Thursday, July 4, 2024

დაიჯერეთ „პლაცებოს ეფექტი“

 თვალის ჩინი სამი წლის ასაკში დაკარგა. 17 წლის კი მთელს ავსტრიასა და მის გარეთ,  უკვე ცნობილი იყო როგორც პიანისტი, კომპოზიტორი და მომღერალი.  ეს მარია-ტერეზა პარადისი გახლდათ, რომლის განკურნება არა ერთმა ექიმმა სცადა. ვერ განკურნეს. თუმცა, ერთხელ ერთი გამონათება მაინც ჰქონდა, რამაც მცირედი იმედი მისცა მას და მის ოჯახს.

1777 წელს, როდესაც ახალგაზრდა მუსიკოსი 18 წლის შესრულდა, მის განკურნებას ერთი ახალგაზრდა ექიმი შეეცადა. მისი კარიერა და პოპულარობა მხოლოდ იწყებოდა და ამტკიცებდა, რომ ცოცხალ ორგანიზმებში მიედინება უხილავი მაგნიტური ტალღები. ამ ტალღების მართვით, ადამიანი შეიძლება ყველა დაავადებისგან განკურნო, რადგან დაავადებები არის ცხოველური მაგნეტიზმის ფლუიდების თავისუფალი დინების მიმართულების დარღვევა. თუ მაგნეტიზმის მიმართულება იცი, შეგიძლია ეს გზაკვალარეული ფლუიდები ნორმალურ კალაპოტში ჩააგდო და მორჩა, ავადმყოფი მორჩენილია. ჰო, ამას გამოცდილი ექიმი ხელის გადასმითაც გააკეთებს. ამ ექიმს ფრანც ანტონ მესმერი ერქვა.

ახალგაზრდა მუსიკოსს მხედველობა ვერ აღუდგა. თუმცა, მკურნალობის სეანსის დროს, ამბობდა, ვხედავო.  როგორც კი ექიმი მის სახლს ტოვებდა, უცებ მოსული მხედველობაც ტოვებდა მარიას. ბოლო-ბოლო მესმერი შარში გაეხვა და სასწრაფოდ ვენიდან პარიზისკენ აიღო გეზი. აქ  დედოფალი მარია-ანტუანეტა ელოდა.

მესმერი 1734 წელს დაიბადა. მეტყევის შვილი იყო. სკოლის შემდეგ ჯერ იურისპრუდენციას სწავლობდა, შემდეგ კი სამედიცინო ფაკულტეტზე ჩააბარა. 1766 წელს სადოქტორო დისერტაცია გამოაქვეყნა ლათინური სათაურით: „Deplanetarum influxu Humanum“ (პლანეტების გავლენა ადამიანის ორგანიზმზე). სხვათა შორის, ეს ჩვენი მესმერი მსგავსი აბსურდების წერასთან ერთად მოცარტსაც ემეგობრებოდა და თავისი სახლის ბაღში კლასიკური მუსიკის სალონურ კონცერტებსაც მართავდა.

და აი, სწორედ მესმერმა ჩამოაყალიბა „ცხოველური მაგნეტიზმის“ თეორია. თეორიის მთავარი არსი  ადამიანის ორგანიზმში ბუნების მსგავსად, არის ტალღების მიქცევა და მოქცევა და ამის მართვა -დამაგნიტებაა შესაძლებელი. სხვათა შორის, მაგნიტებს პარაცელსუსიც იყენებდა. ჰოდა, მე-17-ე საუკუნეში სწამდათ, რომ მაგნიტს შეუძლია სხვადასხვა ელემენტების მიზიდვა და სწორად განთავსება ორგანიზმში. მიადეთ მაგნიტი ადამიანს და რკინას სწორად გადაანაწილებს, შესაბამისად, განიკურნება ანემიისგან…

მესმერი უფრო შორს წავიდა, რკინას ფქვავდა, მერე წყალში ხსნიდა, პაციენტს ასმევდა და მაგნიტს ადებდა. ასეთი სეანსის დროს, ერთ-ერთმა ქალბატონმა ნამდვილი ცირკი-ისტერიკა მოაწყო. ყვიროდა, რომ გრძნობდა, რკინის მოძრაობას სხეულში. როდესაც ცოტა დაწყნარდა, გამოაცხადა, ყველაფრისგან განვიკურნე და ლომივით ჯანზე ვარო.

მოგვიანებით კი, მესმერმა მაგნიტთან და რკინის ფხვნილთან თამაში შეწყვიტა და გამოაცხადა, რომ თავად მის ხელებში იყო „მაგნეტიზმი“. ამიტომ, როგორც კი ხელებს მორიგი პაციენტისკენ მიმართავდა, ყველა ირწმუნებოდა, სხეულში მოძრავ ტალღებს ვგრძნობთო.  სწორედ ეს ტალღები კურნავდა მათ. არა, ყველაფერი ვერ იკურნებოდა, მაგრამ ტკივილი და დეპრესია ქრებოდა.

მალე მესმერი ისეთი მოთხოვნადი გახდა, პაციენტების ნაკადს ვეღარ აუდიოდა და სპეციალური აბაზანა გამოიგონა. თავად აბაზანაში მის მიერ დამაგნიტებულ წყალში ჩამაგრებული იყო რკინის მოხრილი მილები. გარშემო ისხდნენ პაციენტები, რომლებიც რკინის მილებს მტკივან ადგილას იდებდნენ, ექიმი კი მათ გარშემო დადიოდა და უფრო მეტად „ამაგნიტებდა“.

