მშობელთა ჩართულობას მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ბავშვის განვითარებაზე, როგორც სკოლამდელ ასაკში, ასევე სასკოლო ასაკში, როდესაც მოსწავლის წინაშე სერიოზული აკადემიური და სოციალური გამოწვევები ჩნდება.
მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვანია, თუმცა ამავდროულად – რთულად მისაღწევი. კვლევები ადასტურებს მშობელთა მაღალი მოლოდინების პოზიტიურ გავლენას მოსწავლის მიღწევებზე. კვლევები იმასაც ადასტურებს, რომ ის მშობლები, რომლებსაც უფრო მაღალი მოლოდინი აქვთ შვილების მიღწევების მიმართ, უფრო ჩართულნი არიან სასწავლო პროცესში.
მშობელთა ჩართულობის მასშტაბი და ფორმები შესაძლოა იცვლებოდეს და დამოკიდებული იყოს მათ განათლებაზე, სოციალურ სტატუსზე, ასაკზე და სხვ. ეს შესაძლოა გულისხმობდეს როგორც სასკოლო დავალებების შესრულებისას შვილის დახმარებას, ასევე მოსწავლის ხელშეწყობას, რათა მან უკეთ მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, დროის სწორი მენეჯმენტი; ასევე მშობელთა აქტიურ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში და აქტიურ კომუნიკაციას შვილის პედაგოგებთან.
რას ნიშნავს მშობელთა ჩართულობა?
მოსწავლეები მცირე ასაკში ძირითადად ორი წყაროდან იღებენ განათლებას: მშობლისგან და მასწავლებლისგან. შემდეგ ეს წყაროები, რა თქმა უნდა, უფრო მრავალფეროვანი ხდება: საზოგადოება, მეგობრები, უნივერსიტეტი და სხვ. შესაბამისად, ადრეულ ასაკში ყველაზე დიდ გავლენას მოსწავლის განვითარებაზე ოჯახი და სკოლა ახდენს. ძალიან მნიშვნელოვანია ორივე რგოლის ჩართვა მოსწავლის განვითარებაში, თანაც ისე, რომ ორივე აცნობიერებდეს ამ მნიშვნელობას და თავის როლს.
მშობელთა ჩართულობა შეიძლება გულისხმობდეს: 1. ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში და 2. ხელშეწყობას მოსწავლეთათვის სასკოლო დავალებების შესასრულებლად და სასწავლო გეგმით გათვალისწინებული აქტივობებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად.
მშობელთა ჩართულობის საკითხი საქართველოში ნაკლებად არის გამოკვლეული და შესაბამისად, რთულია, ვისაუბროთ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობის გარეშე. იმ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც სტატიის ბოლოსაა მოყვანილი, საერთაშორისო პრაქტიკები და კვლევები უდევს საფუძვლად.
რატომ არის მნიშვნელოვანი მშობელთა ჩართულობა?
მშობელთა ჩართულობა ბავშვის სკოლამდელ ასაკში
კვლევების მიხედვით, ბავშვის ადრეულ ასაკში მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვნად უკავშირდება მოსწავლის კოგნიტურ-ემოციურ განვითარებას. ის, თუ რას აკეთებენ მშობლები, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ რა განათლება და გამოცდილება აქვთ მათ. მაგალითად, მშობელთა მიერ სახლში განხორციელებული აქტივობები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი შემოსავალი, პროფესია და განათლება.
სამიდან შვიდ წლამდე ბავშვის მშობლის ჩართულობის მიმართულებით კვლევებში რამდენიმე აქტივობის მნიშვნელობა გამოიყოფა:
·ციფრებით და ასოებით თამაში, ანბანთან დაკავშირებული თამაშები, ბავშვთან ერთად კითხვა;
·სიმღერების და რიტმის სწავლება, ხატვა, ძერწვა და სხვ.;
·ბიბლიოთეკებში სტუმრობა.
კვლევების თანახმად, ხშირ შემთხვევაში, ზემოთ ხსენებული სტრატეგიები გოგონების მიმართ უფრო გამოიყენება, ვიდრე ბიჭების მიმართ. სქესობრივ განსხვავებას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს და განმავითარებელი სტრატეგიები ორივე სქესის ბავშვის მიმართ უნდა გამოიყენებოდეს. ასეთი მიდგომის შედეგი შესაძლოა თვალსაჩინო მოგვიანებით გახდეს და მოსწავლე გოგონები უფრო მეტად კოგნიტურად განვითარებულები აღმოჩნდნენ, ვიდრე ბიჭები.
მშობელთა ჩართულობა სასკოლო ასაკის მოსწავლეების განვითარების პროცესში
კვლევები ადასტურებს მშობელთა ჩართულობის დიდ მნიშვნელობას მოზარდობის და მოზრდილობის პერიოდშიც. კვლევამ, რომელიც აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ჩატარდა, აჩვენა, რომ მშობელთა ჩართულობა დიდ ზეგავლენას ახდენს მოსწავლის განვითარების პროცესზე ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად. მშობელთა ქცევა მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა სკოლის ყველა საფეხურზე, სკოლაში შესვლისას კი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა მოსწავლის კოგნიტური მზაობა სკოლისათვის.
