Monday, April 23, 2018

თამაში, სწავლა და განვითარება

“პიროვნების შესახებ გაცილებით მეტს გაიგებ მასთან ერთი საათით 
თამაშისას, ვიდრე ერთი წლით საუბრისას”.
პლატონი
რას წარმოადგენს თამაში?
ამ კითხვის უკან მრავალი, ერთმანეთისგან განსხვავებული მოსაზრება დგას. ზრდასრულთა ნაწილი ფიქრობს, რომ თამაში, თავისი ბუნებით, მკვეთრად განსხვავდება ისეთი აქტივობებისგან, როგორიც არის სწავლა ან მუშაობა. თითქოს თამაში მხოლოდ გარდაუვალი ეტაპია ბავშვის ცხოვრებაში და რამდენადაც სერიოზულ მიზნებს არის მოკლებული, იმდენად არ ატარებს მნიშვნელოვან ხასიათს.
როდესაც ამავე შეკითხვით ბავშვებს მიმართავენ, მათი უმეტესობა აღნიშნავს, რომ თამაში არის სახალისო და საინტერესო პროცესი, სიამოვნებით იღებენ მონაწილეობას, იძენენ მეგობრებს, სწავლობენ ახალ აქტივობებს, თავად ირჩევენ, რა, სად და როდის გააკეთონ და ა.შ. ბავშვებს უყვართ თამაში და საყურადღებოა, რომ, ფსიქოლოგების აზრით, ის უმეტესად ასახავს იმას, რაც ბავშვის ცხოვრებაში იმ მომენტისთვის არის მნიშვნელოვანი.
განათლებისა და ფსიქოლოგიის სფეროს მკვლევარები კი აღნიშნავენ, რომ თამაშის წილი ადამიანის წარმატებაში ძალიან დიდია, ვინაიდან ის მჭიდროდ არის დაკავშირებული როგორც  კოგნიტურ და მეტაკოგნიტურ, ისე  ემოციურ და მოტორულ განვითარებასთან. თამაში ასევე ხელს უწყობს ბავშვებში ისეთი უნარების განვითარებას, რომლებიც შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე იყოს აქტუალური. მაგალითად, ქართველი ფსიქოლოგის, დიმიტრი უზნაძის აზრით, “თამაშს ეგოდენ დიდი ობიქტური აზრი აქვს: ამიტომაა, რომ იგი გროსის არ იყოს, ცხოვრების ნამდვილი “მოსალოდნელი სკოლაა”. 
რატომ არის მნიშვნელოვანი თამაში?
·ბავშვები თამაშის დროს ავარჯიშებენ როგორც სხეულს, ასევე გონებას; ისინი ურთიერთობენ გარემოსთან, სხვა ადამიანებთან, სწავლობენ რესურსების გამოყენებას; ეცნობიან და იკვლევენ მათთვის უცნობ, ახალ ელემენტებს;
·რეალური ცხოვრების იმიტაციისას თითოეული ბავშვის დაცულობის ხარისხი, რეალობისგან განსხვავებით, გაცილებით მაღალია და, შესაბამისად, გარისკვა უფრო ადვილია. ისინი თამაშის დროს სწავლობენ რისკის გაწევასა და გადაწყვეტილებების მიღებას;
·თამაში ინფორმაციისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების კარგი საშუალებაა, ბავშვები ივითარებენ ვერბალური და არავერბალური, მარტივი და კომპლექსური კომუნიკაციის უნარებს; 
·თამაშში ბავშვები ხალისით ერთვებიან და ინტერესით ასრულებენ საკუთარ ფუქნციას; სწავლობენ როლის გათავისებას; არიან უფრო კონცენტრირებულები და ყურადღებიანები, რაც საშუალებას აძლევს მათ, უკეთესად აითვისონ და გაიაზრონ ახალი ინფორმაცია;
·თამაში ეხმარება ბავშვებს, განცდებისა და ემოციების საშუალებით, უფრო მარტივად, დამოუკიდებლად ააშენონ ახალი ცოდნა და გამოცდილება უკვე არსებულზე დაყრდნობით;
·თამაშის დროს ბავშვების წარმოსახვა ძლიერია, ისინი თავად ქმნიან, იგონებენ და ცვლიან პერსონაჟებს, მოვლენებს, დროს, ადგილებს და ა.შ.; თამაში ხელს უწყობს ბავშვებს, განივითარონ შემოქმედებითი აზროვნება;
·თამაში ეფექტური საშუალებაა თანამშრომლობის, კონფლიქტების გადაჭრისა და პრობლემების მოგვარების უნარების ფორმირებისთვის;
