Monday, April 23, 2018

მშობელთა ჩართულობა - კომუნიკაციის გაუმჯობესება

სკოლასა და ოჯახს შორის ორმხრივი, რეგულარული კომუნიკაცია ბავშვის განვითარების ერთ- ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია. ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭიროა, რომ მასწავლებელი და მშობელი ერთმანეთს ინფორმაციას უზიარებდნენ. უმეტეს სკოლებში ინფორმაციის გასაცემად ეფექტური საშუალებებია შემუშავებული, მაგალითად, საინფორმაციო ბიულეტენები, ვებ-გვერდები და სკოლის საინფორმაციო დაფები, სადაც შესაბამისი მასალები/გზავნილები განთავსდება. ხშირად სკოლებში შემუშავებულია ანალოგიური მექანიზმები მშობლების აქტიური უკუკავშირის უზრუნველსაყოფადაც. ზოგიერთი სკოლა ცდილობს, მშობელთა ჩართულობა მშობლის თვალით განიხილოს. მაგალითად, შეიძლება მოაწყონ მშობელთა კრებები და სემინარები არა სკოლაში, არამედ სადმე მეზობლად, სკოლის ბევრი მოსწავლის საცხოვრებელი ადგილის სიახლოვეს. სკოლის გარეთ კრებების მოწყობა ხელს შეუწყობს მშობლებსა და სკოლას შორის დაძაბულობის მოხსნას. პედაგოგებმა უნდა წაახალისონ მშობლები, მიაწოდონ მათ ინფორმაცია, თუ რა ხდება ბავშვის ცხოვრებაში, ილაპარაკონ იმ მიმდინარე პროცესებზე, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ბავშვის მიღწევებზე სკოლაში. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ ზუსტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მშობლებს მოსალოდნელი შედეგების შესახებ, სკოლის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების, არსებული დისციპლინარული ნორმების, შეფასების ინსტრუმენტებისა და სკოლის მიზნების შესახებ. დირექტორმა და მასწავლებლებმა მშობლებთან პოზიტიური კომუნიკაციის რეგულარული გრაფიკი უნდა შეადგინონ. სკოლამ უნდა უზრუნველყოს, რომ მშობლებთან პირველი კონტაქტი პოზიტიური იყოს და ამ დროს უნდა გაითვალისწინოს ენობრივი ბარიერი და კულტურული განსხვავებულობა. როდესაც მშობლებისა და სკოლის კომუნიკაცია რეგულარული და ეფექტიანია, იზრდება მშობლების ჩართულობა, მათ მიერ სკოლის შეფასება მაღლდება და უყალიბდებათ სკოლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება. ბუნებრივია, გამოყენებული სტრატეგიები მორგებული უნდა იყოს სასკოლო საზოგადოებაზე. თუ ოჯახებს არ ექნებათ ხარისხიანი ინტერნეტი, თუ ვერ მიიღებენ ელ-ფოსტით გზავნილებს, თუ ქართული სატელეფონო შეტყობინება არ იქნება გასაგები აზერბაიჯანულ ან სომხურ ენაზე მოლაპარაკე მშობლებისთვის – კომუნიკაცია ვერ გაუმჯობესდება. სკოლებმა კომუნიკაციის ისეთი სტრატეგიები უნდა გამოიყენონ, რომლებშიც მნიშვნელოვანი ასპექტები მშობლებისთვის ხელმისაწვდომი გზით და გასაგებად იქნება გადმოცემული, ჩამოყალიბებული და აქტიური ჩართულობისაკენ უბიძგებს მათ. კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად შემდეგი აქტივობების შეთავაზება არის შესაძლებელი:
 დაკიდეთ მშობელთა ჩართულობის ბანერი ან დროშა 
 სკოლის გარეთ დაკიდეთ ბანერი ან დროშა. მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს შეუძლიათ შექმნან მათი ლოგო, რომელიც იქნება მაჩვენებელი, რომ მათი სკოლა არის აქტიური ოჯახის ჩართულობის კუთხით
 შეხვდით და გულთბილად მიესალმეთ მშობლებს 
