Thursday, August 1, 2024

„ბატონი ტორნადო“

 – „გოგო, ნახე რა მომხდარა?“

– „გოგო, „იმან“ რა დაწერა, წაიკითხე?“

– „გოგო, უყურე ამ ვიდეოს?“

 

ასე, როგორც წესი, ჩემი მეგობარი მწერს ხოლმე, რაღაც დრამატულ ამბებს მიზიარებს. არადა, ვერაფრით ისწავლა, რომ მე უკვე აღარაფერზე ვქოთქოთებ. ცხოვრების იმ ეტაპს მივაღწიე, როცა ქოთქოთს შევეშვი და ვცდილობ, ყველაფერს წყნარად ვადევნო თვალი. აი, ჩვენი პორტუგალიასთან გამარჯვება ხომ გულით გამიხარდა, მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ამის შემდეგ ქუჩებში ყიჟინით მერბინა. არა, სიხარულით გამოწვეული ხმაურის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ მე უხმაუროდ გახარებულმა დავიძინე.

 

თუმცა, კვლავ ჩემს მეგობარს დავუბრუნდეთ. იმ დღესაც ჩვეულებისამებ მომწერა, არ არის ეს კარგი ნიშანი და მეშინიაო. გამოგზავნილი ლინკის გახსნა ჯერ დამეზარა, შემდეგ მაინც გავხსენი და მეც რაღაცნაირად ნირწამხდარი დავრჩი…

 

ალავერდში ტორნადო დატრიალებულა, ტაძრისთვის გუმბათიც შემოუძარცვავს და ჯვარიც დაბლა ჩამოუგდია.

მეწყინა…

ამ ადგილთან ჩემი დამოკიდებულება მაქვს და ძალიან ადრეულ ბავშვობაში ყველას ვარწმუნებდი, რომ ალავერდი კოტე პაპამ ააშენა.

დიახ, დიახ, არ მოგესმათ. ჩემმა კოტე პაპამ ააშენა!

კოტე პაპას გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ დავიბადე. სიკვდილის წინ უთქვამს, რა მოხდებოდა ეს მესამეც დამეჭირა ხელშიო („ორში“ ჩემზე უფროსი ორი დეიდაშვილი იგულისხმა). იმის თქმა მინდა, რომ არ ვიცნობდი, მაგრამ ჩემი ქეთო ბებოს მონდომებით, ფაქტობრივად ყველაფერი ვიცოდი მასზე და კითხვაზე: დედა უფრო გიყვარს თუ მამა, დაუფიქრებლად ვპასუხობდი -კოტე პაპა-მეთქი.

ჰოდა, ალავერდის მიმდებარედ რაღაც დანგრეული მეურნეობა ჩაუბარებიათ მისთვის. აღუდგენია, აუმუშავებია და არაერთი მადლობაც დაუმსახურებია. ეტყობა, ეს მითხრა ბებომ. მე კი გადავწყვიტე, რომ ალავერდიც მან ააშენა.

 

1974 წლის 3 აპრილს ოჰაიოს შტატის ერთ პატარა ქალაქში მუსიკალური სკოლის მოსწავლეები, რომელიღაც მიუზიკლის რეპეტიციას გადიოდნენ. დღის მეორე ნახევარი იყო და ქალაქი ნელ-ნელა სამუშაო დღის დამთავრებისთვის ემზადებოდა. ამ დროს ერთი პატარა ბიჭი ყიჟინით შევარდა დარბაზში და დაიყვირა: ტორნადოს ნახვა გინდათ? მასწავლებლიანად ყველა ფანჯრისკენ გაიქცა და მათკენ წამოსული შავი ფერის მბრუნავი სვეტი დაინახეს. რამდენიმე წამში ტორნადო სკოლაში შემოიჭრა და ყველაფერი ყირაზე დააყენა. სკოლის სამი დიდი ავტობუსი ჰაერში აიტაცა და დააბზრიალა. აქედან, ერთი პირდაპირ სკოლის სააქტო დარბაზის სცენას დაანარცხა. სკოლის ბავშვები გადარჩნენ, მაგრამ ქალაქში 32 ადამიანი დაიღუპა, მთლიანად შტატში – 39; ქვეყანაში კი, 24 საათის განმავლობაში უმაღლესი ხარისხის სიძლიერის ტორნადოს 335 ადამიანი შეეწირა. ამ 24 საათში ამერიკის 13 შტატში და კანადის ონტარიოში 148 ტორნადო დაფიქსირდა, მათ შორის შვიდი მაქსიმალური სიძლიერის იყო, F5. ხოლო, უშუალოდ ამ ტორნადოს, სკოლა და მთელი ქალაქი რომ აათამაშა, ჯერ F6 სტატუსი მიანიჭეს. შემდეგ, კვლავ F5-ზე ჩამოიყვანეს, რადგან F6 უბრალოდ არ არსებობს.

 

როდესაც ყველაფერი მიწყნარდა, გამოჩნდნენ ექიმები, მაშველები, მოხალისეები და მათთან ერთად ხანში შესული იაპონელი, რომელიც თავიანთი ყოფილი სახლების ნანგრევებთან მჯდომ გაოგნებულ ადამიანებთან მიდიოდა და ეკითხებოდა, სად იყვნენ ისინი ტორნადოს დაწყებისას, რას აკეთებდნენ, რამდენად დაზიანდნენ, დაიღუპა თუ არა ვინმე მათი ოჯახიდან. ხალხიც ყველაფერს უყვებოდა, ესეც ყველაფერს იწერდა და მაშინვე სხვებთან გადადიოდა. ეს კაცი პროფესორი ტედ ფუძიტო ამ დღიდან მომავალი ექვსი თვის განმავლობაში თავის მასშტაბურ გამოკვლევას დაასრულებს ტორნადოების შესახებ. სწორედ ამ ნაშრომზე დაყრდნობით უზარმაზარ ნახტომს გააკეთებს განვითარებაში მეტეოროლოგია და საფუძველი ჩაეყრება ტორნადოს შესაძლო წინასწარმეტყველებას. თავად კი ისტორიაში შევა მეტსახელით „ბატონი ტორნადო“.

 

ტორნადოს ჩამოყალიბებისთვის ამინდის რამდენიმე ფაქტორის დამთხვევა არის საჭირო. ყველაფერი იმით იწყება, რომ ცივი, მშრალი ჰაერის უზარმაზარი მასა სწრაფად გადაადგილდება ნოტიო თბილი ჰაერის მასებისკენ. ნოტიო ჰაერის მასებს შორის სხვაობა იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც სხვაობა ტემპერატურას შორის. როდესაც ცივი ჰაერი ეჯახება თბილს ჰაერს, მას ნელ-ნელა ზემოთკენ წევს. უბერავს ქარი, ნელ-ნელა აცივდება, ცა ღრუბლებით იფარება, იწყება წვიმა ან თოვლი. თუ თბილი მშრალი ჰაერი სწრაფად ავა ატმოსფეროს ზედა ნაწილში, იქ სწრაფადვე ცივდება და დაბლა იწყებს დაშვებას. თან გზაზე თბილ ნაკადებს ანაცვლებს. თუმცა, თუ ეს ჰაერი დაშვებას ტროპიკულ ადგილებში იწყებს, მაშინ გაჯერდება დიდი რაოდენობის წყლის ორთქლით. ეს ორთქლი კონდენსირდება, წარმოქმნის წყლის წვეთებს. ამ დროს გამოთავისუფლდება ენერგია, რომელიც გარემოს ათბობს. როცა ნოტიო ცხელი ჰაერი ზევით მიდის, კიდევ უფრო ცხელდება, მასში ნესტის კონდენსაციის გამო. ძალიან დიდ სიმაღლეზე ასვლა შეუძლია. წარმოიქმნება მძლავრი აღმავალი ნაკადები, ვერტიკალური ქარები, რომლებსაც, უფრო მაღლა, გარეთ გამოაქვს ეს ნოტიო თბილი ჰაერის მასები. წარმოიქმნება გიგანტური ღრუბლები, რომლებიც შეიძლება ჰორიზონტალურად გაბრტყელდეს. ეს ნიშნავს, რომ ღრუბელი ტროპოსფეროსთან არის მიახლოებული. იქ ტენი ჩერდება, რაც ნიშნავს – ელოდე წვიმებს, ჭექა-ქუხილსა და სეტყვას. თუმცა, ეს ტორნადოსთვის საკმარისი არ არის. აი, თუ ამ დროს ამ ტერიტორიაზე ცივი მასები შემოიჭრება, ცივი ჰაერი ქაოსურად ჩაანაცვლებს თბილს. ატმოსფერო ძალიან არასტაბილური გახდება. დიდ სიმაღლეზე სხვადასხვა ქარი სხვადასხვა მიმართულებით ქრის და ერთმანეთს ანაცვლებს. ამ ერთმანეთის საპირისპიროდ მორბენალ ქარებს შორის წარმოიქმნება ატმოსფერული მორევი. მათ შორის მოძრავი ჰაერი იხვევა, დაახლოებით ისე, როგორც პლასტილინი დაიხვევა ორივე ხელით რომ გავაბრტყელოთ/დავაგორგოლაოთ. მაღლა ჰორიზონტალური საჰაერო მორევი წარმოიქმნება. თუ ასეთი ჰორიზონტალური მორევი აღმავალ ნაკადს შეეჯახება და თუ ეს აღმავალი ნაკადი ძლიერია, მორევი მას უერთდება და ვერტიკალურად დატრიალდება. მომენტი, როდესაც ამ სვეტის თავზე ძაბრივით ჩაღრმავება გაჩნდება, იმის მაუწყებელია, რომ შიგნით წნევა მკვეთრად შეიცვალა და ის „გიგანტურ საჰაერო მტვერსასრუტად“ გარდაიქმნა, რომელიც ყველაფერს შეიწოვს ქვემოდან და ზემოთ ძალიან მაღლა ატყორცნის. შეიწოვს მტვერს, ფოთლებს, ტოტებს და ყველაფერს, რასაც კი ზედ გადაუვლის და გაანადგურებს. ტორნადოს წარმოქმნის მექანიზმი სრულად ამოცნობილი არ არის. თუ ვინმემ იცის, რომ არსებობს, წერილის კომენტარში მიუთითეთ. ანუ, იმის თქმა მსურს, რომ ეს თეორიები ჯერ კიდევ ვითარდება და რაც მე დავწერე, ეს სწორედ ტედ ფუძიტოს ვერსიაა, ისიც ძალიან შემოკლებით და პოპულარულ ენაზე აღწერილი.

