Monday, June 3, 2024

ნიუ-იორკი – (ჩანაწერები საზოგადოებრივი გეოგრაფიის გაკვეთილისათვის)

 ნენსი ჯაილზი (CBS-ის ჟურნალისტი): „რატომ ვსაუბრობთ მონობაზე დღეს? ამერიკაში მონათმფლობელობა ხომ 200 წლის წინათ დასრულდა? დღეს ყველასთვის თანაბარი პირობებია და „სათამაშო“ მოედანიც ყველასთვის თანაბარია.

იბრაჰიმ ექს კენდი (ისტორიის პროფესორი, ბოსტონის უნივერსიტეტი): ამერიკაში რომ „სათამაშო“ მოედანი ყველასთვის თანაბარი იყოს, მაშინ არ იქნებოდა ის უთანასწორობა, რომელიც არსებობს ჯანდაცვის სფეროდან სიმდიდრის განაწილებამდე და განათლებიდან დაპატიმრებამდე (აქ ბატონ კენდის, ინგლისურად სიტყვების თამაში აქვს გამოყენებული: „from Health to Wealth“ და „from Education to Incanceration“, ლ.ა.) – „გარკვეული რასობრივი ჯგუფების წარმომადგენლები აშშ-ში, დღევანდელი მონაცემებით, ალბათ უფრო ღარიბები იქნებიან, უფრო ადრე მოკვდებიან და უფრო დიდი შანსი აქვთ, მოხვდნენ ციხეში“, – იბრაჰიმ ექს კენდი, ამერიკელი აქტივისტი, ანტი-რასისტი, ავტორი, ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი.

ქალაქი ნიუ-იორკი ყველასათვის ნაცნობია თავისი მრავალფეროვნებით, მულტიეთნიკურობით, ცათამბჯენებით, მუზეუმებითა და გალერეებით, ამერიკული „ოცნების“ შესახებ გადაღებული კინოფილმებით, სიმდიდრითა და თავისი მნიშვნელობით დღევანდელ სამყაროში. ნიუ-იორკს ხანდახან „მსოფლიოს“ ან „სამყაროს“ დედაქალაქსაც ეძახიან, რაც გარკვეულწილად დამახასიათებელია ამერიკული მარკეტინგისთვის – მათი ბიზნესისა და პოლიტიკის მასშტაბი, დღეს უფრო გლობალურია, ვიდრე ნაციონალური; ნიუ-იორკს იქ არსებული ასობით სხვადასხვა კულტურის გამო მრავალი მეტსახელით მოიხსენიებენ: ამერიკის „დიდი ვაშლი“ (The Big Apple), „გოთამი“ (Gotham), „იმპერიის ქალაქი“ (The Empire City), „ბეტონის ჯუნგლები“ (Concrete Jungle), „ქალაქი, რომელსაც არ სძინავს“ (The city that never sleeps), „ახალი ამსტერდამი“ და კიდევ მრავალი მეტსახელი უშუალოდ მიგვითითებს ნიუ-იორკის მრავალწახნაგოვნებაზე, მის ამოუწურავ რესურსებსა და შინაარსებზე, მის უნიკალურობაზე მსოფლიოს ქალაქებს შორის და მის ენერგიაზე.

ნიუ-იორკის მსგავსი წარსული და ისტორია, წარმოშობის უცნაურ ისტორიასთან ერთად, ალბათ არცერთ ქალაქს არ აქვს დედამიწაზე. ნიუ-იორკის, როგორც ყველა სხვა ქალაქის ამბავი, განუმეორებელია. მაგრამ ნიუ-იორკის ისტორიის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი მომენტები, სამწუხაროდ, გარდა ინდუსტრიალიზაციისა და ტექნიკური პროგრესისა, ავტომობილებისა და ცათამბჯენებისა, ამ ყველაფრის „შესაქმნელად“ აფრიკიდან მონების სახით ჩამოყვანილ ადამიანებსა და მათი შთამომავლობისადმი დამოკიდებულების სასტიკ ისტორიასაც უკავშირდება…

ნიუ-იორკული „შავი“ უბნები: ბრონქსი, ბრუკლინი, ქვინსი, ჰარლემი, ფლეტბუში, ისთ-ნიუ-იორკი, ჯემეიქა, ქრაუნ-ჰაითსი და ქუინს-ვილიჯი… ნიუ-იორკის ჰარლემური რენესანსი: „ზანგების ახალი მოძრაობა“, „ნიუ-იორკული ბლუზი“, მსოფლიო ჯაზის ახალი „მოციქულები“ – დიუკ ელინგტონი, ლუი არმსტრონგი, დიზი გილესპი, ბილი „ბოუჯანგლზ“ რობინსონი, ფლეტჩერ ჰენდერსონი; ახალი ტალღის აფროამერიკელი მწერლები და პოეტები – ჰუბერტ ჰარისონი, ლენგსთონ ჰიუზი, ზორა ნილ ჰარსტონი, კლოდ მაკ-ქეი; მოცეკვავეები ჟოზეფინ ბეიკერი და ეტელ მოუზესი… ამ სიის დასრულება შეუძლებელია, რადგან მონებით ვაჭრობის შედეგად, ნიუ-იორკის მოსახლეობის თითქმის 30% აფრიკულ-ამერიკული წარმოშობის მონათა შთამომავალია (დღევანდელი ნიუ-იორკის მთლიანი მოსახლეობის, 8.6 მილიონი მცხოვრების დაახლოებით 24.5% აფროამერიკელია).

ქალაქ ნიუ-იორკის სახელი, მისი ბრწყინვალება და სისასტიკე, მისი სიმდიდრე და სიღატაკე, დღესაც იმ სისხლიან წარსულს ეხმიანება, რომელიც მე-17 საუკუნეში, კუნძულ მანჰეტენზე, ჰოლანდიის სამეფოს ამ მიყრუებულ კოლონიაში დაიწყო. 

ევროპელებამდე, ნიუ-იორკის მიდამოების ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას, ლენაპეს ტომის ხალხი წარმოადგენდა (ლენაპე – ლენი ლენაპე, ამერიკის ალგონკინების ენაზე ნიშნავს, „ნამდვილ ადამიანს“, „მკვიდრ მცხოვრებს“), რომლებიც მდინარე ჰადსონისა და კ. მანჰეტენის სტატენ აილენდის და ლონგ-აილენდის ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ და თავს სოფლის მეურნეობით, ნადირობითა და თევზჭერით ინახავდნენ. ლენაპე საკმაოდ განვითარებული და მდიდარი ტომი იყო და მათი ნადირობისა და მცენარეული კულტურების მოყვანის დახვეწილი მეთოდები ახალმოსული კოლონისტებისთვისაც კი უცნობი იყო. მოგვიანებით მოსულმა ევროპელებმა ბევრი რამ ისწავლეს ლენაპეს ხალხისგან, რომლებიც ვერაფრით წარმოიდგენდნენ, რომ ევროპელები, მათი ახალი მეზობლები, მალე მათი დაღუპვისა და მშობლიური ადგილებიდან გასახლების მიზეზი გახდებოდნენ (შენიშვნა: დღეს ლენაპეს ხალხი, ნიუ-იორკიდან მათი გადასახლების შემდეგ, ნიუ-იორკის შტატიდან ათასობით კილომეტრზე მდებარე ოკლაჰომაში, ვისკონსინსა და კანადურ ონტარიოში რეზერვაციებში ცხოვრობენ). 