 ხელი შეუწყვეთ მშობლებისათვის თბილი და კონსტრუქციული გარემოს შექმნას სკოლაში; ამისთვის მნიშვნელოვანია სკოლის თანამშრომელთა შესაბამისი დამოკიდებულება მშობლებისადმი. მშობლებთან სწორი ფორმით შეხვედრა და გულთბილი მისალმება მნიშვნელოვანია. მშობლებთან საუბრისას სკოლის წარმომადგენლები უნდა იყვნენ გახსნილნი და დადებითად განწყობილნი. სკოლაში დამკვიდრებული მისალმებისა და დახვედრის კულტურა ხელს უწყობს მშობლებსა და სკოლას შორის ერთობის გაძლიერებას; ეხმარება მშობლებს იმის გაცნობიერებაში, რომ ისინი სასკოლო საზოგადოების სრულუფლებიანი და დაფასებული წევრები არიან. სკოლაში არსებული მისალმებისა და დახვედრის კულტურით ექმნება მშობელს პირველი შთაბეჭდილება სკოლაზე. თუ ეს შთაბეჭდილება პოზიტიურია, თუ ისინი ლაღად იგრძნობენ თავს სასკოლო გარემოში, სკოლისადმი კეთილგანწყობილი და ნდობით აღსავსე დამოკიდებულება სამომავლოდაც გაჰყვებათ. ბუნებრივია, აქ იგულისხმება არა მხოლოდ სასიამოვნო ფიზიკური გარემო, ანუ არა მხოლოდ გარეგნული შთაბეჭდილება, არამედ ისიც, როგორ მასპინძლობს სასკოლო საზოგადოება მშობელს, როგორი სასკოლო ატმოსფერო ხვდება მას.
 გამოაკარით შენობის გეგმა ორიენტაციის გასაიოლებლად
 სკოლის შესასვლელში სასურველია გამოკრული იყოს შენობის გეგმა შენობაში ორიენტაციის გასაიოლებლად – მასზე ნაჩვენები იქნება, თუ სად მდებარეობს ესა თუ ის კაბინეტი, რაც დაეხმარება მშობელს მარტივად მიაგნოს სასურველ კლასს.

 სკოლის შესასვლელში დაკიდეთ განცხადებების დაფა 
 დაფაზე სკოლას შეუძლია განათავსოს ინფორმაცია სასკოლო ღონისძიებების, სხვადასხვა საგნის მასწავლებლებთან შეხვედრის ზუსტი თარიღის/დროის შესახებ.

 შეეგებეთ ახალ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს 
 სასურველია, სკოლაში დამკვიდრებული იყოს ახალი მოსწავლეებისა და მათი მშობლების მიღების წესი/რიტუალი. მაგალითად, სასწავლო წლის დასაწყისში სკოლის ადმინისტრაცია, კლასის დამრიგებლები, ძველი მოსწავლეების მშობლები საგანგებო შეხვედრას უწყობენ ახალგადმოსულ ბავშვებს და მათ მშობლებს, აცნობენ მათ სკოლას. შეიძლება, გადასცენ სკოლის გზამკვლევიც (თუ იგი არსებობს), რომელშიც აღწერილი იქნება მოსწავლეთა და მშობელთა უფლებები და მოვალეობები, სკოლის ტრადიციები, ყველა ის მნიშვნელოვანი აქტივობა, მათ შორის – მშობელთა მონაწილეობით, რომლებიც დაგეგმილი აქვს სკოლას მთელი წლის განმავლობაში და ა.შ
 წაახალისეთ მოხალისე მშობლები 
 გამოხატეთ პატივისცემა და მადლიერება სკოლის ცხოვრებაში ჩართული მოხალისე მშობლებისადმი:  აღნიშნეთ მშობლების წვლილი სკოლის წარმატებაში, გაუგზავნეთ მადლობის წერილები ან ხაზი გაუსვით მათ დამსახურებას სხვადასხვა შეხვედრაზე /ღონისძიებაზე;  დაგეგმეთ ყოველწლიური შეხვედრები, ოფიციალური სადილები თუ პრეზენტაციები, სადაც განიხილავთ მშობელთა მიღწევებს;  აქტიურ მოხალისე მშობელს/ებს გადაეცით პრიზი/ები ან „ყველაზე აქტიური მშობლის“ სერტიფიკატი/დიპლომი.
 განსაზღვრეთ კომუნიკაციის ფორმა 
 კომუნიკაციის ფორმის განსაზღვრა სასურველია მოხდეს კითხვარით, რომელშიც მშობელი თავად მიუთითებს მისთვის სასურველ კომუნიკაციის საშუალებას (სატელეფონო ზარი, ელექტრონული ფოსტა, წერილი და ა.შ). კითხვარის დასაწყისში მკაფიოდ უნდა იყოს ნაჩვენები მშობლის ჩართულობის მნიშვნელობა, მისი დადებითი მხარეები და ის, თუ რა ზეგავლენას ახდენს მშობლის ჩართულობა ბავშვის განათლებაზე.