 

ტეცუე ფუძიტო 1920 წლის 23 ოქტომბერს იაპონიაში დაიბადა. 1944 წელს პატარა ქალაქ კიტაკუსუს უნივერსიტეტში ფიზიკის დოცენტად აირჩიეს. სხვათა შორის, ამერიკელებს ბომბის ჩამოგდება სწორედ ამ ქალაქში სურდათ (მაშინ კოკურა ერქვა), თუმცა ღრუბლიანობის გამო სამიზნე შეცვალეს და ნაგასაკისკენ გადაინაცვლეს. მოგვიანებით, დანგრეული ქალაქების შესასწავლად ფუძიტოც წავა, რათა გამოიკვლიოს, როგორ იმოქმედა დაზიანების ტალღამ კონსტრუქციებზე. შემდეგ ტაიფუნების მექანიზმით ინტერესდება. სწორედ მან შექმნა ქარიშხლების პირველი მეტეოროლოგიური რუკები. მოგვიანებით, კვლევებსა და განვითარებას ამერიკაში აგრძელებს. „ბატონი ტორნადოსაც“ აქ შეარქმევენ.

 

 

ყოველ 40-50 წელიწადში ერთხელ ტორნადოთა მძლავრი სერიები იწყება. ამას სუპერ-აფეთქებას უწოდებენ. ამ დროს რომელიღაც ადგილას დღეში შეიძლება 50-მდე ტორნადომ „ჩამოიაროს“. ასეთმა „აფეთქებამ“ შეიძლება მინიმუმ 100 ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. აღარაფერს ვამბობ, დანგრეულ და განადგურებულ სახლებზე, მანქანებზე და ა.შ. ტორნადოების ასეთი სერია სულ სამჯერ არის დაფიქსირებული: 1932 წლის 21 მარტს, 1974 წლის 3 აპრილს, 2011 წლის 27 აპრილს.

 

თუმცა, ერთი სხვაც აღსანიშნავია, 1965 წლის ტორნადოს მეორენაირად „ბზობის“ ტორნადოსაც უწოდებენ, რადგან ბზობის დღეს მოხდა ოჰაიოში, ინდიანასა და აიოვაში.

 

მკაცრი ზამთრის შემდეგ, აპრილში გამოიდარა და ადამიანებმაც გაიხარეს. მექსიკის ყურიდან წამოსული ჰაერის ნოტიო თბილმა მასებმა ჩრდილოეთით საკმაოდ შორ მანძილზე გადაინაცვლეს. ქვეყნის ცენტრში წარმოიქმნა დაბალი წნევის მასიური უბანი. უცებ ამ ჰაერს ზემოდან გადაეფარა მშრალი და კიდევ უფრო თბილი ჰაერის მასები. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ადგილი ჰქონდა ინვერსიას, ტემპერატურული ფენების ნორმალური ურთიერთგანლაგება ამოყირავებულია და თბილი ჰაერი ცივზე უფრო მაღლაა.

 

11 აპრილს, ბზობის კვირას, ცივმა ქარმა თბილი ჰაერის მასა გვერდით მოისროლა, რის შედეგადაც მის ქვეშ არსებული ღრუბლის მასები წინ წამოვიდა, გამოვარდა უძლიერესი აღმავალი ნაკადი, რომელიც ჰორიზონტალურს შეუერთდა და პირველი ტორნადოც აიოვაში მზად გახლდათ. აქ და სხვა ტერიტორიებზე, 16 საათის განმავლობაში 55 ტორნადომ გაიარა. გარდაიცვალა 266 ადამიანი. ზარალზე, რომ აღარაფერი ვთქვათ.

 

შემდეგ დღეებში პროფესორი ფუძიტო პატარა თვითმფრინავით შემოივლის მთელ ტერიტორიას, ყველაფერს სურათს გადაუღებს, ჩაინიშნავს, ციფრებად, გრაფიკებად და ცხრილებად აქცევს და მრავალგზის გაანალიზების შემდეგ გამოიყვანს ტორნადოს ინტენსივობის შკალას. ამ შკალას ფუძიტის შკალა ეწოდება და ტორნადოს დამანგრეველი ხასიათი სწორედ მისით განისაზღვრება.

 

F 0 – სუსტი ქარიშხალი, ხეები დაამტვრია, სადმე სახლს სახურავი ახადა;

F 1 – სტაბილური სიძლიერის;

F 2 – მნიშვნელოვნად ძლიერი და დამაზიანებელი;

F 3 – ძალიან ძლიერი;

F 4 – დამანგრეველი;

F 5 – კატასტროფული.

 

დღეს უკვე ტორნადოს წინასწარმეტყველებაც შეიძლება, რადგან შექმნილია გაფრთხილების სისტემები.

მაგრამ… მაინც რა ესაქმებოდა კახეთში ტორნადოს?… ეგ მიკვირს…

 

https://mastsavlebeli.ge/

ეტიუდი “ერთი ლექსი” (ტერენტი გრანელის “დაბრუნება სოფელში”)

 დაბრუნება სოფელში

ახლა არის ივნისი, ახლა გვიან ღამდება.
მაგონდება ბავშვობა. ეს ცა მაშინ სხვა იყო!
ამ მაღლობზე ველოდი ქრისტეს გამოცხადებას…
მერე თეთრმა სიჩუმემ ის იმედი წაიღო.

ახლა დედის აჩრდილი დებს და მამას მაბარებს,
(ახლა უფრო ხშირია დარდი და უძილობა).
მზერას მტაცებს საყდარი. ველზე გათხრილ სამარეს
ვაკვირდები შორიდან, როგორც მიწის ჭრილობას.

ახლა იქნებ ჭორებიც მომედება ტალახად:
მე ხომ ბედმა გამრიყა, თანაც მტანჯავს ციება!..
ახლა ჩემში ძნელია გენიოსის დანახვა,
ახლა ჩემი გაკილვა ყველას ეპატიება.

თუმცა თვალებს ცეცხლიანს არ ეტყობათ დაღალვა,
ვიცი, გაფითრებული ვგავარ შემოღამებას.
ნიჭმა ვეღარ მიშველა, როგორც ზეცამ მაღალმა…
არ თავდება ვარამი და იობის წამება.

ახლა მინდა ამ მზეში იმედები გახშირდეს
(თუმცა რაა იმედი? – წამიერი ფარ-ხმალი).
მელანდება სიკვდილი და სოფელი მამშვიდებს,
ჩემი ტკბილი ოცნების ლურჯი ნამოსახლარი.

ეს ხუთსტროფიანი ლირიკული შედევრი ტერენტი გრანელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლექსია. უხეში გამოანგარიშებით, გრანელის ლექსების ოთხმოცდათხუთმეტი პროცენტი ყველაზე გავრცელებული საზომით – ლოგაედური ათმარცვლედით არის დაწერილი. აღნიშნულ ათმარცვლედს მან შესძინა სრულიად უნიკალური ინტონაციური აკუსტიკა, გრანელის ათმარცვლედის ინტონაციურ ეპიგონიზმს დღესაც მრავლად შევხვდებით. რაც შეეხება სხვა საზომებს, რომელთა ხვედრითი წილი, როგორც უკვე აღვნიშნე, გრანელთან ცოტაა: ამ საზომებით დაწერილ მის ლექსებში თვითკმარობა და ინდივიდუალიზმი კონცეპტუალურ-თემატური აქცენტებით უფრო მიიღწევა. ტერენტი, ზოგადად, არ იყო ნოვატორი ვერსიფიკატორი, უკვე არსებული, სულ რამდენიმე ფორმის ფარგლებში ოპერირებდა, თუმცა ეს ფორმები წარმოუდგენელ პოეტურ სიმაღლემდე აიყვანა, როგორც ჭეშმარიტად დიდ პოეტს სჩვევია.

ეს კონკრეტული ლექსი ფოლკლორული თოთხმეტმარცვლედით არის დაწერილი. ამ რამდენიმე თვის წინ, გალაკტიონისადმი მიძღვნილ ერთ გადაცემაში, ერთი პატივცემული ამ და სხვა ძველ საზომებს გალაკტიონს “აბრალებდა”, მისი შემოტანილიაო. სინამდვილეში ეს ფოლკლორული საზომია, რომელიც, საყოველთაო მოსაზრებით, გურამიშვილმა გაალიტერატურულა. თუმცა ამ საზომის მწიგნობრულ ვარიანტს გურამიშვილამდე გაცილებით ადრე – მეცხრე საუკუნეში ვხვდებით ატენის სიონის კედელზე, სადაც სხვადასხვა სახეობის (5/2 და 4/3) შვიდმარცვლედით დაწერილი ორი, მონორიმულად გარითმული ლექსის ფრაგმენტი იკითხება:

1. “იხილეთ ესე ჟამი,
წავა, ვითარცა წამი…” და ა. შ.

და

2. “ეგრე იტყვის მოძღვარი,
მუნ არ არის ვაჭარი…” – და ა. შ.