პირველი ევროპელი, რომელმაც დღევანდელი ნიუ-იორკის მიდამოები აღწერა, ფლორენციელი იტალიელი მოგზაური და ავანტიურისტი, ჯოვანი და ვერაძანო იყო, რომელიც იმ დროს (1522-1524 წწ.) საფრანგეთის მონარქის, ფრანსუა I სამსახურში გახლდათ (ეს ის ფრანსუა პირველია, რომელმაც დიდი ლეონარდო და ვინჩისგან შეიძინა „მონა ლიზა“, ლ.ა.) და მისი დავალებით იკვლევდა ჩრდილოეთ ამერიკის, ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროებს. ეს ჯერ კიდევ ის დროა, როდესაც ევროპელები, კოლუმბის კვალდაკვალ ევროპიდან აზიაში მიმავალ „მოკლე“ საზღვაო გზას ეძებენ…

მონებით ვაჭრობა ქ. ნიუ-იორკში ჰოლანდიელებმა დაიწყეს, ახალი კოლონიის, ნიუ-ამსტერდამის დაარსების შემდეგ. როგორც ჰოლანდიის არქივებში შენახული ერთი დოკუმენტი გვეუბნება, კუნძული მანჰატა (დღევანდელი მანჰეტენი) ლენაპეს ტომის ბელადისგან 1626 წელს ჰოლანდიის ვესტ-ინდოეთის სავაჭრო კომპანიის მოხელემ, პეტერ შაგენმა 60 გულდენად იყიდა. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ამ დოკუმენტის გარდა, რომელსაც ხელს ჰაგენი აწერს, არანაირი სხვა მტკიცებულება კუნძულის გაყიდვის შესახებ არ არსებობს…

ამავე წელს ჰოლანდიელებმა მანჰეტენზე 11 აფრიკელი კაცი და სამი ქალი ჩამოიყვანეს. 1664 წელს კუნძულის ინგლისელების მიერ დაპყრობის შემდეგ, ნიუ-ამსტერდამის 8,000-კაციანი მოსახლეობის თითქმის მეათედი აფრიკელები იყვნენ (მონები და მონობისგან გათავისუფლებულნი). იმდროინდელი არაადამიანური წესებით, ჰოლანდიელებმა აფრიკელი მონები ბრიტანელებს „გადასცეს“, როგორც მოძრავი საკუთრება, რომლებსაც მათი ნების საწინააღმდეგოდ ამუშავებდნენ… ბრიტანულ ნიუ-იორკში კანონით აიკრძალა მონების მოკვლა, თუმცა ჰოლანდიელებისგან განსხვავებით, ბრიტანელებმა ზანგებს აუკრძალეს ეკლესიაში ჯვრისწერა, რამაც ოჯახების დაშლა და დაყოფა გამოიწვია…

სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ საუბრები მონათმფლობელობისა და მონათა ვაჭრობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ, დღევანდელ ევროპელებსა და ამერიკელებს დიდად არ სიამოვნებთ.

შესაბამისად, მონათა ვაჭრობის შესახებ მწვავე საკითხები კოლონიზატორული წარსულიდან, ინგლისურ, ფრანგულ თუ ესპანურ სასკოლო წიგნებში მოკლედ და ბუნდოვნად არის ნახსენები. ნიუ-იორკის საისტორიო საზოგადოების ვებსაიტი (New York Historical Society: https://www.slaveryinnewyork.org/bookmark.htm) შესავალ ტექსტში პირდაპირ აღნიშნავს, რომ „მონობა გახლდათ გადამწყვეტი ინსტიტუტი ნიუ-იორკის განვითარებისთვის, მისი დაარსების წლიდან“. ალბათ აქ კარგი იქნება იმის გახსენებაც, რომ აწმყოს გასაგებად აუცილებელია წარსულის ცოდნა…

ამერიკაში რევოლუციური კონფლიქტის ყველაზე მწვავე ფაზის დროს (იგულისხმება ამერიკული კოლონიისა და ბრიტანეთის იმპერიის კონფლიქტი 1775-1783 წწ., ლ.ა.), ამერიკის მომავალი პრეზიდენტი და ამერიკული თავისუფლების სიმბოლო, ჯორჯ ვაშინგტონი, ამერიკელებს აფრთხილებდა: „თუ არ დავუპირისპირდებით ბრიტანეთის ტირანიას, გადავიქცევით ისეთივე მორჩილ და სასოწარკვეთილ მონებად, როგორებიცაა ის შავკანიანები, რომლებზეც ჩვენ ვბატონობთ…“. აღსანიშნავია, რომ ამ დროს, თვით ბ-ნ ვაშინგტონს ჰყავდა ასობით შავკანიანი მონა, თუმცა ეს მას საერთოდ არ უშლიდა ხელს ამერიკის თავისუფლებისთვის ბრძოლაში…

 






წყარო https://mastsavlebeli.ge/

სკოლის როლი პროფესიის არჩევაში

 თითოეული მოქალაქე ცხოვრების საკმაოდ დიდ ნაწილს სკოლაში ატარებს და შეუძლებელია, ამან გავლენა არ მოახდინოს ინდივიდის განვითარებასა და სამყაროს შემეცნების მისეულ აღქმაზე.

ცნობილია, რომ პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა კომპლექსურ ხასიათს ატარებს [1]. მნიშვნელოვანია, მოზარდს შეექმნას წარმოდგენა საკუთარი თავის შესაძლებლობებისა და უნარების შესახებ. მას უნდა შეეძლოს, პასუხები გასცეს ისეთ შეკითხვებს, როგორიცაა: რა თვისებების მატარებელი ვარ? რა ღირებულებები გამაჩნია? რა განსხვავებაა ღირებულებებსა და ობიექტურ ჭეშმარიტებებს შორის? მაქვს კი ადეკვატური თვითშეფასება?  რისი გაკეთება მომწონს?  ემთხვევა ჩემი შესაძლებლობა ჩემი კომფორტის ზონას? თუ არა, რა უნდა გავაკეთო იმისათვის,  რომ ისინი ერთმანეთს შეესაბამებოდეს?

აქვე უნდა გავიხსენოთ, ზოგადი განათლების  ეროვნული მიზნები და ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელთა მიხედვითაც სკოლა ვალდებულია, ცხოვრების ასპარეზზე გაუშვას ისეთი მოქალაქე, რომელიც აღჭურვილი იქნება 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით, შეეძლება საკუთარი გზის გაკვალვა და ქვეყანაში საკუთარი ადგილის პოვნა, დამკვიდრება და რეალიზება.

ყოველივე ზემოთქმულის შესრულებისთვის, მთავარი ინსტრუმენტი, ალბათ, პროფესიის სწორად შერჩევაა. პროფესია უნდა იყოს ისეთი სფერო და საქმიანობა, რომელიც ადამიანს მოუტანს კეთილდღეობას, საკუთარი მნიშვნელოვნების შეგრძნებასა და სოციალიზაციას. პროფესიაში ან  უმაღლეს სასწავლებელში მოზარდი მიდის ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დასრულებისთანავე. ამ დროს იგი გარკვეული უნდა იყოს საკუთარ სურვილებში, ინტერესებში და შესაძლებლობებში. რას აკეთებს სკოლა ამისათვის? როგორია მისი როლი? ცალკეული საგნების სწავლა საკმარისი არაა. მოსწავლის პიროვნული განვითარება გულისხმობს, ყველა საგნის გაერთიანებულად დანახვასა და მის გამოყენებით მხარეს ინტეგრირებულ კონტექსტში.

იმისათვის, რათა გაგვერკვია სკოლისა და მასწავლებლის როლი მოსწავლის სამომავლო არჩევანსა და გადაწყვეტილებაში, ჩავატარეთ კვლევა, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა რამდენიმე სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეები და აწ უკვე სკოლადამთავრებული სტუდენტები.  კითხვარის ანალიზის შემდეგ, ალოკაციის მიზნით დამაზუსტებელი კითხვებით მოეწყო დისკუსია.

