რა არის თემატური პოსტერი და რა მიზნით ვიყენებთ მას?
თემატური პოსტერი არის ცხოვრებისეული ან გამოგონილი სიუჟეტის მიხედვით შექმნილი დიდი ფორმატის ნახატი/სურათი. პოსტერის თემატიკა ამოუწურავი შინაარსის შეიძლება იყოს, რაც განაპირობებს ამ რესურსის უნივერსალურობას — გამოყენებულ იქნას სხვადასხვა კლასსა და სხვადასხვა საგანში, განსაკუთრებით კი ენის გაკვეთილებზე. მნიშვნელოვანია, რომ თემატური პოსტერი დაბეჭდილი იყოს დიდი ზომის მასალაზე, რათა დაფაზე გაკვრის შემდეგ მოსწავლეებმა იოლად აღიქვან მისი დეტალები.
თემატური პოსტერი გვეხმარება მეტყველებისა (ზეპირი თუ წერილობითი) და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში, ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში და გამოიყენება, როგორც მშობლიური ენის, ასევე მეორე/უცხოური ენის გაკვეთილებზე. უფრო კონკრეტულად, იგი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი მიზნებისთვის:
- ლექსიკური მარაგის გამდიდრება (ყველა კლასში, განსაკუთრებით, მეორე/უცხოური ენის გაკვეთილებზე);
- ფონოლოგიური უნარების განვითარება (პირველ კლასში);
- ფონეტიკური კომპეტენციის, ბგერების სწორად წარმოთქმის უნარის გამომუშავება, განსაკუთრებით, ქართულის (ან ნებისმიერი სხვა ენის), როგორც არამშობლიური ენის შემსწავლელებისთვის;
- ზეპირმეტყველების (მოსმენისა და ლაპარაკის) განვითარება (ყველა კლასში);
- სიტყვების წაკითხვაში გაწაფვა (პირველ, მეორე და მესამე კლასებში);
- ფუნქციური სამეტყველო ქმედებების (აღწერა, თხრობა, შედარება, დასაბუთება) განვითარება (ყველა კლასში);
- წერისა (პირველ-მეორე კლასებში) და შემოქმედებითი წერის ფარგლებში სხვადასხვა ჟანრის ტექსტის (დღიური, ჩანახატი, წერილი, ესე, მოთხრობა, ზღაპარი…) სწავლება (მესამე კლასიდან);
- სხვადასხვა გრამატიკული საკითხის სწავლება;
- ინტეგრირებული და დიფერენცირებული სწავლება.
როგორ ვმუშაობთ თემატური პოსტერით?
თემატურ პოსტერზე მუშაობისას შეგვიძლია მრავალფეროვანი აქტივობების წარმართვა. სანამ ასეთ აქტივობებს ჩამოვთვლით, აღვნიშნოთ, რომ თითოეული აქტივობის სირთულე-სიმარტივე, ხანგრძლივობა თუ საერთოდ ჩატარებაც კი დამოკიდებული იქნება მოსწავლეთა საჭიროებებსა და მზაობაზე. თუნდაც იმაზე, მოსწავლეები მშობლიური ენის სწავლების ფორმატში დაამუშავებენ პოსტერს თუ მეორე/უცხოური ენის სწავლებისას გამოიყენებენ. ერთიც აღვნიშნოთ, რომ ეს რესურსი შეუცვლელი და მეტად სასარგებლოა არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის შესწავლისთვის. რასაკვირველია, ქართულენოვანი სკოლებისთვისაც — უცხოური ენებისა და თვით მშობლიური ენის გაკვეთილებზეც.
მოკლედ მიმოვიხილოთ პოსტერის გამოყენების საფეხურები, ხოლო შემდეგ კონკრეტული პოსტერის მიხედვით განვიხილოთ თითოეული საფეხური.
- პოსტერის/თემის წარდგენა
მასწავლებელი წარადგენს პოსტერს, ასახელებს თემას, ზოგადად აღნიშნავს, ნაცნობი გარემოა თუ არა პოსტერზე ასახული და ამ პროცესს წარმართავს მოსწავლეთა ჩართულობით.
- პოსტერზე არსებული საგნების დასახელება/დაწერა/წაკითხვა (ვინ? რა?)
ერთ-ერთი პირველი აქტივობა უნდა იყოს, საგნებისთვის სახელების დარქმევა. მეორე/უცხოური ენის გაკვეთილებზე პირველ კლასში შეტანილ ასეთ პოსტერებზე ფაქტობრივად საგანთა უმეტესობის დასახელება უცნობი იქნება ბავშვებისთვის. მშობლიური ენის გაკვეთილებზეც იქნება რამდენიმე ისეთი საგანი, რომელთა სახელი ბავშვებმა შეიძლება არ იცოდნენ. რასაკვირველია, სიტყვების რაოდენობა და სიხშირის დონე დამოკიდებული იქნება, თუ რომელ კლასში რა საჭიროების მოსწავლეებთან ვამუშავებთ ამა თუ იმ პოსტერს.
