გაკვეთილზე ხშირად მჭირდება ტრადიციისა და თანამედროვეობის კავშირების სიღრმისეული გაშლა. რატომ განიხილება ჰოლისტურად ტრადიცია და თანამედროვეობა? სწავლების სამივე საფეხურზე მიწევს, შესაბამისი ენობრივი კონტექსტით ავხსნა, რა არის ტრადიცია და თანამედროვეობა. რატომ განვიხილავთ მათ ერთად და არა ცალ-ცალკე?
არა მხოლოდ სახელოვნებო საგნებში, არამედ ლიტერატურასა და საზოგადოებრივ მეცნიერებაშიც თანამედროვეობას ვერ გავაანალიზებთ ისტორიული მემკვიდრეობის გაუთვალისწინებლად. ტრადიცია თავის თავში შეიცავს ახლის სინერგიას ანუ მარადიულ კავშირს სამყაროსთან, კოსმოსთან. ხშირად მიფიქრია კიდეც, იქნებ ცალკე საგნად ესწავლებინათ საჯარო სკოლაში ტრადიციისა და თანამედროვეობის უწყვეტი კავშირი, თუნდაც იმისთვის, რომ იდენტობის დაცვასა და შენარჩუნებაზე საუბრები უფრო გამართლებული ყოფილიყო.
ფორმულასავით ყალიბდება ამ კუთხით დანახული პრობლემა: ტრადიცია და თანამედროვეობა = იდენტობის შენარჩუნების გარანტს.
ეპოქები თავად აყალიბებს და ქმნის ტრადიციის შენარჩუნების კონტინიუმებს. სოციოლოგიის განვითარების ისტორია ეპოქალური კონტინიუმებისგან შედგება. ამ სეგმენტებს ერთმანეთთან აკავშირებს სტილიზაცია, ციტირება, კოდირება, ფორმადქმნადობის პროცესები. ტრადიცია როგორც მეინსტრიმი ეფუძნება ეპოქის სოციოკულტურულ გამოვლინებებს, „აფეთქებებს“. მაგალითად, ვარიაციული ფორმა ხალხური, ტრადიციული კულტურიდან შევიდა ბაროკოსა და კლასიციზმში. გავიხსენოთ, როგორ მუშავდება თემა ვარიაციაში: შენარჩუნებულია მთავარი თემის შინაარსობრივი და ემოციური მხარე – იცვლება გამომსახველი ენის ელემენტები, რომელთა უსასრულო გარდასახვა ქმნის სივრცით-ვიზუალურ არქიტექტურას და თემა მიჰყავს ეპოქისთვის დამახასიათებელი სათქმელის თანამედროვე გააზრებამდე.
ბეთჰოვენი, მე–12 სონატა, პირველი ნაწილი
თუ ტრადიციულ მუსიკაში ვარიაცია-ვარიანტულობა ფერხულის და, საზოგადოდ, რიტუალის ჟანრული მახასიათებელია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწორედ ფორმადქმნადობა უწყობს ხელს ტრადიციაში თანამედროვეობის ჩაშენებას. იგივე შეიძლება ვთქვათ რონდოში რეფრენის უსასრულობასა და ეპიზოდების ეკლექტურობაზე. რონდოში ბიპოლარულობა კიდევ უფრო მკაფიოდ ასახავს მიმღებლობას ეპოქის მახასიათებლებსა და არსებულს, ავთენტურს შორის. ავთენტურია ტრადიციული ინტონაციები, რაც მშვიდად ეგებება ახალი ეპოქის ესთეტიკური კანონზომიერებებით განპირობებულ სიახლეებს. ეს სიახლეები უშუალოდ ეხება სტილის, ჟანრის, ფორმისა და მუსიკალური ენის ელემენტების ინოვაციურ გარდასახვებს.
იოჰანეს ბრამსი, კვარტეტი ფორტეპიანოსთვის (g-moll), IV
ამას წინათ მეშვიდე კლასში ხორუმის საკრალურ მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ და კლასს შევთავაზე ქართული ნაციონალური ბალეტის – სუხიშვილების ვერსია. ქორეოლოგების კვლევებიდან, მუსიკის დრამატურგიიდან გამომდინარე, ცეკვის ექსპოზიცია და ფინალი გამარჯვებული ლაშქრის შინ მშვიდობით დაბრუნებას განასახიერებს. „ალბათ ყველას ახსოვს ის შთაბეჭდილება, რასაც ამ ცეკვის ექსპოზიცია და ფინალი იწვევს მაყურებელში – ბრძოლიდან სახლისკენ მიმავალი გამარჯვებული ლაშქარი, ერთმანეთის ზურგს უკან მდგარი მეფერხულეთა გაბმული ჯაჭვი, რომელსაც წინ მეთაური, ანუ თავმოსამე (იგივე ხორუმბაში), მიუძღვის. მის ბრძანებას მოძრაობის შეცვლის შესახებ მოცეკვავეთა მწყობრი უმალ ემორჩილება“.
