Thursday, August 1, 2024

ქალები ვაჟა-ფშაველას პოემებში

  („ბახტრიონი, „გიგლია“, „ეთერი“, „სისხლის ძიება“)

რაც შეეხება ქალთა კონკრეტულ სახეებს, რომლებიც ვაჟა-ფშაველას პოემებში გვხვდება, მათი გალერეა მრავალფეროვანია. მასში გვხვდებიან ქალები – დიდი პიროვნებები, საკაცობრიო თვისებებითა და გრძნობით აღსავსენი და ასევე, ყოველდღიურ საზრუნავზე მზრუნველი, სულმოკლე, აწრიალებული, მოფუსფუსე და გამოჩენის მიმდევარი ქალები.

ვაჟასეულ ქალთა პირველ წყებაში საპატიო ადგილი დედებს აქვთ მიჩენილი – სანათას პოემა „ბახტრიონიდან“ და გიგილას დედას პოემიდან „გიგლია“.

 

დავიწყოთ სანათას დახასიათებით. პოემაში სანათას გამოჩენისთანავე იბადება კითხვა: ვინ არის ეს „ბერი დიაცი“, ცრემლი რომ „წინ უდგას გუბედა“, თემის ხელშეუხებელი ტრადიცია რომ ასე თამამად დაურღვევია, ქალისთვის დაუშვებელი მოვალეობა უკისრია: „მარტოს დაუკლავ საკლავი, თვითონვე უტყავებია“ და ხევისბერის მაგივრად მიცვალებულთ ამწყალობებს. შინაგანად ძლიერი ადამიანის გარდა, ამას ვერავინ ჩაიდენდა, თუნდაც ისეთ გამოუვალ მდგომარეობაშიც, როგორიც სანათას შემთხვევაშია: მამაკაცი რომ აღარაა დარჩენილი თემში მტერთან ბრძოლის შემდეგ („უკაცურთ კაცობა გვმართებს, მანამ სული გვჩრავ პირშია, ხატიც შეგვინდობს ცოდვასა…“) ცხადია, სანათა, ჯოხს რომ ეყრდნობა „ხანხალით, ძალისძალითა,“ სულიერად ჯერ კიდევ გაუტეხელია. ნაწარმოების კითხვისას თანდათან გვიმტკიცდება ეს აზრი: თურმე ეს ის ქალია, რომელსაც მტერთან ბრძოლაში დაეღუპა ქმარი; ის დედაა, შვიდი შვილი რომ დაზარდა, „შვიდივ ლომისა დარია“ და შვიდივე რომ დაიტირა ერთ დღეს (,,ორ კვირას საფლავებ ვთხარე იმათ თავშესაფარია“); ის ხოშარელი დიაცი, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა თავისი სოფლის დაქცევა. ასეთი მძიმე, ტრაგიკული მდგომარეობიდან ადამიანის სულით დაცემამდე ერთი ნაბიჯიღაა, დარდი ახრჩობს სანათას, გულს იმჯიღავს, მწარედ მოთქვამს თვის სატკივარზე:

 

„დავკარგე ყველა თვისტომი,

ვინაც კი მყვანდა თავისა

………………………………………………..

რად გვინდა დედებს შვილები,

რაზე ვსწვალობდით, ნეტავი?

…………………………………………………

დღე მთელი, ხვალე მკვდარია,

 

მოვა წაიღებ უეცრად

სისხლისა ნიაღვარია

პირსისხლიანის მსინჯველი

შვილის, დუშმანიმც არია!“.

 

პირადი სატკივრის გარდა, სხვაც აწუხებს მოხუც სანათას, თავის დაღუპულ ქმარ-შვილთან ერთად ხოშარელთა ბედისწერასაც გლოვობს:

 

„როდემდის უნდა ვიბანოთ

სისხლით პირი და ხელები,

შვილთა მაგივრად დიდებსა

…………………………………………………….

ვაჰმე, გაგვიწყდა, აღარ გვყავს

ამ ფშავისხევის მცველები!“.

