მასწავლებელი და მოსწავლე პირობითი ცნებებია, რადგანაც მასწავლებელიც მთელი ცხოვრება სწავლობს, მათ შორის ბევრ რამეს – საკუთარი მოსწავლეებისგანაც.
,,მე თქვენ გამო უამრავ რამეს ვსწავლობ”, – მადლიერებით მითქვამს ჩემი მოსწავლეებისათვის და ეს გულწრფელი სიტყვებია. რომ არა ისინი, შესაძლოა, საკუთარი ინტერესების გამო არ მომეძებნა ახალი ინფორმაციები და ლიტერატურა, არ გამეხსენებინა ძველი, წლების წინ ნასწავლი და დავიწყებული, არ გადამეშალა ისტორიისა და ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოები და ა.შ.; ბოლოს და ბოლოს, არ დამეწერა სასკოლო სახელმძღვანელო.
ბევრ რამეს უშუალოდ მათგანაც ვსწავლობ: გაკვეთილი ხომ შემოქმედებითი პროცესია, როცა მასწავლებლის თავში ყველაზე საინტერესო აზრები იბადება. ამ აზრების თანაშემოქმედნი მოსწავლეები არიან. ისინი გვაიძულებენ, ნაცნობ, გათავისებულ, ზოგჯერ აქსიომად ქცეულ მოსაზრებას ახალი თვალით შევხედოთ, სხვა მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ვეძებოთ, მათთან ერთად ახლებური დასკვნები გავაკეთოთ.
რამდენიმე დღის წინ გურამიშვილს ვკითხულობდით:
,,მაშინ იხარებს მწიდნავი, ოდეს მოისთვლის მტევნებსა,
ეგრეთ მოსწავლე სწავლასა რა სრულყოფს, განისვენებსა.”
მე სიტყვა ,,მწიდნავის” მნიშვნელობას ვუხსნი, მათ ის უფრო აინტერესებთ, კონკრეტულად როდის სრულყოფს მოსწავლე სწავლას და როდის მოისვენებს. მე არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი, რადგან ვიცი, ეს არ იქნება არც სკოლის დასრულების შემდეგ, არც – უმაღლესი სასწავლებლის, არც – დოქტორანტურის. იქნებ უმჯობესია, ვუთხრა ძველი და მართალი აზრი, რომ სწავლა სიბერემდეა.
ერთადერთი, რითიც შემიძლია ვანუგეშო, ისაა, რომ სწავლის პროცესი დასაწყისშია მწარე და შემდეგ ნელ-ნელა – მათთვის, ვინც გემოს გაუგებს – ,,გატკბილდების” (ოღონდ ვაზუსტებ, რომ ,,გატკბილებაც” სწავლის პროცესს უკავშირდება და არა – შედეგს).
ვერ ვიტყვი, რომ ამ ახსნა-განმარტებით დიდად არიან აღფრთოვანებულები (ზოგი პროტესტსაც კი გამოთქვამს); არადა, რა მშვენივრად გაიგეს ოთხი სტროფის წინ წაკითხული ტაეპი: ,,ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი. . .” არც კითხვა დაუსვამს ვინმეს, არც უკმაყოფილება გამოუხატავს.
სასკოლო ცხოვრება თავისი გზით მიდის – თავისი წარმატებებითა და დაბრკოლებებით. ყველაზე სერიოზული და თვალსაჩინო მიღწევა, რომელიც თანამედროვე სკოლაშია ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების თვალსაზრისით, ისაა, რომ მოსწავლე დადგა ლიტერატურული ტექსტის შესწავლის აუცილებლობის წინაშე და მას აღარ უწევს ტექსტის შესახებ საყოველთაოდ დაკანონებული მოსაზრებების დაზეპირება. მოსწავლე იძულებული გახდა, მიეჩვიოს თხზულების დაწერას, რადგან აღარაფერში გამოადგება ის თემების რვეული, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემოდა მშობლებიდან შვილებს, შვილებიდან – შვილიშვილებს. სკოლებში ნელ-ნელა ქრება ,,შპარგალკის” ცნება. მოსწავლემ გაიგო, რომ ქართული ენა მხოლოდ გრამატიკა არაა და რომ არსებობს ლექსიკისა და სტილისტიკის საკითხები. მოსწავლე მიხვდა, რომ ცოდნის გარეშე ეროვნული გამოცდების ჩაბარება შეუძლებელია. . .