ზემოთ ნახსენები პატივცემული პირველ წარწერაში დამუშავებულ შვიდმარცვლედსაც (5/2) გალაკტიონს მიაწერდა, თუმცა დავანებოთ თავი, ამჟამად ჩვენ მეორე წარწერა გვაინტერესებს: ეს ის თოთხმეტმარცვლედია, რომლითაც ტერენტის, ზემოთ მოხმობილი, ლექსია დაწერილი, ოღონდ ეს თოთხმეტმარცვლედი, უბრალოდ, შუაზეა გახლეჩილი. მიუხედავად ამ წარწერისა, ამ და ათეულობით სხვა საზომის ლიტერატურული ლეგიტიმაცია, ცხადია, გურამიშვილის დამსახურება გახლავთ, წორედ გურამიშვილის მეშვეობით კულტივირდა ეს საზომი შემდგომდროინდელ ქართულ პოეზიაში და გალაკტიონმაც სწორედ მისგან აიღო (ისევე, როგორც – სხვა, არაერთი საზომი), უბრალოდ, გალაკტიონმა ამ საზომში შიდა რითმები შემოიტანა და ასე დაწერა “ლურჯა ცხენები”. ეს საზომი, გალაკტიონისეული შიდა რითმებით, გრანელსაც აქვს გამოყენებული და იქ “ლურჯა ცხენების” ინტონაციურ ტყვეობას ვერ აღწევს თავს, თუმცა ეს შეგირდობის პერიოდია. ამ პერიოდში გრანელთან ცისფერყანწელების საერთო პოეტიკის (ბესიკური თოთხმეტმარცლედის მონოტონური, მოსაწყენი ინტონაცია) შეინიშნება, თუმცა ტერენტიმ რეკორდულად მალე დაძლია გავლენები და თავის უნიკალურ ხმას მიაგნო, ოღონდ უნდა ითქვას, რომ ამ და კიდევ სხვა რამდენიმე საზომით მისი შემდგომი, უკვე ღრმად ინდივიდუალისტური, დაინტერესება სწორედ გალაკტიონიდან მოდის.

***

ლექსი (როგორც ტერენტის თითქმის ყველა ლექსი) ჯვარედინად გარითმული კატრენებით არის დაწერილი. რას გვეუბნება ლექსის კონცეპტუალური მხარე? – აქ ტერენტი მთელი თავისი გენიალური დიდებულებით არის წარმოდგენილი, მისი პოეზიის ყველა იმანენტური შტრიხია ამ ლექსში თავმოყრილი: სოფელში დაბრუნების თემა; რელიგიური მოტივები; გარიყულობა და უიმედობა; მუდმივი სიახლოვე ტრანსცენდენტურ სამყაროსთან.

გრანელმა წალენჯიხა სახარებისეული ტოპონიმიკის რეგისტრში აიყვანა. ჩემი ბავშვობა მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც წალენჯიხასთან იყო დაკავშირებული – დეიდაჩემი ცხოვრობს იქ, თანაც – გრანელის სახლ-მუზეუმიდან სულ ორასიოდე ნაბიჯში. მახსოვს გრანელის მოუვლელი სახლ-მუზეუმი…



ეს ლექსი ჩემში ბავშვობისდროინდელ, ტკბილ-მწარედ ინტიმურ ემოციებს აღძრავს: მახსენდება მოასფალტებული, დახვეული, ხეებით დაბურული გზა, რომელიც ფერდობს მიუყვება ეკლესიამდე (“ამ მაღლობზე ველოდი ქრისტეს გამოცხადებას…”), მახსენდება წალენჯიხის ძველი ტაძარი, სადაც მოვინათლე (“მზერას მტაცებს საყდარი.”) და მახსენდება ტაძრის გაყოლებაზე გათხრილი სამარე ჩემი ოცდაერთი წლის დეიდაშვილისა, რომელიც რუსეთში მოკლეს (“ველზე გათხრილ სამარეს / ვაკვირდები შორიდან, როგორც მიწის ჭრილობას…”)…

https://mastsavlebeli.ge/

ქალები ვაჟა-ფშაველას პოემებში

  („ბახტრიონი, „გიგლია“, „ეთერი“, „სისხლის ძიება“)

რაც შეეხება ქალთა კონკრეტულ სახეებს, რომლებიც ვაჟა-ფშაველას პოემებში გვხვდება, მათი გალერეა მრავალფეროვანია. მასში გვხვდებიან ქალები – დიდი პიროვნებები, საკაცობრიო თვისებებითა და გრძნობით აღსავსენი და ასევე, ყოველდღიურ საზრუნავზე მზრუნველი, სულმოკლე, აწრიალებული, მოფუსფუსე და გამოჩენის მიმდევარი ქალები.

ვაჟასეულ ქალთა პირველ წყებაში საპატიო ადგილი დედებს აქვთ მიჩენილი – სანათას პოემა „ბახტრიონიდან“ და გიგილას დედას პოემიდან „გიგლია“.

 

დავიწყოთ სანათას დახასიათებით. პოემაში სანათას გამოჩენისთანავე იბადება კითხვა: ვინ არის ეს „ბერი დიაცი“, ცრემლი რომ „წინ უდგას გუბედა“, თემის ხელშეუხებელი ტრადიცია რომ ასე თამამად დაურღვევია, ქალისთვის დაუშვებელი მოვალეობა უკისრია: „მარტოს დაუკლავ საკლავი, თვითონვე უტყავებია“ და ხევისბერის მაგივრად მიცვალებულთ ამწყალობებს. შინაგანად ძლიერი ადამიანის გარდა, ამას ვერავინ ჩაიდენდა, თუნდაც ისეთ გამოუვალ მდგომარეობაშიც, როგორიც სანათას შემთხვევაშია: მამაკაცი რომ აღარაა დარჩენილი თემში მტერთან ბრძოლის შემდეგ („უკაცურთ კაცობა გვმართებს, მანამ სული გვჩრავ პირშია, ხატიც შეგვინდობს ცოდვასა…“) ცხადია, სანათა, ჯოხს რომ ეყრდნობა „ხანხალით, ძალისძალითა,“ სულიერად ჯერ კიდევ გაუტეხელია. ნაწარმოების კითხვისას თანდათან გვიმტკიცდება ეს აზრი: თურმე ეს ის ქალია, რომელსაც მტერთან ბრძოლაში დაეღუპა ქმარი; ის დედაა, შვიდი შვილი რომ დაზარდა, „შვიდივ ლომისა დარია“ და შვიდივე რომ დაიტირა ერთ დღეს (,,ორ კვირას საფლავებ ვთხარე იმათ თავშესაფარია“); ის ხოშარელი დიაცი, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა თავისი სოფლის დაქცევა. ასეთი მძიმე, ტრაგიკული მდგომარეობიდან ადამიანის სულით დაცემამდე ერთი ნაბიჯიღაა, დარდი ახრჩობს სანათას, გულს იმჯიღავს, მწარედ მოთქვამს თვის სატკივარზე:

 

„დავკარგე ყველა თვისტომი,

ვინაც კი მყვანდა თავისა

………………………………………………..

რად გვინდა დედებს შვილები,

რაზე ვსწვალობდით, ნეტავი?

…………………………………………………

დღე მთელი, ხვალე მკვდარია,

 

მოვა წაიღებ უეცრად

სისხლისა ნიაღვარია

პირსისხლიანის მსინჯველი

შვილის, დუშმანიმც არია!“.

 

პირადი სატკივრის გარდა, სხვაც აწუხებს მოხუც სანათას, თავის დაღუპულ ქმარ-შვილთან ერთად ხოშარელთა ბედისწერასაც გლოვობს:

 

„როდემდის უნდა ვიბანოთ

სისხლით პირი და ხელები,

შვილთა მაგივრად დიდებსა

…………………………………………………….

ვაჰმე, გაგვიწყდა, აღარ გვყავს

ამ ფშავისხევის მცველები!“.

 

ეს უკვე აღარ არის ვიწრო, პიროვნული ტკივილი, ქვეყნის, ხალხის სატკივარზე მოთქმა და ვაებაა. თითქოს გულგატეხილია სანათა, თითქოს ყველასი და ყველაფრის რწმენაც დაკარგული აქვს, მაგრამ გამოჩნდება კვირია და მოაქვს ამბავი: თურმე ურჯულო თათრებზე საბრძოლველად ემზადებიან ქართველები („მთელი კახეთი ქცეულა ჩიქილამოხდილ ქალადა“) და სანათა, ბედდამწვარი და მგლოვიარე, გასაოცარ ფერისცვალებას განიცდის: უკვე აღარ დასტირის მტერთან ბრძოლაში დახოცილ ქმარ-შვილს, რადგან მათ, როგორც ქვეყნისთვის თავგანწირულებს, სატირალი არაფერი სჭირთ („თუ ამამყრიდით მტრის ჯავრსა შვილთ არც კი მოვიგონებდი“), ისევ მხნე და ძლიერია, რწმენაგაუტეხელი და იმედით სავსე:

 

„შენ გაუმარჯვე ჩვენს ჯარსა,

დავლათო ახმეტისაო.

…………………………………………

გვიშველე, ლაშარის ჯვარო,

დაგვჭირდა შენი თავია,

………………………………………………………………….

გვიჭირს და გამოგვაყენე

შეუმუსრავი ძალია!“.

 

ეს კი უკვე „ქართვლის დედის“ დალოცვაა და მოწოდება.

 

ასეთი ძლიერი და საინტერესო ხასიათი შექმნა ვაჟამ სანათას სახეში.

 

ბევრი რამა აქვთ საერთო სანათას და პოემა „გიგლიას“ ერთ-ერთ გმირს – თალალის, „ფშავი-ხევი იმედის“, თავისი ვაჟკაცობით განთქმული გიგლიას დედას. მასაც, როგორც ყველა დედას, მზეც და მთვარეც შვილზე ამოსდის (,,პურა შეჭამე, ნუ ჩქარობ, შვილო, სილაღევ დედისა“), მაგრამ ეს სიყვარული არ არის ეგოისტური და ბრმა, რადგან თალალის შეგნებაში სხვა სიყვარულიც არის გამჯდარი: ერისა და ქვეყნის სიყვარული. მან იცის, რომ შვილი მარტო თავისთვის კი არა, მამულისთვისაც გაზარდა:

 

„კაცს მიტომ კაცსა ვეძახით,

უნდა წელს ერტყას ხმალია,

მაშ რა უნდა ვქნათ, ხომ ჰხედავ,

ფშავლები მტერმა დალია?!“.

 

ამიტომაც, მიუხედავად ავი წინათგრძნობისა („შენ არ მოუკვდე დედასა, შენზედ არ დავჯდე მტირალი“), რომელსაც გიგლიას დის, თამარის სიზმარიც ემატება („სხივნ გამქრალიყვნენ მზისანი, დალეწილები ეყარნენ აბრაქნი ჩემის ძმისანი“), არიგებს და გზას ულოცავს გიგლიას:

 

„ფშაველთ სალოცავმ შემასწვრას

შენს შინ მშვიდობით მოსვლასა,

ხერხით მაიქცე მტერთანა,

ნუ გასწევ ჯიუტობასა

მშვიდობით! ჯვარი გეწეროს!“.

