მას შემდეგ, რაც მე-19 საუკუნის 60-იან წლებში სამწერლო ასპარეზზე გამოჩნდა, აკაკი წერეთლის პოპულარობა და მის მიმართ მკითხველის სიყვარული უკიდეგანო იყო. ასეა დღემდე. რასაკვირველია, ამგვარ ინტერესს ხელოვნურად ვერავინ აღძრავს, ის მხოლოდ მწერლის გენიალურობის დამსახურებაა. გენიალურობას კი მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს: უპირველესად ის, რამდენად გრძნობს ავტორი თავისი ქვეყნისა და ხალხის სატკივარს, რამდენად ემოციურად ეხება საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებს, რამდენად გულწრფელი და მართალია, რამდენად შთამბეჭდავად ძერწავს მხატვრულ სახეებს, რამდენად ახლობელია მკითხველისთვის მისი ენა, თხრობის მანერა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ აკაკი სულში უძვრებოდა ქართველ მკითხველს.
როცა აკაკის ცხოვრებაზე ვფიქრობ, სულ მგონია, რომ სახალხო მგოსანი უიღბლო იყო სიყვარულში, რაც მის შემოქმედებაშიც აისახა. მან შექმნა სიყვარულში ჰარმონიისა და ზეციური სიმაღლის მოდელი „გამზრდელში“ ბათუსა და ნაზიბროლას სიყვარულის სახით, შექმნა წერეთლის ქალისადმი ბაში-აჩუკის სიყვარულის ამაღელვებელი ისტორია. აკაკის ბიოგრაფები უკეთ იტყვიან, მაგრამ მიმაჩნია, რომ ნატალია ბაზილევსკაიასთან უიღბლო ქორწინებამ, მერე კი ტასო ბაგრატიონისადმი ცალმხრივმა და აკრძალულმა სიყვარულმა აკაკის სულს მძლავრი ქარიშხლები გამოატარა. ის არა მხოლოდ გულთამხილავი მწერალი, არამედ პიროვნულად უზომოდ მომხიბლავი ნატურა, ვნებებით სავსე, კოსმიური ენერგიის მატარებელი, მხცოვანებაშიც კი ჭაბუკური სულისკვეთების ადამიანი იყო. მას სწყუროდა დიდი სიყვარული, გვერდით – საყვარელი ქალი, რომელიც მისი საუკეთესო მეგობარი, თანამოაზრე და თანაგანმცდელი იქნებოდა, როგორც ილიას ჰყავდა ოლღა, ტიციანს – ნინა, სიმონ ჩიქოვანს – მარიკა, ლადოს – ანიკო, გურამ დოჩანაშვილს – ნათელა. სამწუხაროდ, აკაკის გვერდით ასეთი სულის მესაიდუმლე მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ გამოჩენილა.
თავქარიანი და საბედისწერო ტასო ბაგრატიონისადმი მისი ტრფიალებაც უკვე ხანდაზმულ ასაკში გამოძახილი იყო იმ წყურვილისა თუ ოცნებისა, რომელიც მიუღწეველი და აუხდენელი დარჩა აკაკისთვის.
შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ მეცხრამეტე საუკუნეში ილიას, აკაკისა და ვაჟას დამოკიდებულება ქალთა მიმართ, რაც მათ შემოქმედებასა და პუბლიცისტიკაში მკაფიოდ აისახა, იმდენად ნოვატორული და თანამედროვეა, რომ 21-ე საუკუნის ადამიანსაც კი გააოცებს. ეპოქაში, როცა ქალთა უფლებები სრულიად უგულებელყოფილი იყო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მაღალცივილიზებულ ევროპასა და ამერიკაშიც, ამ სამმა მწერალმა გაუგონარი სოლიდარობა გამოუცხადა ქალებს. ისინი ყველგან წერდნენ ქალთა ღირსებებსა და შესაძლებლობებზე, აკისრებდნენ ქალებს უმაღლეს მისიას, ქმნიდნენ ქალთა უნიკალურ სახეებს. იმავდროულად, წერდნენ იმ მორალურ-ეთიკურ პრობლემებზეც, რომლებიც ქალებს ყოველთვის უშლიდა ხელს პირად ცხოვრებაში თუ საზოგადოებრივ ასპარეზზე. თვალთმაქცი ქალის დაუვიწყარი სახეები დახატეს ილიამ, აკაკიმ და ვაჟამ. მაგალითებად იკმარებს სუტ-კნეინა „კაცია-ადამიანიდან“, თიმსალ-მაკო „ბაში-აჩუკიდან“, ზია-ხანუმი „გამზრდელიდან“ და ვაჟას პოემა „ცოლი ანუ ჩემი თავგადასავლის“ პერსონაჟი კატოც.
