წინამდებარე წერილში ვაგრძელებთ საუბარს, თუ როგორ უნდა წავუკითხოთ ბავშვებს წიგნები მანამ, სანამ ისინი სკოლაში სიარულსა და კითხვის სისტემურ შესწავლას დაიწყებენ. პირველ წერილში ზოგადად ვისაუბრეთ ბავშვისთვის ხმამაღლსა წაითხვის არსსა და მნიშვნელობაზე. მეორე წერილში მიმოვიხილეთ ის სამი სტრატეგია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ უშუალოდ წაკითხვამდე: 1. საუბარი ყდაზე, 2. მოდი გავიხსენოთ (წინარე ცოდნის გააქტიურება), 3. ვარაუდების გამოთქმა სათაურისა და ილუსტრაციების მიხედვით.
როგორც შევთანხმებულები ვართ, სტრატეგიები/აქტივობები წარმოდგენილია შემდეგი ფორმატით: ჯერ აღწერილია სტრატეგიის ძირითადი არსი, შემდეგ ვუპასუხებთ შეკითხვას, თუ რატომ უნდა გავაკეთოთ ეს, შემდეგ საუბარია, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ამ კონკრეტული ქმედების განხორციელებისას და ბოლოს განიხილულია კონკრეტული ნიმუში.
ამ წერილში განვიხილოთ შეკითხვების დასმის სტრატეგია, რომელიც დაგხვეხმარება, როგორც წიგნის უშუალოდ წაკითხვამდე, ასევე წაკითხვის პროცესში და წაკითხვის შემდეგ მსჯელობისთვისაც. ერთიც აღვნიშნოთ, რომ ეს სტრატეგია ინტეგრირებულია ყველა სხვა სტრატეგიასთან, რადგან შეკითხვების დასმის გარეშე შეუძლებელია, როგორც ყდაზე საუბარი, ასევე წინარე ცოდნის გააქტიურება, ვარაუდების გამოთქმა და ა. შ.
შეგახსენებთ, რომ ეს და სხვა სტრატეგიები მოკლედ აღწერილი და გამოქვეყნებულია USAID საბაზისო განათლების პროგრამის პორტალზე chemiskola.emis.ge -ზე. სწორედ ამ პროგრამის კონსულტირების დრო შევადგინეთ ბარათების ეს ვერსიები.
- შეკითხვების დასმა
რა არის ეს?
სკოლამდელ ასაკში ბაშვები გამუდმებით სვამენ შეკითხვებს — ეს მერე ვუკლავთ და ვუთრგუnავთ ამ სწრაფვას და მხოლოდ ჩვენ მიერ დასმული შეკითხვების საპასუხოდ ვუბიძგებთ ხოლმე…
კარგი შეკითხვა აღუძრავს ბავშვს ფიქრისა და მსჯელობის სურვილს. რა აზრი აქვს ბავშვისთვის წიგნის ხმამაღლა წაკითხვას, თუკი შეკითხვებს არ დავსვამთ? თუკი ისე წავიკითხავთ წიგნს, არც ერთი შეკითხვას არ დავუსვამთ ბავშვს, მაშინ ამ წაკითხვის სარგებელი განუზომლად შემცირდება. რა თქმა უნდა, ბავშვისთვის წაკითხვა მაინც მნიშნვნელოვანი იქნება, თუმცა ეს პროცესი გაცილებით სასარგებლოდ ჩაივლის, თუკი კითხვის პროცესში პატარა მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ შევჩერდებით და ბავშვს შეკითხვებს დავუსვამთ. კითხვის პროცესში ზომიერი პაუზებით შეკითხვების დასმა ბავშვს ეხმარება უფრო სიღმისეულად გაიაზროს ის სამყარო, რომელშიც ერთად ვექცევით წიგნების წაკითხვის დროს. კარგი იქნება, თუკი წავახალისებთ ბავშვის მიერ შეკითხვების დასმასაც, რომელთაც ჩვენც ვუპასუხებთ და ვუბიძგებთ კიდეც თავისსავე შეკითხვებზე პასუხის გაცემისკენ.
რატომ?