 

პატრიოტ ქალებზე ლაპარაკისას უნდა მოვიხსენიოთ ლელა ბაჩლელიც პოემა „ბახტრიონიდან“. ჩვეული მოწიწებითა და სინატიფით ხატავს ვაჟა მთიელი ქალწულის უზადო სილამაზეს:

 

„საამურია საცქერლად

ვარდზე ცხვარები დილისა,

ქალი ჰგავს სამოთხის ყვავილს,

ნარწყავსა უკვდავებითა,

ხორცშესხმულ სიყვარულსა ჰგავს,

აუწყველს, -უწყავებითა“.

 

ეს ლელაა „ვარდი, ვარდის წყლით ნაბანი“, მტერთან საბრძოლველად, სნეული მამის სანაცვლოდ ბრძოლაში წაყვანას რომ მოითხოვს მისი საქციელი გაოცებული და აღშფოთებული მეომარი მამაკაცებისაგან:

„- ვერ მიჰხვდით? პირდაპირ გეტყვით:

თათრებთან ომი მწადიან,

………………………………………

რად გიკვირსთ, ფშაველ-ხევსურნო

იქნებ მიწუნებთ ქალობით?

ჩემ ძმათ ცხოვნებამ, გარგებდით,

ჩვენთა სალოცავთ წყალობით“.

 

ეს მომხიბვლელი შერწყმა ქალურისა და ვაჟური ქცევისა უფრო ხაზს უსვამს მთიელი ქალწულის მიმზიდველ ქალურობას.

 

ლელას პატრიოტიზმი მარტო მჭექარე სიტყვებში არ გამოიხატება („მტრის ჯავრი გულში მიდგია, შავის ალაზნის გუბედა“): ის აშკარა სიკვდილზე მიდის და იღუპება, როგორც გმირი ბახტრიონის ციხის კარებთან.

 

„ლეკვი ლომისა სწორიაო….“ და ამაზე მეტი „ლომობა“ ქალისაგან, ალბათ ძნელი წარმოსადგენია.

 

 

ვაჟას პოემა „ეთერი“ ხალხური „ეთერიანის“ საფუძველზეა შექმნილი. დიდი ნიჭია საჭირო, რომ ხალხურმა გენიამ არ შთანთქას ხელოვანის ინდივიდუალური შესაძლებლობები. ვაჟას ჰქონდა ეს ნიჭი. მის პოემაში, რომელიც ერთი ტრაგიკული სიყვარულის ამბავია, არ არის ის საგმირო-ჰეროიკული სული, ხალხური ეპოსისთვის რომაა დამახასიათებელი. ნაწარმოების ცენტრში დგას მწყემსი ქალი ეთერი და არა ხალხი. აქ ეთერის ფსიქიკა, მისი სულის მოძრაობაა მთავარი.

 

ვაჟასეული ეთერი კიდევ ერთი მშვენიერი სახეა მისი პოემების გმირ ქალთა შორის:

 

„… და მწყემსი ქალი, ობოლი-

ყვავილი ედემისაო…

ეტყობა მიწას ლამაზი

ნავალი ეთერისაო“.

 

მართლაც, გენიოსის კალმის მოსმაა, როგორც იტყვიან, შეუძლებელია, რამდენიმე ჩვეულებრივი ფრაზით ამაზე სრულიად და არაჩვეულებრივად ქალის სილამაზის გადმოცემა.

 

ტყის ფერიაა ეთერი. ყელი ჯეირანს მიუგავს, ბალიშად ქვა უდევს და ლეიბად „შამბი ძირზედა“, თვალებში ზღვა და ხმელეთი ჩაჰქსოვია, ხორცშესხმული სიყვარულია და თავზე ტრფობის გვირგვინი ადგას:

 

„ტანთ შავი ჯუბა აცვია,

შავი მანდილი თავზედა,

ვერ ნახავ ერთ მძივს, ან ღილსა

ეთერის ლერწამ ტანზედა“.

 

„პოემაში ეთერი შუა საუკუნეების საგალობელში გამოსახულ ღვთისმშობელსა ჰგავს, სახე მისი მზეა… (თვალებში) უბრწყინავს მთელი ქვეყანა, წმინდანთა და ღვთაების სიყვარულით დაგვირგვინებული“ (ვაჟა-ფშაველას ხუთი პოემა, საიუბილეო კრებული, 1974).

 

ვაჟას ეთერი პიროვნებაა: წინდახედული („ღირსი არა ვარ, ხელს გბანდე, განაღამც გვყვანდე ცოლადა, მეფე ხარ რატომ არ ჰფიქრობ? საქმეს რად იჭერ ყროლადა?“), არცთუ მიამიტი („მიწაზე ცალი არა გყავს, როგორც მზეს მაღლა ცაზედა; ვაითუ მალე მოგწყინდე, მალე გამცვალო სხვაზედა“), დამატყვევებელი სულის პირველქმნილი მშვენიერი სისპეტაკითა და უანგარობით (,,ხშირად ტანთ არა მაცვია, დავდივარ ფეხშიშველაო, მაგრამ სიმდიდრე, სიდიდე, ფუჭია ჩემთვის ყველაო“.).

 

კიდევ ერთი მშვენიერი, მაღალი სულის ქალი გვხვდება პოემაში „სისხლის ძიება“. ეს არის დემურის ცოლი. პოეტური ნიჭი არც ამ ქალის სილამაზის გადმოსაცემად დაიშურა ვაჟა-ფშაველამ:

 

„ქალი გადმოდგა ქოხიდან,

შუქი გამოჰყვა პირითა,

………………………………………………..

თუ შურთხი არის ლამაზი

მსტვინავი მაღალ მთაზედა?

…………………………………………………….

ან თუ ვარსკვლავთა კრებული

უხვსხივიანი ცაზედა?

…………………………………………………..

იქნება სამოთხე იყოს,

ქვეყნად მოსული ციდანა?

ვაჟკაცის გული ჭირია,

გადამგდებელი ჭკვიდანა“.

 

ქალი, რომელსაც საოცარი მოკრძალება და ხათრი აქვს ქმრისა, აღმოაჩენს, რომ დემური გამცემია: „შავად მენახოს, ქმარაო, შენი ვარსკვლავი ცაზედა“. ამ მწარე სიტყვების მიზეზიც, ალბათ მარტო ძმის სიკვდილი არ არის, შელახული რწმენა და თავმოყვარეობაცაა.

 

მოულოდნელად და უცნაურად იკლავს თავს დემურის ცოლი: იმავე ცეცხლში გადაეშვება, რომელშიც მისი ქმრის მკვლელი, ქიჩირბეი, იწვება. საინტერესოა, რა არის ეს? რწმენადაკარგული და სასოწარკვეთილი ქალის საბედისწერო ნაბიჯი, პროტესტი უსამართლობის მიმართ, თუ რაღაც სხვა, უფრო ღრმა განცდა.

 

მრავალფეროვანია ვაჟასეული პლეადა ქალებისა, რომელთა ხასიათებსა და შინაგან სამყაროში ბოლომდე წვდომა არც ისე ადვილია. ეს, შეიძლება ითქვას, მთელ მის შემოქმედებაზეც. „დღეს ვერავინ დაიჩემებს, თითქოს მან ისეთნაირად გახსნა ვაჟა-ფშაველას ლექსი, რომ შემდგომ თაობებსაც კი არაფერი რჩებათ გაურკვეველი და გასაკეთებელი…

 

ვაჟა-ფშაველა დიდი ხელოვანია და ამიტომ კვლევა-ძიების რომელიმე ერთ დონეზე ნამდვილად დაუძლეველია იგი. თვითონ ვაჟა ადვილად თხზავდა, ჩვენ კი ძნელად გასარკვევი თხზულებები დაგვიტოვა, რაცაა მისი პოეტური სიცოცხლის უკვდავების პირობა“.

 

ვაჟა ურთულესი ფენომენია, რომლის სიდიადის ბოლომდე გააზრებისგან ჩვენ ჯერ კიდევ კიდევ შორს ვართ.

 

ქართულმა გენმა შვა ვაჟა-ფშაველა, რომელიც „ოლიმპიური ზევსივით დგას არა მარტო ქართველი ხალხის, არამედ მთელი კაცობრიობის სულიერი კულტურის საგანძურში“ (დ. ბენაშვილი, ვაჟა-ფშაველა, 1961წ).

 https://mastsavlebeli.ge/

წავუკითხოთ ერთმანეთს

 ჩემს მასწავლებლურ გამოცდილებაზე დაკვირვებით, კითხვის სწავლა თანდათან უფრო უჭირთ ბავშვებს. ბევრს ვფიქრობ, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ თანამედროვე სამყაროს ამ ურთულეს გამოწვევას. ახლა ბავშვებს ისე სჭირდებათ უფროსების დახმარება, როგორც არასდროს. ბრაზი იმის გამო, რომ ვერ ან არ კითხულობენ ბავშვები, მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეგვიშლის. სწორედ ამიტომ, მშობლებმა, მასწავლებლებმა, ბავშვების აღზრდით დაინტერესებულმა ადამიანებმა ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, მოთმინებით აღვიჭურვოთ და ბავშვებს როგორმე კითხვა უნდა შევაყვაროთ.

გადავწყვიტე, გიამბოთ, თუ როგორ შეიძლება, კითხვა გადავაქციოთ დღესასწაულად და დაუვიწყარ თავგადასავლად.