აკაკის შემოქმედებიდან ნაკლებად პოპულარულია მოთხრობა „სამგვარი სიყვარული“. აკაკის აქვს ამავე სახელწოდების ლექსიც, რომელშიც პოეტი სამგვარ სიყვარულზე საუბრობს. მისი თქმით, პოეტები სიყვარულის სადგურად მხოლოდ გულს ხატავენ, მაშინ როდესაც სიყვარული სამგვარია და მათ შორის დიდი სხვაობაა. პირველი „გულის ფხანაა“, როცა ცეცხლმოდებით უყვარს სულს, მაგრამ ასეთი სიყვარული „იფეთქებს და მალე ქრება და იმასვე თან გაჰყვება მომხიბლავი ნეტარება“. მეორეა, როცა უყვარს არა გულს, არამედ გონებას – „არ დაეძებს გარეგნობას და მშვენიერ სანახავსა“. ადვილი მისახვედრია, რომ პოეტი ამგვარ სიყვარულში პრაგმატულობასა და ანგარიშიანობას ხედავს, რაც ესოდენ არ უხდება სიყვარულს, შორსაა ნამდვილი გრძნობისაგან. ასეთი სიყვარულიც, მისი აზრით, უღონო და წარმავალია და როგორც კი საქმე ხორციელებამდე მივა, სიყვარული ქრება. მესამე სიყვარულს კი აკაკი ამგვარად გვიხატავს:
„მესამე კი სულ სხვა არის! მხოლოდ იგრძნობს მას რჩეული,
თანასწორად როცა შესტრფის როგორც თავი, ისე გული.
და ამგვარად შენ მიყვარხარ, თავითაც და გულითაცა!
ყველა შენთვის შემიწირავს: დაბლა – მიწა და მაღლა – ცა!“
მოთხრობა „სამგვარი სიყვარული“ ფსიქოლოგიზმის ხერხის სიმარჯვითა და თხრობის ოსტატობითაც აჯადოებს მკითხველს. ავტორი მოთხრობის სამ თავში პირველ პირში მოგვითხრობს სამ სასიყვარულო ისტორიას. იგი უდიდესი ოსტატობით ხატავს შეყვარებული ადამიანის სულის მოძრაობას, მისი პერსონაჟი სიყვარულს მოწყურებულია, თუმცა თვითკრიტიკულია და მომაჯადოებელი თვითირონიით ჰყვება უიღბლო სიყვარულზე. თავები დასათაურებულია შემდეგნაირად: I – „გამოუცდელი“, II – „ჟინი“, III – „ნამდვილი“. მთავარი გმირები არიან უცნობი მთხრობელის სიყვარულის ობიექტები: თინათინი, მათიკო და ელენე.
პირველი ისტორია, როგორც სათაურიც გვეუბნება, ასახავს გამოუცდელი ახალგაზრდის ვნებებს. მისი სიყვარულის ობიექტი, ცბიერი და თვალთმაქცი თინათინი, მანიპულატორია და საკუთარ ხლართებში ახვევს ახალგაზრდა მეოცნებეს, რომელსაც თავადვე შემპარავი ირონიით ლოქო უწოდა. ისტორიის დასასრულს მის მსხვერპლად ქცეული ვაჟი თავადაც ლოქოდ გრძნობს თავს. ქალის სახელი თითქოს „ვეფხისტყაოსნის“ სწორუპოვარი მეფე-ქალის პაროდირებული ვარიანტია. ეს არის მე-19 საუკუნის თინათინი. აკაკი მიანიშნებს, რომ თინათინობა ახალ ეპოქას გაუუკუღმართებია და ქალები სულთამხუთავებად ქცეულან. პირველი თავის დასაწყისში ავტორი ღრმა ფსიქოლოგიზმის ხერხით წარმოგვიდგენს თავის გმირს, რომელიც სულის უღრმეს ხვეულებში გვახედებს. მეოცნებე ბიჭი ვერ გარკვეულა საკუთარ წარმოსახვებში და ქალს, რომელზეც ოცნებობს, „ვიღაცას“ უწოდებს, რადგან არც კი იცის, მიწიერ სამყაროში ვინ და როგორი ადამიანი უნდა ეძებოს. ახალგაზრდულ ასაკს ამგვარი ილუზიები დიახაც ახლავს. ფსევდოთინათინის ვნებიანმა ხრიკებმა გმირს ფრთები შეასხა. „თითქოს რაღაც ძლევამოსილება, ამირანთ-ამირანობა მომენიჭაო“, – ამბობს ის, მაგრამ მალევე აღმოაჩენს, რომ მისი თინათინი ავთანდილის თინათინივით ერთგული, ბრძენი, სულგრძელი