ხორუმი
როკ-მუსიკის გენეზისის შესწავლა და ჯაზის ისტორიის ანალიზი ტრადიციულისა და თანამედროვეს სინთეზის მკაფიო მაგალითია. XVII საუკუნის ამერიკის ისტორია აფრიკელი მონების ამერიკაში მიგრაციასა და მათი კულტურის მეორედ დაბადებაზე მოგვითხრობს, კულტურის, რომელმაც XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში წარმოშვა ჯაზი და მისი სუბჟანრები. აფროამერიკულმა ტრადიციულმა მუსიკამ (R&B) თავისი სინტაგმებით, ფორმულებით და ფსიქოდელიური მუხტით განაპირობა 50-იან წლებში როკ-ენ-როლის წარმოშობის აუცილებლობა.
Little Richard & Chuck Berry
ტრადიციაზე საუბრისას ევროპელი ამბობს: „ტრადიცია მხოლოდ იმას როდი ნიშნავს, რომ ერთი თაობა ბრმად და ერთგულად ბაძავდეს წინა თაობას. ტრადიცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ისტორიის შეგრძნებას, როცა წარსული არა მარტო წარსულად უნდა აღვიქვათ, არამედ თანამედროვეობადაც“. საინტერესოა, როდის იქცევა ტრადიცია ღირებულებებად? – ალბათ, მაშინ, როდესაც ერი აყალიბებს თავის სახელმწიფოებრიობას და განსაზღვრავს მასში რელიგიისა თუ განათლების აუცილებლობას. ამის ქვაკუთხედი იყო ილიას იდენტობის სქემა: მამული, ენა, სარწმუნოება, – რომლითაც დღემდე ვინარჩუნებთ ჭეშმარიტებისაკენ მიმავალ გზებს.
ეს გზები იკვეთება სწორედ საშუალო საფეხურზე პროექტული სწავლების მეთოდოლოგიაში. იდენტობის ძიებაში ზაქარია ფალიაშვილთან, მეორე პროექტ „ანდერგრაუნდში“, ეთნომუსიკოლოგიური მიმართულების სამივე პროექტში, მოსწავლეები იკვლევენ ქართული კულტურის ისტორიას განსხვავებულ ისტორიულ ჭრილში. ზაქარია ფალიაშვილთან იდენტობისა და ღირებულებათა სისტემის კვლევა განიხილება შემკრებლობითი სამუშაოების, პირველი საგანმანათლებლო სკოლებისა და გაზეთის დაარსების, საოპერო თეატრის, სამგალობლო მასალების მოძიებისა და გადარჩენის, ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფორმირების, კონსერვატორიისა და პირველი ქართული ეროვნული ოპერის შექმნის მოვლენათა კვალდაკვალ. ამ თემის სიღრმისეულად გააზრებისთვის შესანიშნავი მასალაა ნანა ჯანელიძის ფილმი „გალობის რაინდები“:
მერაბ მამარდაშვილს ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: „ადამიანი ტრადიციას და აზროვნებას სიღრმისეულად აკავშირებს ერთმანეთთან. აქედან გამომდინარე, უფრო აზროვნების კატეგორია მგონია ტრადიცია, ვიდრე გარეგნული მხარის, წეს-ჩვეულებების, შეხედულებების, ტემპერამენტის, ხასიათისა თუ ქცევის“. აზროვნებაში ფილოსოფოსი გულისხმობს ისტორიული წარსულის თვითრეფლექსიას და მისი მოზაიკური წახნაგების ტრანსპლანტაციას მოდერნიზმში. პოპ-მუსიკა, მითი, ლეგენდა, პროგრესული როკი, კინომუსიკა, თაობათა ინტერესები და ათწლეულები, კიდევ ბევრი საინტერესო საკითხი ტრადიციულისა და თანამედროვეობის ალტერნატივადაც განიხილება, ერთი მეორის გარეშე ვერ იარსებებს.
ჩემთვის როგორც მკვლევრისთვის ორივე ფენომენი მეინსტრიმს წარმოადგენს, ორივეს კონცეპტუალური საყრდენია სიმბოლო, ნიშანთა სისტემები, მეტასახეები, ფორმადქმნადობის ელემენტების მუდმივი ტრანსფორმაცია. ყველაფერი ეს აყალიბებს ეპოქალურ და სოციოლოგიურ კონტექსტებს, რომლებშიც მკითხველი თუ მსმენელი ნათლად ამოიკითხავს „ტრადიციულისა“ და „ავანგარდულის“ ერთიან მისწრაფებას – გადმოსცეს ზუსტი ონტოლოგიური დრო.
გამოყენებული ლიტერატურა:
- https://geofolk.ge/ka/article/qartvel-meomarta-sakraluri-cekva-khorumi-/108
ეკატერინე გელიაშვილი, ამონარიდი სტატიიდან ,,ქართველ მეომართა საკრალური ცეკვა ,,ხორუმი’’,2022 - https://www.jstor.org/stable/2775860
Tradition and Modernity : Misplaced Polarities,1967 - https://timeline.carnegiehall.org/genres/rock-n-roll
Maureen Mahon, Timeline of Africian –Americian Music , 2019
No comments:
Post a Comment