Monday, June 3, 2024

ციფრული ხელსაწყოების დანერგვა სასწავლო პროცესში

 ციფრული სამყარო სულ უფრო სწრაფად იკავებს ცენტრალურ ადგილს სწავლისა და სწავლების პროცესში. თუკი ადრე მხოლოდ სახელმძღვანელოები და ნაბეჭდი რესურსები გვქონდა და სწავლა მეტ-ნაკლებად რუტინული იყო, დღეს შესაძლებლობების მრავალფეროვანი არჩევანი თითქოს ხელისგულზე გვაქვს. მასწავლებლებს შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენს მოსწავლეებს ისეთი კომპეტენციების შეძენაში, რომელიც მათ სამომავლო ცხოვრებას გაამარტივებს ამ ციფრულ სამყაროში. ვიცით, რომ ციფრული ტექნოლოგიები თანდათანობით მოიცავს ყველა დარგს და გავლენას ახდენს ყველა პროფესიაზე.

მასწავლებლის მიერ სწორად დაგეგმილი გაკვეთილი კი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს XXI საუკუნის გამოწვევებს მომზადებულნი შეხვდნენ. სწორედ ამ გამოწვევების გათვალისწინებით და ჩემი მოსწავლეების საჭიროებებზე დაყრდნობით ვგეგმავ ისეთ აქტივობებს, რომლებიც მათ სამომავლო ცხოვრებაშიც გამოადგებათ. ყველა მასწავლებლის სურვილია მათმა მოსწავლეებმა ცოდნის და უნარების ტრანსფერი რეალურ ცხოვრებაში წარმატებით მოახდინონ.
ციფრული წიგნიერების გავრცელება საკლასო ოთახებსა და სასკოლო სივრცეში დღითიდღე მნიშვნელოვანი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის სკოლებში მეტ-ნაკლებად ხელშემწყობი გარემოა ციფრული რესურსების შესაქმნელად, მასწავლებელთა უმეტესობა მაინც ახერხებს ინოვაციური სასწავლო რესურსების შექმნას და გაზიარებას.
მზარდი ციფრული სამყარო არაერთ შესაძლებლობას გვთავაზობს, თუმცა სიახლეებს გარკვეულწილად რისკებიც ახლავს. ერთის მხრივ, მოსწავლეებს დღეს ბევრად მარტივად მიუწვდებათ ხელი ინფორმაციაზე ონლაინ სივრცეში, მეორეს მხრივ კი ამ ინფორმაციის სწორად მოძიების, დამუშავების და გამოყენების საჭიროება იჩენს თავს. მასწავლებლის, როგორც ფასილიტატორის როლი გადამწყვეტია. ჩემს მოსწავლეებთან ერთად მუდმივად ვმუშაობ კიბერუსაფრთხოების საკითხებზე. ვაცნობიერებ რამდენად მოწყვლადი შეიძლება იყონ ციფრულ სივრცეში. პრევენციის მიზნით, ვგეგავ და ვახორციელებ უამრავ აქტოვობას ამ მიმართულებით.
პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში, მასწავლებლები უდავოდ ვიმყოფებით სიახლეების ეპიცენტრში, ამ მხრივ არც ციფრული წიგნიერება რჩება უყურადღებოდ. სასწავლო წლის მანძილზე პროგრამა აქტიურად გვთავაზობს ტრენინგებს ამ მიმართულებით, მიმდინარე სასწავლო წელს გავიარეთ ხანგრძლივი ტრენინგ- კურსი „ციფრული ხელსაწყოების გამოყენება სასწავლო პროცესში“ კურსი მიზნად ისახავდა საგანმანათლებლო ციფრული რესურსების გაცნობას, შექმნას და დანერგვას. ტრენინგის ფარგლებში გავეცანით ისეთ საგანმანათლებლო რესურსების შესაქმნელ ვებ გვერდებს როგორიცაა : animaker.com, seesaw.com , iseazy.com.
ტრენერი მასწავლებლებს გვთავაზობდა კონკრეტულ და პრაქტიკულ რჩევებს, რის შედეგადაც უამრავმა პედაგოგმა მოახერხა საკლასო სივრცის მეტად გაციფრულება. პირადი გამოცდილებით მინდა ავღნიშნო, რომ iseazy.com ჩემი აღმოჩენაა, რამაც საშუალება მომცა ჩემი მოსწავლეების მოტივაცია და ჩართულობა ბევრად გამეზარდა.
Iseazy- პრეზენტაციის პლატფორმა მასწავლებლებს საშუალებას აძლევს კოლაბორაციული, ხოლო მოსწავლეებს მეტად ინტერაქტიული სწავლების შესაძლებლობას. შეგვიძლია შევარჩიოთ ჩვენი კლასისთვის შესაფერისი თემატიკა და მოვიფქროთ როგორ ჩავშალოთ საკითხი. მარტივი და სახალისო დავალებების თუ თამაშების შესაქმნელად ეს პლატფორმა იდეალური გამოსავალია.
https://www.iseazy.com საიტზე რეგისტრაციის გავლისას აირჩიეთ ავტორის (Author) სტატუსი

მიუთითეთ ელექტონული ფოსტა და პაროლი, რეგისტრაციის დასასრულებლად გადიდით ფოსტაზე მითითებულ ბმულზე.