 

უნდა აღინიშნოს, რომ მაგნიტით და მაგნეტიზმით მესმერამდეც იყვნენ დაინტერესებულნი. უ. ჰილბერტი (1544-1603, დედოფალ ელიზაბეტ I -ის ექიმი) „მაგნეტიზმის მამად“ წოდებული, დედამიწას დიდ მაგნიტს უწოდებდა. ქარვას, ალმასს, ოპალს კი-„ელექტრობის მინერალებს“. თავად მოვლენის გამომწვევ მიზეზს კი ელექტრობა უწოდა.

ო. ჰერიკემ (1602-1682) პირველმა შექმნა ელექტრო-მაგნიტური მანქანა-მოძრავი გოგირდის ბურთი, რომელზეც ხელის ხახუნის შედეგად ხდებოდა მისი დაელექტროება-დამაგნიტება, რაც სუსტ ნათებას იწვევდა. ნათება ღამით უფრო შესამჩნევი იყო.

მესმერი ამ ნაშრომებით დაინტერესდა და „მაგნეტიზმის“ მეცნიერების რანგში აყვანა მოახერხა, რითაც ბუნებრივია სხვა პარიზელი ექიმების შური და რისხვა დაიმსახურა. თუმცა, მიმდევარ-მოწაფეებიც გაუჩნდა. სკოლაც გახსნა, სადაც სხვა ექიმებს მათივე „მაგნეტიზმის“ გაღვიძება-გამოყენებას ასწავლიდა.

ერთ დღესაც, საფრანგეთის მაშინდელმა მეფემ ლუდოვიკო XVI-მ და დედოფალ მარია-ანტუანეტას მეუღლემ, მესმერს აკრედიტაციის გავლა შესთავაზა.

მოკლედ, შეუთვალა, შეგამოწმებთო. თუ სამეფო კარის კომისია დარწმუნდება, რომ ყველა სამედიცინო კრიტერიუმს აკმაყოფილებთ, მაღალ სტიპენდიას დაგინიშნავთო.

მესმერი კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა. არ ჩათვალა შემოწმება საჭიროდ და განაცხადა, რომ „მაგნეტიზმის“ სიკეთეს არც შემოწმება სჭირდებოდა და  არც კომისიის წინაშე დაცვა, რადგან პაციენტების განკურნების ფაქტები სახეზე იყო. შედეგად, მესმერი მართლაც არასდროს შეუმოწმებიათ. თუმცა, შეამოწმეს მისი მოწაფე-შარლ ნიკოლა დესლონი. ეს უკანასკნელი თავიდან მესმერის დიდი მაქებარი გახლდათ, რამდენიმე წელში კი დამოუკიდებელი პრაქტიკა მოინდომა და ცალკე მოიწყო კაბინეტი. სწორედ მან შეიტანა განაცხადი აკრედიტაციის მიღებაზე.  1784 წელს, მეფე ლუდოვიკო XVI-მ შექმნა სპეციალური კომისია „მესმერიზმის “ მიმართულების შესამოწმებლად. სინამდვილეში, ორი კომისია შეიქმნა. ერთი ე.წ. „ფრანკლინის“ ჯგუფი, რომელიც მეცნიერებისგან შედგებოდა, მეორე ჯგუფში კი მხოლოდ ექიმები იყვნენ.

ფრანგ მხატვარს და მწერალს ანრი ტესტელინის ტილოც კი აქვს მიძღვნილი ამ ფაქტისადმი. როგორ წარუდგინეს მეფეს შექმნილი კომისია.

ამ კომისიაში „ქიმიის მამად“ წოდებული ანტუან ლორან ლავუაზიეც გახლდათ. სწორედ მათ შექმნეს დოკუმენტი, სადაც უარყვეს „მაგნეტიზმის“, იგივე „მესმერიზმის“ კავშირი ჭეშმარიტ მეცნიერებასთან და საფუძველი ჩაუყარეს მიუკერძოებელ და პატიოსან კვლევებს მეცნიერებაში. უნდა ითქვას, რომ ჯგუფს ფრანკლინი ხელმძღვანელოდა, თუმცა იმ დროისთვის ის 78 წლის იყო და თავს არც თუ  ისე კარგად გრძნობდა.  ძირითად საქმეს სწორედ ლავუაზიე აკეთებდა.

საბოლოო დასკვნა ასეთი იყო, „მესმერიზმს“, იგივე „მაგნეტიზმს“ არავითარი საერთო არ აქვს ჭეშმარიტ მეცნიერებასთან და თუ ადამიანები მართლაც ჯანმრთელდებიან, ეს მხოლოდ შთაგონების წყალობით ხდება. ასე ჩაისახა ე.წ. „პლაცებოს ეფექტი“, როდესაც განწყობა ქმნის გამოჯანმრთელებისკენ მიმართულ ქმედებას.  დასკვნა რამდენიმე ენაზე ითარგმნა და გავრცელდა. შედეგად, როგორც დესლონის კლინიკამ განიცადა კრახი, ასევე თავად მესმერს შემოეცალა პაციენტები. თუმცა, ფიქრობთ ხალხმა დაიჯერა? პირიქით, მე-19-ე საუკუნეში „მესმერიზმი“ ამერიკაში განსაკუთრებულად პოპულარული გახდა. ამის დასტურად, თუნდაც ედგარ ალან პოს „Mesmeric Relevation” გამოდგება.

ადამიანები კი დღესაც მუხტავენ წყალს და ატარებენ სპეციალურ დამაგნიტებულ სამაჯურებს წნევისგან თავის დასაღწევად.

მე კიდევ გეტყვით, გამოიყენეთ  „პლაცებოს ეფექტი“, დაიჯერეთ ბედნიერება,  ჯანმრთელობა და …

იყავით!


https://mastsavlebeli.ge/

No comments:

Post a Comment