შეკითხვების დასმა ბავშვს ეხმარება, უფრო სიღმისეულად გაიაზროს ის სამყარო, რომელშიც ერთად ვექცევით წიგნების წაკითხვის დროს. ამ დროს ბავშვს უვითარდება დაფიქრების, პასუხების ძიების, წაკითხულის გახსენების, მისი ინტერპრეტირებისა და ლოგიკური აზროვნების უნარები. რასაკვირველია, ეს აგრეთვე დაკავშირებულია მეტყველების განვითარებასთანაც. შეკითხვების დასმა და მათზე პასუხის გაცემა წიგნის წაკითხვის პროცესს ხდის უფრო ნაყოფიერს, საინტერესოსა და დასამახსოვრებელს პატარისთვის.
როგორ გავაკეთოთ?
შეკითხვები უნდა დავსვათ სათაურის წაკითხვისთანავე — ამის გარეშე შეუძლებელია, როგორც წიგნის შესახებ წინასწარ საუბარი, ასევე ვარაუდების გამოთქმა. მაგრამ შეკითხვების დასმა მნიშვნელოვანია ტექსტის წაკითხვის დროსაც.
როდესაც წიგნის ერთ გვერდს (შეიძლება, ნახევარსაც კი) წავიკითხავთ, უნდა შევჩერდეთ, შეკითხვების დახმარებით გავიაზროთ, თუ რა წავიკითხეთ. როგორც აღვნიშნეთ, ბავშვიც უნდა წავახალისოთ საინტერესო შეკითხვების დასმასა და მათზე პასუხების ერთად მოფიქრებაში.
შეკითხვების დასმით ბავშვს ვარაუდების გამოთქმასაც ვუბიძგებთ. თუკი რომელიმე ტექსტს ხელმეორედ, მესამედ ან მეოთხედ ვკითხულობთ, ამ შემთხვევაში, გავიხსენებთ, თუ რა მოხდება შემდეგ.
ასე რომ, აუცილებელია წაკითხვის პროცესში დავსვათ სხვადასხვა სიღრმისა და სირთულის შეკითხვა და ბავშვთან ერთად ჩვენც ჩავერთოთ მათზე პასუხის გაცემაში.
ნიმუში
დავუშვათ, ბავშვს ვუკითხავთ “ნაცარქექიას” ზღაპარს. რა შეკითხვები შეიძლება დავსვათ ამ ზღაპრის კითხვისას?
ვარაუდების აღმძვრელი შეკითხვები | წაკითხულის გადასამოწმებელი შეკითხვები |
1. როგორ ფიქრობ, რატომ ერქმევა ამ კაცს, ამ პერსონაჟს ნაცარქექია? 2. როგორი კაცი იქნება ნაცარქექია? 3. რას გააკეთებენ ნაცარქექია და დევი ერთად? როგორი ურთიერთობა ექნებათ მათ? 4. რას იზამს ნაცარქექია? დევი? რა მოხდება შემდეგ? და სხვ. |
|
ქვემოთ შემოთავაზებული ცხრილის მარცხენა სვეტში წარმოდგენილია ზოგადი ხასიათის შეკითხვები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა წიგნის წაკითხვის დროს. ხოლო მარჯვენა სვეტის შეკითხვები კონკრეტული ტექსტის (ამ შემთხვევაში ,,კომბლე”) მიხედვითაა დასმული. სანამ ცხრილს ვნახავთ, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ,,კომბლე” მცირედი ინტერპრეტირებით (ინტერპრეტაცია, ტექსტის შეცვლა-გადაკეთება სრულიად შესაწყნარებელი და ასევე სასარგებლო პროცესია და ამაზე ცალკე საუბარიც იქნება საინტერესო სხვა დროს.). აღვნიშნოთ, რომ ჩამატებული თუ გადაკეთებული ადგილები ხაზგასმითაა გამოყოფილი ტექსტში.
კომბლე
იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი. ეს კაცი მთელი დღის განმავლობაში თავის სახლის წინ იჯდა, კომბლებს თლიდა და ჭერში აწყობდა. შემდეგ დაგროვებული კომბლები ბაზარში მიჰქონდა და კარგ ფასად ყიდდა. ამიტომ ამ კაცს ყველა კომბლეს ეძახდა.