და თავგანწირული სულაც არ ყოფილა – როგორც კი სატრფო შორს გაიგულა, ახალ რაყიფთან დაიწყო სასიყვარულო ვნების დაცხრობა. როცა ჩვენი გმირი მოულოდნელად მობრუნდა, საყვარელ ქალი სხვა კაცთან ერთად იხილა საწოლში. შეყვარებული გმირის თრთოლა („ფეხებს ძირს აღარ ვაკარებდი, მხოლოდ გულს კი გაჰქონდა ბაგაბუგი, თითქოს გულზე ბამბას მაპენტავდნენ“) ტრაგიკულად დასრულდა მოღალატის რისხვის ისრებით. „გადი აქედან! გაეთრიე! აღარ დაგინახოს ჩემმა თვალებმა, შე ლოქო, შენაო!“ – სატრფოს ამ სიტყვებმა ბიჭზე გამანადგურებლად იმოქმედა, რამდენიმე კვირა ანთებიანი იწვა საავადმყოფოში, ხოლო ლოქოს ხსენებაზე მეოთხედი საუკუნის შემდეგაც კი გული უღონდებოდა.
მეორე თავში ჩვენი გმირი უკვე სიყვარულზე იმედგაცრუებული და ხელჩაქნეულია: „პირველი სიყვარულის სენმოხდილს, სურვილი ნდომად მქონდა გადაქცეული და გრძნობა – გულის ფხანად. ვიცოდი, რომ სიყვარული „მომატყუე-მოგატყუე-ს“ ბურჭალობა იყო და ამიტომაც კიტრად ვაფასებდი: ახალ-ახალი მენატრებოდა და ძველი აღარ მინდოდა!“
მათიკო უაღრესად მიმზიდველი აღმოჩნდა მისთვის, – გააფრთხილეს კიდეც, რომ „ვერიცანას“ ეძახდნენ, – თაყვანისმცემლების გუნდს იხვევდა, „ჰხრუკავდა და არ ათბობდა“. აქ მათიკო „გამზრდელის“ ზია-ხანუმს მოგვაგონებს, რომელზეც საფარ-ბეგი ამბობს: „მთვარესავით ხელუხლები სხივებს ჰფენს და არვის ათბობს, მომხიბლავი შორეულად თანასწორად ყველას ატკბობს. ჯერ გაჰღალავს, მიიბირებს, დაიმონებს, იგდებს ხელში, მერე უნდა გამოსცადოს, აგდებს მის მსხვერპლს განსაცდელში!“
როგორც კი ჩვენი გმირი მგზნებარე სიყვარულში გამოუტყდა მათიკოს, ქალმა სწორედ ზია-ხანუმივით ჰკითხა: „რა მსხვერპლის მოტანა შეგიძლია ჩემი სიყვარულის გულისთვის?“ – „თვით შეუძლებელიც!“ – მიუგო ვაჟმა. კლასიკური ხანის საგმირო-სარაინდო ეპოსებშიც („ვეფხისტყაოსანი“ ამის საუკეთესო მაგალითია) ქალი ვაჟს საგმირო დავალებას აძლევს, რაც შეიძლება სიყვარულის სანაცვლო მსხვერპლად აღიქმებოდეს, თუმცა ზია-ხანუმისა და მათიკოს მსხვერპლი სხვაგვარია. თინათინი უცხო მოყმის პოვნას ავალებს ავთანდილს, ხოლო ნესტან-დარეჯანი ტარიელს – გაურჩებული ხატაეთის სამეფოს შემომტკიცებას, თუმცა საგმირო-სარაინდო ეპოსში ქალის მიერ ვაჟისთვის მიცემული დავალება არ მოიაზრება ჭირვეულობად და თვითმიზნურ მსხვერპლად. აქ ქალია ინსპირაციის წყარო, მან ზუსტად იცის, რა სჭირდება სატრფოს, რომ გაძლიერდეს, ამაღლდეს, გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდა ჩააბაროს და ამის შემდეგ სიყვარული ტკბილზე ტკბილი იქნება. რაინდი ბრძოლით მოიპოვებს ქალის სიყვარულს, მოგზაურობს, ომობს, ბოროტ ძალებს ამარცხებს, სამყაროს შეიმეცნებს, ძალებს იკრებს, განღმრთობას აღწევს და, უეჭველად გამარჯვებული, ყოველმხრივ გამდიდრებული ბრუნდება, რადგან ამ აქტის იდეაშივეა ჩადებული ვაჟისთვის სულიერი და ფიზიკური ძალების მინიჭება, მისი ზეაღსვლა. ამიტომაც საგმირო დავალებებს რაინდები უსიკვდილოდ ასრულებდნენ და, სიყვარულით გასხოვოსნებულებს, არანაირი დაბრკოლების გადალახვა არ უჭირდათ.