·აღსანიშნავია, რომ ფიზიკური თამაშები, მოტორული უნარების განვითარებასთან ერთად, ხელს უწყობს ბავშვებს, გაუმკლავდნენ სტრესს, გაღიზიანებას და ადვილად დაძლიონ შინაგანი კონფლიქტები;
·თამაშის საშუალებით ბავშვებში ვითარდება ის მნიშვნელოვანი კომპეტენციები, რომლებიც ცხოვრებაში მრავალი სხვადასხვა საქმიანობისთვის არის აუცილებელი.
როგორც ვხედავთ, თამაში დიდ როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში და მნიშვნელოვანია, რომ მისი ინიცირება ხდებოდეს არა მხოლოდ სახლსა და ეზოში, არამედ სკოლასა და საგაკვეთილო პროცესში. ყველა მასწავლებლისთვის ცნობილია, რომ სწავლაში წარმატება დიდად არის დამოკიდებული მოსწავლის დაინტერესებაზე, სურვილსა და მასში ცნობისმოყვარეობის გამოწვევაზე. უზნაძის აზრით, “თამაშის ძირითად არსს, მის შინაგან ბუნებას, ბავშვის ბიოლოგიურად არააქტუალურ შესაძლებლობათა, ფუნქციონალური ტენდენციის იმპულსით გამოწვეული აქტივობა შეადგენს”. Aაქედან გამომდინარე, ვინაიდან თამაში ბავშვის ბუნებრივი მდგომარეობაა და უმეტესად მისი სურვილიდან გამომდინარეობს, თამაშის დახმარებით სწავლა ერთ-ერთი კარგი საშუალებაა საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩასართავად. მაგალითად, საშუალო და უფროსი ასაკის მოსწავლეებს შეიძლება შევთავაზოთ ინტელექტუალური და როლური თამაშები, უმცროსი ასაკის ბავშვებს _ ნატიფი მოტორიკის განსავითარებელი სახალისო აქტივობები და ა.შ. 
ფსიქოლოგები თამაშებს, დამახასითებელი თავისებურებების მიხედვით, სხვადასხვა ტიპად ყოფენ, მაგ.: სიმბოლური, ფიზიკური, საგნებით, წესებით, წარმოსახვითი, სოციალური და ა.შ. ბავშვები შეიძლება ჩართულები იყვნენ ერთდროულად ერთზე მეტ თამაშში. ამ დროს მნიშვნელოვანია, თამაში/თამაშები ისე იყოს დაგეგმილი, რომ ხელს უწყობდეს გამოცდილების გაფართოებას როგორც ცოდნისა და უნარების, ასევე დამოკიდებულებების დონეზე; ფოკუსირებული იყოს ბავშვის ფიზიკურ, ინტელექტუალურ და სოციო-ემოციურ ზრდა-განვითარებაზე.
როგორ წარვმართოთ თამაში?
იმისათვის, რომ თამაშს მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდეს, საჭიროა, მასწავლებელმა წინასწარ ან მოსწავლეებთან ერთად განსაზღვროს მისი მიზანი და მისაღწევი შედეგები, შეარჩიოს აქტივობები, შეიმუშაოს დაკვირვებისა და შეფასების ინსტრუმენტები. თამაშის დაგეგმვის, პროცესის ორგანიზებისა და შედეგების განხილვისას გასათვალისწინებელია ის გარემოებები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მოსწავლეთა სხვადასხვა კუთხით განვითარებას. ამისათვის მასწავლებელი: 
თამაშის დაგეგმვა
·ქმნის თამაშის გეგმას, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტული უნარების განვითარებაზე და საშუალებას აძლევს მას, გაზომოს  მისაღწევი შედეგები; 
·ითვალისწინებს მოსწავლეთა ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის ჩართულობას;
·ქმნის თამაშისთვის უსაფრთხო გარემოს და უბიძგებს მოსწავლეებს, იმოქმედონ გაბედულად;
·მოსწავლეებს აძლევს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალებას;
·რესურსების შერჩევისას (წიგნები, საღებავები, სურათები, ტექნიკა და ა.შ.) ითვალისწინებს როგორც სხვადასხვა შესაძლებლობისა და ინტერესების მქონე ბავშვთა საჭიროებებს, ასევე განსხვავებული კულტურის, რელიგიის, ეთნიკური წარმოშობისა და ა.შ. მოსწავლეთა მსოფლმხედველობას.