 დაურიგეთ მშობლებს კითხვარი, რომ გაიგოთ მათი ინტერესის სფერო 
 მოამზადეთ კითხვარი მშობლებისათვის, რომელიც დაგეხმარებათ დაადგინოთ: მშობლების ინტერესის სფერო, სასკოლო ღონისძიებებში მათი ჩართვის მზაობა. ასევე შესაძლებელია, ამ კითხვარით მიიღოთ ინფორმაცია ოჯახში არსებული პრობლემის შესახებ, რომლის გამო მშობელი ვერ/არ ერთვება სასკოლო ცხოვრებაში.
  დაურიგეთ მშობლებს კითხვარი ბავშვისა და ოჯახის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიღების მიზნით
 სწავლის დაწყებიდან ორი ან სამი კვირის შემდეგ მასწავლებელმა შეიძლება შინ გაუგზავნოს მშობელს კითხვარი, რომელიც მოიცავს ამგვარ შეკითხვებს: როგორი იყო თქვენი შვილი უფრო ადრეულ ასაკში? რა არის თქვენი შვილის ძლიერი და სუსტი მხარე? რას აკეთებს თქვენი შვილი თავისუფალ დროს? ეს ინფორმაცია დაეხმარება მასწავლებელს, გაიცნოს თითოეული ბავშვი, როგორც პიროვნება და მოსწავლე. მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა იცოდეს, თუ როგორ ამოწმებენ/აკონტროლებენ მშობლები შვილებს და მათი სწავლის პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები შესაძლოა ისევე მოუცლელები იყვნენ, როგორც მასწავლებლები, ისინი სავარაუდოდ დიდი მონდომებით დაუთმობენ დროს მათი შვილების შესახებ ინფორმაციის დაწერას. კითხვარის დახმარებით მშობელმა შესაძლებელია გაუზიაროს სკოლას ინფორმაცია ოჯახური ტრადიციებისა და ღირებულებების შესახებ, ასევე ოჯახში არსებული პრობლემების შესახებ (ავადმყოფობა, ასაკოვანი მშობლები, ფინანსური პრობლემები და სხვა
 განცხადებების დაფა 
 აწარმოეთ განცხადებების დაფა. სასურველია, სკოლამ განცხადებების დაფა ჩამოკიდოს შენობის შემოსასვლელთან ახლოს, სადაც განთავსდება მშობლებისათვის საინტერესო ინფორმაცია. განცხადებების დაფა უფრო შთამბეჭდავია, როცა ის არის თვალშისაცემი, კარგად ორგანიზებული და განახლებადი. ხშირად მოხალისე მშობლები უზრუნველყოფენ განცხადებების დაფაზე განთავსებული ინფორმაციის რეგულარულად განახლებას. განცხადებები შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას მოახლოებული შეხვედრებისა და ღონისძიებების შესახებ; რჩევებს მოსწავლეების ხელშეწყობისათვის სწავლის პროცესში; მოსწავლეთა თხზულებებს, მათ ნამუშევრებს ხელოვნების სფეროებში.
 დაგეგმეთ ღია კარის დღე / მშობლის დღე 
 მასწავლებელმა/დამრიგებელმა შესაძლებელია დანიშნოს ერთი დღე (კვირაში ან თვეში), რომლის განმავლობაში ყველა მშობელს შესაძლებლობა მიეცემა, დღის ნებისმიერ მონაკვეთში მივიდეს სკოლაში და გაესაუბროს დამრიგებელს, შეხვდეს საგნების მასწავლებლებს და მიიღოს დეტალური ინფორმაცია ბავშვის შესახებ.

  შეაფასეთ მშობლებთან შეხვედრების ეფექტიანობა
 სასურველია მარტივი შეფასების ფორმის მომზადება თითოეული შეხვედრის ან ღონისძიების შეფასებისათვის მშობლების მხრიდან.

