Monday, July 15, 2024

ქუთაისი გულშია

 ჯერ დავთანხმდი, შემდეგ გადავიფიქრე, მერე გადაფიქრება ვინანე და ხელმეორედ შეთავაზებას დაუფიქრებლად დავეთანხმე.

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის ყოველწლიური მასწავლებელთა და მოსწავლეთა კონფერენცია „ოქროს რიცხვის“ ქუთაისში ორგანიზებულ ე.წ. „დასავლეთის კონფერენციაში“ მონაწილეობაზე ვსაუბრობ.

ბოლო ორი წელია, ჩემი გრაფიკი ძალიან გადაიტვირთა. შრომა არასდროს მეზარება, მაგრამ ვიღლები. ჰოდა, თავიდან ქუთაისში წასვლა ვიუარე, შემდეგ გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ ვესტუმრებოდი ამ მშვენიერ ქალაქსა და გულღია ხალხს. ჰოდა, აგერ მინი-ავტობუსში ვზივარ და მთელ ამალა ქიმიკოსებთან ერთად ქუთაისში მივდივარ.

როგორი გზაა იცით? მინდვრები სულ წითელ ყაყაჩოებში გარეული რაღაც უცნაური იისფერი ყვავილებით ლივლივებს.

თქვენ ქიმიკოსებზე რა აზრის ბრძანდებით? უმეტესობაზე მძიმე შთაბეჭდილებას ვტოვებთ. ხისტი და თითქოს უხეშებიც ვართ, მაგრამ ჩვენზე გულჩვილი ხალხი ძნელად თუ მოიძებნება. აბა სხვა რით ახსნით, რომ მთელი ერთი ავტობუსი ქიმიკოსები ამ ყვავილებს შევერიეთ, ბოლომდე რომ შეგვეგრძნო მათი სილამაზე.

უკაცრავად, შევერიეთ-მეთქი, წამომცდა… მე მხოლოდ სამარშრუტო ავტობუსის ფართოდ გახსნილი კარებიდან ვტკბებოდი. ყვავილებთან ჩასახუტებლად ცოტა მაღალ ჯებირს უნდა გადავხტომოდი და დამეზარა… სამაგიეროდ, ჩემზე ყოჩაღებმა გული იჯერეს.

ჩვენი მოგზაურობა ივნისის დასაწყისში შედგა. ივნისში ჩემგან დედა წავიდა. მართალია, მეხუთე წელი დაიწყო, მაგრამ ივნისი დადგება თუ არა, განცდებს ვერ ვუმკლავდები. „ის“ დღე რაც ახლოვდება, ჩემი ვნებათაღელვაც მატულობს, პიკს აღწევს და იფუშება, რომ ერთი წლის შემდეგ თავიდან დაიწყოს ყველაფერი. გარეგნულად არაფერი მეტყობა, რადგან ტატოსი არ იყოს, „ადამიანებს მხიარული სჭირდები“. ამიტომაცაა ძნელად გადასახარში. ჰოდა, ასეთი რთული თვის დასაწყისში, ქუთაისში ჩასვლიდან რამდენიმე საათში „მოწამეთაში“ რომ აღმოვჩნდი, წყალწითელას ჩავხედე და იქაური ჰაერი შევისუნთქე, თითქოს სულ ოდნავ გულზე მომეშვა.

თავად კონფერენცია მეორე დღეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში შედგა. უამრავი საინტერესო კვლევა იყო წარმოდგენილი. უამრავი გულანთებული და მოტივირებული მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებიც დაუზარლად გვაცნობდნენ თავიანთი კვლევის მეთოდებსა და შედეგებს.

თუმცა მანამდე, სასტუმროს ლამაზ ეზოში, ასეთივე ლამაზმა დიასახლისმა ჩვენი ჯგუფისთვის საგულდაგულოდ მომზადებული ვახშამი გაშალა და გვითხრა – მწვადი შეპიწკინდება თუ არა, დავსხდეთო.

როგორი სურნელი დადგა იცით?

ლაბორატორიაში მწვადი არა, მაგრამ გემრიელი სუნის მქონე რეაქცია შეგვიძლია ჩავატაროთ. ამისთვის ავდგეთ და აფთიაქში ამინმჟავა გლიცინი შევიძინოთ. პროტეინგენური ამინმჟავაა, რაც ნიშნავს, რომ ადამიანის ორგანიზმში შემავალ ოცეულში შედის. მის აბებს სტრესის ფონზე, ან გადაღლილი ტვინის დროს სვამენ. სინჯარაში მოვათავსოთ ათიოდე აბი. დავამატოთ წყლის ისეთი რაოდენობა, რომ გლიცინის აბები კი არ გაიხსნას, უბრალოდ დარბილდეს. ცალკე სინჯარაში მოვამზადოთ ნატრიუმის ტუტის ნაჯერი ხსნარი.

დავუბრუნდეთ სინჯარას, სადაც გლიცინის აბები და წყალია. დავუმატოთ 3-4 მლ ნატრიუმის ტუტის ნაჯერი ხსნარი. სინჯარის შემცველობა მუქ თეთრ მღვრიე შეფერილობას მიიღებს. ამის შემდეგ დავამატოთ ასევე აფთიაქში ნაყიდი გლუკოზას ხსნარი. სამი ამპულა შეგიძლიათ ჩაცალოთ. ახლა მთელი ეს ნარევი უნდა ვადუღოთ. ჰოდა, დუღილი, რომ თანაბრად წარიმართოს, კარგი იქნება, თუ თიხის ან მინის მცირე ნამტვრევებს ჩავყრით (დუღილის ცენტრის როლს შეასრულებს). თიხა ფორებიანი მასალაა და ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას, სითხის ამოშხეფებას ხელს შეუშლის. გაცხელებიდან ცოტა ხანში სინჯარაში დუღილი დაიწყება. სინჯარის შიგთავსი ჯერ ყვითელი ფერის გახდება, რასაც სუნის განვითარებაც ერთვის. მჭადის სუნს შევადარებდი. თუმცა, შოთის სურნელიც შეიძლება მოგვაგონოს. ფერის ცვლილება და სუნი რეაქციაზე მეტყველებს. წყლის დუღილის ტემპერატურა 100 გრადუსია, გლიცინის 230, შაქრის კი 440. გაცხელების პროცესში, პირველ რიგში მიიღწევა წყლის დუღილის ტემპერატურა და წყალი აორთქლებას დაიწყებს. სხვა ნივთიერებების დუღილის ტემპერატურა, უფრო მაღალია, ამიტომ სინჯარის შიგთავსი დუღილს გააგრძელებს. როდესაც ტემპერატურა 110 გრადუსს მიაღწევს, იწყება ქიმიური რეაქცია ამინმჟავებსა და შაქრებს შორის, რომელსაც მაიერის რეაქცია ეწოდება.

რეაქციის დასაწყისში მარტივ შაქარ გლუკოზას ხსნართან ერთად, სარეაქციო ნარევს ნატრიუმის ტუტეც დავამატეთ. სწორედ ეს უკანასკნელი იწვევს იზომერიზაციის რეაქციას, რომლის შედეგადაც გლუკოზას გარკვეული ნაწილი ასევე მარტივ შაქრად, ფრუქტოზად გარდაიქმნება. ქიმიურად, რომ ვთქვათ, ამ პროცესს „ლობრი დე ბრუინ-ვან ეკენშტეინის გადაჯგუფება“ ეწოდება. ასე რომ, სინჯარაში გვაქვს გლიცინი, წყალი (ნაწილი ჯერ ისევ ასაორთქლებელი), გლუკოზა და ფრუქტოზა. გლიცინი ხსნარში ბიპოლარული იონის, ანუ ცვიტერ იონის სახითაა. ამ დროს კარბოქსილის ჯგუფიდან წყალბადი უკავშირდება ამინო ჯგუფს და H3N+ წარმოქმნის. არადა, რეაქციისთვის თავისუფალი ამინო ჯგუფია საჭირო NH2. ამაშიც ტუტე რეაქცია დაგვეხმარება, ანუ ნატრიუმის ტუტის დამატება. ნატრიუმი კარბოქსილს უკავშირდება და ამინო ჯგუფი თავისუფალი რჩება. ანუ, გამოდის, რომ სარეაქციო არეში თავისუფალი გლიცინი კი არა, მისი ნატრიუმის მარილი გვაქვს კარბოქსილის ჯგუფის მიხედვით. 110 გრადუსზე გლიცინის ნატრიუმის მარილის ამინოჯგუფი ურთიერთქმედებს გლუკოზასთან ან ფრუქტოზასთან და იწყება მარტივი ნახშირწყლის და ამინომჟავას კონდენსაცია. იგივე მაიერის რეაქცია, ან უფრო კონკრეტულად მაიერის რეაქციის სამი სტადიიდან პირველი. პროდუქტად ვიღებთ N-ჩანაცვლებულ გლიკოზილამინს. ეს პროდუქტი მაშინვე გადაჯგუფებაში ერთვება და წარმოიქმნება ამინო დეზოქსიკეტოზა. მეორე და მესამე ეტაპებზე უამრავი თანარეაქცია მიმდინარეობს და საბოლოო პროდუქტი მელანოიდინებია (აზოტშემცველი, ყავისფერი შეფერილობის მაკრომოლეკულები). ამიტომ, სინჯარის შემცველობა მთლიანად ყავისფერი გახდება.