თამაშის მხარდაჭერა
·პატივს სცემს და აღიარებს ბავშვების არჩევანს. გარდა 
ამისა, ხელს უწყობს  მოსწავლეებში ურთიერთპატივისცემის ჩამოყალიბებას;
·თამაშის დროს ასრულებს ფასილიტატორის როლს და არ ერევა პროცესში;
·ბავშვები უკეთესად სწავლობენ უშუალოდ მოდელის ქცევაზე დაკვირვებით; ახალი თამაშის შეთავაზებისას, საჭიროების შემთხვევაში, თავადაც ერთვება მასში და მაგალითს აძლევს მოსწავლეებს; 
·ასრულებს შუამავლის როლს ან ერევა სიტუაციაში, როდესაც ნეგატიური შედეგის საფრთხე დგება (ფიზიკურად ან ემოციურად), მაგალითად, როდესაც მოსწავლეები აშინებენ ან გარიყავენ ჯგუფის რომელიმე წევრს;
·გარემო გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ და რას თამაშობენ ბავშვები. მასწავლებელი უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის თამაშისთვის საკლასო სივრცის დანაწილებას (მაგ.: ბიბლიოთეკის, მოძრაობის, ხატვის, მედიის და ა.შ. არეები), ასევე, რესურსების ხელმისაწვდომობას.
თამაშის განხილვა
·თამაშის მიმდინარეობისას ყურადღებას ამახვილებს ბავშვების ქცევაზე, ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაზე, მათ ჩართულობასა და დაინტერესების ხარისხზე, ინიშნავს როგორც გასაუმჯობესებელ, ასევე პოზიტიიურ მხარეებს. შემდგომი განხილვისთვის ასევე ეფექტურია ვიდეოს და ფოტოების გადაღებაც;
·აკვირდება წინასწარ ორგანიზებულ გარემოს და ადგენს: 1. რამდენად ეფექტურია ბავშვების თამაშისთვის და 2. რამდენად უწყობს ხელს მათ განვითარებასა და შესაძლებლობების გამოვლენას.
·თამაშის შედეგებს განიხილავს მოსწავლეებთან ერთად და, საჭიროების შემთხვევაში, გასცემს რეკომენდაციებს; 
·დაკვირვების შედეგად მიღებულ მონაცემებს აანალიზებს და  ითვალისწინებს მომავალი თამაშის დაგეგმვისას.
როგორც ვხედავთ, თამაშს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ადამიანის ცხოვრებაში. თამაშის დახმარებით ბავშვი ვითარდება ფიზიკურად, გონებრივად, სოციალურად და ა.შ. (იხ. სქემა 1). ეს არის საშუალება, რითაც ბავშვები დამოუკიდებლად ან სხვებთან ერთად შეისწავლიან საკუთარ გარემოს, ადამიანებს და სამყაროს, სწავლობენ პრობლემების გადაწყვეტასა და ურთიერთობებს, უვითარდებათ კრეატიული აზროვნება და ლიდერობის უნარი. ასევე აღსანიშნავია, რომ ეფექტურად წარმართული თამაშები ჯანსაღი პიროვნების ჩამოყალიბებას განაპირობებს.
წყარო : http://mastsavlebeli.ge

No comments:

Post a Comment