საშუალო სკოლის მოსწავლეების 78%-ის  აზრით, სკოლის დამთავრების შემდეგ აპირებენ სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებელში. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეთა ნახევარზე მეტი საშუალო და საშუალოზე დაბალი აკადემიური მოსწრებით ხასიათდება, უმეტესობას სურს უმაღლეს სასწავლებელში სწავლა.

ამავე დროს, მათ 65%-ს ინფორმაცია პროფესიების შესახებ მიღებული აქვთ ინტერნეტით. არ ფლობენ სრულ ინფორმაციას საქართველოში არსებული უნივერსიტეტების შესახებ.

კითხვაზე, იქონია თუ არა მათ გადაწყვეტილებაზე გავლენა სკოლამ, მოსწავლეთა 80%-ზე მეტმა უარყოფითი პასუხი გასცა.

სკოლადამთავრებული ახალგაზრდებისათვის განკუთვნილი კითხვარი მოიცავდა 15 კითხვას, რომელთაგან რამდენიმეს გამოვყოფთ:

ამჟამად ხართ თუ არა სტუდენტი?                                       

  

 

მუშაობთ  საკუთარი პროფესიით?            

რამ იქონია თქვენზე გავლენა, პროფესიის არჩევის დროს?

 

დაგეხმარათ თუ არა სკოლა პროფესიის არჩევაში?

კითხვარის ანალიზის შემდეგ გამოიკვეთა, რომ მოზარდები სკოლას ამთავრებენ პროფორიენტაციის შესახებ საკმაოდ დაბალი ცნობიერებით.

ამაში დაგვარწმუნა დისკუსიამაც, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე საკვანძო კითხვა  მოიცავდა და  ვაკვირდებოდით.

კითხვებიდან ერთ-ერთი შეეხებოდა სასკოლო კონფერენციის გამართვას, რომლის თემაც იქნებოდა – საინტერესო, შემოსავლიანი, პრესტიჟული და თუნდაც არასასურველი პროფესიები. მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს მოესმინათ და თავადაც მოემზადებინათ მასალა მათთვის საინტერესო პროფესიების შესახებ.

კვლევის ინტერვენციად დავისახეთ სწორედ საინფორმაციო ხასიათის კონფერენცია, რომელიც გაგრძელდა ორი დღე;  პირველ დღეს იყო მასწავლებლების მოხსენებები საკუთარი საგნის პოპულარიზაციით, მეორე დღეს კი – საშუალო საფეხურის მოსწავლეები და პროფესიაში უკვე შემდგარი ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები და სტუდენტები.

გარდა ამისა, მე-10-მე-11 კლასის მოსწავლეები გასვლით ექსკურსიაზე გვყავდა შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში წითელი ხიდის სექტორზე,  სადაც დაათვალიერეს და გაეცნენ მესაზღვრის პროფესიას, ასევე, იყვნენ კერძო ბიზნესმენ-მეღვინესთან მარანში, მოინახულეს აგრარული უნივერსიტეტი, საბუნებისმეტყველო მუზეუმი და  რამდენიმე ფაკულტეტის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, ნახეს თანამედროვე აღჭურვილობის ლაბორატორიები, იყვნენ წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯშიც, სადაც სწავლა დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ და მოიცავს უამრავ პრაქტიკულ საქმიანობას.

შემდეგი ინტერვენცია ფოკუსჯგუფში დე ბონოს მეთოდით(„აზროვნების ექვსი ქუდი“) დისკუსიის მოწყობა  იყო [2].

მოსწავლეებს მიეცათ სიტუაციური ამოცანა, პროფესიისა და კარიერის შესახებ და მოირგეს სხვადასხვა ფერის ქუდი; ყველამ თავის ჭრილში იმსჯელა და საინტერესო დასკვნები გააკეთეს.

ამრიგად, ჩვენი, კვლევის ავტორების რეკომენდაციაა, აქტიურად შევიტანოთ სასკოლო ცხოვრებაში პროფესიებთან დაკავშირებული საინფორმაციო აქტივობები, პროექტები, კონფერენციები, რათა სკოლიდან ცხოვრების ასპარეზზე უფრო მშვიდად და თამამად გავუშვათ  მოსწავლეები.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://studinfo.ge/2021/08/18/profornientacia-karieris-dagegmva-swori-profesiis-shesarchevad/
  2. https://www.izrune.ge/geo/96
წყარო https://mastsavlebeli.ge/

ინოვაციური მიდგომები სწავლების პროცესში

 თანამედროვე განათლების სისტემა ორინტირებულია მოსწავლეზე, კრიტიკული აზროვნება კი ერთ-ერთი მთავარი მისაღწევი მიზანია, რომელიც განსაზღვრავს შეფასების, ანალიზის, განსჯისა და არგუმენტირების უნარ-ჩვევის გამომუშავებას. ამრიგად, განათლების მკვლევრები აქტიურად მუშაობენ დანერგონ ისეთი მეთოდები, რომლებიც მოსწავლის თვითგანვითარებაზე, ცოდნის პრაქტიკულ ტრანსფერზე იქნება ორიენტირებული.

წარმოდგენილი სტატიით გვსურს  განვსაზღვროთ რამდენიმე ინოვაციური მიდგომა, რომლებიც სასწავლო პროცესში მნიშვნელოვანია და საჭირო, რათა მოსწავლის კოგნიტური უნარების განვითარებასთან ერთად, მისი პიროვნული ზრდა განაპირობოს, იგი  ჯანსაღად მოაზროვნე მოქალაქედ აღზარდოს. აინშტაინის ცნობილი ციტატა: ,, განათლება არის ის, რაც რჩება ადამიანს, როცა ყველაფერი დაავიწყდება, რაც სკოლაში ასწავლეს.30 წლის შემდეგ თქვენ უეჭველად დაგავიწყდებათ ყველაფერი, რასაც სკოლაში გასწავლიდნენ.გემახსოვრებათ მხოლოდ ის, რაც სინამდვილეში თავად ისწავლე’’.

   თანამედროვე სასწავლო მოდელი სწორედ ისეთი გარემოს შექმნაზეა ორინტირებული, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება თავად შეძლოს სწავლა, მიაღწიოს მეტაკოგნიციის დონეს. სწორედ ამიტომ ცდილობენ განათლების მკვლევრები ინოვაციურ სასწავლო მეთოდებზე ორიენტირებული საგაკვეთილო პროცესი შემოგვთავაზონ.

ინოვაციური მიდგომები მრავალგვარია, ინტერაქტიური საგაკვეთილო პროცესი მოსწავლის აქტიურ ჩართულობას გულისხმობს, მასწავლებლის როლი მცირეა, იგი მხოლოდ თემის, საკითხის განსაზღვრავს იწყებს, თუმცა პრობლემის ძიებისა და მისი გადაჭრის პასუხისმგებლობა მოსწავლეს ეკისრება.

ინტერაქტიური სასწავლო მიდგომა აერთიანებს: დისკუსიას, დებატებს, პროექტზე მუშაობას, სიმულაციას, თამაშებს, სწავლას კეთებით, შებრუნებული საკლასო ოთახის პრინციპს, როლურ თამაშს. საგულისხმოა აქტივობების ტექნოლოგიებთან დაკავშირება საგაკვეილო პროცესის მოქნილად, საინტერესოდ და სახალისოდ წარსამართად.