სხვათა შორის, მაიერის რეაქცია შესაძლოა ადამიანის ორგანიზმშიც განვითარდეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანი ძალიან ბევრ შაქარს მიირთმევს (ან სულაც დიაბეტი აქვს). ბუნებრივია, ჩვენთვის ეს პათოლოგიური პროცესი იქნება, რადგან რეაქციის დროს უამრავი თანაური პროდუქტი წარმოიქმნება. ჰო, დამავიწყდა მეთქვა, რომ ჩვენს ორგანიზმში პროცესი ფერმენტულად წარიმართება და გაცხელება არ იქნება საჭირო.

თუმცა, დავუბრუნდეთ სინჯარას. თუ მის დუღილს გავაგრძელებთ, ტემპერატურა 160 გრადუსამდე აიწევს და გლუკოზას კარამელიზაცია დაიწყება. ამ ეტაპზე სურნელიც შეიცვლება და ახლად დაფქული ყავის სუნი დადგება. თუ პროცესს ისევ განვაგრძობთ, მაშინ სურნელი ახლად გამომცხვარ ნამცხვარს ან ფუნთუშას მიემსგავსება. ამ სურნელს აქროლადი თანაპროდუქტები აცეტილ პიროლინი, აცეტილ პიროზინი, აცეტილ ტეტრაჰიდროპირინი და ა.შ. ავრცელებენ.

ევოლუციის პროცესში ასე ჩამოყალიბდა, რომ თერმულად დამუშავებული საკვებიდან წამოსული სურნელი ჩვენი ცხვირის რეცეპტორებს აღაგზნებს და ტვინიც „მხიარულდება“, გამოთავისუფლდება ბედნიერების ჰორმონები და „ჩვენც“ გემრიელი სადილ-ვახშმისთვის ვემზადებით.

 

ზემოთ მწვადზე მოგახსენებდით, თუმცა ჩატარებული რეაქციით ნამცხვრის სურნელი მივიღეთ. ეგ არაფერი, გლიცინ-გლუკოზის ნაცვლად სერინ-ლაქტოზა აიღეთ და ეგ არის.

 

უკვე თბილისში, უნივერსიტეტის ერთ-ერთ კორპუსში ლიფტს ველოდებოდი, როდესაც ჩემი ყურადღება იქვე კედელზე სტუდენტების მიერ დაწერილმა წარწერებმა მიიპყრო.

ქუთაისი გულშია – დაუწერია ვიღაცას.

თელავიც გულშია – მიუწერია სხვას.

 

არ ვარ მე საჯარო აკადემიურ სივრცეში კედლებზე წერის მომხრე, მაგრამ სადმე სხვა ადგილას მეც მივაწერდი:

 

საქართველოა მთლიანად გულში! აი, ასე!


https://mastsavlebeli.ge/

ორი მოთხრობის ერთი ამბავი — ფრთხებიან ყვავები?!

 „ფიქრს ცეცხლი მოსდევს

და დროა შავი,

ვზივარ და შტოზე

ჩამოჯდა ყვავი…

მოსდევენ ქუჩებს

და დროა შავი,

ვზივარ და უცებ

გაფრინდა ყვავი“.

/ტერენტი გრანელი/

 

ერთ შემოდგომას ჩვენი ეზოს დიდ კაკლის ხეზე ყვავი შევამჩნიეთ, ნაყოფს უნისკარტებდა. შემოგვეჩვია, მუსრს გაგვავლებს-მეთქი, ჩავილაპარაკე, ჩემმა პატარამ კი სახლიდან ხაჭოს ფუნთუშა გამოიტანა და მისკენ მოისროლა, ყვავო, ეს შენა და კაკალი – ჩვენო. გაფრინდა დამფრთხალი ყვავი, ფუნთუშას პირიც არ დააკარა.

ამ ამბავმა მაშინ ორი სხვადასხვა პერიოდის მოთხრობა გამახსენა და დამაფიქრა. ამ წერილში მათზე საუბარი მინდა.

 

„ფუნთუშა“ გი დე მოპასანის ამავე სახელწოდების მოთხრობის მთავარი პერსონაჟია. მოთხრობაში მოქმედება მე-19 საუკუნის სამოცდაათიან წლებში, საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს ვითარდება და ავტორი თითქოს მიგვანიშნებს, რომ საფრანგეთის მეორე იმპერიაც ისევე ქრება, როგორც ამ მოთხრობის პერსონაჟებში – ღირსება.

დილიჟანსით ხანგრძლივი მგზავრობისას იკვეთება მოთხრობის თითოეული პერსონაჟის პორტრეტი. ესენი არიან: ვაჭარი, ბურჟუა, დიდგვაროვანი მემამულეები და მათი ცოლები, ერთი დემოკრატი, ორი მონაზონი და ერთიც – ქორფა ქალი, მეტსახელად ფუნთუშა, რომელიც მსუბუქი ყოფაქცევის გამო თანამგზავრებმა თავიდან კი აითვალწუნეს, მაგრამ როდესაც, დამშეულებმა, მისი სიკეთით ისარგებლეს და გემრიელი სანოვაგით სავსე კალათა პირწმინდად ამოუცარიელეს, გული მოულბათ, დაუწყეს მეგობრულად ცქერა და თავაზიანად საუბარი, ვიდრე ერთი შემთხვევა ყველას მჩხავანა ყვავად არ გადააქცევდა და ფუნთუშას ღირსებასაც ისევე არ დაუწყებდნენ კორტნას, როგორც მის გემრიელ, რამდენიმე დღის სამყოფ საგზალს. კორტნეს, კორტნეს ფუნთუშა, მერე კი, უსარგებლო ნივთივით, მიაგდეს.

პერსონაჟის ასეთი ბედი არ უნდა გვიკვირდეს ინტენსიური[1] კრიტიკული რეალიზმის ეპოქაში, როცა მწერალს უხდებოდა მოღვაწეობა, თუმცა მანერა, რომლითაც მოპასანი ამბავს გვიყვება, არის ძალიან საინტერესო თავისი კონტრასტულობით და ირონიით – მონაზვნები მეძავზე გაცილებით უღირსად იქცევიან, გამბედაობა მას აქვს, ვისაც „ძლიერნი ამა სოფლისანი“ კიცხავენ, თავად კი ლაფში გორავენ, თავგანწირვა ლუკმა პურადაც აღარ ფასობს, სულით მონები თავისუფლებაზე მღერიან, როცა მათი რამდენჯერმე მხსნელი მოთქმით აატირეს და ასე შემდეგ.

თავისი სტრუქტურით, ზედაპირითა თუ სიღრმით ასევე მრავალმხრივ საინტერესო მოთხრობაა რევაზ ინანიშვილის „ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?“. ბავშვებთან მასზე საუბრისას ხაზს ვუსვამ, რომ ერთი ადამიანის ღირსების დაცვა სიცოცხლის გაწირვად ღირს[2]. მოპასანის ფუნთუშას, ინანიშვილის გენერლის თანმხლები ქალისგან განსხვავებით, ვიტგენშტეინისებრი დამცველი არ გამოუჩნდა, პირიქით, ის ჯერ დაამცირეს, მერე კი რამდენჯერმე გამოიყენეს და, ნივთის სიიაფით, მტკივნეულად მოისროლეს. თუმცა ვიტგენშტეინმა, რომელმაც უკვე გენერლის სიმპათია დაიმსახურა და მისგანვე მოისმინა ენაბორძიკით, საიდუმლოდ ნათქვამი, რომ „იმ ქალის გულისთვის“ დუელი არ ღირს  და რომ თავად ტყვიას ტყვიაში სვამს, მაინც ღირსება დააყენა წინ. ვიტგენშტეინი ღირსებას შეეწირა, თანაც ისე, რომ მკვლელს ქისტი მუცალივით მიუტევა და ზნეობრივი გმირის სიმაღლესაც ასწვდა. ამით ავტორმა თითქოს ყველა დაგვაფიქრა: რომელი ეპოქაც არ უნდა იყოს, ღირსება, საკუთარი თუ სხვისი, დაცვას საჭიროებს და მისი აყრა არის დანაშაული!

