წიგნი, რომელზეც მინდა გიამბოთ, ჩვენზეა, უკლებლივ ყველაზე. როდესაც კრისტინ როშიპთეს „მოდი, ერთად დავითვალოთ“ ჩემს მოსწავლეებს წარვუდგინე, ვუთხარი, რომ ამ წიგნში ერთმანეთს აღმოვაჩენდით.
ა4 ზომის ფერადი წიგნი, რომლის გარეკანიდან მილეთის ხალხი იმზირება, ჩემი მოსწავლეების საყვარელ თავშესაქცევად იქცა.
მოსწავლეებს განსაკუთრებით ის მოეწონათ, რომ ფერადი, ნახატებიანი წიგნი მათგან კითხვის რუტინას არ მოითხოვდა, თუმცა ეს ერთგვარი ანკესი აღმოჩნდა მათთვის, შეებიჯებინათ უტექსტო თავგადასავალში, სადაც უამრავი ამბავი და განსხვავებული პერსონაჟი იყრიდა თავს ფიქრის, ძიებისა და აღმოჩენების გზაზე.
წიგნი ბუნების სურათით იწყება, უადამიანოდ, ისევე, როგორც სამყარომ დაიწყო არსებობა ძალიან დიდი ხნის წინ, სანამ ადამიანის სახლად გადაიქცეოდა. შემთხვევითი არც ის უნდა იყოს, ილუსტრატორი სამყაროს პირველ მინიშნებას მხოლოდ კონტურებად რომ გვიხაზავს, ბავშვურად, მარტივი მონასმებით, ფერების გარეშე, ფერადი ნახატი კი წიგნის მომდევნო გვერდზე გვხვდება – პატარა ბიჭუნა საკუთარ ოთახში, უამრავი პირადი ნივთით გარემოცული, შეჰყურებს ცას და ოცნებობს, როგორც ყველა მისი თანატოლი. ვხვდებით, რომ სწორედ ისაა ამ წიგნის მთავარი გმირი – მოზარდი, რომელიც ეს-ესაა სამყაროს შესაცნობად ემზადება.
თავდაპირველად, მოსწავლეები აკვირდებოდნენ გამოსახულ ნივთებს, სამოსელს, გარემოს და პერსონაჟთა გამომეტყველებას. ამ ძიებისას აღმოაჩინეს, რომ მთავარი გმირი 8 წლისაა, უყვარს ბუნებაში ხეტიალი, ლეგოს კონსტრუქტორების აწყობა, ჰყავს დედა, მამა, და-ძმა, ბებია-ბაბუა და ახლობლები. მისი საყვარელი სათამაშო კი დიდთვალება დათუნიაა.
ამის შემდეგ მოსწავლეებმა აღწერეს თავიანთი საყვარელი გასართობი და სამეცადინო სივრცე, ისაუბრეს საკუთარ მიზნებსა თუ ოცნებებზე, მეტი შეიტყვეს ერთმანეთზე, გაავლეს პარალელები აღმოჩენილ გმირებთან და წიგნისადმი მეტი ინტერესი გაუჩნდათ.
ყველა ილუსტრაციას თან ახლავს შეკითხვა თუ მინიშნება, რომელიც მკითხველ-დამთვალიერებელს მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის გამოსახულ გმირზე. წიგნის ბოლო გვერდი კი ჩვენი ვარაუდების გადამოწმებაში გვეხმარება. მალევე აღმოვაჩენთ, რომ, მიუხედავად განსხვავებული გარეგნობისა, ხასიათისა, ცხოვრების სტილისა და მისწრაფებებისა, წიგნზე გამოსახული ადამიანები ერთ დიდ ოჯახს ქმნიან – დედამიწელების ოჯახს. შედეგად მოსწავლეებს უვითარდებათ ემპათიის, დაკვირვებისა და წარმოსახვის უნარი. აღმოაჩენენ, რომ ყველა ადამიანი უნიკალური და განუმეორებელია, ერთად კი სამყაროს მთლიანობას ვქმნით.
წიგნზე მუშაობისას შეგვიძლია, ბარათებად ვაქციოთ და კლასს დავურიგოთ შემდეგი დავალებები:
- დააკვირდი ნახატს. დაითვალე პერსონაჟები.
- აღწერე გარემო, აღწერე პერსონაჟი.
- შექმენი პერსონაჟების დღიური.
- ყოველ ჯერზე დაამატე ახალი ინფორმაცია ნაცნობ პერსონაჟზე.
- ამოირჩიე რომელიმე პერსონაჟი და გაგვაცანი.
- პირველ პირში გადმოეცი პერსონაჟის თავგადასავალი.
- გვიამბე, თავად თუ ყოფილხარ იმ გარემოში, სადაც პერსონაჟი იმყოფება. (ბიბლიოთეკა, მარკეტი, თეატრი, გამოფენა).