საიტზე შესვლის შემდეგ შექმენით ახალი პროექტი (უფასო ვერსიაში სამი პროექტის შექმნის საშუალებას იძლევა და თითო პროექტში 25 სლაიდის დამატებას).

მიყევით ნაბიჯებს აირჩიეთ კურსი, შაბლონი და მიანიჭეთ კურს სახელი.

გაწერეთ თემატურად გვერდები და ქვეგვერდები.
გიზიარებთ ერთი გაკვეთილის ირგვლივ შექმნილ, მრავალჯერადად გამოყენების სასწავლო რესურსის ნიმუშებს. გაკვეთილის მიზანი იყო ზედსართავი სახელი, მისი წარმოება და თავისებურებები წარმოება ინგლისურ ენაში.
კურსში შესაძლებელია თეორიული და ვიზუალური (ფოტო, ვიდეო ) მასალის განთავსება, ასევე ბმულების ჩამატება, ხოლო შემდეგ თეორიული მასალის გასამტკიცებლად მრავალფეროვანი სავარჯიშოების და თამაშების შექმნა.
მნიშვნელოვანია, რომ რესურსის გახსნა ნებისმიერი მოწყობილობით არის შესაძლებელი, რაც საიტის სერვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის მოსწავლეებისათვის.
1. შესაბამისობების დადგენის დავალება ( iseazy.com)

2. არჩევით პასუხებიანი დავალება, რომელსაც მასწავლებელი წინასწარ ამზადებს გაკვეთილის თემიდან გამომდინარე, ეს ხელს უწყობს ახალი შესასწავლი მასალის განმტკიცებას სახალისო გზით.

პრეზენტაციის მომზადებისას შეგვიძლია ჩვენთვის სასურველი ფოტოს ჩასმა ან თვითონ ადგილობრივად მარაგიდან არჩევა, რაც ვფიქრობ ბევრად მოსახერხებელია.

3. პრეზენტაციაზე მუშაობისას შეგვიძლია ერთ სლაიდზე რამოდენიმე სახის აქტივობების ჩასმა, ჩემს შემთხვევაში მოცემულ სლაიდზე მაქვს ჩაშენებული რამოდენიმე ლინკი, რათა წინასწარ მზად მქონდეს გაკვეთილისთვის რესურსი და დრო არ დავკარგო. ვფიქრობ ეს ფუნქცია ძალიან მოსახერხებელია.

4. მოსწავლეებისთვის რესურსის ვიზუალიზაციას დიდი მნიშვნელობა აქვს, მოცემულ სლაიდზე თავმოყრილია ის ნახატები რომელიც გაკვეთილის შესავალში გამოვიყენე თემის გასაცნობად. მრავალფუნქციური , საინტერესო და სახალისო დავალებების თავმოყრა ერთ სივრცეში შემიძლია iseazy – პლატფორმის საშუალებით.

კიდევ ერთი ძალზედ საინტერესო ონლაინ სასწავლო პლატფორმაა animaker -ი
ეს პლატფორმა საშუალებას გვაძლევს მოსწავლეებთან ერთად შევქმნათ პატარა ანიმაციური ვიდეო, ჩვენი სასურველი პერსონაჟებით. პერსონაჟების გახმოვანება თავად მოსწავლეებს შეუძლიათ.
თემა შეგვიძლია შევარჩიოთ და მის ირგვლივ შევქმნათ პატარა ანიმაციური ვიდეო, მოსწავლეებს მსგავსი აქტივობა ეხმარება თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანაში, უვითარებს საუბრის უნარ-ჩვევას.

https://www.animaker.com საიტზე რეგისტრაციისათვის ვირჩევთ ღილაკს Login in

რეგისტრაცია გაიარეთ თქვენთვის სასურველი მომხმარებლით, თუმცა გირჩევთ Gmail – ის ფოსტით ავტორიზაციას

ანიმაციური ვიდეოს შექმნა შეგიძლიათ, როგორც Blank Page სუფთა გვერდიდან, ასევე Template შაბლონებიდან.

მოცემულ სლაიდზე ცარიელ ფურცელზე შეგვიძლია გადავიტანოთ ჩვენთვის სასურველი ფონი, რომელიც ასევე საიტის ბიბლიოთეკიდან ირჩევთ. მოსწავლეები დიდი ინტერესით ირჩევენ პერსონაჟებს მათი სურვილის და გემოვნების მიხედვით.

ჩვენს მიერ შექმნილი ვიდეოში აქცენტი გამახვილებულია ზედსართავი სახელის ხარისხების გამეორება-შესწავლაზე, ამიტომ ჩვენი პერსონაჟების დიალოგიც ამ მიმართულებით წარიმართა.

მოცემული ორი ონლაინ სასწავლო პლატფორმის გამოყენებით ჩვენი გაკვეთილი ძალიან საინტერესო, განსხვავებული და ინტერაქტიური გამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ ციფრული რესურსების გამოყენება მოსწავლეების უმეტესობას ახალი სასწავლო მასალის უკეთ ათვისებაში ეხმარება, ხედავენ, აკეთებენ და მონაწილეობენ პროცესში.


წყარო https://mastsavlebeli.ge/

No comments:

Post a Comment