აქ და ქვემოთ წარმოდგენილი სიტყვები მასწავლებელმა უნდა განათავსოს ანბანური ან თემატური სიტყვების კედელზეც.
თუკი მასწავლებელი შედარებით მაღალ კლასში იყენებს პოსტერს, შესაძლოა, ამა თუ იმ საკვანძო სიტყვის მიხედვით მოსწავლეებს შევავსებინოთ სხვადასხვა სქემა. მაგალითად, ,,სიტყვის პირამიდა” (იხ. https://rb.gy/p88r6m ), ,,ფრეიერის სქემა” (იხ. https://rb.gy/k3m5w0 ) და სხვ.
- საგნის თვისების აღმნიშვნელი სიტყვების დასახელება (როგორი?)
მიუხედავად იმისა, იციან თუ არა ბავშვებმა გრამატიკული კატეგორია ,,ზედსართავი სახელი”, ისინი მაინც ახერხებენ საგნისა და მისი თვისების აღმნიშვნელი სიტყვების გამიჯვნას. ამაში მასწავლებელს დაეხმარება კითხვითი სიტყვის (როგორი? რანაირი?) გამოყენებაც. აგრეთვე, შეიძლება გააქტიურდეს საგანთა რაოდენობის აღმნიშვნელი სიტყვებიც: ერთი, ორი… ბევრი, რამდენიმე…
- მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვების დასახელება (რას შვრება?)
ამ შემთხვევაშიც, ბავშვებმა შეიძლება არ იცოდნენ (და პირველ წლებში არც იციან) ზმნა, როგორც გრამატიკული კატეგორია, თუმცა სიტყვათა სიმრავლეში შეუძლიათ მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვების გამოყოფა. კარგი იქნება, თუკი ასეთ სიტყვებზე მასწავლებელი ცალკეც გაამახვილებს ყურადღებას. განსაკუთრებით ფასეულია ეს რესურსი იმ მეორე/უცხოური ენის მასწავლებლებისთვის, რომლებიც გაკვეთილზე მოსწავლეთა მშობლიური ენის გამოყენებას მინიმუმამდე ზღუდავენ და პირდაპირ, თვალსაჩინოდ აჩვენებენ პოსტერზე ასახული ქმედების ამსახველი სიტყვების მნიშვნელობას.
ასევე, შეიძლება ყურადღება გავამახვილოთ ზმნიზედებზე (სად? როდის? როგორ?) და სხვა მეტყველების ნაწილებზე.
- პოსტერზე ასახული ადამიანებისთვის/პერსონაჟებისთვის სახელების დარქმევა
ეს კომპონენტი პოსტერსაც უფრო ,,აცოცხლებს” და სასწავლო პროცესსაც ხელშესახებს ხდის. მოსწავლეები ხალისით არქმევენ ხოლმე პოსტერზე ასახულ ადამიანებსა თუ ცხოველებს საკუთარ სახელებს.
- პოსტერის სიტყვების განთავსება სიტყვების კედელზე
როგორც წესი, დაწყებით საფეხურზე საკლასო რესურსების შემამკობელია ე. წ. ანბანური და/ან თემატური სიტყვების კედელი. კარგი იქნება, თუკი პოსტერის სიტყვებს აგრეთვე განათავსებენ სიტყვების კედელზეც, ხოლო თუკი უკვე განთავსებულია, მაშინ მოძებნიან და წაიკითხავენ კიდეც.
მას შემდეგ, რაც პოსტერი კარგად დამუშავდება ზეპირმეტყველებაში (მოსმენითა და წარმოთქმით), კარგი იქნება სიტყვის ბარათების გამოყენება, მათი პოსტერზე განთავსებაც, მიკვრა და მათი გამოყენებით სიტყვების სწრაფად წაკითხვაზე ორიენტირებული მრავალფეროვანი სავარჯიშოს წარმართვა.
- „კი“ და „არა” წინადადებებზე რეაგირება
სიტყვების დასახელებისა და პოსტერის ლექსიკურად დამუშავების შემდეგ მასწავლებელი ასახელებს წინადადებებს, ხოლო მოსწავლეები კი-არა პასუხებით უნდა დაეთანხმონ ან უარყონ ამ წინადადების სისწორე. განსაკუთრებით პირველ-მეორე კლასში ასეთი საფეხური, მხოლოდ თანხმობა-უარყოფით რეაქცია მოსწავლეებს უადვილებთ ინტერაქციაში შესვლას პოსტერის შინაარსის ათვისების გზაზე. ამასთან, თანდათან წინადადებების დასახელებაში ჩაერთვებიან მოსწავლეებიც.