ამ სათქმელის შემდეგ რევაზ ინანიშვილი რეალისტური თხრობიდან არსებული ამბის, რეალისტური ფორმებისა თუ შინაარსების ხელახლა გამოყენებით თითქოს პოსტმოდერნიზმისკენ მიიპარება, თანაც ისე, რომ ეს ფორმები თუ სტილებრივი დეტალები, ერთსა და იმავე დროს, ძალიან სერიოზულიც არის და ირონიულიც, პოსტმოდერნიზმი კი სწორედ ირონიულობით გამოირჩევა. მწერლისეული მეტაფიქციაც იძლევა ამგვარად ფიქრის საფუძველს. ლიტერატურის ეს მიმდინარეობა ინტერპრეტაციას ანიჭებს უპირატესობას, თანაც ხშირად – ავტოკომენტირების გზით. მოთხრობის მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების, ტექსტის სტრუქტურის, პერსონაჟისა და მკითხველის ტიპების, ავტორის/მთხრობელის კომენტარების, მეტაფიქციისა თუ სხვა საშუალებების შესახებ ვრცლად და დამაფიქრებლად საუბრობს თავის წერილში ნესტან რატიანი, რომელიც გამჭრიახი მკითხველის ალღოთი და მკვლევრული სიზუსტით გამოკვეთს ტექსტში ამოსაცნობ მთავარ საკითხს: როგორც წესისაზოგადოებაში ვიღაც ეწირება ამა თუ იმ ღირებულების დაცვას. მაგრამ გამართლებულია მსხვერპლი?“ – და იქვე გვთავაზობს ამ პრობლემურ საკითხზე საპასუხო ჩანართს: თუკი უნებლიე მოწმენიმოთხრობაში – სიმბოლური პერსონაჟები „ყვავები“, ახმაურდებიან და მათ სმენას დამბაჩის ხმა მისწვდებამაშინ მსხვერპლი გამართლებულიამაგრამ თუკი სიმბოლურ პერსონაჟებს ვერც დამბაჩა დააფრთხობს და ისინი უწინდებურად გააგრძელებენ ცხოვრებასმაშინ მსხვერპლად შეწირვა უსარგებლო აქტის ტოლფასია[3].

ინანიშვილისა და მოპასანის მოთხრობებში გამოკვეთილი ღირებული და ანგარიშგასაწევი დამოკიდებულებით კითხვის შემდგომი ეფექტიც მაღალია. ქართველმა მწერალმა, ვინ იცის, ფრანგული ტექსტის ალუზიაზე დაყრდნობით, ტოტალური ცენზურის პირობებშიც კი, ხაზი გაუსვა ბუნდოვან ელემენტს – სამხედრო ძალის მსახური გენერლისა და მის მიერ დასაკუთრებული „ფაშფაშას“ არქეტიპულობას. ფუნთუშასაც სამხედრო ძალა ისაკუთრებს, თუმცა საკუთარი ნების წინააღმდეგ. პირველ შემთხვევაში მორჩილების ვნება უკვე ისედაც აღძრულია, მეორეში კი ეს ვნება საზოგადოებამ ხრიკებით, ირიბი ძალადობის გზით უნდა აღძრას ქალში, რომელიც, ცხადია, მიწას, ქვეყანას განასახიერებს და დიდი მნიშვნელობა აღარ ენიჭება, მას „ფუნთუშას“ დავუძახებთ, „ფაშფაშას“, ალლიდი ოტტოს თუ ვორმსის ქანდაკებას. ინანიშვილის მოთხრობაში კონფლიქტს თითქოს გარე პერსონაჟიც ჰყავს – მთხრობელის ქალიშვილია, რომელთანაც ავტორის ახალი კონფლიქტი იბადება, „ახალი ძაბვა ნერვიული ტონალობით[4]“. მორალური საზღვარიც სწორედ აქ იკვეთება, ვგონებთ, გუია ა.-სთან საზიაროობით. ეს კი რეზო ჭეიშვილის უაღრესად საჭირო თანატექსტია ასევე ღიმილის მომგვრელი ირონიითა და გამოსახვის სხვა ფორმებით. უხერხულ მომენტებზე საუბარიც გაკვეთილში სახალისო შტრიხებს შეიტანს.

 

[1] რეალიზმისთვის „ინტენსიური“ კარსონ მაკ კალერსისეული მსაზღვრელია, რომელსაც ის იყენებს თავის 1941 წელს გამოქვეყნებულ წერილში: „რუსი რეალისტები და სამხრეთის ლიტერატურა“.

[2] მარიამ გოდუაძე, სწავლა-სწავლების სიღრმისეული ასპექტები, https://mastsavlebeli.ge/?p=34706

[3] ნესტან რატიანი, ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე? https://mastsavlebeli.ge/?p=34706

[4] ისევ მაკ კულერსის დასახელებული წერილის იოსებ ასათიანისეულ თარგმანს დავესესხე.



https://mastsavlebeli.ge/ 

სახალისო დავალება – პერსონაჟის დახატვა, გამოძერწვა, დახასიათება

 წარმოგიდგენთ ანბანისშემდგომი პერიოდისთვის შექმნილ სახალისო დავალებას.

სახელმძღვანელო  ,,მშობლიური ენის კვალზე“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაავტორები  ნინო გორდელაძე, გვანცა ჩხენკელი, თანაავტორი – ლელა მანგოშვილი, მხატვარი – ნინო ჩაკვეტაძე, რედაქტორი  მარიამ გოჩიტაშვილი).

სახელმძღვანელო ეფუძნება სწავლების იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდიკას, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად დებულებებს და კონსტრუქტივისტული მიდგომის პრინციპებს.

 

თემა – კეთილი საქციელი

 

თემაში დასამუშავებელი ტექსტები: „ვანო, კატო და ჩიტი“, „ჩიტი და მელა“

 

გრძელვადიანი მიზანი – სამიზნე ცნება – ტექსტი (ჟანრები) (შედეგები: (I).1, 2, 3, 4, 5)

დავალება – ტექსტებზე დაყრდნობით პერსონაჟის დახატვა/გამოძერწვა და დახასიათება

 

დახატე ან გამოძერწე წაკითხული ნაწარმოებების („ვანო, კატო და ჩიტი“, „ჩიტი და მელა“) რომელიმე პერსონაჟი მისთვის დამახასიათებელი ისეთი ნიშნით, რომელიც მიგვახვედრებს, რომელი პერსონაჟია დახატული/გამოძერწილი.

 

შეფასების კრიტერიუმები

ნამუშევარში/ნამუშევრის წარდგენისას წარმოაჩინე:

 

  • რით ჰგავს შენი დახატული/გამოძერწილი პერსონაჟი შერჩეული ნაწარმოების პერსონაჟს; რატომ დახატე/გამოძერწე ასე და არა სხვაგვარად (ტ. 1, 2, 3);
  • რის თქმა უნდოდა ავტორს ამ პერსონაჟით; რაზე დაგაფიქრა ამ პერსონაჟმა (ტ. 1).

 

დავალების შესასრულებლად საჭირო რესურსები და აქტივობები

 

წინარე ცოდნის გააქტიურება, დავალების მოთხოვნების გაცნობიერება

  • დააკვირდით თემის სათაურს, რა წერია? (კეთილი საქციელი).
  • როგორ ფიქრობთ, რის შესახებ იქნება ამ საუბარი თემის მოთხრობებსა და ლექსებში? (სიკეთის, კეთილი ადამიანების)
  • როგორი ადამიანია ის, ვინც სხვას ეხმარება, ზრუნავს მასზე, სიკეთეს უკეთებს? (კეთილი, მზრუნველი, მოსიყვარულე)
  • ჩვენ ბევრ კეთილ პერსონაჟს შევხვდებით ნაწარმოებებში. ხომ არ გახსენდებათ შესწავლილი ნაწარმოებებიდან პერსონაჟები, რომლებმაც სხვას სიკეთე გაუკეთეს?
  • ხომ არ გაიხსენებთ მაგალითს პირადი გამოცდილებიდან?
  • ვინ ახსნის თავისი სიტყვებით, რას ითხოვს ეს დავალება თქვენგან?

