Wednesday, May 15, 2024

სიმსივნე და თამბაქოს მოხმარება

 მასწავლებლობა ძალიან საინტერესო, რთული, საპასუხისმგებლო, კომპლექსური პროფესიაა. მარტო საგნის ცოდნა არ კმარა, მოსწავლეებთან ურთიერთობისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კარგი კომუნიკაციის უნარი. ფიზიკაც უნდა აუხსნა, მოაწონო, დააინტერესო, გარდატეხის ასაკში მისი თავისებურებებიც გაითვალისწინო, ხმის ტემბრი აკონტროლო, ყველა სიტყვა და წინადადება წინასწარ აწონ-დაწონო. მოსწავლის მრჩეველიც უნდა იყო და… კიდევ უამრავი მოვალეობა უნდა შეასრულო. ყველა ასაკში სხვადასხვა სირთულეა, მერვე-მეცხრე კლასი განსაკუთრებით იმატებს პრობლემები. ახალგაზრდა შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს, ერთ დღეს ხელებზე „ქურდული“ ნიშნების ხატვა დაიწყოს, მეორე დღეს თამბაქოს სუნი აუვიდეს, მესამე დღეს გაკვეთილების სწავლას დაანებოს თავი და კიდევ ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება, ჩვენ კი ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. დიდი პრობლემაა მოზარდებში თამბაქოს მოხმარება. მანდატურის სამსახური სხვა მეთოდებით „ებრძვის“ ამ პრობლემას, მასწავლებელი – სხვა. მოსწავლე სიგარეტის მოწევით „დიდობას“ ამტკიცებს. მოწევის თემაზე მათთან საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია, რთულია გადავაფიქრებინოთ, თუმცა საუბარს ალტერნატივა არ აქვს. იმაშიც უნდა დავარწმუნოთ, რომ მის საქციელს არ ვამართლებთ, მაგრამ არც ვბრაზობთ. მთავარია, არ დავაფრთხოთ. მშობელთან საუბარიც ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველო 2021 წლიდან ჩაერთო კამპანიაში „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“. ეს დღე 31 მაისს აღინიშნება. დამრიგებლისთვის, ბიოლოგიის მასწავლებლისთვის კარგი იქნება საუბარი ამ დღეს დაუკავშიროს, მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა ელექტრონული სიგარეტის მოხმარებაც.

აქტივობა 1: სამეცნიერო ტექსტის დამუშავება და ანალიზი

კორელაცია მეცნიერებაში ორ ცვლადს შორის დამოკიდებულებაა. თამბაქოს მოხმარებასა და სიმსივნის გამოვლენას შორის დამოკიდებულება კორელაციის ერთ-ერთი მაგალითია. არსებობს ორი სახის კორელაცია. კორელაცია დადებითია, როცა ერთი ფაქტორის გაზრდით მეორეც იზრდება და უარყოფითია, როცა ერთის გაზრდით მეორე ცვლადი მცირდება ან პირიქით. სიმსივნით გარდაცვალების სიჩქარესა და თამბაქოს მოხმარებას შორის დადებითი კორელაციაა.

ცხრილში წარმოდგენილი მონაცემები აჩვენებს, რომ დღის განმავლობაში მეტი სიგარეტის მოწევა ზრდის სიმსივნით გარდაცვალების სიჩქარეს. ასევე იკვეთება, რომ სწრაფია სიკვდილიანობა, თუ ადამიანი ეწეოდა და უცებ შეწყვიტა თამბაქოს მოხმარება. გამოკითხვის მიხედვით განსაკუთრებით იზრდება პირის ღრუს, ხორხის, ხახის, ფილტვის კიბოს გამო გარდაცვალების სიხშირე. ეს მოსალოდნელია, რადგან სიგარეტის კვამლი კონტაქტში შედის სხეულის ნაწილებთან. ასევე დადებითი კორელაცია არსებობს მოწევასა და საყლაპავის, კუჭის, თირკმლის, საშვილოსნოს ყელის, პანკრეასისა და შარდის ბუშტის კიბოს შორის.

მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი სხვა კიბოების შემთხვევაშიც მაღალია, მწეველსა და არამწეველს შორის განსხვავებას ცხრილის მონაცემები არ აჩვენებს. იქ ჩანს, რომ მწეველები რამდენჯერმე უფრო ხშირად იღუპებიან ყველა სახის სიმსივნის შემთხვევაში, ვიდრე არამწეველები.

მეცნიერებაში მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან განასხვაო კორელაცია და მიზეზი. იმის აღმოჩენა, რომ დადებითი კორელაციაა მოწევასა და სიმსივნით გარდაცვალებას შორის, არ ნიშნავს, რომ მოწევა სიმსივნეს იწვევს.