მეთოდი სახელად „წავუკითხოთ ერთმანეთს“ მე და ჩემმა 11 წლის შვილმა გამოვიგონეთ. ამ მეთოდამდე მოსასვლელად რამდენიმე წელი დაგვჭირდა. ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა გაბრიელი სკოლაში არ დადიოდა. მაშინ მომაფიქრდა, რომ ჩემი შვილებისთვის ხმამაღლა წამეკითხა ისეთი წიგნი, რომელიც თავადაც არ მქონდა წაკითხული. რობერტ ლუის სტივენსონის „განძის კუნძულით“ დავიწყეთ. სათავგადასავალო ჟანრმა, მეკობრეებმა, განძის ძიებამ, გემებმა პატარა ბიჭის ცნობისმოყვარეობას ცეცხლი შეუნთო. იმდენად დიდი სიამოვნება მოგვანიჭა ხმამაღლა წაკითხულმა წიგნმა, „განძის კუნძულის“ დასრულებისთანავე ჯ.რ.რ. ტოლკინის „ჰობიტი“ შევარჩიეთ. ზღვიდან ჰობიტების, ჯუჯების, ელფების სამყაროში გადაბარგება სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. ამჯერადაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქეთ ერთმანეთს. მაშინ მხოლოდ მე ვუკითხავდი 6-9 წლის ბავშვებს. შემდეგ ჟიულ ვერნის „კაპიტან გრანტის შვილების“ კითხვას შევუდექით, მაგრამ ერთ თავს ვერ გავცდით. რამდენიმე წელი მივივიწყეთ სქელტანიანი წიგნების ერთობლივი კითხვა. გაბრიელი დროდადრო მთხოვდა, ისევ შემერჩია რომელიმე წიგნი და ხმამაღლა წაგვეკითხა, თუმცა რამდენიმე მიზეზის გამო თავი ვერ მოვაბი: გაბრიელის ქართულის მასწავლებლობა მხვდა წილად და მთელი ძალისხმევა დამოუკიდებლად წიგნის კითხვის ჩვევის ჩამოყალიბებისკენ მივმართე, კლასში გამუდმებით ვუკითხავდი ბავშვებს მხატვრულ ლიტერატურას, ე.წ., კლასის საკითხავ წიგნს, იმ პერიოდში თავადაც დაიწყო კითხვა და, ამასთანავე, ხმამაღალი კითხვის ერთგულებიც ვრჩებოდით – გამუდმებით ვუკითხავდით ერთმანეთს ქართულ ხალხურ ზღაპრებს. ამ ზაფხულს კი გაბრიელის თხოვნამ დამაფიქრა და ისევ გაგვიჩნდა სურვილი სქელტანიანი წიგნის ხმამაღალი წაკითხვისა. ამგვარი ხანგრძლივი გზა გამოვიარეთ და ჩარლზ დიკენსის „ოლივერ ტვისტამდე“ მოვედით.

წიგნის შერჩევა

წიგნის სწორად შერჩევა პირველი და უმთავრესი ნაბიჯია. ჩემი არჩევანის მიღმა ულამაზესი ამბავი იმალება. ათი წლის წინ სოფელ უწერის სკოლაში მუშაობისას პირველი ხელფასის ასაღებად კოლეგებს ქალაქ ონში გავყევი. შემოდგომა იდგა. მთებზე ჩამოეთოვა. სკოლის წითელ ავტობუსში ვიჯექი და ყველაფერი მაკვირვებდა: რაჭული დიალექტი, ულამაზესი სიტყვები, ყურმოკრული დიალოგები, განსხვავებული ყოფიერება, ურთიერთობები. მასწავლებლები მაღაზიებში გაიფანტნენ, იმარაგებდნენ ფქვილს, ყავას, ზეთს… ეძებდნენ ქილების ხუფებსა თუ რეზინის ჩექმებს. პატარა ქალაქში შუშებიანი ჯიხური შევნიშნე. გაზეთებს ყიდდნენ. მაშინ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად იყიდებოდა წიგნები სერიიდან „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“. რიგით 33-ე წიგნი ჩარლზ დიკენსის „ოლივერ ტვისტი“ იყო. გაზეთების ჯიხური აღმოჩნდა პორტალი ჩემი მასწავლებლური თავგადასავლისა და ამ ჯადოსნური სამყაროს პირველი კარი „ოლივერ ტვისტმა“ გამიღო.

დეკემბრის მიწურულს მე და ჩემმა მოსწავლეებმა უწერის სკოლაში პირველი ლიტერატურული კაფე გავმართეთ. წიგნის წარდგენის ფორმად საინფორმაციო პლაკატი შევარჩიეთ. იმ დღეს სკოლის პატარა სააქტო დარბაზმა უამრავი ადამიანი დაგვიტია. ოთახი შეშის ღუმლით გავათბეთ, ღუმელში დარიჩინიანი ვაშლი შევწვით, კაკაო და გლინტვაინი მოვადუღეთ და წაკითხულ წიგნებზე ვისაუბრეთ. ყველა ვღელავდით. გამოუცდელები, მაგრამ გაბედულები და ერთად ყოფნის ბედნიერებით სავსეები ვიყავით. მე „ოლივერ ტვისტი“ წარვადგინე. გაბრიელი მაშინ 2 წლის ხდებოდა და შინ დავტოვე.

ჩემ შემდეგ ოლივერ ტვისტი მეექვსეკლასელმა მარიამმა და თამარმა წაიკითხეს და ერთად წაკითხულმა წიგნმა თანამოაზრეებად გვაქცია, დავიჯერეთ, რომ ყველა დაბრკოლებას ოლივერის მსგავსად გადავლახავდით და კეთილი ადამიანების თანადგომა ჩვენც არ მოგვაკლდებოდა. მართლაც ასე მოხდა. ორი წლის შემდეგ ლონდონიდან მასწავლებელი გვესტუმრა. ლელამ დაუვიწყარი საჩუქრები გვაჩუქა: ლონდონის მუზეუმის ნახატების მიხედვით შექმნილი სამაგიდო თამაში, „ჯიპრაიდის“ საკითხავი წიგნები, ვან გოგის ნახატებიანი კალენდარი და ბოლოს ყუთიდან ილუსტრირებულყდიანი წიგნი რომ ამოიღო, მე და ჩემი მოსწავლეები ავყვირდით. ლელა გაოცებული გვიყურებდა, ვერ გაეგო, რა გვიხაროდა. ლონდონიდან კი ჩარლზ დიკენსის „ოლივერ ტვისტს“ უფრენია, უვლია და უწერის სკოლამდე ჩამოსულა. ჩვენ მყისვე ვიცანით ყდაზე დატანილი ილუსტრირებული ეპიზოდი – ოლივერი ხის ჯამით ხელში შრომის სახლის თანამშრომლებთან იდგა, გამხდარი, ობოლი, მშიერი ბიჭი მეგობრების წაქეზებით ულუფის დამატებას თხოულობდა შემდეგი ფრაზით: „-please, sir, I want some more!“ ასეთი შთამბეჭდავი და გამაოგნებელი სიხარული მოგვიტანა ჩვენმა პირველმა წიგნმა. ეს არის იმის მაგალითი, როგორ შეუძლია ლიტერატურას თავი მნიშვნელოვნად გაგრძნობინოს, დროისა და სივრცის ჩარჩოები დაარღვიოს და ამბების მომგროვებლად გაქციოს.

ეს ყოველივე გაბრიელს ვუამბე. მართალია, რაჭიდან ქალაქში გადმოვინაცვლეთ, მაგრამ რაჭაში გაზრდილი ბიჭის გულს ოლივერ ტვისტი სიყვარულით ავსებს. მე გამოუთქმელი სინაზით ვუბრუნდები წიგნს, გაბრიელი კი დიდი ინტერესით შემოდის.

კითხვის დრო და ადგილი

წიგნის კითხვის რიტუალის ჩამოყალიბებას ხელშეწყობა სჭირდება, თუმცა, ჩვენი დაკვირვებით, როგორც კი დროს მოიხელთებთ, მაშინ სჯობს წაკითხვა. ჩვენი თავისუფალი დრო დღის განმავლობაში ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს, ამიტომ ვკითხულობთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

რაც შეეხება კითხვის ადგილს, ჩემი ყოველდღიურობიდან გამომდინარე, წიგნს ძირითადად სასადილო ოთახში ვკითხულობთ. ხშირად სადილის მომზადებისას ან ნამცხვრის ცხობისას გაბრიელი მიკითხავს და ეს მომენტი ყველაზე მეტად მიყვარს.

 

რას ვაქცევთ ყურადღებას კითხვისას?

ხმამაღალი კითხვა უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს. კითხვისას ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს საკუთარი თავი უნდა გამოაფხიზლო, ენერგია უნდა გამოიმუშაო. ამ ყოველივეზე გაბრიელსაც ვესაუბრები. ვაკვირდებით, რომ ხმადაბალი კითხვისას ხალისი იკარგება, სიტყვების დაბოლოების ამოკითხვა ჭირს და აზრიც ბუნდოვანი ხდება. როგორც კი ინტონაციით – ხმის აწევ-დაწევით – ვიწყებთ კითხვას, მკითხველის სხეულიც ფხიზლდება და მსმენელიც ყურადღებით იწყებს მოსმენას. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ზოგჯერ მონაცვლეობით ვკითხულობთ ხმამაღლა, ზოგჯერ კი მხოლოდ ერთი ჩვენგანი უკითხავს მეორეს.

კითხვისას ვაკვირდებით უცხო სიტყვებს, ახალი პერსონაჟების გამოჩენას, ქუჩების სახელწოდებებს, ავტორის შეფასებებსა და მსჯელობას, პერსონაჟთა ქცევას, ძალიან გვიყვარს სქოლიოებში დატანილ სიტყვებზე დაკვირვება და განმარტებების ამოკითხვა.

დროდადრო ვჩერდებით და გამოვთქვამთ ვარაუდებს, თუ როგორ გაგრძელდება სიუჟეტი ან მიმოვიხილავთ განვითარებულ მოვლენებს, ზოგჯერ ცრემლებით გვევსება თვალები, ზოგჯერ კი გულიანად ვიცინით.

კითხვისას ფერადი კალმით ვხაზავთ უცხო სიტყვებსა და საინტერესო ფრაზებს. წიგნში გვხვდება ჩემი რაჭველი მოსწავლეების მიერ შავი ფანქრით გახაზული ფრაზები. ხშირად ჩვენც ის მოგვწონს, რაც – მათ. ფურცლებს შორის ვპოულობთ გამხმარ ყვავილებს, ფოთლებს და ვუფრთხილდებით.

