Thursday, July 4, 2024

რეალურისა და იდეალურის „კონსენსუსზე“

 იცვლება განა რამე ამ წუთისოფელში? განა ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველი არ არის?! არსებობს კი გრძნობა, რომელიც არასდროს განუცდიათ ან ქმედება, რომელიც არ ჩაუდენიათ? ტკივილი, რომელსაც კათარზისი მოსდევს, ტანჯვას კი – იქნებ უკვდავებაც?.. ტატო გავიხსენოთ, ბარათაშვილი, დარჩენილი ჩვენს ისტორიაში სწორედ ამ სასიყვარულო სახელით, რომლითაც ასე ცოტას გამოარჩევს ხოლმე ერი, და მისი „თავგანწირული სულისკვეთება“:

„ეს ღამეც წავიდა, ვითარცა სიზმარი. კიდევ მომნახა ჩემმა ჩვეულებრივმა მოწყინებამ. ვისაც საგანი აქვს, ჯერ იმისი სიამოვნება რა არის ამ საძაგელს ქვეყანაში, რომ ჩემი რა იყოს, რომელიც, შენც იცი, დიდი ხანია ობოლი ვარ.

არ დაიჯერებ, მაიკო! სიცოცხლე მამძულებია ამდენის მარტოობით. შენ წარმოიდგინე, მაიკო, სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ჰყავს, დედაც, დებიც, მრავალნი მონათესავენი და მაინც კიდევ ვერვის მიჰკარებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელს სოფელში!
ვინც მაღალის გრძნობის მექონი მეგონა, იგი ვნახე უგულო; ვისიც სული განვითარებული მეგონა, მას სული არ ჰქონია; ვისიც გონება მრწამდა ზეგარდმო ნიჭად, მას არცა თუ განსჯა ჰქონია; ვისიცა ცრემლნი მეგონებოდენ ცრემლად სიბრალულისა, გამომეტყველად მშვენიერის სულისა, თურმე ყოფილან ნიშანნი ცბიერებისა, წვეთნი საშინელის საწამლავისა!

სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი?

ვიცი, გაიცინებ, ასე გეგონება, დამწვარი ვლაპარაკობ. ჭეშმარიტად, მაიკო, ასე გულცივად ჯერ განსჯა არა მქონია. ასეთი თავისუფალი ფიქრი მაქვს და ასეთი მტკიცე გული, რომ სამოცი წლის მოხუციც ვერ იქნება ჩემისთანა უსყიდელი მსაჯული.

მოიგონე ცოტას ხანს დრონი წარსულნი და მაშინ შემიბრალებ. ყმაწვილობითვე შეჩვეული რაზედმე სული ძნელადღა გარდაიცვლის ჩვეულებას და, ვიდრემდის სრულიად გარდაეჩვევა, მწარეა ტანჯვა და ბრძოლა მისი.

„ძნელი არის მარტოობა სულისა:
მას ელტვიან სიამენი სოფლისა,
მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,
ოხვრა არის შვება უბედურისა!“

შენი ავადმყოფობა შევიტყვე, რა დაგემართა? თუ ფიქრობ, ასეთს რას იფიქრებ, რომ ბოლო არა ჰქონდეს, ასეთს რას მიიღებ, რომ არ დაკარგო? მიჩვენე კაცი, რომ მადლიერი იყოს ამ წუთის სოფლისა.

დაიმარხე მშვენიერება სულისა, უმანკოება გულისა! აი ჭეშმარიტი ბედნიერება, უმაღლესი სიამე, რომელსაც კი კაცი წაიღებს ამ სოფლისაგან. სხვათა ბედნიერებათა სოფლისათა უყურე გულგრილად, ამაყად და გრწამდეს, რომ იგინი შეურჩენელნი არიან!

თუმცა აქიმბაში არა ვარ, მაგრამ ეს წამალი სიზმარშიც მაქვს ნასწავლი და, თუ დამიჯერებ, იმედი მაქვს, რომ გარგოს“.

ქალი – გასაგებია, მას გრძნობებზე აქცენტირება თვით ბუნებისგან აქვს ბოძებული, მაგრამ კაცი რომანტიკოსი ძალიან ცოდოა, რადგან შეიძლება, გადაყლაპოს, შთანთქას რეალობამ. ამიტომ კაცი უნდა იყოს რეალისტი, მაგრამ რომანტიკის დამფასებელი, რასაკვირველია.

