Monday, April 23, 2018

რა არის მშობელთა წარმატებული ჩართულობა?

მშობელთა წარმატებული ჩართულობა შეიძლება განისაზღვროს, როგორც მშობლის აქტიური, რეგულარული მონაწილეობა მისი შვილის განათლებაში. ჩართულობის გამოვლენა შინაც არის შესაძლებელი – როდესაც მშობელი შვილებთან ერთად კითხულობს, საშინაო დავალების მომზადებაში ეხმარება და სკოლაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს. ზოგ სკოლაში მშობელს შეუძლია, ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღოს კლასის საქმეებში. ასეთი სკოლები მშობლებთან რეგულარულად ურთიერთობენ და სასწავლო პროცესში რთავენ მათ.
 რა არის მშობელთა წარმატებული ჩართულობის ბარიერი? 
 ხშირ შემთხვევაში სკოლები მშობლებს არ რთავენ თავიანთ საქმიანობაში, რადგან ჰგონიათ, რომ ისინი თავს ვერ გაართმევენ. „ეს უფრო წინასწარი მცადი აზრია. მასწავლებლებს მიაჩნიათ, რომ ოჯახებს არ უნდათ მონაწილეობის მიღება, როცა სინამდვილეში ოჯახებმა არ იციან, როგორ მიიღონ მონაწილეობა“, განაცხადა კარენ სალინასმა (სკოლის, ოჯახისა და საზოგადოებასთან პარტნიორობის ცენტრის კომუნიკაციების დირექტორი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი, სკოლაში მშობელთა ჩართულობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მხარდამჭერი).
თავის მხრივ, მშობლები ზოგჯერ თავს იკავებენ სკოლაში მიმდინარე პროცესებში ჩართვისგან, რადგან მათ ცოტა თავისუფალი დრო აქვთ ან იმიტომ, რომ ისინი კარგად არ ლაპარაკობენ ქართულად. ასევე, ერთ-ერთი დიდი პრობლემა სკოლასა და ოჯახებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობაა; მშობლები თვლიან, რომ მათ სკოლაში სიხარულით არ ელიან. ეს ნაწილობრივ შედეგია მიღებული, ხშირად უარყოფითი, გამოცდილებისა, რაც აფიქრებინებთ, რომ მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში დადებით შედეგს არ მოიტანს. კომუნიკაციის სფეროში არსებული ბარიერების მიუხედავად, როგორც სკოლებს, ასევე მშობლებს სურთ, რომ ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდეს, თუკი ეს მოსწავლეებისთვის სასარგებლო იქნება. Public Agenda-ს – კვლევითი და ანალიტიკური ორგანიზაციის – მიერ 2003 წელს ჩატარებული 25-ზე მეტი საზოგადოებრივი აზრის კვლევის ანალიზმა აჩვენა, რომ პედაგოგების 65 პროცენტის აზრით, მათი მოსწავლეებისათვის უკეთესი იქნებოდა, თუ მათი მშობლები უფრო მეტად იქნებოდნენ ჩართული, ხოლო 72 პროცენტს მიაჩნია, რომ ბავშვები, რომელთა მშობლები არ მონაწილეობენ სკოლაში მიმდინარე
პროცესებში, ზოგადადაც არ იღებენ მშობლებისგან იმდენ ყურადღებას, რამდენიც სასურველი იქნებოდა (Johnson & Duffett, 2003). სკოლები, რომლებიც წარმატებულები არიან მშობელთა ჩართულობაში, არ მოქმედებენ მხოლოდ ჩართულობის მარტივი განსაზღვრების ჩარჩოებში. ისინი არ შემოიფარგლებიან მხოლოდ კრებებზე დამსწრე ან ღონისძიებებში საკუთარი სურვილით ჩართული მშობლების დათვლით; არ არიან ზედმეტად ფოკუსირებული ისეთ მოთხოვნებზე, როგორიცაა მშობლის ხელმოწერა მოსწავლის საშინაო დავალებაზე. მათ სჯერათ, რომ მოსწავლის წარმატება სკოლისა და ოჯახის საერთო ინტერესია, სწავლის პროცესში მშობელს პარტნიორად მიჩნევენ, შემდეგ კი ამ პარტნიორობის გაძლიერების კონკრეტულ გზებს განსაზღვრავენ. შემდეგ ნაწილში მშობელთა ჩართულობის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის სამი გზა არის წარმოდგენილი: 1) კომუნიკაციის გაუმჯობესება, 2) მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ სკოლის პერსონალისა და ოჯახის ცნობიერების ამაღლება, და 3) პერსონალიზაცია
წყარო :  http://kargiskola.ge/parent/pdf/PE_GUIDE_2015.pdf

No comments:

Post a Comment