წარმოგიდგენთ ანბანისშემდგომი პერიოდისთვის შექმნილ სახალისო დავალებას.
სახელმძღვანელო – ,,მშობლიური ენის კვალზე“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. ავტორები – ნინო გორდელაძე, გვანცა ჩხენკელი, თანაავტორი – ლელა მანგოშვილი, მხატვარი – ნინო ჩაკვეტაძე, რედაქტორი – მარიამ გოჩიტაშვილი).
სახელმძღვანელო ეფუძნება სწავლების იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდიკას, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად დებულებებს და კონსტრუქტივისტული მიდგომის პრინციპებს.
თემა – კეთილი საქციელი
თემაში დასამუშავებელი ტექსტები: „ვანო, კატო და ჩიტი“, „ჩიტი და მელა“
გრძელვადიანი მიზანი – სამიზნე ცნება – ტექსტი (ჟანრები) (შედეგები: (I).1, 2, 3, 4, 5)
დავალება – ტექსტებზე დაყრდნობით პერსონაჟის დახატვა/გამოძერწვა და დახასიათება
დახატე ან გამოძერწე წაკითხული ნაწარმოებების („ვანო, კატო და ჩიტი“, „ჩიტი და მელა“) რომელიმე პერსონაჟი მისთვის დამახასიათებელი ისეთი ნიშნით, რომელიც მიგვახვედრებს, რომელი პერსონაჟია დახატული/გამოძერწილი.
შეფასების კრიტერიუმები
ნამუშევარში/ნამუშევრის წარდგენისას წარმოაჩინე:
- რით ჰგავს შენი დახატული/გამოძერწილი პერსონაჟი შერჩეული ნაწარმოების პერსონაჟს; რატომ დახატე/გამოძერწე ასე და არა სხვაგვარად (ტ. 1, 2, 3);
- რის თქმა უნდოდა ავტორს ამ პერსონაჟით; რაზე დაგაფიქრა ამ პერსონაჟმა (ტ. 1).
დავალების შესასრულებლად საჭირო რესურსები და აქტივობები
წინარე ცოდნის გააქტიურება, დავალების მოთხოვნების გაცნობიერება
- დააკვირდით თემის სათაურს, რა წერია? (კეთილი საქციელი).
- როგორ ფიქრობთ, რის შესახებ იქნება ამ საუბარი თემის მოთხრობებსა და ლექსებში? (სიკეთის, კეთილი ადამიანების)
- როგორი ადამიანია ის, ვინც სხვას ეხმარება, ზრუნავს მასზე, სიკეთეს უკეთებს? (კეთილი, მზრუნველი, მოსიყვარულე)
- ჩვენ ბევრ კეთილ პერსონაჟს შევხვდებით ნაწარმოებებში. ხომ არ გახსენდებათ შესწავლილი ნაწარმოებებიდან პერსონაჟები, რომლებმაც სხვას სიკეთე გაუკეთეს?
- ხომ არ გაიხსენებთ მაგალითს პირადი გამოცდილებიდან?
- ვინ ახსნის თავისი სიტყვებით, რას ითხოვს ეს დავალება თქვენგან?
რესურსი – ი. გოგებაშვილის „ვანო, კატო და ჩიტი“ – მოსწავლის წიგნი (გვ. 112)
აქტივობა – მოთხრობის წაკითხვა მასწავლებლის მიერ; წაკითხვამდე ვარაუდების გამოთქმა სათაურსა და ილუსტრაციაზე დაკვირვებით
- დააკვირდით ილუსტრაციას. თქვენი აზრით, რის შესახებ შეიძლება იყოს ნაწარმოები?
- სათაურის მიხედვით, ვინ იქნებიან მთავარი პერსონაჟები?
- სად ზის ჩიტი? როგორ გგონიათ, მოსწონს მას გალიაში ყოფნა თუ თავისუფლად ფრენა ურჩევნია?
- ყურადღებით დააკვირდით ვანოს და კატოს სახეებს. როგორ ფიქრობთ, რატომ არის კატო მოწყენილი და ვანო – გახარებული? რატომ გგონიათ ასე?
- რა შეიძლება მოხდეს? რატომ გგონიათ ასე?
მასწავლებელი ტექსტს კითხულობს პაუზებით:
1-ელი პაუზა: …ეს დაინახა კატომ…
მე-2 პაუზა: …შემდეგ დაფიქრდა და…
მე-3 პაუზა: …ვანო დილით ადრე ადგა და…
აქტივობა – ახალი ლექსიკური ერთეულების/გამოთქმების განმარტება/გახსენება (საბრალო, საკენკი, გალია, ჩიტივით თავისუფალი ვარ)
აქტივობა – ტექსტის წაკითხვა გაგრძელებით (მოსწავლეთა მიერ)
აქტივობა – ტექსტის გაგება-გააზრება (კითხვებზე პასუხები)
რესურსი – მოსწავლის რვეული, გვ. 116.