წინადადებების სირთულე დამოკიდებული იქნება მოსწავლეთა მზაობასა და საჭიროებაზე და ის შეიძლება დავიწყოთ ერთსიტყვიანი წინადადებებით ისე, როგორც, მაგალითად, ამ ვიდეოშია მოცემული 1:06-დან: https://shorturl.at/akqwX
- წინადადებების შედგენა და/ან მათი განვრცობა
მასწავლებელი მოსწავლეთა ჩართულობით მოფიქრებულ წინადადებებს ამატებენ სიტყვებს და ამით განავრცობენ მათ. ამ დროს შეიძლება გამოიყენონ ნებისმიერი ახალი სიტყვა, რომელიც წინადადება გახდის უფრო განვრცობილს, ლექსიკურად მდიდარს.
- სხვადასხვა დონის შეკითხვებზე პასუხების გაცემა (ერთსიტყვიანი, ორსიტყვიანი, სრული პასუხები)
ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის პოსტერის მიხედვით შეკითხვების დასმა და მათზე პასუხის გაცემა. შეკითხვების დიაპაზონი დაიწყება უმარტივესიდან და დასრულდება რთული შეკითხვებით. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოსწავლეთა კონკრეტულმა ჯგუფმა ეს დიაპაზონი თავიდან ბოლომდე ამოწუროს — შეკითხვების შერჩევა მოსწავლეთა შესაძლებლობაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ ქვემოთ სწორედ ამ დიაპაზონის სხვადასხვა დონის შეკითხვების ნიმუშებს შემოგთავაზებთ.
- „თუ-თუ წინადადებები“ და სრული ფიზიკური რეაქცია
ერთ-ერთი მომხიბლავი კომპონენტი პოსტერებზე მუშაობისას სწორედ ე.წ. ,,თუ-თუ წინადადებებია“. ამ წინადადებების წარმოთქმისას მასწავლებელი იძლევა ინსტრუქცია, რომელიც უნდა შეასრულონ მოსწავლეებმა იმ შემთხვევაში, თუკი ეს წინადადება შეესაბამება პოსტერზე ასახულ სინამდვილეს. ხოლო თუკი მცდარ წინადადებას ასახელებს მასწავლებელი, მაშინ მოსწავლეები ამ ინსტრუქციას არ ასრულებენ.
- ზეპირად და/ან წერილობით სურათის აღწერა
მოსწავლეები აღწერენ პოსტერზე ასახულ სიტუაციას. ხშირად მასწავლებელი რამდენიმე ნაწილად ყოფს ხოლმე პოსტერს და ჯერ ერთ ნაწილს აღწერენ, შემდეგ დანარჩენებს. ან, შეიძლება, მოსწავლეთა ერთ ჯგუფს ერთი ნაწილი აღვაწერინოთ, ხოლო სხვა ჯგუფს — მათი შესაძლებლობისთვის შესაბამისი სხვა ნაწილი.
- დავალებების შესრულება
თემატური პოსტერები კარგი რესურსია კომპლექსური ხასიათის დავალებების შესასრულებლად. ასეთი დავალებების დიაპაზონი ფართოა: დაწყებული სხვადასხვა გრამატიკული კატეგორიის სიტყვების დაჯგუფებიდან, ამბის მოფიქრებით თუ სხვა შემოქმედებითი წერითი დავალებებით. აგრეთვე, რომელიმე ფუნქციური სამეტყველო ქმედების (შედარება, დასაბუთება…) განვითარებაზე ორიენტირებული დავალება კარგად ინტეგრირდება პოსტერის შინაარსთან დაკავშირებითაც.
რესურსის გამოყენება საკმაოდ მოქნილად შეგვიძლია, რაც იძლევა საშუალებას, სხვადასხვა ხანგრძლივობის, დანიშნულების აქტივობები ამა თუ იმ თანმიმდევრობით წარვმართოთ. ერთი თემატური პოსტერის დამუშავება შესაძლებელია გაგრძელდეს რამდენიმე გაკვეთილზე და მას შეიძლება კიდევ მივუბრუნდეთ ორი-სამი კვირის/თვის, მეტიც, რამდენიმე წლის შემდეგაც კი ახალი, განსხვავებული დავალებებით. იმის მიხედვით, თუ რა შინაარსისა და რა სტრუქტურისაა თემატური პოსტერი, მისი დამუშავება შეიძლება წარიმართოს ნაწილ-ნაწილაც. ქვემოთ შემოთავაზებულია იდეები ორ ნაწილად დაყოფილი პოსტერისთვის. ბოლოს კი წარმოდგენილია დავალებების იდეები მთლიანი პოსტერისთვის.
მნიშვნელოვანია, თითოეულ ეტაპზე მუშაობისას მასწავლებელმა გაითვალისწინოს ე.წ. პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემის მოდელი, რაც გულისხმობს ჯერ მასწავლებლის მიერ თვალსაჩინო მოდელირებას, შემდეგ მასწავლებლის პერფორმანსში მოსწავლეთა თანდათან ჩართვას, შემდეგ უკვე მოსწავლის პერფორმანსში მასწავლებლის თანამონაწილეობას, ბოლოს კი მოსწავლის მიერ კონკრეტული კომპეტენციის დამოუკიდებლად წარმართვას.
თემატური პოსტერი “სოფელი”
(პოსტერი დამზადებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.)