— დილა მშვიდობისა, კომბლე! — ესალმებოდნენ ხოლმე შეხვედრისას.
— როგორ ხარ, კომბლე? — მოიკითხავდნენ ხოლმე სალმის შემდეგ.
— ნახვამდის, კომბლე! — ემშვიდობებოდნენ ხოლმე განშორებისას.
კომბლეს ჰყავდა სამი ცხვარი: კომბლესი, კომბლუსი და კომბლოსი. ეს ცხვრები დილით წავიდოდნენ ხოლმე საბალახოდ, მთელი დღის განმავლობაში ბალახობდნენ და საღამოს შინ ბრუნდებოდნენ. კომბლე სულ არიგებდა ხოლმე მათ:
— ყურადღებით იყავით, სადმე მგელი თუ შეგხვდეთ, მაშინვე შინ გამოიქეცითო!
ერთ დღესაც წავიდნენ ცხვრები საბალახოდ. იარეს, იარეს და შემოხვდათ მელია. მელამ ჰკითხათ:
— ცხვრებო, ვისი ხართო?
— კომბლესიო, — უპასუხეს ცვხრებმა.
— კომბლე რა კაციაო?
— კომბლე ის კაცია, კომბლებს თლის და ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხებსო.
— უი! მეშინია თქვენი კომბლესიო! – თქვა მელიამ და ტყისკენ წაცუნცულდა.
ცხვრებმა გზა განაგრძეს. იარეს, იარეს და შემოხვდათ დათვი. დათვმა ჰკითხა:
— ცხვრებო, ვისი ხართო?
— კომბლესიო, — უპასუხეს ცხვრებმა.
— კომბლე რა კაციაო?
— კომბლე ის კაცია, კომბლებს თლის და ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხებსო.
— უი! მეშინია თქვენი კომბლესიო! — თქვა დათვმა და ტყისკენ წაბაჯბაჯდა.
ცხვრებმა გზა განაგრძეს. იარეს, იარეს და შემოხვდათ მგელი. მგელმა ჰკითხათ:
— ცხვრებო, ვისი ხართო?
— კომბლესიო, — უპასუხეს ცხვრებმა და სულ არ არ გაახსენდათ კომბლეს დარიგება.
— კომბლე რა კაციაო?
— კომბლე ის კაცია, კომბლებს თლის და ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხებსო.
— არ მეშინია თქვენი კომბლესიო! — თქვა მგელმა და გადაყლაპა ცხვრები.
მოსაღამოვდა. კომბლემ უცადა თავის ცხვრებს, უცადა და, რომ აღარ დაბრუნდნენ, გაიდო მხარზე ერთი დიდი კომბალი და წავიდა საძებნელად.
იარა, იარა და შემოხვდა მელია. კომბლემ ჰკითხა:
— ჩემი ცხვრები არ გინახავსო?
— არა, ჩემმა მზემაო!
— აბა, კბილები დაკრიჭეო!
დაკრიჭა მელიამ კბილები და არ ჰქონდა ჩიჩია.
კომბლემ გაუშვა მელია და გზა განაგრძო. იარა, იარა და შემოხვდა დათვი. კომბლემ ჰკითხა:
— ჩემი ცხვრები არ გინახავსო?
— არა, ჩემმა მზემაო.
— აბა, კბილები დაკრიჭეო!
დაკრიჭა დათვმა კბილები და არ ჰქონდა ჩიჩია.
კომბლემ გაუშვა დათვი და გზა განაგრძო. იარა, იარა და ბოლოს შემოხვდა მგელი. კომბლემ ჰკითხა:
— ჩემი ცხვრები არ გინახავსო?
— არა, ჩემმა მზემაო!
— აბა, კბილები დაკრიჭეო!
დაკრიჭა მგელმა კბილები და ჰქონდა ჩიჩია.