ლიტერატურული მიმდინარეობა „რომანტიზმი“ და მსოფლმხედველობრივი, ცხოვრებისეული რომანტიზმი სხვადასხვა რამაა და „შუა უზის დიდი ზღვარი“. ჩვენი რომანტიკოსები ლიტერატურულად იყვნენ წარსულზე მეოცნებენი, მსოფლიო სევდით, მაგრამ რეალიზმის გარეშე ვერანაირად იქცეოდნენ მწერლებად, ვერანაირად დაიმკვიდრებდნენ თავს ქართულ, მარად ხისტ სინამდვილეში. ამიტომ იყო, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი ქმნიდა „ცისა ფერს“ და თან წერილებს სწერდა ბიძას, გრიგოლ ორბელიანს – სთხოვდა, სამსახური ეშოვა მისთვის, რომ სიღარიბის ჭაობიდან ამოსულიყო, ვალები გაესტუმრებინა, მაღალი პოეზიის საუფლოში ხშირად მოხვედრილიყო. ცალკე წერდა „ბედი ქართლისას“, ცალკე კი რუსულ ცენზურას უხვევდა თვალს ორაზროვანი ლექსით „საფლავი მეფის ირაკლისა“. თავის მხრივ, გრიგოლ ორბელიანი ცალკე 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობდა, ცალკე რუსეთის იმპერიის ჩინ-მედლებით იმშვენებდა გულმკერდს. სამწუხარო რეალობაა, როცა ზნეობრივ კომპრომისებს გთხოვს ცხოვრება ადამიანური სახის შესანარჩუნებლად. თუმცა ზღვარი აქაც საჭიროა, რასაკვირველია…

ახლა „ჩამოვალაბორანტებ“ ჩემს მსჯელობას ყოფითამდე, რუტინულამდე, სადაც, ჩემი აზრით, ცოტაოდენი რომანტიზმი მაინც საჭიროა. ქართველმა კაცმა ვაი რომ იცის, რა არის დღეს ოჯახის რჩენა, თუ მისი წინამძღოლობა უნდა, თავმოყვარეობა თუ არ დაუკარგავს და ქალისთვის არ დაუთმია ეს საპატიო, ტრადიციული მისია. თუნდაც სქესთა ურთიერთობა ავიღოთ – აქაც ბალანსია საჭირო. ერთია ყოფითობის „მჭრელი“ მერკანტილიზმი, რომელმაც მთლად ზნეობა არ უნდა დაგათმობინოს, მაგრამ მძიმე რეალობაში ლავირება კაცს უფრო მოეთხოვება, ვიდრე ქალს (სადაც პირიქითაა, აქ ვერ არის ადეკვატურობა თუნდაც ქალურ-კაცური ბუნების გაგება/განხორცილებისა). მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ კაცმა არ იცოდეს, რას ამბობდა გალაკტიონი ამ ლექსში:

 

შორეული ქალის ეშხი

მოვა… მაგრამ როდის?

სიყვარული სასახლეში

მხოლოდ ერთხელ მოდის!

ასეთია ნაზი ბედი,

ბედი რჩეულ ფერის;

სიცოცხლეში თეთრი გედი

მხოლოდ ერთხელ მღერის!

ყვავილები უხვად არის

დენდის… მეფე მონის.

ქარში ათრობს არემარეს

ოხვრა ტრიანონის.

და ლანდებად თეთრ სარკეზე

ჩნდება სახე მკრთალი

შუაზელი, ესტარგეზი

და თვით დედოფალი.

ზრდილი, ნაზი და მეფური,

ჩემი ძველისძველი

ლექსი არის უნებური

სიზმრით შემმოსველი.

მხოლოდ თეთრი შადრევნებით

მე ვერსალის ბროლი,

მაცდურ თვალის გადევნებით

მტანჯავს მსუბუქ-მქროლი.

 

დედოფალო! ლურჯა რაში

მიჰქრის საშიშ-ჩქარი

და ბილიკთა ლურჯ ქვიშაში

მიაქვს მძაფრი ქარი!

 

მიჰქრის დალალგადაყრილი:

დოვინ, დოვენ, დოვლი…

თოვლი, ფიფქი და აპრილი,

ვარდისფერი თოვლი.

 

…ანდა ისე იყოს კაცი გაუხეშებული შიანაგანად, რომ „გულის თვალი არ უწყლიანდებოდეს“ ამ სიტყვების გახსენებაზე: „ძევახ, სიცოცხლეო ჩემო..“
მოკლედ და კონკრეტულად კი ასე ვიტყოდი – ადამიანს თუ არ შეუძლია რეალურისა და რომანტიკულ-იდეალურის დაბალანსება საკუთარ თავში თუ მის გარეთ, „გასტანჯავს წუთისოფელი“, რეალისტურად დაუცველ იდეალიზმსაც „გასტანჯავს“, გალახავს თუ შელახავს.