ქვემოთ წარმოდგენილია ორ ნაწილად გაყოფილი პოსტერის დამუშავება. აღსანიშნავია, რომ პოსტერის კიდევ უფრო მეტად დეტალიზებაც შეიძლება. მაგალითად, მხოლოდ ტრაქტორის სცენის ან ბოსტნის სცენის გამოყოფა და ასე ნაწილ-ნაწილ დამუშავება. ერთი მონაკვეთის დამუშავებისას შეიძლება სხვა ნაწილი გადავკეცოთ და ისე გავაკრათ დაფაზე ან დანარჩენი სივრცე ქაღალდით დავფაროთ.
1-ელი ნაწილი
საგნების დასახელება
ქალი/ქალები, კაცი/კაცები, გოგო, მწყემსი, მძღოლი, ძროხები, ხბო, ძაღლი, იხვი, ჭრიჭინა, ბატები, ცხვრები, თხა, ფუტკრები, სკები, სახლი, სამზარეულო, სკა, წყარო, ხე, ეზო, მთები, ცა, შვეულმფრენი, ტრაქტორი, ველოსიპედი, ფარები, ბორბალი, საბურავები, ძარა, ურიკა, შეშა, საზამთრო, ვედრო, ბოსტანი, ბაღი, ეზო, მდინარე, გუბე, ხე, ვაშლები, კომბოსტო…
საგნის თვისებების აღმნიშვნელი სიტყვების დასახელება
მწვანე, წითელი, ყვითელი, ლურჯი, თეთრი… მრგვალი, დაჭრილი, ზოლიანი, სავსე, მძიმე, ღია, ანკარა, მწიფე, დახურული, გაბრაზებული, დახრილი, ასული, სუფთა…
მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვების დასახელება
ზის, დგას, მირბის, წევს, სვამს, დაცურავს, დადის, მიდის, ატარებს, მწყემსავს, დებს, კრეფს, მოაქვს, ამზადებს, ყიყინებს, მიფრინავს…
სახელების დარქმევა
მაგალითად, ქეთევანი, ლია, ანა, ლეილა, ზურიკო, ივანე, დათო, სიმონი, ვახტანგი, ჯუდუ…
„კი“ და „არა“ წინადადებებზე რეაგირება
მასწავლებელი დაასახელებს წინადადებებს, მოსწავლეები კი მხოლოდ ,,კი” ან ,,არა” პასუხებით რეაგირებენ:
- მწყემსს ჰყავს ოთხი ცხვარი. (კი)
- ეზოში ბევრი საზამთროა. (კი)
- წითელპერანგიანი კაცი ძარაზე საზამთროს დებს. (არა)
- ორი ძროხა გუბეში წევს. (კი)
- სახლის წინ, სკამზე, მოხუცი კაცი ზის. (კი)
როგორც წესი, ამ კომპონენტისთვის საწყის ეტაპზე გამოიყენება სახელდებითი წინადადებები. მაგალითად,
- ძროხა
- ჭრელი ძროხა
- მწყემსი
- ნაბდიანი მწყემსი
- ნაბდიანი მწყემსი კომბლით…
(კი-არა წინადადებებზე რეაგირებისას აუცილებელია, მასწავლებელმა თავისი ხელით ან ჯოხით ან ლაზერის სხივით კონკრეტულად მიუთითოს იმ ადგილზე, რომელსაც ასახავს ესა თუ ის წინადადება).
წინადადებების შედგენა და მათი განვრცობა
- გოგონა ვაშლებს კრეფს. → მოკლეკაბიანი გოგონა ვაშლებს კრეფს. → მოკლეკაბიანი გოგონა წითელ ვაშლებს კრეფს. → მოკლეკაბიანი გოგონა ეზოში წითელ ვაშლებს კრეფს. → მოკლეკაბიანი გოგონა ეზოში წითელ ვაშლებს ფრთხილად კრეფს. → მოკლეკაბიანი გოგონა ეზოში მაღალ ხეზე წითელ ვაშლებს ფრთხილად კრეფს.
- კაცი საზამთროს ძარაზე დებს. → მელოტი კაცი საზამთროს ძარაზე დებს. → მელოტი კაცი საზამთროს ძარაზე ფრთხილად დებს. → მელოტი კაცი მოწყვეტილ საზამთროს ძარაზე ფრთხილად დებს. → მელოტი კაცი თავის ბოსტანში მოწყვეტილ საზამთროს ძარაზე ფრთხილად დებს.
შეკითხვების დასმა
(შეკითხვების დასმისას მასწავლებელი თან ხელითაც ანიშნებს შესაბამის ადგილზე. პირველ ეტაპზე ეს აუცილებელია).
ქალაქი? სოფელი? დიდი სოფელი? პატარა სოფელი?
რა დგას ამ ეზოში? რამდენი სართული აქვს ამ სახლს? ვინ ცხოვრობენ ამ სახლში? რას აკეთებს ქალი სახლში? რას აკეთებს ქალი ეზოში? რას აკეთებს კაცი ეზოში? რას აკეთებს კაცი სახლის წინ? კიდევ ვინ არის ეზოში? რას აკეთებს გოგონა?
