დღეს ბავშვების ცხოვრება ბევრად მარტივია – თუ ჩვენს ბავშვობაში ფავორიტი მსახიობის, მუსიკოსის, მწერლის ან მხატვრის მხოლოდ პოსტერი შეიძლება გქონოდა სიყვარულის ნიშნად კედელზე გამოკრული და მისი ცხოვრების შესახებ ამბები ყვითელ ჟურნალებში გეკენკა, ახლა ყველა ცოცხალ ავტორს და შემსრულებელს შეგიძლია სოციალურ ქსელებში “აეკიდო”, მასთან და მის აგენტებთან მიმოწერა გააჩაღო, ფოტოზე კომენტარი დაუტოვო, კითხვა დაუსვა. ინტერნეტმა სხვა ბევრ რამესთან ერთად ვარსკვლავებიც უფრო ხელმისაწვდომი გახადა, მაგრამ ხაფანგიც დააგო: ზღვა ინფორმაციაში მართლის და ტყუილის, მნიშვნელოვნის და უმნიშვნელოს, სანდოს და არასანდოს გარჩევა უნდა ვიცოდეთ. ეს უნარები თანამედროვე სამყაროში გადარჩენისთვის ალბათ ისეთივე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც გამოქვაბულში მცხოვრები ქვით შეიარაღებული ადამიანისთვის ცეცხლის დაცვა იყო.
ჩემი შვილებისთვის საინფორმაციო ნაკადებში მშვიდად და უსაფრთხოდ ცურვის სასწავლებლად ხშირად “ვემეგობრები” ხოლმე მათ საყვარელ არტისტებს, იქნებიან ესენი მუსიკოსები, რეჟისორები, მწერლები თუ მხატვრები. უფრო მარტივია საჭირო უნარები სიყვარულით და ცნობისმოყვარეობით განვითარება, ვიდრე მოსაწყენი თეორიების კითხვით და აბეზარი დავალებების გაკეთებით. ცნობისმოყვარე ტვინი მეტად ღიაა ახალი ცოდნისა და პერსპექტივების მისაღებად და მეტ კითხვასაც სვამს. იდეალურია, თუკი ბავშვისთვის ინფორმაციებში გზის გაკვლევა თავგადასავლებითა და აღმოჩენებით სავლე მოგზაურობას დაემსგავსება.
ძიების უნარების განსავითარებლად მარტივი პრინციპები ასეთია:
- განსაზღვრე ამოცანა, კონკრეტულად რას ეძებ.
- გადაამოწმე რამდენიმე წყაროში ცნობები. შეაფასე მათი ხარისხი და სანდოობა.
- გამოყავი მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაცია.
- თუკი ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, გაეცანი სხვადასხვა მხარის პოზიციებს.
- ყურადღება მიაქციე დროს – კონკრეტული ინფორმაციის მოძიებას კონკრეტული დრო სჭირდება და ეს პროცესი უსასრულოდ არ უნდა გაიწელოს.
- აღწერე ძიების ინსტრუმენტები
- გააკეთე ჩანაწერები მოძიებული ინფორმაციის მიხედვით
- გახსოვდეს რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ამბებს მნიშვნელობას მისი ინტერესებისა და გამოცდილებების მიხედვითაც ანიჭებს – საინტერესოა იმის დანახვაც, ერთსა და იმავე თემაზე სხვადასხვა ადამიანი რას მიიჩნევს საყურადღებოდ.
- შეაჯამე შენი სიტყვებით – ინფორმაციის გადამუშავება და საკუთარ პერსპექტივაში გატარება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
- გაუზიარე შენი აღმოჩენები მეგობრებს და გარშემომყოფებს.
როგორ გადმოვიტანოთ ეს პრინციპები პრაქტიკაში მარტივად?