რესურსი – ი. გოგებაშვილის „ვანო, კატო და ჩიტი“ – მოსწავლის წიგნი (გვ. 112)

 

 

აქტივობა – მოთხრობის წაკითხვა მასწავლებლის მიერ; წაკითხვამდე ვარაუდების გამოთქმა სათაურსა და ილუსტრაციაზე დაკვირვებით

 

  • დააკვირდით ილუსტრაციას. თქვენი აზრით, რის შესახებ შეიძლება იყოს ნაწარმოები?
  • სათაურის მიხედვით, ვინ იქნებიან მთავარი პერსონაჟები?
  • სად ზის ჩიტი? როგორ გგონიათ, მოსწონს მას გალიაში ყოფნა თუ თავისუფლად ფრენა ურჩევნია?
  • ყურადღებით დააკვირდით ვანოს და კატოს სახეებს. როგორ ფიქრობთ, რატომ არის კატო მოწყენილი და ვანო – გახარებული? რატომ გგონიათ ასე?
  • რა შეიძლება მოხდეს? რატომ გგონიათ ასე?

 

მასწავლებელი ტექსტს კითხულობს პაუზებით:

1-ელი პაუზა: …ეს დაინახა კატომ…

მე-2 პაუზა: …შემდეგ დაფიქრდა და…

მე-3 პაუზა: …ვანო დილით ადრე ადგა და…

 

აქტივობა – ახალი ლექსიკური ერთეულების/გამოთქმების განმარტება/გახსენება (საბრალო, საკენკი, გალია, ჩიტივით თავისუფალი ვარ)

აქტივობა – ტექსტის წაკითხვა გაგრძელებით (მოსწავლეთა მიერ)

აქტივობა – ტექსტის გაგება-გააზრება (კითხვებზე პასუხები)

რესურსი – მოსწავლის რვეული, გვ. 116.

 აქტივობა – პერსონაჟის, ვანოს ქმედების შესახებ საუბარი, მოსწავლის რვეულში ჩანაწერის გაკეთება (როგორია ვანო თავიდან და როგორია ბოლოს, როგორ/რატომ შეიცვალა).

რესურსი – მოსწავლის წიგნი, გვ. 112

 

აქტივობა – სიტყვებით წინადადებების შედგენა და მოსწავლის რვეულში ჩაწერა.

 

დამხმარე შეკითხვები:

 

  • სად ჩასვა ვანომ ჩიტი? მოსწონდა ჩიტს გალია თუ არა? რატომ არ უშვებდა ვანო?
  • ვინ გაათავისუფლა ჩიტი? როგორი გულის ბავშვი ყოფილა კატო?
  • რატომ გაიბუტა ვანო? როგორია ის ამ დროს?
  • როგორ და რატომ შეიცვალა პერსონაჟი? რას მიხვდა ბიჭი? როგორია ბოლოს?
  • რატომ მიგაჩნია ასე? რომელ მინიშნებას ეყრდნობი? მოიყვანე მაგალითი ტექსტიდან.
  • რატომ, რის გამო იცვლებიან პერსონაჟები, რის გამო იქცევიან სხვაგვარად?
  • რა არის ავტორის მთავარი სათქმელი? რას ნიშნავს გამოთქმა „ჩიტივით თავისუფალი ვარ“?
  • რომელი მონაკვეთი მოგეწონათ ყველაზე მეტად მოთხრობაში?
  • ხომ არ გაგახსენდათ სხვა, მსგავსი ამბავი, წიგნი ან ფილმი, სადაც ბავშვები ჩიტებს უვლიან და მათზე ზრუნავენ?
  • თქვენ თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა? როგორ მოიქეცით?

 

რესურსი – ზღაპრების წიგნები („წითელქუდა“, „კომბლე“, ქართული ხალხური ზღაპრების კრებული) და მოსასმენი ანიმაცია „რწყილი და ჭიანჭველა“

ზღაპარი “რწყილი და ჭიანჭველა” – YouTube

 

აქტივობა – მასწავლებლის მიერ ზღაპრების წიგნების ჩვენება და საუბარი ზღაპრების შესახებ. ანიმაციის ნახვის შემდეგ – საუბარი იმის შესახებ, როგორ დაეხმარა რწყილი ჭიანჭველას.

 

დამხმარე შეკითხვები:

  • ხომ არ იცით, რას ნიშნავს ხალხური ზღაპარი? ვინ დაწერა?
  • შეგიძლიათ, გაიხსენოთ ზღაპრები, რომლებიც თქვენთვის წაუკითხავთ? ანიმაციური ფილმები, რომლებიც გინახავთ?
  • როგორ ფიქრობთ, ანიმაციის მიხედვით, რომ არ დახმარებოდა რწყილი, რა დაემართებოდა ჭიანჭველას? როგორი გზა გაიარა რწყილმა, რომ ძმობილი გადაერჩინა? მალე მოაგვარა პრობლემა თუ კიდევ ბევრისგან დასჭირდა დახმარება?
  • დააკვირდით და მითხარით, სიკეთის გარდა, კიდევ რა თვისება აქვს რწყილს? მან ამხელა შრომა გასწია, თავი არ დაზოგა, სხვებსაც დაეხმარა, ოღონდ ძმობილი გადაერჩინა, კიდევ როგორი ყოფილა რწყილი? (რწყილი არის თავდადებული მეგობარი)
  • თქვენი აზრით, სათაურის მიხედვით, რაზე შეიძლება იყოს ნაწარმოები?

 

რესურსი – ჩიტი და მელა (ხალხური ზღაპარი)- მოსწავლის წიგნი, გვ. 113

 

აქტივობა – ვარაუდების გამოთქმა სათაურსა და ილუსტრაციაზე დაყრდნობით.

აქტივობა – მასწავლებლის მიერ ტექსტის წაკითხვა გამომსახველობითად (მხატვრულად)

 

რესურსი – გრძნობათა ყულაბა

აქტივობა – მასწავლებელი ჩამოწერს დაფაზე (შესაძლებელია, ფორმატის ქაღალდზე სხვადასხვა ფერით იყოს დაწერილი) გრძნობებს, რომლებიც შეიძლება აღეძრას ადამიანს მხატვრული ნაწარმოების წაკითხვისას/ მოსმენისას (მაგალითად, გაბრაზება/აღშფოთება, მოწონება/აღფრთოვანება, შეცოდება/სიბრალული, თანაგრძნობა, შიში, მხიარულება), განმარტავს თითოეულს და სთხოვს მოსწავლეებს, ამოირჩიონ ამ ჩამონათვალიდან ის გრძნობა, რომელსაც აღძრავს მის მიერ წაკითხული ეპიზოდი. მასწავლებელი განმეორებით, გამომსახველობით კითხულობს ტექსტის ეპიზოდებს. მოსწავლეები ასახელებენ გრძნობას და ასაბუთებენ საკუთარ პასუხს. მაგალითად: „მე შემეცოდა ჩიტი, იმიტომ, რომ… / მე მომეწონა სანდალას საქციელი, რადგან…“

 

აქტივობა – ახალი ლექსიკური ერთეულების/გამოთქმების განმარტება (იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი; მიაგნო, ცული, ხელეჩო, წალდი, მშვილდ-ისარი)

აქტივობა – ტექსტის კითხვა მოსწავლეთა მიერ (როლური გათამაშება; ყურადღების გამახვილება ინტონაციაზე, სასვენ ნიშნებთან).

 

რესურსი – მოსწავლის რვეული – პერსონაჟის სქემა (გვ. 20)

 

აქტივობა – პერსონაჟის სქემის შევსება.