სიგარეტის კვამლი მრავალ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, ოცი მათგანი შეისწავლეს და გამოცადეს ლაბორატორიულ ვირთაგვებზე, ყველა მათგანმა გამოიწვია სიმსივნე. ამას გარდა, თამბაქოს კვამლში 40 კანცეროგენია. შესაბამისად, ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ მოწევა კიბოს რისკფაქტორია.

1951-2001 წლებში სიმსივნით გარდაცვალების შემთხვევებისიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 000 ადამიანი/წელიწადში
არამწეველიმწეველიდღე-ღამის განმავლობაში მოხმარებული სიგარეტის რაოდენობა
1-1415-24>25
ყველა სიმსივნე3604665887471061
ფილტვის კიბო1768131233417
პირის ღრუს, ხორხის, საყლაპავის9263647106
სხვა ყველა სახის334372421467538

 

სიგარეტის გავლენა ჯანმრთელობაზე

ყველაზე დიდი გამოკითხვა სიგარეტის გავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე ჩატარდა ბრიტანელ მამაკაც ექიმებში. 1951-2001 წლებში გამოჰკითხეს 34 439 ადამიანი. შეისწავლეს რამდენი ხნის განმავლობაში მოიხმარდნენ თამბაქოს და როდის გარდაიცვალნენ.

ცხრილში წარმოდგენილია ადამიანების დაავადებების გამოვლენის სიხშირე

დაავადების ტიპიარამწეველი1-14 ღერი15-24 ღერი>25
რესპირატორული (ფილტვები, ჰაერგამტარი გზები)107237310471
გულ-სისხლძარღვთა1037144716711938
კუჭი და თორმეტგოჯა8113334
ღვიძლის ციროზი6132268
პარკინსონის დაავადება2022618

 

ცხრილის მიხედვით უპასუხე შეკითხვებს:

  1. დაადგინე, არის თუ არა დადებითი კორელაცია მოწევასა და სიკვდილიანობას შორის ცხრილში მოცემული ყველა დაავადების შემთხვევაში?
  2. როგორც ცხრილიდან ჩანს, ყველაზე დიდ გავლენას თამბაქოს მოხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებაზე ახდენს. ახსენი მიზეზი.
  3. ცხრილში მოცემული ინფორმაცია მიუთითებს თუ არა იმაზე, რომ მცირე რაოდენობის თამბაქოს მოხმარება უსაფრთხოა? პასუხი დაასაბუთე.
  4. ადასტურებს თუ არა ცხრილში მოცემული მონაცემები, რომ ღვიძლის ციროზის გამომწვევი თამბაქოს მოხმარებაა? რატომ?
  5. ცხრილი არ შეიცავს მონაცემებს ადამიანების გარდაცვალების შესახებ. სულ შვიდი სახის სიმსივნეა მოწევასთან დაკავშირებული, დაასახელე სამი მათგანი.

აქტივობა 2. მოაწყვეთ დისკუსია კლასში, სადაც განიხილავთ სტატიებს „თამბაქო – გლობალური საფრთხე“ და „მოწევა კლავს – ნუ წაართმევ შვილებს მომავალს“. მოსწავლეები ასევე გაეცნობიან მწეველი, არამწეველი და ყოფილი მწეველების მოსაზრებებს.

აქტივობა 3. მოსწავლეები მონაცემების გასაანალიზებლად დაამუშავებენ კვლევის შედეგებს, რომელიც ESPAD-ის მიერ 2019 წელს ჩატარდა.

აქტივობა 4: მოაწყვეთ ბროშურების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება მოსწავლეების ნამუშევრები თემაზე „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“.

აქტივობა მშობელთა საათისთვის – მშობლებს გააცანით ირმა კახურაშვილის წერილი „თუკი ბავშვმა მოწევა დაიწყო“. მასში ისინი წაიკითხავენ სასარგებლო რჩევებს მშობლებისთვის. (სკოლის როლი მშობელთა საზოგადოების გაძლიერებაც არის, ამიტომ, ვფიქრობ, ეს აქტივობა მშობლებთან დიალოგს შეუწყობს ხელს).

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მსოფლიო თამბაქოს გარეშე – იხ. საქართველოს პარლამენტის04.2021 წ. დადგენილება 455-IVმს-Xმპhttps://matsne.gov.ge/ka/document/view/5148191?publication=0;
  2. ,,თუკი ბავშვმა მოწევა დაიწყო“ – ირმა კახურაშვილი https://mastsavlebeli.ge/?p=33845 , 2023 წლის 3 აგვისტო;
  3. Oxford IB Diploma Programme – 2014.

 

https://mastsavlebeli.ge/

No comments:

Post a Comment