მასწავლებელიც დარწმუნდა, რომ მის წინაშე ახალი მოთხოვნებია. მასაც ბევრი რამის შესწავლა სჭირდება, რათა მუდმივად ,,ფორმაში იყოს”.
პირველ რიგში, საჭიროა ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამის გაცნობა. მასწავლებელმა ზუსტად უნდა იცოდეს ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მიზანი, ამოცანები, მიმართულებები, იმისათვის, რომ ქაოსურად და ფრაგმენტულად არ წარიმართოს სწავლების პროცესი. მას ზუსტი ორიენტირები უნდა ჰქონდეს და საკუთარი სურვილებისა და ინტერესების მიხედვით არ უნდა მოქმედებდეს.
არის შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი მასწავლებელი უგულებელყოფს ენის სწავლებას, ზოგიერთი საერთოდ არ აწერინებს მოსწავლეებს თხზულებებს, ზოგიერთი კი მხოლოდ თავისი საყვარელი მწერლის შემოქმედებას ასწავლის. ამ ტიპის სწავლება მოსწავლეთა უნარ-ჩვევებს თანაბრად ვერ ავითარებს. მოსწავლეთა თხზულებების გასწორებისას ეროვნულ გამოცდებზე მკაფიოდ იკვეთება სწავლების პროცესის ნაკლოვანი მხარეები. ზოგჯერ გვხვდება საკმაოდ საინტერესო, ორიგინალურად დაწერილი თხზულება, რომელიც ენობრივად იმდენად ,,ხორკლიანია”, რომ ხვდები, ამ თვითნაბად აზრებს არასოდეს მიჰკარებია ენობრივი შალაშინი და მისი ავტორი არც საინტერესო მოსაზრებების არგუმენტირების უნარ-ჩვევას ფლობს. ეს უკვე სწავლების ნაკლია, რომელიც მეტწილად პედაგოგთა კვალიფიკაციის პრობლემას უკავშირდება.
მეორე, რასაც მასწავლებელი ყოველდღიურად უნდა ხვეწდეს, საგნის ცოდნაა. დამეთანხმებიან ყველაზე გამოცდილი პედაგოგები, რომელთაც არაერთხელ წაუკითხავთ კლასიკური ტექსტები, რომ ყოველი ახალი წაკითხვისას ახალი ნიუანსები, ახალი ქვეტექსტები, კონკრეტული დროისა და ეპოქის შესატყვისი ახალი ქვედინებები დაუნახავთ მათში. კლასიკური ტექსტების თანამედროვე წახნაგებით წარმოჩენა არის ის უმთავრესი გზა, რომლითაც ისინი გაკვეთილზე შეაქვს პედაგოგს, რათა მოსწავლეს მისთვის საინტერესო და ახლობელი პრობლემებიდან სხვა, ზოგჯერ უფრო ღირებული და მნიშვნელოვანი ფასეულობები დაანახოს, აგრძნობინოს, რომ ეს ,,ძველი” ტექსტები მარადიულად ,,ახალია”. ასეთი სწავლება ხელს შეუწყობს მოზარდს საკუთარი თავისა და გარემომცველი სამყაროს უკეთ შეცნობაში. როგორც გურამიშვილი ამბობს:
,,ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო,
ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო. . .”
პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებმა აჩვენა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია მასწავლებლების ლინგვისტური ცოდნის სრულყოფის საკითხი. იმედია, ამ ნაწერების ანალიზი კეთდება და გამოჩნდება ის რეალობა, რომელიც დღეს სკოლებშია და პედაგოგთა კვალიფიკაციის სტრატეგიაც შესაბამისად განისაზღვრება.