 გაავრცელეთ „დადებითი ინფორმაცია“ მშობლებისთვის
რეგულარულად აცნობეთ მშობლებს კარგი ამბები. მასწავლებლებმა უნდა გამოიმუშავონ ჩვევა, რომ მოსწავლის შესაქებად ტელეფონით დაუკავშირდნენ მის მშობელს ან გაუგზავნონ წერილი ელექტრონული ფოსტით. დიდი დრო ეთმობა მოსწავლეებს, რომლებიც არ აკეთებენ იმას, რასაც მასწავლებელი სთავაზობს. ის მოსწავლეები კი, რომლებიც კარგად ასრულებენ სამუშაოს, არ იღებენ შესაბამის ქებას. მშობლები რჩებიან კმაყოფილები და ხშირად – გაკვირვებულებიც, როცა მასწავლებელი ურეკავთ და მათ შვილს აქებს.
 ასწავლეთ მშობლებს და მასწავლებლებს 
 ჩვენ ვიცით, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მშობლები თავს იკავებენ სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობისაგან, არის სკოლასთან დაკავშირებული გარკვეული დისკომფორტი, რომელიც ხშირად გამოწვეულია იმით, რომ მშობლებმა არ იციან, როგორ ჩაერთონ მის ცხოვრებაში. სკოლები, რომლებიც ზრუნავენ მშობელთა ჩართვაზე სასკოლო პროცესებში, აქტიურად ეხმარებიან მშობლებს ჩართულობის მეთოდების შესწავლაში. მოსწავლეთა სარგებელი დადასტურებულია: მშობელთა ჩართულობის ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად, მშობლისა და შვილის ერთად კითხვის აქტივობებმა მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო ბავშვის ენობრივი და კითხვითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მხრივ სკოლამდელი ასაკიდან საშუალო სკოლის ასაკამდე (Sheldon & Epstein, 2005); მეორე კვლევაში კი ხაზგასმულია მოსწავლეთა მოსწრების საგრძნობი გაუმჯობესება, როდესაც ისინი მშობლებთან ერთად აკეთებენ დავალებას (Van Voorhis, 2003).
 ბევრ სკოლაში ატარებენ სემინარებსა და ახორციელებენ სხვა სასკოლო პროგრამებს მშობლების ჩართვის გასაიოლებლად და მათთვის იმის გასაცნობად, თუ რა ხდება საკლასო ოთახებში. მაგალითად, სკოლას შეუძლია ყოველთვიურად მოაწყოს საოჯახო კითხვის საღამოები. დაწყებითი კლასის მშობლები მიდიან სკოლაში, შვილებთან ერთად კითხულობენ და პედაგოგებს ესაუბრებიან კითხვაზე და კითხვის სტრატეგიებზე. ერთი-ერთი სტრატეგიაა მასწავლებლების მიერ მშობლებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება შვილების სასკოლო პროგრესის – როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიურის – შესახებ. მშობლებისთვის კონკრეტული ინფორმაციის მიწოდება, თუ რას უნდა მიექცეს ყურადღება მოსწავლის მუშაობაში, კომუნიკაციის თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯია. სკოლებმა უნდა წაახალისონ მშობლები და ბავშვები, რომ მათ რეგულარულად ისაუბრონ სკოლაში განხორციელებული აქტივობების შესახებ, ერთმანეთს გაუზიარონ იდეები და რეაქციები, კავშირი დაამყარონ ერთმანეთთან. აშშ კვლევებმა აჩვენა, რომ დავალებები, რომლებიც მოსწავლე-მშობლის ინტერაქციას მოითხოვს, კითხვითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესების წინაპირობაა (Sheldon & Epstein, 2005). ბევრი მასწავლებელი ფიქრობს, რომ მშობელი მოუმზადებელია ეფექტიანი ჩართულობისთვის. მასწავლებელთა უზრუნველყოფა მშობელთა ჩართულობის ხელშემწყობი კონკრეტული ღონისძიებებითა და მეთოდებით ხელს შეუწყობს მშობლებთან ურთიერთობით გამოწვეული შფოთვის შემცირებას. მეგობრული დამოკიდებულება სკოლასა და მშობელს შორის შედეგიანი ურთიერთობის დამყარების პირველი ნაბიჯია. მეგობრული ატმოსფეროს შესაქმნელად სკოლამ უნდა უზრუნველყოს მასწავლებელთა გადამზადება მშობლებთან კომუნიკაციის საკითხებში. მშობელთა და სკოლის პერსონალის ცნობიერების ასამაღლებლად ერთმანეთთან პროდუქტიული თანამშრომლობის თემაზე შემოთავაზებულია შემდეგი აქტივობები:
 შესთავაზეთ მასწავლებლებს ტრენინგები
 მასწავლებლებს სისტემატურად უნდა უტარდებოდეთ ტრენინგები თემაზე, თუ როგორ უნდა შექმნან კეთილგანწყობილი გარემო, როგორ დაამყარონ სწორი კომუნიკაცია მშობელთან, როგორ გახდნენ მშობლებთან კომუნიკაციის დამყარების ინიციატორები და სხვა საკითხებზე, რომლის უზრუნველყოფაც მნიშვნელოვანია და მასწავლებელს ევალება. ტრენინგის მასალები რეკომენდაციების სახით უნდა მოიცავდეს შესაძლებელი ღონისძიებების ნუსხასაც, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს მშობელთა ჩართულობის გაუმჯობესებას და მშობლების გააქტიურებას.