რამდენი ძროხაა პოსტერის ამ ნაწილზე? რას შვრებიან ისინი? კიდევ რა არის მდინარეში? კიდევ რომელი ფრინველია პოსტერზე? რამდენი ძაღლია პოსტერზე და სად არიან ისინი?
ვინ ზის ტრაქტორზე? რატომაა ტრაქტორის მძღოლი გაბრაზებული? რა მოაქვს მას? სად ალაგია შეშა? როგორ ფიქრობთ, სად მიაქვს მძღოლს შეშა?
,,თუ-თუ წინადადებები” და სრული ფიზიკური რეაქცია
- თუ ცაში შვეულმფრენი დაფრინავს, ადექით ფეხზე!
- თუ ბიჭი ველოსიპედით მიდის, აწიეთ მარჯვენა ხელი!
- თუ გოგონა ვაშლს კრეფს, თავზე გადაისვით მარჯვენა ხელი!
- თუ მელოტი კაცი ბალახს თიბავს, თავი მიაბრუნეთ ფანჯრებისკენ!
- თუ ტრაქტორის ძარაზე შეშა აწყვია, გაშლილი ხელები მერხებზე დააწყვეთ!
- თუ ეს კაცი სახლის წინ ზის, ბიჭებმა ტაში დაუკარით!
- თუ ამ სახლს კრამიტის სახურავი აქვს, დააკაკუნეთ მერხზე!..
ეს კომპონენტიც უნდა დაიწყოს უმარტივესი წინადადებებით:
- თუ ეს არის სახლი, აწიეთ ხელები!
- თუ ეს არის ძროხა, დააბაკუნეთ ფეხები!..
იდეები დავალებებისთვის
- დაწერეთ ამბავი ,,საზამთროს თავგადასავალი — გზა მიწიდან სუფრამდე” და დაასურათეთ;
- დახატე ,,შეშით დატვირთული ტრაქტორის მარშრუტი” და აღწერე;
- შეადარე ერთმანეთს გუბე და მდინარე. გამოყავი, რა აქვთ მსგავსება და რა — განსხვავება.
მე-2 ნაწილი
საგნების დასახელება
ბიჭი/ბიჭები, გოგო/გოგონები, კაცი/კაცები, ეზო, ხე, ცა, მთა, სახლი, სახურავი, კრამიტი, ფიცარი, კიბე, ფანჯარა, კარი, კედელი, ღობე, თივა, ზვინი, ცელი, ფიწალი, ბალახი, მდინარე, ხიდი, ვირი, ურიკა, ჯოხი, თოკი, ანკესი, ვედრო, ქვა, თევზი, სათამაშო მანქანა…
საგნის თვისებების აღმნიშვნელი სიტყვების დასახელება
წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი… გრძელი, დახურული, გრძელყურა, გაბრაზებული, გახარებული, დაღლილი, მდორე…
მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვების დასახელება
თევზაობს, თამაშობს, ზის, გადადის, მიუძღვის, უჭირავს, თიბავს/ცელავს, მიაქვთ, ადის, დგას, აწოდებს, ალაგებს/აწყობს…
სახელების დარქმევა
მაგალითად, ანა, მამუკა, გია, პეტრე, გიო, მალხაზი, გარი, ალი, კახა, კობა…
„კი“ და „არა“ წინადადებებზე რეაგირება
მასწავლებელი დაასახელებს წინადადებებს, მოსწავლეები კი მხოლოდ ,,კი” ან ,,არა” პასუხებით რეაგირებენ:
- მდინარეზე თევზაობს ოთხი ბავშვი. (არა)
- ხიდზე გადადის ვირი, რომელსაც მიაქვს თივა. (კი)
- ეზოში დგას ერთი კაცი და ბალახს თიბავს. (კი)
- მეორე ეზოში გრძელი ფიცრები აწყვია. (კი)
- კიბეზე კაცი დგას და სახლის სახურავზე კრამიტს ალაგებს. (კი)
როგორც წესი, ამ კომპონენტისთვის საწყის ეტაპზე გამოიყენება სახელდებითი წინადადებები. მაგალითად,
- ბიჭი
- წითური ბიჭი
- ურიკაში შებმული ვირი
- გრძელი ფიცრები
- ცისფერი მდინარე…
(კი-არა წინადადებებზე რეაგირებისას აუცილებელია, მასწავლებელმა თავისი ხელით ან ჯოხით ან ლაზერის სხივით კონკრეტულად მიუთითოს იმ ადგილზე, რომელსაც ასახავს ესა თუ ის წინადადება.)
წინადადებების შედგენა და მათი განვრცობა
- კაცი ბალახს თიბავს. → კაცი ეზოში ბალახს თიბავს. → მწვანეშარვლიანი კაცი ეზოში ბალახს თიბავს. → მწვანეშარვლიანი ულვაშა კაცი ეზოში ბალახს თიბავს. → მწვანეშარვლიანი ულვაშა კაცი ეზოში მწვანე ბალახს მარჯვედ თიბავს.