პედაგოგთა ერთ ნაწილს აღიზიანებს ახალი ავტორებისა და ახალი ნაწარმოებების შეტანა სახელმძღვანელოებში, რადგან მათი შესწავლა, გააზრება, პრობლემათა წარმოჩენა და მოსწავლეებამდე მიტანა გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს. ძველი, შეჩვეული სახელმძღვანელოების ნოსტალგია ამითაც არის განპირობებული. სასურველია, პედაგოგებს დავეხმაროთ სიახლეთა დაუფლებაში. სახელმძღვანელოთა ავტორები მათ, ძირითადად, მხოლოდ ახალი წიგნების პრეზენტაციისას ხვდებიან. უნდა გავმართოთ მასწავლებელთა კონფერენციები, სადაც კოლეგებს ერთმანეთის მოსმენის, სასკოლო სახელმძღვანელოებში შესული ახალი ტექსტების სწავლების გამოცდილების გაცნობის საშუალება ექნებათ. პედაგოგები უნდა ხვდებოდნენ ლიტერატურათმცოდნეებს, ენათმეცნიერებს, უნდა ეცნობოდნენ უახლეს კრიტიკულ ლიტერატურასა და ენათმეცნიერულ გამოკვლევებს, სპეციალისტებისაგან რჩევა-დარიგებებს უნდა იღებდნენ.
ახალი მეცნიერული გამოკვლევების გაცნობა პედაგოგთა პროფესიული დაოსტატების აუცილებელი პირობაა. ყველაზე ცნობილ და სახელმოხვეჭილ ლიტერატურათმცოდნეთა ნაშრომებიც კი (რომლებიც, გარკვეულწილად, საბჭოთა პერიოდის იდეოლოგიითაა დაღდასმული) სრულფასოვნად ვერ პასუხობს თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს. სიახლეებს ჩამორჩენილი პედაგოგი კი ვეღარ ახერხებს, გააცნობიერებინოს მოზარდს ეროვნული კულტურის ღირებულება, აჩვენოს მისი კავშირი ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებთან, ჩამოუყალიბოს ტექსტის შემოქმედებითად აღქმის უნარი.
რა თქმა უნდა, ყურსაც და გულსაც ცუდად ხვდება ტერმინი ,,ჩამორჩენილი პედაგოგი”, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ჩვენი რეალობაა, ამას ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს. ამ მიზეზებს კვლევა და შეფასება სჭირდება.
თუ პედაგოგი კარგად არ ფლობს იმ მასალას, რომელიც უნდა ასწავლოს, ამაოა საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა ასწავლოს. როგორ ასწავლო – ეს არის ერთ – ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი თანამედროვე სკოლაში.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საკმაო ძალისხმევა მოახმარა იმას, რომ პედაგოგები სწავლების ახალ მეთოდებს დაუფლებოდნენ. იმედია, შედეგები არის და ამ ტრენინგებმა მაინც შეძლო იმ ხარვეზების ამოვსება, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებშია მომავალი პედაგოგების სწავლების თვალსაზრისით.
ყოველთვის, როცა ახალბედა პედაგოგებთან მიწევს ურთიერთობა, ვხედავ, რომ ყველაზე მეტად მათ აშინებთ ის, შეძლებენ თუ არა გაკვეთილის ჩატარებას – მის დაგეგმვასა და წარმართვას.
მე დავესწარი რამდენიმე საჩვენებელ გაკვეთილს, რომელიც უახლესი მეთოდებით ჩაატარეს პედაგოგებმა და დავინახე ერთი საშიშროება, რომელიც ამ პროცესს ახლავს. მეთოდი არ შეიძლება იქცეს მიზნად, ის მხოლოდ საშუალებაა და ხელს უწყობს პედაგოგს, უფრო გასაგებად და სიღრმისეულად გააცნოს საკითხი მოსწავლეებს. თუ პედაგოგი მეთოდთა ტყვეობაში აღმოჩნდება, ეს სწავლების პროცესს დააზარალებს.
ერთსა და იმავე მასალასაც კი გამოცდილი პედაგოგი ყოველთვის ერთი და იმავე მეთოდით არ გადასცემს მოსწავლეებს, რადგან მეთოდის შერჩევა უამრავ ფაქტორთანაა დაკავშირებული – კლასში მოსწავლეების მომზადების დონესთან, მათ რაოდენობასთან, მოტივაციასთან, განწყობასთან და ა.შ. პედაგოგს მეთოდთა მრავალფეროვანი არსენალიდან ზუსტად იმის გამოყენება უნდა შეეძლოს, რომელიც კონკრეტულ გაკვეთილზე, კონკრეტულ სიტუაციაში სჭირდება. ტრადიციული და ინოვაციური მეთოდების ადეკვატური გამოყენება ის უმთავრესი პირობაა, რომელიც გაკვეთილს შემოქმედებით პროცესად აქცევს და არა დაშტამპულ, კალკირებულ ასლად. პროფესიონალი პედაგოგი ორ, ზუსტად ერთნაირ გაკვეთილს ვერასოდეს ჩაატარებს ისევე, როგორც ერთ მდინარეში ორჯერ ვერავინ შევა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც პედაგოგი მუდმივად უნდა სწავლობდეს (თუ აკვირდებოდეს), მოსწავლეებთან ურთიერთობაა. სწავლება ურთულესი პედაგოგიკური პროცესია, რომელშიც ურთიერთობის ხელოვნება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე საგნის ღრმა ცოდნა და ეფექტური მეთოდიკური არსენალი. ურთიერთობის ბეწვის ხიდი, რომელზეც ყოველ გაკვეთილზე გადის მასწავლებელი, განსაკუთრებულ ალღოსა და ტაქტს მოითხოვს.
