Monday, June 3, 2024

სკოლის როლი პროფესიის არჩევაში

 თითოეული მოქალაქე ცხოვრების საკმაოდ დიდ ნაწილს სკოლაში ატარებს და შეუძლებელია, ამან გავლენა არ მოახდინოს ინდივიდის განვითარებასა და სამყაროს შემეცნების მისეულ აღქმაზე.

ცნობილია, რომ პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა კომპლექსურ ხასიათს ატარებს [1]. მნიშვნელოვანია, მოზარდს შეექმნას წარმოდგენა საკუთარი თავის შესაძლებლობებისა და უნარების შესახებ. მას უნდა შეეძლოს, პასუხები გასცეს ისეთ შეკითხვებს, როგორიცაა: რა თვისებების მატარებელი ვარ? რა ღირებულებები გამაჩნია? რა განსხვავებაა ღირებულებებსა და ობიექტურ ჭეშმარიტებებს შორის? მაქვს კი ადეკვატური თვითშეფასება?  რისი გაკეთება მომწონს?  ემთხვევა ჩემი შესაძლებლობა ჩემი კომფორტის ზონას? თუ არა, რა უნდა გავაკეთო იმისათვის,  რომ ისინი ერთმანეთს შეესაბამებოდეს?

აქვე უნდა გავიხსენოთ, ზოგადი განათლების  ეროვნული მიზნები და ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელთა მიხედვითაც სკოლა ვალდებულია, ცხოვრების ასპარეზზე გაუშვას ისეთი მოქალაქე, რომელიც აღჭურვილი იქნება 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით, შეეძლება საკუთარი გზის გაკვალვა და ქვეყანაში საკუთარი ადგილის პოვნა, დამკვიდრება და რეალიზება.

ყოველივე ზემოთქმულის შესრულებისთვის, მთავარი ინსტრუმენტი, ალბათ, პროფესიის სწორად შერჩევაა. პროფესია უნდა იყოს ისეთი სფერო და საქმიანობა, რომელიც ადამიანს მოუტანს კეთილდღეობას, საკუთარი მნიშვნელოვნების შეგრძნებასა და სოციალიზაციას. პროფესიაში ან  უმაღლეს სასწავლებელში მოზარდი მიდის ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დასრულებისთანავე. ამ დროს იგი გარკვეული უნდა იყოს საკუთარ სურვილებში, ინტერესებში და შესაძლებლობებში. რას აკეთებს სკოლა ამისათვის? როგორია მისი როლი? ცალკეული საგნების სწავლა საკმარისი არაა. მოსწავლის პიროვნული განვითარება გულისხმობს, ყველა საგნის გაერთიანებულად დანახვასა და მის გამოყენებით მხარეს ინტეგრირებულ კონტექსტში.

იმისათვის, რათა გაგვერკვია სკოლისა და მასწავლებლის როლი მოსწავლის სამომავლო არჩევანსა და გადაწყვეტილებაში, ჩავატარეთ კვლევა, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა რამდენიმე სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეები და აწ უკვე სკოლადამთავრებული სტუდენტები.  კითხვარის ანალიზის შემდეგ, ალოკაციის მიზნით დამაზუსტებელი კითხვებით მოეწყო დისკუსია.

საშუალო სკოლის მოსწავლეების 78%-ის  აზრით, სკოლის დამთავრების შემდეგ აპირებენ სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებელში. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეთა ნახევარზე მეტი საშუალო და საშუალოზე დაბალი აკადემიური მოსწრებით ხასიათდება, უმეტესობას სურს უმაღლეს სასწავლებელში სწავლა.

ამავე დროს, მათ 65%-ს ინფორმაცია პროფესიების შესახებ მიღებული აქვთ ინტერნეტით. არ ფლობენ სრულ ინფორმაციას საქართველოში არსებული უნივერსიტეტების შესახებ.

კითხვაზე, იქონია თუ არა მათ გადაწყვეტილებაზე გავლენა სკოლამ, მოსწავლეთა 80%-ზე მეტმა უარყოფითი პასუხი გასცა.

სკოლადამთავრებული ახალგაზრდებისათვის განკუთვნილი კითხვარი მოიცავდა 15 კითხვას, რომელთაგან რამდენიმეს გამოვყოფთ:

ამჟამად ხართ თუ არა სტუდენტი?                                       

  

 

მუშაობთ  საკუთარი პროფესიით?            

რამ იქონია თქვენზე გავლენა, პროფესიის არჩევის დროს?

 

დაგეხმარათ თუ არა სკოლა პროფესიის არჩევაში?

კითხვარის ანალიზის შემდეგ გამოიკვეთა, რომ მოზარდები სკოლას ამთავრებენ პროფორიენტაციის შესახებ საკმაოდ დაბალი ცნობიერებით.

ამაში დაგვარწმუნა დისკუსიამაც, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე საკვანძო კითხვა  მოიცავდა და  ვაკვირდებოდით.

კითხვებიდან ერთ-ერთი შეეხებოდა სასკოლო კონფერენციის გამართვას, რომლის თემაც იქნებოდა – საინტერესო, შემოსავლიანი, პრესტიჟული და თუნდაც არასასურველი პროფესიები. მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს მოესმინათ და თავადაც მოემზადებინათ მასალა მათთვის საინტერესო პროფესიების შესახებ.

კვლევის ინტერვენციად დავისახეთ სწორედ საინფორმაციო ხასიათის კონფერენცია, რომელიც გაგრძელდა ორი დღე;  პირველ დღეს იყო მასწავლებლების მოხსენებები საკუთარი საგნის პოპულარიზაციით, მეორე დღეს კი – საშუალო საფეხურის მოსწავლეები და პროფესიაში უკვე შემდგარი ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები და სტუდენტები.

გარდა ამისა, მე-10-მე-11 კლასის მოსწავლეები გასვლით ექსკურსიაზე გვყავდა შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში წითელი ხიდის სექტორზე,  სადაც დაათვალიერეს და გაეცნენ მესაზღვრის პროფესიას, ასევე, იყვნენ კერძო ბიზნესმენ-მეღვინესთან მარანში, მოინახულეს აგრარული უნივერსიტეტი, საბუნებისმეტყველო მუზეუმი და  რამდენიმე ფაკულტეტის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, ნახეს თანამედროვე აღჭურვილობის ლაბორატორიები, იყვნენ წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯშიც, სადაც სწავლა დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ და მოიცავს უამრავ პრაქტიკულ საქმიანობას.

შემდეგი ინტერვენცია ფოკუსჯგუფში დე ბონოს მეთოდით(„აზროვნების ექვსი ქუდი“) დისკუსიის მოწყობა  იყო [2].

მოსწავლეებს მიეცათ სიტუაციური ამოცანა, პროფესიისა და კარიერის შესახებ და მოირგეს სხვადასხვა ფერის ქუდი; ყველამ თავის ჭრილში იმსჯელა და საინტერესო დასკვნები გააკეთეს.

ამრიგად, ჩვენი, კვლევის ავტორების რეკომენდაციაა, აქტიურად შევიტანოთ სასკოლო ცხოვრებაში პროფესიებთან დაკავშირებული საინფორმაციო აქტივობები, პროექტები, კონფერენციები, რათა სკოლიდან ცხოვრების ასპარეზზე უფრო მშვიდად და თამამად გავუშვათ  მოსწავლეები.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://studinfo.ge/2021/08/18/profornientacia-karieris-dagegmva-swori-profesiis-shesarchevad/
  2. https://www.izrune.ge/geo/96
წყარო https://mastsavlebeli.ge/

No comments:

Post a Comment