ბავშვობის დღიურებში ჩახატული თითოეული ნახატი მახსოვს. მაშინ ვფიქრობდი, რომ კარგად ვერ ვხატავდი და საკუთარ შესაძლებლობებს ჩემივე წარმოდგენების ჩარჩოში ვამწყვდევდი.
– მასწავლებელო, თქვენ მხატვარი ხართ? – თითქმის ყოველთვის მეკითხებიან ბავშვები, როდესაც მათთვის რამეს ვხატავ (უმეტესად ვიხატავ). უარყოფით პასუხს ისხლეტენ და არ იჯერებენ, რომ მე კარგად ვერ ვხატავ. მართლაც, რას ნიშნავს კარგად ხატვა? თუკი ხატვას, როგორც თვითგამოხატვის ერთ-ერთ საშუალებად მივიჩნევთ, ჩვენი დამოკიდებულება შეიცვლება.
ხშირად ვხედავ, როგორ ხატავენ მოსწავლეები გაკვეთილებზე „სკეჩბუკში“ (სახატავ ლბომში). თუ რატომ შეიძლება ხატავდნენ ბავშვები გაკვეთილზე, ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ქრისტინა სურგულაძის სტატია. ძალიან მომწონს, როგორ იცვლება ბავშვების გამომეტყველება ხატვისას. მსიამოვნებს მათი ნახატების თვალიერება. ერთ მშვენიერ დღეს კი, ჩემი მოსწავლეების გავლენითა და მიბაძვით, „სკეჩბუკი“ ვიყიდე და ჩემი ყოველდღიური ამბების ჩახატვა დავიწყე.
თავდაპირველად სურვილს მივყევი, შემდეგ კი სახატავ ალბომში ხატვამ გარკვეული ფორმა მიიღო და ამბის თხრობის, ცხოვრების გამორჩეული მომენტების შემჩნევისა და ასახვის, გაზიარების საშუალებად იქცა. თავად პროცესიც არანაკლებ მნიშვნელოვანია – ხატვა ძალიან მსიამოვნებს და საერთოდ არ ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ ვხატავ. მთავარია, ფურცელზე ამბის ვიზუალურად გაცოცხლება შევძლო. ზოგჯერ ისიც კი მიფიქრია, რომ ჩემი ნახატები ჰგავს დღის განმავლობაში მობილური ტელეფონით გადაღებულ ფოტოებს, განსხვავება კი უზარმაზარია – საკუთარი ხელებით შექმნილი „კადრი“ დამუხტულია სხეულის ენერგიით, რომელსაც სხვებიც გრძნობენ.
სკოლაში მასწავლებელი ვარ, სახლში – დედა. ბავშვები მუდმივად მაკვირდებიან, რას ვაკეთებ, როგორ ვატარებ თავისუფალ დროს. “სკეჩბუკში” პირველი ჩანახატი მოსწავლეებს და შვილებს ვაჩვენე. მომისმინეს, გაუკვირდათ, დაფიქრდნენ და აღფრთოვანდნენ. ვხატავ ამბებს, რომლებსაც ვამჩნევ და გულში მრჩება. ამბების ჩახატვა არის საკუთარ თავთან მეგობრობა და ფიქრი იმაზე, რას ვხედავთ, ვყვებით, რა გვესიზმრება.
დღის ამბების მინიმალისტური ნახატები ქართულის გაკვეთილებს დავუკავშირე და სწავლა-სწავლების პროცესში ჩავრთე. თხრობა და წერა – ამ ორი უმთავრესი უნარის განსავითარებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩემ მიერ აღწერილი მეთოდი, ამასთანავე, შემოქმედებით უნარების გამოვლენასაც ხელს უწყობს.