სამართლიანობა, ნდობა, პატივისცემა, გულისხმიერება – ეს იყო გრძელი სიის სათავეში დაწერილი სურვილები (თუ მოთხოვნები), რომლებიც 3 წლის წინ ჩამოგვიწერეს დაფაზე დღევანდელმა მეთერთმეტეკლასელებმა, როცა ერთ-ერთ პედაგოგთან დაპირისპირება მოუხდათ. ცოდნა და ინტელექტი სიის ბოლოში იყო. ისინი ასე ალაგებდნენ პრიორიტეტებს სწავლების პროცესში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა უნდათ მათ, რათა თანამშრომლობის შედეგი ეფექტური იყოს.
გონივრული დათმობა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება მათ იმის სურვილს უჩენს, რომ თავისუფლად იაზროვნონ, გამოთქვან საკუთარი შეხედულებები, ისწავლონ სხვისი მოსაზრებების მოსმენა და განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებთან თანაარსებობა. ამ ურთიერთობის დირიჟორი მასწავლებელია.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ყოველწლიურად ,,სწავლობს” პედაგოგი, ახალი სახელმძღვანელოებია. მათი გაცნობისა და შერჩევის პროცესი საკმაოდ რთულია. ბაზარზე არსებული უამრავი სახელმძღვანელოს შესწავლა თითქმის შეუძლებელია, მასწავლებელს კი ხელი არ მიუწვდება ყველა სახელმძღვანელოზე, რომ მათი შედარება-შეპირისპირება ან სტანდარტებსა და პროგრამებთან შესაბამისობის თვალსაზრისით გაანალიზება შესძლოს. მოსწავლეები ერთი და იმავე კლასის ალტერნატიული სახელმძღვანელოებით განსხვავებულ ცოდნას იღებენ.
სახელმძღვანელოთა ნაწილი, ,,სტანდარტთან შესაბამისობის” თვალსაზრისით, მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ზოგჯერ ავტორები არ ითვალისწინებენ მოსწავლეთა წინარე ცოდნას; ზოგჯერ სავარჯიშოები და კითხვები მეთოდიკური თვალსაზრისით გაუმართავია; ზოგ შემთხვევაში კი არ არის გათვალისწინებული სწავლების თანამედროვე მეთოდები: მოსწავლეთა ინიციატივა, ახალი მასალის ახსნის პროცესში მისი ჩართვა, შეფასებისა და თვითშეფასების კომპონენტები.
დრომ ბევრი სტერეოტიპი შეცვალა, თუნდაც – მასწავლებლისა. ჩემს ცნობიერებაში იგი ქალბატონ ჟენია გელოვანთანაა დაკავშირებული – მაღალი, ელეგანტური, ჭაღარა, მუდამ თეთრი მაქმანის საყელოთი. ჩემი მეგობრის შვილიშვილი, ბექა მეორე კლასშია. რამდენიმე დღის წინ ნახატი მაჩვენა. თავისი მასწავლებელი დაუხატავს – ისიც მაღალი იყო, ვიწრო შარვლითა და გაშლილი თმებით; ხელში, რატომღაც, დიდი თეთრი ბუშტი ეჭირა.
დარწმუნებული ვარ, გარეგნული სხვაობის მიუხედავად, ჩემი და ბექას მასწავლებლები მაინც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ორივეს უყვარს თავისი საგანი, თავისი მოსწავლეები, თავისი პროფესია. ისინი ყოველდღე სწავლობენ, რათა ასწავლონ, რადგან იციან, რომ დიდსა და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ.
No comments:
Post a Comment