 

ეს უკვე აღარ არის ვიწრო, პიროვნული ტკივილი, ქვეყნის, ხალხის სატკივარზე მოთქმა და ვაებაა. თითქოს გულგატეხილია სანათა, თითქოს ყველასი და ყველაფრის რწმენაც დაკარგული აქვს, მაგრამ გამოჩნდება კვირია და მოაქვს ამბავი: თურმე ურჯულო თათრებზე საბრძოლველად ემზადებიან ქართველები („მთელი კახეთი ქცეულა ჩიქილამოხდილ ქალადა“) და სანათა, ბედდამწვარი და მგლოვიარე, გასაოცარ ფერისცვალებას განიცდის: უკვე აღარ დასტირის მტერთან ბრძოლაში დახოცილ ქმარ-შვილს, რადგან მათ, როგორც ქვეყნისთვის თავგანწირულებს, სატირალი არაფერი სჭირთ („თუ ამამყრიდით მტრის ჯავრსა შვილთ არც კი მოვიგონებდი“), ისევ მხნე და ძლიერია, რწმენაგაუტეხელი და იმედით სავსე:

 

„შენ გაუმარჯვე ჩვენს ჯარსა,

დავლათო ახმეტისაო.

…………………………………………

გვიშველე, ლაშარის ჯვარო,

დაგვჭირდა შენი თავია,

………………………………………………………………….

გვიჭირს და გამოგვაყენე

შეუმუსრავი ძალია!“.

 

ეს კი უკვე „ქართვლის დედის“ დალოცვაა და მოწოდება.

 

ასეთი ძლიერი და საინტერესო ხასიათი შექმნა ვაჟამ სანათას სახეში.

 

ბევრი რამა აქვთ საერთო სანათას და პოემა „გიგლიას“ ერთ-ერთ გმირს – თალალის, „ფშავი-ხევი იმედის“, თავისი ვაჟკაცობით განთქმული გიგლიას დედას. მასაც, როგორც ყველა დედას, მზეც და მთვარეც შვილზე ამოსდის (,,პურა შეჭამე, ნუ ჩქარობ, შვილო, სილაღევ დედისა“), მაგრამ ეს სიყვარული არ არის ეგოისტური და ბრმა, რადგან თალალის შეგნებაში სხვა სიყვარულიც არის გამჯდარი: ერისა და ქვეყნის სიყვარული. მან იცის, რომ შვილი მარტო თავისთვის კი არა, მამულისთვისაც გაზარდა:

 

„კაცს მიტომ კაცსა ვეძახით,

უნდა წელს ერტყას ხმალია,

მაშ რა უნდა ვქნათ, ხომ ჰხედავ,

ფშავლები მტერმა დალია?!“.

 

ამიტომაც, მიუხედავად ავი წინათგრძნობისა („შენ არ მოუკვდე დედასა, შენზედ არ დავჯდე მტირალი“), რომელსაც გიგლიას დის, თამარის სიზმარიც ემატება („სხივნ გამქრალიყვნენ მზისანი, დალეწილები ეყარნენ აბრაქნი ჩემის ძმისანი“), არიგებს და გზას ულოცავს გიგლიას:

 

„ფშაველთ სალოცავმ შემასწვრას

შენს შინ მშვიდობით მოსვლასა,

ხერხით მაიქცე მტერთანა,

ნუ გასწევ ჯიუტობასა

მშვიდობით! ჯვარი გეწეროს!“.

 

პატრიოტ ქალებზე ლაპარაკისას უნდა მოვიხსენიოთ ლელა ბაჩლელიც პოემა „ბახტრიონიდან“. ჩვეული მოწიწებითა და სინატიფით ხატავს ვაჟა მთიელი ქალწულის უზადო სილამაზეს:

 

„საამურია საცქერლად

ვარდზე ცხვარები დილისა,

ქალი ჰგავს სამოთხის ყვავილს,

ნარწყავსა უკვდავებითა,

ხორცშესხმულ სიყვარულსა ჰგავს,

აუწყველს, -უწყავებითა“.