 

დამხმარე შეკითხვები:

  • როგორ იწყება ზღაპარი? რას ნიშნავს „იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი“?
  • რომელი პერსონაჟები მონაწილეობენ? რა ჰქვია მელას საბინადროს? ჩიტისას?
  • როგორია მელა ამ ზღაპარში? (მსუნაგი, საშიში) რით ემუქრება ჩიტს?
  • რას ნიშნავს სიტყვები: ცული, ხელეჩო, წალდუნა, მშვილდ-ისარი?
  • რისთვის იყენებენ ადამიანები ამ იარაღებს?
  • რისთვის აპირებს მელა მათ გამოყენებას?
  • როგორია ამ დროს ჩიტი? (საბრალო, საწყალი) რატომ?
  • როგორია სანდალა? როგორ მოექცა ჩიტს? მელას? მოგეწონათ მისი საქციელი? თქვენ როგორ მოიქცეოდით?
  • რომელი მონაკვეთი მოგეწონათ ტექსტში ყველაზე მეტად?
  • რის თქმა უნდა მწერალს ამ ნაწარმოებით? რას გვასწავლის?

 

აქტივობა – დავალების შესრულების წინარე აქტივობა. მასწავლებელი ერთხელ კიდევ წაუკითხავს დავალების პირობას, კრიტერიუმებს და შეახსენებს, რომ ნამუშევარში და წარდგენის დროს უნდა ჩანდეს, რით ჰგავს მათი დახატული/გამოძერწილი პერსონაჟი შერჩეული ნაწარმოების პერსონაჟს; რატომ დახატა/გამოძერწა ასე და არა სხვაგვარად, რის თქმა უნდოდა ავტორს ამ პერსონაჟით, რაზე დააფიქრა ამ პერსონაჟმა.

 

დამხმარე შეკითხვები:

  • მოდით, ახლა ერთხელ კიდევ გავიხსენოთ პერსონაჟი ვანო – როგორი იყო ის მოთხრობის დასაწყისში? როგორ შეიცვალა ბოლოს? დაასაბუთე ტექსტიდან სათანადო ადგილის დამოწმებით.
  • რომელი პერსონაჟი მოგწონთ, ვანო თუ სანდალა? რატომ?
  • როგორ უნდა მივხვდეთ, რომელი პერსონაჟი შეარჩიეთ? რა უნდა გაითვალისწინოთ დავალების შესრულების დროს? (ისე უნდა დახატონ, რომ მივხვდეთ, რომელი პერსონაჟია).

 

დავალების შესრულებისა და პრეზენტაციის პროცესში დასასმელი კითხვების ბანკი კონკრეტულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საწარმოებლადთითოეული მათგანის წინსვლისა და რეფლექსიის უნარის ხელშესაწყობად:

 

  • რომელი პერსონაჟი შეარჩიე დასახატად/გამოსაძერწად? რატომ?
  • როგორია პერსონაჟი – რა თვისებები აქვს მას, სად ჩანს მისი კეთილი საქციელი?
  • პერსონაჟის რომელი თვისება მოგწონს ან არ მოგწონს და რატომ?
  • რა გააკეთე, რა თანმიმდევრობით?
  • რა გამოგივიდა კარგად დავალებაზე მუშაობის პროცესში?
  • რა გაგიძნელდა და რატომ?
  • რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?


წყარო : https://mastsavlebeli.ge/

„ბატონი ტორნადო“

 – „გოგო, ნახე რა მომხდარა?“

– „გოგო, „იმან“ რა დაწერა, წაიკითხე?“

– „გოგო, უყურე ამ ვიდეოს?“

 

ასე, როგორც წესი, ჩემი მეგობარი მწერს ხოლმე, რაღაც დრამატულ ამბებს მიზიარებს. არადა, ვერაფრით ისწავლა, რომ მე უკვე აღარაფერზე ვქოთქოთებ. ცხოვრების იმ ეტაპს მივაღწიე, როცა ქოთქოთს შევეშვი და ვცდილობ, ყველაფერს წყნარად ვადევნო თვალი. აი, ჩვენი პორტუგალიასთან გამარჯვება ხომ გულით გამიხარდა, მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ამის შემდეგ ქუჩებში ყიჟინით მერბინა. არა, სიხარულით გამოწვეული ხმაურის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ მე უხმაუროდ გახარებულმა დავიძინე.

 

თუმცა, კვლავ ჩემს მეგობარს დავუბრუნდეთ. იმ დღესაც ჩვეულებისამებ მომწერა, არ არის ეს კარგი ნიშანი და მეშინიაო. გამოგზავნილი ლინკის გახსნა ჯერ დამეზარა, შემდეგ მაინც გავხსენი და მეც რაღაცნაირად ნირწამხდარი დავრჩი…

 

ალავერდში ტორნადო დატრიალებულა, ტაძრისთვის გუმბათიც შემოუძარცვავს და ჯვარიც დაბლა ჩამოუგდია.

მეწყინა…

ამ ადგილთან ჩემი დამოკიდებულება მაქვს და ძალიან ადრეულ ბავშვობაში ყველას ვარწმუნებდი, რომ ალავერდი კოტე პაპამ ააშენა.

დიახ, დიახ, არ მოგესმათ. ჩემმა კოტე პაპამ ააშენა!

კოტე პაპას გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ დავიბადე. სიკვდილის წინ უთქვამს, რა მოხდებოდა ეს მესამეც დამეჭირა ხელშიო („ორში“ ჩემზე უფროსი ორი დეიდაშვილი იგულისხმა). იმის თქმა მინდა, რომ არ ვიცნობდი, მაგრამ ჩემი ქეთო ბებოს მონდომებით, ფაქტობრივად ყველაფერი ვიცოდი მასზე და კითხვაზე: დედა უფრო გიყვარს თუ მამა, დაუფიქრებლად ვპასუხობდი -კოტე პაპა-მეთქი.

ჰოდა, ალავერდის მიმდებარედ რაღაც დანგრეული მეურნეობა ჩაუბარებიათ მისთვის. აღუდგენია, აუმუშავებია და არაერთი მადლობაც დაუმსახურებია. ეტყობა, ეს მითხრა ბებომ. მე კი გადავწყვიტე, რომ ალავერდიც მან ააშენა.

 

1974 წლის 3 აპრილს ოჰაიოს შტატის ერთ პატარა ქალაქში მუსიკალური სკოლის მოსწავლეები, რომელიღაც მიუზიკლის რეპეტიციას გადიოდნენ. დღის მეორე ნახევარი იყო და ქალაქი ნელ-ნელა სამუშაო დღის დამთავრებისთვის ემზადებოდა. ამ დროს ერთი პატარა ბიჭი ყიჟინით შევარდა დარბაზში და დაიყვირა: ტორნადოს ნახვა გინდათ? მასწავლებლიანად ყველა ფანჯრისკენ გაიქცა და მათკენ წამოსული შავი ფერის მბრუნავი სვეტი დაინახეს. რამდენიმე წამში ტორნადო სკოლაში შემოიჭრა და ყველაფერი ყირაზე დააყენა. სკოლის სამი დიდი ავტობუსი ჰაერში აიტაცა და დააბზრიალა. აქედან, ერთი პირდაპირ სკოლის სააქტო დარბაზის სცენას დაანარცხა. სკოლის ბავშვები გადარჩნენ, მაგრამ ქალაქში 32 ადამიანი დაიღუპა, მთლიანად შტატში – 39; ქვეყანაში კი, 24 საათის განმავლობაში უმაღლესი ხარისხის სიძლიერის ტორნადოს 335 ადამიანი შეეწირა. ამ 24 საათში ამერიკის 13 შტატში და კანადის ონტარიოში 148 ტორნადო დაფიქსირდა, მათ შორის შვიდი მაქსიმალური სიძლიერის იყო, F5. ხოლო, უშუალოდ ამ ტორნადოს, სკოლა და მთელი ქალაქი რომ აათამაშა, ჯერ F6 სტატუსი მიანიჭეს. შემდეგ, კვლავ F5-ზე ჩამოიყვანეს, რადგან F6 უბრალოდ არ არსებობს.

 

როდესაც ყველაფერი მიწყნარდა, გამოჩნდნენ ექიმები, მაშველები, მოხალისეები და მათთან ერთად ხანში შესული იაპონელი, რომელიც თავიანთი ყოფილი სახლების ნანგრევებთან მჯდომ გაოგნებულ ადამიანებთან მიდიოდა და ეკითხებოდა, სად იყვნენ ისინი ტორნადოს დაწყებისას, რას აკეთებდნენ, რამდენად დაზიანდნენ, დაიღუპა თუ არა ვინმე მათი ოჯახიდან. ხალხიც ყველაფერს უყვებოდა, ესეც ყველაფერს იწერდა და მაშინვე სხვებთან გადადიოდა. ეს კაცი პროფესორი ტედ ფუძიტო ამ დღიდან მომავალი ექვსი თვის განმავლობაში თავის მასშტაბურ გამოკვლევას დაასრულებს ტორნადოების შესახებ. სწორედ ამ ნაშრომზე დაყრდნობით უზარმაზარ ნახტომს გააკეთებს განვითარებაში მეტეოროლოგია და საფუძველი ჩაეყრება ტორნადოს შესაძლო წინასწარმეტყველებას. თავად კი ისტორიაში შევა მეტსახელით „ბატონი ტორნადო“.