 იყავით ინიციატორები მშობელთან კომუნიკაციაში 
 ზოგიერთი მშობელი დარწმუნებულია, რომ აქვს გარკვეული კვალიფიკაცია და განათლება, რაც მოსწავლესთან მუშაობაში გამოადგებოდა, თუმცა არ იცის, როგორ შეიძლება გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობები. ნუ დაელოდებით მშობლებისაგან დახმარების შემოთავაზებას. თავად სთხოვეთ მათ დახმარება მოსწავლესთან მუშაობაში. შეადგინეთ მშობელთა საქმიანობის ჩამონათვალი და მათი კვალიფიკაციის აღწერა. ჩაატარეთ მშობელთა გამოკითხვა ან შეხვედრა, სადაც გაარკვევთ, თუ რა სახის დახმარებას საჭიროებენ მშობლები მოსწავლის ხელშეწყობის მიზნით სასწავლო პროცესში ეფექტიანად ჩასართავად

 მიაწოდეთ მშობლებს ინფორმაცია 
მიაწოდეთ მშობლებს დეტალური ინფორმაცია, როგორც სკოლაში უკვე განხორციელებული ღონისძიებების და სამუშაოების შესახებ, ასევე მომავალში დაგეგმილი აქტივობების თაობაზე. მშობლებს ასევე მიაწოდეთ ინფორმაცია:  წლიური სამოქმედო გეგმის შესახებ;  სასწავლო პროგრამების შინაარსზე;  შეფასების პროცედურების და კრიტერიუმების შესახებ;  მოსწავლეთა მომსახურების პროგრამებზე;  სკოლის მთავარი პრინციპების შესახებ;  თუ როგორ შეიძლება ბავშვებს დაეხმარონ შინ მეცადინეობის დროს;  საგნობრივი ტესტები მარტივი ნიმუშების სახით – თუ ეს შესაძლებელია.
 მიაწოდეთ მშობლებს მასალები 
 სკოლამ (მასწავლებელმა) მშობელს უნდა მიაწოდოს მრავალფეროვანი ინფორმაციული სახის მასალა, რომელიც დაკავშირებული იქნება ბავშვის განვითარებასთან, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან. მნიშვნელოვანია, მშობლები ფლობდნენ ინფორმაციას სპეციალური განათლების, სოციალური მომსახურების სააგენტოების შესახებ. შესაძლებელია, სკოლამ მშობლებს გადასცეს სახელმძღვანელოები, რეკომენდაციები წერილობითი ფორმით, ვიდეო- აუდიო მასალა, შესაბამისი ვებ-გვერდის მისამართები და ა.შ.
 შექმენით ვებ-გვერდი 
 სასურველია მასწავლებლების/დამრიგებლების დახმარებით შეიქმნას მოსწავლეების ბლოგები, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მშობლისთვის; თუ სკოლას არ გააჩნია სახსრები ვებ-გვერდის შესაქმნელად, სკოლას ან ინდივიდუალურად მასწავლებლებს შეუძლიათ სოციალურ ქსელში, ვთქვათ, Facebook-ში შექმნან გვერდი. სკოლის გვერდზე განთავსებული მასალა იქნება იმ მასალების მსგავსი, რაც თავსდება ვებ-გვერდზე.