ყველაფრის დახარისხება შეიძლება, რაც მატერიალურია. ტიპებად, ჯგუფებად, ქვეჯგუფებად, ჟანრებად, კატეგორიებად და ასე შემდეგ.

ყველაფერი დიდია ან პატარა ვიზუალურად, შინაარსობრივად თუ ფაქტობრივად.

მაგრამ არა ადამიანი! როცა ადამიანების „დახარისხება“ იწყება, იქ კვდება ადამიანობაც. კაცობრიობის ისტორიაში ვინც ადამიანების დიფერენციაცია, მათ შორის განსხვავებების პოვნა და ადამიანის ამით შეფასება სცადა (კანის ფერის, წარმომავლობის, სისხლის „მეტაფიზიკისა“ თუ სოციალური კუთხით), – ულიანოვი იყო ეს თუ შიკლგრუბერი, – იქ დადგა კრახი ცივილიზაციისა თუ სააზროვნო კულტურისა.

ადამიანი ადამიანია – ის ავაზაკიც, რომელმაც იესოს გვერდით ჯვარზე გაკრულმა შეიმეცნა უდიდესი ჭეშმარიტება და თავად განკაცებული ღმერთიც, რომელიც სწორედ ამ განსხვავებულობის არარსებობის საჩვენებლად ჩამოვიდა მიწაზე – შეგვახსენა, რომ საკაცობრიო სიყვარულმა არ იცის განსხვავებები; იდეაში ისე უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც ღმერთს ვუყვარვართ: იუდაც და ურწმუნო თომაც, ლაზარეც, საბრალო მეზვერეც, ძე შეცდომილიც და პავლედ გარდასახული სავლეც.

„დიდი და პატარა“ ადამიანები არ არსებობენ – ყველა დიდია, როგორც ღვთის ქმნილება და ყველა პატარა, როცა საკუთარი ცოდვილი ბუნების ძლევაზე მიდგება საქმე. ანუ „მიწაცაა“ ყოველი ჩვენგანი და „ზეცაც“.
ნიცშეს ყველაზე დიდი შეცდომა ზეკაცობის თეორია იყო, რომლითაც ღვთის დაკნინება, დაძლევა სცადა – რით სრულდება ხოლმე ასეთი ხდები, ვიცით, და დასრულდა კიდეც.

დიდი ადამიანობა რა არის?
ღმერთთან მსგავსება – მაღალი სულიერება, სწორი ღირებულების ერთგულება, თავმდაბლობა, უბრალოება, ღვაწლი, მსხვერპლი, თავგანწირვა იდეის, ქვეყნისა თუ კაცისთვის!
ხშირად სულის ასეთი დიდებულება არც აღიარებს თავს განსაკუთრებულად.
„დიდ კაცთან პატარა კაცსაო“ ადამიანმა ამოთქვა სწორედ გამრუდებულ თვალთახედვაზე, შეზღუდულ თვალსაწიერზე, მიწისკენ, ტალახისკენ სწრაფვაზე, პატივმოყვარეობაზე, ამპარტავნებასა და ყოველივე სატანურ-მეფისტოფელურზე.
საკუთარი თავის – ვნებების, განდიდების მანიის, საკუთარი მნიშვნელოვნების „გაბერილი“ შეგრძნების – დაძლევას გისურვებთ, ადამიანებო, რომ საკუთარ შინაგან სამყაროში ღმერთი გამუდმებით არ ვაცვათ ჯვარს. ეს „ომიც“ საშიშია და ზოგჯერ – მისგან მოგვრილი „მშვიდობაც“.

სიწმინდეებს რაც შეეხება.

ჩვენ ვართ კავკასიელები და, ამასთან, ქართველები, ანუ ჩვენ გვაქვს არა აზიური, არამედ ევროპული ბუნება. ევროპა ნიშნავს შინაგან და გარეგან კულტურას, განათლებას, ცივილიზაციას, რომლის სათავეებთანაც ვდგავართ როგორც ერი. ეს მათთვის, ვისაც ევროპა მსოფლიოსთვის იდეოლოგიურად თავს მოხვეული, გლობალურად ზნეობრიობის დაკნინებისკენ მიმართული ტენდენცია ჰგონია.
ანუ ევროპელობა ნიშნავს სააზროვნო, სოციალურ, ყოფით კულტურას, წესრიგს.