 

ტორნადოს ჩამოყალიბებისთვის ამინდის რამდენიმე ფაქტორის დამთხვევა არის საჭირო. ყველაფერი იმით იწყება, რომ ცივი, მშრალი ჰაერის უზარმაზარი მასა სწრაფად გადაადგილდება ნოტიო თბილი ჰაერის მასებისკენ. ნოტიო ჰაერის მასებს შორის სხვაობა იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც სხვაობა ტემპერატურას შორის. როდესაც ცივი ჰაერი ეჯახება თბილს ჰაერს, მას ნელ-ნელა ზემოთკენ წევს. უბერავს ქარი, ნელ-ნელა აცივდება, ცა ღრუბლებით იფარება, იწყება წვიმა ან თოვლი. თუ თბილი მშრალი ჰაერი სწრაფად ავა ატმოსფეროს ზედა ნაწილში, იქ სწრაფადვე ცივდება და დაბლა იწყებს დაშვებას. თან გზაზე თბილ ნაკადებს ანაცვლებს. თუმცა, თუ ეს ჰაერი დაშვებას ტროპიკულ ადგილებში იწყებს, მაშინ გაჯერდება დიდი რაოდენობის წყლის ორთქლით. ეს ორთქლი კონდენსირდება, წარმოქმნის წყლის წვეთებს. ამ დროს გამოთავისუფლდება ენერგია, რომელიც გარემოს ათბობს. როცა ნოტიო ცხელი ჰაერი ზევით მიდის, კიდევ უფრო ცხელდება, მასში ნესტის კონდენსაციის გამო. ძალიან დიდ სიმაღლეზე ასვლა შეუძლია. წარმოიქმნება მძლავრი აღმავალი ნაკადები, ვერტიკალური ქარები, რომლებსაც, უფრო მაღლა, გარეთ გამოაქვს ეს ნოტიო თბილი ჰაერის მასები. წარმოიქმნება გიგანტური ღრუბლები, რომლებიც შეიძლება ჰორიზონტალურად გაბრტყელდეს. ეს ნიშნავს, რომ ღრუბელი ტროპოსფეროსთან არის მიახლოებული. იქ ტენი ჩერდება, რაც ნიშნავს – ელოდე წვიმებს, ჭექა-ქუხილსა და სეტყვას. თუმცა, ეს ტორნადოსთვის საკმარისი არ არის. აი, თუ ამ დროს ამ ტერიტორიაზე ცივი მასები შემოიჭრება, ცივი ჰაერი ქაოსურად ჩაანაცვლებს თბილს. ატმოსფერო ძალიან არასტაბილური გახდება. დიდ სიმაღლეზე სხვადასხვა ქარი სხვადასხვა მიმართულებით ქრის და ერთმანეთს ანაცვლებს. ამ ერთმანეთის საპირისპიროდ მორბენალ ქარებს შორის წარმოიქმნება ატმოსფერული მორევი. მათ შორის მოძრავი ჰაერი იხვევა, დაახლოებით ისე, როგორც პლასტილინი დაიხვევა ორივე ხელით რომ გავაბრტყელოთ/დავაგორგოლაოთ. მაღლა ჰორიზონტალური საჰაერო მორევი წარმოიქმნება. თუ ასეთი ჰორიზონტალური მორევი აღმავალ ნაკადს შეეჯახება და თუ ეს აღმავალი ნაკადი ძლიერია, მორევი მას უერთდება და ვერტიკალურად დატრიალდება. მომენტი, როდესაც ამ სვეტის თავზე ძაბრივით ჩაღრმავება გაჩნდება, იმის მაუწყებელია, რომ შიგნით წნევა მკვეთრად შეიცვალა და ის „გიგანტურ საჰაერო მტვერსასრუტად“ გარდაიქმნა, რომელიც ყველაფერს შეიწოვს ქვემოდან და ზემოთ ძალიან მაღლა ატყორცნის. შეიწოვს მტვერს, ფოთლებს, ტოტებს და ყველაფერს, რასაც კი ზედ გადაუვლის და გაანადგურებს. ტორნადოს წარმოქმნის მექანიზმი სრულად ამოცნობილი არ არის. თუ ვინმემ იცის, რომ არსებობს, წერილის კომენტარში მიუთითეთ. ანუ, იმის თქმა მსურს, რომ ეს თეორიები ჯერ კიდევ ვითარდება და რაც მე დავწერე, ეს სწორედ ტედ ფუძიტოს ვერსიაა, ისიც ძალიან შემოკლებით და პოპულარულ ენაზე აღწერილი.

 

ტეცუე ფუძიტო 1920 წლის 23 ოქტომბერს იაპონიაში დაიბადა. 1944 წელს პატარა ქალაქ კიტაკუსუს უნივერსიტეტში ფიზიკის დოცენტად აირჩიეს. სხვათა შორის, ამერიკელებს ბომბის ჩამოგდება სწორედ ამ ქალაქში სურდათ (მაშინ კოკურა ერქვა), თუმცა ღრუბლიანობის გამო სამიზნე შეცვალეს და ნაგასაკისკენ გადაინაცვლეს. მოგვიანებით, დანგრეული ქალაქების შესასწავლად ფუძიტოც წავა, რათა გამოიკვლიოს, როგორ იმოქმედა დაზიანების ტალღამ კონსტრუქციებზე. შემდეგ ტაიფუნების მექანიზმით ინტერესდება. სწორედ მან შექმნა ქარიშხლების პირველი მეტეოროლოგიური რუკები. მოგვიანებით, კვლევებსა და განვითარებას ამერიკაში აგრძელებს. „ბატონი ტორნადოსაც“ აქ შეარქმევენ.

 

 

ყოველ 40-50 წელიწადში ერთხელ ტორნადოთა მძლავრი სერიები იწყება. ამას სუპერ-აფეთქებას უწოდებენ. ამ დროს რომელიღაც ადგილას დღეში შეიძლება 50-მდე ტორნადომ „ჩამოიაროს“. ასეთმა „აფეთქებამ“ შეიძლება მინიმუმ 100 ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. აღარაფერს ვამბობ, დანგრეულ და განადგურებულ სახლებზე, მანქანებზე და ა.შ. ტორნადოების ასეთი სერია სულ სამჯერ არის დაფიქსირებული: 1932 წლის 21 მარტს, 1974 წლის 3 აპრილს, 2011 წლის 27 აპრილს.

 

თუმცა, ერთი სხვაც აღსანიშნავია, 1965 წლის ტორნადოს მეორენაირად „ბზობის“ ტორნადოსაც უწოდებენ, რადგან ბზობის დღეს მოხდა ოჰაიოში, ინდიანასა და აიოვაში.

 

მკაცრი ზამთრის შემდეგ, აპრილში გამოიდარა და ადამიანებმაც გაიხარეს. მექსიკის ყურიდან წამოსული ჰაერის ნოტიო თბილმა მასებმა ჩრდილოეთით საკმაოდ შორ მანძილზე გადაინაცვლეს. ქვეყნის ცენტრში წარმოიქმნა დაბალი წნევის მასიური უბანი. უცებ ამ ჰაერს ზემოდან გადაეფარა მშრალი და კიდევ უფრო თბილი ჰაერის მასები. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ადგილი ჰქონდა ინვერსიას, ტემპერატურული ფენების ნორმალური ურთიერთგანლაგება ამოყირავებულია და თბილი ჰაერი ცივზე უფრო მაღლაა.

 

11 აპრილს, ბზობის კვირას, ცივმა ქარმა თბილი ჰაერის მასა გვერდით მოისროლა, რის შედეგადაც მის ქვეშ არსებული ღრუბლის მასები წინ წამოვიდა, გამოვარდა უძლიერესი აღმავალი ნაკადი, რომელიც ჰორიზონტალურს შეუერთდა და პირველი ტორნადოც აიოვაში მზად გახლდათ. აქ და სხვა ტერიტორიებზე, 16 საათის განმავლობაში 55 ტორნადომ გაიარა. გარდაიცვალა 266 ადამიანი. ზარალზე, რომ აღარაფერი ვთქვათ.