ჯონ დიუ ამერიკელი ფსიქოლოგი და განათლების სპეციალისტი განსაზღვრავს, რომ ადამიანი სხვადასხვა სახის ინფორმაციას იმახსოვრებს მაშინ, როდესაც შეუძლია მიღებულის გარდაქმნა სხვადასხვაგვარად.,, სწავლა კეთებით’’ ის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა საკლასო აქტივობების, რომელიც მოსწავლის კოორდინირებულ მუშაობს განაპირობებს. დაწყებით კლასებში მოსწავლეები საბაზისო  სასწავლო უნარ-ჩვევებს ივითარებენ: წერის, კითხვის, ზეპირმეტყველების. ამრიგად, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროცესი სახალისოდ წარმიმართოს. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ამ მიმართულებით განვახორციელე იყო – ,,ჩემი ქალაქი’’, ტექსტზე დაყრდნობით(,,თომა ბავშვთა ქალაქს აშენებს’’) მიმოვიხილეთ ზღაპრის სიუჟეტური ხაზი, იმსჯელეს პერსონაჟთა ქმედებებზე და შემდგომ მიეცათ დავალება შეექმნათ თავიანთი ქალაქი, რომლსაც დაარქმევდნენ სახელს, ექნებოდათ წესები, უნდა განესაზღვრათ ვინ იცხოვრებდა ამ ქალაქში და როგორი ფერის, ფორმის იქნებოდა იგი. აქტივობამ დიდი მოწონება დაიმსახურა, თითოეული ჯგფის წევრი ჩაერთო პროცესში, გადაინაწილეს როლები და შექმნეს მაკეტი, დიორამა მათი ქალაქის. წარადგინეს პრეზენტაციის სახით, ბოლოს კი შეაჯამეს, წინასწარ მომზადებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემით გამოვლინდა რა იყო აქტივობის სირთულე, რა მოეწონათ ყველაზე მეტად და რამდენად სასიამოვნო, სახალისო აღმოჩნდა მათთვის. ამ პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებმა შეძლეს კოლაბორაციული მუშაობა, ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანდნენ, ტექსტის ტრანსფერი მოახერხეს, რაც მათთვის მოტივაციის მომცემი აღმოჩნდა. გამოიმუშავეს შემოქმედებითობის, წარდგენის, პრეზენტირების მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევა.

თანამედროვე სასწავლო სივრცე ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია, დღესდღეობით აქტუალურია შებრუნებული საკლასო ოთახის პრინციპი, რომელიც გულისხმობს მცირე ვიდეო-ლექციის ჩაწერას, მოსწავლე ისმენს ნებისმიერ, მისთვის სასურველ დროს მას და ამუშავებს საკითხს, მომდევნო დღეს კი კლასში მსჯელობენ  ვიდეო-ლექციის ირგვლივ. ამ მიმართულებით საინტერესო აღმოჩნდა დისკუსია წიგნიერების თემაზე. მას წინ უძღვოდა მცირე ვიდეო-ლექცია უმბერტო ეკოს წერილის ,,წიგნი თუ კომპიუტერი’’შესახებ, მოსწავლეებმა მოისმინეს იგი, შემდგომ კი დისკუსიის სახით განსაზღვრეს პრობლემა, იმსჯელეს წიგნიერების დონის დაცემის საკითხზე და მისი მოგვარების გზებზე.  მოსწავლეებმა გამოიმუშავეს მსჯელობის, მოსმენის, ანალიზის უნარ-ჩვევა.

ერთია უშუალოდ მასწავლებელმა შექმნას ვიდეო რესურსი მოსწავლისთვის, თუმცა მეტად მნიშვნელოვანია თავად მოსწავლე ჩაერთოს აპ პროცესში. დღესდღეობით ქართულის ენის გრამატიკის შესწავლა ნაკლებად პოპულარულია, რადგან სამწუხაროდ, აქცენტი კეთდებოდა წესების დაზუთხვაზე და არა პრაქტიკულ გამოყენებაზე. პროცესის სახალისოდ წარსამართად გადაწყვიტე უშუალოდ ისინი ჩამერთო გრამატიკის რესურსის შექმნაში. შესწავლილი საკითხების ირგვლივ ჩაწერეს ვიდეო-გაკვეთილები, რომლებშიც დეტალურად ხსნიან  სხვადასხვა გრამატიკული ასპექტის მნიშვნელობას, მოჰყავთ მაგალითები, აკეთებენ სქემებს, საუბრობენ მეტყველებაში დაშვებეულ შეცდომებზე, ვიდეოშივე აძლევენ დავალებას მათ ,,მოსწავლეებს’’. პროცესი აქტიურად წარიმართა, შეძლოს არა მხოლოდ ვიდეო-გაკვეთილის ჩაწერა, არამედ მისი დამონტაჟებაც. აღნიშნული მასალა აიტვირთა სკოლის ვებ-გვერდზე და სკოლის იუთუბ არხზე, რომლის გამოყენების საშუალება სხვა მოსწავლეებსაც აქვთ.

დღესდღეობით, აქტიურად საუბრობენ, რომ ადამიანი ყველაზე უკეთ მაშინ სწავლობს, როდესაც სხვას უხსნის საკითხს. ამ დროს ემატება თავდაჯერება, თვითრწმენა და ცოდნის სიღრმესაც ავლენს. არაფერს ვიტყვით შინაგანი მოტივაციის გაღვივებაზე, რის შემდეგაც მათ გრამატიკა საინტერესო და სახალისო შესასწავლ მასალად ევლინებათ და არა პირიქით. ჯონსონის მიხედვით კოლაბორაციული სასწავლო მოდელის მთავარი პრინციპია ასწავლოს სხვას, გაუზიარო შენი ცოდნა და გამოცდილება მარტივად და გასაგებად.

ინფორმაციის აკუმულირება, მისი დამუშავება და საერთო მიზნამდე მისვლა რთული პროცესია, თანამშრომლობითი სასწავლო მოდელის განხორციელებისას კი აღნიშნული მარტივდება,  კოლაბორაციული სასწავლო პრინციპის ერთ-ერთი მახასიათებელია სეგმენტური მეთოდის დანერგვა სასწავლო პრაქტიკაში. ჯგუფებად დანაწილებული მოსწავლეები მუშაობენ ერთობლივად, ფორმატი იყოფა იმდენ ნაწილად რამდენი ჯგუფის წევრიცაა გაერთიანებული, ხოლო საერთო ველში იწერება შეთანხმებული, წარსადგენი ვერსია. აღნიშნულის გამოყენებით სახალისო აღმოჩნდა პროექტი-,,გაუკეთე სკოლას რეკლამა’’, რომლის დროსაცმოსწავლეებმა ოთხ სეგმენტად გაანწილეს ფორმატი, თითოეულ მათგანში ჩაიწერა მათი სლოგანის ვერსიები, მსჯელობის შემდგე კი შეარჩიეს საერთო, რომელიც დამუშავდა და ლოგოსთან ერთად რეკლამად ტრანსფორმირდა. აღნიშნული საშუალება დაეხმარა მათ მეტად ორგანიზებულები ყოფილიყვნენ, ჩამოეყალიბებინათ საკუთარი აზრი და მისულიყვნენ კონსესუსამდე, რაც ცხადია თანამშრომლობითი სწავლების ერთ-ერთი საგულისხმო კომპონენტია.