- ბიჭი მდინარეში თევზაობს. → პატარა ბიჭი მდინარეში თევზაობს. → პატარა ბიჭი მდინარეში ანკესით თევზაობს. → გახარებული პატარა ბიჭი მდინარეში ანკესით თევზაობს. → გახარებული პატარა ბიჭი სოფლის მდინარეში ანკესით თევზაობს.
შეკითხვების დასმა
(შეკითხვების დასმისას მასწავლებელი თან ხელითაც ანიშნებს შესაბამის ადგილზე. პირველ ეტაპზე ეს აუცილებელია.)
მდინარე? ქალაქის მდინარე? სოფლის მდინარე?
რას აკეთებს პატარა ბიჭი? რით თევზაობს პატარა ბიჭი? როგორ ვხვდებით, რომ ეს პატარა ბიჭი თევზაობს, რა მიგვანიშნებს ამაზე? როგორ ხასიათზეა პატარა ბიჭი? რატომ არის პატარა ბიჭი კარგ ხასიათზე?
რას აკეთებს ეს გაბრაზებული კაცი? რატომ არის ის გაბრაზებული? რა მიაქვს ვირს? რას აკეთებს ბიჭი, რომელიც თივაზე ზის? ვინ იქნება ეს ბიჭი ამ კაცის? სად მიდიან ისინი? საიდან მოდიან?
რას აკეთებენ ადამიანები მეორე ეზოში? სახლის შენების რა ეტაპზე არიან ისინი? რა მიგვანიშნებს იმაზე, რომ ისინი სახლის შენების ბოლო ეტაპზე არიან? რას აკეთებს კიბეზე მდგარი ადამიანი? ვინ ეხმარება მას? როგორ ფიქრობთ, ვინ არიან ეს ადამიანები ერთმანეთისთვის?..
,,თუ-თუ წინადადებები” და სრული ფიზიკური რეაქცია
- თუ მდინარესთან სამი ბავშვია, ადექით ფეხზე!
- თუ ბიჭი თევზებს ანკესით იჭერს, აწიეთ მარჯვენა ხელი!
- თუ ხიდზე ძროხა გადადის, თავზე გადაისვით მარჯვენა ხელი!
- თუ ეზოში ულვაშიანი კაცი ბალახს თიბავს, თავი მიაბრუნეთ ფანჯრებისკენ!
- თუ ფიცარი ორ კაცს მიაქვს, გაშლილი ხელები მერხებზე დააწყვეთ!
- თუ ეს ბიჭი თივაზე ზის, ბიჭებმა ტაში დაუკარით!
- თუ აქ წვიმს, დააკაკუნეთ მერხზე!..
იდეები კომპლექსური დავალებებისთვის
- აღწერე სახლის აშენების ეტაპები და დაასურათე თითოეული ეტაპი;
- აღწერე ბალახის ,,თავგადასავალი” გაზაფხულიდან ზამთრამდე და დაასურათე ეს ეტაპები;
- გაითამაშე იმ ადამიანების დიალოგი, რომლებიც სახლს აშენებენ…
დავალებების იდეები მთლიანი პოსტერისთვის
- შეადარე ერთმანეთს ორი ეზო, აღნიშნე მათ შორის მსგავსება-განსხვავება. შენ რომელ ეზოში უფრო მოგეწონებოდა ცხოვრება? რატომ?
- დაწერე თხზულება ,,ერთი დღე ამ სოფელში”.
თემატური პოსტერი “ზამთარი”
(პოსტერი დამზადებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ).
1-ელი ნაწილი
საგნების დასახელება
ბიჭი/ბიჭები, გოგო/გოგონები, ბოტები, ქუდი, შარვალი, პალტო, შარფი, ჯემპრი, ციგა, თხილამურები, გუნდა, თოვლი, ნაძვი…
საგნის თვისებების აღმნიშვნელი სიტყვების დასახელება
წითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი, ღია მწვანე, სტაფილოსფერი, თეთრი, თოვლიანი, მხიარული, აწითლებული, შეკრული, მრგვალი, გაშლილი…
მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვების დასახელება
სრიალებს, ზის/სხედან, დგას, მირბის, ისვრის, გუნდაობს, უკეთია, აცვია, იცინის…
სახელების დარქმევა
მაგალითად, ანა, თაკო, კახა, ლუკა, დათო, ნინი, ნიკო, მანუშაკი, ალი…
“კი და არა” წინადადებებზე რეაგირება
მასწავლებელი დაასახელებს წინადადებებს, მოსწავლეები კი მხოლოდ ,,კი” ან ,,არა” პასუხებით რეაგირებენ:
- თხილამურებზე დგას ერთი ბავშვი. (კი)
- ციგაზე ზის სამი ბავშვი. (არა)
- ბავშვები ქვიშაში თამაშობენ. (არა)
- ყველა ბავშვს ქუდი ახურავს. (არა)
- ორ ბავშვს შარფი არ უკეთია. (კი)
აღსანიშნავია, რომ ამ კომპონენტისთვის საწყის ეტაპზე გამოიყენება სახელდებითი წინადადებები. მაგალითად,
- გოგო
- ნარინჯისფერი პალტო
- გოგო ნარინჯისფერ პალტოში
- ციგა
- თავისუფალი ციგა…
(კი-არა წინადადებებზე რეაგირებისას აუცილებელია, მასწავლებელმა თავისი ხელით ან ჯოხით ან ლაზერის სხივით კონკრეტულად მიუთითოს იმ ადგილზე, რომელსაც ასახავს ესა თუ ის წინადადება).