აქტივობა – პერსონაჟის, ვანოს ქმედების შესახებ საუბარი, მოსწავლის რვეულში ჩანაწერის გაკეთება (როგორია ვანო თავიდან და როგორია ბოლოს, როგორ/რატომ შეიცვალა).
რესურსი – მოსწავლის წიგნი, გვ. 112
აქტივობა – სიტყვებით წინადადებების შედგენა და მოსწავლის რვეულში ჩაწერა.
დამხმარე შეკითხვები:
- სად ჩასვა ვანომ ჩიტი? მოსწონდა ჩიტს გალია თუ არა? რატომ არ უშვებდა ვანო?
- ვინ გაათავისუფლა ჩიტი? როგორი გულის ბავშვი ყოფილა კატო?
- რატომ გაიბუტა ვანო? როგორია ის ამ დროს?
- როგორ და რატომ შეიცვალა პერსონაჟი? რას მიხვდა ბიჭი? როგორია ბოლოს?
- რატომ მიგაჩნია ასე? რომელ მინიშნებას ეყრდნობი? მოიყვანე მაგალითი ტექსტიდან.
- რატომ, რის გამო იცვლებიან პერსონაჟები, რის გამო იქცევიან სხვაგვარად?
- რა არის ავტორის მთავარი სათქმელი? რას ნიშნავს გამოთქმა „ჩიტივით თავისუფალი ვარ“?
- რომელი მონაკვეთი მოგეწონათ ყველაზე მეტად მოთხრობაში?
- ხომ არ გაგახსენდათ სხვა, მსგავსი ამბავი, წიგნი ან ფილმი, სადაც ბავშვები ჩიტებს უვლიან და მათზე ზრუნავენ?
- თქვენ თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა? როგორ მოიქეცით?
რესურსი – ზღაპრების წიგნები („წითელქუდა“, „კომბლე“, ქართული ხალხური ზღაპრების კრებული) და მოსასმენი ანიმაცია „რწყილი და ჭიანჭველა“
ზღაპარი “რწყილი და ჭიანჭველა” – YouTube
აქტივობა – მასწავლებლის მიერ ზღაპრების წიგნების ჩვენება და საუბარი ზღაპრების შესახებ. ანიმაციის ნახვის შემდეგ – საუბარი იმის შესახებ, როგორ დაეხმარა რწყილი ჭიანჭველას.
დამხმარე შეკითხვები:
- ხომ არ იცით, რას ნიშნავს ხალხური ზღაპარი? ვინ დაწერა?
- შეგიძლიათ, გაიხსენოთ ზღაპრები, რომლებიც თქვენთვის წაუკითხავთ? ანიმაციური ფილმები, რომლებიც გინახავთ?
- როგორ ფიქრობთ, ანიმაციის მიხედვით, რომ არ დახმარებოდა რწყილი, რა დაემართებოდა ჭიანჭველას? როგორი გზა გაიარა რწყილმა, რომ ძმობილი გადაერჩინა? მალე მოაგვარა პრობლემა თუ კიდევ ბევრისგან დასჭირდა დახმარება?
- დააკვირდით და მითხარით, სიკეთის გარდა, კიდევ რა თვისება აქვს რწყილს? მან ამხელა შრომა გასწია, თავი არ დაზოგა, სხვებსაც დაეხმარა, ოღონდ ძმობილი გადაერჩინა, კიდევ როგორი ყოფილა რწყილი? (რწყილი არის თავდადებული მეგობარი)
- თქვენი აზრით, სათაურის მიხედვით, რაზე შეიძლება იყოს ნაწარმოები?
რესურსი – ჩიტი და მელა (ხალხური ზღაპარი)- მოსწავლის წიგნი, გვ. 113
აქტივობა – ვარაუდების გამოთქმა სათაურსა და ილუსტრაციაზე დაყრდნობით.