მრავალგვარია ინოვაციური მეთოდები თანამედროვე სასწავლო სივრცეში, მასწავლებლებს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მოსწავლე მაშინ აღწევს დასახულ მიზანს, როდესაც უშუალოდ ის მონაწილეობს აქტივობის განხროციელებაში, უშუალოდ იგი ქმნის პროდუქტს, ჩვენ კი მხოლოდ დამკვირვებლის, ფასილიტატორის როლი გვენიჭება, რომელმაც პროცესი უნდა წარმართოს ირიბად, მოსწავლეებს აუმაღლოს მოტივაცია და გააბედნიეროს ისინი.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. თანამშრომლობითი სწავლა-სწავლება- https://srri.umass.edu/topics/collaborative-group-techniques/
  2. თანამშრომლობითი სწავლება- https://mastsavlebeli.ge/?p=2342
  3. Collaborative learning- https://educationendowmentfoundation.org.uk/education-evidence/teaching-learning-toolkit/collaborative-learning-approaches#:~:text=A%20collaborative%20(or%20cooperative)%20learning,together%20on%20a%20shared%20task.
  4. სასწავლო ტექნიკები: https://futureeducationmagazine.com/21st-century-teaching-methods/
  5. როგორ განვახორციელოთ სასწავლო მეთოდები: https://piogroup.net/blog/20-innovative-teaching-methods-with-examples-how-to-implement-in-education-process
  6. სასწავლო მეთოდები: https://www.splashlearn.com/blog/teaching-methods/

წყარო  https://mastsavlebeli.ge/

წიგნის კლუბის საინტერესო აქტივობა

 წიგნიერების განვითარება თანამედროვე განათლების სისტემის უმთავრესი გამოწვევაა. სირთულეების დასაძლევად  მასწავლებლებს ბევრი ინოვაციური მიდგომის გამოყენება გვიწევს. მინდა  ამ მიმართულებით ჩემი პრაქტიკული გამოცდილება გაგაცნოთ.

ხშირად ვფიქრობდი, როგორ გამეზარდა მოსწავლეთა დაინტერესება  წიგნის კითხვით, როგორ შემეწყო ხელი ჩემი პატარა მოსწავლეებისთვის, კარგ მკითხველებად ჩამოყალიბებულიყვნენ.  ამიტომ როგორც კი საშუალება მოგვეცა და   USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის  ფარგლებში და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  თანამშრომლობით მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარის საჯარო სკოლაში წიგნის კლუბი „საგანძური“ დავაფუძნეთ, მე, როგორც კლუბის კოორდინატორმა, ჩემს პატარა მოსწავლეებთან  ერთად, მაშინვე გადავწyვიტე რამდენიმე პროექტის განხორციელება.  სხვადასხვა ჟანრისა და სირთულის წიგნებმა, რომელთაც თავად ირჩევდნენ მეხუთე-მეექვსეკლასელი მოსწავლეები წასაკითხად, საოცარი შემოქმედებითი  გარემო შექმნა სკოლაში.  გაიზარდა მოსწავლეთა თვითაქტუალიზაციაც.  წიგნის კლუბი  მართლაც შესანიშნავი გზა  აღმოჩნდა სხვადასხვა სახის დისკუსიებში, წაკითხული წიგნის განხილვებსა და სხვა შემეცნებით აქტივობებში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობისთვის.

ძალიან  ლოგიკური და ბუნებრივი იყო  „საგანძურელების“    კალიგრაფიით დაინტერესებაც.  სასწავლო პროცესში კალიგრაფიას  უდიდესი მნიშვნელობა აქვს.   ის არ არის მხოლოდ ლამაზად წერის კულტურა. კალიგრაფია  მოითხოვს ანბანის სწორი მოხაზულობის ცოდნას, დაგეგმარებას, სივრცითი აღქმის უნარის ფლობას, წვრილი მოტორიკის სინატიფეს,  თვალ-ხელის სწორ კოორდინაციას, ნებისყოფას. ეს უნარები ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლისათვის. შესაბამისად,  იდეა  მაშინვე ავიტაცე და     შემდგომი აქტივობაც დავგეგმე:

  • კალიგრაფიის ისტორია

ლუბის ერთი შეხვედრა  კალიგრაფიის მნიშვნელობაზე,  მის  ისტორიულ განვითარებასა და სხვადასხვა დროს მის  გამოყენებაზე საუბარს დაეთმო:  აღინიშნა, რომ  ქართულ ენას სამი სახის გრაფიკული გამოსახულება აქვს: ასომთავრული, ნუსხა-ხუცური და მხედრული. საუკუნეების მანძილზე ჩვენი წინაპრები ანბანის დაწერას ყოველთვის დიდ  ყურადღება აქცევდნენ. ყველას არ შეეძლო ყოფილიყო გადამწერი, ამ საქმეს მაღალი დონის ოსტატები ჭირდებოდა. სამწუხაროდ, კალიგრაფიის მნიშვნელობამ დღევანდელ ციფრულ სამყაროში თითქოს მნიშვნელობა, ფუნქცია დაკარგა. ხელით წერა დიდწილად ჩანაცვლდა კლავიატურული წერით. პრაქტიკა ხელით წერისა დღითი დღე აქტუალობას და საჭიროებას კარგავს. ეს კი საფრთხეს უქმნის ამ  უნიკალური ისტორიული   მნიშვნელობის დარგს, რომ  სამუდამო დავიწყებას  არ მიეცეს; შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, გამოიკვეთა, რომ ქართული დამწერლობა ჩვენი ისტორიულკულტურული  ღირებულებაა. ამან კიდევ უფრო გაზარდა   კალიგრაფიით  მოსწავლეთა დაინტერესება და გადაწყდა, სკოლის წიგნის კლუბში კალიგრაფი მოგვეწვია.

  • კალიგრაფი სკოლაში

უნიკალური ნამუშევრების ავტორის, კალიგრაფ მარიამ რაზმაზიშვილის სტუმრობამ  ნახატრის წიგნის კლუბში მოსწავლეთა საოცარი  ინტერესი და   ჩართულობა გამოიწვია. მარიამმა დაწვრილებით ისაუბრა კალიგრაფიის  ყველა მნიშვნელოვან  საკითხზე, კალიგრაფიის ისტორიაზე,  თუ როგორ იყენებდნენ ადრეულ ეტაპზე ჩვენი გადამწერები, სწავლულები მელანს და ფრინველის ფრთას საწერად, შემდგომ კალმის წვერს.

წიგნის კლუბში მარიამ რაზმაზიშვილი უნიკალური ნამუშევრების გამოფენაც გაიმართა, ყველა მოსწავლეს საშუალება ჰქონდა, ახლოდან გაცნობოდა კალიგრაფიის ძირითად მახასიათებლებს და ტექნიკებს –  მელნითა და საწერი კალმით წერის ტექნიკას. ბავშვებს საშუალება ჰქონდათ, თვითონაც დაეწერათ ცალკეული სიტყვები და ფრაზები  ამ ნივთების გამოყენებით

მარიამის მასტერკლასმა ლამაზად წერაში კლუბის წევრების  ისეთი საოცარი ემოციები გამოიწვია, რომ წიგნის მკითხველთა კლუბში დაიგეგმება სასკოლო კონკურსიც კალიგრაფიაში.

  1. კალიგრაფიის კონკურსი სკოლაში

კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობა მიიღო კლუბის ყველა წევრმა. მონაწილეები გაერთიანებული იყვნენ შიდა ჯგუფებში. ჯგუფის მონაწილეებს ევალებოდათ ფლირჩატებზე ჩამოეწერათ  წაკითხული წიგნიდან (მოცემულ შემთხვევავში – ,,პოლიანა”) მათთვის საინტერესო ფრაზები და გამონათქვამები. მოსწავლეებმა ძალიან გულდასმით შესრულებული ნაშრომები წარმოადგინეს, იგრძნობოდა მასტერკლასიდან მიღებული ცოდნა, ინტერესი და  მოტივაცია (იხ. სურათი).

წიგნის კლუბში მუშაობამ ხელი შეუწყო შემოქმედებითი და აკადემიური უნარების განვითარებას, მოსწავლეთა სოციალიზაციას, მეტი ხალისიანი ელფერი შესძინა სასწავლო პროცესს და  უჩვეულოდ გამოაცოცხლა სასკოლო ცხოვრება.

 წყარო https://mastsavlebeli.ge/

არდადეგების წინა კვირა

 ჩემი დაკვირვებით, ზოგადად დამკვიდრებული ტენდენციის მიხედვით, ბავშვები გადაწყვეტენ, რომ არდადეგების წინა კვირას სკოლაში სიარული არ ღირს, რადგან „გაკვეთილები წესიერად აღარც უტარდებათ“ (ასე ამართლებენ ხოლმე თავიანთ გადაწყვეტილებას მშობლებთან).