ოლივერის დღიური – წერა

როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნე, თუკი აქამდე წიგნის ხმამაღლა კითხვა მხოლოდ მკითხველის აქტიურობას გულისხმობდა და მსმენელი პასიურობდა, „ოლივერ ტვისტის“ კითხვა ამჯერად ინტერაქციული აღმოჩნდა და გარდა იმისა, რომ მონაცვლეობით ვკითხულობთ, გამოვთქვამთ მოსაზრებებს, ხმამაღლა ვაკეთებთ კომენტარებს, თავიდანვე შევთანხმდით, რომ წაკითხვის შემდეგ დღიურს დავწერდით.

საგულდაგულოდ შევარჩიეთ რვეულები, მოვხატეთ ყდები და ოლივერის დღიური დავარქვით. წიგნის ერთი თავის წაკითხვის შემდეგ დღიურში ვწერთ ჩანაწერს, რომლის ინსტრუქცია ერთად შევიმუშავეთ. წერილობითი ტექსტი მოიცავს ამბებს ჩვენი ცხოვრებიდან და კომენტარს წაკითხულის შესახებ. რა ხდება ახლა? რა მოხდა გუშინ? რას ვაპირებთ ხვალ? – ძირითადად, დროის ამ სამ მონაკვეთს ვარჩევთ და ვწერთ თავისუფლად, დაუბრკოლებლად.

წერისას ხშირად ვუსმენთ მუსიკას. ჩვენს ნაწერს გადავიკითხავთ, ვასწორებთ და შემდეგ ერთმანეთს ვუკითხავთ. ჩემი უმთავრესი ადრესატი გაბრიელია – ერთი სული მაქვს, როდის წავუკითხავ ხოლმე ჩემს დღიურს და როცა თვალებგაბრწყინებული მეუბნება, რომ ძალიან კარგად ვწერ, უზომოდ მიხარია.

დღიურში ჩამოვწერეთ წერის სხვა მეთოდებიც და გადავწყვიტეთ, რომ დღის ჩანაწერსა და წერილობით კომენტარს დროდადრო ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მეთოდით ჩავანაცვლებთ:

  • პირადი წერილი პერსონაჟს;
  • ერთი მოგონება;
  • ვენის დიაგრამა;
  • დახატე ეპიზოდი;
  • დაახასიათე პერსონაჟი;
  • მისწერე მეგობარს წერილი ოლივერის შესახებ;
  • ამოიწერე უცხო სიტყვები;
  • ამოიწერე ფრაზები.

ერთმანეთისთვის ხმამაღალი კითხვის შემდეგ წერა ძალიან მოგვწონს. წერა გვეხმარება წაკითხულის გაგება-გააზრებაში, ჩვენი განცდების გადმოცემაში, ერთმანეთის გაცნობაში:

23 ივნისის ჩანაწერების მცირე მონაკვეთი ამგარია:

„დღეს დილას 6-ზე დავაყენე მაღვიძარა, მარა 10 საათზე გამეღვიძა და ეგრევე ნერსესთან გავვარდი. მერე თურმე მამას ბაბუასთვის ფული გამოუტანებია და ახმეტელზე გავქროლდი. მერე მუსიკაზე გავეშურე. იქ ჩემი მუსიკა დავუკარი და სიმღერა ვიმღერე. ნანა მასმა ყვავილი გამომატანა. თურმე სულთმოფენობა ყოფილა და ეს ყვავილი მთელი წელი უნდა შემენახა და ახლა ვინახავ. საიტერესოა, 5 საათი როგორ გაუძლო… მე და დედამ „ოლივერ ტვისტი“ წავიკითხეთ. ეს თავი ძალიან საინტერესო იყო და ცოტა გამიხარდა, ოლივერი რომ ამ კაცის ხელშია. ცოტა წესიერ რამეს შეჭამს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სულს გაუმწარებენ“. – გაბრიელი

 

„ცხოვრება ლიტერატურასთან ერთად – ჩემი ყოველი დღის სათაური ამგვარია. ხშირად განვიცდი მადლიერებას ლიტერატურის სიყვარულის გამო. დილას შიო მღვიმელის ლექსს „ირემი“ ვკითხულობდი ხმამაღლა. ლილე გვერდით მეჯდა, დღიურში სარკისებურად წერდა ციფრებს, ნერსე ეტლში იწვა და მე ვკითხულობდი ლექსს, ალბათ, მეასედ, მაგრამ მხოლოდ ამ დილას ვიტირე. ლილემ შემომხედა სიყვარულით სავსე თვალებით და შენ რა ყველაფერზე გეტირებაო, შემომღიმა.

…ჩარლზ დიკენსი ძალან ზუსტად ასახავს ქცევის მოტივს. როცა გულს მტკენენ ან სივერაგეს, მზაკვრობას ვაწყდები, ხშირად მინატრია, ნეტავ, ჩარლზ დიკენსი ვიყო, რომ ზუსტად ავსახო ის, რაც ჩემს თავს ხდება-მეთქი.

ოლივერის სისუსტე მაშინ გადაიქცა უზარმაზარ ძალად, როცა თავმოყვარეობა შეულახეს და მის დედას შეურაცხყოფა მიაყენეს. ის გაძლიერდა. ზოგჯერ ბრაზი გვაძლიერებს. საინტერესო ემოციაა.

ოლივერი დიკს ხვდება. დიკი მისი ერთადერთი მეგობარი იყო ფერმაში. მათ ერთად სცემდნენ და აშიმშილებდნენო, წერს მწერალი. დიკი ოლივერს ემშვიდობება, კოცნის და ლოცავს. ამ ეპიზოდმა ამატირა.

საღამოს ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიას ვკითხულობდი. აკა მორჩილაძე ისეთი ენით წერს, ადვილად აყვარებს მკითხველს ვაჟას.

…მიდი, ოლივერ, გაიქეცი! ხვალ შეგხვდებით. ლონდონისკენ მიმავალ გზაზე მე და გაბრიელიც გამოგყვებით. არ შეგეშინდეს, პატარავ.

ხშირად ვფიქრობ, რამდენი თაობის მკითხველს აერთიანებს ოლივერ ტვისტი  და რა მაგარია ლიტერატურის ძალა, თუნდაც ამიტომ!“ – დედა (ამონარიდი ჩემი ჩანაწერიდან)

ვიდეოჩანაწერი

ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ ჩემი პრაქტიკული საქმიანობისა და ლიტერატურის შესახებ ვიდეომასალის ჩაწერას. გაბრიელს და მის მეგობრებს, რომლებსაც Youtube-ზე არხი აქვთ, ხშირად ვეკითხები რჩევებს. ციფრულ ეპოქაში მასწავლებლებმა ყველა პლატფორმა უნდა ავითვისოთ, სადაც ჩვენი მოსწავლეები იმყოფებიან. ამას გარდა, ვიდეოჩანაწერით ინფორმაციის გავრცელება უფრო მარტივია. სწორედ ამიტომ, გაბრიელს ვთხოვე, ოლივერ ტვისტის წაკითხვისა და დღიურის დაწერის შესახებ ვიდეოს ჩაწერა შევთავაზე. თავდაპირველად უარი მითხრა. შემდეგ ვესაუბრე, თუ რა მიზანი მამოძრავებდა და თავისი სურვილით დამთანხმდა.

დავსხედით, ჩავრთეთ მობილური ტელეფონის კამერა და გულწრფელად ვისაუბრეთ, რატომ და როგორ ვკითხულობთ, დღიურიდან ერთი დღის ჩანაწერიც წავიკითხეთ. იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოს, რომ მსგავსი შინაარსის ვიდეობლოგების საჭიროებაში დავრწმუნდით და გადავწყვიტეთ, დროდადრო ჩავწეროთ და საზოგადოებას გავუზიაროთ კითხვისა და წერის ჩვენეული თავგადასავალი.

ამგვარად, ერთ წიგნს დავუკავშირეთ ხმამაღალი კითხვა, წერა, ვიდეოჩანაწერი – აზროვნების გამოხატვის სხვადასხვა ფორმა. რაც მთავარია, ძალიან გვიხარია კითხვა ერთმანეთისთვის. წიგნის დასრულების შემდეგ ოჯახის წვერებისთვის პრეზენტაციის გამართვას ვგეგმავთ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ზოგჯერ რამდენიმე დღე ისე მიებმება ხოლმე, რომ წაკითხვას ვერ ვახერხებთ. ოჯახის თითოეული წევრი გვგულშემაგვტკივრობს, იციან, რომ ვკითხულობთ და დროდადრო მათაც უწევთ მოსმენა.

ბოლოს რაჭისკენ მიმავალ გზაზე ვკითხულობდით. მანქანის სახურავი ნახევრად გადახდილი იყო. საღამოვდებოდა. შქმერის ცა თან მოგვყვებოდა. მეთერთმეტე თავში ოლივერს ცხვირსახოცის ქურდობას დააბრალებენ, შიმშილისა და შიშისგან ბიჭს გული წაუვა. მოსამართლე კი არ უჯერებს. მისტერ ბრაინლოუ ოლივერის გამართლებას ცდილობს, მაგრამ არაფერი გამოსდის. ამ უიმედო და უსამართლო ვითარებისას წიგნების გამყიდველი აქოშინებული შემოიჭრება სასამართლო დარბაზში… – ეს ხდებოდა წიგნში, ლონდონში… ჩვენი მანქანა კვლავ სოფელ შქმერში მიქროდა. გზაზე ცხენები გამოჩნდნენ. სვლა შევანელეთ. მანქანაში ყიჟინა ატყდა, ჩემი ოჯახის წევრები ცხენოსნებს გამოელაპარაკნენ. ჩემს კალთაში სამი თვის ჩვილს ეძინა. ხელში მძიმე წიგნი მეჭირა. მგზავრობით გადაღლილმა ცხენზე ამხედრებულ ბიჭებს შევხედე და ჩემი ყოფილი მოსწავლეები ძლივს ვიცანი. ფანჯარას მოუახლოვდნენ რამდენიმე წლის უნახავი ბიჭები და მკითხეს, როგორა ხართ, მასწავლებელოო. სიმბოლური იყო, ხელში „ოლივერ ტვისტი“ რომ მეჭირა. ამ სტატიის წერა თბილისში დავიწყე და ვფიქრობდი, შესავალი ნაწილი ძალიან ხომ არ გამეწელა-მეთქი, ახლა უწერაში ვარ და სტატიის ბოლოს ისევ ვწერ იმ ადამიანებთან შეხვედრაზე, რომლებიც პირველ ლიტერატურულ კაფეში მთავარი პერსონაჟები იყვნენ. ნიკუშა მაშინ მეხუთე კლასში იყო, პაატა – მეათეში, გიორგი – მეთერთმეტეში. იმ დღეს გადაღებულ ფოტოებსაც ცოცხლად ვხედავ. ახლა კი ყველაზე მეტად ნიკუშას ცნობა გამიჭირდა. ბიჭი, რომელიც კლასში კულუმბარებსა და თოხიტარებზე მიყვებოდა, ახლა ცხენზე ზის, სალოცავში მიიჩქარის და ისე მიღიმის, გული მილღვება.  იმ საღამოს მე და გაბრიელმა დღიურში დაწერა ვერ მოვასწარით და მაშინვე ვიფიქრე, რომ მეთერთმეტე თავის წაკითხვის პასუხად ამ შეხვედრის შესახებ მოვყვებოდი.