აქტივობა – მასწავლებლის მიერ ტექსტის წაკითხვა გამომსახველობითად (მხატვრულად)
რესურსი – გრძნობათა ყულაბა
აქტივობა – მასწავლებელი ჩამოწერს დაფაზე (შესაძლებელია, ფორმატის ქაღალდზე სხვადასხვა ფერით იყოს დაწერილი) გრძნობებს, რომლებიც შეიძლება აღეძრას ადამიანს მხატვრული ნაწარმოების წაკითხვისას/ მოსმენისას (მაგალითად, გაბრაზება/აღშფოთება, მოწონება/აღფრთოვანება, შეცოდება/სიბრალული, თანაგრძნობა, შიში, მხიარულება), განმარტავს თითოეულს და სთხოვს მოსწავლეებს, ამოირჩიონ ამ ჩამონათვალიდან ის გრძნობა, რომელსაც აღძრავს მის მიერ წაკითხული ეპიზოდი. მასწავლებელი განმეორებით, გამომსახველობით კითხულობს ტექსტის ეპიზოდებს. მოსწავლეები ასახელებენ გრძნობას და ასაბუთებენ საკუთარ პასუხს. მაგალითად: „მე შემეცოდა ჩიტი, იმიტომ, რომ… / მე მომეწონა სანდალას საქციელი, რადგან…“
აქტივობა – ახალი ლექსიკური ერთეულების/გამოთქმების განმარტება (იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი; მიაგნო, ცული, ხელეჩო, წალდი, მშვილდ-ისარი)
აქტივობა – ტექსტის კითხვა მოსწავლეთა მიერ (როლური გათამაშება; ყურადღების გამახვილება ინტონაციაზე, სასვენ ნიშნებთან).
რესურსი – მოსწავლის რვეული – პერსონაჟის სქემა (გვ. 20)
აქტივობა – პერსონაჟის სქემის შევსება.
დამხმარე შეკითხვები:
- როგორ იწყება ზღაპარი? რას ნიშნავს „იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი“?
- რომელი პერსონაჟები მონაწილეობენ? რა ჰქვია მელას საბინადროს? ჩიტისას?
- როგორია მელა ამ ზღაპარში? (მსუნაგი, საშიში) რით ემუქრება ჩიტს?
- რას ნიშნავს სიტყვები: ცული, ხელეჩო, წალდუნა, მშვილდ-ისარი?
- რისთვის იყენებენ ადამიანები ამ იარაღებს?
- რისთვის აპირებს მელა მათ გამოყენებას?
- როგორია ამ დროს ჩიტი? (საბრალო, საწყალი) რატომ?
- როგორია სანდალა? როგორ მოექცა ჩიტს? მელას? მოგეწონათ მისი საქციელი? თქვენ როგორ მოიქცეოდით?
- რომელი მონაკვეთი მოგეწონათ ტექსტში ყველაზე მეტად?
- რის თქმა უნდა მწერალს ამ ნაწარმოებით? რას გვასწავლის?
აქტივობა – დავალების შესრულების წინარე აქტივობა. მასწავლებელი ერთხელ კიდევ წაუკითხავს დავალების პირობას, კრიტერიუმებს და შეახსენებს, რომ ნამუშევარში და წარდგენის დროს უნდა ჩანდეს, რით ჰგავს მათი დახატული/გამოძერწილი პერსონაჟი შერჩეული ნაწარმოების პერსონაჟს; რატომ დახატა/გამოძერწა ასე და არა სხვაგვარად, რის თქმა უნდოდა ავტორს ამ პერსონაჟით, რაზე დააფიქრა ამ პერსონაჟმა.
დამხმარე შეკითხვები:
- მოდით, ახლა ერთხელ კიდევ გავიხსენოთ პერსონაჟი ვანო – როგორი იყო ის მოთხრობის დასაწყისში? როგორ შეიცვალა ბოლოს? დაასაბუთე ტექსტიდან სათანადო ადგილის დამოწმებით.
- რომელი პერსონაჟი მოგწონთ, ვანო თუ სანდალა? რატომ?
- როგორ უნდა მივხვდეთ, რომელი პერსონაჟი შეარჩიეთ? რა უნდა გაითვალისწინოთ დავალების შესრულების დროს? (ისე უნდა დახატონ, რომ მივხვდეთ, რომელი პერსონაჟია).
დავალების შესრულებისა და პრეზენტაციის პროცესში დასასმელი კითხვების ბანკი კონკრეტულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საწარმოებლად, თითოეული მათგანის წინსვლისა და რეფლექსიის უნარის ხელშესაწყობად:
- რომელი პერსონაჟი შეარჩიე დასახატად/გამოსაძერწად? რატომ?
- როგორია პერსონაჟი – რა თვისებები აქვს მას, სად ჩანს მისი კეთილი საქციელი?
- პერსონაჟის რომელი თვისება მოგწონს ან არ მოგწონს და რატომ?
- რა გააკეთე, რა თანმიმდევრობით?
- რა გამოგივიდა კარგად დავალებაზე მუშაობის პროცესში?
- რა გაგიძნელდა და რატომ?
- რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?
No comments:
Post a Comment