წინადადებების შედგენა და მათი განვრცობა
- გოგონა გუნდას ისვრის. → წითელბოტებიანი გოგონა გუნდას ისვრის. → წითელბოტებიანი გოგონა თოვლის გუნდას შორს ისვრის. → წითელბოტებიანი გოგონა თოვლის გუნდას შორს ისვრის და იცინის.
- ბიჭი თხილამურებზე დგას. → წითელქურთუკიანი ბიჭი თხილამურებზე დგას. → წითელქურთუკიანი ბიჭი თხილამურებზე დგას და სრიალებს. → წითელქურთუკიანი ბიჭი ჭრელ თხილამურებზე დგას და სწრაფად სრიალებს.
შეკითხვების დასმა
(შეკითხვების დასმისას მასწავლებელი თან ხელითაც ანიშნებს შესაბამის ადგილზე. პირველ ეტაპზე ეს აუცილებელიცაა.)
გოგო? ნარინჯისფერპალტოიანი გოგო? რას აკეთებს გოგო? რას აკეთებს ბიჭი? რამდენი ბავშვია პოსტერის ამ ნაწილზე? რას აკეთებს წითელქურთუკიანი ბიჭი? რამდენი ციგაა პოსტერზე? რატომ არის ერთი ციგა თავისუფალი? ვისია ის ციგა, რომელზეც ორი ბავშვი ზის?
,,თუ-თუ წინადადებები” და სრული ფიზიკური რეაქცია
თუ გოგონას წითელი ბოტები აცვია, ადექით ფეხზე! თუ აქ ოთხი ბავშვია, აწიეთ მარჯვენა ხელი! თუ ამ ციგაზე ერთი ბავშვია, თავზე გადაისვით მარჯვენა ხელი! თუ ციგაზე წინ მჯდარ ბიჭს მწვანე ქურთუკი აცვია, თავი მიაბრუნეთ ფანჯრებისკენ! თუ წითელქურთუკიანი გოგონა თხილამურებზე დგას, გაშლილი ხელები მერხებზე დააწყვეთ!
იდეები დავალებებისთვის
- აღნუსხე, აღწერე და დააჯგუფე ბავშვების ტანსაცმელი;
- აღწერე ბავშვი, რომელიც ყველაზე უფრო უფრო მოგწონს…
მე-2 ნაწილი
საგნების დასახელება
ბიჭი/ბიჭები, გოგო/გოგონები, ქალი/ქალები, სახლი, სკამი, ბოტები, ხელთათმანები, ქუდი, შარვალი, პალტო, შარფი, ჯემპრი, ციგა, გუნდა, თოვლი, თოვლის ბაბუა, სტაფილო, ვედრო…
საგნის თვისებების აღმნიშვნელი სიტყვების დასახელება
იისფერი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი, სტაფილოსფერი, თეთრი, ჭრელი, ზოლიანი, თოვლიანი, მხიარული, წითელლოყება, მრგვალი…
მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვების დასახელება
აკეთებს/აკეთებენ, სრიალებს, ზის/სხედან, ისვრის, გუნდაობს, უკეთია, აცვია, იცინის, უსწორებს, ლაპარაკობენ…
სახელების დარქმევა
მაგალითად, ნუკრი, თამრიკო, ლევანი, ნანი, იმედა, ხათუნა, ირმა, ალინა, მუჰამედი, თარაში…
„კი“ და „არა“ წინადადებებზე რეაგირება
მასწავლებელი დაასახელებს წინადადებებს, მოსწავლეები კი მხოლოდ ,,კი” ან ,,არა” პასუხებით რეაგირებენ:
- თოვლის ბაბუას აკეთებს ორი ბავშვი. (კი)
- ციგაზე ზის ორი ბავშვი. (არა)
- ბავშვები სკოლაში ერთობიან. (არა)
- ყველა ბავშვს პალტო აცვია. (არა)
- ბავშვები თოვლის ბაბუას სტაფილოს უკეთებენ. (კი)
როგორც წესი, ამ კომპონენტისთვის საწყის ეტაპზე გამოიყენება სახელდებითი წინადადებები. მაგალითად,
- ბიჭი
- ჭრელქუდიანი ბიჭი
- ბიჭი ნარინჯისფერ პალტოში
- ხელთათმანი
- ვარდისფერი ხელთათმანი…
(კი-არა წინადადებებზე რეაგირებისას აუცილებელია, მასწავლებელმა თავისი ხელით ან ჯოხით ან ლაზერის სხივით კონკრეტულად მიუთითოს იმ ადგილზე, რომელსაც ასახავს ესა თუ ის წინადადება.)
