული, არამედ რელიგიურ სფეროსაც გულისხმობდა და „არმაზიანელობისგან“ სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაზე მიანიშნებდა. ნინომ უარი უთხრა მირიან მეფეს და არც ქადაგება შეუწყვეტია. ქრისტეს ქადაგებით ის მათ „ზეციურის“ დამკვიდრებას სთავაზობდა, რომელიც „გამოსულია“ ამ ქვეყნის მეფეთა ძალაუფლებიდან და მისი მოქალაქე სულ სხვა ღირებულებებს აღიარებს: წმინდა მამათა გადმოცემით, ჭეშმარიტი ქრისტიანები ზეციური იერუსალიმის მკვიდრნი არიან. ამგვარი გაგებით, მისი მოქალაქეებიც არიან ზეციური ძალის ქვეშევრდომები და მისი მხედრები, რაც სრულიად განსხვავებული ერთობაა, ვიდრე არმაზის მსახურთა წარმოდგენაში იყო.
მიღებული შედეგი:
- ნინო კაპადოკიელი იყო დევნილი ქრისტიანი, „გამოსული“ ამ ქვეყნის მეფეთა ძალაუფლებიდან და ზეციური იერუსალიმის მკვიდრი.
VI ეტაპი: დაწერეთ მცირე ესე, რომელშიც წარმოჩნდება:
- როგორი პიროვნებაა იმდროინდელი ქართლის მმართველი, რომლის გადაწყვეტილებაზეც იყო დამოკიდებული ქვეყნის ბედი;
- როგორი პიროვნებები არიან მცხეთის მოქალაქეები, რომლებიც ეთაყვანებიან არმაზის კერპს;
- ვინ არის, როგორი ადამიანია იმდროინდელი ქართლის საზოგადოების რეალური წევრი;
- როგორ აიძულებს მირიან მეფეს ნადირობაზე მომხდარი ამბავი, შეიცვალოს წარმოდგენები და ღირებულებები.
რესურსი:
- ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ნარატივი (გვ. 260): „მირიან მეფის ნადირობა თხოთის მთაზე და მისი მოქცევა“
მიღებული შედეგი / რეზიუმეები
- ქართლის „მკვიდრობისთვის“ პიროვნულობა მნიშვნელოვანი არ იყო, მთავარი იყო „მრისხანე მმართველი“.
- მირიან მეფე განიცდის ტრანსფორმაციას, გაბედული მოქალაქე და პიროვნება ხდება და გასაქანს აძლევს ქრისტიან ადამიანს, მოქალაქეს – ამ სიტყვის თითქმის თანამედროვე გაგებით, როგორიცაა აქტიური და პასუხისმგებლობიანი მოქალაქე, რომელიც ბრმად არ მისდევს საზოგადოებრივ აზრს და პასუხისმგებელია შედეგზე.
VII ეტაპი – დისკუსია
ძირითადი თეზა: ქართლის საზოგადოება რეალურად შეიცვალა. თხოთის მთაზე ნადირობის შემდეგ ქართლის მეფე მირიანი გაქრისტიანდა და ქართლის საზოგადოებაც მოინათლა. ქართლის გაქრისტიანების შემდგომი თხრობის დროს „მკვიდრნი ქართლისანის“ ნაცვლად მემატიანე ხმარობს ცნებას: „მეფე და ყოველი ერი“.
სამუშაო კითხვები:
- როგორი პიროვნებაა ქრისტიანი ადამიანი?
- რა ცვლილება მოხდა საზოგადოებაში მირიან მეფის ნადირობის შემდეგ?
- რა შეიცვლებოდა ნინოს ქადაგების მიღებით პიროვნებისა და მოქალაქის განსაზღვრებაში?
- რას იტყოდით ნინო განმანათლებელზე როგორც პიროვნებაზე და როგორც მოქალაქეზე?
- ნინო კაპადოკიელი არის მხოლოდ ქრისტიანობის მქადაგებელი თუ „მკვიდრობის“ ახალი იდეის შემომტანი?