როცა მომქანცველი ყოველდღიური სწავლა-სწავლების პროცესში გვირაბის ბოლოს სინათლესავით მოჩანს არდადეგები, ბუნებრივია, რომ სინათლის მოახლოებასთან ერთად, ორივე მხარის სამუშაო განწყობა, მოტივაცია, საქმეზე კონცენტრაცია დაბლა იწევს და მოსწავლეებისა თუ მასწავლებლების ტვინები ჩუმი განგაშის სიგნალებს რთავენ: დასვენება, დასვენება, დას-ვე-ნე-ბა…

 

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ასეთ დროს ისეთი, რომ უკვე ჩვეული რიტმიდან გამოსული მოსწავლეები არ დავსტრესოთ, მაგრამ არც იმის განცდა გავუჩინოთ, რომ ტყუილად დადიან სკოლაში. რით შეიძლება გავხადოთ ეს დღეები ერთნაირად სასიამოვნო, პირველ რიგში, მოსწავლეებისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც?

 

თავდაპირველად ჩამოვთვლი, ჩემი აზრით, რა არ შეიძლება დავგეგმოთ და მოვიტოვოთ არდადეგების წინა კვირისთვის:

 

შემაჯამებლები – როგორც უკვე აღვნიშნე, არდადეგების მოახლოებასთან ერთად მოსწავლეები მარტივად გადადიან „დასვენების რეჟიმში“ და როცა ამ დროს საპასუხისმგებლო რამ აქვთ გასაკეთებელი, გაორმაგებული ძალისხმევა სჭირდებათ მოსამზადებლად, დავალებაზე კონცენტრირებისთვის. არ დაგვავიწყდეს, ჩვენი განწყობაც ასეთია და გასასწორებელი შემაჯამებლები აუცილებლად შემაწუხებელ ტვირთად იქცევა. თანაც, დიდი ალბათობით, ვეღარ მოვასწრებთ სათანადო რეფლექსიას, ვერ დავუბრუნებთ მოსწავლეებს უკუკავშირს, რა გამოუვიდათ, რა უნდა გაეკეთებინათ უკეთ და ა.შ. ან მივაწვდით და არ მოგვისმენენ ისე, როგორც საჭიროა ხოლმე.

 

ნიშნის გამოსასწორებელ-ასამაღლებელი დავალებები – ამ დროს ვორიენტირდებით მხოლოდ იმ მოსწავლეებზე, რომლებსაც ეს პრობლემა აქვთ და დანარჩენებისთვის საგაკვეთილო პროცესი მოსაწყენი ხდება ნაკლები ჩართულობის გამო, ამიტომაც შეიძლება იფიქრონ, რომ „აღარ ღირს სკოლაში სიარული“. ნამდვილად სჯობს, ამ პრობლემის მოგვარებას ბოლოს წინა კვირები დავუთმოთ.

 

მეორე უკიდურესობაა და ასევე გაუმართლებელია, მოსწავლეებს მივცეთ სრული თავისუფლება, გაკვეთილებზე აკეთონ ის, რაც მათ სურთ (ძირითადად, სურთ ტელეფონებში ჩაძრომა, რასაც სახლშიც მშვენივრად ახერხებენ), ჩვენ კი სემესტრის ბოლოს აუცილებლად მოსაგვარებელ ბიუროკრატიულ საქმეებს მოვახმაროთ ეს დრო.

 

რა შეიძლება, გავაკეთოთ ამ ყველაფრის საპირისპიროდ ისე, რომ ბავშვებმა ჩათვალონ, არდადეგების წინა დღეებშიც ღირს სკოლაში სიარული, რადგან სახალისო, სასიამოვნო, საინტერესო რამეები ელოდებათ და ჩვეულებრივზე მეტად თავისუფლებიც იქნებიან?

 

გადატვირთული სასწავლო პროგრამების გამო, არაფორმალური აქტივობებისთვის დროის გამონახვა წლის განმავლობაში ნამდვილად ჭირს. ტრადიციულად, სემესტრის ბოლოს სკოლებში ძირითადად დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა ზეიმები და კონცერტები ეწყობა, რაც, ჩემი აზრით, კარგია, მაგრამ ნამდვილად არაა საკმარისი. ამიტომაც ვფიქრობ, ალბათ, ყველაზე კარგია, თუ სკოლის დირექციის სტრატეგია იქნება, მთლიან სკოლაში შეიქმნას თავისუფალი და თან შემოქმედებითად დატვირთული ატმოსფერო შემდეგი ღონისძიებებით:

 

  • დაიგეგმოს სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებები კლასებს შორის, იქნება ეს ფიზიკური აქტივობები (რასაც მოკლებული არიან განსაკუთრებით საბაზო-საშუალო საფეხურების მოსწავლეები) თუ ინტელექტუალური თამაშები (მაგალითად, „რა? სად? როდის?“ სხვადასხვა საგნის ინტეგრირებით, ლიტერატურული თამაშები…);
  • კინოჩვენებები დისკუსიასთან ერთად – გაერთიანებული კლასებისთვის;
  • საჯარო დებატები სხვადასხვა საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე (მოქალაქეობა, ისტორია…);
  • გაკვეთილები საკლასო ოთახის კედლებს მიღმა და ა. შ.

 

სკოლის დირექციისა და ყველა საგნის მასწავლებლის ერთიანი ძალისხმევით, მათი ხელმძღვანელობით, მოსწავლეები თავად დაგეგმავენ და მოამზადებენ თავისთვისვე სასურველ აქტივობებს. სახალისო, საინტერესო პროცესი და შედეგი კი ნამდვილად აფიქრებინებს უმეტესობას, რომ ბოლო დღეებში ნამდვილად არ ღირს სახლში დარჩენა. მით უმეტეს, გამყარდება მათი შეხედულება-დამოკიდებულებები, თუ ეცოდინებათ, რომ მსგავსი ღონისძიებები უკვე ტრადიციაა მათ სკოლაში.

 

თუ ამ საერთო ღონისძიებების მოწყობა ვერ ხერხდება მიზეზთა გამო, მაშინ, ალბათ, თითოეული საგნის მასწავლებელმა, თავისი საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე თავის გაკვეთილზე უნდა დაგეგმოს მცირე აქტივობები.

 

მაგალითად, იმავე ინტელექტუალური თუ ლიტერატურული თამაშების ჩატარება და კინოჩვენებების მოწყობა კონკრეტულ კლასთანაც შეიძლება. ასევე ძალიან ეფექტურია მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა და შემეცნებითი ვიდეოების ყურება, რომლებსაც საგაკვეთილო დროში მოვასწრებთ და კარგი იქნება, თუ რაიმე აქტივობასაც დავურთავთ.

 

ასევე, ძალიან სახალისოა მოსწავლეებისთვის ონლაინპლატფორმა https://create.kahoot.it/creator -ის საშუალებით მომზადებული ერთგვარი შემაჯამებელი ტესტი-თამაში, რომელიც უკვე განვლილ საკითხებზე იქნება აგებული (რა თქმა უნდა, თუ შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერა არსებობს სკოლაში: პროექტორი, ინტერნეტი და მობილურები). ამ ონლაინპლატფორმაზე მასწავლებელი თავად ქმნის სასურველ თემაზე დახურულ კითხვებს პასუხებითურთ, რომლებსაც მოსწავლეები თავიანთი მობილურებიდან უპასუხებენ. ეს აქტივობა მოსწავლეებს შეახსენებს, რაც უკვე ისწავლეს და შეცდომების შემთხვევაში, მასწავლებლის ზეპირი განმავითარებელი კომენტარი კიდევ უფრო კარგად გაააზრებინებს უკვე ნასწავლს. შეიძლება, დავაწესოთ სიმბოლური პრიზებიც.