წინადადებების შედგენა და მათი განვრცობა
- ბავშვები თოვლის ბაბუას აკეთებენ. → ზამთარში ბავშვები თოვლის ბაბუას აკეთებენ. → ზამთარში ეზოში ბავშვები თოვლის ბაბუას აკეთებენ. → ზამთარში ეზოში თბილად ჩაცმული ბავშვები თოვლის ბაბუას აკეთებენ. → ზამთარში ეზოში თბილად ჩაცმული ბავშვები თოვლის ბაბუას მხიარულად აკეთებენ.
- ეზოში სახლი დგას. → ეზოში ხის სახლი დგას. → თოვლიან ეზოში ხის სახლი დგას. → თოვლიან ეზოში დათოვლილი ხის სახლი დგას.
შეკითხვების დასმა
(შეკითხვების დასმისას მასწავლებელი თან ხელითაც ანიშნებს შესაბამის ადგილზე. პირველ ეტაპზე ეს აუცილებელია).
ბიჭი? ნარინჯისფერპალტოიანი ბიჭი? რას აკეთებს ნარინჯისფერპალტოიანი ბიჭი? რა უჭირავს ამ ბიჭს ხელში? რატომ უჭირავს ამ ბიჭს ხელში ტოტი?
რამდენი ბავშვია პოსტერის ამ ნაწილზე? რამდენი ადამიანი ზის პოსტერის ამ ნაწილზე? რამდენი ბავშვი სრიალებს? ვის ესვრის ბიჭი გუნდას? საიდან მოიტანდნენ ბავშვები სტაფილოსა და ვედროს? ვინ მოიტანდა სტაფილოს?
,,თუ-თუ წინადადებები” და სრული ფიზიკური რეაქცია
თუ თოვლის ბაბუას ორი ბავშვი აკეთებს, ადექით ფეხზე! თუ თოვლის ბაბუას ჭარხალი უკეთია, აწიეთ მარჯვენა ხელი! თუ ამ ციგაზე ერთი ბავშვია, თავზე გადაისვით მარჯვენა ხელი! სკამზე მჯდარი ბავშვები ლაპარაკობენ, თავი მიაბრუნეთ ფანჯრებისკენ! თუ ციგაზე მჯდომ ბავშვს შარფი არ უკეთია, გაშლილი ხელები მერხებზე დააწყვეთ! თუ სახლის წინ სკამზე ოთხი ადამიანი ზის, გოგონებმა ტაში დაუკარით! თუ რომელიმე ბავშვს ყავისფერი ბოტები აცვია, დააკაკუნეთ მერხზე!..
იდეები დავალებებისთვის
- აღნუსხე, აღწერე და დააჯგუფე ბავშვების ტანსაცმელი;
- აღწერე თოვლის ბაბუას გაკეთების ეტაპები და დაასურათე თითოეული ეტაპი;
- გაითამაშე იმ ბავშვების დიალოგი, რომლებიც თოვლის ბაბუას აკეთებენ…
დავალებების იდეები მთლიანი პოსტერისთვის
- აღწერე ბავშვი, რომელიც შენ ყველაზე მეტად გგავს და ისაუბრე, რით გგავს იგი.
- აღწერე ბავშვი, რომლის როლში ისურვებდი ყოფნას და ისაუბრე, რატომ მოგწონს მის როლში ყოფნა.
- დახატე და შემდეგ აღწერე ის მაღაზია, რომელშიც პოსტერზე დახატული ბავშვების ტანსაცმელები იყიდება. გაითამაშეთ ტანსაცმლის ყიდვის სცენა.
- მოიფიქრე, როგორ გაერთობოდნენ პოსტერზე უკანა სკამზე მსხდომი უფროსი ადამიანები, როდესაც ისინი პატარები იყვნენ? რა იქნებოდა მსგავსი და რა იქნებოდა განსხვავებული ამ პოსტერზე მოცემული სიტუაციისგან?
- S. დაახლოებით მსგავსი პრინციპით დამუშავებული სხვა პოსტერები შეგიძლიათ იხილოთ USAID საბაზისო პროგრამის ფარგლებში ჩემ მიერ შექმნილი რესურსების სახით:
1. თემატური პოსტერი „ექსკურსია” https://drive.google.com/file/d/1LgE5Yf1A1bjHc7ypkFY9LBae4KHet9-i/view?usp=drive_link
2. თემატური პოსტერი „დაბადების დღე” https://drive.google.com/file/d/16lV0XhttEqzuR1v0xNkRU5C-tT2GaUQc/view?usp=drive_link
https://mastsavlebeli.ge/
No comments:
Post a Comment