 

შემდეგ დღეებში პროფესორი ფუძიტო პატარა თვითმფრინავით შემოივლის მთელ ტერიტორიას, ყველაფერს სურათს გადაუღებს, ჩაინიშნავს, ციფრებად, გრაფიკებად და ცხრილებად აქცევს და მრავალგზის გაანალიზების შემდეგ გამოიყვანს ტორნადოს ინტენსივობის შკალას. ამ შკალას ფუძიტის შკალა ეწოდება და ტორნადოს დამანგრეველი ხასიათი სწორედ მისით განისაზღვრება.

 

F 0 – სუსტი ქარიშხალი, ხეები დაამტვრია, სადმე სახლს სახურავი ახადა;

F 1 – სტაბილური სიძლიერის;

F 2 – მნიშვნელოვნად ძლიერი და დამაზიანებელი;

F 3 – ძალიან ძლიერი;

F 4 – დამანგრეველი;

F 5 – კატასტროფული.

 

დღეს უკვე ტორნადოს წინასწარმეტყველებაც შეიძლება, რადგან შექმნილია გაფრთხილების სისტემები.

მაგრამ… მაინც რა ესაქმებოდა კახეთში ტორნადოს?… ეგ მიკვირს…

https://mastsavlebeli.ge/ 


„არა კი რ-ი“ – და სხვა თამაშები ზეპირმეტყველების გასაუმჯობესებლად

 

  • დავალება შეასრულე?
  • ცხადია… თუმცა, უკეთაც შემეძლო.
  • რთული იყო?
  • საკმაოდ. გონების დაძაბვა მომიწია…
  • რამდენი დრო დაუთმე?
  • 30 წუთზე ნაკლები.
  • რა იყო ის, რაც ყველაზე მეტად გაგიჭირდა?
  • სიტყვების მოძიება. ძნელია ხოლმე ზუსტი შესატყვისების პოვნა.
  • რა უნდა გააკეთო, შენი აზრით, რომ ლექსიკური მარაგი შეივსო? მხოლოდ კითხვა საკმარისი იქნება?
  • კითხვა აუცილებლად. ამასთან – სიტყვების ამოტივტივება და გამოყენებაა მნიშვნელოვანი. შესაბამისად, მუშაობა დაუღალავად. გახსენება-გამოყენება.
  • რა დაგეხმარება ამ მიმართულებით ყველაზე მეტად?
  • თამაში. აი, ეს თამაში, მაგალითად, ასეთია.
  • როგორი?
  • დიალოგია. ვმეტყველებთ. ამისთვის სიტყვებს წინადადებებად ვკინძავთ. ვიცავთ წესს. ოღონდ წესი შენ უნდა ახსნა. მე შეზღუდვები მაქვს და ძნელია. შეუძლებელიც.
  • შეზღუდვები და წესები ასეთია: დასმულ კითხვაზე არ უნდა გასცე „კი/არა“ პასუხი და პასუხებში არ უნდა გამოიყენო სიტყვები, რომლებიც „რ-ს“ შეიცავს. გაგიჭირდა პასუხების გაცემა ამ წესების დაცვით?
  • ძნელია. მუდმივად უნდა იფხიზლო. და ვხედავ, მნიშვნელოვან სიტყვათა დიდი ნაწილი შეიცავს ამ ასოს, წესებში ნახსენებს. და მიხდება სხვა სიტყვების მოძიება. განსხვავებულად დალაგება, წინადადება გასაგები ხომ უნდა იყოს…
  • მოგწონს ეს თამაში?
  • სახალისოა. თან ხვდები, როგორ მუშაობს გონება.
  • კიდევ ვითამაშოთ?
  • შეგვიძლია შემდეგაც ვცადოთ, ოღონდ ადგილები შევცვალოთ. მე ის ვიქნები, ვისაც შეზღუდვა მოხსნილი ექნება. წესები შენ უნდა დაიცვა…

 

***

გადახედეთ დიალოგს და მეორე პირის რეპლიკები ყურადღებით გადაიკითხეთ. მის რეპლიკებში ვერ ნახავთ „კი/არა“ პასუხს, ვერ ნახავთ „რ-ს“ სიტყვებში.

 

ამ დიალოგის წერისას საკმაოდ ბევრჯერ წავბორძიკდი, ძალიან მინდოდა იმ სიტყვების გამოყენება, რომლებიც „რ-ს“ შეიცავდა, მაგრამ რაკი წესი უნდა დამეცვა, ვცდილობდი, შესატყვისები მომეფიქრებინა.

პასუხი ისე ამეგო, რომ წესები დამეცვა.

ეს არის ძალიან სახალისო და სასარგებლო თამაში, რომელიც ქართულის გაკვეთილებზე შეგიძლიათ გამოიყენოთ საბაზო და საშუალო საფეხურზე. ზოგიერთ შემთხვევაში, დაწყებით საფეხურზეც დასაშვები იქნება. სხვათა შორის, ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც გამოიკვეთა ამ თამაშის პრაქტიკაში გამოყენებისას ისაა, რომ მოპასუხე პასუხის გაცემამდე იღებს პაუზას, აწყობს წინადადებას, გონებაში წარმოთქვამს მას და მხოლოდ ამის შემდეგ ახმოვანებს. ეს ნამდვილადაა ის უნარი, რომელიც ასე გვაკლია. დასმულ კითხვაზე სხაპასხუპით, ბორძიკით პასუხის გაცემის ნაცვლად – დაფიქრება, მოსაზრებების თავმოყრა, რევიზია, მოწესრიგება და მხოლოდ ამის შემდეგ წარმოთქმა.

 

დავარქვათ ამ თამაშს „არა კი რი“ წესების უკეთ დამახსოვრებისთვის.

და… ითამაშეთ სიამოვნებით.

 

ზეპირი მეტყველების გაუმჯობესება და ლექსიკური მარაგის შევსება მნიშვნელოვანი უნარებია. სისტემატური ვარჯიში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია. ნათლად და მკაფიოდ მოსაზრებების გადმოცემაში გასაწაფავად კარგი აქტივობაა თამაში „შიკრიკი და მწერალი“.

 

მითითებები მასწავლებლისთვის:

თავი მოუყარეთ რომელიმე მწერლის (ისტორიული პირის, საინტერესო, გამოჩენილი ადამიანის) ბიოგრაფიიდან 10-მდე საინტერესო ფაქტს. ამ გმირის შესახებ მოსწავლეებს გარკვეული წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ. მოღვაწეობის სფერო ან რაიმე საბაზისო მონაცემებიც საკმარისია. მოძიებული უტყუარი ფაქტების გარდა, მოიფიქრეთ 5-დან 10-მდე ისეთი ცნობა, რომლებიც არ შეიძლება მიემართებოდეს გმირს. მომზადებული ცნობები ფურცლებზე ამობეჭდეთ და კლასის კედლებზე გააკარით.

ნიმუში:

უტყუარი ფაქტი: ილია თავის მოსამართლეობრივ პრაქტიკაში ხშირად იყენებდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას. ყველა საქმეზე, რომელიც დასახიჩრებას, დაჭრას და სხვა ასეთებს ეხებოდა, ილია ნიშნავდა სასამართლო ექსპერტიზას.

გამოგონილი ფაქტი: ილია ჭავჭავაძე თავისი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ტყეში განმარტოვდა, ქოხი აიშენა და იქ განდეგილივით ცხოვრობდა. ის უარს აცხადებდა გადასახადების გადახდასა და პოლიტიკურ-საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე.

 

თამაშის დაწყებამდე დაყავით კლასი ჯგუფებად, ისე, რომ ის 4-5 მოსწავლისგან შედგებოდეს. ჯგუფმა უნდა აირჩიოს შიკრიკი და მწერალი.

მწერალს დასჭირდება კალამი და ფურცელი.

შიკრიკის ამოცანაა – დაიაროს კლასი, წაიკითხოს კედლებზე გამოქვეყნებული ცნობები და როგორც კი, მისი აზრით, უტყუარ ცნობას წააწყდება, დაიმახსოვროს, მიუბრუნდეს ჯგუფს, გაუზიაროს მოპოვებული ცნობა. ცნობის ნამდვილობაზე ჯგუფი იმსჯელებს და თუ საჭიროდ ჩათვლიან, მწერალი ფურცელზე დაიტანს.