მშობელთა ჩართულობის ზეგავლენა ზრდასრულობის ასაკში
მოსწავლეების მიღწევების შესახებ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 7 წლის ბავშვის განვითარების პროცესში დედის და მამის ჩართულობა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მოგვიანებით, 20 წლის ახალგაზრდის წარმატებებზე. მშობელთა ჩართულობაში ამჯერად იგულისხმება ბავშვთან ერთად გატარებული დრო, მშობლების დაინტერესება ბავშვის განათლებით და შვილთან ერთად კითხვა.
მშობლების ჩართულობა სასკოლო დავალებების მომზადებისას
არ არსებობს ცალსახა პასუხი კითხვაზე, დავალებების შესრულებისას მშობელთა ჩართულობა უკავშირდება თუ არა მოგვიანებით მოსწავლეთა უკეთეს მიღწევებს. კვლევებში გამოიყოფა მშობელთა დახმარების ფორმების განსხვავებული ეფექტიც. მაგალითად, აშშ-ში ჩატარებული კვლევის თანახმად, მშობელთა არაპირდაპირ დახმარებას (დამოუკიდებლად სწავლის უნარის გამომუშავება) უფრო მაღალი ეფექტი ჰქონდა გამოცდებზე, ვიდრე მშობლის მიერ პირდაპირ დახმარებას. საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ სასწავლო გარემოს შესაძლოა დიდი გავლენა ჰქონდეს მოსწავლის მიღწევებზე. მშობლის არაპირდაპირი ჩართულობით შესაძლოა მოსწავლეს შეექმნას შესაფერისი სასწავლო გარემო, რაც, საბოლოო ჯამში, მის მიღწევებს გააუმჯობესებს.
რაც შეეხება მოსწავლის წიგნიერებაში მიღწევებს, აღნიშნულმა კვლევამ სამი ძირითადი ფაქტორი გამოყო: 3-5 წლამდე ასაკის ბავშვთან ერთად კითხვა, ანბანის და ციფრების თამაშები და ბიბლიოთეკაში სტუმრობა.
ოჯახურად სწავლების ეფექტები
ოჯახურად სწავლება გულისხმობს მშობლისა და ბავშვის ერთობლივ სწავლებას, პროგრამებს, თამაშებს, სადაც ბავშვი მშობელთან ერთად მონაწილეობს. ეს შესაძლოა იყოს სესიები, რომლებიც მიმართულია სხვადასხვა უნარის განვითარებისკენ, მათ შორის კითხვის უნარების გაუმჯობესებისაკენ.
კვლევამ, რომელიც ზომავდა ამ ტიპის სესიების ეფექტს, დაადგინა, რომ მოსწავლეთა კითხვის და ანგარიშის უნარები ამაღლდა, მასწავლებლებს გაუადვილდათ კლასის მართვა, მშობლები უფრო ჩართულები გახდნენ მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში და უკეთ უწყობდნენ ხელს თავიანთ შვილებს აკადემიურ პროცესში.
მშობელთა მოლოდინების ზეგავლენა მოსწავლის მიღწევებზე
მრავალი კვლევა ადასტურებს იმ პოზიტიურ ეფექტს, რომელიც აქვს მშობელთა მოლოდინებს მოსწავლის მიმართ და თავად მოსწავლის მოლოდინს. თუმცა კავშირი მშობლის მოლოდინებსა და მოსწავლის მიღწევებს შორის დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე:
·კვლევები აკავშირებს მშობლის განათლებას შვილის მიმართ მოლოდინებთან. რაც უფრო მაღალია მშობლის განათლების დონე, მით უფრო მაღალი მოლოდინები აქვს მას შვილის მიმართ. თუმცა შესაძლოა მაღალი განათლების მქონე მშობლებს ყველა პირობის შექმნის საფუძველზე ჰქონდეთ მაღალი მოლოდინები.
·ხშირ შემთხვევაში, მშობელთა წარმოდგენები შვილის უნარ-ჩვევების შესახებ ქმნის მათ მოლოდინებს მიღწევებთან დაკავშირებით.
·მშობლები, რომლებიც მაღალი შეხედულების არიან შვილის მიღწევებზე, უფრო აქტიურად არიან ჩართულნი შვილის განათლების მიღების პროცესში.
რამდენიმე კვლევაზე დაყრდნობით შესაძლებელია ასეთი დასკვნების გაკეთება:
·შესაძლოა მშობლებს შვილის ადრეულ ასაკში მაღალი მოლოდინები ჰქონდეთ მიღწევებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ მოლოდინებმა სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორის გამო დაიკლოს.
·მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინებს დიდი მნიშვნელობა აქვს სამომავლო მიღწევებისთვის, ისინი შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი იყოს იმ მოსწავლეთათვის, რომლებიც შეძლებულ სოციალურ კლასს მიეკუთვნებიან.