 

ეს ლელაა „ვარდი, ვარდის წყლით ნაბანი“, მტერთან საბრძოლველად, სნეული მამის სანაცვლოდ ბრძოლაში წაყვანას რომ მოითხოვს მისი საქციელი გაოცებული და აღშფოთებული მეომარი მამაკაცებისაგან:

„- ვერ მიჰხვდით? პირდაპირ გეტყვით:

თათრებთან ომი მწადიან,

………………………………………

რად გიკვირსთ, ფშაველ-ხევსურნო

იქნებ მიწუნებთ ქალობით?

ჩემ ძმათ ცხოვნებამ, გარგებდით,

ჩვენთა სალოცავთ წყალობით“.

 

ეს მომხიბვლელი შერწყმა ქალურისა და ვაჟური ქცევისა უფრო ხაზს უსვამს მთიელი ქალწულის მიმზიდველ ქალურობას.

 

ლელას პატრიოტიზმი მარტო მჭექარე სიტყვებში არ გამოიხატება („მტრის ჯავრი გულში მიდგია, შავის ალაზნის გუბედა“): ის აშკარა სიკვდილზე მიდის და იღუპება, როგორც გმირი ბახტრიონის ციხის კარებთან.

 

„ლეკვი ლომისა სწორიაო….“ და ამაზე მეტი „ლომობა“ ქალისაგან, ალბათ ძნელი წარმოსადგენია.

 

 

ვაჟას პოემა „ეთერი“ ხალხური „ეთერიანის“ საფუძველზეა შექმნილი. დიდი ნიჭია საჭირო, რომ ხალხურმა გენიამ არ შთანთქას ხელოვანის ინდივიდუალური შესაძლებლობები. ვაჟას ჰქონდა ეს ნიჭი. მის პოემაში, რომელიც ერთი ტრაგიკული სიყვარულის ამბავია, არ არის ის საგმირო-ჰეროიკული სული, ხალხური ეპოსისთვის რომაა დამახასიათებელი. ნაწარმოების ცენტრში დგას მწყემსი ქალი ეთერი და არა ხალხი. აქ ეთერის ფსიქიკა, მისი სულის მოძრაობაა მთავარი.

 

ვაჟასეული ეთერი კიდევ ერთი მშვენიერი სახეა მისი პოემების გმირ ქალთა შორის:

 

„… და მწყემსი ქალი, ობოლი-

ყვავილი ედემისაო…

ეტყობა მიწას ლამაზი

ნავალი ეთერისაო“.

 

მართლაც, გენიოსის კალმის მოსმაა, როგორც იტყვიან, შეუძლებელია, რამდენიმე ჩვეულებრივი ფრაზით ამაზე სრულიად და არაჩვეულებრივად ქალის სილამაზის გადმოცემა.

 

ტყის ფერიაა ეთერი. ყელი ჯეირანს მიუგავს, ბალიშად ქვა უდევს და ლეიბად „შამბი ძირზედა“, თვალებში ზღვა და ხმელეთი ჩაჰქსოვია, ხორცშესხმული სიყვარულია და თავზე ტრფობის გვირგვინი ადგას:

 

„ტანთ შავი ჯუბა აცვია,

შავი მანდილი თავზედა,

ვერ ნახავ ერთ მძივს, ან ღილსა

ეთერის ლერწამ ტანზედა“.

 

„პოემაში ეთერი შუა საუკუნეების საგალობელში გამოსახულ ღვთისმშობელსა ჰგავს, სახე მისი მზეა… (თვალებში) უბრწყინავს მთელი ქვეყანა, წმინდანთა და ღვთაების სიყვარულით დაგვირგვინებული“ (ვაჟა-ფშაველას ხუთი პოემა, საიუბილეო კრებული, 1974).