 

ასევე, მოსწავლეებისთვის ძალიან სასარგებლო და საინტერესოც იქნება აქტივობები, რომლებიც მათ თვითშეფასებასა და ურთიერთშეფასებაზე იქნება მორგებული. ეს თვითშეფასება ან ურთიერთშეფასება შეიძლება ეხებოდეს მათ მოტივაციასა და ჩართულობას სემესტრის განმავლობაში, ან ზოგადად, შევაფასებინოთ საგაკვეთილო პროცესი, რაც დაგვეხმარება, სამომავლოდ უკეთესად დავგეგმოთ ჩვენი გაკვეთილები, გამოვასწოროთ ხარვეზები. გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს:

 

ა) დაასრულე წინადადებები ლოგიკურად, საკუთარ თავსა და სწავლის პროცესზე დაკვირვებით. (ეს არის წერითი დავალება, რომელსაც გაკვეთილზე, განსაზღვრულ დროში აკეთებენ და იქვე კითხულობენ).

განვლილი მასალის სწავლისა და დამუშავების პროცესში:

  • საინტერესო იყო…
  • ყველაზე უკეთ გამომივიდა…
  • ჩემი განწყობა…
  • მე ვისწავლე…
  • რთული აღმოჩნდა…
  • მე ახლა შემიძლია…
  • ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ…
  • დავალება, რომელიც…
  • სახალისოდ მეჩვენა აქტივობა, რომელიც…
  • კლასელს დავეხმარე….
  • კლასელი დამეხმარა…
  • სამომავლოდ ვისურვებდი, რომ…

ბ) ასევე მოსწავლეებს მოსწონთ ბლიცინტერვიუ, რომელიც ასევე ფრაზებზეა აგებული: საკლასო ოთახში საგანგებოდ გამოყოფილ ადგილას დგას ორი სკამი, რომლებზეც სხდებიან რესპონდენტი და ინტერვიუერი. მოსწავლეები ნებაყოფლობით გამოდიან და იმართება ბლიცინტერვიუ ან მასწავლებლის დახმარებით (თავდაპირველად ასე სჯობს), ან მხოლოდ მოსწავლეების ჩართულობით. ხშირად მქონია შემთხვევა, რომ მოსწავლეებს თავად უთხოვიათ, მეც მეპასუხა მოწოდებული კითხვებისთვის – ანუ ჩემი აზრი, განწყობა, დამოკიდებულებაც საინტერესოა მათთვის და ეს რამდენიმე ფრაზა გვეხმარება ერთმანეთის უკეთ დანახვაში:

  • მინდა ვისწავლო…
  • არასოდეს მნდომებია…
  • ჩემი აზრით…
  • მინდოდა, მეცადა…
  • არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც…
  • მწვერვალებს დავიპყრობდი, თუ…
  • წიგნი ან ფილმი, რომელმაც შთამაგონა…
  • რომ არა სამეგობრო…
  • ოჯახთან ურთიერთობით…
  • ვთვლი, რომ სკოლა…
  • არდადეგები რომ დაიწყება…

 

გ) წინასაახალწლოდ ერთნაირად კარგად იმუშავა ყველა საფეხურზე სტრატეგიამ – 3,2, 1 – შემდეგი ფორმით:

 

  • დაწერეთ 3 მნიშვნელოვანი ან სასიამოვნო მომენტი თქვენი ცხოვრებიდან, რომლებიც 2023 წელს მოხდა;
  • გაიხსენეთ 2 არასასიამოვნო შემთხვევა, სიტუაცია, რომლის გამოსწორებასაც ისურვებდით.
  • დაწერეთ, რას გეგმავთ 2024 წელს ისეთს, რაც თქვენს ცხოვრებას უფრო სასიამოვნოსა და საინტერესოს გახდის.

 

ერთი შეხედვით, სამი მარტივი საკითხი ერთნაირად დასაფიქრებელი აღმოჩნდა სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებისთვის. ამ აქტივობამ გამოააშკარავა, რომ უმეტესობას არა აქვს ჩვევა, შეაფასოს, რა და როგორ გააკეთა, რა უნდა გამოასწოროს და არ გეგმავს უახლოეს მომავალსაც კი. კარგი იქნება ამ აქტივობის შესრულებისასაც თუ თავად მივცემთ მაგალითს, განსაკუთრებით მე-5-6 -კლასელებს.

 

კიდევ ბევრი რაიმეს მოფიქრება შეიძლება, ისევ ჩვენს ფანტაზიასა და შემოქმედებითობაზეა დამოკიდებული (როგორც ყოველთვის), მაგრამ არ დაგვავიწყდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, დაგეგმილი აქტივობების შესახებ მშობლებსაც გავაგებინოთ, რათა არ შეექმნათ ცრუ წარმოდგენები ვითომდა უსარგებლო დღეებზე და თავიანთ შვილებს უნებურად პასიურობისკენ არ უბიძგონ.



წყარო https://mastsavlebeli.ge/

ციფრული ხელსაწყოების დანერგვა სასწავლო პროცესში

 ციფრული სამყარო სულ უფრო სწრაფად იკავებს ცენტრალურ ადგილს სწავლისა და სწავლების პროცესში. თუკი ადრე მხოლოდ სახელმძღვანელოები და ნაბეჭდი რესურსები გვქონდა და სწავლა მეტ-ნაკლებად რუტინული იყო, დღეს შესაძლებლობების მრავალფეროვანი არჩევანი თითქოს ხელისგულზე გვაქვს. მასწავლებლებს შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენს მოსწავლეებს ისეთი კომპეტენციების შეძენაში, რომელიც მათ სამომავლო ცხოვრებას გაამარტივებს ამ ციფრულ სამყაროში. ვიცით, რომ ციფრული ტექნოლოგიები თანდათანობით მოიცავს ყველა დარგს და გავლენას ახდენს ყველა პროფესიაზე.