„ვეფხისტყაოსნის“ ქალთა სახეებისგან რადიკალურად განსხვავდებიან აკაკის თინათინი და მათიკო. ისინი თვალთმაქცი, უზნეო, უგულო, დაუნდობელი, უსულგულო ადამიანები არიან, მათთვის ადამიანის გაწირვა არაფერია. აკაკი თითქოს აფრთხილებს მკითხველს, რომ სიყვარულმა არ დააბრმაოს, იცოდეს, რომ სამყაროში ამგვარი მორალური დაცემა ადამიანისა ხშირია. თინათინის ხელში თუ აკაკის გმირი ლოქოდ გრძნობდა თავს, მათიკოსთან ავტორმა ოსტატურად მოიშველია მწვანე კიტრის მეტაფორა. ამ მხატვრულ სახეში ჩააქსოვა აკაკიმ ისიც, რომ თინათინისგან გულგატეხილ ვაჟს სიყვარული კიტრის ფასადაც არ უღირდა, ისიც, რომ, გავრცელებული ხალხური ფრაზეოლოგიზმის არ იყოს, მწვანე კიტრივით მოჰქონდათ თავი მათიკოსაც და მის შეყვარებულსაც. ამიტომაც კრახით დასრულდა მათი სიყვარული. თუ ავთანდილი ამბობდა: „მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არა მოვკრეფ კიტრად ბერად, ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად“, – მათიკოს და მის რაყიფებს შეუძლიათ თქვან, რომ მწვანე კიტრივით თავმოწონებამ სწორედ „კიტრად ბერად“ აქცია მათი ყოფა.
მოთხრობის მესამე თავში უკვე კარგად გამოცდილი გმირი ხვდება ელიკოს, მათიკოსა და თინათინისგან სრულიად განსხვავებულ ადამიანს, რომელიც არ არის საზოგადოების სული და გული, მაგრამ გულწრფელია, უზაკველი და უბოროტო. ვაჟი აკვირდება, როგორი დაუნდობელია საზოგადოება ამ მშვენიერი არსების მიმართ. ელენეს შეუდარებელი სილამაზე და სითამამე შურით ავსებს გარშემო მყოფებს და ბევრია ჩასაფრებული, რომ მას სახელი გაუტეხოს. ელენე გაერიდება საზოგადოებას, ბიძასთან სოფელში გადადის საცხოვრებლად, თუმცა მისი სახელისთვის ჩირქის მოცხებას, მის გარყვნილებაზე ჭორების გავრცელებას მაინც ახერხებენ მოშურნეები.
ერთხელ, თამაშის დროს, როცა ელენემ მოთხრობის გმირს ჰკითხა, რა გსურს ჩემთვისო, მან უპასუხა, სიკვდილიო. ელენეს არ სწყენია. მოგვიანებით მან გაზეთში ამოიკითხა ამ კაცის სიტყვები: „როცა ჯერ უმანკო, ბუნებისგან საიმედოდ და საქებრად გაჩენილი ახალგაზრდა შემხვდება ხოლმე ჩვენში, მე გულზე ნაღველი მენთხევა და მის სიკვდილსა ვნატრობ, რადგანაც ვიცი, რომ ეს ჩვენი მონებითი საზოგადო ცხოვრება უეჭველად გააუკუღმართებს მის ადამიანობას… და ნუთუ სპეტაკად საფლავში ჩასვლა არ სჯობია ცოცხლადვე ზნეობითად მკვდრობას!“
იმავეს ამბობს ილია პოემა „აჩრდილში“, როცა დამონებული საზოგადოების უბედურებაზე, მწვავე სოციალურ ჩაგვრაზე საუბრობს:
„თუ ღმერთმა მისცა შენსა ასულსა
სილამაზე და მშვენიერება, –
მონავ ჩაგრულო, ვითამ შენს გულსა
სასიხარულოდ ეგე ექმნება?