კომბლემ სდრუზა მგელს კომბალი, გაუჭრა მუცელი და ამოიყვანა თავისი ცხვრები. კუდამოძუებული მგელი კი ყმუილით წაძუნძულდა ტყისკენ.
კომბლემ წამოიყვანა თავისი ცხვრები და მას შემდეგ ცხოვრობდნენ ტკბილად და გემრიელად.
ჭირი — იქა,
ლხინი — აქა,
ქატო — იქა,
ფქვილი — აქა.
ელასა, მელასა,
ჭიქა მეკიდა ყელასა.
მთქმელსა და გამგონებელსა
ჯვარი გვწერია ყველასა!..
(ძილი გვაამოს ყველასა!..)
რამდენიმე შენიშვნა ზღაპარში ჩამატებული წინადადებების შესახებ:
- ზოგიერთი ბავშვისთვის გაუგებარია, რად უნდოდა კომბლეს ამდენი კომბალიო. ამიტომ კომბლების გაყიდვის ხსენება კობლების დამზადებასაც გასაგებს ხდის და ვაჭრობის, როგორც სასაგებლო საქმიანობის, ჩაგონებასაც სეუწყობს ხელს.
- კომბლესთან გასაუბრების შმეოტანა, ერთი მხრივ, სახელსაც ააქტიურებს, მეორე მხრივ, ინტერაქცია შემოაქვს ზღაპარში.
- ცხვრებისთვის სახელების დარქმევას მეტი ხალისი და დაზუსტება შემოაქვს ზღაპარში. მე კომბლესი, კომბლუსი და კომბლოსი მოვიფიქრე. შესაძლოა სხვა სახელების მოფიქრება ბავშვის ჩართულობით. თუნდაც: ცხვარიკო, ცხვარუნა და ცხვარელა.
- გარკვეულწილად აღმზრდელობითი დანიშნულება აქვს კომბლეს დარიგებას მგელს მორიდების შესახებ. კარგი იქნებოდა, რომ ცხვრებს ეს დარიგება არ დავიწყებოდათ.
- მელიასა და დათვის შესახებ ამოყენებულია ზმნები: წაცუნცულდა და წაბაჯბაჯდა, რაც სიარულის მრავალფეროვნებას კარგად გამოხატავს სიტყვებით და თან ბაშვებისთვისაც შთამბეჭდავი იქნება წარმოსადგენადაც, დასამახსოვრებლადაც და განსასახიერებლადაც.
- კომბლეს დარიგების დავიწყებაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმა აგრეთვე სასარგებლო იქნება.
- ბოლოს, მგლის გადარჩენაზეაა ხაზგასმა — როგორ მიძუნძულებს დასჯილი და გამწარებული.
ახლა მივუბრუნდეთ შეკითხვებს და ვნახოთ დანაპირები ცხრილიც. ერთიც აღვნიშნოთ, რომ, რასაკვირველია, ცხრილში შემოთავაზებული ყველა შეკითხვის დასმა არც საჭიროა და კონტრპროდუქტიულიცაა. ბავშვი შეკითხვებით კი არ უნდა გავაბეზროთ, არამედ პირიქით, მოტივაცია უნდა გავუღვივოთ.
ზოგადი შეკითხვები | ,,კომბლეს” შეკითხვები |
წაკითხვამდე (სათაურისა და ყდის ილუსტრაციის გაცნობისას) ● როგორ ფიქრობ, რა მოხდება ამ წიგნში? რაზე იქნება ამბავი? ● რაზე მიგვანიშნებს წიგნის სათაური? ხომ არ ჰგავს ეს სათაური რომელიმე წიგნის სათაურს? ● რას ხედავ ილუსტრაციაზე? რაზე მიგვანიშნებს იგი? ● როგორ ფიქრობ, შეიძლება ამ წიგნში ისეთი ამბავი იყოს, რომელიც ჩვენც გადაგვხდენია (დაგვმართნია)? რატომ კი/არა? რა მიგვანიშნებს ამაზე ყდის ილისტრაციაზე ან სათაურში? ● როგორ ფიქრობ, რა მოხდება წიგნში?