მასწავლებლის მიერ სწორად დაგეგმილი გაკვეთილი კი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს XXI საუკუნის გამოწვევებს მომზადებულნი შეხვდნენ. სწორედ ამ გამოწვევების გათვალისწინებით და ჩემი მოსწავლეების საჭიროებებზე დაყრდნობით ვგეგმავ ისეთ აქტივობებს, რომლებიც მათ სამომავლო ცხოვრებაშიც გამოადგებათ. ყველა მასწავლებლის სურვილია მათმა მოსწავლეებმა ცოდნის და უნარების ტრანსფერი რეალურ ცხოვრებაში წარმატებით მოახდინონ.
ციფრული წიგნიერების გავრცელება საკლასო ოთახებსა და სასკოლო სივრცეში დღითიდღე მნიშვნელოვანი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის სკოლებში მეტ-ნაკლებად ხელშემწყობი გარემოა ციფრული რესურსების შესაქმნელად, მასწავლებელთა უმეტესობა მაინც ახერხებს ინოვაციური სასწავლო რესურსების შექმნას და გაზიარებას.
მზარდი ციფრული სამყარო არაერთ შესაძლებლობას გვთავაზობს, თუმცა სიახლეებს გარკვეულწილად რისკებიც ახლავს. ერთის მხრივ, მოსწავლეებს დღეს ბევრად მარტივად მიუწვდებათ ხელი ინფორმაციაზე ონლაინ სივრცეში, მეორეს მხრივ კი ამ ინფორმაციის სწორად მოძიების, დამუშავების და გამოყენების საჭიროება იჩენს თავს. მასწავლებლის, როგორც ფასილიტატორის როლი გადამწყვეტია. ჩემს მოსწავლეებთან ერთად მუდმივად ვმუშაობ კიბერუსაფრთხოების საკითხებზე. ვაცნობიერებ რამდენად მოწყვლადი შეიძლება იყონ ციფრულ სივრცეში. პრევენციის მიზნით, ვგეგავ და ვახორციელებ უამრავ აქტოვობას ამ მიმართულებით.
პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში, მასწავლებლები უდავოდ ვიმყოფებით სიახლეების ეპიცენტრში, ამ მხრივ არც ციფრული წიგნიერება რჩება უყურადღებოდ. სასწავლო წლის მანძილზე პროგრამა აქტიურად გვთავაზობს ტრენინგებს ამ მიმართულებით, მიმდინარე სასწავლო წელს გავიარეთ ხანგრძლივი ტრენინგ- კურსი „ციფრული ხელსაწყოების გამოყენება სასწავლო პროცესში“ კურსი მიზნად ისახავდა საგანმანათლებლო ციფრული რესურსების გაცნობას, შექმნას და დანერგვას. ტრენინგის ფარგლებში გავეცანით ისეთ საგანმანათლებლო რესურსების შესაქმნელ ვებ გვერდებს როგორიცაა : animaker.com, seesaw.com , iseazy.com.
ტრენერი მასწავლებლებს გვთავაზობდა კონკრეტულ და პრაქტიკულ რჩევებს, რის შედეგადაც უამრავმა პედაგოგმა მოახერხა საკლასო სივრცის მეტად გაციფრულება. პირადი გამოცდილებით მინდა ავღნიშნო, რომ iseazy.com ჩემი აღმოჩენაა, რამაც საშუალება მომცა ჩემი მოსწავლეების მოტივაცია და ჩართულობა ბევრად გამეზარდა.
Iseazy- პრეზენტაციის პლატფორმა მასწავლებლებს საშუალებას აძლევს კოლაბორაციული, ხოლო მოსწავლეებს მეტად ინტერაქტიული სწავლების შესაძლებლობას. შეგვიძლია შევარჩიოთ ჩვენი კლასისთვის შესაფერისი თემატიკა და მოვიფქროთ როგორ ჩავშალოთ საკითხი. მარტივი და სახალისო დავალებების თუ თამაშების შესაქმნელად ეს პლატფორმა იდეალური გამოსავალია.
https://www.iseazy.com საიტზე რეგისტრაციის გავლისას აირჩიეთ ავტორის (Author) სტატუსი

მიუთითეთ ელექტონული ფოსტა და პაროლი, რეგისტრაციის დასასრულებლად გადიდით ფოსტაზე მითითებულ ბმულზე.


საიტზე შესვლის შემდეგ შექმენით ახალი პროექტი (უფასო ვერსიაში სამი პროექტის შექმნის საშუალებას იძლევა და თითო პროექტში 25 სლაიდის დამატებას).

მიყევით ნაბიჯებს აირჩიეთ კურსი, შაბლონი და მიანიჭეთ კურს სახელი.

გაწერეთ თემატურად გვერდები და ქვეგვერდები.
გიზიარებთ ერთი გაკვეთილის ირგვლივ შექმნილ, მრავალჯერადად გამოყენების სასწავლო რესურსის ნიმუშებს. გაკვეთილის მიზანი იყო ზედსართავი სახელი, მისი წარმოება და თავისებურებები წარმოება ინგლისურ ენაში.
კურსში შესაძლებელია თეორიული და ვიზუალური (ფოტო, ვიდეო ) მასალის განთავსება, ასევე ბმულების ჩამატება, ხოლო შემდეგ თეორიული მასალის გასამტკიცებლად მრავალფეროვანი სავარჯიშოების და თამაშების შექმნა.
მნიშვნელოვანია, რომ რესურსის გახსნა ნებისმიერი მოწყობილობით არის შესაძლებელი, რაც საიტის სერვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის მოსწავლეებისათვის.
1. შესაბამისობების დადგენის დავალება ( iseazy.com)

2. არჩევით პასუხებიანი დავალება, რომელსაც მასწავლებელი წინასწარ ამზადებს გაკვეთილის თემიდან გამომდინარე, ეს ხელს უწყობს ახალი შესასწავლი მასალის განმტკიცებას სახალისო გზით.

პრეზენტაციის მომზადებისას შეგვიძლია ჩვენთვის სასურველი ფოტოს ჩასმა ან თვითონ ადგილობრივად მარაგიდან არჩევა, რაც ვფიქრობ ბევრად მოსახერხებელია.

3. პრეზენტაციაზე მუშაობისას შეგვიძლია ერთ სლაიდზე რამოდენიმე სახის აქტივობების ჩასმა, ჩემს შემთხვევაში მოცემულ სლაიდზე მაქვს ჩაშენებული რამოდენიმე ლინკი, რათა წინასწარ მზად მქონდეს გაკვეთილისთვის რესურსი და დრო არ დავკარგო. ვფიქრობ ეს ფუნქცია ძალიან მოსახერხებელია.

4. მოსწავლეებისთვის რესურსის ვიზუალიზაციას დიდი მნიშვნელობა აქვს, მოცემულ სლაიდზე თავმოყრილია ის ნახატები რომელიც გაკვეთილის შესავალში გამოვიყენე თემის გასაცნობად. მრავალფუნქციური , საინტერესო და სახალისო დავალებების თავმოყრა ერთ სივრცეში შემიძლია iseazy – პლატფორმის საშუალებით.

კიდევ ერთი ძალზედ საინტერესო ონლაინ სასწავლო პლატფორმაა animaker -ი
ეს პლატფორმა საშუალებას გვაძლევს მოსწავლეებთან ერთად შევქმნათ პატარა ანიმაციური ვიდეო, ჩვენი სასურველი პერსონაჟებით. პერსონაჟების გახმოვანება თავად მოსწავლეებს შეუძლიათ.
თემა შეგვიძლია შევარჩიოთ და მის ირგვლივ შევქმნათ პატარა ანიმაციური ვიდეო, მოსწავლეებს მსგავსი აქტივობა ეხმარება თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანაში, უვითარებს საუბრის უნარ-ჩვევას.

https://www.animaker.com საიტზე რეგისტრაციისათვის ვირჩევთ ღილაკს Login in

რეგისტრაცია გაიარეთ თქვენთვის სასურველი მომხმარებლით, თუმცა გირჩევთ Gmail – ის ფოსტით ავტორიზაციას

ანიმაციური ვიდეოს შექმნა შეგიძლიათ, როგორც Blank Page სუფთა გვერდიდან, ასევე Template შაბლონებიდან.

მოცემულ სლაიდზე ცარიელ ფურცელზე შეგვიძლია გადავიტანოთ ჩვენთვის სასურველი ფონი, რომელიც ასევე საიტის ბიბლიოთეკიდან ირჩევთ. მოსწავლეები დიდი ინტერესით ირჩევენ პერსონაჟებს მათი სურვილის და გემოვნების მიხედვით.

ჩვენს მიერ შექმნილი ვიდეოში აქცენტი გამახვილებულია ზედსართავი სახელის ხარისხების გამეორება-შესწავლაზე, ამიტომ ჩვენი პერსონაჟების დიალოგიც ამ მიმართულებით წარიმართა.

მოცემული ორი ონლაინ სასწავლო პლატფორმის გამოყენებით ჩვენი გაკვეთილი ძალიან საინტერესო, განსხვავებული და ინტერაქტიური გამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ ციფრული რესურსების გამოყენება მოსწავლეების უმეტესობას ახალი სასწავლო მასალის უკეთ ათვისებაში ეხმარება, ხედავენ, აკეთებენ და მონაწილეობენ პროცესში.


წყარო https://mastsavlebeli.ge/