საბოლოოდ თითოეულ ჯგუფს უნდა დაუგროვდეს საკმარისი მასალა პრეზენტირებისთვის.

ჯგუფის წევრების ამოცანაა, სათქმელი დაალაგონ ქრონოლოგიური ან რაიმე სხვა პრინციპით (მოიფიქრონ ქვესათაურები, წარდგენის ფორმატი…) და მოამზადონ კლასის წინაშე წარსადგენად. წარდგენისას ყურადღება მიექცევა მეტყველებას პარაზიტი ჩანართების გარეშე. პრეზენტირების უნარებს. მასწავლებლის დახმარებით მოხდება გაცხრილვა – თუ მოსწავლეები გამოგონილ ფაქტს მოახვედრებენ ბიოგრაფიაში, ეს კარგი საბაბი იქნება საუბრის წამოსაწყებად. რეალური ფაქტებისა და მოვლენების გასახსენებლად ან დასასწავლად.

 

ამ თამაშის მოდიფიცირება მრავალნაირად შეიძლება. ძიებისა და დამოუკიდებლად ამოცანების გადაწყვეტის უნარის განსავითარებლად მოსწავლეებს შეიძლება წინასწარ მივცეთ რამდენიმე პირის ცხოვრების შესახებ საინტერესო ფაქტების მოძიების დავალება. ეს საშუალებას მისცემს მათ, მოემზადონ თამაშისთვის, ზოგადი წარმოდგენა შეიქმნან მოღვაწეზე.

 

შესაძლოა, ვთხოვოთ მოსწავლეებს აბზაცების ლექსიკურად ზუსტად აღდგენა ან – პირიქით, საკუთარი სიტყვებით მთავარი აზრის გადმოცემა. ბიოგრაფიების გარდა, შესაძლებელია პუბლიცისტური წერილების ამ მეთოდით დამუშავებაც.

სასურველია, თამაშის ბოლოს გამოვლინდეს გამარჯვებული გუნდი. ეს ის გუნდი იქნება, რომელმაც ფაქტობრივი სიზუსტის დაცვით აღადგინა ტექსტი და რომელმაც განსაკუთრებით საინტერესოდ წარმოადგინა ის. წარდგენისას არ გამოიყენა პარაზიტი ჩანართები. წარდგენის სტილი და ფორმატი იყო ჯეროვანი.

 

ერთი წუთი

 

ზეპირმეტყველებას კარგად ამუშავებს ერთი წუთის განმავლობაში ერთი სიტყვის მიხედვით თემაზე საუბარი. სიტყვების მარაგი წინასწარ უნდა გაკეთდეს. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოსწავლე იღებს სიტყვას და მოუმზადებლად იწყებს საუბარს. ამ შემთხვევაში შინაარსობრივად ერთადერთი ამოცანა უნდა გადაწყვიტოს – ისაუბროს მოცემულ თემაზე და არ გამოიყენოს პარაზიტი ჩანართები. მსმენელებს კი შეგვიძლია, ვთხოვოთ დაკვირვება სხეულზე. როგორ დგას მომხსენებელი? რამდენად თავდაჯერებულია მეტყველებისას? აკონტროლებს თუ არა ჟესტიკულაციასა და მიმიკას? ამყარებს თუ არა აუდიტორიასთან კონტაქტს?

ეს სავარჯიშო ხშირად გამომიყენებია და მეც მიმიღია მონაწილეობა მოსწავლეებთან ერთად. შესრულება საკმაოდ რთულია, მაგრამ ხალისი და სარგებელი კი ბევრი მოქვს.

 

მოდიფიცირებული „ფრანკლინის მეთოდი“

 

წერილობითი უნარის განმავითარებელი მეთოდი, რომელიც ბენჯამინ ფრანკლინმა შეიმუშავა, ამ წერილში დეტალურად მიმოვიხილეთ. მისი მოდიფიცირება შესაძლებელია ზეპირმეტყველების განსავითარებლადაც. შეგვიძლია მოსწავლეებს კარგი პოდკასტი ან საინტერესო ვიდეოლექცია მოვასმენინოთ ნაწილ-ნაწილ და მოსმენილის მიხედვით ზეპირად აღდგენა ვთხოვოთ, რაც შეიძლება ახლოს ორიგინალთან.

 

ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი ზეპირმეტყველების გასაუმჯობესებლად და ლექსიკის გასამდიდრებლად, ასევე საკუთარ ზეპირ გამოსვლაზე დაკვირვებისა და გაუმჯობესების ტექნიკის შემუშავებისთვის არის ვიდეოჩანაწერი. სოციალურ ქსელებში გავრცელებულია ერთგვარი „გამოწვევა“ – ადამიანები ყოველდღიურად 30 დღის განმავლობაში აკეთებენ 3-5 წუთამდე ვიდეო-ჩანაწერებს ნებისმიერ თემაზე. მონტაჟის გარეშე აქვეყნებენ და აკვირდებიან საკუთარ გამოსვლას. ასევე კომენტარებში სთხოვენ მაყურებლებს რჩევებს. 30 ვიდეო-ჩანაწერის შემდეგ ძალიან საინტერესო დასკვნა კეთდება – პირველი და ბოლო ჩანაწერი, უმეტესწილად, რადიკალურად განსხვავებულია ხოლმე. ადამიანები იუმჯობესებენ ზეპირი გამოსვლის უნარს, დგომას, პოზას, ლექსიკას, ჟესტიკულაციას. ეს ერთგვარ პროექტადაც შეიძლება მიეცეს მოსწავლეს. შედეგიცა და პროცესიც საინტერესო, სახალისო და ბევრის მომცემი იქნება.

 

ზეპირი გამოსვლისას სხეულის ფლობას, ორ ფეხზე მყარად დგომას, სხეულებრივ სიფხიზლეს (რას „აკეთებენ“ ხელები? ფეხები? თავი? თვალები საით იმზირებიან?) დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ მიმართულებით საუკეთესო მასწავლებლებად კარგი ორატორები გამოგვადგებიან. ინტერნეტში უამრავი ვიდეოა, რომლებშიც გამოცდილი გამომსვლელები სხვადასხვა თემას მიმოიხილავენ, თავიანთი საქმიანობისა და სფეროს სიახლეებს ან მიღწევებს გვაცნობენ. საუკეთესო პრეზენტაციები, გლობალური მასშტაბის პლატფორმებზე დიდ აუდიტორიებთან ზეპირი გამოსვლების ჩანაწერები ყველასთვის ხელმისაწვდომია, ვისაც ინტერნეტთან წვდომა აქვს. ნამდვილად ღირს დროის გამოყოფა იმისთვის, რომ შევისწავლოთ კარგი გამომსვლელების სხეულის ენა. ამ შემთხვევაში პრეზენტაციის შინაარსზე მეტად სწორედ ეს უნდა იყოს დაკვირვების ობიექტი – როგორ გამოიყურებიან, როგორ მოძრაობენ, რა ჟესტიკულაციას იყენებენ, როგორი მიმიკა და კონტაქტი აქვთ აუდიტორიასთან საუკეთესო გამომსვლელებს. ერთობლივი ყურება და საერთო განხილვაც ერთ-ერთ სამარჯვად შეგვიძლია ვაქციოთ. სხვათა შორის, ცუდი პრეზენტაციების, პარაზიტი ჩანართებით სავსე მეტყველების, ხმოვნებით შევსებული პაუზებით (ააა…მმმ…აააამმმმ…) მეტყველების ნიმუშებიც მნიშვნელოვანი განსახილველია.

 

ზეპირი გამოსვლა თვითგამოხატვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა და სკოლაში ამას საკმარისი დრო უნდა ეთმობოდეს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გადატვირთული საპროგრამო მასალის მიღმა, რასაკვირველია, არაა მარტივი დამატებითი აქტივობების განხორციელება, მაგრამ აქ მასწავლებლებიც „ვცოდავთ“. სწორედ ჩვენი პასუხისმგებლობაა იმ პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი, რომლებიც ხელს გვიშლის სასკოლო სწავლება გავხადოთ თანადროული, პრაქტიკული, საინტერესო, მიმზიდველი და სასურველი.


წყარო https://mastsavlebeli.ge/