თუკი ამ სტატიაში ასახულ მოვლენებს დავაკვირდებით, დროისა და სივრცის ხაზების უცნაურ კვეთაზე დავფიქრდებით, ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთმანეთისთვის წაკითხულ წიგნებს ჯადოსნური ჯოხის ეფექტი აქვს – მიუშვერ საყვარელი ადამიანის გულს, ჩრდილოეთის ციალივით გაანათებ და მისი ნათება სხვების გულებსაც მისწვდება.

 

https://mastsavlebeli.ge/ 

სიყვარულსა რაგვარ წერენ

 ავთანდილის მიერ როსტევანისთვის დატოვებულ ანდერძში არგუმენტებს რუსთაველი ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე აფუძნებს და ამგვარად განგვასაზღვრინებს მისი აზრის ხარაჩოსა თუ პიროვნულ პასუხისმგებლობას. აქ თითოეული ღირებულება კარგის პრიმიტივზეა დაფუძნებული, ემიჯნება ყოველივე ცუდს, მიუღებელს და ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. ავთანდილი მეფეს ანდერძის შესავალშივე თამამად უცხადებს, რომ გასაჭირში მყოფ მოყვასს, რომლის გამოც გული ეწვის, ვერ მიატოვებს და ამიტომ უნდა წავიდეს. „ვერ დავდგები შეუყრელად ჩემდა ცეცხლთა მომდებრისად“, – უპირობო, უანგარო სიყვარულით აცხადებს იგი. ეს თანაგანცდაა, ემპათია, ზნეობრივი პრინციპი, რომელიც მე-ზე, ეგოზე მაღლა დგას. უფრო მეტიც – იესოს შემდეგი სიტყვებით გაცხადებული სიმაღლის მოცემულობაა: „უფროჲსი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს“ (იოანე, 15-13).



ანდერძში მომდევნო ღირებულებებია: სიმართლე სიცრუის, ორპირობის წილ და განათლება – ცოდნის ღმრთაებრივი გზით განსხეულება („მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა“).

ფილოსოფოსთა სიბრძნეზე დაფუძნებული ავთანდილისეული არგუმენტები თითქოს საფეხურებრივად ლაგდება უფრო მაღალი ღირებულებისკენ – სიყვარულისკენ აღმასვლით. სპასპეტი მხცოვან როსტევანს მოაგონებს უკვე წაკითხულ და კარგად დასწავლილ ცოდნას:

„წაგიკითხავს, სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ წერენ?

ვით იტყვიან, ვით აქებენ? ცან, ცნობანი მიაფერენ.

“სიყვარული აღგვამაღლებს”, ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ,

შენ არ ჯერ ხარ, უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ!“

რაკი ავთანდილი არაბთა მხედართმთავარია, მოქმედებაც არაბეთში ვითარდება, იმ დროს კი არაბეთის რელიგია ისლამი გახლდათ, კრიტიკულ მოსწავლეს თუ დაინტერესებულ მკითხველს, ცხადია, გაუჩნდება მართლგონივრული შეკითხვა: რომელ მოციქულებს გულისხმობს რუსთაველი.

ამ შემთხვევაში ჩემი როგორც მასწავლებლის დამოკიდებულება ყოველთვის ყოფილა მათი კრიტიკისადმი პოზიტიური განწყობის გამოხატვა და კვლევითი უნარების განსავითარებლად, პირველ ეტაპზე –ყურანის შეთავაზება, თუმცა მანამდე ამიხსნია, რომ ისლამის მიხედვით, მაჰმადი ანუ მუჰამედი, ღმერთის უკანასკნელი წინასწარმეტყველია/მოციქულია და ისლამი წინასწარმეტყველად/მოციქულადვე განიხილავს ქრისტესაც, რომლის მეორედ მოსვლას ელიან და აღიარებენ მაჰმადიანებიც. ყურანში კი სიყვარულის შესახებ, აი, რა იძებნება: „ხოლო რამდენჯერ ყოფილა – გძულებიათ რაიმე იმ დროს, როცა სიკეთე იყო თქვენთვის და რამდენჯერ გყვარებიათ რაიმე, თუმცა კი სიავე იყო თქვენთვის, ალაჰმა უწყის, ხოლო თქვენ არ იცით“ (სურა 2, 213).

ეს არის და ეს! ამდენად, ცხადია, რუსთაველი ყურანს ვერ დაეყრდნობა, მით უფრო, რომ აქ მხოლოდ ერთი მოციქულის სწავლებაა, ავთანდილს კი მათზე მრავლობითის ფორმით ათქმევინებს, მოციქულ რაგვარ წერენო. თანაც „ვეფხისტყაოსნის“ ღმრთისმეტყველებაზე დაწერილი კვლევებითაც უტყუარად არის დადგენილი საღმრთო თქმულებების ცხოველმყოფელი გავლენა რუსთველის გენიაზე.

ახლა კი, ახალი აღთქმის მოციქულთა სწავლების კვალობაზე, მათსავე ტექსტებს მივყვეთ და მოვუსმინოთ:

არ გინახავთ და გიყვართ, ვერც ახლა ხედავთ, მაგრამ გწამთ და ენით უთქმელი და დიდი სიხარულით ხარობთ (პეტრე, 1-8);

ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით განიწმიდეთ თქვენი სულები უპირფერო, ძმური სიყვარულისთვის და წმიდა გულით მხურვალედ გიყვარდეთ ერთმანეთი (პეტრე 1-22);

მაშ, განიშორეთ ყოველგვარი უკეთურება, ყოველგვარი ზაკვა, პირფერობა, შური და ყოველგვარი ავსიტყვაობა. როგორც ახალშობილმა ყრმებმაშეიყვარეთ სუფთა სულიერი რძე, რათა მისი მეოხებით იზარდოთ ხსნისთვის, ვინაიდან იგემეთ, რომ ტკბილია უფალი (პეტრე 2, 1-3);

პატივი ეცით ყველას, გიყვარდეთ საძმო, ღვთის შიში გქონდეთ და პატივი მიაგეთ მეფეს (პეტრე 2-17);

უწინარეს ყოვლისა კი, გულწრფელად გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგანაც სიყვარული ფარავს ცოდვათა სიმრავლეს“ (პეტრე 4:8);

სიყვარულის ამბორით მოიკითხეთ ერთმანეთი. მშვიდობა ყველას, ვინც იესო ქრისტეში ხართ“ (პეტრე 5:14).

ამიტომ თქვენც გულმოდგინედ ეცადეთ, რომ თქვენს რწმენას სათნოებაც ზედ მიუსართოთ, სათნოებას – შემეცნება, შემეცნებას – თავშეკავება, თავშეკავებას – მოთმინება, ხოლო მოთმინებას – ღვთისმოსაობა, ღვთისმოსაობას – ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას კი – სიყვარული (პეტრე 2, 5:7);

ხოლო ვინც იმარხავს მის სიტყვას, მასში ჭეშმარიტად აღსრულებულა ღვთის სიყვარული; ამით შევიცნობთ, რომ მასში ვართ“ (იოანე 2:5);

ვინც ამბობს, ნათელში ვარო, მაგრამ თავისი ძმა სძულს, ბნელშია დღემდე“ (იოანე 2-9);

ვისაც თავისი ძმა უყვარს, ნათელში მკვიდრობს და საცთური არ არის მასში (იოანე 2-11);

ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რათა ღვთის შვილებად ვიწოდებოდეთ: ქვეყანა იმიტომ არ გვიცნობს, რომ ვერ იცნო იგიამით იცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ვინც არ იქმს სიმართლეს და ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, ღვთისაგან არ არის იგი. რადგანაც ეს არის უწყება, რომელიც გსმენიათ დასაბამიდან, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი (იოანე 3, 10:11);

ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან გადავედით სიცოცხლეში, რადგანაც გვიყვარს ძმები; ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება. იმით შევიცანით სიყვარული, რომ მან თავისი სული დადო ჩვენთვის; ჩვენც გვმართებს ძმებისათვის სულის დადება. ვისაც სიმდიდრე არ აკლია ამქვეყნად, მაგრამ გაჭირვებული ძმის შემყურეგულს იხშობს მისთვის, როგორღა დაემკვიდრება მასში ღვთის სიყვარულიშვილებოგვიყვარდეს, მაგრამ არა სიტყვით და ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით (იოანე 3, 16:18);

მისი მცნება ისაა, რომ გვწამდეს მისი ძის იესო ქრისტეს სახელით და, როგორც გვამცნო, გვიყვარდეს ერთმანეთი“ (იოანე 3, 21);

ახლა გთხოვ, ქალბატონო, ისე კი არა, თითქოს ახალ მცნებასა გწერდე, არამედ იმას, რაცა გვაქვს დასაბამიდან, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი. სიყვარული კი ისაა, რომ მივდევდეთ მისი მცნებების გზას; აი, მცნება, რომელიც გსმენიათ დასაბამიდან, რათა მისი გზით იაროთ (იოანე, 1, 5:6);

მოციქულთა მიერ სიყვარულზე კიდევ მრავალი რამ არის თქმული. მოვიყვანთ მხოლოდ კორინთელთა მიმართ პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლეს მეცამეტე თავს, რომელსაც სიყვარულის საგალობელს უწოდებენ:

ენასაღა თუ  კაცთასა და ანგელოზთასა ვიტყოდიხოლო სიყუარული არა მაქუნდესვიქმენმე, ვითარცა რვალი, რომელი ორინ, გინა წინწილანი, რომელი მობდ.