მიღებული შედეგი:
- ქართლის საზოგადოებაში შემოდის ახალი ფასეულობა: პიროვნების ღირსება.
- ქრისტიანობის აღიარებით სახელმწიფო ძალაუფლების ფორმასაც ეცვლება შინაარსი.
VIII ეტაპი – საბოლოო პროდუქტი – ესე „პიროვნების როლი ისტორიაში“. ნამუშევარი უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
- ცნებების – პიროვნებისა და მოქალაქის ურთიერთმიმართება „წმინდა ნინოს ცხოვრებაში“;
- ნინო კაბადოკიელის როლი საქართველოს გაქრისტიანებაში;
- ისტორიული პროცესების ზეგავლენა პიროვნებისა და მოქალაქის ცნებებზე;
- საზოგადოების ფასეულობათა ტრანსფორმაცია.
ნამუშევარი უნდა იყოს არანაკლებ 2 გვერდისა (დაახლოებით 600 სიტყვა).
წარმოსადგენი პროდუქტი: საბოლოო ნამუშევარი უნდა წარმოადგინოთ სკოლაში 2 კვირის ვადაში.
შეფასების კრიტერიუმები:
ესეს შეფასების კრიტერიუმები | ქულა |
ესეს შინაარსი ასახავს ძირითად საკითხებს და ახდენს შესაბამისი ფაქტების ინტეგრირებას; ნაშრომის სტრუქტურა მკაფიოდაა განსაზღვრული და ლოგიკურად მიმდინარეობს, არგუმენტები ლოგიკურია და ანალიზი – საფუძვლიანი; თემის ძირითადი დეტალები განხილულია და ჩანს საკუთარი დამოკიდებულება საკითხის მიმართ | 2 |
საკითხები და ფაქტები მხოლოდ ზოგად ჭრილშია წარმოდგენილი, მათ შორის შეინიშნება მიზეზშედეგობრივი კავშირები; არგუმენტები არის, მაგრამ საფუძვლიანი ანალიზი არ ახლავს; თემის ძირითადი დეტალები ფრაგმენტულადაა წარმოდგენილი; მოსწავლის დამოკიდებულება საკითხის მიმართ მხოლოდ ნაწილობრივაა წარმოჩენილი. | 1 |
საკითხები და ფაქტები არ არის ურთიერთკავშირში; ნაშრომის სტრუქტურა არ არის ლოგიკური; არ აქვს ლოგიკური დასკვნები და არგუმენტები. | 0 |
IX ეტაპი: პროექტის შეფასება/რეფლექსია
რეფლექსიის ნიმუში: სწავლების შედეგები: პროექტზე მუშაობის პროცესში გაუმჯობესდა როგორც კვლევითი უნარები, ისე ინფორმაციის ანალიზის და კრიტიკული აზროვნების უნარები; მომავალში კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა დაგეგმვისა და წყაროების შერჩევის პროცესს; ასევე ყურადღება გამახვილდება დროის უკეთ მართვაზე, რათა არ შეიქმნას დაძაბული სიტუაცია; სამომავლო მიზნები: განსაკუთრებულად გამახვილდება ყურადღება სიღრმისეულ კვლევასა და იმ მეთოდების დანერგვაზე, რომლებიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ნაშრომის ხარისხს.
საგაკვეთილო პროცესში პრობლემური ამოცანის ან სიტუაციის გადაჭრაზე ორიენტირების გამო მინიპროექტები ხელს უწყობს მოსწავლეთა ინტელექტუალურ ზრდას, ძიების სიტუაციის შექმნას და კრეატიულობას. ამ ეტაპზე, საბაზო საფეხურზე, მოსწავლეები უკვე ფლობენ ინფორმაციის მოძიებისა და ანალიზის, პრეზენტაციის უნარებს, შესაბამისად, ისტორიის მასწავლებლებს შეუძლიათ, მეტი გაბედულება გამოიჩინონ და წარმატებით ჩართონ მსგავსი პროექტები სასწავლო პროცესში.
https://mastsavlebeli.ge/
No comments:
Post a Comment