კავკასიელობა ნიშნავს ტრადიციების ერთგულებას, კონსერვატიულობას, პატიოსნებისა და ზნეობის გაფეტიშებას.
ქართველობა ყოველივე ამას დამატებული სიწმინდეების დომინირებაა. უამისოდ ერთ წუთს არ უცხოვრია ჩვენს ერს და საზოგადოებრივი ფორმაციების პროგრესის გზით ამ სააზროვნო მოდელმა ქრისტიანული ფორმა მიიღო, რომელზე მაღლა ასული ცნობიერებაც არ იცის კაცობრიობამ.

ქართველი კაცი, რაც უნდა დაბეჩავდეს და დაკნინდეს, სიწმინდეს არასდროს შეურაცხყოფს, თუ ის ჯანმრთელია მენტალურად ანუ ტრადიციული ფასეულობების პატივისმცემელია. ლეჩაქს არ დაიხურავს ჩვენი კაცი, არათუ ლიფით ან ტანგით გაივლის… და არც გაატარებს არავის ასეთს გვერდით, სანამ პირში სული უდგას. ეს ურყევი მოცემულობაა და ვინც ამას ვერ გაიგებს, მან არც საქართველო იცის. მაშასადამე, ჩვენ არ გვემუქრება გარედან გამრუდებული „კონცეფციის“ თავს მოხვევა, რადგან ამ მხრივ არ ვმერყეობთ.

ოჯახი ანუ კერია კი ჩვენთვის სამყაროს მოდელია, სახელმწიფოსიც, არსებობის უცვლელი ფორმაც, ანუ ფრანგებივით თავისუფლები ნაკლებად ვიქნებით ამ მხრივ და ყოველთვის ვაღიარებთ ამ პირობითობას, რომელსაც ეყრდნობა ჩვენი ეროვნულობაც – დემოგრაფიული მომენტი თუნდაც, ან იმ წიაღის პატივისცემა, რომელშიც ეს ეროვნული ითესება და ღვივდება; მერე სკოლაა, მერე საზოგადოება და ა.შ.

სიწმინდეებით დავიწყე და ამითვე დავამთავრებ – ეს არის ის საყრდენი, რამაც გადაგვარჩინა. ჩვენ მაღალი სააზროვნო კატეგორიების მაღიარებელი და მათი მოწიწებით პატივისმცემელი ერი ვართ. თუ ასე აღარ ვიაზროვნებთ, აღარც ვიქნებით, როგორც ერი. უფრო მარტივად ვიტყვი – ჩვენთვის ზნეობრიობა სახელმწიფოებრივ დონეზეა აყვანილი, ხოლო ის, რაც ზნეობრივია, არასდროს არის წარსული – მარადი აწმყოა, შესაბამისად, მომავალიც. ისევ ჩემს საყვარელ ვაჟა-ფშაველას ვახსენებ – სანამ იცოცხლებს ვაჟა და მისი ღირებულებები, იქნება საქართველოც.

აი, რას უნდა გავუფრთხილედეთ! აი, რა არ უნდა გავაყალბოთ! ეს არის დამღუპველი და არა თვალებშეღებილი კაცები თუ საწყალი, ქალობადაკარგული, გაკაცებული ქალები. მიმიხვდით ალბათ, სად არის საჭირო სიმტკიცე – ეროვნულობა და სწორი ღირებულებები, ორიენტირები, რომელთა შორის არის თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ც! ეს უკანასკნელი უძვირფასესი განძია ქართველისთვის და მისი დაკარგვა სქესობრივი ორიენტაციის შეცვლაზე მძიმე ტრაგედიაა.
ნურც ბომონთა (ფულისა თუ პიროვნებების) მონები ვიქნებით, ნურც მავნე შიშებისა, რომ ერთი მხარის უარყოფა ნიშნავს, მეორეს „ბაბაიას“ ვეძახდეთ და სანუკვარ თავისუფლებას ვუძღვნიდეთ ხონჩით. „ბაბაია-გველეშაპს“ რაც უნდა მიართვა ნარჩევი ქალ-ვაჟები, დროებით გადარჩები, ბოლოს მაინც მის სისხლით გაუმაძღარ სტომაქში ამოყოფ თავს. ქვეყნის ჩუქების უფლება კი არავის აქვს – ის ღვთაებრივ ანუ ისევ სიწმინდეების სიბრტყეზე განსახილველი არსია, ყველასიცაა და კონკრეტულად არავისი საკუთრებაც.

ზემოთქმულის გაფრთხლება ნიშნავს, „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“ და არა მსოფლიოსგან განცალკევებას. ღმერთს ვაბარივართ კარგა ხანია ქართველები და ვებარებოდეთ!

ეს არის ჩემი სათქმელი დღეს.

https://mastsavlebeli.ge/



No comments:

Post a Comment