წაკითხვის დროს ● რა მოხდა უკვე წაკითხულ ნაწილში? დასაწყისში? შემდეგ? ● გამართლდა შენი ვარაუდი? რა გამართლდა? რა მოხდა სხვანაირად? ● როდის მოხდა? სად მოხდა? როგორ მოხდა? ვინ ქნა? რა ქნა?.. ● რას ნიშნავს ეს სიტყვა? რომელ სიტყვას ჰგავს? ● როგორ დაასრულებ ამ წინადადებას? როგორ იტყვი სხვანაირად? ● შენ რა შეკითხვები გაგიჩნდა? ● რა იყო უცნაური? სასაცილო? საშიში? ● როგორ იქცეოდა პერსონაჟი? რას გრძნობდა? რა არ მოგეწონა მის საქციელში? შენ როგორ მოიქცეოდი? ● შენ რას იგრძნობდი იმ მომენტში? რა გაგიხარდებოდა? რისი შეგეშინდებოდა? რაზე გაბრაზდებოდი? ● რა სურათებს ხედავდი კითხვის დროს? როგორი გარემოა? რა ხმები ,,გესმოდა”? ● რა მოხდება შემდეგ? როგორ დასრულდება ამბავი? რატომ ფიქრობ ასე?
წაკითხვის შემდეგ ● რა მოხდება, როგორ დასრულდა ამბავი? ● გამართლდა შენი ვარაუდი? რა გამართლდა, რა — არა? ● რა მოგეწონა ყველაზე მეტად? რომელი ადგილი იყო ყველაზე სასაცილო? საშიში? ● ხომ არ შეცვლიდი რომელიმე ნაწილს ამბავში? როგორ? ● როგორ ლაპარაკობდა პერსონაჟი? შეგიძლია განასახიერო? ● როგორია პერსონაჟი? რა თვისებები აქვს? როგორი გარეგნობისაა? ● რა მოგეწონა პერსონაჟის ქცევაში? რა არ მოგეწონა? შენ როგორ მოიქცეოდი? ● რა გრძნობდნენ პერსონაჟები? ● რა პრობლემა ჰქონდა პერსონაჟს? როგორ მოგვარდა ეს პრობლემა? კიდევ როგორ შეიძლებოდა მოგვარებულიყო? ● რას შვრებოდა პერსონაჟი პრობლემის გადასაჭრელად? ვინ ეხმარებოდა ამაში? შენ როგორ შეძლებდი დახმარებას? ● ხომ არ შეცვლიდი ან დაამატებდი რომელიმე პერსონაჟს? ვის? რატომ? ● ხომ არ შეიცვალა რომელიმე პერსონაჟი ამბის ბოლოს? როგორ მოიქცევა ის მომავალში? ● რას ჰკითხავდი ამბის პერსონაჟებს? ● შენ ხომ არ ჰგავხარ რომელიმე პერსონაჟს? რით? ხომ არავის გახსენებს რომელიმე პერსონაჟი? რატომ? ● შეიძლება ეს ამბავი სხვანაირად დამთავრებულიყო? როგორ? ● რას შეცვლიდი ამბავში? ● რომელი გარემო, ადგილი მოგეწონა ყველაზე მეტად? რატომ? ხომ არ ჰგავს ის ადგილები შენს სახლს, ეზოს, ქუჩას? ● როგორ ფიქრობ, კარგი სათაურია აქვს წიგნს? სხვა რა სათაური შეიძლება ჰქონდეს? რატომ? ● რას შეეკითხებოდი ამ ზღაპრის/მოთხრობის ავტორს? ● რა შეიძლება ვისწავლოთ ამ ზღაპრიდან? | წაკითხვამდე (სათაურის, ,,კომბლე” და ყდის ილუსტრაციის – კომბლე და სამი ცხვარი – გაცნობისას) ● რას ნიშნავს კომბლე? რა არის კომბალი? რისთვის უნდა ამ კაცს კომბალი? ● როგორ ფიქრობ, რა მოხდება ამ წიგნში? რაზე იქნება ამბავი? ● რომელიმე ამბავი ხომ არ იცი, რომელშიც კომბალი აქვს პერსინაჟს? ● რას ხედავ ილუსტრაციაზე? ვისია ეს ცხვრები? ● შენ თუ გინახავს კომბლიანი კაცი? ცხვრები თუ გინახავს? სად? რომელი ამბავი გახსოვს ცხვრებზე? ● როგორ ფიქრობ, რას იზამს კომბლე?