პირველი ნახატი
ვუყურებ ნახატს და მოვლენებს ვიხსენებ. დღიურებში დატოვებულ თარიღებს რომ ვპოულობ, ვმშვიდდები. 4 დეკემბერს ძალიან ბევრი რამ მოხდა. ჩემს მეოთხე შვილს მუცლით ვატარებდი. სკოლიდან დაბრუნებული საცურაო აუზისკენ გავეშურე. ორსულობის ბოლო ექვსი თვე აქტიურად ვცურავდი. ვუყურებ ფურცელზე დახატულ აუზს და მიხარია იმ დღეების გახსენება. ცურვისას ძალიან ბევრს ვფიქრობდი. ცნობიერების ნაკადს ემსგავსებოდა ჩემი ფიქრები წყალქვეშ. ავტობუსში უცხო ადამიანებს შორის გამომწყვდეულმა წამლეკავი სიყვარული ვიგრძენი იქ მყოფი მგზავრებისადმი. ისიც კი ვიფიქრე, ნეტავ, ნამდვილად ცოცხლები თუ ვართ-მეთქი. ვიცი, რომ შემთხვევითი გადაკვეთის წერტილები არ არსებობს. ჭურჭლის მაღაზიაში ჩემი სადამრიგებლო კლასისთვის ვიყიდე საათი, რომლის ციფერბლატზე ტროპიკული მცენარის ფოთლები იყო გამოსახული. საათი დაფის თავზე დავკიდეთ, მაგრამ მალევე გაფუჭდა. მაღაზიის კიბეზე ალკოჰოლით გაბრუებული მამაკაცი შევნიშნე. თავი მის ადგილას წარმოვიდგინე და გული მომეწურა. ვიწრო კიბეებზე ამოდიოდა ასაკოვანი ქალი, რომელიც უჩვეულოდ მოხრილიყო და მოწყალებას თხოულობდა. ნეტავ, ვინ ხარ-მეთქი, გავიფიქრე და კიბეზე თავქვე დავეშვი.
მეორე ნახატი
5 დეკემბერს სკოლისკენ მივრბოდი. იმ პერიოდში სკვერში მუშები ფუსფუსებდნენ. ერთ-ერთი მათგანი 12-13 წლის ბიჭს კალათბურთს ეთამაშებოდა და ბურთს ფარისკენ ისროდა. ისეთი ახალგაზრდული შემართებით თამაშობდა, განწყობა მეც გადმომედო. გაელვებისას დაჭერილი მომენტი ნახატად ვაქციე და როცა ბავშვებს ვაჩვენებ, ვგრძნობ, როგორ გაყუჩდებიან ხოლმე. მგონია, რომ მათი წამიერი დაფიქრებაც კი უკვალოდ არ ჩაივლის. ამ ნახატის უკან დავხატე წიგნი, რომელიც ჩემი ქმრის მეგობრის აგარაკზე აღმოვაჩინე და მაჩუქეს. არჩილ სულაკაურის „ჯადოსნური კაბის“ შესახებ მანამდე არაფერი ვიცოდი.
მესამე ნახატი
„ლილეს ვუყიდე პრინცესული კაბა, თაკოს და ნიკოს საჩუქრები, ავტობუსში შავი ცუგა ამოხტა და ახმეტელამდე გამომყვა. ნაძვის ხის განათება ვიყიდე“. – ეს მინაწერი 23 დეკემბრის ნახატზე დამიტოვებია. უზომოდ მიყვარს ჩემი შვილებისა თუ მოსწავლეებისთვის საჩუქრების ყიდვა. ყურსასმენებიანი გოგო დამიხატავს კიდევ. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას მუსიკას ხშირად ვუსმენ. მგზავრობა საკუთარ თავთან განმარტოების დროა.
მეოთხე ნახატი
თანდათან ჩემი შვილებიც დაინტერესდნენ, რას შევარჩევდი დასახატად. დეკემბრის ბოლოს გაბრიელთან და ლილესთან ერთად შინ ვბრუნდებოდი. საღამოვდებოდა. სიცივე ძვლებში ატანდა. ერთი სული გვქონდა, ლიფტს სახლისკენ გავექროლებინეთ. ამ დროს შევნიშნეთ ტროტუართან დადგმული ხის ყუთიდან გადმოყრილი ძაღლის თათები და გული აგვიჩუყდა. ცოტა ხანს შევჩერდით და დავრწმუნდით, რომ მძინარე ძაღლის თათები სამივემ შევამჩნიეთ. როცა ეს ნახატი დავხატე, ბავშვებმა ულამაზესი ღიმილით დამაჯილდოვეს.
მეხუთე ნახატი
მაღაზიიდან შინისკენ მივიჩქაროდი. შორიდან დავინახე ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი – ხელჩაკიდებულებს ბავშვი მოჰყავდათ. უეცრად ეს კაცი ჩარლი ჩაპლინივით ამოძრავდა და ბავშვმა სიცილი ატეხა. ისეთი საოცარი იყო, მათი გართობა რომ დავინახე. ახლაც მაბედნიერებს უცნობი ადამიანების სიხარულის გახსენება.