 

ვაჟას ეთერი პიროვნებაა: წინდახედული („ღირსი არა ვარ, ხელს გბანდე, განაღამც გვყვანდე ცოლადა, მეფე ხარ რატომ არ ჰფიქრობ? საქმეს რად იჭერ ყროლადა?“), არცთუ მიამიტი („მიწაზე ცალი არა გყავს, როგორც მზეს მაღლა ცაზედა; ვაითუ მალე მოგწყინდე, მალე გამცვალო სხვაზედა“), დამატყვევებელი სულის პირველქმნილი მშვენიერი სისპეტაკითა და უანგარობით (,,ხშირად ტანთ არა მაცვია, დავდივარ ფეხშიშველაო, მაგრამ სიმდიდრე, სიდიდე, ფუჭია ჩემთვის ყველაო“.).

 

კიდევ ერთი მშვენიერი, მაღალი სულის ქალი გვხვდება პოემაში „სისხლის ძიება“. ეს არის დემურის ცოლი. პოეტური ნიჭი არც ამ ქალის სილამაზის გადმოსაცემად დაიშურა ვაჟა-ფშაველამ:

 

„ქალი გადმოდგა ქოხიდან,

შუქი გამოჰყვა პირითა,

………………………………………………..

თუ შურთხი არის ლამაზი

მსტვინავი მაღალ მთაზედა?

…………………………………………………….

ან თუ ვარსკვლავთა კრებული

უხვსხივიანი ცაზედა?

…………………………………………………..

იქნება სამოთხე იყოს,

ქვეყნად მოსული ციდანა?

ვაჟკაცის გული ჭირია,

გადამგდებელი ჭკვიდანა“.

 

ქალი, რომელსაც საოცარი მოკრძალება და ხათრი აქვს ქმრისა, აღმოაჩენს, რომ დემური გამცემია: „შავად მენახოს, ქმარაო, შენი ვარსკვლავი ცაზედა“. ამ მწარე სიტყვების მიზეზიც, ალბათ მარტო ძმის სიკვდილი არ არის, შელახული რწმენა და თავმოყვარეობაცაა.

 

მოულოდნელად და უცნაურად იკლავს თავს დემურის ცოლი: იმავე ცეცხლში გადაეშვება, რომელშიც მისი ქმრის მკვლელი, ქიჩირბეი, იწვება. საინტერესოა, რა არის ეს? რწმენადაკარგული და სასოწარკვეთილი ქალის საბედისწერო ნაბიჯი, პროტესტი უსამართლობის მიმართ, თუ რაღაც სხვა, უფრო ღრმა განცდა.

 

მრავალფეროვანია ვაჟასეული პლეადა ქალებისა, რომელთა ხასიათებსა და შინაგან სამყაროში ბოლომდე წვდომა არც ისე ადვილია. ეს, შეიძლება ითქვას, მთელ მის შემოქმედებაზეც. „დღეს ვერავინ დაიჩემებს, თითქოს მან ისეთნაირად გახსნა ვაჟა-ფშაველას ლექსი, რომ შემდგომ თაობებსაც კი არაფერი რჩებათ გაურკვეველი და გასაკეთებელი…

 

ვაჟა-ფშაველა დიდი ხელოვანია და ამიტომ კვლევა-ძიების რომელიმე ერთ დონეზე ნამდვილად დაუძლეველია იგი. თვითონ ვაჟა ადვილად თხზავდა, ჩვენ კი ძნელად გასარკვევი თხზულებები დაგვიტოვა, რაცაა მისი პოეტური სიცოცხლის უკვდავების პირობა“.

 

ვაჟა ურთულესი ფენომენია, რომლის სიდიადის ბოლომდე გააზრებისგან ჩვენ ჯერ კიდევ კიდევ შორს ვართ.

 

ქართულმა გენმა შვა ვაჟა-ფშაველა, რომელიც „ოლიმპიური ზევსივით დგას არა მარტო ქართველი ხალხის, არამედ მთელი კაცობრიობის სულიერი კულტურის საგანძურში“ (დ. ბენაშვილი, ვაჟა-ფშაველა, 1961წ).

 https://mastsavlebeli.ge/

No comments:

Post a Comment