·მოლოდინების ეფექტი დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფში შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს. მაგალითად, მიუხედავად მშობლების მაღალი მოლოდინებისა, მოსწავლეებს შეიძლება ნაკლები პროგრესი ჰქონდეთ იმის გამო, რომ დაბალი ხარისხის განათლებას იღებენ, ან ზოგადად, ნაკლებად ხელშემწყობი გარემო ჰქონდეთ მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად.
მოსწავლის მიღწევების გაუმჯობესებაზე პასუხისმგებლობა არ შეიძლება მხოლოდ სკოლას ეკისრებოდეს. მნიშვნელოვანია სასკოლო ასაკის დადგომამდე მშობელთა აქტიური ჩართულობა, მაღალი მოლოდინების ქონა შვილის მოსალოდნელი მიღწევებისადმი და ჩართულობის სწორი ფორმების შერჩევა.
მიუხედავად იმისა, რომ თავად მშობლებიც აცნობიერებენ მათი ჩართულობის დიდ მნიშვნელობას, სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გამო რთული ხდება იმ სტრატეგიების დანერგვა, რომლებიც უზრუნველყოფს მათ ჩართულობას სწორი ფორმებით.
ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას სასკოლო ასაკის მოსწავლის მშობელთა ჩართულობის ასამაღლებლად.
სტრატეგიები მშობელთა ჩართულობის გაზრდისათვის
უმასპინძლეთ მოსწავლეთა ოჯახებს სკოლაში შემდეგ ღონისძიებებზე:
Øწიგნების გამოფენა-გაყიდვა;
Øსაქველმოქმედო აქცია: ნამცხვრების ცხობა და გაყიდვა ქველმოქმედებისათვის;
Øსემინარები მშობლებისათვის – როგორ ჩაერთონ შვილის განათლებაში;
Øმშობლის/მოსწავლის საორიენტაციო დღე ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში;
Øმშობელთა სემინარი კონკრეტულ საგნობრივ ჯგუფში – როგორ დაეხმარონ მოსწავლეს;
Øმოხალისეობის პროგრამა (მშობელი-მოხალისე 2-3 საათი წელიწადში);
Øსპექტაკლები (მოსწავლეები თავად აკეთებენ მოსაწვევებს მშობლებისთვის);
Øსკოლის გარეშე პროგრამები;
Øკონფერენციები, სადაც მოსწავლეები წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს, მიღწევებს მშობლების წინაშე.
მშობელთან ურთიერთობისას გამოიყენეთ სხვადასხვა მეთოდი:
Øშეიმუშავეთ კომუნიკაციის მეთოდები, რომლებიც მორგებული იქნება თითოეულ მშობელზე (დარეკვა, იმეილი, მესიჯი, შეხვედრა);
Øშეაქმნევინეთ მოსწავლეებს ბლოგები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება მშობლებისთვისაც;
Øმისწერეთ მშობლებს საერთო ინფორმაციის შემცველი წერილები, რომლებშიც თითოეული მოსწავლის შესახებ ინდივიდუალურადაც იქნება საუბარი;
Øმოუწყვეთ მშობლებს შეხვედრები დირექტორთან;
Øშეაფასებინეთ საკუთარი თავი მოსწავლეებს და წარუდგინეთ მშობლებს;
Øაწარმოეთ ანგარიშები მოსწავლეთა შესახებ, გააცანით ისინი მშობლებს ინდივიდუალურად;
Øგანიხილეთ მშობლებთან ერთად სხვადასხვა გადაწყვეტილება (რეგულაციები, წესები, შეფასების სისტემა, დავალებების ტიპები);
Øმიეცით რეკომენდაციები მშობლებს მოსწავლის ამა თუ იმ ნიჭის გამოსავლენად;
Øაღნიშნეთ ხშირად, თუ რას აკეთებს მოსწავლე კარგად; მოსწავლის რვეულში გააკეთეთ აღნიშვნები მიღწევების შესახებ;
Øგამართეთ შეხვედრები მშობლებთან სხვადასხვა დროს: გაკვეთილების შემდეგ, გაკვეთილების დაწყებამდე, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ;
Øჩაატარეთ საჭიროებათა კვლევა (გამოკითხვა) მოსწავლეებსა და მშობლებში;
Øგაუზიარეთ მშობლებს მოსწავლის შესახებ სრული ინფორმაცია შესრულებული სამუშაოებისა და განმავითარებელი შეფასების შესახებ, კომენტარებით.
მშობლების უზრუნველყოფა დამატებითი რესურსებით:
Øშესთავაზეთ ტრენინგები მშობლებს მათთვის საინტერესო თემებზე (მაგ., საინფორმაციო ტექნოლოგიები, უცხო ენის სწავლება, მოსწავლის საშინაო დავალებების მომზადება);
Øჩაატარეთ სემინარები ფსიქოლოგებთან ერთად, ასევე პროფესიული ორიენტაციისა და აკადემიური პროგრამების არჩევის შესახებ;
Øგააცანით მშობლებს სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობის სტრატეგიები, გაუზიარეთ შესაბამისი რესურსი.
წყარო : http://mastsavlebeli.ge
No comments:
Post a Comment