მეექვსე ნახატი
ძილიდან რეალობაში დაბრუნება ხშირად პატარა დეტალებით გაოცებას უკავშირდება. თითქოს სამყარო მიღიმის და კარს ფართოდ მიღებს. ამ ნახატზეც ერთ-ერთი გამოღვიძებაა ასახული. თვალი გავახილე თუ არა, ფარდებს შორის შემომავალი მზის სხივები დავინახე. სულ ოდნავ რომ გამეტოკებინა თავი, მზის სხივების ნათება იკარგებოდა. გული მადლიერებით მევსება, როცა ასეთი პატარა ამბებს ვამჩნევ.
მეშვიდე ნახატი
ზოგჯერ უჩვეულოდ მშვენიერ სიზმრებს ვხედავ. ამ ნახატზე გავაცოცხლე შუადღის სიზმარი. მდინარეს წიგნებით სავსე მაგიდა მიაქვს სახლისკენ, სადაც ცხოვრობს გოგო. წიგნებს შორის ბიჭს დაუტოვებია წარწერა “love is…”. გოგოს საჩუქარი ძალიან გაუხარდა. – უცნობი წყვილის სასიყვარულო ისტორიას სიზმარშივე რადიოში ვისმენ და მოსმენილს კადრებად ვხედავ. ჩემი სიზმარი ძალიან შევიყვარე, შვილებს მოვუყევი და დავხატე. გავიდა დრო და ჩემმა ხუთი წლის გოგომ ჩემი ნახატის გვერდით თავისი თვალთახედვით აღქმული ჩემი სიზმარი დახატა.
მერვე ნახატი
„ლილე პაწია კალიამ შეაშინა. ცოცხით დავდევდი დასაჭერად და უეცრად სიცილი აგვიტყდა“. – მერვე ნახატის ამბავი ასეთი იყო. დავხედავთ ამ ნახატს და ისევ გვეცინება. ყველაზე მეტად ეს ნახატი გვიყვარს მე და ლილეს ამ ალბომიდან.
მეცხრე ნახატი
ლილემ ნოემბრის ამბავი ივნისში გამახსენა. ერთ საღამოს შინ ვბრუნდებოდით. სკოლის ღობესთან შემაჩერა და ხიდან გამომავალი ჩიტების გაბმული ჭიკჭიკი მომასმენინა. დავაკვირდით და მარადმწვანე ხის მიღმა დავინახეთ უამრავი ბეღურა. ლილე რომ არა, მე ვერც ჩიტების ჭიკჭიკს შევნიშნავდი და ვერც ბეღურებს დავინახავდი. რამდენ რამეს ვერ ვამჩნევთ?
მეათე ნახატი
ბოლო ნახატი დღეს საღამოს დავხატე. ეს სოფელი უწერაა, სადაც სამი წელი ვცხოვრობდი და „Mastsavlebeli.ge”-ს ავტორობამდე აქ გატარებულმა დღეებმა მომიყვანა. ჩემი დახატული სახლი ევგენი ბაბუას და ეთერი ბებოს აშენებულია. უწერაში ყოფნისას მათ შესახებ ხშირად ვწერდი. ახლა არცერთი მათგანი ცოცხალი აღარაა. დღეს მათი სახლის ეზოში მყოფს თვალწინ კადრებად გამირბინა, როგორ შედიოდა ჭიშკარში ტყიდან დაბრუნებული ევგენი ბაბუა ზურგზე აკიდებული გოდრით და ძალიან მომენატრა. სახლის დახატვის სურვილი დაბინდებისას მეწვია. სამი თვის ბიჭი გულზე მყავდა ჩამოკიდებული, ვიდექი ეზოში და სოფელში გატარებულ დღეებს ვიხსენებდი. ჰაერში დატრიალებულმა კვამლმა მოგონებები გამოიხმო. სევდისგან გული მომეწურა, რას ვერ ვამჩნევდი მაშინ? რა დავკარგე? რა ვერ მოვიხელთე? სად არიან ადამიანები, რომლებიც ამ სოფელში ცხოვრობდნენ?
ხატვისას ლილე თავს დამტრიალებდა. ვიცი, რომ მაკვირდება და იმახსოვრებს ჩემს ქმედებებს. ვიცი, რომ ეს ნახატიც აუცილებლად აირეკლება მასზე.
ასე რომ, შეგვიძლია, ხატვა ამბის თხრობას დავუკავშიროთ. ამ ეტაპზე სახატავ ალბომში იმისთვის ვხატავ, რომ ამბვი მოვყვე, გავიხსენო, არ დავივიწყო და ისევ განვიცადო
https://mastsavlebeli.ge/
No comments:
Post a Comment