და მაქუნდესღათუ წანაწარმეტყუელებაჲ და უწყოდი ყოველი საიდუმლოჲ და ყოველი მეცნიერებაჲ, მაქუნდეს ღათუ ყოველივე სარწმუნეოებაჲ ვიდრე მთათაცა ცვალებადმდე და სიყუარული არა მაქუნდეს, არა-ვე-რაჲ ვარ.

და შე-ღათუ-ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ჴორცნი ჩემნი დასაწუელად და სიყუარული არა მაქუნდეს, არარაჲვე სარგებელ არს ჩემდა.

სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი,

არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა;

ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ.

სიყუარული არასადა დავარდების, გინა თუ წინაწარმეტყუელებანი განქარდენ, ანუ თუ ენანი და-ვე-სცხრენ, გინა თუ მეცნიერებანი განქარდენ.

რამეთუ მცირედ-რაჲმე ვიცით და მცირედ-რაჲმე ვწინაწარმეტყუელებთ.

ხოლო რაჟამს მოიწიოს სრული იგი, მაშინ მცირედიცა იგი განქარდეს-ვე.

ოდეს-იგი ვიყავ ყრმა, ვიტყოდე ვითარცა ყრმაჲ, შერაცხილ ვიყავ, ვითარცა ყრმაჲ; ხოლო ოდეს ვიქმენ მამაკაც, დაუტევე სიყრმისაჲ იგი.

რამეთუ ვხედავთ აწ, ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ პირსა პირისპირ. აწ ვიცი მცირედ, ხოლო მერმე ვიცნა, ვითარცა შევემეცნე.

ხოლო აწ ესერა ჰგიეს სარწმუნოებაჲ, სასოებაჲ და სიყუარული, სამი ესე; ხოლო უფროჲს ამათსა სიყუარული არს“.

ეს ის ტექსტია, რომელსაც ბავშვებს ზეპირად ვეუბნები ხოლმე. ისინიც მისმენენ, გაიაზრებენ, არქაიზმების მნიშვნელობას მეკითხებიან. მერე ბინარულ ოპოზიციად განვიხილავთ ადამიანური და ღვთაებრივი სიყვარულის ცნებებს. ერთად ვფიქრობთ და ვმსჯელობთ ქვენა, ვნებიანი [ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოდით – F 63,9] და უფრო მაღალი განზომილების სიყვარულის კატეგორიებსა და იმ პორტრეტებზე, რომლებიც ამ მსჯელობისას იკვეთება, იქნება ეს მამა, რომელსაც უყვარს ერთადერთი ქალიშვილი და სასიძო და რომელსაც არ უნდა, დაუშვას მათი და ქვეყნის უბედურება თუ განბრძნობილი, ზნეობრივ სიმაღლეს ნაზიარები ავთანდილი, რომელსაც, აქილევსისა არ იყოს, უსარგებლო და ხანგრძლივ, მით უფრო ნაძრახ სიცოცხლეს სახელიანი სიკვდილი ურჩევნია, მეტადრე – თუ მისი თავგანწირვა მეგობარს გადაარჩენს. ეს კი მასავით „მხოლოდშობილი ძის“, იესოს გზაა, მისი მაგალითის გაზიარება და, შესაბამისად, სრულქმნილებით აღსრულება ღვთაებრივი ანდერძისა: „იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს“ (მათე 5, 48).

მოსწავლეებს აქვე ვაცნობ კორნელი კეკელიძის მოსაზრებას, რომლის თანახმად, „ქრისტიანულმა ნეოპლატონიზმმა და სუფიზმმა რელიგია მიიყვანეს იმ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ სიყვარული და მიჯნურობა ღვთისადმი, რასაც ის მოითხოვს, არის სიყვარული და მიჯნურობა ადამიანისადმი. ამ ნიადაგზე შესაძლებელი შეიქმნა სპარსულ ლიტერატურაში წარმოშობა იმ უმდიდრესი და უსრულესი სატრფიალო-სამიჯნურო პოეზიისა, რომელიც ქალ-ვაჟთა თავდავიწყებულს, შმაგ სიყვარულში გულისხმობს ღვთაებისადმი სიყვარულს“. მკვლევრის აზრით, ასეთ რამეს ადგილი უნდა ჰქონდეს „ვეფხისტყაოსანშიცო“. აქვე მომყავს ქეთევან ბეზარაშვილის ძალიან მნიშვნელოვანი მოსაზრება, რომ ავთანდილს მოყვასისა და მიჯნურისადმი სიყვარულის ერთმანეთთან გადაჯაჭვული ორი გრძნობა აჰყავს საღვთო სიყვარულის სიმაღლეზე.

ავთანდილი ამქვეყნიური სიყვარულით ეზიარება მარადიულ სიყვარულს, რადგან კაცობრივი და საღვთო სიყვარული ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია („რომელსა უყუარს ღმერთი, უყუარს ძმაჲცა თჳსი“ (იოანე 4:21) და პირიქით)[1]. მკვლევრის დაკვირვებით, ეს არის სწრაფვა პირველქმნილი მშვენიერებისაკენ, რადგან ადამიანური გრძნობის ამ სიმაღლეზე გადმოდის ზეციური მადლი საღვთო სიყვარულისა. ეს არის სიყვარულით ერთიანობა ქრისტეში (ό έχων άγάπην έν Χρισuτώ ICem.49,1), ღმერთის მოპოვება სიყვარულით, რადგან ღმერთი სიყვარული არს (Max. charit. 4.100). ეს არის გარდასახვა საღვთო სიყვარულში და განათლება (Charit.2,48). მოსალოდნელი სიკვდილის გამო დაწერილი ავთანდილის ანდერძიც (შდრ. ებრ. 9:16) სიყვარულით მარადიულთან შერწყმის სულისკვეთებას მოუცავს („სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად“), რადგან იგი ინათლება სიკვდილში (შდრ. რომ. 6:3) და განიცდის სულიერ განახლებას[2].

ამ ყველაფერზე დაკვირვებით, ქრება მოსწავლეთა დაეჭვება, რომ რუსთაველი ქრისტეს მოციქულებს გულისხმობს, მათი დამოწმების ტრადიცია კი მანამდეც არსებობდა უძველეს ქართულ ტექსტებში. იაკობ ხუცესის ჩვენამდე მოღწეული ტექსტის – „წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაჲს“ – მე-16 თავში ლოცვა-კურთხევის მისაღებად მისულ ჯოჯიკს სიკვდილის პირას მყოფი დედოფალი ეუბნება: „განვისაჯნეთ მე და ვარსქენ პიტიახში მუნ, სადა-იგი არა არს თუალღებაჲ წინაშე მსაჯულისა მის მსაჯულთაჲსა და მეუფისა მის მეუფეთაჲსა, სადა არა არს რჩევაჲ მამაკაცისა და დედაკაცისაჲ, სადა მე და მან სწორი სიტყუაჲ ვთქუათ წინაშე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა“ – მე და ვარსქენი, ჩვენი სიტყვისამებრ, ღმერთის, იესო ქრისტეს მიერ მიუკერძოებლად გავსამართლდებით იქ, სადაც ქალი და კაცი არ განირჩევაო. ცხადია, მისი ეს სიტყვები ალუზიაა გალატელთა მიმართ ნათქვამი პავლე მოციქულის სიტყვებისა: „არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არც აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ“ (პავლე, გალატელთა მიმართ, 3-28).

სხვათა შორის, მოციქულთა დამოწმების ეს ტრადიცია შემდეგდროინდელ სამართლებრივ ტექსტებსაც გადმოჰყვა. მაგალითად, სასამართლო განჩინებათა კრებულში დაცულ ტექსტში: „განჩინება სოლომონ II-ისა ხუტუ მიქელაძის ქალისათვის მამულის დამკვიდრების თაობაზე“ ვკითხულობთ: „ვითარ იგი მოგვითხრობს სამართალი საბერძნეთისა და სწერს მოციქულიცა პავლე: არა არსო რჩევა მამაკაცისა და დედაკაცისა; და მეფენიცა ქართველთანი წოდებულნი ხოსროიანად მემკვიდრეობითა ქალისათა ზედსიძობით იყვნენ სხვაგვარისაგა მრავალთა საუკუნეთაშინა. ყოველნი ძველნი და ახალნი სამართალნი და სჯულდებანი დაამტკიცებენ მსგავსად ვაჟისა მემკვიდრეობასა ქალისასა, გარნა მოთხრობა ძველთა და ახალთა საუკუნეთათა განვრცელდების, ხოლო გავრცელება კალმისა მოსაწყენელ იქმნების“ მსმენელთაგანო[3].

სათქმელი კიდევ ბევრია, მაგრამ მკითხველს ჩვენი წერილის კითხვა რომ არ მოსწყინდეს, აქ შევაჯამებ: არანივთიერი ფასეულობის მატარებელ ტექსტებს, ვფიქრობ, იმთავითვე ნივთიერი მნიშვნელობა და საგასაღებო ღირებულებაც აქვს. ამდენად, სასწავლო პროცესში აუცილებლად მიმაჩნია მათი ჩართვა.

გამოყენებლი ლიტაერატურა:

[1]სტატიაში: „ვეფხისტყაოსნის“ საღვთოსიყვარულიდა „ტურფასაჭვრეტელი“ http://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/period/document/HASH01cc60bb6f098c1e4debaf37;jsessionid=20B45EA2B0FE2A4A374CA4F7588A0798?ed=1

[2]ქეთევან ბეზარაშვილი, იქვე.

[3]წყარო: ქართული ენის ეროვნული კორპუსი, http://gnc.gov.ge/gnc/concordance


https://mastsavlebeli.ge/