…მას, რაც გიყვარდა, ნახავ დაცემულს,
ნამუსწართმეულს და შეგინებულს!..
პირს უკუიქცევ და შეძრწუნდები,
ცრემლს მოინდომებ და არ გექმნება,
წყევლით, ვაებით მას განშორდები
და ქალი შენი შენ შეგზარდება, –
და მაშინ იტყვი: ნეტავი გველად,
გველის წიწილად მე მომცემოდი,
რომ ქვეყნის ქელვად, ქვეყნის სათრევლად
შენ, შვილო ჩემო, არ გამხდომოდი…“
იგივე პრობლემა უდიდესი ექსპრესიით ასახა ილიამ „გლახის ნაამბობში“, სადაც გლეხის ქალს, თამროს, თავისი სილამაზე ძვირად დაუჯდა, ამას შეეწირა მისი ოჯახიც და სიყვარულიც.
ქალთა პრობლემების სენსიტიურობას ეხება აკაკიც, როცა „სამგვარ სიყვარულში“ ამ თემაზე საუბრობს. ელიკო არ დაინდო საზოგადოებამ, მას ჭორები გაუვრცელეს, გარიყეს, მაგრამ, საბედნიეროდ, ის ძლიერი ქალი აღმოჩნდა, გამოიმუშავა ერთგვარი ანტიდოტი და მასზე შეყვარებულ გმირს სულიერად გამთლიანებული გამოეცხადა მასკარადზე. მასკარადი აქ თითქოს ცხოვრების ალეგორიაა, ელენეს ნიღაბიც მისი სულიერი სიმტკიცის გამომხატველი დეტალია. მან გამოსცადა სატრფო იმით, რომ მოატყუა, მე ხომ შვილი მყავს და მისი მიღება თუ შეგიძლიაო, რაზეც პასუხად მიიღო, რომ საყვარელი ქალის შვილი მისთვისაც შვილი იქნებოდა, არ მოაკლებდა მამობრივ მზრუნველობას. როცა ელენე გამოუტყდა ვაჟს, რომ მხოლოდ გამოსცადა, რადგან ეს მისთვის პირველი სიყვარული იყო, ამ უკანასკნელს ასეთი განცდა დაეუფლა: „მეგონა, თუ ნათლის სვეტი შემოგვებურა და ყოველივე დაჰფარა-მეთქი!.. მაღლით ტკბილი ხმა მესმოდა: „და იყო იგინი ერთ სულ და ერთ ხორც!“
დიახ, სიყვარული ერთ სულ და ერთ ხორც ყოფნაა და მისთვის უცხოა ანგარება, მზაკვრობა, თვალთმაქცობა, ტყუილი. ცხოვრებისგან ჩაწიხლულმა, ადამიანებისგან მრავალგზის მოტყუებულმა და გაწირულმა გმირებმა დაიმსახურეს და მოიპოვეს ნამდვილი სიყვარული.
ავტორი სახელს არ არქმევს მოთხრობის მთავარ გმირს. მის ყოველ ქცევაში, სამყაროს მისეულ აღქმაში ილანდება ავტორის ორეული, მისი ალტერ ეგო, თითქოს ამ მოთხრობით აკაკიმ თავისი ცხოვრების სატკივარიც და საოცნებოც გადმოსცა. სატკივარი, რომელიც ნამდვილად გამოსცადა, ხოლო ლამაზ სიყვარულზე ოცნება ოცნებად დარჩა.
ამბობენ, რომ მწერალს ტკივილი აწერინებს. სამწუხაროა, რომ ჩვენი პოეტების მეფე სიყვარულში ხელმოცარული ადამიანი იყო, რომ მთელი ცხოვრება აკლდა ოჯახური სითბო, თუმცა ვინ იცის, იქნებ სწორედ ამ ტკივილებმა შვა დიდი ხელოვანი, საოცარი გრძნობითა და ემოციით რომ უზიარებს ადამიანებს ცხოვრების ავან-ჩავანს, ადამიანის დაცემისა თუ ამაღლების ყველა საიდუმლოს.
https://mastsavlebeli.ge/
No comments:
Post a Comment