მაგალითად, რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ჩემი შვილების საყვარელი შემსრულებლის, ამერიკელი მომღერლის, ბილი აილიშის ახალი ალბომი. ალბომის მოსმენის შემდეგ შეგვიძლია გადავავლოთ თვალი მის წინა ალბომებს, ვნახოთ როგორ იცვლებოდა მისი მუსიკა და სიმღერების თემატიკა, რა რჩებოდა მუდმივად, გადავხედოთ ალბომების გაფორმების ვიზუალურ მხარეს და ვიდეოების ესთეტიკას და თუკი დრო გვაქვს, არც თავად შემსრულებლის ინტერვიუების მოსმენა იქნებოდა ურიგო – დავიჭიროთ რა აქვს საერთო მის მუსიკას მის ცხოვრებასთან, მის ღირებულებებთან, როგორ ირეკლავს შემოქმედება ავტორს. ეს კონკრეტული მომღერალი ძალიან ახალგაზრდაა, სულ რაღაც 22 წლის და ბავშვებისთვის შეიძლება სარკეში ჩახედვა ან მომავლის განჭვრეტაც კი იყოს მასზე დაკვირვება – როგორ იცვლება პატარა გოგოს სხეული, მისი გარეგნობა, ლექსიკა, ჩაცმის სტილი, როგორ ეძებს საკუთარ თავს, როგორ პოულობს გზებს თვითგამოხატვისას. და ბარემ ისიც ვნახოთ, რისგან შედგება ბიოგრაფია – ვინ არიან მისი მშობლები, თამაშობენ თუ არა მისი ოჯახის წევრები რაიმე როლს მის მუსიკალურ ცხოვრებაში, სად გამოჩნდა მისი პირველი სიმღერა, რამდენკაციანი გუნდი დგას მისი მუსიკალური წარმოების უკან, სად ჰქონია კონცერტი და სად გეგმავს, რომელ ქვეყნებშია ყველაზე მეტად პოპულარული და რა ჯილდოები მიუღია გამოჩენიდან ამ დრომდე – ამ კითხვებზე პასუხები ერთდროულად გაზრდის ცოდნას გეოგრაფიის, ისტორიის, შემოქმედებითი ინდუსტრიების მუშაობის მექანიზმების შესახებ.
ან ავიღოთ იაპონელი ანიმატორი, რეჟისორი, ჰაიაო მიაძაკი – მის ფილმებზე უკვე თაობებია გაზრდილი, ის არის ხიდი იაპონიასა და დანარჩენ სამყაროს შორის ბავშვებისთვის, პირველი გზამკვლევი ამ უცხო კულტურაში. თუკი ბავშვებს ვთხოვთ მოძებნონ მისი ფილმების სცენარების ავტორები ან დაინტერესდნენ მის ანიმაციებში გამოყენებული მითოლოგიური ამბების წარმომავლობით, თვალსაწიერსაც გაიფართოებენ და ახალ სახელებს, მანამდე უცნობ ამბებსაც აღმოაჩენენ. ბავშვებს შეიძლება იმის კვლევაც ვთხოვოთ, რა განასხვავებთ მიაძაკის გოგო და ქალ პერსონაჟებს მაგალითად დისნეის გოგოებისა და ქალი პერსონაჟებისგან. შეგვიძლია მიაძაკის შესახებ დოკუმენტური ფილმის ყურება ვთხოვოთ და მასში მოყვანილი ისეთი ფაქტების ჩანიშვნა დავავალოთ, რაც მანამდე არ იცოდნენ საყვარელი რეჟისორის შესახებ, მოკლედ ყველაფერი ჩვენს ფანტაზიასა და ბავშვების ინტერესებზეა დამოკიდებული.
შეგვიძლია კვლევის უნარების გამოსამუშავებლად უფრო მარტივი გზაც ავირჩიოთ – არსებობს ასეთი გადასარევი არხი იუტუბზე – Great Art Explained, სადაც სხვადასხვა ეპოქისა და სტილის მხატვრებზე ჰყვებიან; შეგვიძლია კვირის დასაწყისში ბავშვებს ამ ვიდეოებიდან ერთი სერია ვაჩვენოთ და ვთხოვოთ ამ არტისტზე პარასკევამდე მეტი ინფორმაცია მოიპოვონ, გაიგონ მეტი მისი ბიოგრაფიის შესახებ, შეისწავლონ ნამუშევრები, მათგან 5 ფავორიტი გამოყონ და შეეცადონ ახსნან, რამ მოხიბლა. შეიძლება მხატვრების სამეგობროს სქემის აწყობაც და იმ ადგილების რუკის შედგენაც, სადაც ისინი მუშაობდნენ, გამოიფინებოდნენ, რასაც ხატავდნენ.
წყარო https://mastsavlebeli.ge/
No comments:
Post a Comment