წაკითხვის დროს ● რა მოხდა ზღაპრის დასაწყისში? შემდეგ? ● გამართლდა შენი ვარაუდი? რა გამართლდა? რა მოხდა სხვანაირად? ● რატომ ეძახდნენ ამ კაცს კომბლეს? რისთვის სჭირდებოდა თურმე კომბალი? შენც ასე ფიქრობდი თავიდანვე? ● რას ნიშნავს ეს ,,წაცუნცულდა”? რომელ სიტყვას ჰგავს? ,,წაბაჯბაჯდა”? ● რას ნიშნავს ,,თავში ჩასხებს”? ● როგორ დაასრულებ ამ წინადადებას — იარა, იარა და შემოხვდა… როგორ იტყვი სხვანაირად? ● შენ რა შეკითხვები გაგიჩნდა? ● რა იყო უცნაური? სასაცილო? საშიში? ● როგორ იქცეოდნენ ცხვრები? რას გრძნობდნენ? რა არ მოგეწონა მათს საქციელში? შენ როგორ მოიქცეოდი? ● შენ რას იგრძნობდი როდესაც მელია შეხვდა ცხვრებს? ● რა სურათებს ხედავდი კომბლეს სახლში? მელიასა და ცხვრების შეხვედრის დროს? რა ხმები ,,გესმოდა”? ● კიდევ ვინ შეხვდება ცხვრებს? (მელასთან შეხვედრის შემდეგ დაისმება.) ● როგორ მოიქცევა კომბლე? (კითხვის დასრულებამდე დაისმება) ● როგორ დასრულდება ამბავი? რატომ ფიქრობ ასე?
წაკითხვის შემდეგ ● რა მოხდება, როგორ დაიბრუნა კომბლემ ცხვრები? ● გამართლდა შენი ვარაუდი? რა გამართლდა, რა — არა? ● რა მოგეწონა ყველაზე მეტად? რომელი ადგილი იყო ყველაზე სასაცილო? საშიში? ● კიდევ რომელი ცხოველი შეიძლებოდა შეხვედროდა ცხვრებს? როგორ ილაპარაკებდნენ ისინი შევხედრისას? შეჭამდა თუ არა ის ცხვრებს? ● როგორ ლაპარაკობდნენ ცხვრები, მელია, დათვი და მგელი? შეგიძლია განასახიერო? ● როგორიები არიან ცხვრები? კომბლე? რით ჰგავს მელია და დათვი ერთმანეთს? რით განსხვავდება მგელი დათვისგან ამ ზღაპარში? ● რა მოგეწონა კომბლეს საქციელში? რა არ მოგეწონა? შენ როგორ მოიქცეოდი? ● რა გრძნობდნენ ცხვრები მელიასთან შეხვედრისას? მგელთან შეხვედრისას? რას იგრძნობდნენ ისინი მგლის მუცელში? ● რა პრობლემა ჰქონდათ ცხვრებს და ვინ გადაჭრა ეს პრობლემა? როგორ? კიდევ როგორ შეიძლებოდა ცხვრები დაგვეცვა მგლისგან? ● ხომ არ შეიცვლებიან ცხვრები ამ ამბის შემდეგ? როგორ მოიქცევიან ისინი? კომბლე როგორ მოიქცევა? ● რას ჰკითხავდი ურჩევდი ცხვრებს? კომბლეს? მგელს? ● შენ ხომ არ გახსენებს კომბლე ვინმეს? რატომ? ● როგორ ფიქრობ, კარგი სათაურია ,,კომბლე” სხვა რა სათაური შეიძლება ჰქონდეს? რატომ? ● რას შეეკითხებოდი ამ ზღაპრის ავტორს? ● რა შეიძლება ვისწავლოთ ამ ზღაპრიდან? |
No comments:
Post a Comment