 გაუგზავნეთ მშობელს წერილი ან E-mail-ი (წერილი ელექტრონული ფორმით) 
 არიან მშობლები, ვისაც არ აქვთ შესაძლებლობა, ხშირად მიაკითხონ სკოლას. თუ მშობელი სკოლაში ვერ მოდის, მასწავლებელმა უნდა მისწეროს მას საინფორმაციო წერილი, რომელიც მშობელს მიაწოდებს ინფორმაციას ინდივიდუალურად მისი შვილის შესახებ. მაგალითად: ინფორმაცია შეიძლება ეხებოდეს ბავშვის ინდივიდუალურ პროგრესს, რას მიაღწია, რას – ვერა და რატომ, რა შეიძლება გააკეთონ მასწავლებელმა და მშობელმა ურთიერთთანამშრომლობით მოსწავლის გასაძლიერებლად. მშობელს შეიძლება წერილის სახით გაეგზავნოს რეკომენდაციები, თუ რა უნდა გაკეთდეს მოსწავლის ამა თუ იმ ნიჭის გამოსავლენად. მასწავლებლებმა ასევე უნდა გამოიმუშავონ ჩვევა, გაუგზავნონ მშობელს მოსწავლის საქებარი წერილი. დიდი დრო ეთმობა მოსწავლეებს, რომლებიც გამოირჩევიან დაბალი აკადემიური მიღწევებით ან ცუდი ქცევით და არ ემორჩილებიან მასწავლებლის მითითებებს. ის მოსწავლეები კი, რომლებიც კარგად სწავლობენ ან კარგად იქცევიან, არ იღებენ დამსახურებულ ქებას. მშობლების ბედნიერებას საზღვარი არ აქვს, როცა მასწავლებელი უგზავნის მათ ინფორმაციას შვილის წარმატების შესახებ.
 ესაუბრეთ ტელეფონით
 თუ მშობელი ვერ მოდის მასწავლებელთან, აუცილებელია, კომუნიკაცია ტელეფონით მაინც შედგეს. მშობელს უნდა შევატყობინოთ არა მხოლოდ ის, რომ ბავშვი დამატებით დახმარებას საჭიროებს, არამედ მისი წარმატების ან გამოვლენილი უნარის თაობაზეც. რეგულარულად აცნობეთ მშობლებს კარგი ამბები. მასწავლებლებმა უნდა გამოიმუშავონ ჩვევა, დაუკავშირდნენ მშობელს მოსწავლის შესაქებად. მოსწავლეები, რომლებიც კარგად ასრულებენ სამუშაოს, ხშირად არ იღებენ შესაბამის ქებას. მშობლები რჩებიან კმაყოფილები და ხშირად – გაკვირვებულებიც, როცა მასწავლებელი რეკავს და ამბობს: „ძალიან სასიამოვნოა, რომ ნიკა ჩემს კლასში სწავლობს
 გამოიყენეთ სოციალური ქსელი 
 სასურველია, მშობლებთან შეხვედრაზე ან სოციალურ ქსელში განიხილებოდეს სხვადასხვა გადაწყვეტილებები (წესები, რეგულაციები, შეფასების სისტემა, დავალების ტიპები/სირთულე/მოცულობა, დავალების შესრულების პროცესში ბავშვის დახმარების მეთოდი); ასევე, სოციალური ქსელის დახმარებით შესაძლებელია მშობლების/ბავშვების საჭიროებების კვლევა/გამოკითხვა. თუ სკოლას არ გააჩნია სახსრები ვებ-გვერდის შესაქმნელად, სკოლას ან ინდივიდუალურად მასწავლებლებს შეუძლიათ, შექმნან გვერდი სოციალურ ქსელში (Facebook). ამ გვერდზე გამოქვეყნდება იგივე მასალა, რაც ჩვეულებრივ სკოლის ვებ-გვერდზე თავსდება.
 შეხვდით მშობლებს 
 შეხვედრები უნდა ეხებოდეს სხვადასხვა თემას და უნდა წარიმართოს დიალოგის ფორმით. შეხვედრა უნდა იყოს კონსტრუქციული და ემსახურებოდეს ინფორმაციის და იდეების ურთიერთგაზიარებას. არ უნდა ჰქონდეს ლექციის სახე. ასევე გასათვალისწინებელია შეხვედრების ადგილი და მონაწილეთა კომფორტული განთავსება. სასურველია, შეხვედრები იმართებოდეს სხვადასხვა დროს, რომ ყველა მშობელს მიეცეს დასწრების საშუალება. მასწავლებელმა/დამრიგებელმა უნდა მოუწყოს მშობლებს შეხვედრა დირექტორთან, რომელიც მათ გააცნობს მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებს/პროექტებს, სადაც უმთავრესი მშობლების ჩართულობა იქნება.
წყარო :  http://kargiskola.ge/parent/pdf/PE_GUIDE_2015.pdf

No comments:

Post a Comment