- მოგვიყევი, რით გგავს ან რით განსხვავდება შენგან ესა თუ ის პერსონაჟი.
კრისტინ როშიპტეს წიგნი, ბევრ სიკეთესთან ერთად, კარგი თვალსაჩინოებაა იმისა, როგორ აფართოებს ჩვენს თვალსაწიერს მიღებული ცოდნა.
წიგნი შესაძლებლობას იძლევა, მოსწავლეებს ვესაუბროთ:
- ოჯახზე;
- სკოლაზე;
- მეგობრებზე;
- სპორტზე;
- ჰობიზე;
- დაშვებულ შეცდომებზე;
- შიშებზე;
- პროფესიებზე;
- გარდაცვალებაზე;
- სიყვარულზე;
- ცხოვრებისეულ მიზნებზე.
სიმბოლურია, რომ წიგნის ბოლო გვერდზე დემონსტრაციულ მსვლელობაზე აღმოვჩნდით, სადაც ტრანსპარანტებზე შემდეგი მოწოდებები ამოვიკითხეთ: თავისუფლება, თანასწორობა, პატივისცემა, ღიაობა, სამართლიანობა, მშვიდობა, მხნეობა, უსაფრთხო გარემო, იყავი კაცთმოყვარე, იზრუნე გარემოზე, ფრთხილად ატარე და ა. შ. შეგიძლიათ, ყველა ეს წარწერა ცალკე საუბრის, განხილვისა და მსჯელობის თემად აქციოთ.
საგულისხმოა, რომ ყველა მათგანი უკეთეს სამყაროში ცხოვრებას ესწრაფვის. სამყარო კი უკეთესია მაშინ, როდესაც ერთმანეთს პატივს ვცემთ და მიმღებლობა სიძულვილს აღემატება.
წიგნის დასასრულს მოსწავლეებმა თამაშ-თამაშით, დეტალებზე დაკვირვებით, გუნდურად, ხალისიანად და ყოველ ჯერზე ახალ გმირთან შეხვედრით ფაზლივით გაამთლიანეს ისტორიები და, თავისდა უნებურად, მზა ილუსტრირებული წიგნის თანაავტორებად იქცნენ.
- S. ეს წერილი აქ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ შევიტყვე, რომ კრისტინ როშიფტე საქართველოში იმყოფებოდა და ნორდიკული დღეების ფარგლებში ქართველ მკითხველთან გეგმავდა შეხვედრას. შეხვედრის ორგანიზატორი გამომცემლობა „არტანუჯი“ გახლდათ.
პრეზენტაციაზე ავტორმა წიგნის შექმნის პროცესზე ისაუბრა, იმაზე, ერთ დღესაც როგორ გადაწყვიტა, საყვარელი ადამიანები ერთ წიგნში მოეხვედრებინა და მათი თავგადასავალი მკითხველისთვის ილუსტრაციებით მოეთხრო. „ჩემი სახლიდან ოფისამდე სულ რვა ნაბიჯია“, – ჰყვებოდა ავტორი და ეკრანზე ჩანდა სახლი, ყვავილებიანი ეზო და პატარა ოთახი, სადაც უამრავი წიგნი და უფრო მეტი ილუსტრაცია დაეხვავებინა.
წიგნი ორმოცზე მეტ ქვეყანაშია თარგმნილი და სხვადასხვა ასაკის მკითხველს აერთიანებს. შეხვედრის დასასრულს, ავტოგრაფების ჯერი რომ დადგა, უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა – ავტორმა ინდივიდუალურ წარწერებთან ერთად სახელდახელო ილუსტრაციებიც გვისახსოვრა, ჩემს მოსწავლეებთან კი „მშვიდობის მტრედი აფრინა“ წიგნის კლუბ „სათილისმოს“ სახელზე.
https://mastsavlebeli.ge/
წერილის დასასრულს ჩემი მოსწავლეების გულწრფელ შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ, რომლებიც ავტორთან გამომატანეს და მეც პირნათლად გავაჟღერე შეხვედრისას.
ლილე: „მე ამ წიგნმა მასწავლა დაკვირვება. მომეწონა, კითხვები გამოცანებივით რომ უნდა ამოგვეხსნა“.
გიო: „ამ წიგნს ვურჩევ ჩემს მეგობრებს, რადგან სახალისოა“.
დემე: „მე ეს წიგნი მომეწონა, რადგან სააზროვნოა და ბევრ რამეს იმახსოვრებ“.
მაშო: „ჩვენ შეგვხვდა სხვადასხვა პერსონაჟი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ სულ უკავშირდებიან ერთმანეთს“.
მაქსი: „მე ამ წიგნმა მასწავლა, ვიფიქრო განსხვავებულად“.
No comments:
Post a Comment